მოსახლეობის გეოგრაფია ჩამოყალიბდა და დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა, როგორც ზოგადი გეოგრაფიის ქვედარგი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური) გეოგრაფიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფორმირება, მოსახლეობის გეოგრაფია წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ერთ-ერთ ქვედარგს.
მოსახლეობის გეოგრაფია სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც მოსახლეობის განსახლების, მოძრაობისა და სტრუქტურის გეოგრაფიულ (ტერიტორიულ, სივრცით) ასპექტებს შეისწავლის. მისი ძირითადი ამოცანაა მოსახლეობის განსახლებისა და მოსახლეობის ორი მნიშვნელოვანი მახასიათებლის – მოძრაობისა და სტრუქტურის შესწავლა და მათი გეოგრაფიული თავისებურებებისა და კანონზომიერებების გამოვლენა.
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ეხმარება სახელმწიფოსა და საზოგადოებას უკეთ გაუმკლავდეს მოსახლეობის ისეთ ცვალებად მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად მოთხოვნა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვ.
დემოგრაფიული მდგომარეობის განსასაზღვრად, გამოიყენება ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა მოსახლეობის რიცხოვნობა, შობადობისა და საკვდილიანობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სქესობრივ-ასაკობრივი განაწილება, განათლების დონე, მიგრაცია.
მოსახლეობის გეოგრაფიის ძირითადი მიმართულებებია:
* მოსახლეობის გეოგრაფიის თეორიული საკითხები – მოიცავს მოსახლეობის გეოგრაფიის ცნების, კვლევის საგნის, კვლევის მეთოდების განსაზღვრას და მის კავშირს სხვა მეცნიერებებთან;
* დემოგეოგრაფია – შეისწავლის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირების ტერიტორიულ საკითხებს, ასევე მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურის გეოგრაფიული თავისებურებებს.
* მიგრაციების გეოგრაფია – სწავლობს ადამიანების გადაადგილებას სივრცესა და დროში.
* განსახლების გეოგრაფია – იკვლევს მოსახლეობის განსახლების სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების ფორმირებისა და განვითარების ტერიტორიულ, ასევე მათ ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ასპექტებს.