• კანადის ეროვნული პარკები

    კანადის ეროვნული პარკები

    ყველა განვითარებული ქვეყანა და მათ შორის კანადაც, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნების დაცვას. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს ასრულებს ეროვნული პარკები.

    1885 წელს კლდოვან მთებში, მინერალური წყლებით მდიდარ ტერიტორიაზე გაიხსნა კანადის პირველი ეროვნული პარკი – ბანფი.  პარკი პროვინცია ალბერტას ქალაქ კალგარიდან 110-189 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი ფართობი 6641 კვ.კმ-ია. 

    არამარტო კანადაში, მთელს ამერიკაში ყველაზე დიდია ვუდ-ბაფალოს ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია და ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში, ათაბასკასა და მონების ტბებს შორის მდებარეობს.  ეს პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.

    პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან 183 მეტრიდან 945 მეტრამდე მერყეობს, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო  ქალაქ ფორტ-სმიტშია, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორის მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ათაბასკის დელტას. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ათაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.

    1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ათაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.

    ბიზონი ვუდ ბაფალოს ეროვნული პარკი კანადა

    გროს-მორნის ეროვნული პარკი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 1805  კმ²-ს შეადგენს და ის სიდიდით მეორეა  კანადაში.  სწორედ ნიუფაუნდლენდის ამ ნაწილში მდებარეობს აპალაჩის მთები.  გროს-მორნის ეროვნული პარკი 1973 წელს დაარსდა, 1987 წელს კი იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. გროს-მორნი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით.

    ნაჰანის ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში,  ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში მდებარეობს. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ). პარკი 1976 წელს შეიქმნა. სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივთა დენეს ენიდან და ნიშნავს ”ნაჰას ხალხის მიწის მდინარეს“.

    ნაჰანის ეროვნული პარკი ჩანჩქერი ვირჯინია კანადა

    პარკში გვხვდება გოგირდოვანი წყაროები, ტუნდრა და შერეული წიწვოვანი-ალვის ხეების ტყეები. მრავლადაა ტუფი. 2009 წლის 9 ივნისს, კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით  პარკის ტერიტორია  ექვსჯერ გაიზრდება და მისი  სამომავლო ფართობიც 30 000 კმ²-ს მიაღწევს. ახალ ტერიტორიებში ბინადრობს დაახლოებით 500 ერთეული გრიზლი, ტყის კარიბუს ორი სახეობა, ასევე ალპური ცხვრისა და თხის რამდენიმე სახეობა.  1978 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

  • ჰავანა

    ჰავანა

    თვითმფრინავის ფანჯრიდან ქალაქი ჰავანა უცნაურად მოღუნულ გიგანტურ ხვლიკს წააგავს მკვეთრად გამოხატული თავით, ელასტიკური გრძელი ტანითა და კუდით. თუ ჰავანას ზღვიდან უახლოვდებით, შთაბეჭდილება სულ სხვანაირია: ცათამბჯენების სიმრავლე, ჭვარტლის ღრუბელი ქალაქის თავზე, სიმწვანის ნაკლებობა, ერთმანეთის მსგავსი ქუჩები და პროსპექტები, თანამედროვე ქალაქი-გიგანტი, უღიმღამო და ერთფეროვანი, რომლის მსგავსი ბევრია ევროპულ დასავლეთში. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ როგორც კი ნაპირზე მოხვდები ამ უზარმაზარი გიგანტის ტყვეობაში აღმოჩნდები.

    ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

    ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ესპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

    ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს.  შვიდწლიანი ომის დროს 1762  წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.

    1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

    ჰავანა  კუბა

       ყველა ქალაქს აქვს თავისი ცენტრი, მაგრამ ჰავანაში ეს ცნება დარღვეულია. 23-ე ქუჩა თუ რევოლუციის მოედანი, სანაპირო მალეკონი თუ მე-5 ავანიდა, კაპიტოლიუმი თუ პრეზიდენტის ხეივანი – ყველა ცენტრია, თუმცა ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის ცალკეულმა რაიონებმა, წარსულში დამოუკიდებელმა ქალაქებმა შექმნეს თანამედროვე ჰავანა. ამიტომაც ძნელია გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ცენტრის პოვნა და მაინც: რაიონი ვედადო ყველაზე უფრო მიესადაგება ე.წ. ქალაქის ”ცენტრს”.

    მექსიკის ყურიდან იწყება მრავალკილომეტრიანი პრეზიდენტის ხეივანი, სადაც ვხვდებით ტროპიკული სარტყლის თითქმის ყველა სახეობის მცენარეს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბოტანიკურ ბაღში სეირნობ. აქედან პირდაპირ რევოლუციის მოედანზე გამოდიხარ, სადაც ქალაქის სამი რაიონი იყრის თავს.

    საღამოობით, როდესაც შუადღის პაპანაქება მინელდება, ჰავანელები სეირნობენ, თევზაობენ, ზღვის სანაპიროს სილამაზით ტკბებიან. ძველ ჰავანას შენარჩუნებული აქვს ესპანური იერი – 2-3 სართულიანი შენობები, გრძელი და ვიწრო ქუჩები. აქვეა კაპიტოლიუმის მკაცრი შენობა, სადაც ახლა კუბის მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული. მის ირგვლივ კი შესანიშნავი პარკია ეროვნული გმირების ძეგლებით. აქ იწყება ცნობილი პრადო – ქუჩა-ხეივანი.

    ჰავანის ფეშენებელური რაიონია მირამარი. ეს რაიონი ამერიკელი და ადგილობრივი ბანკირების, მინისტრების, ბიზნესმენების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ”მობინადრენი” ახალგაზრდობამ შეცვალა და ამჟამად ბეკადოსი – მოსწავლე-სტიპენდიანტები და სტუდენტები  არიან ამ მყუდრო ბინების ბინადარნი.

    მირამარეშია განთქმული საზღვაო აკვარიუმი. ეს არის მექსიკის ყურის ნაწილი, რომელიც მინის კედლებითაა ყურისგან გამოყოფილი, ზევით კი ღიაა. აკვარიუმში ტროპიკული ზღვების ყველა ბინადარია, მათ შორის ზვიგენები, გიგანტური კუ და შხამიანი ბარიკუდაც.

    ყველა ქალაქი თავისებურია, ყველას აქვს მისთვის დამახასიათებელი და სხვებისგან განსხვავებული ნიშნები. ასეთი თავისებური და განსხვავებულია ჰავანაც.

  • აფრიკა

    აფრიკა

    აფრიკა ციფრებში:

    ფართობი – 30 311 690 კვ. კმ. (კუნძულებთან ერთად)

    მოსახლეობა – 1.1 მლრდ კაცი

    უმაღლესი მწვერვალი – კილიმანჯარო, ტანზანია, 5895 მ.

    ყველაზე დაბალი ადგილი – აფარის ხეობა – 153 მ.

    ყველაზე გრძელი მდინარე – ნილოსი – 6671 კმ.

    ყველაზე დიდი ტბა – ვიქტორია, 69215 კვ.კმ.

    ყველაზე მაღალი ჩანჩქერი – ტუგელა (სარ), 610 მ.

    ყველაზე დიდი უდაბნო – საჰარა 9,1 კვ.კმ.

    ყველაზე დიდი კუნძული – მადაგასკარი, 587 040 კვ.კმ.

    ყველაზე დიდი სრუტე – მოზამბიკის, 1760 კმ

    ყველაზე დიდი ყურე – გვინეის, 753 ათასი კმ 2

    ყველაზე დიდი ქვეყანა – ალჟირი, 2.38 მლნ კვ.კმ.

    ყველაზე პატარა ქვეყანა – სეიშელის კუნძულები, 455 კვ.კმ.

    ყველაზე დიდი ქალაქი – ქაირო (ეგვიპტე), 7.7 მლნ კვ.კმ

    აფრიკის კონტინენტს გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბრალტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი აზიას უკავშირდება. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია, ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ-ია. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26 000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32 000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).

    აფრიკის რელიეფში გამოირჩევა დიდი რიფტული რღვევის ხეობა (აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული ხეობა), რომელიც რელიეფის უდიდესი რიფტული წარმონაქმნია ჩვენს პლანეტაზე. იგი აფრიკისა და არაბეთის ტექტონიკური ფილების საზღვარზე მათი მოძრაობის შედეგად ჩამოყალიბდა. ხეობა თითქმის 6 000 კმ-ზეა გადაჭიმული და ეთიოპიის ჩრდილოეთ რაიონებიდან იწყება და მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილამდე გრძელდება. რღვევის ხაზის სიგანე 30-100 კმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო სიღრმე რამდენიმე ასეულიდან ათას მეტრამდე.

    კმდინარეთა ქსელი კონტინენტზე არათანაბრადაა განაწილებული, რაც რელიეფსა და ჰავაზე, განსაკუთრებით კი ნალექების განაწილებაზეა დამოკიდებული. რელიეფიდან გამომდინარე მდინარეების დიდი ნაწილი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება, ვინაიდან მთავარი წყალგამყოფი აღმოსავლეთ აფრიკაში გადის. კონტინენტის 1/3 შიდა ჩამონადენის აუზს მიეკუთვნება. აფრიკის მდინარეები საფეხურეობრივად განლაგებულ ზეგნებს კვეთს, ახასიათებთ ჩანჩქერები და ჭორომები, ამდენად, ისინი სიგრძეზე სანაოსნოდ არ გამოდგება, სამაგიეროდ ჰიდროგრაფიით მდიდრები არიან. აფრიკის კონტინენტზე მდინარეების შედარებით ხშირი ქსელი დამახასიათებელია ეკვატორული და სუბეკვატორული სარტყელებისთვის. ძალიან მცირეა მდინარეები უდაბნოებში. აქ გვხვდება მდინარეების მშრალი კალაპოტები — ვადები, რომლებიც წყლით მხოლოდ თავსხმა წვიმების დროს ივსება. აფრიკის მდინარეთა უმრავლესობა წვიმის წყლით საზრდოობს, მაგრამ მათი რეჟიმი განსხვავებულია და დამოკიდებულია ნალექის სეზონურ განაწილებაზე. მდინარეები, რომლებიც რამდენიმე კლიმატურ სარტყელში მიედინება, რთული რეჟიმით ხასიათდება. ამ მხრივ ტიპობრივია მდინარე ნილოსი. ონტინენტის წყალგამყოფი აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთზე გადის, რის გამოც ატლანტის ოკეანის აუზის მდინარეები ბევრად აღემატება ინდოეთის ოკეანის აუზის მდინარეებს. აფრიკის კონტინენტზე მსოფლიოს უგრძესი მდინარე ნილოსი გაედინება, რომლის სიგრძეც 6671 კმ-ია. აფრიკის ყველაზე წყალუხვი მდინარე კონგო (ზაირი) სიგრძით თითქმის ორჯერ ჩამორჩება ნილოსს ( 4320 კმ), თუმცა წყლის მასა მასში 15-ჯერ მეტია;

    კონტინენტზე ყველაზე დიდი ტბა აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე, რღვევის ზონაში მდებარეობს, ამიტომ მათ ქვაბულებს წაგრძელებული ფორმა აქვთ. ეს ტბები როგორც წესი, მაღალი და ციცაბოკალთებიანი მთებითაა შემოფარგლური. აქ მდებარე ტბებს ძირითადად გრძელი ფორმა აქვთ და სიღრმითაც გამოირჩევიან, ამ მხრივ კლასიკური მაგალითია ტანგანიიკის ტბა, რომლის სიგანე 50-80 კმ-ია, სიგრძე კი 650 კმ. იგი ყველაზე გრძელია დედამიწის მტკნარ ტბებს შორის, სიღრმით კი მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება. ამასთან, ფართობით მეორე ადგილზეა აფრიკის ტბებს შორის და ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ტბა ვიქტორია. ტბის ირგვლივ მაღალი მთები მდებარეობს, რომლებიც ბევრ ადგილას ციცაბო მთის კალთებით პირდაპირ ტბაში ეშვება და მაღალ-ფლატეებიან სანაპიროს ქმნის.

    აფრიკის ნოტიო ეკვატორული ტყეები ბევრი ძვირფასი მცენარის სამშობლოა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგან პალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეების ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. ფრინველების მწერების და მღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, ანთარი, წვრილჩლიქოსნები — აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. კატის ზომის ჯუჯა ანტილოპა და სხვ. ტყისპირებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, ჯუჯა ბეჰემოთი, ჟირაფის მონათესავე ოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია.

    ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია ავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობენ გორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია ჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში მწერების დიდი რაოდენობაა.ფინიკის პალმასაჰარაში,ერგ-შებისოაზისი.
    ნახევარუდაბნოებისსაზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებულისავანა. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა —ბაობაბი. მას სავანის დარაჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევა გაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშრალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ, რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტურიხეა, მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს.

    მსოფლიოშიარსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები, როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები:ანტილოპისსხვადასხვა სახეობა,ზებრა,ჟირაფი, ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველისპილო,გარეული კამეჩი,მარტორქა, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდებაბეჰემოთი.

    ჯუჯა ბეჰემოთი

    დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: გეპარდი, ტურა, ავაზა, ლომი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი. სავანა ძალიან მდიდარია ფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი — მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი აფრიკული სირაქლემა. ასევეა მარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი თერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს ბუზი ცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.

    დღესდღეობით ფრიკაში დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვას. ამ მიზნით ყოველწლირად მატულობს ბუნების დაცული ტერიტორიების (ნაკძალების და ეროვნული პარკების) რაოდენობა და ფართობი. განსაკუთრებით ბევრია ისინი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი მათგანი მაგ: სერენგეტი, კრიუგერი, ცაავო და სხვები მსოფლიოში ცნობილია. მიღებული ზომების წყალობით გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების რიცხვი აქ აღდგენილია.

    აჟამად, აფრიკის კონტინენტზე 54 სუვერენული სახელმწიფოა. მათმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ გენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმები. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპური პრობლემებია.

    აფრიკის კავშირიარის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავსმაროკოსგარდა. კავშირი ჩამოყალიბდა2001წლის26 ივნისსშტაბ-ბინითადის-აბებაში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტიმიდრანდშიგავიდა,სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა. აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.

  • ავსტრალია – ქვეყანა-კონტინენტი, სადაც ყველაფერი ყირამალაა

    ავსტრალია – ქვეყანა-კონტინენტი, სადაც ყველაფერი ყირამალაა

    ავსტრალია ყველაზე დაბალი კონტინენტია დედამიწაზე. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 330 მეტრია. ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო (2228 მ). წინათ მას ტაუნსენდი ერქვა, კოსციუშკოს კი მეზობელ მწვერვალს ეძახდნენ, რომელიც იმხანად ავსტრალიის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნეოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონტინენტზე ყველაზე მაღალი მთა ტაუნსენდი ყოფილა, მაგრამ კოსციუშკოს პირველაღმომჩენის, პაველ ედმუნდ სტშელეცკის პატივსაცემად ავსტრალიის მთავრობამ საოცარი გადაწყვეტილება მიიღო: მთებს სახელები შეუცვალა, ტაუნსენდს კოსციუშკო უწოდა, ხოლო კოსციუშკოს – ტაუნსენდი.
    ავსტრალიის ერთ-ერთი სიმბოლოა ულურუ. ქვიშაქვის ეს უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქ ალის-სპრინგსის სამხრეთ-დასავლეთით, 335 კილომეტრზე. ულურუ არეალის მეორე უმთავრეს მახასიათებელთან, კატა-ტიუტასთან ერთად ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკის საზღვრებში შედის. აქ მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
    ულურუს სიგრძე 3 კმ-ზე მეტია, სიმაღლე – 348 მეტრი, ხოლო მიწის ქვეშ 2 100 მეტრ სიღრმეზე ჩადის. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელებმა მისი არსებობა 1870-იან წლებში შეიტყვეს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. სახელწოდება “ულურუც” სწორედ აბორიგენთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აიერს-როკს (Ayres Rock) უწოდებენ XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აიერსის პატივსაცემად. 1993 წლიდან ავსტრალიის მთავრობამ ოფიციალურად დააკანონა მისი ორსახელიანობა – აიერს-როკ-ულურუ, 2002 წლიდან კი მთა ულურუ-აიერს-როკად იხსენიება.
    პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს გაიყვანეს მთის გარშემო პირველი გზა, რომელზეც მოძრაობა დაიწყო ტურისტულმა ავტობუსებმა. ამჟამად მთის გარშემოვლაც შეიძლება და მისი ვერტმფრენიდან დათვალიერებაც.
    ტურისტებს ასევე იზიდავს ავსტრალიის ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია.

    ულურუ შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შუაგულ უდაბნოში ერთბაშად წამოიმართება ძალზე უცნაური, “გაბრტყელებული”, ულამაზესი მთა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ამინდის ცვალებადობისას მთა ფერს იცვლის. საღამო ხანს ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას ჯერ წითლდება, მერე კი იასამნისფერი ედება, ღრუბლიან ამინდში ნაცრისფერია.


    ავსტრალია დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტია. აქ წელიწადში დაახლოებით 500 მმ ნალექი მოდის. კონტინენტის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70%, უდაბნოებს უკავია. საინტერესოა, რომ აქ ცენტრალური ავსტრალიის ვრცელი უდაბნოს გვერდით სანაპიროს ტროპიკული მცენარეულობა და თოვლიანი მთების ფერდობები გვხვდება. ზამთარი აქ ივლისშია, ზაფხული კი იანვარში.
    ავსტრალიის კონტინენტი დაახლოებით 50 მლნ წლის წინ წარმოიშვა. მეცნიერთა აზრით, ხმელეთის ეს დიდი ნაწილი სამხრეთ კონტინენტს – გონდვანას ეკუთვნოდა.
    ჩარლზ დარვინი, როცა ავსტრალიის ნაპირებთან მიცურდა, გაკვირვებული დარჩა აქაური პრეისტორიული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით. კონტინენტის ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად აქ ბინადრობენ კენგურუები, ვარანები, იქედნეები, ჩანთოსანი ოპოსუმები, ველური ძაღლი დინგო, ტასმანიური ეშმაკი და ტასმანიური ვეფხვი. ავსტრალიაში მობინადრე ფრინველებს სხვაგან ვერსად შეხვდებით. ესენი არიან კუკაბარა, ფრინველი ლირა (ბოლოქნარა), ჯუჯა პინგვინები, როზელა… კონტინენტზე ყველაზე გავრცელებული ხე ევკალიპტია.
    უკვე 150 წელია, ავსტრალიაში საოცრად გამრავლებულ ბოცვრებს ებრძვიან. ისინი კოლონისტებმა შემოიყვანეს და მას შემდეგ მათმა რიცხვმა რამდენიმე მილიარდს მიაღწია. ავსტრალიის სანაპიროებთან ზვიგენებიც მრავლადაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში მათ 53 ადამიანი იმსხვერპლეს.
    კონტინენტზე სულ 22 მლნ კაცი ცხოვრობს, მაშინ როცა ქვეყანას ფართობის (7,741,220 კმ2 ) მიხედვით მე-6 ადგილი უკავია მსოფლიოში.
    ავსტრალია აბორიგენების ქვეყანაა. დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ამ კონტინენტზე 300 ათასამდე აბორიგენი ცხოვრობდა. დღეს ისინი ქვეყნის მოსახლეობის 1.5%-ს შეადგენენ. კონტინენტის ცენტრში მდებარეობს ქალაქი ელის-სპრინგსი, სადაც აბორიგენები ცხოვრობენ.
    ახალაღმოჩენილ კონტინენტზე პირველი კატორღელების გადმოსახლებიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაბედეს ინგლისელებმა, გაეშვათ ექსპედიციები კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. მათ იქ მუქკანიანი ხალხი დახვდათ და მათ შორის შეტაკებები დაიწყო. მე-19 საუკუნის ბოლოს აბორიგენები ინგლისელებმა გადასარჩენად სპეციალურ რეზერვაციებში გადაასახლეს. მე-20 საუკუნის ოცანი წლებიდან ქვეყნის მთავრობა ცდილობდა, ე.წ. “აბორიგენთა პრობლემა” შერეული ქორწინებებისა და ცხოვრების სტილის შეცვლის გზით მოეგვარებინა, მაგრამ აბორიგენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი განაცხადა წესების, ტრადიციების, კულტურისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა, აბორიგენები ავსტრალიის სრულფასოვან მცხოვრებლებად ეღიარებინა. უფრო მეტიც – ქვეყანაში აბორიგენთა საქმეების სამინისტროც კი შეიქმნა და მათი ძველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესი დაიწყო. აბორიგენთა ენაზე სიტყვა “სამშობლო” “მუდმივ სახლს”, “წმინდა ადგილს” და “სიცოცხლის წყაროს” ნიშნავს.
    საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის 25% სხვა ქვეყანაშია დაბადებული. თითქმის ყველა ავსტრალიელი არცთუ დიდი ხნის ემიგრანტია, ამიტომ აქ ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. “მიეცი სხვას შანსი!” – ავსტრალიელთა საყვარელი გამოთქმაა.
    პირველი ევროპელები, რომლებიც ავსტრალიაში მოხვდნენ, ბრიტანეთიდან გადმოსახლებული კატორღელები იყვნენ და პოლიციის პირველი 12- კაციანი ბრიგადა კონტინენტზე სწორედ ამ გადმოსახლებული ადამიანებისგან შეიქმნა. პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხე ბრიტანეთიდან გადმოყვანილ მსჯავრდადებულთათვის.

    ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა, სადაც 300 ათასი კაცი ცხოვრობს. ქვეყნის უდიდესი ქალაქი კი სიდნეია, რომლის მოსახლეობა 4 მლნ-ს შეადგენს, თუმცა ფართობით მოსკოვსაც კი აღემატება. იმის გამო, რომ ავსტრალიის ორმა უდიდესმა ქალაქმა, სიდნემ და მელბურნმა, ვერაფრით გაიყო დედაქალაქის სტატუსი, ეს ფუნქცია კანბერას ერგო, რომელიც საგანგებოდ აშენდა ჯერ კიდევ 1824 წელს დაარსებული პატარა დასახლებული პუნქტის ადგილას. დედაქალაქი სიდნეისა და მელბურნს შორის, თითქმის შუაში მდებარეობს. ავსტრალიელები ძირითადად კერძო სახლებში ცხოვრობენ, რომელთა შორის პარკებია გაშენებული. ნებისმიერ პარკში შეიძლება შეგხვდეთ ჩანთოსანი ოპოსუმები, ხმამაღლა მოღრიალე დიდი კაკადუები.

    ავსტრალიელეთა დაახლოებით სამი მეოთხედი ქალაქებსა და სანაპირო ზოლებში ცხოვრობს. ქვეყანაში საკმარისზე მეტია სასარგებლო წიაღისეული, ოკეანეში, – თევზი, ხოლო მზე წელიწადში სამი მოსავალს ჰყოფნის – რასაც დათეს, ყველაფერი მოდის. უსაფრთხოება, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ირგვლივ – სასიამოვნო ხალხი… რატომაც ვერ მიაღწევ 78 წელს? დიახ, ასეთია სტატისტიკურად ავსტრალიელთა საშუალო ასაკი. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, მამაკაცებისა – 77.
    სახელმწიფოს მეთაურია გაერთიანებული სამეფოს მონარქი, რომელიც მონეტებზეა გამოსახული. ავსტრალიური დოლარი კი მსოფლიოში პირველი პლასტიკური ფულია და არა ქაღალდისა.
    ეკონომიკის გაძლიერების მიზნით ავსტრალიელები მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ნაწარმს ყიდულობენ, რომელსაც მწვანე სამკუთხედში ჩასმული ყვითელი კენგურუს გამოსახულებიანი ნიშანი ამშვენებს, ხოლო რეკლამებში აუცილებლად აღნიშნავენ: “proudly Australian” / “proudly made in Australia” (“ავსტრალიური ნაწარმი”, “დამზადებულია ავსტრალიაში”).

    ავსტრალიელთა ნაციონალური კერძია ვეჯიმაიტი (vegemite), რომელსაც პურზე ან სენდვიჩზე უსვამენ.
    ავსტრალიას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში ცხვრების რაოდენობითა და მატყლის წარმოებით. ცხვრების დინგოსგან დაცვის მიზნით ქვეყანაში ააგეს ღობე, რომელიც ყველაზე გრძელი ღობეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 5530 კმ-ია. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით ავსტრალიაში აკრძალულია მცენარეების შეტანა და და ცხოველების შეყვანა – ეშინიათ, ისინიც ბოცვრებივით არ გამრავლდნენ.
    ავსტრალიელები გულღია ხალხია. თუ თითოეულმა გერმანელმა იცის თავისი გვარის ისტორია, თავისი იმპერატორები ფრიდრიხ დიდი და ვილჰემ ჰოჰენცოლერნები, ავსტრალიელებს მხოლოდ კუკი ჰყავდათ და ისიც ჰავაელებმა შეჭამეს. ავსტრალიაში ადამიანებს არ უხდებათ ” ბრძოლა არსებობისათვის”. თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგცემენ, უპირველესად კი სახელმწიფო დაგეხმარებათ: უმუშევრებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან, თანაც დახმარების მიღება მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუძლიათ. ამიტომაც ავსტრალიაში კრიმინალები თითქმის არ არიან.
    ავსტრალიელთა კეთილგანწყობა ზოგჯერ გასაკვირიც კია. მაგალითად, თუ მაღაზიის გამყიდველს გზას ჰკითხავთ, იგი არ დაგზარდებათ და ავტობუსის მძღოლთანაც კი მიგყვებათ, რათა გააფრთხილოს, სად უნდა ჩამოგსვათ.
    ცხელი კლიმატის გამო მრავალ დაწესებულებაში სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და დღის 2-ზე მთავრდება. ეს საკმარისია, რომ მუშაობაც მოასწროთ და საყვარელი საქმისთვისაც მოგრჩეთ დრო: ითამაშოთ გოლფი, დალიოთ ლუდი მეგობრებთან ერთად, დაისვენოთ პლაჟზე… ისინი, ვინც 9 საათზე იწყებენ მუშაობას, სამუშაოს დაწყებამდე სერფინგით ერთობიან.
    ავსტრალიაში სპორტის ძირითადი სახეობებია რაგბი, გოლფი, კრიკეტი, აერობიკა და სერფინგი, მაგრამ აქაურებს ყველაზე მეტად პოკერის თამაში უყვართ.

  • ანტარქტიდა

    ანტარქტიდა

    ანტარქტიდა ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი კონტინენტია და დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო მდებარეობს. ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი კი სიფრეს კონცხია.

    ანტარქტიდის ტერიტორია გეოგრაფიულ რეგიონებად და რაიონებად იყოფა, რომლებიც წლების წინ სხვადასხვა მოგზაურის მიერ იქნა აღმოჩენილი. მათ სახელი აღმომჩენის, მისი გამომკვლევის ან სხვა რომელიმე პირის პატივსაცემად დაერქვა და მას „მიწას“უწოდებენ. ანტარქტიდის მიწებია: ადელის, ალექსანდრე I-ის, ვიქტორიას, ვილჰელმ II-ის, გეორგ V-ის, გრეიამის, კემპის, დედოფალ ელისაბედის, დედოფალ მოდის, დედოფალ მერის, კოტსის, მაკ-რობერტსონის, მერი ბერდის, პალმერის, პრინცესა ელისაბედის, უილკსის, ელსუორტის, ენდერბის მიწები და ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული. მათ გარდა, ანტარქტიდას ასევე კუთვნის ბერკნერის, სამხრეთი ორკნეის, სამხრეთი შეტლანდისა და ბალენის კუნძულები.

    ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ სამხრეთში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კონტინენტი, რომელიც აწონასწორებდა ჩრდილოეთის ნახევარსფეროში არსებულ უკვე ცნობილი კონტინენტების ტერიტორიებს. წიგნში „ანტარქტიდა — დიდებული მოთხრობები გაყინული კონტინენტიდან “ ნათქვამია, რომ, „ვინაიდან ჩრდილოეთის ნახევარსფერო „არქტოსის“, ანუ დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ მდებარეობს, არისტოტელეს (384—322 წწ. ძვ. წ.) აზრით, სამხრეთში არსებული უცნობი მიწა უნდა ყოფილიყო „ანტარქტიკოსი“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად საპირისპირო”, ანუ ანტიპოდი. ამგვარად, ანტარქტიდას, ფაქტობრივად, სახელი მის აღმოჩენამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე დაერქვა!

    1772 წელს ინგლისელმა მკვლევარმა და კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა ამ ნავარაუდევი სამხრეთი კონტინენტის მოსაძებნად სამხრეთის მიმართულებით გაცურა. მან მიაღწია ქარისგან დაუცველ კუნძულებსა და უზარმაზარ აისბერგებს, ანუ, როგორც თავად უწოდა მათ, „ყინულის კუნძულებს“. „ზოგი მათგანი, — წერდა ის, — გარშემოწერილობით თითქმის სამი კილომეტრი იყო, სიმაღლით კი 20 მეტრი, მაგრამ ზღვის ტალღების ძალა მაინც იმხელა იყო, რომ ტალღები მათ ზემოდან ეცემოდა“. კუკმა სამხრეთის მიმართულებით მოგზაურობა განაგრძო და 1773 წლის 17 იანვარს მისი გემი „რეზოლუშენი“ და მისი თანმხლები „ადვენჩერი“ იმ ხომალდებიდან პირველები იყვნენ, რომლებმაც სამხრეთის პოლარული წრე გადაკვეთეს. კუკი შეუპოვრად მიუყვებოდა თავის გზას პაკის ყინულებში, სანამ, საბოლოოდ, მათში არ ჩაიკეტა. „სამხრეთის მიმართულებით, ყინულის გარდა, ვერაფერს ვხედავდი“, — დაწერა მან თავის სავახტო ჟურნალში. ფაქტობრივად, ანტარქტიდასთან მას მხოლოდ 120 კილომეტრი აშორებდა, როდესაც ის უკან მობრუნდა.

    ყინულოვანი კონტინენტის აღმოჩენის ოფიციალურ თარიღად 1820 წლის 28 იანვარი ითვლება. ამ დღეს რუსულმა ექსპედიციამ თადეოზ ბელინჰაუზენისა და მიხეილ ლაზარევის მეთაურობით ანტარქტიდის ნაპირებს მიაღწია. ადამიანებმა კი ფეხი ჩვენი პლანეტის ყველაზე ცივ კონტინენტზე პირველად 1895 წლის 24 იანვარს დადგეს. ადერის კონცხს ნორვეგიული ხომალდი „ანტაკტიკი“ მიადგა და ოთხი ადამიანი – კაპიტანი ლ. კრისტენსენი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ჰ. ბული, პოლარული მკვლევარი კ. ბერჰგრევინკი და მეზღვაური ა. ფონ ტუნცელმანი ნაპირზე გადავიდნენ. მათ სანაპიროზე მღიერების, ხავსებისა და ქანების ნიმუშები შეაგროვეს. 1909 წელს ნორვეგიელმა მოგზაურმა რუალ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მზადება დაიწყო. 1911 წლის 14 დეკემბერს ნორვეგიელები ანტარქტიდაზე გადავიდნენ და სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს. მათ 99 დღე-ღამის განმავლობაში ორივე მიმართულებით 2800 კმ. გაიარეს. სამხრეთ პოლუსის დაპყრობას პარალელურად ცდილობდა ინგლისელთა ექსპედიციაც რობერტ სკოტის მეთაურობით, მაგრამ მათ პოლუსს დაგვიანებით მიაღწიეს და უკანა გზაზე სურსათის უკმარისობისა და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაიღუპნენ.

    ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მეტს შეადგენს, ხოლო კონტინენტის ცენტრში 4000 მეტრს აღწევს. ამ სიმაღლის დიდ ნაწილს შეადგენს კონტინენტის მუდმივი ყინულის საფარი, რომლის ქვეშაც დაფარულია კონტინენტალური რელიეფი. კონტინენტის ყველაზე მაღალი წერტილია ზ.დ-დან 4892 მეტრი სიმაღლის ვინსონის მასივი ელსუორტის მთებში. ხოლო ყველაზე დაბალი ადგილი დასავლეთ ანტარქტიდაზეა, სავარაუდოდ, რიფტული წარმოშობის ბენტლის ღრმული. მისი სიღრმე, რომელიც ყინულითაა სავსე, 2555 მეტრია ზღვის დონიდან დაბლა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ყველზე სამხრეთით მდებარე კონტინენტის დაახლოებით მესამედი მსოფლიო ოკეანის დონის დაბლაა.

    ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი, ცივი კლიმატით. 1983 წლის 21 ივლისს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურ ”ვოსტოკში” დაფიქსირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებებისა და გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე — – 89,2 °C. ეს რაიონი ითვლება დედამიწის სიცივის პოლუსად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს ამერიკის გეოფიზიკური კავშირის კონფერენციაზე ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში ჰაერის ტემპერატურა −93,2 °С-მდე (-135,8 F) დაეცა. ეს ინფორმაცია გამოაშკარავდა ნასას თანამგზავრული მონაცემების ანალიზის შედეგად, მაგრამ ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორის, ტ. სკამბოსის (ინგლ. Ted Scambos) აზრით, მიღებული მონაცემი არ იქნება დარეგისტრირებული, როგორც რეკორდული, რადგანაც ის გამოვლინდა თანამგზავრული აღრიცხვის შედეგად და არა თერმომეტრის მეშვეობით. ანტარქტიდა არა მხოლოდ ყველაზე ცივი, არამედ ყველაზე ქარიანი კონტინენტიცაა დედამიწაზე. აქ ქარის სიჩქარე არცთუ ისე იშვიათად საათში 300 კმ აღწევს. გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის წიაღი მნიშვნელოვანი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულს შეიცავს – რკინის მადანს, ქვანახშირს. ასევე ნაპოვნია სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, მოლიბდენის, მთის ბროლის, გრაფიტის მადნის კვალი. გარდა ამისა, ანტარქტიდაზე მდებარეობს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80%, რომლის უკმარისობაც უკვე ბევრ ქვეყნაში შეინიშნება. ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი მსოფლიოს მყინვარების 90%-ს შეადგენს. თუ მთელი ანატრქტიდის ყინული დადნება, მაშინ მსოფლიო ოკეანის დონე 61 მეტრით აიწევს. თუმცა საშუალო ტემპერატურა აქ -37 გრადუსია, ამიტომ მსოფლიოს დატბორვა არ ემუქრება.

    მუდმივი მოსახლეობა ანტარქტიდაზე არაა. აქ 40-ზე მეტი მუდვივმოქმედი პოლარული სადგური ფუნქციონირებს, სადაც სეზონის მიხედვით ზაფხულში 4000 ადამიანი, ხოლო ზამთარში 1000 ადამიანამდე ცხოვრობს. არგენტინელი ემილიო მარკოს პალმა პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც ანტარქტიდაზე დაიბადა და ამიტომაც გინესების წიგნშია შეყვანილი. იგი 1987 წლის 7 იანვარს პოლარულ სადგურ ”ესპერანსაში” დაიბადა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ფაქტს არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 1913 წელს ანტარქტიდაში ნორვეგიელი სოლვეიგ გუნბერგ იაკობსენი დაიბადა, მაგრამ ეს კუნძულ სამხრეთ გეორგიაზე მოხდა, რომელსაც ანტარქტიდას ვერ ვუწოდებთ.

    საერთაშორისო შეთანხმებით ანტარქტიდა ერთადერთი რეგიონია ჩვენს პლანეტაზე, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია. 1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიულ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე — ატომური ენერგობლოკების განლაგება. დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეა 50 სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანას კი დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

    ანტარქტიდაზე ყველა სასაათო სარტყელი გადის. კონტინენტს მინიჭებული აქვს ინტერნეტის პირველადი დომენი .aq და სატელეფონო პრეფიქსი +672.

    ანტარქტიდა ადამიანებისთვის ბოლო სარეზერვო რესურსია დედამიწაზე. სხვა კონტინენტებზე ნედლეულის ამოწურვის შემდეგ ადამიანები სავარაუდოდ მის რესურსებს აითვისებენ. რადგანაც ანტარქტიდა მსოფლიოს ქვეყნებისათვის რესურსების ერთადერთ წყაროდ დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ მისი რესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაცხარებულ სამხედრო კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.

    დღეისათვის კონტინენტზე მიმდინარეობს კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლფსტრიმის თბილის დინების მსგავსად, კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია მთელი დედამიწისთვის. ანტარქტიდაში ასევე შეისწავლება კოსმოსური სივრცის ზეგავლენა და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში მიმდინარეობს.

    გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ. მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაზე შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები. ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ოაზისს 400 კმ² ფართობი უკავია, ოაზისების საერთო ფართობი კი ჯამში 10 ათასი კმ²-ია, ხოლო იმ რაიონების ფართობი (თოვლს გარეშე კლდეების ჩათვლით), რომელზეც ყინული არ არსებობს 30—40 ათას კმ²-ს შეადგენს.

    მიუხედავად ანტარქტიდის მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, მას ყოველწლიურად დაახლოებით 6 ათასი ტურისტი სტუმრობს. მათი უმრავლესობა ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე გადადის, სადაც ტურისტული ბაზა და აეროდრომია განლაგებული. 1990-იანი წლებიდან ტურისტებმა როსის ზღვისკენაც აიღეს გეზი. ტურისტების უმრავლესობა ანტარქტიდულ კრუიზებს გემებით აწყობს.

    ამრიგად, ფაქტობრივად, ანტარქტიდა შეიძლება უზარმაზარ ბუნებრივ ლაბორატორიად ჩავთვალოთ, რომელიც დედამიწისა და მისი ატმოსფეროს, ისევე როგორც გარემოში გლობალური ცვლილებების, მათ შორის, ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების შესასწავლად არის განკუთვნილი.