გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

გოლფსტრიმის დინება

ჯერ კიდევ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყველაზე დიდ ოკეანურ დინებად გოლფსტრიმის დინება ითვლებოდა. მას თავის “გაგრძელება” ჩრდილო-ატლანტიკურ დინებასთან ერთად, თბილი სუბეკვატორული წყლები ჩრდილოეთ ევროპის ნაპირებთან და კოლის ნახევარკუნძულთანაც კი მოაქვს. ამიტომაც ამ დინებამ “ევროპის ღუმელის” სახელწოდება მიიღო. სწორედ გოლფსტრიმის დინების წყალობით არის ევროპის სანაპირო შედარებით უფრო თბილი, ვიდრე ამავე განედებზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო, სადაც ეს დინება სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულია.

გოლფსტრიმის დინება მაქსიმალურ სიგანეს – 640 კმ-ს კუნძულ ნიუფაუნდლენდთან აღწევს. მისი საშუალო სიღრმე 320 მ-ია. დედამიწის ყველა მდინარეს 22-ჯერ უფრო ნაკლები წყალი ჩააქვს მსოფლიო ოკეანეში, ვიდრე ერთ გოლფსტრიმს.

და მაინც, გოლფსტრიმს “ჩემპიონის ტიტული” ჩამოერთვა. რუს მეცნიერთა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას.