• ტბა ტანგანიკა

    ტბა ტანგანიკა

    დედამიწის ყველაზე გრძელი ტბა ტანგანიკა აფრიკის კონტინენტზე, ტექტონიკურ ქვაბულში ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ-ია და ამ მაჩვენებლით ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში.

    ტბას ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი, ხოლო ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება შეინიშნება ამ ტბების ტემპერატურულ რეჟიმში. თუ ბაიკალი ზამთრის პერიოდში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის, დაახლოებით, 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი.

    ტბის ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ² ია. ტბის ნაპირებზე განლაგებულია ნავსადგურებია კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი).

    ტბა ტანგანიკა 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.

  • ყველაზე გრძელი ტბა

    ყველაზე გრძელი ტბა

    მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა. იგი აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე მდებარეობს. ტბა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ტანგანიკა თავისი სიღრმით, 1435 მ, მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით, როგორც ტყუპი ძმები ისე გვანან ერთმანეთს.

  • ყველაზე ღრმა ტბა

    ყველაზე ღრმა ტბა

    ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია და ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

    მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია. ადგილობრივები, და საერთოდ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს. 1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც პირველ რიგში ადგილობრივი ენდემიზმითაა გამოხატული.

  • ყველაზე დიდი ტბები ფართობით

    ყველაზე დიდი ტბები ფართობით

    დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ. კმ-ია. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკაში). მისი ფართობი 82.4 ათასი კვ. კმ-ია.

    ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს – “დრაჰენ ხაუქლოკი”, რაც “დრაკონის ნესტოებს” (Dragon’s Breath Cave) ნიშნავს. იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ.მ-ია. ტბის არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

  • სეკეს დისკი

    სეკეს დისკი

    საუკუნეზე მეტია, რაც ზღვის ან ტბის წყლის გამჭვირვალობას სეკის დისკის საშუალებით ადგენენ. ეს ხელსაწყო იტალიელმა ასტრონომმა ანჟელო სეკიმ გამოიგონა. მისი საშუალებით, პაპის ფლოტის კაპიტანმა ჩიალდიმ, პირველად 1865 წელს, განსაზღვრა წყლის გამჭვირვალობა.

    20-40 სმ-ის დიამეტრის თეთრი ფერის დისკი წყალში იძირება, რის მიხედვითაც საზღვრავენ რა სიღრმემდე რჩება იგი ხილული.

  • ყველაზე გამჭვირვალე ზღვა

    ყველაზე გამჭვირვალე ზღვა

    ყველაზე გამჭვირვალედ ზღვებს შორის უკანასკნელ დრომდე სარგასოს ზღვა (ატლანტის ოკეანე) ითვლებოდა. მასში სეკის დისკი 66,5 მეტრ სიღრმემდე მოჩანდა. მაგრამ, 1986 წელს გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ კუთხით “ჩემპიონია” უედელის ზღვა ანტარქტიდის ნაპირებთან. მის წყალში ჩაშვებული სეკის დისკის დანახვა 79 მეტრ სიღრმემდე შეიძლება. შედარებისათვის, დისტილირებულ წყალში სეკის დისკი 80 მ სიღრმემდეა ხილული. ამრიგად, უედელის ზღვის წყალი შეიძლება აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ჩაითვალოს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შედარებით გამჭვირვალეა თეთრი ზღვა, რომლის წყალშიც დისკი 8 მ-ის სიღრმეზე მოჩანს.

  • ყველაზე მტკნარი ზღვა

    ყველაზე მტკნარი ზღვა

    დედამიწის მტკნარ ზღვებს შორის ბალტიის ზღვა ლიდერობს. მარილის შემცველობა მის 1 ლიტრ წყალში სულ რაღაც 2-8 გრამია. ეს იმით აიხსნება, რომ თითქმის ჩაკეტილი ზღვის აუზში 250- მდე მდინარე ჩაედინება. ბალტიის ზღვა ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ განედის 53–66 გრადუსებსა და აღმოსავლეთის გრძედის 20–26 გრადუსებს შორის მდებარეობს.

    ბოტნიის ყურესთან ზღვის წყალს ფერმერები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასმელადაც კი იყენებენ.

  • თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს და ჩრდილოეთ ყინულოვანი (არქტიკული) ოკეანის აუზს მიეკუთვნება. თითქმის შვიდი თვის მანძილზე თეთრი ზღვა მთლიანად ყინულებით იფარება და სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას თეთრი ზღვა. ზღვა ყინულებისგან მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში თავისუფლდება.

    მეცნიერთა აზრით, ზღვის სახელი ალბუმი – „თეთრი ზღვა“ პირველად პეტრე პლანციას 1592 წელს შედგენილ რუკაზე იქნა აღნიშნული, ხოლო უკვე ორი წლის შემდეგ ფლამანდიელმა კარტოგრაფმა ჰერარდ მერკატორმა თავის რუკაზე ზღვის, როგორც ლათინური, ასევე რუსული სახელწოდებაც დაიტანა.

    ზღვის ფართობი 90 ათასი კვ. კმ-ია. საშუალო სიღრმე -89 მ-ს, ხოლო მაქსიმალური – 330 -ს აღწევს. თეთრ ზღვაზე გარემო პირობები საკმაოდ მკაცრია. ტემპერატურა ნულს ქვემოთ 20°-მდე ჩამოდის ხოლმე, ხშირად უფრო დაბლაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40° ყინვა დაფიქსირებულა. 0°-ს ზემოთ ტემპერატურის ნიშნული იშვიათად ადის. ზღვის წყლის მარილიანობა მსოფლიო ოკეანის წყლის საშუალო მარილიანობაზე დაბალია.

    თეთრ ზღვაში ჩაედინება მდინარეები – ჩრდილოეთი დვინა, ონეგა, მეზენი და სხვ. თეთრი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალია. ზღვისპირა ძირითადი პორტებია არხანგელსკი, სევეროდვინსკი, ონეგა, ბელომორსკი, კემი, მეზენი. არხანგელსკი უძველესი პორტია და ისტორიულად ის რუსეთში მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა

    მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ზღვაზე ძალიან ცივა და ზამთრობით წყალი იყინება, ზღვაში უამრავი ძალიან ლამაზი თევზი ბინადრობს.

    ბელომორ-ბალტიის არხმა თეთრი ზღვა ბალტიის ზღვას დაუკავშირა.

  • ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება და ნახევრად შიდა ზღვაა. ის აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს. ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიას – ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ესაზღვრება. ყვითელ ზღვას სახელი წყლის ფერის გამო ეწოდა, რაც ზღვაში ჩამდინარე მდინარე ხუანხეს“ იგივე “ყვითელი მდინარის” დამსახურებაა. ამ მდინარეს ზღვაში დიდი რაოდენობით ოქროსფერი ქვიშა ჩააქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს.

    ყვითელი ზღვის ფართობი 41 6 000 კვ. კმ-ია. ზღვის წყლის მარილიანობა 24-36 პრომილეს შორის მერყეობს. ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. მისი მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.

    ზღვის ყურეებიდან გამოირჩევა ბოხაის, ლიაოდუნის და დასავლეთ კოერის ყურეები. ზღვაში ხუანხეს გარდა ასევე ჩაედინება მდინარეები – ხაიხე, ლიაოხე და იალუცზიანი (ამნოკანი).

    ზღვა მდიდარია ბიოლოგიური რესურსებით და თევზჭერის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

  • წითელი ზღვა

    წითელი ზღვა

    დედამიწის ფერად ზღვებს მიეკუთვნება წითელი ზღვაც, რომელიც სინამდვიილეში ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან ხოლმე და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს. სახელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანიზმების მეწამული ფერის გამო ეწოდა. თუმცა არსებობს ზღვისთვის სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზღვას ეს სახელი ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო ეწოდა. ძველად ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ. რადგანაც ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ამიტომ მასაც „წითელი“ დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები ჰორიზონტის მხარეებს – გეოგრაფიულ მიმართულებებს აღნიშნავდნენ. წითელი ფერი კი სამხრეთის მიმართულებას შეესაბამებოდა და, შესაბამისად, წითელი ზღვაც სამხრეთის ზღვას ნიშნავდა.

    წითელი ზღვა შიდა ზღვაა და ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება და არაბეთის ნახევარკუნძულსა (აზია) და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარეობს. https://www.google.ge/maps/place/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90/@20.2358326,29.5064425,5z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x15b91b7a37f530e5:0xbab428a1529071c7!8m2!3d20.280232!4d38.512573?hl=ka

    ზღვა ცხრა ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერითრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

    წითელი ზღვის ფართობი 450 ათასი კვ. კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე 3000 მ-ია შუა ნაწილში. წითელი ზღვა ყველაზე მარილიანია მსოფლიოს ზღვებს შორის – მისი წყლის მარილიანობა ლიტრში 40-60 გრ-ია.

    წითელი ზღვა იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მდინარეები არ ჩაედინება, რომელთაც ზღვებში ნატანი მასალა და ქვიშა ჩააქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხოლმე ზღვის წყლის გამჭვირვალობას. ამიტომაც წითელი ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა.

    წითელი ზღვა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა.

    წითელი ზღვა მეტად საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ამ დროს წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს. ასე რომ, ზღვა, გარდა მაღალი მარილიანობისა, ყველაზე თბილ ზღვადაცაა ცნობილი.

    წითელი ზღვა ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. იქ 1000-მდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე გვხვდება წყალმცენარეები, მრავალი ფერის მარჯნები და სხვადასხვა ფორმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ულამაზეს გარემოს ქმნიან.

    წითელ ზღვაში 25 ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულია, რომლებიც საუკეთესო ადგილებად ითვლება დაივინგისთვის. სწორედ ამიტომ დაივერები ამ კუნძულებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ზღვის მრავალფეროვანი და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.