• რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა?

    რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა?

    გარემო,  ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები, როგორიც არის: შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.

    გარემოს შესაძლო ფორმებია: ბუნებრივი გარემო – დედამიწაზე ბუნებრივად არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; სოციალური გარემო – საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს; ბიზნეს გარემო –  ბიზნესის ფუნქციონირების პირობები და სხვა.

    ბუნებრივი გარემო დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით, ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტი ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება.

    ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს  -რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.

    გარემოს დაცვა ყველა იმ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას.  აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.

    საინტერესოა, რომ გარემოს დაზიანების პირველსაწყისები  უკვე უძველეს წარსულში შეინიშნებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დაწყებას  გარემოს   შეცვალა  მოყვა:  ბალახი, ბუჩქები და ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, ასევე მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ  ფართომასშტაბიანი ეროზიები გამოიწვია. მოგვიანებით, ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში, საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება. თუმცა იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები, ძირითადად, რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული.

    დღეს, უკვე არსებობს მსოფლიო მასშტაბების ნგრევის და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურების საფრთხე. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, ეკვატორული და ბორეალური  ტყეების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და სხვ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის  დაბინძურება, ეროზია და დეგრდაცია,  ნარჩენების პრობლემა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური  და სხვ.

    ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნებაში „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა”  ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს გულისხმობს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედების მქონე გარემო ფაქტორების შეფასებისა და კონტროლის განხორციელება.

    გარემოს დაცვისა და განვითარების კომისიის ანგარიშში გარემოსდაცვითი პრობლემატიკისა და უსაფრთხოების კავშირი პირველად 1987 წელს გამოიკვეთა ასეთი ჩანაწერის სახით:  „კაცობრიობას ორი ძირითადი საფრთხე ემუქრება: პირველი, ეს არის ატომური იარაღის გამოყენება – იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს პერსპექტივა აღარ იარსებებს და მეორე საფრთხე, მსოფლიოს გარემოს დეგრადაცია და ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, ეს ფაქტია დღეს“. გაეროს 42-ე გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად შემოიტანა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან, რომელიც მნიშვნელოვნად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის გარემოს დეგრადაცია და მისი თანამდევი პრობლემები.

    2004 წელს, გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“  ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია პრობლემათა გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება. მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად შეხედოს განვითარების პრობლემებს ინტეგრირებულად და თანმიმდევრულად.

     ამჟამად, სიღარიბესთან, გადამდებ დაავადებებსა და გარემო დეგრადაციასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად,  უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, დაახლოებით, 2 მილიარდმა ადამიანმა განიცადა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენა, ხოლო ამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა ზარალმა წინა 4 ათეული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. პროგნოზების თანახმად კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამძაფრებს, როგორც ბუნებრივი კატასტროფების სიხშირესა და სიმძიმეს, ასევე საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა ექნება, როგორც სიღარიბის, ასევე გადამდები დაავადების ზრდაზე.  აქედან გამომდინარე უდავოა, რომ საჭიროა პრობლემათა გადაჭრის ინტეგრირებული გზების ძიება.

    დღევანდელი თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება განსაზღვრავს ქვეყნის და საზოგადოების უნარს გადაიტანოს და/ან წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი რესურსების სიმწირეს, შეუქცევად გარემოსდაცვით ცვლილებებს ან ბუნებრივი რესურსების გამო წარმოშობილ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. გარემოს დეგრადაციამ, ბუნებრივი რესურსების და ეკოსისტემების არარაციონალურმა მოხმარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თემებსა და ერებს, ხოლო კონკურენცია სწრაფად ამოწურვად ისეთ რესურსებზე, როგორიცაა ტყეები, მტკნარი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგები, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა დ ადამიანთა მიგრაცია –  საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

    ტრანსასაზღვრო დაბინძურება და/ან გარემოსდაცვითი ავარიები და კატასტროფები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუმცა, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას წამოჭრილმა პრობლემებმა ასევე შეიძლება გააერთიანოს ადამიანები და თემები, რათა ერთობლივად გამოასწორონ ბუნებრივი რესურსების მართვა. შესაბამისად, თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით შეიძლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს კონფლიქტების პრევენციასა და ერებსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარებაში.

  • რა არის ზურმუხტის ქსელი?

    რა არის ზურმუხტის ქსელი?

    ზურმუხტის ქსელი   პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.  

    ევროკავშირში ბერნის კონვენციის აღსრულება1992 წლის 21 მაისის საბჭოს დირექტივით – „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ (ჰაბიტატების დირექტივა)  ხდება. ბერნის კონვენცია ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია. რადგან ბერნის კონვენცია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც (მაგ., შვეიცარია, უკრაინა, საქართველო და სხვ.) მოიცავს, ანუ მისი გეოგრაფია  უფრო ფართოდა და  ევროკავშირის ფარგლებს სცდება, სწორედ ამიტომ ზურმუხტის ქსელი, როგორც პანევროპული ეკოლოგიური ქსელი ისე განიხილება, ხოლო „ნატურა 2000“ პრაქტიკულად მის ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ  შესაძლოა დროთა განმავლობაში  ამ ორი ქსელის სრული შერწყმაც კი მოხდეს. ზურმუხტის ქსელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელი იქნება, რომელიც   ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე დაცულ ტერიტორიებს გააერთიანებს.

    ბერნის კონვენცია ეყრდნობა პრინციპს, რომ სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. შესაბამისად, ბერნის კონვენცია მთავარ აქცენტს სწორედ ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაზე აკეთებს. ამისათვის მთელ ევროპაში ხდება ისეთი ადგილების შერჩევა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით. ასეთ ტერიტორიებს ენიჭებათ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ (Areas of Special Conservation Interest-ASCI) განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე სტატუსი და ისინი ერთიანდება ე.წ. „ზურმუხტის ქსელში“. ხშირად მათ „ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს“ ან „ზურმუხტის ტერიტორიებსაც“ უწოდებენ.

    საქართველო, ბერნის კონვენციას, პარლამენტის 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და  ამით სახელმწიფომ ვალდებულიება აიღო  მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში.

    ზურმუხტის ქსელის მიზანი იმ სახეობების დაცვაა, რომელთა გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია თუ არ მოხდა  მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება.    ეს სახეობები  და  ჰაბიტატები ბერნის კონვენციის მიხედვითაა განსაზღვრული. ჩამონათვალში შესულია ევროპაში გავრცელებული  1000-მდე სახეობა და 200-მდე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი, საიდანაც  200-ზე მეტი სახეობა და   50-ზე მეტი ჰაბიტატი  გვხვდება საქართველოში.  შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას ესჰაბიტატები.

    ტერიტორია ზურმუხტის ქსელის ნაწილად ანუ ზურმუხტის ტერიტორიად შეიძლება გამოცხადდეს, თუ იგი  აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ ცოტა ერთს მაინც:

    ა) მას მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და/ან ბერნის კონვენციის პირველ და მეორე დანართებში მითითებული სახეობების დაცვაში;

    ბ) ტერიტორია მდებარეობს ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებით მდიდარ რეგიონში და წარმოადგენს საბინადროს სახეობების მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის ან ერთი, ან რამდენიმე სახეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოპულაციისთვის;

    გ) წარმოადგენს საფრთხეში მყოფი ჰაბიტატის სანიმუშო ტერიტორიას ან მოიცავს ასეთი ჰაბიტატის მნიშვნელოვან მონაკვეთს;ზურმუხტის ქსელი შეიძლება მოიცავდეს სრულიად სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას: ტყეებს, ტბებსა და მდინარეებს, საზღვაო ეკოსისტემებს, მდელოებს, მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და ა.შ. ასევე სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე ტერიტორიას. მაგ., ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას ან მის ნაწილს, სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ურბანულ ზონებსაც კი.

    2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ზურმუხტის ქსელის 3 ტერიტორია (ლაგოდეხი, ვაშლოვანი და ბაწარა) ოფიციალურად გამოცხადდა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებად, რაც პირველი პრეცედენტია კავკასიის რეგიონში.

    2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰ-ია, რაც  ჩვენი ქვეყნის ფართობის 18.75%  შეადგენს და ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგანაც 46 დამტკიცებულია, 16 შეთავაზებული და 4  ჯერ კიდევ  შეთავაზებული კანდიდატია.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზურმუხტის ქსელის 44%  საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა.

    აღსანიშნავია, რომ „ზურმუხტის ქსელს“, განსხვავებით კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან, არ შემოაქვს სტანდარტული შეზღუდვები ადამიანის საქმიანობაში. თითოეული კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება გულისხმობს მის ფარგლებში ამ კატეგორიისთვის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და, შესაბამისად, ეს შეზღუდვები ერთნაირია ყველგან, სადაც ამ კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება. ზურმუხტის ტერიტორიებზე კი ადამიანის საქმიანობის შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რადგან აქ ნებადართულია პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, რომელიც ზიანს არ აყენებს ბერნის კონვენციით დაცულ კონკრეტულ სახეობას ან ჰაბიტატს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გვხვდება და რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მოცემული ტერიტორია.

    ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის დაარსების შემდეგ, აუცილებელია შემუშავდეს ამ ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები/ამოცანები და მართვის გეგმა, სადაც მითითებული იქნება ის სახეობები და ჰაბიტატები, რომელთა დაცვა აუცილებელია ტერიტორიის ფარგლებში;  ერთადერთი, რასაც ზურმუხტის ქსელი ცალსახად კრძალავს, არის უარყოფითი ზემოქმედება ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე.

  • ყურე

    ყურე

    ყურე ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილია, რომელიც ხმელეთშია შეჭრილი.

  • ყელი

    ყელი

    ყელი ხმელეთის ვიწრო ზოლია, რომელიც აერთებს ხმელეთის დიდ ნაწილებს და თვით კონტინენტებსაც კი, მაგ., სუეცის ყელი, პანამის ყელი.

  • ღვარცოფი

    ღვარცოფი

    ღვარცოფი – ტალახი ან ტალახქვიანი ნაკადი, რომელიც უეცრად წარმოიქმნება მთის მდინარეთა ხეობებში და გამოწვეულია უჩვეულო, ინტენსიური წვიმებით ან თოვლის დნობით. ღვარცოფის გამოვლინება განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.

  • ქარი

    ქარი

    ქარი – ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილება. ქარი წარმო­იქმნება დედამიწის ზედაპირზე ატმოსფერული წნევის სხვადა­სხვაობით. მისი სიძლიერე განისაზღვრება ბოფორტის 12-ბალიანი სკალით. ქარს ახასიათებს მიმართულება და სიჩქარე (მ/წმ). ქარი ყოველთვის ქრის მაღალი წნევის არეებიდან დაბალი წნევის არეებისაკენ. ქარის მიმართულებად ითვლება ის მხარე, საიდანაც იგი ქრის.

  • ფარვატერი

    ფარვატერი

    ფარვატერი – წყალსატევის უბანი, სადაც სიღრმე საკმარისია გემების უსაფრთხო ცურვისათვის. მდინარეებში ესაა წყლის ზოლი ყველაზე დიდი სიჩქარით. ფარვატერს აღნიშნავენ სანავიგაციო მოწყობილობებით — ბუიებით, კვეთის ნიშნებით და სხვ. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: მისასვლელ, მთავარ  და შემაერთებელ ფარვატერებს.

  • ურბანიზაცია

    ურბანიზაცია

    ურბანიზაცია – ქალაქის როლის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც გამოი­ხატება ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდით და ქალაქური ცხოვრების წესის ფართო გავრცელებით.

    ამ პროცესს ორი მახასიათებელი აქვს – რაოდენობრივი და თვისობრივი. რაოდენობრივი მახასიათებელია ურბანიზაციის დონე, რაც გვიჩვენებს ქალაქის მოსახლეობის ხვედრით წილს მოცემული ქვეყნის ან რეგიონის მთელ მოსახლეობაში. იგი პროცენტობით გამოისახება. თვისობრივი მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ რამდენად რეალურად არის წარმოდგენილი ქალაქური ცხოვრების წესი.

  • უნიტარული სახელმწიფოები

    უნიტარული სახელმწიფოები

    უნიტარული სახელმწიფო (ფრანგ. “უნიტერე” – ერთიანი) – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმით ერთიანი სახელმწიფო, რომლის არც ერთ ნაწილს არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი არ გააჩნია. ასეთ სახელმწიფოებში არსებობს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა, უმაღლესი ორგანოების ერთიანი სისტემა. უნიტარული ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, სომხეთი და ა.შ. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის მაღალი დეცენტრალიზაციით ხასიათდება. მაგ.,ესპანეთი, უკრაინა, ფილიპინები, პალაუ და ა.შ.

    შენიშვნა: რუკაზე უნიტარული სახელმწიფოები ლურჯი ფერითაა აღნიშნული

  • ტალღები

    ტალღები

    ტალღები   ზღვისა და ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის დიდი მასებია. ტალღების გამომწვევი მიზეზებია მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალები, ქარი, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, წყალქვეშა მიწისძვრები და ზღვის ფსკერის დეფორმაცია. ამ მიზეზების შესაბამისად განარჩევენ მოქცევის, ქარისმიერ, ბარიულ და სეისმურ ტალღებს.