• რას შეისწავლის ოკეანოლოგია?

    რას შეისწავლის ოკეანოლოგია?

    მსოფლიო ოკეანე წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის ყველაზე ვრცელ და უნიკალურ გეოგრაფიულ გარემოს. უკანასკნელ ხანს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევამის შესწავლას, რადგან მსოფლიო ოკეანე ერთდროულად არის კლიმატის და ამინდის გასაღები, მდიდარი სარეწი არე, კომუნიკაციის ეკონომიკურად ხელსაყრელი საშუალება, ენერგიის წყარო, თავდაცვის ზღუდე და, სამწუხაროდ, ნაგავსაყრელიც. Aამიტომ, არსებითად, მსოფლიო ოკეანის შესახებ მოპოვებული ცოდნა მრავალი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული სპეციალობების მქონე მეცნიერების კვლევის შედეგების ერთობლიობას წარმოადგენს. ბუნება თვით არ ანსხვავებს და არ სცნობს ამა თუ იმ მეცნიერების საზღვრებს. Kკანონები, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, ხშირად სცილდება ცალკეული სპეციალისტების კვლევის არეს. ასე, მაგალითად, როდესაც ზღვის ტალღები ზემოქმედებენ ხმელეთის მყარ ქანებზე, ოკეანოლოგია იჭრება გეოლოგიის სფეროში; იქ სადაც მიმდინარეობს ინტენსიური აორთქლებითი პროცესები, წნევის ინტენსიური ცვლა და ჰაერის მასების გადაადგილება ოკეანოლოგია ერწყმის მეტეოროლოგიას, ხოლო ბიოლოგიური პროცესების და ზღვაში არსებული ცოცხალი ორგანიზმების ეკოლოგიური ციკლების კვლევის აუცილებლობამ განაპირობა მეცნიერების ახალი სფეროს ბიოლოგიური ოკეანოლოგიის ანუ ზღვის ბიოლოგიის ჩამოყალიბება. ამრიგად, ოკეანოლოგია არის მეცნიერული დისციპლინების ერთობლიობა, რომელიც შეისწავლის მსოფლიო ოკეანის წყლის მასაში მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და გეოლოგიურ პროცესებს და მათ ურთიერთქმედებასხმელეთთან და ატმოსფეროსთან.

    ფიზიკური ოკეანოლოგები (მათ შორის მეტეოროლოგები და გეოფიზიკოსები) იკვლევენ ოკეანეში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს, როგორიც არის ოკეანის დინებები და მიქცევა-მოქცევითი მოვლენები, ოკეანისა და ატმოსფეროს ურთიერთობა და სხვა. ზედაპირულ დინებებზე სისტემატური დაკვირვებანი და მათი რუკებზე გადატანა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაიწყო (ბერინგი, კოცებუ, ლენცი, მაური და სხვ.) და ამჟამადაც გრძელდება. ტექნიკური აღჭურვილობის განვითარება საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ სიღრმული და ფსკერისპირა დინებების და წყლის მასების ფლუქტუაციების ზუსტი აღნუსხვა, რაც აუცილებელია საზღვაო ჰიდროლოგიური პროგნოზების შემდგომი განვითარებისათვის. საველე-საექსპედიციო, თეორიული და ლაბორატორიული კვლევა ითვალისწინებს ტალღების და დინებების ჰიდროდინამიკის და ტემპერატურული რეჟიმის შესწავლას, ბუნებრივი პროცესების ჰიდრავლიკური და მათემატიკური მოდელების შექმნას, საზომი ინსტრუმენტების და აპარატურის განვითარებას, ზღვის წყლის ოპტიკური და აკუსტიკური მახასიათებლების შესწავლას და სხვა.

    ქიმიურ ოკეანოლოგიას და ზოგადად ოკეანის შემსწავლელ საზღვაო ექსპედიციებს საფუძველი ჩაეყარა ინგლისური სამეცნიერო-საკვლევო გემის “ჩელენჯერის” მოგზაურობის დროს (1872-76 წ.წ.). დღეს უკვე კოსმოსურ ხომალდებზე დამონტაჟებული ელექტრონული დეტექტორები და მასპექტრომეტრები დისტანციური ზონდირების მეშვეობით აღნუსხავენ ზღვის წყლის მასის დინამიურ და ქიმიურ ცვლილებებს, აანალიზებენ თევზების მიერ დატოვებულ კვალს წყალში, რითაც ხელს უწყობენ რეწვის მეტ ეფექტურობას, აკონტროლებენ ზღვის დონის ცვალებადობას და სხვა. სხვადასხვა ნივთიერების და სუბსტანციის დადგენა ზღვის წყალში აუცილებელია აგრეთვე მათი ზემოქმედების თვალსაზრისით ცოცხალ ორგანიზმებზე, რადგან სწორედ გახსნილი აირებისა და მინერალური მარილების რაოდენობაზეა დამოკიდებული საზღვაო მცენარეების ზრდა და სათანადოდ, ბიოპროდუქტიულობის დონე ზღვის წყალში. გარემოს გაჭუჭყიანებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვასთან დაკავშირებით ქიმიურ ოკეანოლოგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

    მსოფლიო ოკეანეში უამრავი ნაირსახეობის ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს. საზღვაო ეკოლოგია შეისწავლის ამ ორგანიზმებს და მათ დეტერმინისტულ დამოკიდებულებას ზღვიურ გარემოსთან, კერძოდ, ერთის მხრივ, ამ უკანასკნელის გავლენას ცხოველების განაწილებასა და რაოდენობაზე და მეორეს მხრივ, იგივე ორგანიზმების მეტაბოლური პროცესების ეფექტს ზღვის წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე. ასევე, საზღვაო ეკოლოგია მოწოდებულია გამოიკვლიოს ცალკეული პოპულაციების გარემოსთან შეგუების, ადაპტაციის პირობები, რათა პერსპექტივაში შესაძლებელი გახდეს რეგულირებული ხელოვნური თევზსარეწი მეურნეობის (აკვაკულტურის) ფართო განვითარება.

    სისტემატურ კლასიფიკაციურ სამუშაოებთან ერთად საზღვაო ბიოლოგები იკვლევენ ენერგიის ტრანსფორმაციის პრობლემებს საზღვაო კვების ჯაჭვში, რომლის საშუალებითაც მზის ენერგია და წყალში გახსნილი მინერალური მარილები, Fფიტოპლანქტონის ფოტოსინთეზის საშუალებითგარდაიქმნებიან ზოორგანიზმების საკვებად, ხოლო შემდგომ მაღალმოლეკულურ ორგანულ სუბსტანციებად.

    უკანასკნელ ხანს სულ უფრო მეტი ინტენსიურობით წარმოებს ოკეანის ბაზისის გეოლოგიური გენეზისის, სტრუქტურის და ოკეანის ფსკერის ნალექების მეცნიერული კვლევა-ძიება. ინტერესი ზღვის გეოლოგიისადმი გამოწვეულია ენერგომატარებელი წიაღისეულის სულ უფრო მზარდი დეფიციტით. მსოფლიო ოკეანის ფსკერზე და მის ქვეშ სასარგებლო წიაღისეულის უზარმაზარი რაოდენობა მოიპოვება, გაცილებით მეტი ვიდრე ხმელეთზე. ამჟამად უკვე ოკეანის შელფურ ზონაში მსოფლიოში უტილიზებული ნახშირწყალბადების – აირისა და ნავთობის 30%-მდემოიპოვება. რკინა-მარგანეცის კონკრეციების სახით ოკეანის ფსკერი ინახავს 2 ტრილიონ ტონამდე რკინას და ფერად ლითონებს. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს იშვიათი ელემენტებისა და ძვირფასი მინერალების შემცვლელი საზღვაო-სანაპირო ქვიშრობების ათვისება და ექსპლოატაცია. ზღვის გეოფიზიკა, რომელიც იყენებს რა ფიზიკის კვლევის მეთოდებს და ტექნიკას იკვლევს ოკეანის გეოფიზიკურ ველებს – მაგნიტურ, ელექტრულ, გრავიტაციულ და ოკეანის ფსკერის რელიეფს. ძლიერი ბგერითი წყაროები (აფეთქებები, წყალქვეშა განმუხტვები და სხვა) წარმოქმნიან ბგერით ტალღებს, რომელთა მიწის ქერქში გავრცელება იძლევა ნალექების სისქისა და სტრუქტურული აგებულობის სურათს.

    იმ საკითხთა ნუსხა, რომელთა გადაწყვეტა აკისრია საინჟინრო ანუ გამოყენებით ოკეანოლოგიას, მოიცავს ნაპირსამაგრი საშუალებების კონსტრუქციულ გადწყვეტას და დიზაინს, ნავთობმომპოვებელი საბურღი ბაქნების შექმნას და მათი საიმედოობის ამაღლებას, საზღვაო არქიტექტურის (სანაოსნო საშუალებების) განვითარებას და სხვა.

    ოკეანოლოგიური კვლევის უკეთ წარმართვისათვის დაარსდა საკოორდინაციო საერთაშორისო ცენტრები. კერძოდ, იუნესკოსთან არსებობს საერთაშორისო სამთავრობაშორისო ოკეანოგრაფიული კომისია (მოკი), განხორციელებულია ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შემკრები და განსაზოგადოებული რეგიონალური ცენტრების შექმნა ნიუ-იორკში, მოსკოვში და მელნბურნში. გადაიდგა პირველი ნაბიჯები პლანეტარული სადამკვირვებლო ქსელის და მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს, როგორც დისტანციური ზონდირების, ისე ადგილზე მოპოვებული საზღვაო მონაცემების და ინფორმაციის ერთიან სტანდარტში მოქცევას, დამუშავებას და გავრცელებას.

  • რას გვეუბნება ქარების სახელები?

    რას გვეუბნება ქარების სახელები?

    ქარები … ზოგიერთს სიხარული მოაქვს ადამიანებისთის, ზოგიერთს კი – უბედურება და ზარალი. ქარი ერთადერთი ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც ადამიანებმა სახელები დაარქვეს. ყველა კონტინენეტზე, მთებსა თუ ტყეებში, სტეპებსა და უდაბნოებში, ზღვების, მდინარეების და ტბების სანაპიროებებზე მცხოვრები მრავალიცხოვანი ხალხები თუ პატარა ტომები ქარს სახელებს ალბათ იმიტომ არქმევდნენ, რომ მასში ცოცხალი არსბებისთვის დამახასიათებელ თვისებებს – სიძლიერეს, დაუნდობლობას, სიბრაზეს, ასევე სინაზეს და სიმსუბუქეს ხედავდნენ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჩრდილოეთის ქარების ღმერთი იყო ბორეი, დასავლეთის ზეფირი, სამხრეთის ნოტი და აღმოსავლეთის აპელიოტი. სკანდაინავიურ საგებში ქარის ღმერთს ნორდი ჰქვია, სლავურ თქმულებებში – დაგოდა, პოსზვისტი და პოხვისტი.

    ქარებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში. წელიწადის სხვადასხვა დროს ერთი და იმავე მიმართულებით მქროლავი ქარები სხვადასხვანაირად ახდენდნენ გავლენას ადამიანზე და მის საცხოვრებელ გარემოზე. ალმათ ამიტომაც მიიღეს მათ განსხვავებული სახელები. ქარების სახელები არა მარტო მათ მიმართულებას ასახავდნენ, არამედ მათ სიძლიერესაც, ტენიანობას, სეზონურობას, ხანგრძლივობას, საშიშროების ხარისხს და ზოგჯერ სარგებელსაც კი.

    უდაბნოს ქარს ხამსინი (არაბულიდან თარგმანში- „ორმოცდათი“) იმიტომ უწოდეს, რომ იგი გაზაფხულის დასაწყისში არაბეთის ნახევარკუნძულიდან ან საჰარის უდაბნოდან ზუსტად ორმოცდაათი დღის განმავლობაში ქრის. მას თან იმდენი ქვიშა და მტვერი მოაქვს, რომ ადამიანს სუნთვა უჭირს, ხოლო შენობებში დღისათაც კი სინათლის ანთებაა საჭირო. წითელ ზღვაზე გადავლის შემდეგ არაბული ხამსინი ტენით მდიდრდება, აუტანელ ჩახუთულობას იწვევს და სახელიც ეცვლება. მას უკვე აზიაბს უწოდებენ.

    ასევე აფრიკული წარმოშობისაა ქარი სიროკო, რომელსაც საჰარიდან სამხრეთ ევროპაში არა მხოლოდ წითელი და თეთრი ფერის ქვიშა მოაქვს, რომელიც წვიმასათან ერთად მოდის და გარემოს ღებავს, ასევე მხუთვარე სიცხეც. როცა სიროკო ქრის, ჰაერის ტემპერატურა ღამითაც კი არ ჩამოდის 35 გრადუსზე დაბლა. მაგრამ უდაბნოს ყველაზე მრისხანე ქარი მაინც სამუმია, რაც არაბულიდან თარგმანში „შხამიანს“, „მომწამლავს“ ნიშნავს. სამუმის შესახებ პირველი ცნობები ჰეროდოტეს ეკუთვნის, რომელც მას მოხსენიებს, როგორც „წითელი ქარი“. სამუმი უმთავრესად დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებისაა, მოულოდნელოად წარმოიქმნება და თან დიდი რაოდენობით ქვიშა და მტვერი გადააქვს. იგი უმეტესად გაზაფხულსა და ზაფხულში იცის. სამუმის დროს ჰაერის ტემპერატურა ხშირად 50 °С-მდე მატულობს, ხოლო ტენიანობა 10 %-მდე ეცემა. საბედნიეროდ, როგორც წესი, სამუმი ზედიზედ მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში ქრის, თუმცა საკმარისად ასწრებს ზიანის მოტანას.

    არსებობს ქარები, რომლებიც მრავალი ათასი წელია „ეხმარებიან“ ადამიანებს. მაგალითად ასეთია სამხრეთის მშრალი და მსუბუქი ქარი“ ბლე“, რომელიც საფრანგეთში არდეშის დეპარტამენტში ქრის და ითვლება, რომ იგი სასარგებლოა ხორბლის ნათესებისთვის.

    ქარს, რომლის სახელია „კარპუზ მელტემი“ ანუ საზამთროს ქარი და რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უბერავს, მოუთმენლად ელოდებიან თურქი ფერმერები და გლეხები, რადგან იგი ხელს უწყობს ნაყოფის დამწიფებას. ამ ქარს რამდენიმე სახელი აქვს და იმისდა მიხედვით ეცვლება, თუ რომელ სეზონში ქრის. მაგალითად: ქიშმიშის მეტლემი – ყურძნის, კირას მეტლემი – ალუბლის, ყაბაყი მეტლემი – გოგრის.

    მისტრალი ცივი და მშრალი ჩრდილოეთ-დასავლეთის ქარია, რომელიც უმეტესად საფრანგეთში ქრის სევენიდან რონას ხეობის გავლით ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ. სიტყვა მისტარლი ლათინური სიტყვისგან „ მაგისტრალის“ წარმოდგება და მთავარს ნიშნავს. სამხრეთ საფრანგეთის ქარებს შორის ის მართლაც „მთავარია“. მისტრალი რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად უბერავს და ძალიან დიდ სიჩქარეს, დაახლოებით 100 კმ/სთ-ს აღწევს. მისტრალი მეტად ძლიერი და ძირითადად ზამთრის თვეებისთვის დამახასიათებელი ქარია. იგი დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ზოგჯერ კი იმდენად ძლიერად ქრის, რომ ფესვებიანად გლეჯს ხეებს.

    ტრამონტანა ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ცივი ქარია, რომელიც იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში ქრის. იგი ძლიერი და მძაფრი ქარის — ბორას ნაირსახეობას წარმოადგენს. ეფექტებით ძლიერ წააგავს მისტრალს. ფრანგული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელი ფორმით სახელწოდება პირველად მარკო პოლომ დააკმიდრა 1298 წელს. სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან „ტრანსმონტანუსი“, რაც იტალიურად ტრამონტანას შეესაბამება.

    ბრიზი ფრანგული სიტყვაა და ნიავის ნიშნავს. იგი დღეღამური პერიოდულობის ქარია, რომელიც ზღვების, დიდი ტბებისა და წყალსაცავების სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა-გაცივების შედეგად წარმოიქმნება. ბრიზი დღე-ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით — გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ — ღამის ანუ ხმელეთის ბრიზი; დღის ბრიზი რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კმ-მდე სისქის ჰაერის ფენას მოიცავს. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ. ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. გრილ ბრიზს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრები ემიგარნტი ინგლისელები „ექიმს“ ეძახიან.

    უძველესი დროიდანაა შემჩნეული ქარის გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე. მთიან მხარეებში მცხოვრებლებზე დიდ გავლენას ახდენს მშრალი მძაფრი ქარი ფიონი, რომელიც მთებიდან ხეობებისაკენ ქრის. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად იმატებს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი. ფიონი ლათინური სიტყვიდან „ ფავონიუსი“ წარმოსდგება და „მშრალ ქარს“ ნიშნავს. დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ ფიონის დაწყებამდე და ქარის დროს ადამიანებს ეწყებათ თავის ტკივილი, უმიზეზო დეპრესია, შიშის შეგრძნება, უღონობა. უმწვავდებათ ქრონიკული დაავადებები, თუმცა ამ მოვლენის გამოწვევი მიზეზები ჯერაც არაა დადგენილი.

    უნდა აღინიშნოს, რომ უქარობა ასევე უარყოფითი და არასასურველი ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მრავალმილიონიანი მეგაპოლისებისთვის. რამდენიმე წლის წინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში დიდი ხნის განმავლობაში იყო სრული შტილი, რის გამოც ატმოსფეროში ისეთი დიდი რაოდენობით დაგროვდა მავნე ნივთიერებები, რომ ეკოლოგიურმა სიტუაციამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ადამიანები პირდაპირ ქუჩებში კარგავდნენ გონებას უჟანგბადობისა და მევნე ნივთიერებებისგან მოწამვლის გამო. მიუხედავდ იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი რიგი დიდი სამრეწველო საწარმოები დროებით გააჩერეს და ასევე დაწესდა შეზღუდვები ავტოტრანსპორტის გამოყენებაზე, სიტუაცია მაინც ვერ განიმუხტა და მხოლოდ ქარმა უშველა ქალაქს.

  • დაკითხვა

    დაკითხვა

    პოლიციის განყოფილებაში უცნობი მიიყვანეს, რომელიც ერთ-ერთ ბარში რეიდის დროს დააკავეს. დაკავებულს ავსტრალიის პასპორტი აღმოაჩნდა გეორგ დეზინგერის სახელით. დეზინგერის დაკითხვა გეორგ რაფს დაავალეს.

    – მითხარით დეზინგერ, როგორ მოხვდით ამ ბარში?

    – მე მხოლოდ ლუდის დასალევად შევედი. არ ვიცოდი, რომ ამ ბარში საეჭვო რეპუტაციის ხალხი იკრიბებოდა.

    – დიდი ხანია ცხოვრობთ ლოს-ანჯელესში?

    – არა, ცოტა ხანია რაც ჩამოვედი.

    – დეზინგრ, გაქვთ თქვენ აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება?

    – დიახ. მე მაქვს სტუმრის 3 თვიანი ვიზა. აქ ცემი ნათესავები ცხოვორბენ. საქმე იმაშია, რომ წარმოშობით დასავლეთ ავსტარლიიდან ვარ. არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენთან დიდი მიწისძვრა მოხდა, ჩემი სახლი დაინგრა და ამიტომაც ჩემს დასთან ჩამოვედი.

    – მაშასადამე აქ თქვენი და ცხოვრობს?

    – მთალდ ასე არაა. ჩემი და ახლა მექსიკაშია დასასვენებლად. მე კიდევ მის ბინაში ვცხოვრობ.

    – მის გარდა აქ სხვა არავინ გყავთ?

    – არა.

    – თქვენი პერსონა დიდ ეჭვს იწვევს ჩემში. მგონი თქვენ ის არ ხართ, როგორც გაგვეცანით.

    რამ შეაშფოთა ინსპექტორი გრაფი?

    პასუხი: ავსტრალიაში არ ხდება მწისძვრები.

  • მოგზაურობა ახალ ზელანდიაში

    მოგზაურობა ახალ ზელანდიაში

    ივლისის თვეში ინსპქეტორმა გეორგ რაფმა შვებულება აიღო და ცოლთან – კეიტთან ერთად დასასვენებლად ახალ ზელანდიაში გამგზავრება გადაწყვიტა.

    – რა რომანტიული შვებულება გვექნება – გაუხარდა ლეითს – ახალი ზელანდია ხომ დედამიწის კიდეში მდებარეობს. ჩვენ სანაპიროზე ვიცხოვრებთ და ყოველ დღე ვიბანავებთ ოკეანეში. ამბობენ, რომ ზელანდიაში ძალიან ცხელი ზაფხული იცის, ამიტომ გადავწყვიტე თან რამდენიმე საცურაო კოსტუმი და რუჯის მისაღები საცხი წამოვიღო.

    – ტყუილა მოგაქვს საცურაო კოსტუმები და საცხებიც. არ დაგჭირდება. ოკეანეში ვერ იბანავებ.

    – არაფერიც. აუცილებლად ყოველ დღე ვივლი საბანაოდ.

    – ეჭვი მეპარება.

    როგორ ახსნით რაფის ეჭვებს?

    პასუხი: ივლისის თვე ახალ ზელანდიაში ზამთრის თვეა. მართალია, კუნძულ-სახელმწიფოში ზამთარი რბილია, მაგრამ ოკეანეში ბანაობა მაინც შეუძლებელია, წყლის დაბალი ტემპერატურის გამო.

  • საერთაშორისო გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური ორგანიზაციები

    საერთაშორისო გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური ორგანიზაციები

    მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო გარემოდასცვითი და ეკოლოგიური ორგანიზაცია არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან ცნობილი და პოპულარულია. ასეთებია მაგალითად ველური ბუნების დაცვის ფონდი (WWF), გრინპისი, ბუნების კონსერვაციის კავშირი (IUCN) და სხვ. თუმცა მათ გვერდით ასეევ არსებობენ შედარებით არაცნობადი ორგანიზაციებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

    ჩარლზ დარვინის ფონდი (ინგ.Charles Darwin Foundation) გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც 1959 წელს დაარსდა იუნესკოსა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პატრონაჟის ქვეშ. ფონდის მიზანია გალაპაგოსის კუნძულების ეკოსისტემების შენარჩუნება. ფონდი ხელმძღვანელობს ჩრალზ დარვინის კვლევით სადგურს კ. სანტა-კრუსზე, სადაც მიმდინაროებს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და ორგანიზებულია გარემოსადცვითი სასწავლო კურსები. სადგურზე დაახლოებით 100 მკვლევართან ერთად ასევე მუშაობს მოხალისეები მთელი მსოფლიოდან. ორგანიზაციის საიტი: https://www.darwinfoundation.org/en/

    გლობალური ბუდე (ინგ. Global Nest) მეცნიერთა, ტექნოლოგთა, ინჟინრებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც გარემოს დაცვით ყველა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ასპექტებით მიმართულ პროექტებში მონაწილეობს, ასევე დაინტერესებულია იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი ინფორმაციის – თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიების, პოლიტიკის გავრცელების მხარდაჭერა და ტრანსფერი. ორგანიზაცია ასევე უშვებს ჟურნალს. ორგანიზაციის საიტი: https://www.gnest.org/

    ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება (ინგ. World Society for the Protection of Animals – WSPA) საერთაშორისო არაკომერციული ზოოდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყანაში მოქმედებს და 900-ზე მეტ ორგანიზაციას აერთინებს. WSPA-ს მთავარი ოფისი ლონდლნში მდებარეობს. მას ასევე აქვს 13 რეგიონალური ოფისი ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, კოლუმბიაში, კოსტა-რიკაში, დანიაში, გერმანიში, ნიდერლანდში, ახალ ზელანდიაში, ტანზანიაში, ტაილანდში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოება 1981 წელს შეიქმნა ცხოველთა დაცვითი ორი ორგანიზაციის – ცხოველთა დაცვის მსოფლიო ფედერაციის (WFPA, დაარსდა 1953 წ.) და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების (ISPA, დაარსდა 1959 წ). გაერთიანების შედეგად. ორგანიზაციის მიზანია შექმნას ისეთი მსოფლიო, სადაც ცხოველების ცხოვრების პირობები ფასეულია და მათი დაცვა უპირველესი ამოცანაა. WSPA- ს მისიაა ცხოველთა დაცვის გლობალური მოძრაობის შექმნა. მათ მიერ განხორციელებლ კამპანიებს შორის აღსანიშნავია დათვების დაცვის კამპანია, რომელიც 1992 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება. ორგანიზაცია ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ცხოველების მოვლა-პატრონობაზე. WSPA-ა ასევე კონსულტაციებს უწევს სახელმწიფოთა მთავრობებს და მოითხოვს ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ცხოველთა დაცვისკენ და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ორგანიზაციის საიტი: https://www.worldanimalprotection.org/

    ეკოლოგიური მარკირების საერთაშორისო ქსელი (ინგ. Global Ekolabelling Network – GEN) 36 ქვეყნის დამოუკიდებელი ორგანიზაციების ასოციაციაა, რომლებიც ეკოლოგიური მარკირების სისტემას ნერგავენ ნებაყოფლობითი საერთაშორისო სტანდარტის ISO 14024-ს შესაბამისად. GEN მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან. მისი ერთ-ერთი წევრია ევროკავშირის კომისია ეკოლოგიური სერთიფიცირებისა და მარკირების საკითხების მიმართულებით. ორგანიზაციის საიტი: https://globalecolabelling.net/

    გლობალური ეკოლოგიური ფონდი (ინგ. Global Environment Facility, GEF) დამოუკიდებელი საერთაშორიოსო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც თავის საქმიანობას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და მსოფლიო ბანკის საშუალებით ახორციელებს. გეფ-ი წარმაოდგენს ფონდს, რომელიც აფინანსებს პროექტებს დამატებითი თანხებით, რათა პროექტი ეკოლოგიურად მიმზიდველი გახდეს. ორგანიზაციის საიტი: https://www.thegef.org/

    საერთაშორისო მწვანე ჯვარი საერთაშორის ეკოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წელს რიოში (ბრაზილია) ჩატარებული „Earth Summit“-ის შემდეგ დაარსდა მ. გორბაჩოვის ინიციატივით. 1993 წლის 18 აპრილს ქ. კიოტოში ოფიციალურად გამოცხდდა საერთაშორისო მწვანე ჯვარის დაარსება. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაშია, ხოლო ფილიალები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანში, მათ შორისაა აშშ, ლათინური ამერიკის, დასავლეთ ად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, იაპონია, პაკისტანი და სხვ.

    ორგანიზაციის მიზანია ჩვენი პლანეტის მდგრადი და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიბების გატარება, მოსახლეობის ეკოლოგიური განათლება, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება გარემოზე ცივილიზაციის გავლენის შედეგებზე. მწვანე ჯვრის საქმიანობის სფეროებია: გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტების აღმოფხვრა და გადაწყვეტა; ეკოლოგიური კატასტროფების დროს დაშავებული და დაზარალებული ადამიანების დახმარება; იურიდიული და ეთიკური ნორმების შემუშავება, რომლებიც საფუძვლად დაედება და მოტივაციას გაუღვიძებს სახელმწიფოებსა და საზოგადოებას ეკოლოგიურად უსაფრთხო სამყაროს შექმნის პროცესში. ორგანიზაციის საიტი: https://www.gcint.org/

    მსოფლიო დაკვირვების ინსტიტუტი აშშ-ში, ვაშინგტონში მდებარეობს, ინსტიტუტის ძირითადი მიზანი და საქმიანობაა მთელი მსოფლიოს ფართო საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა გლობალური, მათ შორის ეკოლოგიური პრობლემები. ინსტიტუტი ასევე ყოველწლიურად გამოსცემს კრებულებს, მათ შორის ყველაზე ცნობილია „პლანეტის მდგომარეობა“, რომელშიც ასახულია დედამიწის მდგომარეობის ცვლილება. კრებული 30 ენაზე გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის საიტი: http://www.worldwatch.org/

    გარემოს ევროპული სააგენტოს (ინგ. European Environment Agency – ЕЕА) მიზანია ევროპის ქვეყნების უზრუნველყოფა გარემოს მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ინფორმაციით. ორგანიზაციის შტაბ-ბინა კოპენჰაგენშია (დანია) განთავსებული. გარემოს ევროპული სააგენტოს მასალები ძირითადი საინფორმაციო ბაზას წარმაოდგენს როგორც მთლიანად საზოგადოებისათვის, ისე მათთვის, ვინც ჩართულია ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარების, მიღების, გატარების და შეფასების პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების გზების დასახვა; ბიომრავალფეროვნების დაცვა; ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის დაცვა; ბუნებრივი რესურსებისა და ნარჩენების გამოყენება და მართვა. ორგანიზაციაში ევროპის 32 ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაციის საიტი: https://www.eea.europa.eu/

    კლუბი „სიერა“ (ინგ. Sierra Club) ამერიკული ბუნებისდაცვითი ორგანიზაციაა რომელიც 1802 წელს სან-ფრანნცისკოში დაარსდა ცნობილი ნატურასლიტისა და ბუნების დამცველის ჯინ მიურის მიერ. კლუბში ასობით ათასი ადამიანია გაწევრიანებული , რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ბუნების დაცვას ემსახურებიან. ორგანიზაციის საიტი: www.sierraclub.org

  • ისრაელი

    ისრაელი

    ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს, ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და საიდანაც ვრცელდებოდა სხვადასხვა კულტურა. ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებით და ცხოვრების წესით განსხავავებული რამდენიმე სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს, შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი აღსდგა. ამჟამად ქვეყნის აფრთობი 20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ სავალი გზაა.

    მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და, საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული. დღესდღეობით სანაპრიო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ამისთვის უწყლობასა და უნაყოფობასტან ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება და დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები.

    ისრაელის ჩრდილეოთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები მ.შ. მღვიმეები. ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე ნაკრძალების სამეფოდ აქცია: აქ ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახობების აღდეგინა და შენარჩულების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“ და ზოოლოგიური ნაკრძალი „ჰაიბარია“ შექმნილი. ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს.

    ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება. იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.

    ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მკვდარი ზღვის შეასხებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად მისი დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია. ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართვათან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა.

    ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ 70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისრაელელების ცხოვრების წესი განსხვავებულია თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან -სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში მსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვერბამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტარალური ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.

    ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით 81.5 წელი და ამ მაჩვენებლით უსწრებს აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს.

    ისრაელი ურბანიზებული ქვეყანა და მოსახლეობის 90 % ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს აქვს ქალაქის სტატუსი, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ. ისრაელის დასახლებებს შორის აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში 270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთი სალაროში, საიდან შემდეგ ხდება კომუნის წვერების უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება.

    ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი ქნესეთი. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.

    ქნესეთის შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი ასევე ებრაელმა არქტიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, როემლიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსასხსოვრა ისრელის სახლემწიფოს.

    ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, როემლსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება ორი ურჯი ზოლი გასდევს და ებრაელTა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდის – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სხელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.

    თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის. ისრაელში ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაში აისახა. მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ. ქვეყანა განახლებად რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. შენობების 90% მზის ენერგიაზე მუშაობს. ცალკე უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპაიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან 500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.

    ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქტიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

    და ბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისარელმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე მეგობრული და პარტნიორული კავშირებით აგრძელებს.

  • ქრისტეფორე კოლუმბი

    ქრისტეფორე კოლუმბი

  • ფრენსის დრეიკი

    ფრენსის დრეიკი

    ფრენსის დრეიკი ერთი უბრალო ფერმერის შვილი იყო. 12 წლის ფრენსისი იუნგად მოეწყო ხომალდზე, რომელიც მის შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა. 18 წლის ასაკში ის უკვე ამ გემის კაპიტანი იყო. 1567 წელს დრეიკის ხომალდმა მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში. მათ ხომალდების კოჰორტას თავს დაესხნენ ესპანელები და გემების დიდი ნაწილი ჩაძირეს. ათეულობით გემიდან მხოლოდ ორი გადარჩა და ერთი მათგანის კაპიტანი სწორედ დრეიკი იყო. ინგლისელებმა ესპანეთისაგან მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება, თუმცა ესპანეთის მეფემ ამაზე უარი განაცხადა. მაშინ დრეიკმა დაიფიცა, რომ თვითონ წაართმევდა ყველაფერს ესპანეთის მეფეს. მართლაც, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში.

    ელისაბედ I-ის მმართველობის ხანაში ინგლისი ესპანეთს ემტერებოდა. ელისაბედი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ დრეიკი ესპანურ გემებს ძირავდა და ძარცვავდა, რადგან იგი ამას „არაოფიციალურად“ აკეთებდა. დრეიკმა რამდენიმე წარმატებული ცურვა განახორციელა, რომელთა დროს სამხრეთ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთში ესპანეთის კოლონიებიდან განძეულს ეზიდებოდა. დრეიკი თითქმის არაფრით სჯობდა მეკობრეებს, მაგრამ სიმამაცის წყალობით ინგლისში სახელი გაითქვა.

    1577 წელს დრეიკი სამწლიან მოგზაურობას შეუდგა, რომელიც არა მხოლოდ კვლევას ისახავდა მიზნად, არამედ ძარცვასაც. მისი ხომალდი ”ოქროს ფურ-ირემი” ერთადერთი გემი იყო მთელი ფლოტიდან, რომელმაც მოგზაურობა დაასრულა, ხოლო დრეიკი პირველი ინგლისელი გახდა, ვინც მსოფლიოს გარს შემოუარა. სამშობლოში დაბრუნებული დრეიკი ელისაბედ I–მა ”ოქროს ფურირემის” გემბანზე რაინდად აკურთხა.

    დრეიკის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მარშრუტი

    1577 წელს ახალგაზრდა კაპიტანმა ამერიკის სანაპიროებისაკენ აიღო კურსი. ოფიციალური ვერსიით, მას უნდა აღმოეჩინა ახალი მიწები, თუმცა სინამდვილეში მოგზაურობის მიზანი გაცილებით პროზაული იყო – ოქრო. დრეიკს უბრალოდ შტორმი დაეხმარა მისი სახელობის სრუტის აღმოჩენაში. დრეიკის სახელი ეწოდა სრუტეს ყველაზე განიერ სრუტეს ანტარქტიდის კონტინენტსა და ცეცხლოვანი მიწის კუნძულებს შორის. მისი სახელობის ყურე ასევე არსებობს კალიფორნიაში.

  • უცნობი ფაქტები გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიიდან

    უცნობი ფაქტები გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიიდან

    ალბათ ბევრისთვის ცნობილია გეოგრაფიული აღმოჩენებისა და იმ მოგზაურების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი პლანეტის შეცნობისა და გამოკვლევის საქმეში. მათ შესახებ ბევრი რამე დაწერილა და ბევრი რამაა ცნობილი, მაგრამ არსებობს ზოგიერთი საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის. დღეს შევეცდები რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ მოგიყვეთ.

    1492 წელს ესპანელები ქრისტეფორე კოლუმბის მეთაურობით ამერიკის ერთ-ერთ კუნძულზე გადმოვიდნენ და მას იოანე ნათლისმცემელის პატივსაცემად სან-ხუანი უწოდეს. მალევე კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი ქ. პუერტო-რიკო („მდიდარი პორტი“) გახდა, მაგრამ შემდგომში კარტოგრაფებს შეეშალათ, კუნძულისა და ქალაქის სახელები ერთმანეთში აურიეს და რუკაზეც შეცდომით დაიტანეს. ამიტომაც დღეს კარიბის ზღვის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს პუერტო-რიკო ჰქვია, ხოლო მის დედაქალაქს – სან-ხუანი.

    1502 წელს უცნობ კუნძულზე გადმოსულმა კოლუმბის ექსპედიციამ ყურადღება მიაქცია ადგილობრივ ინდიელებს, რომლებიც ოქროს სამკაულებით იყვნენ მორთულ-მოკაზმული. მათ იფიქრეს, რომ ამ ადგილებში ოქროს საბადოები უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ესპანელებმა თავის აღმოჩენილ მიწას კოსტა-რიკა დაარქვეს, რაც „მდიდარ ნაპირს“ ნიშნავს. სინამდვილეში კი ეს ტერიტორია ძალიან ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით და მით უმეტეს, ოქროთი.

    ესპანელ კონკისტადორებს უკავშირდება ვენესუელას სახელიც. როდესაც ისინი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე მარაკაიბოს ტბას მიადგნენ, მათ იქ ინდიელების მიერ აგებული ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებული ქოხები იხილეს. იტალიელ ამერიგო ვესპუჩის, რომელიც თან ახლდა ესპანელებს, ამ სახლებმა მის სამშობლოში მდებარე ქალაქი ვენეცია გაახსენა და ამ დასახლებას „პატარა ვენეცია“ უწოდა, რაც იტალიურად გამოითქმის, როგორც ვენესუელა. დღეს ვენესუელა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოა.

    როცა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთმა მკვლევარმა ადგილობრივ ინდიელებს ჰკითხა, თუ რა გზით უნდა წასულიყვნენ, მათ მიმართულება მხოლოდ ერთი სიტყვით – „კანადა“ – აუხსნეს, რაც თარგმანში „სოფელს“ ნიშნავდა. მოგვიანებით სხვა მკვლევრები და მოგზაურები სიტყვა „კანადის“ ქვეშ ამ სოფლის გარშემო არსებულ რეგიონს მოიაზრებდნენ. 1867 წლიდან კი კანადა უკვე მთელი ქვეყანა იყო, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის სამფლობელოს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

    მე-16 საუკუნეში ჰოლანდიელთა ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი მოგზაური და ზღვაოსანი ვილემ ბარენცი მეთაურობდა, ორჯერ ცდილობდა ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე კარის ზღვაში გასვლას იუგორის სფეროს სრუტის გავლით. ექსპედიციამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან სრუტე ყინულებით იყო ჩახერგილი. მაშინ ბარენცმა გადაწყვიტა საოცნებო კარის ზღვაში მოსახვედრად კ. ახალი მიწისთვის ჩრდილოეთიდან შემოევლო. მოგზაურის მესამე მცდელობა, მიუხედავად დიდი ტანჯვა-წამებისა, წარმატებით დასრულდა. ექსპედიციამ კ. ახალი მიწის დასავლეთ სანაპიროს შემოუარა და 1596 წლის 19 აგვისტოს ბოლოს და ბოლოს მიაღწია ადგილს, სადაც კუნძულის სანაპირო ხაზი მკვეთრად უხვევდა აღმოსავლეთ მიმართულებით. ამ სასურველ წერტილს, რომლისკენაც იმ დროის ბევრი პოლარული ექსპედიცია მიილტვოდა, ბარენცმა სურვილების კონცხი უწოდა.

    ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის, მდებარეობს ვუკლანური წარმოშობის დაუსახლებელი კუნძული ამაღლება. იგი პირველად 1501 წელს პორტუგალიელმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა, მაგრამ მისი არანაირი აღწერა მას არ გაუკეთებია. 1503 წელს ამაღლების დღეს კუნძული ხელმეორედ აღმოაჩინა მეზღვაურმა ალფონსო დე ალბუკერკემ, რომელმაც მას იმ დღის პატივსაცემად ამაღლება დაარქვა და რომელსაც ის დღემდე ატარებს. კუნძულის სიმშრალისა და უნაყოფობის გამო, ის ნაკლებად აინტერესებდათ ოსტინდური გემების მეზღვაურებს. 1815 წელს ინგლისელებმა ეს კუნძული მიისაკუთრეს და სამხედრო გარნიზონი დააარსეს, მაგრამ სახელმწიფო ხაზინაში მათ შესანახად საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მაშინ აქაურმა მცხოვრებლებმა კუნძულს სახელი გადაარქვეს და „მისი უდიდებულესობის გემი ამაღლება, რომელიც რეიდზე დგას“ უწოდეს, ხოლო გარნიზონის მცხოვრებლებმა თავი მატროსებად გამოაცხადეს. რადგან ფლოტის შესანახ თანხებს ინგლისი არასდროს იშურებდა, კუნძულის შესანახი ფულიც მაშინვე გამოინახა. კუნძული ამაღლება დღესაც ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიების შემადგენლობაშია, ხოლო კუნძულის მოსახლეობა, სულ 710 კაცი – სამხედროები არიან.

    ფრანგი ორელი-ანტუან დე ტუნანი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ოცნებობდა თავგადასავლებსა და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე. უფრო მეტიც, მას რომელიმე ასეთი ქვეყნის მეფობაც კი სურდა. ტუნანმა განათლების მიღების შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ადვოკატად დაიწყო მუშაობა, თუმცა უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე და გულმოდგინედ ემზადებოდა გეგმების განსახორციელებლად. სპონსორების მოძებნის შემდეგ დე ტუნანი ორ მეგობართან ერთად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და იმ ტერიტორიებს მიადგა, სადაც ინდიელი ტომები არაუკანები ცხოვრობდნენ. ფორმალურად ეს ტერიტორიები ჩილეს საკუთრება იყო, მაგრამ ინდიელები არ ნებდებოდნენ და გამალებით ებრძოდნენ კოლონიზატორებს. ფრანგმა ავანტიურისტმა თავისი მჭერმეტყველებით გავლენა იქონია ინდიელებზე და ისინი ახალი სახელმწიფოს – არაუკანიის შექმნაზე დაიყოლია, რომელიც მდინარე ბიო-ბიოს სამხრეთით მდებარეობდა. დე ტუნანმა ამ ახლად „გამომცხვარი“ ქვეყნის მეფედ გამოაცხადა თავი, მის მართვას შეუდგა ანტუან I-ის სახელით და ომიც კი გამოუცხადა ჩილეს. საბოლოო ჯამში ომში არაუკანელები დამარცხდნენ, ხოლო ანტუან I, ანუ იგივე დე ტუნანი დააპატიმრეს და უკან საფრანგეთში გაამგზავრეს.

    1966 წელს ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა მაიორმა ჰედი როი ბეითსმა სიმბოლურად დაიკავა და დაეუფლა მიტოვებულ სამხედრო პლატფორმას რაფს-ტაუერს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ მდებარეობდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აგებული. 1967 წელს ბეითსმა ახალი სუვერენული სახელმწიფოს სილენდის სამთავროს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო საკუთარი თავი ამ ქვეყნის მთავრად როე I-ად გამოაცხადა.

    ორი წლის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლება პლატფორმის დაკავებას შეეცადა, მაგრამ როცა პლატფორმასთან საპატრულო კატარღები მიცურდნენ სილენდის მთავრის ოჯახმა გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის, წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. 1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნებოდა ბრიტანეთის იურისდიქციას. ამჟამად სილენდს აქვს თავისი დროშა, გერბი, კონსტიტუცია, ფული, საფოსტო მარკა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, როგორც სუვერენული სახელმწიფო. პრინცი როი ბეითსის გარდაცვალების შემდეგ სილენდის მთავრის ადგილი მისმა შვილმა მიშელ ბეითსმა დაიკავა, რომელიც მამის დაწყებულ საქმეს ერთგულად აგრძელებს.

  • რა არის მწვანე ეკონომიკა?

    რა არის მწვანე ეკონომიკა?

    უკანასკნელ ხანს დამკვიდრდა და უკვე აქტიურად გამოიყენება ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“. რა არის ეს? რისთვისაა საჭირო და რატომაა მწვანე? რატომ აღარ გვჭირდება ტრადიციული ეკონომიკა ან რა ფერისაა იგი?
    ახალი, ე.წ. მწვანე ეკონომიკის შექმნის მიზეზების ძებნა დიდხანს არ მოგიწევთ. ამისთვის საკმარისია, ფანჯრიდან გადაიხედოთ – შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად დაინახავთ, რომ, მაგალითად, ქალაქი, სადაც ცხოვრობთ, სმოგში – სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვშია გახვეული.
    თითქმის ჩვენს თვალწინ შეიცვალა კლიმატი, რომელზეც მოქმედებს სამრეწველო ნარჩენები; წყლისა და მიწის რესურსები ჭუჭყიანდება და იწურება; მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენდა, მრავალიც გადაშენების პირასაა; გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამრავლება და გახშირება კი პირდაპირ და ერთმნიშვნალოვნად მიგვანიშნებს, რომ არსებულმა ეკონომიკამ კაცობრიობისა და პლანეტის ურთიერთდამოკიდებულება კრიზისამდე მიიყვანა. მისი დამსახურებით ადამიანები თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო გარემოს.

    რაში მდგომარეობს მწვანე ეკონომიკის არსი?
    მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს (გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამა, 2010 წელი). მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება.
    მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორებს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. პირიქით, ცდილობს, იპოვოს ეკონომიკური გადაწყვეტილების დადებითი და შედეგიანი ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორია არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესი, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას.
    მწვანე ეკონომიკის თეორია სამ ძირითად აქსიომას ემყარება:
    ● შეუძლებელია გავლენის სფეროების უსაზღვრო გაფართოება შეზღუდულ სივრცეში;
    ● შეუძლებელია მუდმივად მზრადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება განსაზღვრული რაოდენობის რესურსების არსებობის პირობებში;
    ● ყველაფერი, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებობს, მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

    მწვანე ეკონომიკის პრინციპებია:
    ● სამართლიანობა და ობიექტურობა, როგორც ერთი თაობის ფარგლებში, ისე თაობათა შორის;
    ● მდგრადი განვითარების პრინციპებებთან თანხვედრა;
    ● პრევენციული მიდგომა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მიმართ;
    ● ბუნებრივი და სოციალური კაპიტალის შეფასება, მაგ., საგარეო ხარჯების ინტერნაციონალიზაცია;
    ● რესურსების მდგრადი და ეფექტური გამოყენება, მოხმარება და წარმოება;
    ● „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ზრდა.

    რას მოიცავს მწვანე ეკონომიკა?
    ექსპერტთა აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს. ესენია:
    1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, ზღვის, მათ შორის – ტალღებისა და მიქცევა-მოქცევის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
    2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);
    3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები);
    4. წყლის მენეჯმენტი (წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
    5. ნარჩენების მენეჯმენტი (ნარჩენების მართვა, უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
    6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

    მწვანე ეკონომიკის განხორციელების წარმატებული მაგალითები განვითარებად ქვეყნებში:
    ● ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა ინდოეთში. ინდოეთის ურბანული განვითარების სამინისტრო ახორციელებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამიზნულია ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის.
    ● ტყეების მართვა ნეპალში. ნეპალის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყეებს უკავია. ქვეყანაში შექმნილია სატყეო მეურნეობის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მართავს და თვალყურს ადევნებს სატყეო რესურსებს.
    ● მზის ენერგია ტუნისში. გაზისა და ნავთობის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შესამცირებლად ტუნისის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. შეიქმნა ენერგიის მართვის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარ მიზანს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შემუშავება და ეფექტურობის ზრდა წარმოადგენს.
    ● განახლებადი ენერგია ჩინეთში. ჩინეთში წარმატებით ხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება. ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის ძირითადი ენერგიის დაახლოებით 16%-ს განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს.
    ● ორგანული სოფლის მეურნეობა უგანდასა და კუბაში. უგანდაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანული ფერმერული მეურნეობით ჩასანაცვლებლად, რაც ძალზე მომგებიანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსთვისაც. ორგანული სოფლის მეურნეობა ერთიანი წარმოების ისეთი მართვის სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს და ზრდის ეკოსისტემის სიჯანსაღეს, რაც მოიცავს ბიომრავალფეროვნებას, ბიოციკლებსა და ბიოლოგიურ აქტიურობას. ის უარყოფს სინთეტიკური მასალების: შხამქიმიკატების, პესტიციდებისა და სასუქების – გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ უგანდა მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ სასუქს მოიხმარს.
    ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის არსებული ემბარგოს შედეგად კუბაში ნავთობის, პესტიციტებისა და სასუქების ნაკლებობაა, ამიტომ მეურნეობები თავად ზრუნავენ საკუთარ პროდუქციაზე და ბევრად უფრო „მწვანე“ მეურნეობას ეწევიან.

    რეალობა და პერსპექტივები
    მწვანე ეკონომიკა აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და ამ პროცესში თითქმის ყველა ქვეყანა ერთვება. 2009 წელს მარტო კვლევისა და განვითარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ევროკავშირმა 300%-ით გაზარდა. ჩინეთმა 2010 წელს 34 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად. შესაბამისად, გაუსწრო აშშ-ს და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა განახლებად ენერგოტექნოლოგიურ დარგებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით. ხუთეულში ასევე შედიან დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბრაზილია.
    როგორც არსებული ტენდენციები ვგიჩვენებს, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აქტიურად ნერგავს მწვანე ეკონომიკას, რადგან ის 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობაა. ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობა მუდმივად იზრდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოცულობა იგივე რჩება და უფრო მეტიც – მცირდება კიდეც, დღეს მწვანე ეკონომიკის განხორციელება ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.