• სუეცის არხის ისტორია

    სუეცის არხის ისტორია

    სუეცის არხი  სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით, 163 კმ სიგრძისა და მის ყველაზე ვიწრო ყელთან, 300 მ სიგანის სანაოსნო არხია ეგვიპტეში. მის ერთ ბოლოში ხმელთაშუა ზღვის  სანაპიროსთან მდებარეობს პორტ-საიდი, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე – სუეცი (ალ-სუვაის).

    არხი ორმხრივ, ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით.

    არხის 1869 წელს გახსნამდე, საქონელი ხშირად გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის.

    არხი ორი ნაწილისგან შედგება – დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.

    სუეცის არხი რუკაზე

    მეტად საინტერესოა  ორი ზღვის გაერთიანების ამბავი. იმ დღეებში ეგვიპტე გრანდიოზულ ზეიმს მასპინძლობდა – ისეთს, რომლის მსგავსი არავის ახსოვდა. 6000 სტუმარს შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები: საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოსიფ I, ჰოლანდიის პრინცი და პრინცესა, პრუსიის უფლისწული…

    ეგვიპტეს არც ევროპისა და სხვა კონტინენტების სამეფო ოჯახთა წარმომადგენლებისა თუ დიდგვაროვნების ასეთი სტუმრიანობა ახსოვდა, მათ ნება-სურვილებს კი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში 500 მზარეული და 1000-მდე ხელზე მოსამსახურე ასრულებდა.

    პორტ-საიდში გამართული ეს საარაკო ზეიმი, რომელიც სუეცის არხის გახსნას მიეძღვნა, ეგვიპტის ვიცე-მეფე იზმაილ ფაშას 28 მილიონი ოქროს ფრანკი დაუჯდა.

    მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბუნებრივი სტიქია მოთოკეს და ამ არხით ხმელთაშუა ზღვა წითელს დაუკავშირეს, თითქმის  საუკუნე ნახევარი გასულა, რასაც მისი გახსნის დღეს, 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ  გაიხსენებენ. ამიტომ ჩვენც გავიხსენოთ მსოფლიოს ამ საოცრების შექმნის ისტორია, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ფიქრობდნენ. მსგავსი გეგმა იმ დროს ეგვიპტის მეფე ნეხოსაც ჰქონდა და მისი განხორციელება სცადა კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა ამ საწყლოსნო გზის გაყვანას 120 000 მონა შეეწირა, ოცნებაზე ხელი აიღო. შემდეგ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის მიჯნაზე, როცა ეგვიპტე სპარსელებმა დაიპყრეს, მომხდურთა მეფე დარიუს პირველმა არხის გასაყვანად მუშაობა განაახლა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, რაც ნილოსის სანაპიროზე გრანიტის სტელების აღმართვითა და მასზე სათანადო წარწერებიანი ფილებითაც აღნიშნა.

    ამ არხის თაობაზე მოგვითხრობს იმ დროის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს არხი ხმელთაშუა ზღვას წითელთან აერთებდა და მის გავლას ხომალდები ოთხ დღეს ანდომებდნენო. “ისტორიის მამა” არხის სიგანეზეც მიუთითებს. ამბობს, რომ იმდენად განიერი იყო, რომ მასში სამ-სამ ნიჩბიან ორ ნავს გვერდიგვერდ ცურვა შეეძლოთო.

    ვარაუდობენ, რომ დარიუსის არხი ნილოსის აღმოსავლეთით გადიოდა და დღევანდელის მსგავსად, ისიც ტბას კვეთდა. მერე ეგვიპტეში რომაელები მოვიდნენ და მათ ეს არხი უფრო სრულყვეს, მაგრამ ბოლოს იგი ქვიშით ამოივსო, მომდევნო თაობებმა კი არხის ხელახლა გაჭრა ვეღარ გაბედეს, თუმცა გეგმები კი ჰქონდათ. ამ არხის გაჭრაზე გეგმებს ამუშავებდნენ ვენეციური სახელმწიფოს ხანაში, ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს და ნაპოლეონ ბონაპარტეს ბატონობისას.

    ნაპოლეონის ინჟინერთა პროექტში არხის მრავლად დარაბვა შეიტანეს, რადგან ფრანგი მკვლევარების გაანგარიშებით, წითელი ზღვის დონე ხმელთაშუა ზღვისას 10 მეტრით აღემატებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ინჟინრები ცდებოდნენ და არავითარი სხვაობა არ იყო, მაგრამ ამის მერე კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა არხის გაჭრა ვერავინ გაბედა.

    და აი, დარიუსის მერე, ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ფერდინანდ ლესეპსი, რომელმაც სუეცის არხის გაჭრის იდეა კვლავ წამოჭრა. ფერდინანდ ლესეპსი, რომელიც შესანიშნავი კვალიფიკაციის ჟურნალისტი იყო, 1831-დან 1838 წლებში კაიროში საფრანგეთის კონსულად მუშაობდა და ამის წყალობით კარგად იცნობდა ეგვიპტის ვიცე-მეფე მოჰამედ საიდ-ფაშას (იმ დროს ეგვიპტე ოსმანთა იმპერიის ნაწილი იყო). ლესეპსმა საიდ-ფაშა შეაგულიანა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1854 წელს მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიიღო. იმავე წელს ლესეპსმა ამ საქმისთვის თურქეთის სულთანისგან ფირმანის რატიფიკაცია მიიღო, მაგრამ ამ ფრანგმა პარიზში კომპანიის დაარსება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო, ფრანგ აქციონერთა გუნდიც მიიზიდა და ბოლოს ავსტრიელ ინჟინერ ალოის ნეგრელის გეგმით არხის გაჭრაც დაიწყო, თუმცა ამ საქმეს ბრიტანელები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ, ხელს უშლიდნენ და ათას ხრიკს მიმართავდნენ. ირწმუნებოდნენ, ეს საქმე უდიდესი ავანტიურაა, ამ პროექტის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, მეტისმეტად ძვირი და არარენტაბელურიაო. ამიტომაც არცერთი აქცია არ უყიდიათ. ბრიტანელები შიშობდნენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეგვიპტე თურქეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლდება, ჩვენ კი ინდოეთზე ბატონობა შეგვისუსტდება და სულაც დავკარგავთო. არადა, სუეცის არხის გაჭრით ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ ისინი რჩებოდნენ, რადგან ინდოეთისკენ გზას ლონდონიდან ბომბეამდე მთელი 7343 კილომეტრით იმოკლებდნენ.

    ასე იყო თუ ისე, ბრიტანელები ლესეპსის მონდომებას წინ ვერ აღუდგნენ, მით უმეტეს, რომ ამ ფრანგის იდეას ნაპოლეონ III და საიდ-ფაშა, შემდგომ (1863 წლიდან) კი მისი მემკვიდრე იზმაილ-ფაშაც მფარველობდნენ.

    ბრიტანელები ერთ რამეში მართლაც მართლები იყვნენ – არხის გაჭრა ტექნიკურად უდიდეს სირთულეებს წააწყდა. თავდაპირველად ნავარაუდევი ექვსი წლის ნაცვლად მშენებლობა თერთმეტ წელიწადს გაგრძელდა, ხარჯები კი უზომოდ გაიზარდა. მუშები, რომლებიც პირველ ხანებში კატორღელები და ეგვიპტელი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ, მხურვალე მზის ქვეშ ირჯებოდნენ ქვიშიან უდაბნოში, სადაც მტკნარი წყალი სრულიად არ მოიპოვებოდა. პირველ ხანებში 25000 მუშისთვის სასმელ წყალს 1600-მდე აქლემით ეზიდებოდნენ, მაგრამ 1863 წლისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრა. იმ დროისთვის ნილოსიდან მტკნარი წყლის არხი გაიყვანეს, რომელიც დაახლოებით იმავე გზით მიემართებოდა, როგორითაც უძველესი არხები, რომელთა ნარჩენები ზოგან გამოიყენეს კიდეც, თუმცა ისინი ნაოსნობისთვის არ იყო გათვალისწინებული. ამ არხის სიგანე, რომელიც სუეცის არხის საპროექტო მარშრუტის სიახლოვეს გაყოლებაზე მიემართებოდა, წყლის ზედაპირზე სიგანეში 17, ხოლო ფსკერზე 8 მეტრს აღწევდა, სიღრმე კი საშუალოდ 2 მეტრზე ცოტა მეტი იყო, ზოგან – გაცილებით ნაკლები. ამ არხის გაჭრამ საქმე შეამსუბუქა, მით უმეტეს, რომ მის გაყოლებაზე მუშათა ბანაკები ჩარიგდა, თუმცა მათ შორის სიკვდილიანობა მაინც მეტად დიდი დარჩა. მოგვიანებით სამუშაო მექანიზებული გახდა, ამან კი საქმე იმდენად შეამსუბუქა, რომ მშენებლობამ ევპროპელი მუშახელიც მიიზიდა. ბოლოს არხის მშენებლობაზე მუშათა რაოდენობამ 40000 მიაღწია.

    ასე იყო თუ ისე, ფერდინანდ ლესეპსის მონდომებამ, რომელიც ბრწყინვალე მენეჯერიც აღმოჩნდა და სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ნაყოფი გამოიღო და 1869 წლის 17 ნოემბერს არხი გემებისთვის გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის აღებულმა საგარეო ვალებმა ისმაილ ფაშა, რომელმაც საიდ ფაშა შეცვალა, იჯულებული გახადა არხში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ გაეყიდა.

    ამ არხმა, რომელიც დღემდე უდიდესია (სიგრძე – 163 კილომეტრი, სიგანე – 200 მეტრი, მინიმალური სიღრმე – 15 მეტრი), უმალ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო ვაჭრობაში და გარსაქვეყნო მოგზაურობაც, რომელიც მანამდე მხოლოდ მთელი აფრიკის შემოვლით იყო შესაძლებელი, დროშიც რეკორდულად შეამცირა. არხის გაჭრამ სრულიად არაფრისგან წარმოშვა საპორტო ქალაქი პორტსაიდი. არხმა სამუშაოების დასრულებამდე ექვსი თვით ადრე განაპირობა პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის გაყვანაც.

    1980 წელს ამ არხმა განაპირობა კიდევ ერთი საინჟინრო საოცრების დაბადება – მისი ფსკერის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, რომელმაც სინა კონტინენტურ აფრიკას დაუკავშირა. ტექნიკურ სრლუყოფილებასთან ერთად ამ გვირაბმა ყურადღება თავისი მონუმენტურობითაც მიიპყრო, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც მიიღო და ახლა იგი ეგვიპტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც სამართლიანად ითვლება.

    სუეცის არხს დაუკავშირდა კიდევ ერთი საინჟინრო ქმნილების დაბადება, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი (70 მეტრი) დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელმაც 2001 წელს ერთმანეთს დაუკავშირა ორი ქალაქი – პორტ-საიდი და ისმაილი.

    ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად სუეცის არხმა არაერთი უბედურებაც მოიტანა. ამ არხმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში.

    სუეცის არხს ახსოვს ომებიც. პირველად ეს განაპირობა ეგვიპტის საბჭოთა კავშირისგან იარაღის შეძენის სურვილმა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასუანის კაშხალის მშენებლობისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰამალ აბდელ ნასერმა არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის პასუხად იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ჯარები შეიჭრნენ, რაც ერთკვირიანი ომით, არხის ნაწილობრივი დანგრევით, გემების ჩაძირვით, სხვა ზარალით, მსხვერპლით და ხომალდების ერთწლიანი მიმოსვლის შეწყვეტით დასრულდა.

    1967 წელს ისრაელისა და არაბული ქვეყნების ერთკვირიანი ომის გამო სუეცის არხზე ნაოსნობა კვლავ შეწყდა. ამ ქვეყნებს შორის 1973 წელს ატეხილმა ომმა კვლავ ორი წლით შეაჩერა ნაოსნობა, მისი განაღმვის შემდეგ კი არხის რეკონსტრუქციაც ჩატარდა…

    და მაინც, სუეცის არხის ამ საიუბილეო დღეებში, ალბათ უფრო მეტად გაიხსენებენ იმ უდიდეს სიკეთეს, რომელიც მის გახსნას მოჰყვა. ალბათ გაიხსენებენ მსოფლიოს კულტურული საგანძურის გამდიდრებასაც, რაც არხის გახსნის საზეიმო ცერემონიალმა განაპირობა.

    საქმე ის იყო, რომ იმ დღისთვის ჯუზეპე ვერდის ახალი ოპერის შექმნა დაუკვეთეს. ასე შეიქმნა “აიდა”, რომლის პრემიერასაც სუეცის არხის გახსნის საზეიმო დღე უნდა დაემშვენებინა. მართალია, კომპოზიტორმა დაკვეთის შესრულება ვერ მოასწრო, მაგრამ მაინც დაიბადა “აიდა”, რომლის პრემიერაც კაიროში 1871 წელს გაიმართა.

  • სად არის ჩარლის წერტილი?

    სად არის ჩარლის წერტილი?

    ჩ.გ. 52 და დ.გ. 38 გრადუსზე ატლანტის ოკეანეში არის  ”ჩარლის” წერტილი,  სადაც 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობენ ე.წ. ამინდის გემები და ამ გემენზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარები. ამ წერტილის ადგილმდებარეობა განსაზღვრა ამინდის საერთაშორისო სამსახურმისა და მეზღვაურების დახმარებით მოხდა. სწორედ ამ წერტილიში ხვდება ერთმანეთს თბილი და ცივი დინება, წარმოიქმნება ციკლონები და ანტიციკლონები, ფორმირდება შტორმები და გრიგალები.

    ამიტომ. ამინდის მოულოდნელი ცვლილებებით გამოწვეული შედეგების თავიდან ასაცილებლად, ამ ადგილას მეტეოსადგური მოეწყო. მეტეოროლოგები და სინოპტიკოსები ჩარლის წერტილიდან გადასცემენ ცნობებს ამინდის მდგომარეობის შესახებ.

    ოკეანეში, 2 კმ-ის სიღრმეზე ჩაშვებულ ბაგირზე დამაგრებულია ხელსაწყოები, რომლებიც ოკეანოლოგებს აწვდიან ცნობებს დინებების მიმართულებასა და სიჩქარის, ოკეანის წყლის ტემპერატურის, მარილიანობისა და წყლის ქიმიური შედგენილობის შესახებ.

    რადიოზონდები და მეტეორაკეტები კი, რომლებსაც გემებიდან ჰაერში უშვებენ, აეროლოგებს აწვდიან ინფორმაციას ატმოსფეროს ტენიანობის, ტემპერატურისა და ქარის მიმართულების შესახებ.

    ჩარლის წერტილიდან ცნობები ამინდის საერთაშორისო სადგურებში – ნიუ-იორკში, მელბურნსა და მოსკოვში იგზავნება, ხოლო უკვე დამუშავებული ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთებში, გადაიცემა რადიო-ტელევიზიით და ხელმისწავდომია მოსახლეობისთვის.

  • აისბერგების  “მოგზაურობა”

    აისბერგების “მოგზაურობა”

     ატლანტის ოკეანეში ასობით აისბერგი დრეიფობს  ჩრდილოეთიდან   სამხრეთისაკენ. ”მოგზაური”  ყინულის გოლიათების საიდუმლო დღესაც არ არის ამოხსნილი.

    კაცობრიობა საუკუნეთა მანძილზე ჯეროვნად ვერ აფასებდა საფრთხეს, რომელსაც ეს ყინულის მთები უქმნიან ზღვაოსნებს. მაგრამ 1912 წლის 15 აპრილის კატასტროფამ, როცა ლაინერი ”ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და 1500 კაცი დაიღუპა, საზღვაო სახელმწიფოები აიძულა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ ამ სფეროში. ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვდა საკმაოდ ზუსტი მონაცემები ყინულის გოლიათების მოძრაობის შესახებ.

    ყოველწლიურად 7500-მდე აისბერგი გრენლანდიის დასავლეთ ნაპირიდან შორეულ მოგზაურობას იწყებს ოკეანის უკიდეგანო სივრცეში. მათგან საშუალოდ 380 აღწევს კუნძულ ნიუფაუნდლენდს, ე.ი. 48 გრადუსიან განედს. დაახლოებით 35-40  კი უფრო ქვემოთაც ეშვება.  შეიძლება ითქვას, რეკორდული აღმოჩნდა 1929 წელი, როდესაც ოკეანის საერთაშორისო სამომსახურეო დაცვას ხომალდებმა და სხვა გემებმა 48 გრადუსიანი  განედის სამხრეთით 1351 აისბერგი აღნიშნეს.

    ამერიკელი სპეციალისტი რობერტ კლასბიუ ირწმუნება, რომ აისბერგს არ უნდა ენდო, ერთ დღეში მას შეუძლია გაცუროს სამხრეთისაკენ რვა კილომეტრი, მეორე დღეს კი მთელი თექვსმეტი კილომეტრი. მათი ”მოგზაურობისას”  მნიშვნელოვან როლს ზღვის დინებები და ქარები ასრულებენ. რაც უფრო ”აფრებგაშლილია” ყინულის მთა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს იგი. ამასთან, აისბერგები ყოვლად უცნაურად მოძრაობენ. 1907 წელს ერთმა, ჩრდილოეთიდან წამოსულმა აისბერგმა თავისი გზა ბერმუდის კუნძულებთან დაასრულა და მას 2500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. სინამდვილეში მან უფრო მეტი გაიარა, რადგან ზღვის დინებები და ქარები მის გადაადგილებას განუწყვეტლივ უცვლიდნენ კურსს. კიდევ უფრო საოცარი გზა განვლო სამხრეთისაკენ მეორე ყინულის გოლიათმა. მან არსებობა შეწყვიტა 1926 წელს – ბერმუდის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 300 კილომეტრზე, ე.ი. დაახლოებით იმავე განედებზე, სადაც ფლორიდა ან კანარის კუნძულები მდებარეობს. 1886 წელს ”მოხეტიალე” ყინული ლა-მანშის დასავლეთით, ერთი დღის სავალზე აღმოაჩინეს. როგორ დააღწია მან თავი გოლფსტრემის დინებას და როგორ გადასერა ატლანტის ოკეანე? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის.

    მეცნიერები ვარაუდობენ,  რომ ცალკეული ყინულის მთების სიცოცხლე სამ წელიწადს გრძელდება.

    აისბერგი არქტიკა ანტარქტიკა

    ანტარქტიდის შელფური ყინულებისაგან წარმოქმნილი აისბერგის მასა უდრის 1,5 ტრილიონ ტონას, ხოლო არქტიკაში წარმოქმნილი აისებრგის მასა კი – 250 მილიარდი ტონის ტოლია. აისბერგებს შორის უდიდესი შენიშნეს ყინულმჭრელი `გლეტჩერიდან~ 1956 წლის 12 ნოემბერს. იგი 385 კმ სიგრძისაა და 111 კმ სიგანის იყო, ხოლო მისი ფართობი თითქმის 31 ათასი კვ.კმ-ს აღწევდა.

    აისბერგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, მათი გადაადგილების სიჩქარე ოკეანურ დინებებზეა დამოკიდებული.

    მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ აისბერგის 1/7 წყლის ზევითაა. ცნობილია, რომ ზოგიერთი აისბერგი დიდი ზომისაა. მაგალითად, აისბერგი-გიგანტი, რომელსაც 1999 წ. აშშ მეცნიერები აკვირდებოდნენ, ზომით 38-48 კმ სიგრძის, 8-იანის ფორმისა და ბეტონის სიმკვრივის ყოფილა. იგი საათში 16 კმ-ის სიჩქარით მოძრაობდა ჩილესა და არგენტინის მიმართულებით. არის აისბერგები, რომელთა სიგრძე 150 კმ-ზე მეტია, სიგანე ორჯერ უფრო ნაკლები, წყლის დონის ზევით სიმაღლე 100 მ-ს აღწევს. ასეთი აისბერგის დიდი ნაწილი წყალქვეშაა. თუ აისბერგის ხილული ნაწილი ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა ნაწილი დინებას ემორჩილება ე.ი. დინება ისეთი ძლიერია, რომ გოლიათს მიაცურებს. აისბერგის მოძრაობის მიხედვით შეიძლება წყალქვეშა დინებების მოძრაობის დადგენა.

  • ორინოკოს სათავის აღმოჩენა

    ორინოკოს სათავის აღმოჩენა

    ორინოკო — სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უგრძესი მდინარეა (სიგრძე 2,140 კმ). მისი აუზის ფართობი 880 000 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 76,3% ვენესუელის ტერიტორიაზე მდებარეობს, დანარჩენი კი კოლუმბიის. ორინოკო და მისი შენაკადები, ვენესუელის აღმოსავლეთ და შიდა რეგიონების მთავარ სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს.

    როგორ საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მდინარე ორინოკოს ნაპირებზე ჩნდებოდა ქალაქები და სოფლები, მთავარ მდინარეზე და მის შენაკადებზე დაცურავდნენ გემები, მაგრამ არ იყო აღმოჩენილი მდინარის სათავე.

    მდინარის სათავე 1951 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთ-ვენესუელის ექსპედიციამ აღმოაჩინა. ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული ექსპედიცია თვითმფრინავით  სათავიდან 300 კმ დაშორებულ ადგილზე ჩაიყვანეს. აქედან დაიწყო ექსპედიციამ მდინარის სათავისკენ რთული გზა, 240 კმ გადალახვას სამი თვე დასჭირდა,   ნავით გასვლა ყველგან შეუძლებელი იყო, ამიტომ  გაუვალ ჯუნგლებში წყალმარჩხ ადგილებში ექსპედიციის მონაწილეებს ფეხით უხდებოდა სიარული. ბოლო 60 კმ გავლას 34 დღე დასჭირდა.  27 ნოემბერს ნანატრი დღე დადგა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ზალპის ქვეშ აღმართა საფრანგეთისა და ვენესუელის დროშები ჭაობის განაპირა ბორცვზე, იმ ადგილას, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ორინოკო.

    მდინარე სათავეს იღებს ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე, კერო-დელგადო-ჩალბაუდის მთიდან, ზღვის დონიდან 1 047 მეტრზე.

    ორინოკოს შესართავი ატლანტის ოკეანესთან, მესამე მოგზაურობისას 1498 წელს, აღწერა ქრისტეფორე კოლუმბმა. 1800 წელს, მდინარის აუზს იკვლევდა ალექსანდერ ჰუმბოლდტი, რომელმაც შემდგომ აქაური ფლორისა და ფაუნის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა ამ ტერიტორიაზე მდინარის ვარდისფერი დელფინების არსებობას.

  • რა არის სილენდი?

    რა არის სილენდი?

    სილენდი — არაღიარებული ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში,  ყოფილ თავდაცვით პლატფორმა – რაფს-ტაუერზე მდებარეობს და ბრიტანეთის სანაპიროდან  10 კილომეტრითაა  დაშორებული.

    მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში თავდაცვითი პლატფორმები ააგეს. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. ღოუგჰს თოწერ). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

    1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი და მასზე გასართობი პარკის მოწუობა გადაწყვიტეს. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი ადგილის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

    როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Bრიტაინ’ს Bეტტერ Mუსიც შტატიონ”.

    1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი მეფედ – როი I-ად გამოაცხადა. ეს დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული.

    1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

    1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

  • გაუჩო და არგენტინის პამპა

    გაუჩო და არგენტინის პამპა

    პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის,  სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.

    დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.

    მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?

    XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.

    კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ.  გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.

    გაუჩო  არგენტინა  პამპა

    XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.

    ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.

  • ესკიმოსები

    ესკიმოსები

    ამერიკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე მსოფლიოს უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ძირძველი მცხოვრებნი ესკიმოსები შეადგენენ. დანარჩენები ევროპელები, ძირითადად კი დანიელები არიან. ეს არცაა გასაკვირი რადგან,   გრენლანდია დანიის სახელმწიფო ტერიტორიას წარმოადგენს.

    ესკიმოსები მონღოლოიდურ რასას მიეკუთვნებიან.  კუნძულზე  სულ  50 ათასამდე მცხოვრებია და  აქედან ესკიმოსების რაოდენობა 40 ათასამდეა. ისინი 50-მდე პატარა ქალაქში ან სოფელში ცხოვრობენ.  კანადასა და გრენლანდიაში ტერმინი ესკიმოსი არ გამოიყენება, მის ნაცვლად იქაური ესკიმოსების თვითდასახელება – ინუიტი  გამოიყენება, ხოლო  ალასკაში იუპიკებისთვის დასახელება ესკიმოსი საყოველთაოდაა გავრცელებული. გრენლანდიელი ესკიმოსები კი უფრო ხშირად თავს უბრალოდ გრენლანდიელებს უწოდებენ, ხოლო საკუთარ ენას კალაალისუტს.

    ინუიტები, რაც თარგმანში „ნამდვილ ხალხს“  ნიშნავს ცხოვრობენ ალასკაში ბერინგის ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე,  კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე, ნუნავიტის, კვებეკის, ლაბრადორისა და გრენლანდიის სანაპიროებზე.  მიუხედავად ფართო არეალისა, მათი ყოფითი კულტურა ჰომოგენურია.

    ტრანსპორტისთვის ინუიტები იყენებდნენ ერთადგილიან ნავებს – კაიაკებს, რომელიც გადაჭიმული ტყავისგან მზადდება. კაიაკები ძირითადად სათევზაოდ გამოიყენებოდა. ხალხის გადასაადგილებლად კი მოზრდილი ნავები – უმიაკები გამოიყენებოდა.  უმიაკი ხის ჩარჩოზე გადაჭიმული ტყავით მზადდება. ხმელეთზე გადასაადგილებლად კი ძაღლებით შებმული მარხილები გამოიყენება. ვინაიდან არქტიკაში ორიენტირების მოძებნა ჭირს, ინუიტები საორიენტაციოთ აშენებდნენ ქვის ინუკშუკებს.

    ინუიტები ტანსაცმელს ცხოველების ტყავისგან კერავდნენ.  გრძელი ზამთრის მანძილზე ინუიტები ცხოვრობდნენ თოვლისგან აშენებულ თავშესაფარებში – იგლუებში,   ხოლო ზაფხულში – ტყავებისგან გაკეთებულ კარვებში.

    სქესთა შორის სამუშაოს განაწილება ინუიტებში ტრადიციული იყო, კაცები ნადირობდნენ და თევზაობდნენ, ხოლო ქალები ბავშვებს ზრდიდნენ და ბანაკს უვლიდნენ. ქორწინება ყოველთვის მონოგამიური არ იყო. როგორც წესი სექსუალურად ღის ქორწინებები ჰქონდათ. პოლიგამიაც მიღებული იყო. მამაკაცები ქორწინებისთვის მზად იყვნენ იმ ასაკიდან, როდესაც მათ საკუთარი თავის გამოკვება შეეძლოთ. როგორც წესი ქორწინების საკითხებს მთელი ტომი წყვიტავდა.

    ინუიტებს მდიდარი ფოლკლორი აქვთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ზეპირად გადაეცემოდა თაობებიდან თაობას.

    ესკიმოსები  უბადლო მონადირეები. მათ   უყვართ  ზეიმებს მოწყობა,  რაც ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებასა  და ხანგრძლივ პოლარულ ღამეებს.

  • ველიჩკას მარილის მაღაროებში

    ველიჩკას მარილის მაღაროებში

    ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ძველი მაღაროები მიტოვებულია და მუზეუმად არის გადაქცეული. მაღაროში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ექსკურსანტები, რა თქმა უნდა, კიბეებით ჩადიან 135 მ სიღრმემდე. ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი ერთი დარბაზიდან მეორეში გადადიხართ. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები, კედლები, იატაკი და ჭერი. ელექტრონის შუქზე ბრწყინავენ მარილის კრისტალები. XVII საუკუნეში ბერების ბრძანებით აქ სამლოცველოც გამოუკვეთავთ, მოყვარული მუშების მიერ კი მარილში გამოკვეთილია წმინდანების ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე არ ეტყობათ.

    მაღაროში ერთ-ერთი დერეფანი ბარიერთან მთავრდება, რომლის იქით ტბაა. გულითაც რომ გინდოდეთ, მასში ვერ დაიხრჩობით, რადგან ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია მოწყობილი, აქვეა ფოსტა და პატარა მაღაზიები, სადაც სუვენიერბის შეძენა შეიძლება.

    დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს და დედამიწას ლიფტით უბრუნდებიან.

    1978 წლიდან ველიჩკას მაღაროები იუნესკოს მსოფლიოს მემეკვიდრეობის სიაშია შესული.

  • ევროპის ჩრდილოეთი ბასტიონი

    ევროპის ჩრდილოეთი ბასტიონი

    ნორდკაპი, ანუ ჩრდილოეთის კონცხი, ქვიანი და უსიცოცხლო კუნძულ მაგერიოს (ნორვეგია) დაბოლოებას წარმოადგენს. კონცხის სიმაღლე 307 მეტრია და ევროპის უკიდურეს ჩრდილეოთ წერტილად ითვლება.

    აქ ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის შუაღამის მზის სანახავად, მაგრამ ყველას როდი უღიმის ბედი. გამუდმებული ნისლი და წვიმები ნაცრისფერი ფარდით ბურავენ ნორდკაპს. ნათელი დღეები კი აქ ძალზე იშვიათია. ირგვლივ ყველაფერი დაღვრემილი და ნაცრისფერია. ზაფხულშიც კი ხშირია ზამთრის გრიგალი და თოვლის ქარბუქი. თოვლი და წყალი გრანიტით აგებულ კლდეთა ნაპრალებში ხვდება, იყინება, აფართოებს ქანებს და დაშლილი ქვები ხმაურით ეცემიან ზღვაში; ცოფმორეული ტალღები ძლიერად ეხეთქებიან ნაპირს და გამაყრუებელი ხმაური საკმაოდ შორს ისმის.

     როცა შავი ღრუბლები დაბლა ეშვებიან, როცა განრისხებული ოკეანე მაგერიოს ქვის კედლებს უტევს, სწორედ ამ დროს მრისხანე ზღვის ფონზე ნათლად გამოჩნდება დაღვრემილი, მაგრამ დიდებული ნორდკაპი, როგორც ციხე-სიმაგრე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მისი დანიშნულება ტალღების შეჩერება იყოს.

    სულ ერთია, როდის ნახავთ ნორდკაპს – ზამთარსა თუ ზაფხულში, ნათელ თუ ღრუბლიან ამინდში, მისი მრისხანე დიდებულება არასდროს არ დაგვავიწყდება.

  • ნოსიბე – საოცრება ოკეანეში

    ნოსიბე – საოცრება ოკეანეში

    “ნოსიბე _ საოცრება ოკეანეში!” – ასე იუწყებიან მრავალფეროვანი რეკლამები მადაგასკარის რესპუბლიკის დედაქალაქ ანტანანარივუში. “ნოსიბე ჩვენი სიამაყეა, აქ აუცილებლად უნდა მოხვდეთ” – რჩევას გვაძლევენ რესპუბლიკის საინფორმაციო დეპარტამენტში.

    ტყუილად დაუწყებთ ძებნას აფრიკის რუკაზე და ენციკლოპედიაში ამ სახელს. ნოსიბე პაწაწინა კუნძულია, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოზამბიკის სრუტეში შესასვლელს “დარაჯობს”.

    ანტანანარივუს აეროპორტიდან ორი საათის შემდეგ აღმოჩნდებით ნოსიბეს ქალაქ ვოემარში. ქალაქი პატარაა, მაგრამ კუნძულის მცხოვრებთა მეოთხედი აქ ცხოვრობს. ვოემარი უფრო პარკია, ვიდრე ქალაქი, სადაც პალმების ჩრდილში სუფთა, კოხტა ბუნგალოები და მაღაზიებია ტურისტებისთვის შემალული. მაღაზიებში კი გასაოცარი სუვენირები იყიდება, მაგალითად გამხმარი პატარა ნიანგები.

    რატომ უწოდეს კუნძულს საოცრება ოკეანეში? ნუთუ მხოლოდ ზღაპრული სილამაზისა და არაჩვეულებრივი ქვიშიანი პლაჟების გამო? სინამდვილეში ნოსიბე – ეს “მინიატურული მადაგასკარია”. ის, რაც კუნძულ მადაგასკარზე უნდა ნახოთ მრავალდღიანი მოგზაურობისას, პაწია ნოსიბეზე რამდენიმე საათში იხილავთ.

    როგორც მადაგასკარზე, აქაც მთები მარადმწვანე ტროპიკული ტყით არის დაფარული, რომელშიც ბატონობს “მოგზაურთა პალმა” – რავენალა. გარეგნულად ხე გიგანტურ მარაოს ჰგავს, რომლის ოთხმეტრიან ფოთლებს შორის ჩაღრმავებაში გამაგრილებელი წვენი და წვიმის წყალი გროვდება, რომლითაც მგზავრს ყოველთვის შეუძლია წყურვილის მოკვლა. კუნძულზე არ არის არც მდინარე და არც ჭა, ამიტომ რავენალა წყალსაც იძლევა და საშენ მასალასაც. მისი ტყავისებური ფოთლებით ხურავენ ქოხებს, ამზადებენ ჭურჭელს, იყენებენ ჭილოფის მაგივრად.

    ტყე სავსეა ლემურებით. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით მომაკვდავი ადამიანის სული ლემურში გადადის, ამიტომ მათ უფრთხილდებიან, ისინი ძლიერ მომრავლდნენ და სულაც არ ეშინიათ ადამიანების.