• ჭაობები

    ჭაობები

    ჭაობი დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჭაობის მცენარეები -ჰელოფიტები. ნიადაგგრუნტის მდგრადი დატენიანება ხელს უწყობს ტენის მოყვარული მცენარეულობის გავრცელებას. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – დაჭაობებული ტერიტორიებია. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან იმ მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ.

    კვების წყაროს მიხედვით, ჭაობები იყოფა სამ ტიპად: ქვემოური (ევტროფიული), გარდამავალი და ზედაური (ოლიგოტორფიანი). ქვემოური ჭაობები უმეტესად მაღლობების ძირში და მდინარეების ტერასებზე წარმოიქმნება და გრუნტის წყლებით იკვებება. ასეთი ჭაობები საკმაოდ პროდუქტიულია. აქ ხარობს ლელქაში, ხავსი და ძალიან ბევრია ფრინველი. ზემოური ჭაობები მდინარეებს შორის მდებარე დაბლობებზე გვხვდება და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

    ჭაობის ტიპები

    1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების“ (The Convention on Wetlands of International Importance, especially asWaterfowl Habitat) შესახებ. კონვენცია მთავრობათაშორისი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. 1971 წლიდან კონვენციის გეოგრაფია თანდათან გაფართოვდა, დღეისათვის იგი 138 ქვეყანას ითვლის. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. ამჟამად 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად, ე. წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული, რომელთა საერთო ფართობი 119,6 მლნ. ჰექტარს აღემატება (www.ramsar.org).

    ჭაობები გავრცელებულია ყველა კლიმატურ სარტყელში და და ყველა კონტინენტზე. მათში ჰიდროსფეროს მტკნარი წყალის მარაგის დაახლოებით 11,5 ათასი კუბ. კმ.-ია (0,03%) თავმოყრილია. ყველაზე მეტად ჭაობები გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

    ჭაობების გავრცელების არეალები დედამიწაზე

    დედამიწაზე ყველაზე დიდი ჭაობია პანტანალი, რომელიც ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ასევე ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზე მდებარეობს. მას 150 ათასი კვ. კმ.-ის ფართობი უკავია და მდიდარია მცენარეული საფარითა და ცხოველთა სამყაროთი. იქ განსაკუთრებით ბევრი ნიანგია. ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი დიდი ჭაობია ვასიუგანსკის ჭაობები (53 ათასი კვ. კმ) რუსეთში. იგი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: აქ ძალიან ბევრი სახეობის მცენარე იზრდება, მათ შორის იშვიათი სახეობებიც. ასევე მეტად საინტერესოა მანჩაკის ჭაობების კომპლექსი (აშშ, ლუიზიანას შტატი), სადაც ხშირად იკარგებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და ამიტომაც ამ კომპლექსს მოჩვენებების ჭაობი შეარქვეს. ჭაობები აფრიკის კონტინენტზეც გვხვდება. ჭაობი ოკავანგო ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტაში მდებარეობს, რომელიც ყველაზე დიდი შიდა დელტაა მსოფლიოში და კლიმატური, ჰიდროლოგიური და ბიოლოგიური ურთიერთზემოქმედების ნათელი მაგალითია. ოკავანგოს დელტა და ჭაობი 2014 წლიდან იუნესკო-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული მე-1000 ძეგლია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

    ჭაობებს საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე განსაკუთრებით დიდი ფართობი – დაახლოებით 225 ათასზე ჰექტარზე მეტი უკავია. მცირე ჭაობები ასევე გავრცელებულია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებში.

    ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი რომ მიენიჭოს, იგი სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების დასასვენებელ ან გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ სამივე პირობას აკმაყოფილებს. აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი და ამავე დროს რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები.

    მდინარეების ენგურისა და კინტრიშის შესართავებს შორის განვითარებულია ტორფიანი ჭაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მასივები: ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი, იმნათი, მალთაყვა, გრიგოლეთი, ქობულეთი. კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებს, მდინარეების ან დასახლებული პუნქტების სახელების მიხედვით დაერქვათ სახელები. აქვე, ტორფიან ჭაობებთან ერთად ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელშეუხებელი ან მცირედ სახეცვლილი დაჭაობებული მურყანის ტყეები, ჭაობის მდინარეები და ტყეები. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კოლხეთის ჭაობის მშვენება – პალიასტომი.

    წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს და უარყოფითი განწყობა ჭაობების მიმართ ჯერ კიდევ ძალაშია. საზოგადოების ასეთი პოზიცია დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააცნობიეროს ჭაობების უდიდესი როლი და მათი გარემოსადცვითი ფუნქცია ბუნებაში. ჭაობები დიდი რაოდენობით წყალს იწოვენ, ხანგრძლივი დროით აკავებენ მას და ამით ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის ნორმალურ რეგულაციას, საგრძნობლად ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას და დარეცხვისაგან იცავენ ხმელეთის ზედაპირს. ამასთანავე, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს და ა.შ. მისი ხელყოფა გვაკარგვინებს სუფთა, მტკნარი წყლის მიწისქვეშა მარაგს და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის უდიდესი დეფიციტია.

    კოლხეთის ჭაობები და ჭაობიანი მიწები ოდითგანვე განიცდიდნენ ადამიანის სამეურნეო მოქმედების უარყოფით გავლენას, რამაც განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს XX საუკუნეში მიაღწია. სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების მიღების მიზნით, დაბლობის ვრცელ ტერიტორიაზე დააშრეს ჭაობი, გაჩეხეს დაჭაობებული და ტენიანი კოლხური ტყეები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაბლობის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის მთლიანად მოისპო ტენიანი კოლხური ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემები. დაბლობის ამ ნაწილში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილ იქნა სხვადასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორებულ იქნა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები. ადამიანის ჩარევის შედეგად სახეცვლილი პალიასტომის ტბის დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა.

    კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიოგეოგრაფიულ და პალეოგეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა, გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ვიზიტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.

  • ტყის რესურსები

    ტყის რესურსები

    ტყე ბიოსფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თანამედროვე გაგებით, ის გეოგრაფიული ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილი და იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, ცხოველების, ფრინველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობაა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ბიოლოგიურ კავშირში არიან ერთმანეთთან და ზეგავლენას ახდენენ როგორც ერთმანეთზე, ისე გარემოზე.

    მსოფლიოში ტყის ფართობი 4.1 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, ანუ ხმელეთის დაახლოებით ნახევარს. მერქნის მსოფლიო მარაგი 360 მილიარდ კუბ. მ.-ს აღწევს, ხოლო წლიური მატება 3 200 მილიონ კუბ. მ.-ს. ტყე ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავეს. FAO-ის მონაცემებით 1963 წელს ტყეებს დედამიწაზე 4229,2 მილიონი ჰექტარი ეკავათ, თუმცა 1990 წლის მონაცემით 788,2 მილიონით შემცირდა და ყოველწლიურად 11 მილიონი ჰექტრით მცირდება.

    დედამიწის ტყეები

    მსოფლიოს ტყეებში იზრდება მერქნიანი და ბუჩქოვანი მცენარეების 30 000-მდე სახეობა, ცხოვრობს ათასობით სახეობის ცხოველი და ფრინველი. ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს აკავებს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი – ტყე – გამოყოფს. ერთი ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქავს 13-17 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-15 ტონა ჟანგბადს.

    ტყეს მრავალი ფუნქცია აქვს: ტყე მზის ენერგიის მძლავრი აკუმულატორია. ის არსებით გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე, ბუნებაში წყლის წრებრუნვაზე, ატმოსფეროში აირგაცვლაზე და ამგვარად, ქმნის ადამიანისათვის საჭირო პირობებს. ამ წრებრუნვის საწყისს წარმოადგენს ფოტოსინთეზის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყოფა ჟანგბადი. თუ 30-50-იან წლებში პლანეტის ჟანგბადის ბალანსის შევსებაზე ტყეზე მოდიოდა მხოლოდ 30%, ახლა ტყე გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიური ჟანგბადის 60%-ს, დანარჩენს კი ზღვებისა და ოკეანეების პლანქტონი და მინდვრებისა და ბაღების კულტურული მცენარეულობა იძლევა. ტყის ჟანგბადი ხარისხობრივად განსხვავდება ზღვებისა და ოკეანეების ჟანგბადისაგან იმით, რომ გაჯერებულია უარყოფითი იონებით. ეს მნიშვნელოვნად ადიდებს ტყის ბიოლოგიურ თვისებებს, რადგან დამტკიცებულია უარყოფითი იონიზაციის კეთილმყოფელი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ტყის ჟანგბადის იონიზაცია 2-3-ჯერ უფრო მეტია ზღვის და 5-10-ჯერ ქალაქის ატმოსფეროს ჟანგბადის იონიზაციაზე.

    ტყე ასუფთავებს ჰაერს მტვრისაგან. ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში 50-70 ტონა მტვერს ფილტრავს, შესაბამისად საქართველოს ტყეები მთლიანად – 135-190 მლნ. ტონამდე ჰაერს ასუფთავებს. ტყე არეგულირებს თოვლის დნობის ინტენსივობას, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოძრაობის სისწრაფეს, იცავს სასარგებლო ფაუნასა და მიკროორგანიზმებს. ტყის მრავალი მცენარე გამოყოფს ფოტონციდებს, რომლებიც თრგუნავენ დამაავადებელ ორგანიზმებს და ამით აჯანსაღებენ გარემოს. ტყე მძლავრი სანიტარულ-ჰიგიენური ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

    მეტად მნიშვნელოვანია ტყის წყალდაცვითი ფუნქცია. ის ხელს უწყობს მდინარეებისა და წყლის სხვა რესურსების (ტბები, წყაროები და სხვა) წყლით ნორმალურ და თანაბარ მომარაგებას, აფერხებს წყალდიდობებს, უზრუნველყოფს წყლის ხარისხის ამაღლებას, იცავს მას გაჭუჭყიანებისაგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტყის როლი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და წყლის და ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვის საქმეში. დაცვითი ტყის გაშენება მიეკუთვნება აქტიურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გვალვისა და ეროზიის მოვლენების წინააღმდეგ. ტყე იძლევა მრავალი სახის ძვირფას პროდუქტსა და ნედლეულს. ის არის მრავალფეროვანი ფაუნის ადგილსამყოფელი. დიდია ტყის რეკრეაციული და ტურისტული მნიშვნელობა.

    შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყეები არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა – ერთი სახეობისაგან ან შერეული – რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი – ერთიარუსიანი და რთული – მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით, ანუ პროდუქტიულობით და სხვა. ტყის მცენარეულობა, როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიულ განედთან ერთად, ე.ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით.

    ტყე ერთ-ერთი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოგეოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი ეკონომიკური და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანი, ქერქი, ტოტები, ფოთოლი, ნაყოფი, თესლი, სოკო და სხვა) უმდიდრესი წყაროა. მან ფართო გამოყენება ჰპოვა მერქნის დამზადების, გადამუშავების, ქიმიური, კვების, ფარმაცევტულ, საფეიქრო მრეწველობასა და სხვა დარგებში.

  • სარგასოს ზღვა

    სარგასოს ზღვა

    ატლანტის ოკეანის ცენტრში მდებარე სარგასოს ზღვა ფართობის მიხედვით ზღვებს შორის “აბსოლუტური ჩემპიონის” ტიტულს იმსახურებს. მისი ფართობი 4-დან 8,5 მლნ.კვ.კმ-მდე მერყეობს, რაც მისი ნაპირების არასტაბილურობითაა გამოწვეული. ოვალური ფორმის სარგასოს ზღვა ერთადერთი „ზღვაა“ პლანეტაზე, რომელსაც სანაპიროები არ გააჩნია. ზღვა შემოსაზღვრულია დინებებით: დასავლეთით გოლფსტრიმის დინებით, ჩრდილოეთით – ჩრდილო-ატლანტიკური დინებით, აღმოსავლეთით – კანარის დინებით, ხოლო სამხრეთით ჩრდილო-ეკვატორული დინებით.
    სარგასოს ზღვის კიდევ ერთი უნიკალური თვისებაა ის, რომ მისი ზედაპირი ერთი მეტრით აღემატება ოკეანის წყლის ზედაპირს. ოკეანის წყალი სარგასის ზღვაში განსაკუთრებით გამორჩეულია მისი ლურჯი ფერით და გამჭვირვალობით. წყალქვეშა მხედველობა აქ 61 მეტრს შეადგენს.

    სარგასოს ზღვის მთელი ზედაპირი დაფარულია წყალმცენარე სარგასუმით, რომელთა რაოდენობა მეცნიერთა გამოთვლებით 4-11 მლნ. ტონადაა შეფასებული. სწორედ ამიტომ ზღვა საკმაოდ მდიდარია ორგანული სამყაროთი. ~

    თუ გინდა მეტი შეიტყო წყალმცენარე სარგასუმზე წაიკითხე სტატია “წყალმცენარე, რომელიც ჩრდილო ატლანტის ოკეანეს კვებავს” https://nationalgeographic.ge/story/wyalmcenare-romelic-chrdilo-atlantis-okeanes-kvebavs/

  • გოლფსტრიმის დინება

    გოლფსტრიმის დინება

    ჯერ კიდევ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყველაზე დიდ ოკეანურ დინებად გოლფსტრიმის დინება ითვლებოდა. მას თავის “გაგრძელება” ჩრდილო-ატლანტიკურ დინებასთან ერთად, თბილი სუბეკვატორული წყლები ჩრდილოეთ ევროპის ნაპირებთან და კოლის ნახევარკუნძულთანაც კი მოაქვს. ამიტომაც ამ დინებამ “ევროპის ღუმელის” სახელწოდება მიიღო. სწორედ გოლფსტრიმის დინების წყალობით არის ევროპის სანაპირო შედარებით უფრო თბილი, ვიდრე ამავე განედებზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო, სადაც ეს დინება სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულია.

    გოლფსტრიმის დინება მაქსიმალურ სიგანეს – 640 კმ-ს კუნძულ ნიუფაუნდლენდთან აღწევს. მისი საშუალო სიღრმე 320 მ-ია. დედამიწის ყველა მდინარეს 22-ჯერ უფრო ნაკლები წყალი ჩააქვს მსოფლიო ოკეანეში, ვიდრე ერთ გოლფსტრიმს.

    და მაინც, გოლფსტრიმს “ჩემპიონის ტიტული” ჩამოერთვა. რუს მეცნიერთა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას.

  • არალის ზღვა

    არალის ზღვა

    არალის ზღვა-ტბა მლაშე ტბაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში და ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს. ჯერ კიდევ არც ისე გვიან არალის ზღვა განთქმული იყო უმდიდრესი ბუნებით, ხოლო არალის სანაპირო ზონა აყვავებად და ბიოლოგიურად მრავარფეროვან ადგილად ითვლებოდა. უნიკალურად ჩაკეტილი და მრავალფეროვანი არალი არავის არ ტოვებდა გულგრილს თავის ადგილის მიმართ. სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიიღო არალის ზღვამ ასეთი სახელწოდება. „არალი“ თურქულად კუნძულს ნიშნავს, იგი უზარმაზარ უდაბნოში სიცოცხლისა და მრავალფეროვნების კუნძულად ითვლებოდა. თუმცა ადამიანის დაუდევრობის გამო არალის ზღვა საკმაოდ შეიცვალა და დღეს ის გაქრობის საშიშროების წინაშეა.

    ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია და მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ფართობია დარჩენილი, რომლებიც ამ დროისათვის ერთმანეთს წყლით არ უკავშირდება. ტბა მდინარეების – სირდარიისა და ამურდარიის წყლებით საზრდოობდა. ორივე მდინარე სათავეს მთებში იღებს და ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე გადის. 1960-იან წლებში ამ მდინარეებიდან გაიყვანეს არხები ბამბის მინდვრების მოსარწყავად, რის გამოც, მათ არალის ზღვაში ზღვის შესავსებად საჭირო წყლის რაოდენობა ვეღარ ჩაჰქონდათ. მანამდე ისინი ჩაკეტილ ზღვას წელიწადში 60 კმ3წყლით ამარაგებდნენ, რაც არხების გაყვანის შემდეგ კი 4-5 კმ3-მდე შემცირდა. დღეისათვის ორივე მდინარე მოწყვეტილია ზღვას, ხოლო მდინარის დელტების ნაწილი დაჭაობებულია.

    1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად ითვლება. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ2-ს შეადგენდა. ის მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში ფართობის მიხედვით. სწორედ სიდიდის გამო ეძახდნენ მას ზღვას. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთისა და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს, სამაგიეროდ მარილიანობა ზღვაში 2,5-ჯერ გაიზარდა.

    არალის ზღვის ფართობის ცვლილება

    წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც,რომ წლის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობა აქ ძალიან მცირეა – დაახლოებით 100 მმ. აორთქლებული წყალი კი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. სწორედ აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება,რასაც თავის მხრივ ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება მოჰყვა. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული საქმიანობა – მეთევზეობა. და მშრალ ტერიტორიაზე დარჩა და რჩება მარილის სქელი ფენები.

    როდესაც არალის ზღვის თევზის ინდუსტრია თავის ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ თევზჭერის სფეროში დაახლოებით 40 000 ადმიანი იყო დასაქმებული და მთელი საბჭოთა კავშირის თევზჭერის 1/6 აქ ხდებოდა. ახლა ეს სფერო განადგურებულია და ის ქალაქები, რომლებიც ადრე ზღვის ნაპირას მდებარეობდნენ და თევზჭერის ცენტრებს წარმოადგენდნენ, ახლა გემების სასაფლაოებად იქცნენ. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს უზბეკეთში მდებარე ქალაქი მიუნაკი, რომელიც თავის დროზე განვითარებულ პორტსა და თევზჭერის ინდუსტრიის ადგილს წარმოადგენდა. ახლა კი ნაპირიდან კილომეტრებითაა მოშორებული. სათევზაო ნავები მშრალ მიწაზეა მიმოფანტული, იმ ადგილას, რომელიც ადრე წყლით დაფარულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ ნავების უმეტესობა აქ უკვე 20 წელზე მეტია განისვენებს. ასევე განადგურდა ონდატრების (მუსკუსის ვირთხა) ტყავის წარმოება, რომელიც ცხენის აღკაზმულობისათვის გამოიყენებოდა. ეს სირდარიისა და ამურდარიის დელტებში ხდებოდა, სადაც წელიწადში დაახლოებით 500 000 ონდარტის ტყავს ამუშავებდნენ.

    ფაქტია, რომ არალი შრება, ქრება და ეს კატასტროფა უკვე გასცდა არალის ზღვის საზღვრებს. ზღვის აკვატორიიდან, როგორც ვულკანის კრატერიდან, სხვადასხვა მხარეს დაახლოებით 100 000 ტონა მარილი, ტოქსიკური მტვერი, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებია მიმოფანტული. ეს ყველაფერი კი ზემოქმედებს და ანადგურებს ცოცხალ ბუნებას. დაბინძურების ეფექტს ზრდის ისიც, რომ არალის ზღვა ძლიერი აღმოსავლეთის ქარის გავრცელების გზაზე მდებარეობს, რომელსაც შორ მანძილზე დიდი რაოდენობით მარილი გადააქვს. სწორდ ამ ქარის წყალობით ხვდება მარილი მთელ ევროპაში და ზოგჯერ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდეც კი ვრცელდება.

    არალის ზღვის კატასტროფის დინამიკის თანახმად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ 2015 წლისათვის არალის ზღვა სრულიად უნდა დამშრალიყო და ახალი უდაბნო არალ-ყუმი წარმოქმნილიყო, რომელიც ყარაყუმისა და ყიზილყუმის გაგრძელება იქნებოდა. ამის გამო მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი მარილი და შხამ-ქიმიკატები პრობლემებს შეუქმნის მთელ დედამიწას. ასევე მიღებული შხამი დააბინძურებს ჰაერს და დაანგრევს აზოტის ფენას. კლიმატის შეცვლა გამოიწვევს მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს მთელ რეგიონში. აქ ახლაც უკვე ნათელია კლიმატური ცვლილებები. ამ მომენტისათვის არალის ტერიტორიაზე ზაფხული შემცირდა და უფრო ცხელი და მშრალი გახდა, ხოლო ზამთარი – უფრო ცივი და გრძელი. ამ სიტუაციით პირველ რიგში იტანჯება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ რეგიონში წესით ერთ სულ მოსახლეზე საჭიროებისათვის ნორმის სახით გათვალისწინებულია 150 ლ. წყალი, მაშინ როდესაც ადგილობრივები მხოლოდ 15-20ლ წყლის მიღებას ახერხებენ.
    არალის ზღვის გარშემო ტერიტორია ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც ადგილობრივები განიცდიან სუფთა წყლის ნაკლებობასა და აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ხშირია კიბოსა და ფილტვების დაავადებათა შემთხვევები. რეგიონში ასევე გავრცელებულია რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ტუბერკულიოზი და კიბო, კუჭ-ნაწლავის სისტემათა დაზიანება, ანემია და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ღვიძლის, თირკმლისა და თვალების პრობლემებიც შეგვიძლია ტოქსიკურ ქარებს მივაწეროთ. რეგიონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ დონეს, რომელიც 2012 წელს 5, 29 პრომილე იყო უზბეკეთისათვის და 8, 52 პრომილე ყაზახეთისათვის, რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობას აქ უზბეკეთი – 21, 2 და ყაზახეთი – 23, 6 პრომილე. უშუალოდ არალის ზღვის არეალში კი 75 პრომილე, ხოლო დედათა სიკვდილიანობა 12 პრომილე.

    არალის ზღვის მომავალი და პასუხისმგებლობა მის გადარჩენაზე ახლა ხუთი სახელმწიფოს ხელშია, ესენია: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. 1994 წელს მათ მიიღეს ASBP -აზაპ (Aral Sea Basin Program – არალის ზღვის აუზის პროგრამა). პროგრამის ოთხი მიზანია: არალის ზღვის აუზის გარემოს სტაბილიზაცია; ზღვის გარშემო არსებული კატასტროფული გარემოს რეაბილიტაცია; არალის ზღვის აუზის, როგორც საერთაშორისო წყლების მართვის გაუმჯობესება; კომპეტენციის გაზრდა პროგრამის მიზნების მისაღწევად, როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეებზე.

  • წითელი ზღვა

    წითელი ზღვა

    დედამიწის ფერად ზღვებს მიეკუთვნება წითელი ზღვაც, რომელიც სინამდვიილეში ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან ხოლმე და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს. სახელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანიზმების მეწამული ფერის გამო ეწოდა. თუმცა არსებობს ზღვისთვის სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზღვას ეს სახელი ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო ეწოდა. ძველად ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ. რადგანაც ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ამიტომ მასაც „წითელი“ დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები ჰორიზონტის მხარეებს – გეოგრაფიულ მიმართულებებს აღნიშნავდნენ. წითელი ფერი კი სამხრეთის მიმართულებას შეესაბამებოდა და, შესაბამისად, წითელი ზღვაც სამხრეთის ზღვას ნიშნავდა.

    წითელი ზღვა შიდა ზღვაა და ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება და არაბეთის ნახევარკუნძულსა (აზია) და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარეობს. https://www.google.ge/maps/place/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90/@20.2358326,29.5064425,5z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x15b91b7a37f530e5:0xbab428a1529071c7!8m2!3d20.280232!4d38.512573?hl=ka

    ზღვა ცხრა ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერითრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

    წითელი ზღვის ფართობი 450 ათასი კვ. კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე 3000 მ-ია შუა ნაწილში. წითელი ზღვა ყველაზე მარილიანია მსოფლიოს ზღვებს შორის – მისი წყლის მარილიანობა ლიტრში 40-60 გრ-ია.

    წითელი ზღვა იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მდინარეები არ ჩაედინება, რომელთაც ზღვებში ნატანი მასალა და ქვიშა ჩააქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხოლმე ზღვის წყლის გამჭვირვალობას. ამიტომაც წითელი ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა.

    წითელი ზღვა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა.

    წითელი ზღვა მეტად საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ამ დროს წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს. ასე რომ, ზღვა, გარდა მაღალი მარილიანობისა, ყველაზე თბილ ზღვადაცაა ცნობილი.

    წითელი ზღვა ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. იქ 1000-მდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე გვხვდება წყალმცენარეები, მრავალი ფერის მარჯნები და სხვადასხვა ფორმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ულამაზეს გარემოს ქმნიან.

    წითელ ზღვაში 25 ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულია, რომლებიც საუკეთესო ადგილებად ითვლება დაივინგისთვის. სწორედ ამიტომ დაივერები ამ კუნძულებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ზღვის მრავალფეროვანი და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.

  • ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება და ნახევრად შიდა ზღვაა. ის აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს. ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიას – ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ესაზღვრება. ყვითელ ზღვას სახელი წყლის ფერის გამო ეწოდა, რაც ზღვაში ჩამდინარე მდინარე ხუანხეს“ იგივე “ყვითელი მდინარის” დამსახურებაა. ამ მდინარეს ზღვაში დიდი რაოდენობით ოქროსფერი ქვიშა ჩააქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს.

    ყვითელი ზღვის ფართობი 41 6 000 კვ. კმ-ია. ზღვის წყლის მარილიანობა 24-36 პრომილეს შორის მერყეობს. ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. მისი მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.

    ზღვის ყურეებიდან გამოირჩევა ბოხაის, ლიაოდუნის და დასავლეთ კოერის ყურეები. ზღვაში ხუანხეს გარდა ასევე ჩაედინება მდინარეები – ხაიხე, ლიაოხე და იალუცზიანი (ამნოკანი).

    ზღვა მდიდარია ბიოლოგიური რესურსებით და თევზჭერის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

  • თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს და ჩრდილოეთ ყინულოვანი (არქტიკული) ოკეანის აუზს მიეკუთვნება. თითქმის შვიდი თვის მანძილზე თეთრი ზღვა მთლიანად ყინულებით იფარება და სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას თეთრი ზღვა. ზღვა ყინულებისგან მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში თავისუფლდება.

    მეცნიერთა აზრით, ზღვის სახელი ალბუმი – „თეთრი ზღვა“ პირველად პეტრე პლანციას 1592 წელს შედგენილ რუკაზე იქნა აღნიშნული, ხოლო უკვე ორი წლის შემდეგ ფლამანდიელმა კარტოგრაფმა ჰერარდ მერკატორმა თავის რუკაზე ზღვის, როგორც ლათინური, ასევე რუსული სახელწოდებაც დაიტანა.

    ზღვის ფართობი 90 ათასი კვ. კმ-ია. საშუალო სიღრმე -89 მ-ს, ხოლო მაქსიმალური – 330 -ს აღწევს. თეთრ ზღვაზე გარემო პირობები საკმაოდ მკაცრია. ტემპერატურა ნულს ქვემოთ 20°-მდე ჩამოდის ხოლმე, ხშირად უფრო დაბლაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40° ყინვა დაფიქსირებულა. 0°-ს ზემოთ ტემპერატურის ნიშნული იშვიათად ადის. ზღვის წყლის მარილიანობა მსოფლიო ოკეანის წყლის საშუალო მარილიანობაზე დაბალია.

    თეთრ ზღვაში ჩაედინება მდინარეები – ჩრდილოეთი დვინა, ონეგა, მეზენი და სხვ. თეთრი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალია. ზღვისპირა ძირითადი პორტებია არხანგელსკი, სევეროდვინსკი, ონეგა, ბელომორსკი, კემი, მეზენი. არხანგელსკი უძველესი პორტია და ისტორიულად ის რუსეთში მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა

    მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ზღვაზე ძალიან ცივა და ზამთრობით წყალი იყინება, ზღვაში უამრავი ძალიან ლამაზი თევზი ბინადრობს.

    ბელომორ-ბალტიის არხმა თეთრი ზღვა ბალტიის ზღვას დაუკავშირა.

  • ტბა ტანგანიკა

    ტბა ტანგანიკა

    დედამიწის ყველაზე გრძელი ტბა ტანგანიკა აფრიკის კონტინენტზე, ტექტონიკურ ქვაბულში ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ-ია და ამ მაჩვენებლით ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში.

    ტბას ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი, ხოლო ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება შეინიშნება ამ ტბების ტემპერატურულ რეჟიმში. თუ ბაიკალი ზამთრის პერიოდში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის, დაახლოებით, 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი.

    ტბის ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ² ია. ტბის ნაპირებზე განლაგებულია ნავსადგურებია კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი).

    ტბა ტანგანიკა 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.

  • დედამიწის  უცნაური ტბები

    დედამიწის უცნაური ტბები

    ჩვენს პლანეტაზე მრავალი უჩვეულო და საოცარი სილამაზის ტბაა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ფერი გაკვირვებასაც კი იწვევს. მათ ”ფერად” ტბებს უწოდებენ. ამ ტბების წყლები მოწითალო, ლურჯი, მწვანე, თეთრი და შავი ფერისაც კია. წყლის შეფერილობის მიზეზები სხვადასხვაგვარია და მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენია: ადგილმდებარეობა, წარმოშობის ფორმა, ტბის ასაკი, წყლის შემადგენლობა, ტბაში ბინადარი ცოცხალი ორგანიზმები და სხვ.
    ზოგიერთი ტბის წყალი ჩვეულებრივი ცისფრის ნაცვლად მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა, რაც ტბაში გავრცელებული ბაქტერიების ”ბრალია”. იტალიის ალპებში მდებარე ტბა ლაგო-დე-ტორველის მოწითალო ფერი ტბაში ბინადარი მიკროორგანიზმების სიმრავლეს უკავშირდება. ისინი მაშინ მრავლდებიან, როცა წყლის ტემპერატურა +16 გრადუსამდე თბება.

    იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე უნიკალური ორფერა ტბაა. წყალსატევის ფსკერიდან გამოსული რკინის ჟანგი ტბას ვარდისფრად აფერადებს, ხოლო გოგირდის მინარევების დიდი რაოდენობა – ყვითლად. კოლორადოს ტბის წყალი, რომელიც ზ.დ-დან 4550 მ. სიმაღლეზე კორდილიერების მთების სამხრეთით მდებარეობს, მუქი წითელი ფერისაა. ასეთი წითელი ტბები გვხვდება აგრეთვე დასავლეთ ევროპაში და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან.
    ჩვენს პლანეტაზე სხვა ფერადი ტბებიც გვხვდება. მაგ. იაპონიის ტბა კანკაიძი წითელი ფერისაა, რადგან რკინის შემცველი წყაროებით საზრდოობს, ყაზახეთში მდებარე ტბა სარიკული კი მოყვითალო-მოყავისფერო ფერის. ტბის სახელწოდებაც თარგმანში ყვითელ ტბას ნიშნავს. ამის მიზეზი კი ტბის თიხიანი სანაპიროა.
    ტბა ჰილერი (“Hillier”) ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას მდებარეობს. ამ ტბის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ის ვარდისფერია, ამასთან ფერი არ იცვლება კონტეინერში ჩასხმის დროსაც. ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ეს პატარა მარილიანი ტბა გარშემორტყმულია თეთრი მარილის ”ქამრით”, რაც მას უფრო ზღაპრულ იერს აძლევს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ტბას ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასხვა ჯიშის ხეები, ხოლო მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი მას ოკეანისაგან გამოყოფს. 1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი წყალმცენარეები იყვნენ. მაგ. წითელი წყალმცენარე Dunaliella salina, რომელიც წითელი ფერის საღებავს გამოყოფს, რაც წყლის ვარდისფერი შეფერილობის მიზეზია. მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდლამდე დაუდგენელია ტბის ფერის მიზეზი.
    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტბა არის სენეგალშიც. ქვეყნის დედაქალაქ დაკარიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ტბა რეტბა, რომლის წყალიც ვარდისფერია, თუმცა მისი ფერი მასშივე არსებული მიკროორგანიზმების არსებობით აიხსნება. ისინი ფოტოსინთეზის დროს ვარდისფერ პიგმენტს გამოიმუშავებენ.
    ალჟირში, ქალაქ სიდი-ბელ-აბესის მახლობლად მდებარე ტბა მელნითაა სავსე. ტბაში მელნის არსებობა შემდეგი ფაქტორით აიხსნება: მასში ორი მდინარე ჩაედინება. ერთის წყალი რკინითაა გაჯერებული, მეორის კი ტორფიან ჭაობში გაედინება და შესაბამისად სხვადასხვა სახის ორგანულ ნაერთებს შეიცავს. სწორედ ამ ორი მდინარის შეერთებით ტბაში წარმოიქმნება მელანი. მასში არ ბინადრობენ ცოცხალი არსებები. მისი წყალი მხოლოდ წერილების დასაწერად თუ გამოდგება.
    უკრაინის ქალაქ სვალიავას მახლობდად, ზ.დ.-დან 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სინიაკი. ტბის სახელი მის წყალში გახსნილ გოგირდის ნაერთებს უკავშირდება და ტბის წყალიც ამიტომაა ინტენსიური ცისფერი ფერის. ასეთი ტბები მრავლადაა საქართველოში, მათ შორის კი განსაკუთრებით გამოირჩევა ცისფერი და რიწის ტბები (აფხაზეთი).
    ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ იავაზე და იაპონიის კუნძულზე გვხვდება თეთრი ფერის, მაგრამ ”მდუღარე”ტბები. ასევე ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური მოვლენა. კელიმუტოს (Kelimutu) ვულკანის წვერზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ფერის ტბა მდებარეობს. ერთში წყალი მოთეთრო-მოცისფროა, მეორეში – მკვეთრი წითელი, ხოლო მესამეში – ლაჟვარდოვანი ლურჯი. ეს იმიტომ, რომ ტბები წარმოქმნილია სხვადასხვა ვულკანების კრატერებში, რომლებიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებით. სწორედ ეს მინერალები აფერადებენ ტბების წყალს. თეთრი და ცისფერი ტბების წყალში სხვადასხვა კონცენტრაციითაა გახსინილი მარილები და გოგორდის დიდი რაოდენობა, ამიტომაც წყალი მუდმივად ბუყბუყებს. ტბების თავზე ორთქლია. წითელ ტბაში კი პირიქით – ყველაფერი მშვიდადაა. მისი ფერის მიზეზი კი დიდი რაოდენობით რკინის შემცველობაშია.
    ბარენცის ზღვაში, კუნძულ კილდინზე ბუნების ჰიდროლოგიური ძეგლი, უნიკალური ტბა “სამარე” (Моги́льное) მდებარეობს. ტბა ხუთ ”სართულადაა~ დაყოფილი და მტკნარი და მარილიანი წყლის ფენები ერთმანეთს ენაცვლება. უშუალოდ ფსკერთან, რომელიც ლამითაა დაფარული, წყლის გოგირდწყალბადით გაჯერებული ფენა მდებარეობს. ის მოკლებულია სიცოცხლეს. მეორე ”სართულზე” ბაქტერიები ბინადრობენ, რომლებიც ინტენსიურად შთანთქავენ გოგირდწყალბადს. მესამე ”სართული” თევზებით, ზღვის ზღარბებითა და ზღვის ვარსკვლავებითაა დასახლებული; მეოთხე ”სართული” კი თითქმის დაუსახლებელია, რადგან ამ ფენაში ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის არასაკმარისი მარილიანობაა. მეხუთე ”სართული” მტკნარ და გამჭირვალე წყალს უკავია და მტკნარი წყლის ბინადართა ნამდვილ სამეფოს წარმოადგენს.
    მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ამერიაკაში პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ტბის შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის 2-8 მ სისქის ფენით. წვიმების სეზონზე ეს მლაშობი წყლის თხელი ფენით იფარება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ”სარკედ” გარდაიქმნება. ტბა ასევე მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის.