• ვინ არიან იანომამები?  

    ვინ არიან იანომამები?  

    თამარ ჭიჭინაძე

    იანომამი (Yanomami)  ამაზონის აუზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მკვიდრი ეთნოკულტურული ჯგუფია. იანომამების საცხოვრებელი არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამაზონის ფართო ტროპიკულ ტყეებს ვენესუელისა და ბრაზილიის სასაზღვრო ზოლში, სადაც გეოგრაფიული იზოლაცია საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფდა მათი კულტურის, ენისა და სოციალური სტრუქტურის შედარებით დამოუკიდებელ განვითარებას.

    იანომამების ტრადიციული ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბუნებრივ გარემოსთან. ტროპიკული ტყეში  მათი დასახლებები -შაბონოები ასახავდა კოლექტიური ცხოვრების მოდელს, სადაც საზოგადოებრივი ურთიერთობები, რესურსების განაწილება და რიტუალები ერთიან სისტემად ფუნქციონირებდა.

    XX საუკუნის ბოლოს ამაზონის რეგიონში ოქროს საბადოების ინტენსიურმა ძიებამ მთლიანად შეცვალა ეს ბალანსი. 1990-იანი წლების დასაწყისში ფართომასშტაბიანი საძიებო საქმიანობის შედეგად პირველად გახდა ფართოდ ცნობილი იანომამების სოფლების ადგილმდებარეობები, რასაც მოჰყვა ათიათასობით არალეგალური ოქროსმომპოვებლის, გარიმპეიროების შეჭრა რეგიონში. ამ პროცესმა მკვეთრი გეოეკოლოგიური კრიზისი წარმოშვა. ტყეების გაჩეხვამ, მდინარეების ვერცხლისწყლით დაბინძურებამ და ეკოსისტემის დეგრადაციამ საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ საარსებო სისტემებს. პარალელურად, იზოლირებულ თემებში გავრცელდა ინფექციური დაავადებები, რომელთა მიმართ იანომამებს შეძენილი იმუნიტეტი არ ჰქონდათ. სხვადასხვა ძალადობრივ დაპირისპირებასა და ეპიდემიებს მხოლოდ შვიდ წელიწადში დაახლოებით 20% იანომამი ემსხვერპლა.

    1992 წელსბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა შექმნეს დაცული ტერიტორიები და იანომამების მიწების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რაც საერთაშორისო დონეზე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, 1993 წელს მოხდა Haximu Massacre, რომლის დროსაც შეიარაღებულმა ოქროსმომპოვებლებმა გაანადგურეს რამდენიმე სოფელი  16 იანომამი მოკლეს. ეს ტრაგედია მოგვიანებით ბრაზილიის სასამართლომ გენოციდის აქტად შეაფასა და იგი იქცა ამაზონის მკვიდრი ხალხების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სიმბოლოდ.

    იანომამების ეროვნული პარკი

    „იანომამების ეროვნული პარკი“ რეალურად უფრო ფართო და კომპლექსური დაცული ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც Yanomami Indigenous Territory. იგი ოფიციალურად 1992 წლის 25 მაისს შეიქმნა და დაახლოებით 96 650 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რაც მას ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მკვიდრი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიად აქცევს.

    ტერიტორია ამაზონის ჩრდილოეთ ნაწილში, რორაიმასა და ამაზონასის შტატებში, ვენესუელას საზღვართან მდებარეობს. იგი მოიცავს რთულ ტროპიკულ ლანდშაფტებს, გაუვალ ჯუნგლებს, მდინარეთა ქსელს, მაღალმთიან პლატოებსა და ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ეკოსისტემებს. ამ სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვევა დაცულ ბუნებრივ ზონებს, მათ შორის პიკო დე ნებლინას ეროვნულ პარკს, სადაც მდებარეობს ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალი -პიკო დე ნებლინა.

    ამ ტერიტორიის შექმნას წინ უძღოდა მრავალწლიანი საერთაშორისო კამპანია. 1978 წელს დაარსდა ორგანიზაცია CCPY – „იანომამების პარკის შექმნის კომისია“, რომელიც ცდილობდა ბრაზილიის ხელისუფლების დარწმუნებას, რომ იანომამების საცხოვრებელი სივრცე ერთიან დაცულ ტერიტორიად ეცნოთ. საბოლოოდ, 1991–1992 წლებში, საერთაშორისო ზეწოლისა და გარემოსდაცვითი მოძრაობების ფონზე, იანომამების მიწები სამართლებრივად იქნა აღიარებული.

    ამ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ გეოპოლიტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა. იანომამების ტერიტორია ამაზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოგეოგრაფიულ ზონაში მდებარეობს, სადაც ტყის შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება კლიმატის რეგულაციას, წყლის ციკლებსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მკვიდრი მოსახლეობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ამაზონში გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მდგრად სივრცეებს წარმოადგენს.

    როგორია იანომამების ცხოვრება დღეს?

    დღეს იანომამების ტერიტორია კვლავ რჩება ბრძოლის სივრცედ  ერთი მხრივ, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ინტერესებსა და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს შორის. თანამედროვე იანომამი ლიდერები, მათ შორის Davi Kopenawa, ცდილობენ ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე განათლების შერწყმას, რათა დაიცვან როგორც თავიანთი კულტურა, ისე ამაზონის ეკოსისტემა.

    იანომამების დაცული ტერიტორია დღეს მხოლოდ ეთნიკური ჯგუფის საცხოვრებელი სივრცე აღარ არის. იგი იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები თანამედროვე მსოფლიოში. იანომამებს სურთ პროგრესი, მაგრამ მათ უნდათ, რომ იცხოვრონ ხელუხლებელ გარემოში ხეებისა და სუფთა წყლის გარემოცვაში.

  • გაუჩო და არგენტინის პამპა

    გაუჩო და არგენტინის პამპა

    პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის,  სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.

    დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.

    მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?

    XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.

    კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ.  გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.

    გაუჩო  არგენტინა  პამპა

    XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.

    ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.

  • ესკიმოსები

    ესკიმოსები

    ამერიკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე მსოფლიოს უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ძირძველი მცხოვრებნი ესკიმოსები შეადგენენ. დანარჩენები ევროპელები, ძირითადად კი დანიელები არიან. ეს არცაა გასაკვირი რადგან,   გრენლანდია დანიის სახელმწიფო ტერიტორიას წარმოადგენს.

    ესკიმოსები მონღოლოიდურ რასას მიეკუთვნებიან.  კუნძულზე  სულ  50 ათასამდე მცხოვრებია და  აქედან ესკიმოსების რაოდენობა 40 ათასამდეა. ისინი 50-მდე პატარა ქალაქში ან სოფელში ცხოვრობენ.  კანადასა და გრენლანდიაში ტერმინი ესკიმოსი არ გამოიყენება, მის ნაცვლად იქაური ესკიმოსების თვითდასახელება – ინუიტი  გამოიყენება, ხოლო  ალასკაში იუპიკებისთვის დასახელება ესკიმოსი საყოველთაოდაა გავრცელებული. გრენლანდიელი ესკიმოსები კი უფრო ხშირად თავს უბრალოდ გრენლანდიელებს უწოდებენ, ხოლო საკუთარ ენას კალაალისუტს.

    ინუიტები, რაც თარგმანში „ნამდვილ ხალხს“  ნიშნავს ცხოვრობენ ალასკაში ბერინგის ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე,  კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე, ნუნავიტის, კვებეკის, ლაბრადორისა და გრენლანდიის სანაპიროებზე.  მიუხედავად ფართო არეალისა, მათი ყოფითი კულტურა ჰომოგენურია.

    ტრანსპორტისთვის ინუიტები იყენებდნენ ერთადგილიან ნავებს – კაიაკებს, რომელიც გადაჭიმული ტყავისგან მზადდება. კაიაკები ძირითადად სათევზაოდ გამოიყენებოდა. ხალხის გადასაადგილებლად კი მოზრდილი ნავები – უმიაკები გამოიყენებოდა.  უმიაკი ხის ჩარჩოზე გადაჭიმული ტყავით მზადდება. ხმელეთზე გადასაადგილებლად კი ძაღლებით შებმული მარხილები გამოიყენება. ვინაიდან არქტიკაში ორიენტირების მოძებნა ჭირს, ინუიტები საორიენტაციოთ აშენებდნენ ქვის ინუკშუკებს.

    ინუიტები ტანსაცმელს ცხოველების ტყავისგან კერავდნენ.  გრძელი ზამთრის მანძილზე ინუიტები ცხოვრობდნენ თოვლისგან აშენებულ თავშესაფარებში – იგლუებში,   ხოლო ზაფხულში – ტყავებისგან გაკეთებულ კარვებში.

    სქესთა შორის სამუშაოს განაწილება ინუიტებში ტრადიციული იყო, კაცები ნადირობდნენ და თევზაობდნენ, ხოლო ქალები ბავშვებს ზრდიდნენ და ბანაკს უვლიდნენ. ქორწინება ყოველთვის მონოგამიური არ იყო. როგორც წესი სექსუალურად ღის ქორწინებები ჰქონდათ. პოლიგამიაც მიღებული იყო. მამაკაცები ქორწინებისთვის მზად იყვნენ იმ ასაკიდან, როდესაც მათ საკუთარი თავის გამოკვება შეეძლოთ. როგორც წესი ქორწინების საკითხებს მთელი ტომი წყვიტავდა.

    ინუიტებს მდიდარი ფოლკლორი აქვთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ზეპირად გადაეცემოდა თაობებიდან თაობას.

    ესკიმოსები  უბადლო მონადირეები. მათ   უყვართ  ზეიმებს მოწყობა,  რაც ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებასა  და ხანგრძლივ პოლარულ ღამეებს.

  • რას შეისწავლის მოსახლეობის გეოგრაფია?

    რას შეისწავლის მოსახლეობის გეოგრაფია?

    მოსახლეობის გეოგრაფია ჩამოყალიბდა და დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა, როგორც ზოგადი გეოგრაფიის ქვედარგი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური) გეოგრაფიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფორმირება, მოსახლეობის გეოგრაფია წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ერთ-ერთ ქვედარგს.

    მოსახლეობის გეოგრაფია სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც მოსახლეობის განსახლების, მოძრაობისა და სტრუქტურის გეოგრაფიულ (ტერიტორიულ, სივრცით) ასპექტებს შეისწავლის. მისი ძირითადი ამოცანაა მოსახლეობის განსახლებისა და მოსახლეობის ორი მნიშვნელოვანი მახასიათებლის – მოძრაობისა და სტრუქტურის შესწავლა და მათი გეოგრაფიული თავისებურებებისა და კანონზომიერებების გამოვლენა.

    მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ეხმარება სახელმწიფოსა და საზოგადოებას უკეთ გაუმკლავდეს მოსახლეობის ისეთ ცვალებად მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად მოთხოვნა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვ.

    დემოგრაფიული მდგომარეობის განსასაზღვრად, გამოიყენება ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა მოსახლეობის რიცხოვნობა, შობადობისა და საკვდილიანობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სქესობრივ-ასაკობრივი განაწილება, განათლების დონე, მიგრაცია.

    მოსახლეობის გეოგრაფიის ძირითადი მიმართულებებია:

    * მოსახლეობის გეოგრაფიის თეორიული საკითხები – მოიცავს მოსახლეობის გეოგრაფიის ცნების, კვლევის საგნის, კვლევის მეთოდების განსაზღვრას და მის კავშირს სხვა მეცნიერებებთან;

    * დემოგეოგრაფია – შეისწავლის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირების ტერიტორიულ საკითხებს, ასევე მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურის გეოგრაფიული თავისებურებებს.

    * მიგრაციების გეოგრაფია – სწავლობს ადამიანების გადაადგილებას სივრცესა და დროში.

    * განსახლების გეოგრაფია – იკვლევს მოსახლეობის განსახლების სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების ფორმირებისა და განვითარების ტერიტორიულ, ასევე მათ ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ასპექტებს.