პანტანალი ნაკრძალია ბრაზილიაში და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარეობს, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140. 000 კმ²-სა და 195. 000 კმ²-ს შორის. აქ გვხვდება ცვალებადი სუბრეგიონული ეკოსისტემა და თითოეულისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.
პანტანალის ტბორების 80% წვიმიანი სეზონისას წყლით ივსება. ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.
უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.
პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე 3 500 სახეობის მცენარის სამშობლოა.
ალპების მთიანი რეგიონი თავად ალპებს, მიმდებარე ზეგნებსა და დაბლობებს მოიცავს. ალპები, ერთ-ერთი უდიდესი და უმაღლესი მთათა სისტემაა ევროპაში. მთები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდეაგადაჭიმული და დიდი მაღალმთიანი რეგიონია მის ირგვლივ მდებარე ვაკე, ბორცვიან და საშუალო სიმაღლის რაიონებს შორის.
ალპების მთიანი რკალი 1200 კმ-ზეა გადაჭიმული და მრავალი ქედისგან შედგება, რომლებიც მთათაშუა ხეობებითა გაყოფილი. მთების სიგანე 50-დან 260-კმ-მდე იცვლება. ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207 ათასი კმ². ალპები ახალი, ალპური დანაოჭების დროს წარმოიშვა.
ალპები იყოფა შედარებით მაღალ – დასავლეთ ალპებად და უფრო დაბალ და ფართო აღმოსავლეთ ალპებად (უმაღლესი მწვერვალი ბერნინას მთა, 4049 მ). დასავლეთ ალპებში მდებარეობს მთლიანად ალპების უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (თეთრი მთა), რომლის სიმაღლე 4808 მ-ია. ალპების ქედებს, რომლებიც მაგარი ქრისტალური ქანებითა არის აგებული, წვეტიან, დაკბილული მწვერვალები და ფლატოვანი კალთები აქვთ. მთები ციცაბოდ ეშვებიან პადანის დაბლობისაკენ.
მონბლანი სიმაღლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ-ია. მთის ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთი კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამური კურორტი შაბინი, სადაც ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა.
ალპები დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება.
ალპებში ბევრი ნალექი მოდის, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში. ალპებისთვის მეტად დამახასიათებელია უხვთოვლიანი ზამთრის სეზონი, მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი; გამონაკლისს შეადგენს მთების ქვედა კალთები და წინამთები, სადაც ზამთარი ხანგრძლივი არ არის და არც ტიპიურია. მთებში 2500-3000 მ სიმაღლეზე ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის.
კლიმატური პირობები და მთების მნიშვნელოვანი სიმაღლე ხელს უწყობენ მყინვარების განვითარებას, რომლებიც აქ სიდიდით გამოირჩევიან. ზოგიერთი მყინვარი 10 და 25 კმ სიგრძესაც კი აღწევს. ალპებში თოვლის ხაზი ჩრდილოეთით 2500 მ-ზე, ხოლო სამხრეთით 3000-3200 მ-ზე გადის. თანამედროვე გამყინვარებას მთებში 4140 კვ. კმ. ფართობი უკავია, მყინვარების რაოდენობა კი 1200-ია.
ალპებში ყველაზე გრძელი და ფართობით უდიდესია ალეჩის მყინვარი ბერნის (შვეიცარია) ალპებში. მისი ფართობი 86.8 კმ²-ია, ხოლო სიგრძე 24.7 კმ-ს უდრის. ალეჩის მყინვარი 1450 მ სიმაღლეზე ეშვება. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს. 2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).
ალპების მაღალმთიან სარტყელსა და ჩრდილო კალთებზე გავრცელებულია ფიონი – თბილი, მშრალი მძაფრი ქარი, რომელიც დროდადრო მთებიდან ხეობებისაკენ უბერავს. ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მატულობს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი. ფიონი ხშირად განსაკუთრებულ სიმძლავრეს აღწევს. იგი ორი/სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ კი ფიონი იმდენად ძლიერია, რომ სახლებს სახურავებს აცლის და ნგრევას იწვევს დასახლებულ ადგილებში. იგი, აგრეთვე, თოვლის ძლიერი სწრაფი დნობის გამო მთების მდინარეების უეცარ ადიდებას და წყლის მოვარდნას იწვევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთების ბუნებისა და მოსახლეობისათვის ფიონები სასარგებლოა: გაზაფხულზე იგი მთებში თოვლის დნობას აჩქარებს, შემოდგომაზე კი ცხელი ჰაერის ქროლვით ხორბლეულისა და ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს. ალპების ზოგ მთიან რაიონში სიმინდისა და ყურძნის მოყვანა მხოლოდ ფიონის გამო არის შესაძლებელი.
ალპების მთები დასავლეთი ევროპის მთავარ ჰიდროგრაფიულ კვანძს წარმოადგენს. მისი მყინვარებიდან მრავალი მდინარე იღებს სათავეს. ეს მდინარეები ჩქარია და წყალუხვი, განსაკუთრებით ზაფხულში. მათზე ბევრია ჩანჩქერი. ალპების მთების ქედებიდან სათავეს იღებენ ევროპის უდიდესი მდინარეები: რაინი, რონა, დუნაი, პო და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: აარე, როისი, დიურანსი, დრომი, იზერი, დრავა, ენსი, ინი, ოლო, ადა, ტიჩინო და ა.შ. მდინარეებზე აგებულია ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებენ ქალაქებს, სოფლებსა და საწარმოებს.
ალპებში ბევრია ტბები, რომლებიც სიღრმითა და სანაპიროს უცნაური მოხაზულობებით გამოირჩევიან. ისინი ალპებს განაკუთრებულ სილამაზეს აძლევენ. მათი ნაპირები მჭიდროდაა დასახლებული და დაფარულია ბაღებით და ზვრებით. ალპების ტბებიდან აღსანიშნავია ლაგო-მაჯორეს, კომოს, გარდას, ფირვალდშტეტის, ბრიენცის და სხვ. ტბები.
კომოს ტბა ალპების სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 198 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომელთა სიმაღლე 2000 მ-დან (სამხრეთით) 2400 მ-მდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) მერყეობს. ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. ნაპირები უმეტესად ციცაბო, კლდოვანი და მაღალია. ტბის სიგრძე 47 კმ-ია, სიგანე 4 კმ., ხოლო უდიდესი სიღრმე 414 მ. ტბა მდიდარია თევზით, თუმცა ტბის გაჭუჭყიანების გამო, თევზის პოპულაცია კლებულობს. კომოს ნაპირებთან ბევრი კურორტია. ტბა განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, ველური ბუნებითა და მთის კურორტებით. კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.
ალპებში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. გავიხილოთ როგორ იცვლებიან ბუნებრივი სარტყლები ალპების სამხრეთ კალთებზე მის უფრო ტენიან დასავლეთ ნაწილში.
ალპების მთისძირები, რომელიც ხელსაყრელია ადამიანის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის ანთროპოგენულ ლანდშაფტს უკავია და ყანებით, ბაღებითა და ზვრებითაა დაკავებული. უცვლილი სახით ბუნება აქ ნაკლებადაა შემორჩენილი. ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. იშვიათად გვხვდება წაბლის, ფიჭვის, ზოგჯერ წიფელისა და მუხის პატარა კორომები. მთის ძირები და მიმდებარე ვაკეები შედარებით მჭიდროდაა დასახლებული და კარგადაა ათვისებული.
უფრო მაღლა, 1800 მ-მდე, ზომიერი ტემპერატურის მქონე ტენიანი ჰავის პირობებში ტყეების სარტყელი მდებარეობს. დასაწყისში ეს ხშირი წიფლისა და მუხის ტყეებია. ტემპერატურის კლების შესაბამისად მას შერეული და წიწივიანი ტყეები ცვლის. აქ განვითარებულია ეწერი ნიადაგები.
ძლიერი ქარების გამო ფიჭვის, არყის და სხვ. ხეები ტანბრეცილია. ბუჩქნარებიდან გავრცელებულია დეკა და ღვია. ამ ზონის ზემოთ ალპური მდელოების ზონაა, რომელსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ.
ტყეებს ზემოთ, 2000-2100 მეტრამდე, სადაც ყინვიანი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული იცის, სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს სარტყელია, რომლისათვისაც დამახასიათებელია ბუჩქნარებისა და მდიდრი მდელოს მცენარეულობა. აქ მკაცრი ზამთარი, ხანმოკლე და გრილი ზაფხულია, იცის ძლიერი ქარები. დასაწყისში ხშირი, მაღალბალახოვანი მდელოებია დაბალი მიწაზე გართხმული ბუჩქნარებით – დეკით, ღვიითა და მთის ფიჭვით. ბალახი თანდათან უფრო დაბალი ხდება. ასეთ მდელოებს ალპური მდელოები ჰქვიათ. ისინი კარგი საზაფხულო საძოვრებია.
ალპურ მდელოებს დაბალი სიმაღლის (10-15 სმ) ბალახეული მცენარეები ქმნის, რომელბიც მთებში იზრდება. ისინი შორიდან ჭრელ, მრავალფეროვან ხალიჩას წააგავს და ამიტომ მათ „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ. ალპური მდელოები კავკასიონის მთებში 3000-3200 მ სიმაღლეზე გვხვდება.
ალპური მდელოები, 3000 მ სიმაღლიდან მარადი თოვლისა და ყინულების ზონით იცვლება, რომელსაც ნივალურ ზონას უწოდებენ.
მრავალრიცხოვანი ხეობებისა და უღელტეხილების წყალობით მთები შედარებით ადვილად გადასალახავია. გრძელმა გვირაბებმა გაკვეთეს ქედები , მთებში გაყვანილია სარკინიგზო და საავტომობილო გზები. შვეიცარიის ალპებში აღსანიშნავია: სიმპლონის გვირაბი, ალბულის გვირაბი, გოთარდის საბაზო გვირაბი და გოტარდის გვირაბი. ბევრ საკურორტო ქალაქში მოქმედებს საბაგირო გზა, რომლის საშუალებითაც ტურისტები მყინვარებამდე ადიან.
მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი სარკინიგზო გვირაბი – სიმპლონის გვირაბი ალპებში, შვეიცარიასა და იტალიაში, სიმპლონის უღელტეხილის მახლობლად, 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 1898 წელს დაიწყო. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ლუდვიგ ფორერის ძალისხმევით გვირაბი 1906 წლის 10 მაისს გაიხსნა, მაგრამ მშენებლობა საბოლოოდ 1921 წელს დასრულდა. გვირაბი ორი ერთლიანდაგიანი გვირაბისაგან შედგება, რომელთაგან პირველი 19,7 კმ, ხოლო მეორე 19,8 კმ სიგრძისაა.
ალპები ტურიზმის ცენტრია. აქ განვითრებულია ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით განვითარებულია ზამთრის სახეობების სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვ.). ზაფხულში ალპებში პოპულარულია ველოსიპედებით რბოლა, პარაპლანი და სხვ.; ტბებში აქტუალურია სერფინგი.
დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი ცერმატი. ასევე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია დავოსი, რომელიც ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არაერთი საყოველთაოდ ცნობილი კურორტია თავმოყრილი იტალიის ალპებშიც. მთების ლამაზი ბუნება პეიზაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრ ტურისტს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ალპების უნიკალური ფლორა და ლანდშაფტები, თანდათან შეიცვალა: მდინარეთა ხეობები გადაიქცა ბეტონისა და ასფალტის ხაზოვან აგლომერაციებად, ხოლო გზებისა და სათხილამური ტრასების მშენებლობამ გამოიწივია ეროზია. ალპებში მდებარე ბევრი ქალაქი განიცდის ჰაერის ძლიერ გაჭუჭყიანებას.
და კიდევ:
1973 წელს ალპებში ჩატარდა მყინვარების აღნუსხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა 1828 მყინვარი, საერთო ფართობით 1342 კვადრატული კილომეტრი.
ალპების მიმართ ინტერესი XVIII-XIX საუკუნეებში გაჩნდა. შვეიცარიელი ფიზიკოსმა ორას ბენედიქტ დე სოსიურმა XVIII საუკუნეში ბოტანიკური გამოკვლევების მიზნით იმოგზაურა ალპებში. სოსიურმა არაერთი ასვლა განახორციელა ალპების მთების მწვერვალებზე . იგი ასევე იკვლევდა მყინვარებს, ხოლო 1779-1796 წლებში ნაშრომის „ალპებში მოგზაურობა“ გამოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარამყინავრების შემსწავლელ მეცნიერებას – გლაციოლოგიას.
ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.
ალასკაზე ნავთობის აღმოჩენა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი გეოლოგიური აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევრაკუძულის გეოლოგიური შესწავლა მე-20 საუკუნის 20 -იან წლებში დაიწყო, პირველი ნავთობი ალასკის სამხრეთით მდებარე კუკის ყურისა და კენაის ნახევარკუნძულის რაიონებში 1950 წლების ბოლოს აღმოაჩინეს. საძიებო სამუშაოები ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობდა – ყინულის ბლოკები, ცხრა მეტრიანი ტალღები ხელს უშლიდა ჭაბურღილების დადგმას.
პირველი წარმატების შემდეგ გეოლოგებმა ალასკის უკიდურესი ჩრდილოეთი რაიონების – ბრუქსის ქედის კალთებისა და ბოფორტის ზღვის სანაპირო დაბლობის ათვისება გადაწყვიტეს. შდეგმაც არ დააყოვნა და 1968 წლის 18 მარტს ერთ-ერთი, პრადჰო-ბეის ჭაბურღილიდან ნავთობის შადრევანმა ამოხეთქა. საბადოს აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ეკოლოგიური, საკანონმდებლო და პოლიტიკური დებატები მშენებლობასთან დაკავშირებით.
ტრანსალაკისური ნავთობსადენი ალაკის ჩრდილოეთით მდებარე ნავთობის საბადო პრადჰო-ბეიში მოპოვებული ნავთობის ამავე ნახევრკუნძულის სამხრეთით მდებარე ნავსადგურ ვალდიზსში ტარნსპორტირებისთვის აიგო. ნავთობსადენი ალასკის შტატის ტერიტორიაზე ჩრდლოეთიდან სამხრეთისაკენ 1288 კმ-ზე გადის და ნედლი ნავთობის გადამტან მილსადენს, 12 სატუმბ სადგურს, რამდენიმე ასეული მილის სიგრძის დამხმარე მილსადენსა და ვალდიზის ტერმინალს მოიცავს. მილსადენი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და კომპანია «Alyeska Pipeline Service Company»-ს ეკუთვნის. ნავთობსადენის მშენებლობა 1973 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ დაიწყო და 1977 წელს ამოქმედდა. ნავთობზე ფასების ზრდამ პრადჰო-ბეიში მისი მოპოვება ეკონომიურად ხელსაყრელი გახადა.
ნავთობსადენი, რომელსაც „მერვე საოცრებასაც“ უწოდებენ ამერიკული წარმოშობის რუსმა ინჟინერმა ეგორ პოპოვმა დააპროექტა. 1288 კმ სიგრძის ნავთობსადენი დახლოებით 800 მდინარესა და ნაკადულს, მათ შორის ალასკის უდიდეს მდინარეს იუკონს, სამ ქედს და სამ აქტიურ გეოლოგიურ რღვევას, მათ შორის დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს შორის რღვევას – დენალის გაივლის. ნავთობსადენის მშენებლობაში სამი უდიდესი ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტოლიუმი, „ ექსონი“ და „ატლანტიკ რიჩფილდი“ მონაწილეობდა. იმ დროისათვის ისინი ამ საბადოს ლიცენზიას ფლობდნენ.
როგორც ავღნიშნეთ, ნავთობსადენის მშენებლობა რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ბევრ პრობლემას ქმნიდა დაბალი ტემპერატურა, გაუვალი და უდაბური ტერიტორია, მაღალი სეისმური აქტივობა, პოლარული ღამეები, მარადი მზრალობა, რის გამოც საჭირო გახდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავება. დღევანდელი ტრანსალასკური ნავთობსადენი დაცლილ მდგომარებაში -57 0C ყინვას უძლებს, ხოლო ნავთობით შევსებული – + 630C სითბოს.
პრადჰო-ბეის ნავთობის საბადომდე მისასვლელად და ნავთობსადენის მომსახურეობისთვის 1970 წელს ალასკაზე გაიყვანეს გზა დალტონი. ეს ერთადერთი გზაა ამ ტერიტორაზე, რომელიც ჩრდილოეთ პოლარულ წრეს კვეთს. მდინარე იუკონზე გადასვლისას ნავთობსადენი 1975 წელს აშენებულ ამ მდინარეზე აშშ-ს ერთადერთ 688 მ სიგრძის ხიდზე – ე.ლ. ლატონზე გადის. ასევე აშენებული იქნა 29 სამშენებლო ბანაკი.
ტრანსალაკისური ნავთობსადენი დღემდე საინჟინრო და სამშენებლო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. მარადი მზრალობის გამო ნავთობსადენის თითქმის ნახევარი – დაახლოებით 680 კმ დედამიწის ზედაპირის ზემოთაა და სპეციალურ 6 მეტრიან ხიმინჯებზეა გადებული. მიწისქვეშა ნაწილები კი გრუნტის ხასიათიდან გამომდინარე 2,5-დან 5 მ-მდე სიღრმეზეა ჩადებული. სულ მშნებლობაზე 70 ათასამდე ადამიანი მუშაობდა,რომელთა ყოველკვირეული ხელფასი 2-3 ათას დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში ნავთობსადენის მშენებლობა 8 მლრდ დოლარი დაჯდა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა.
2010 წლის მონაცემებით საერთო ჯამში ნავთობსადენით დაახლოებით 16 მლრდ ბარელი ნავთობი იქნა გადაზიდული. მას აშშ-ში მოპოვებული ნავთობის 17% გადააქვს. ნავთობსადენის მილის მაქსიმალური გამტარობა 2136 ბარელია დღე-ღამეში. 12 სატუმბი სადგური, რომლებიც ნავთობსადენის გასწვრივ 80-120 კმ-ითაა ერთმანეთისაგნ დაშორებული 10 კმ/სთ სიჩქარით ქაჩავენ ნავთობს. ნავთობს მთელი გზის გასავლელად ხუთი და მეტი დღე-ღამე სჭირდება. ნავთობსადენით ყოველდღიურად 600 ათასი ბარელი ნავთობი გადააქვთ.
ტრანსალასკური ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მილსადენია. იგი ისეა დაპროექტებული, რომ 8,5 ბალის მიწისძვრას უძლებს. 2002 წელს დენალიში მომხდარ 7.9 მაგნეტუდის მიწისძვრას ნავთობსადენი არ დაუზიანებია, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ნავთობსადენიდან სულ რაღაც 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. ნავთობსადენზე უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმურადაა დაცული: ყოველ სამ კვირაში მილებს სპეციალური საშაულებებით პარაფინისგან წმენდენ, ელექტრონული მოწყობილობები ნებისმიერ ხარვეზს აფიქსირებენ, დღეში რამდენჯერმე ხორცილედება დაკვირვება ვერტმფრენების საშუალებით და ასევე იყენებენ თანამგზავრულ კავშირს შესაძლო ავარიის წინასწარი პროგნიზირების მიზნით.
ნავთობსადენის მშენებლობამ ძლიერ შეაშფოთა ეკოლოგები, თუმცა განხილვებისა და კვლევების შედეგად მათი ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული. მშენებლობის დროს და მისი დასრულების შემდეგ გარემოს დაცვაზე დაახლოებით 7 მლრდ დოლარი დაიხარჯა, რაც ლამის თავად ნავთობსადენის მშენებლობაზე დახარჯული თანხის ტოლია. სპეციალურად შეიქმნა მილქვეშა და მილზედა გადასასვლელები ჩრდილოეთის ირმებისთვის -კარიბუებისთვის. მშენებლობის პროცესში ტრასის მიმართულება იშვიათი ფრინველების ბუდეების განლაგების მიხედვით იცვლებადა. მონადირეებს აკრძალული ჰქონდათ მილის ორივე მხარეს 8 კმ-ის დაშორებით მიახლოება. შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის მოპოვება, ნავთობსადენის მშენებლობა და გარემოს დაცვა ერთობლივად ხდება.
მიუხედავად ამისა ნავთობსადენის ამოქმედების შემდეგ ადგილი ჰქონდა ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერიოზულ ინციდენტს. 2006 წელს პრადჰო-ბეის საბადოს რაიონში მილი დაზიანდა და დაახლოებით მილიონი კუბომეტრი ნავთობი დაიღვარა. ნედლი ნავთობით მეჩხერად დასახლებული ალასკის სანაპიროს თოვლიანი ტუნდრის 1 ჰა დაიფარა. ამიტომაც ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო და იგი დროებით დაიხურა.
ნავთობადენის მშენებლობამ და მისმა ექსპლუატაციამ ქალაქების ვალდიზის, ფერბაქსისა და ანკორიჯის სწარფი ზრდა გამოიწვია. ნავთობსადენზე და ნავთობსაწარმოებში ალასკის ყოველი მეათე მცხოვრებია დასაქმებული. შემოსავლი ისე გაიზარდა, გაუქმდა საგადასახადო ბეგარა და დამატებითი გადასახადი პროდუქტებზე. გარდა ამისა, ალასკაზე შტატის მთავრობის წარმომადგენლებმა ალასკის მუდმივმოქმედი სპეციალური ფონდი დაარსეს, საიდანაც შტატის თითოეული მაცხოვრებელი ყოველწლირად 800 დოლარის ოდენობის ჩეკს იღებს.
ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს, ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და საიდანაც ვრცელდებოდა სხვადასხვა კულტურა. ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებით და ცხოვრების წესით განსხავავებულირამდენიმე სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს, შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი აღსდგა. ამჟამად ქვეყნის აფრთობი 20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ სავალი გზაა.
მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და, საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული. დღესდღეობით სანაპრიო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ამისთვის უწყლობასა და უნაყოფობასტან ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება და დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები.
ისრაელის ჩრდილეოთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები მ.შ. მღვიმეები.
ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე ნაკრძალების სამეფოდ აქცია: აქ ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახობების აღდეგინა და შენარჩულების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“ და ზოოლოგიური ნაკრძალი „ჰაიბარია“ შექმნილი. ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს.
ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება. იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.
ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მკვდარი ზღვის შეასხებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად მისი დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია. ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართვათან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა.
ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ 70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისრაელელების ცხოვრების წესი განსხვავებულია თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან -სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში მსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვერბამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტარალური ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.
ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით 81.5 წელი და ამ მაჩვენებლით უსწრებს აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს.
ისრაელი ურბანიზებული ქვეყანა და მოსახლეობის 90 % ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს აქვს ქალაქის სტატუსი, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ.
ისრაელის დასახლებებს შორის აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში 270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთი სალაროში, საიდან შემდეგ ხდება კომუნის წვერების უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება.
ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი ქნესეთი. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.
ქნესეთის შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი ასევე ებრაელმა არქტიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, როემლიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსასხსოვრა ისრელის სახლემწიფოს.
ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება ორი ურჯი ზოლი გასდევს და ებრაელტა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდის – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სხელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.
თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის. ისრაელში ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაში აისახა. მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ. ქვეყანა განახლებად რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. შენობების 90% მზის ენერგიაზე მუშაობს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპაიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან 500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.
ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქტიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
და ბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისარელმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე მეგობრული და პარტნიორული კავშირებით აგრძელებს.
სოლფატარა ჰოლოცენური ასაკის ვულკანური კრატერია და იტალიაში, ნეაპოლის დასავლეთით, ქალაქ პოცუოლის მიდამოებში მდებარეობს. იგი ჩამქრალი ვულკანია, თუმცა მისი კრატერიდან ჯერ კიდევ შეინიშნება ორთქლისა და გოგორდის გამოყოფა.
სოლფატარა დაახლოებით 4000 წლის წინ წარმოიქმნა. მისი უკანასკნელი ამოფრქვევა 1198 წელს დაფიქსირდა.
ვულკანის კრატერის დიამეტრი 770 მ-ს უდრის. მისი ფსკერი ბრტყელია და თიხისებრი ქერქითაა მოფენილი. ადგილ-ადგილ პატარა ორმოებია წარმოქმნილი, რომლებშიც გოგირდი და ტალახი დუღს, ასევე განუწყვეტლივ ამოდის ორთქლი. ქარს კი ამ ორთქლთან ერთად გადააქვს ნახშირორჟანგიც.
კრატერის ერთ-ერთი კედელშია ე.წ. ”ძაღლის გამოქვაბული”, სადაც დიდი რაოდენობით აირი გამოიყოფა და რის გამოც იქ მობინადრე ცხოველები იღუპებიან.
სოლფატარა ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტია. აქ გვხვდება ფუმაროლები (ხვრელი დედამიწის ან სხვა კლდოვანი პლანეტის ზედაპირზე, საიდანაც გამოიყოფა ცხელი ვულკანური აირები და ორთქლი, ყოველგვარი თანმხლები სითხეებისა და მყარი ნივთიერებების გარეშე) და ტალახიანი აბაზანები. ორთქლს სამკურნალო მიზნებისთვისჯერ კიდევ რომის იმპერიაში იყენებდენ.
ამჟამად, ”სოლფატარად” ისეთი ვულკანები იწოდება, რომლებიც 200 გრადუსის ტემპერატურის მქონე გაზს და ორთქლს გამოყოფენ.
ალბათ, არცერთ მდინარეს არა აქვს იმდენი სახელი, რამდენიც ამაზონს: მდინარეების დედოფალი, არაჩვეულებრივი, საკვირველი, ბუნების საოცრება და ყველა მათგანი სიმართლეს შეესაბამება.
ამაზონი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი (სიგრძე 6992 კმ) და ყველაზე წყალუხვი მდინარეა. წარმოიდგინეთ ოცი ისეთი მდინარე, როგორიც ვოლგაა ან ათი ისეთი, როგორც ენისეია და მიიღებთ ამაზონს. უამრავ შენაკადებს შორის 17 მდინარე, 500-დან 3500 კმ-ის სიგრძისაა: რიუ-ნეგრუ. მადეირა, მარანიონი, უკაიალი, შინგუ და სხვა.
მდინარის წყალშემკრები აუზი 7.2 მლნ კვ.კმ-ია. ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება ავსტრალია ან აშშ. ეს ტერიტორია დაყოფილია ბრაზილიის, ბოლივიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორს შორის. ოფიციალურად მდინარის სათავედ მდინარე უკაიალს კი არ თვლიან, რომელიც მარანიონზე გრძელია, არამედ უფრო უხვწყლიან მარანიონს მიიჩნევენ. სათავე, სადაც მარანიონი ქედებს შორის ჩაჭრილ ხეობაში მოედინება, არაჩვეულებრივი და თავისებური ადგილია მთელ დედამიწაზე. ბუნება თანდათან იცვლება, მრავალფეროვანი და დიდებული ხდება, თანდათანობით მატულობს ტემპერატურა და ტენიანობა, მცენარეულობით მდიდარ ტყეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია. უკაილთან შეერთების შემდეგ მარანიონი ამაზონის სახელით მოედინება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას – სოლიმოესს უწოდებს. ორი კილომეტრის სიგანის ამაზონი შენაკადების შეერთების შემდეგ კიდევ უფრო ფართოვდება და ბრაზილიელები მას ”მდინარე-ზღვას~ ეძახიან.
შესართავში მდინარე დელტას ქმნის, რომელშიც უამრავი კუნძულია. მათ შორის ყველაზე დიდ კუნძულზე – მარაჟუზე თავისუფლად დაეტევა შვეიცარია ან ბელგია.
მთელი წლის განმავლობაში ამაზონი წყალუხვია, რაც იმით აიხსნება, რომ მისი შენაკადები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მიედინებიან. წელიწადის ერთ დროს მარცხენა შენაკადებია წყალუხვი, მეორე დროს კი – მარჯვენა.
შესართავიდან თითქმის ათას კილომეტრზე იგრძნობა მოქცევა: დროდადრო შესართავიდან მდინარის დინების საწინააღმდეგოდ დიდი ხმაურით მოგორავს გიგანტური, აქაფებული ტალღები. ვაი იმ ნავს და გემს, რომელსაც ეს ტალღა წამოეწევა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ მოვლენას ”პოროროკ-პოროროკას” – დამანგრეველს უწოდებენ. აქედან წარმოსდგა ტალღის სახელწოდებაც – პოროროკა. ინდიელთა ზოგიერთი ტომი პოროროკას ”ამაზუნუს” – ანუ მგვრგვინავ წყალს ეძახის. გეოგრაფები თვლიან, რომ აქედან მოდის მდინარის სახელწოდებაც. ინდიელები ამაზონს ასევე უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე), პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).
არის სხვა ვერსიაც. გადმოცემით მდინარე ნაპოს ხეობაში (ამაზონის შენაკადი) ცხოვრობდა ინდიელთა ტომი კუა. ამ ტომის მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმები და ტანზე შემოხვეული ნაჭერი ქალის ქვედაკაბას წააგავდა. აბორიგენებთან ორთაბრძოლაში ევროპელებმა ვერ გაარჩიეს კაცებს ებრძოდნენ თუ ქალებს. ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ აქ მეომარი ქალები – ამაზონები ცხოვრობდნენ.
შეიძლება უცნაურად ჩათვალოთ, მაგრამ მდინარის შესართავი 1500 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ვისენტე იანსენ პინსონმა, 1743 წელს ფრანგი შარლ მარიდე დე კონდამინი შედარებით უფრო ზევით აუყვა მდინარეს. საბოლოოდ 1955 წელს გერმანელ-პერუელთა ექსპედიციამ შედარებით სრულყოფილად გამოიკვლია მდინარე ამაზონი.
ამაზონის აუზი სავსეა განძით. აქ არის: ალმასი, ოქრო, ვერცხლი, უჩვეულო და მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი მცენარეები და ცხოველები. ტყით არის დაფარული უზარმაზარი ტერიტორია, სადაც 2500 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეა ( შედარებისთვის კუნძულ შრი-ლანკაზე, რომელიც მცენარეთა სახეობებით მდიდარ კუნძულად ითვლება 1500 სახეობას, ხოლო ასევე ბიომრავალფეროვნებით მდიდარ კუნძულ იავაზე 1100 სახეობას ითვლიან). მცენარეები 5-6 იარუსად იზრდება. ზოგიერთი გოლიათი ხე 70-150 მ სიმაღლისაა, სიგანე კი 10-12 მეტრს აღწევს.
ამაზონის ტყეები ჩვენი პლანეტის მწვანე ორანჟერეა – ბუნების განუმეორებელი საოცრებაა. მხოლოდ ადგოლობრივებს შეუძლიათ ტყეში უშიშრად სიარული, სადაც ადამიანს ყოველ ნაბიჯზე საშიშროება ემუქრება. ბრაზილიელებიც კი ამაზონის ტყეებს ”მწვანე ჯოჯოხეთს” უწოდებენ. აქაურ ტყეში შეხვდებით ხეებს, რომლებსაც დიდი სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის. ძნელია ყველას ჩამოთვლა, მაგარმ ზოგიერთს მანც ავღნიშნავთ: თუნდაც გიგანტური ბერტოლეცია, რომელიც განთქმულია გემრიელი და ნოყიერი, ე.წ. ბრაზილიური კაკლით. იგი 70% ცხიმს, 17% ცილებს, 4% მინერალურ მარილებს შეიცავს. 2 კგ -იან წონის ნაჭუჭში 10-20-მდე კაკალი თავსდება. ქარის დროს ამ ხის ქვეშ ყოფნა შემგროვებლისთვის შეიძლება სასიკვდილოც გახდეს. ადგილობრივი მცხოვრბელები კაკალს აგროვებენ და ქვეყნის გარეთ გააქვთ, რაც დიდ შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს. აქვეა ე.წ. რძის ხეები, რომელთა წვენი ფერით და გემოთი მართლა რძეს წააგავს და საკვებადაც იყენებენ; შოკოლადის ხე, რომლისგანაც მაღალხარისხოვან პროდუქტს კაკაოს – ”ღმერთების საკვებს” ღებულობენ; ნესვის ხე, რომლის ნაყოფი გემოთი ნესვს წააგავს და 2-3 კგ-ს იწონის; ცინამონი, რომელსაც ნაზი სუნი აქვს. ქინაქინის ხის ქერქისგან კი ქინაქინას, მალარიის სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ. ტყეში არის ხეები, რომელთა მერქანი საცობზე უფრო მსუბუქია, მაგრამ ზოგიერთის კი ისეთი მაგარია, რომ გალესილი ცულიც ვერ ერევა.
ტყეში განსაკუთრებული ადგილი პალმას უკავია. აქ მისი მრავალი სახეობაა გავრცე-ლებული: პალმა ბაბასუ, რომლის კაკლისგან მაღალხარისხოვან ცხიმს ამზადებენ; პალმა ასაის ახალგაზრდა ყლორტები საკვებად გამოიყენება, ნაყოფისაგან კი სასიამოვნო სასმელს ამზადებენ. ”ვინც ერთხელ მაინც იგემა პალმა ასაის წვენი, ის აუცილებლად დაბრუნდება ამაზონის ტყეში” – ამბობენ ბრაზილიელები. განსაკუთრებით ბევრი სიკეთე მოაქვს ქოქოსის პალმას. ”სიცოცხლის ხე”, ”უნივერსალური მაღაზია” – ასე სხვადასხვანაირად იხსენიებენ მას აქაურები. მისი ღეროსგან ამზადებენ ავეჯს, იარაღს, ნავებს და სხვა მრავალ¬ საგანს. ქოქოსის პალმის ნაყოფი და ნაზი ყლორტები საკვებად გამოიყენება. ნაყოფის წვენისგან ღვინოს, შაქარს, ვაჟინს და სხვა პროდუქტს ამზადებენ.
ამაზონის ტყეების ძვირფასი საჩუქარია ჰევეა – კაუჩუკის ხე, რომელსაც ინდიელები ასე უწოდებენ ”კაუჩუ” ანუ ”ჯოხი, რომელიც რძეს იძლევა”.
ამაზონის ტყეებში მრავალი ფრინველი, ცხოველი, მწერი, ტერმიტი, ქვეწარმავალი ბინადრობს. მაგალითად, უჩვეულო სილამაზის და სიდიდის პეპელა მორფეო მენელაუსი, რომლის ფრთებისგან შესანიშნავი სუვენირები მზადდება. არიან ქვეწარმავლები, რომლებსაც საკვებად იყენებენ და რომელთა ტყავისაგან ნაირნაირ საგნებს ამზადებენ.
ამაზონის წყლები მდიდარია თევზით. მხოლოდ ამაზონში, შენაკადების გარეშე, 750 სახეობის თევზია. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, პირარუკუ და აპარაიმი 4-5 მეტრის სიგრძისაა და 200 კგ-ს იწონიან. ბრაზილიელები მათ ”ამაზონის ხარებს~ უწოდებენ. მრისხანე, სისხლის მსმელი პირანია მხოლოდ 30-50 სმ სიგრძის თევზია, მაგრამ მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ნიანგის. ამიტომ მას ”კაციჭამია~ შეარქვეს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა მხოლოდ სასიკეთოდ როდი შეაღწია ამაზონეთის სიღრმეში, მას დიდი ზიანიც მიაყენა. საავტომობილო მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, უთუოდ ხელს შეუწყობს ხელუხლებელი ბუნების განადგურებას ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.
კომოდოს ეროვნული პარკი ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე მდებარეობს. პარკი სამ დიდ (კომოდი, პადარი, რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს მოიცავს. მათი საერთო ფართობი 1 733 კმ²-ია. 1980 წელს, პარკი კომოდის ვარანის – მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა. მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც. პარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის – კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილ-მონტაგი (100 ც), ფლორეს (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.
პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილი ზღბის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელს ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 800 მმ-ia. ოქტომბერში, ტემპერატურა 40°C -ის ფარგლებშია.
პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ საუკეთესო პირობებს ქმნის ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობა მანგროს ტყეებს მოიცავს.
პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაყრდნობილინ ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 1991 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.
ყველა განვითარებული ქვეყანა და მათ შორის კანადაც, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნების დაცვას. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს ასრულებს ეროვნული პარკები.
1885 წელს კლდოვან მთებში, მინერალური წყლებით მდიდარ ტერიტორიაზე გაიხსნა კანადის პირველი ეროვნული პარკი – ბანფი. პარკი პროვინცია ალბერტას ქალაქ კალგარიდან 110-189 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი ფართობი 6641 კვ.კმ-ია.
არამარტო კანადაში, მთელს ამერიკაში ყველაზე დიდია ვუდ-ბაფალოს ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია და ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში, ათაბასკასა და მონების ტბებს შორის მდებარეობს. ეს პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.
პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან 183 მეტრიდან 945 მეტრამდე მერყეობს, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო ქალაქ ფორტ-სმიტშია, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორის მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ათაბასკის დელტას. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ათაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.
1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ათაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.
გროს-მორნის ეროვნული პარკი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 1805 კმ²-ს შეადგენს და ის სიდიდით მეორეა კანადაში. სწორედ ნიუფაუნდლენდის ამ ნაწილში მდებარეობს აპალაჩის მთები. გროს-მორნის ეროვნული პარკი 1973 წელს დაარსდა, 1987 წელს კი იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. გროს-მორნი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით.
ნაჰანის ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში, ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში მდებარეობს. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ). პარკი 1976 წელს შეიქმნა. სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივთა დენეს ენიდან და ნიშნავს ”ნაჰას ხალხის მიწის მდინარეს“.
პარკში გვხვდება გოგირდოვანი წყაროები, ტუნდრა და შერეული წიწვოვანი-ალვის ხეების ტყეები. მრავლადაა ტუფი. 2009 წლის 9 ივნისს, კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით პარკის ტერიტორია ექვსჯერ გაიზრდება და მისი სამომავლო ფართობიც 30 000 კმ²-ს მიაღწევს. ახალ ტერიტორიებში ბინადრობს დაახლოებით 500 ერთეული გრიზლი, ტყის კარიბუს ორი სახეობა, ასევე ალპური ცხვრისა და თხის რამდენიმე სახეობა. 1978 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
თვითმფრინავის ფანჯრიდან ქალაქი ჰავანა უცნაურად მოღუნულ გიგანტურ ხვლიკს წააგავს მკვეთრად გამოხატული თავით, ელასტიკური გრძელი ტანითა და კუდით. თუ ჰავანას ზღვიდან უახლოვდებით, შთაბეჭდილება სულ სხვანაირია: ცათამბჯენების სიმრავლე, ჭვარტლის ღრუბელი ქალაქის თავზე, სიმწვანის ნაკლებობა, ერთმანეთის მსგავსი ქუჩები და პროსპექტები, თანამედროვე ქალაქი-გიგანტი, უღიმღამო და ერთფეროვანი, რომლის მსგავსი ბევრია ევროპულ დასავლეთში. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ როგორც კი ნაპირზე მოხვდები ამ უზარმაზარი გიგანტის ტყვეობაში აღმოჩნდები.
ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.
ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ესპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.
ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს. შვიდწლიანი ომის დროს 1762 წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.
1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.
ყველა ქალაქს აქვს თავისი ცენტრი, მაგრამ ჰავანაში ეს ცნება დარღვეულია. 23-ე ქუჩა თუ რევოლუციის მოედანი, სანაპირო მალეკონი თუ მე-5 ავანიდა, კაპიტოლიუმი თუ პრეზიდენტის ხეივანი – ყველა ცენტრია, თუმცა ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის ცალკეულმა რაიონებმა, წარსულში დამოუკიდებელმა ქალაქებმა შექმნეს თანამედროვე ჰავანა. ამიტომაც ძნელია გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ცენტრის პოვნა და მაინც: რაიონი ვედადო ყველაზე უფრო მიესადაგება ე.წ. ქალაქის ”ცენტრს”.
მექსიკის ყურიდან იწყება მრავალკილომეტრიანი პრეზიდენტის ხეივანი, სადაც ვხვდებით ტროპიკული სარტყლის თითქმის ყველა სახეობის მცენარეს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბოტანიკურ ბაღში სეირნობ. აქედან პირდაპირ რევოლუციის მოედანზე გამოდიხარ, სადაც ქალაქის სამი რაიონი იყრის თავს.
საღამოობით, როდესაც შუადღის პაპანაქება მინელდება, ჰავანელები სეირნობენ, თევზაობენ, ზღვის სანაპიროს სილამაზით ტკბებიან. ძველ ჰავანას შენარჩუნებული აქვს ესპანური იერი – 2-3 სართულიანი შენობები, გრძელი და ვიწრო ქუჩები. აქვეა კაპიტოლიუმის მკაცრი შენობა, სადაც ახლა კუბის მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული. მის ირგვლივ კი შესანიშნავი პარკია ეროვნული გმირების ძეგლებით. აქ იწყება ცნობილი პრადო – ქუჩა-ხეივანი.
ჰავანის ფეშენებელური რაიონია მირამარი. ეს რაიონი ამერიკელი და ადგილობრივი ბანკირების, მინისტრების, ბიზნესმენების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ”მობინადრენი” ახალგაზრდობამ შეცვალა და ამჟამად ბეკადოსი – მოსწავლე-სტიპენდიანტები და სტუდენტები არიან ამ მყუდრო ბინების ბინადარნი.
მირამარეშია განთქმული საზღვაო აკვარიუმი. ეს არის მექსიკის ყურის ნაწილი, რომელიც მინის კედლებითაა ყურისგან გამოყოფილი, ზევით კი ღიაა. აკვარიუმში ტროპიკული ზღვების ყველა ბინადარია, მათ შორის ზვიგენები, გიგანტური კუ და შხამიანი ბარიკუდაც.
ყველა ქალაქი თავისებურია, ყველას აქვს მისთვის დამახასიათებელი და სხვებისგან განსხვავებული ნიშნები. ასეთი თავისებური და განსხვავებულია ჰავანაც.