ატაკამის უდაბნო (ესპ. Desierto de Atacama) სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე თითქმის 1000 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული. უდაბნოს ფართობი 105,000 კვ, კმ-ია და ჩილეს ჩრდილოეთით მდებარეობს.
ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში, რაც NASA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. ატაკამას ზოგიერთ მეტეოროლოგიურ სადგურზე წვიმა არასდროს დაფიქისირებულა. ნალექის გარეშე ოთხ წლამდე პერიოდები რეგისტრირებულია უდაბნოს ცენტრალურ სექტორში, რომელიც ჩილეს ქალაქებს – ანტოფაგასტას, კალამასა და კოპიაპოს – შორის მდებარეობს. ატაკამაში ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 1 მმ-ია. გეოგრაფიულად, ატაკამას სიმშრალე იმით აიხსნება, რომ იგი ორი საკმაოდ მაღალი მთიან სისტემას შორის (ანდები და ჩილეს სანაპირო ქედი) მდებარეობს. ორივე – ანდების მთები და ჩილეს სანაპირო ქედი, რომლებიც გარს აკრავს ამ უდაბნოს, ბლოკავს ტენიანობას, რის გამოც ატაკამას უდაბნო მცენარეულობისთვის ერთგვარ სასიკვდილო ზონად აიქცევა.
დღის განმავლობაში უდაბნოში ტემპერატურამ შეიძლება 40º C-ს მიაღწიოს, ხოლო ღამით კი 5º C-მდე დაეცეს. მთელი წლის განმავლობაში, დღეების 90%-ზე მეტი მზიანია.
ატაკამა მსოფლიოში ბუნებრივი ნატრიუმის ნიტრატის უდიდესი მარაგით გამოირჩევა. ნატრიუმის ნიტრატს სასუქებისა და ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის იყენებენ. 1940-იან წლებში ამ მინერალის მოპოვების, რომელსაც ასევე ჩილეს მარილს უწოდებენ, ბუმი იყო. დღეს უდაბნოში მრავლადაა მიტოვებული სამთო ქალაქები. საინტერესოა, რომ 1800-იანი წლების ბოლოს ჩილესა და ბოლივიას შორის დავა დაიწყო ატაკამას გამო (Guerra del Pacífico – წყნარი ოკეანის ომი), რადგან ორივე ქვეყანა აცხადებდა, რომ ამ უზარმაზარი სამთო პოტენციალის მქონე რეგიონის კანონიერი მფლობელები იყვნენ. ომის ბოლოს ჩილემ აიღო კონტროლი მთელ რეგიონზე.
ატაკამას ნიადაგის ნიმუშები ძალიან ჰგავს პლანეტა მარსის ნიმუშებს. ამ მიზეზით, NASA უდაბნოს წითელ პლანეტაზე მისიების ინსტრუმენტების შესამოწმებლად იყენებს. ატაკამას ხშირად მარსზე სცენების გადასაღებ ადგილადაც იყენებენ, როგორც მაგალითად სატელევიზიო სერიალში Space Odyssey: Voyage to the Planets.
მიუხედავად იმისა, რომ ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში და საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა დღის განმავლობაში, აქ მთების მაღალი მწვერვალები თოვლით არის დაფარული.
ატაკამას უდაბნო დედამიწაზე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადგილებს შორის, სადაც წელიწადში 300+ დღე მზიანია და ღრუბლების გარეშე. უღრუბლო ცისა და სიმაღლის გამო იგი საუკეთესო ადგილია ჩვენს პლანეტაზე ობსერვატორიებისთვის. ბოლო წლებში უდაბნოში მსოფლიოში უდიდესი სახმელეთო ტელესკოპი დადგეს, სადაც 66 რადიოტელესკოპის მიერ გადაღებული სურათების დახმარებით ვარსკვლავების ფორმირებაზე დაკვირვება მიმდინარეობს.
მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მეცნიერების ვარაუდით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებით არის გამოწვეული და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის პროცესებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა, როდესაც ადამიანებმა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისება. სწორედ ამ დროს აღინიშნა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფები. მსოფლიო აღმოჩნდა სერიოზული საშიშროების წინაშე, რადგან გარემოსადმი მიმართულმა ასეთი გაუაზრებელი/მომხმარებლური დამოკიდებულებამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა მომავალ თაობებს.
კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციითაა გამოწვეული, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ამ გაზებს „სათბური გაზები“ ჰქვია და მას მიეკუთვნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და ა. შ. რაც უფრო მაღალია “სათბურის აირების” კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა იწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდა კლიმატური კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვალა ნალექების რაოდენობა და განაწილება. აგრეთვე შეიცვალა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდა მყინვარები, გადაშენდა ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდა დაავადებათა რიცხვი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა მთელი რიგი სამთავრობათაშორისო კონფერენციები და შეხვედრები კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებით; მსოფლიოს მთავრობებმა დაიწყეს მზადება ჩარჩო კონვენციის მომზადებაზე და 1992 წლის 9 მაისს, რიო დე ჟანეროში, 154 სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კლიმატის ცვლილების კონვენციას. კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლიდან. რაც იმას ნიშანვდა, რომ მსოფლიოს ლიდერებმა ერთხმად აღიარეს კლიმატის ცვლილება და დაიწყეს ერთობლივი ღონისძიებების გატარება მისი შერბილების მიზნით. კლიმატის ცვლილების კონვენციის საბოლოო მიზანია მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატურ სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.
მოყოლებული აქედან, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში. კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში უდუდესი როლი აკისრია ალტერნატიული ენერგიების სწორ და რაციონალურ გამოყენებას. რაც მეტად დავნერგავათ და აქტიურად გამოვიყენებთ განახლებად ენერგიას,მით უნფო მეტ სარგებელს მოვუტანთ გარემოს და დავაკმაყოფილეთ მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნებს.
ამერიკის პირველი რუკა 1500 წელს ხუან დე ლა კოსამ შეადგინა, რომელიც ქრსტეფორე კოლუბის ექსპედიციის მონაწილე იყო. პერგამენტზე დახაზული და მდიდრულად გაფორმებული ხუან დე ლა კოსას რუკა ესპანეთის დედოფალ იზაბელასთვის საჩუქარად იყო განკუთვნილი. ამ რუკაზე ამერიკის მხოლოდ აღმოსავლეთი სანაპიროა გამოსახული, რადგან ანდების მთებამდე პირველაღმომჩნებმა ვერ მიაღწიეს.
შვიდი წლის შემდეგ გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზემიულერმა შექმნა მსოფლიოს რუკა, რომელზეც კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს პირველად ეწოდა ამერიკა. რუკა ხის 12 დაფაზე იყო დაბეჭდილი.
საინტერესოა, რომ ამერიკა და აზია ვალდზემიულერმა ერთმანეთისგან დიდი ოკეანით გამოყო, თუმცა წყნარი ოკეანის შესახებ მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.
2003 წელს აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ 10 მლნ დოლარად იყოდა ამ რუკის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ეგზემპლარი.
პირი-რეისის ამოუცნობი რუკა
ერთ-ერთი პირველი რუკა, რომელზედაც სამხრეთ ამერიკა და ანტარქტიდა იყო გამოსახული თურქ ზღვაოსნს, ადმირალ პირი-რეისის ეკუთვნოდა და გაზელის ტყავზე იყო დახაზული. იგი 1513 წლით თარიღდება, მაგრამ მასზე უკვე აღნიშნულია ის ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
პირი რეისის რუკაზე აღნიშნულია ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი სანაპიროები და ატლანტის ოკეანის კუძულები. სამხრეთი ამერიკა მონიშნულია საკმაოდ ზუტად, უფრო მეტიც, ამ კონტინენტზე ანდების მთებიც კია გამოსახული, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. გარდა ამისა, პირი რეისის რუკაზე ასევე დატანილია ანტარქტიდაც, რომელიც მხოლოდ 1820 წელს იქნა აღმოჩენილი. მაგარმ ეს არცაა გასაკვირი: ძველი დროის ბევრი კარტოგრაფი ვარაუდობდა ე.წ. ”სამხრეთი მიწების” არსებობას. თუმცა რუკაზე არაა აღნიშნული დრეიკის სრუტე, რომელიც ანტარქტიდას სამხრეთ ამერიკიდგან გამოყოფს. რუკის წარწერები კი გვამცნობენ, რომ ანტარქტიდის კლიმატი თბილია და იქ დიდი გველები ბინადრობენ.
მე-20 საუკუნეში, როცა ეს რუკა აღმოაჩინეს, ბევრმა ეჭვი შეიტანა მის ნამდვილობაში, რამეთუ ასეთი სიზუსტის მიღწევა მხოლოდ აეროფოტოების, ქრონომეტრისა და სფერული ტრიგონომეტრიის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი მე-16 საუკუნეში არ არსებობდა. დღემდე არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელიც დაამტკიცებს ამ რუკის ნამდვილობას ან ფალსიფიკაციას. თავად პირი რეისი წერდა, რომ მან რუკის შექმნისას ძველი რუკები გამოიყენა, მათ შორის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მასალები და ქრ. კოლუმბის ” საიდუმლო რუკა”.
მერკატორის არქტიკა.
ძველი საბერძნეთში არსებობდა ლეგენდა ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტის ჰიპერბორიის შესახებ, სადაც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ, სადაც მუდამ მხიარულება სუფევდა და არ იყო სიკვდილი.
” აქ მზე ნახევარი წლის განმავლობაში ანათებს… მნათობი მხოლოდ ერთხელ – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს ამოდის და მხოლოდ ერთხელ – ზამთრის ნაბუნიობის დღეს ჩადის. ეს ქვეყანა სულ მზითაა განათებული და გამთბარი, ამიტომაც აქ ძალიან კარგი კლიმატია, ქარები კი საერთოდ არ ქრის… ” – წერდა პლინიუს უფროსი ჰიპერბორიის შესახებ.
ითვლებოდა , რომ ჰიპერბორიის ცენტრში ზღვა მდებარეობდა, საიდანაც გამოედინებოდა და ოკეანეში ჩაედინებოდა ოთხი დიდი მდინარე. სწორედ ასე გამოსახა არქტიკა ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერჰარდ მერკატორმა. ეს რუკა 1595 წელს, მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გამოვდა. მერკატორმა არქტიკის გარშემო, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარეობდა, საკმაოდ ზუსტად გამოსახა გრენლანდია, ისლანდია, სკანდინავია, ამერიკისა და ევრაზიის ჩრდილოეთი ნაწილები.
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ძველად ჩრდილოეთ პოლუსზე შესაძლებელია ნამდვილად არსებობდა კონტინენტი, თუმცა სავარაუდოდ ის მერკატორამდე დიდი ხნით ადრე – მინიმუმ 5 ათასი წლის წინ, იქნა დატბორილი.
არის პაციფიკი!
მარის პაციფიკი (Maris Pacifici) —წყნარი ოკეანის პირველი ნაბეჭდი რუკაა, რომლის ავტორია აბრაჰამ ორტელიუსი და 1589 წელს გამოიცა. რუკა ფრანს ჰოგენბეგის მიერ შედგენილ ამერიკის რუკასა და ვაზ დურადოს 1568 წლის იაპონიის აღწერას ეფუძნება.
წყნარი ოკეანე რუკაზე ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისაკენაა გადაჭიმული და სამხრეთიდან ფართო სამხრეთის მიწის ტერიტორიითაა შემოსაზღვრული, რომელიც თითქმის ამერიკის სამხრეთ დაბოლოებას ებჯინება.
ავსტრალიისა და ანტარქტიდის აღმოჩენა
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ავსტრალიის აღმოჩენამდე, ამ კონტინენტს რუკებზე უკვე გამოსახავდნენ. ანტიკური დროის გეოგრაფები აღიარებდნენ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელეთს უკავია. არც თუ ისე იშვიათად, მას როგორც ” სამხრეთის მიწას”, ლათინურად Terra Australis , ისე მოიხსნიებდნენ. სწორედ ამ ჰიპოთეზის წყალობით აღმოაჩინეს ევროპელებმა ავსტრალია. ოკეანეთი პირველად მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა გამოკვლეული პორტუგალიელებისა და ესპანალების მიერ, ხოლო პირველად ავსტრალიის მიწას 1605 წელს ჰოლანდიელებმა დაადგეს ფეხი.
ძველ რუკებზე ანტარქტიდას, ავსტრალიის მსგავსად, სამხრეთის მიწად მოიხსენიებდნენ. ზოგჯერ ის სამხრეთ ამერიკასთან იყო გაერთიენებული, როგორც ეს პირი რეისი რუკაზეა. ავსტრალიის აღმოჩენის მერე ჰიპოთეტური ხმელეთი რუკებიდან გაქრა. ასე მაგალითად, ჯეიმ კუკის მიერ 1776 წელს შედგენილ სამხრეთ ნახევარსფეროს რუკაზე, ანტარქტიდის მაგივრად გაუვალი ყინულებია აღნიშნული. ამასთან, კუკი არ უარყოფდა, რომ ამ ადგილას მიწა არსებობდა: ” მე არ დავიწყებ იმის უარყოფას, რომ პოლუსთან ახლოს შესაძლებელია არსებობდეს კონტინენტი ან მნიშვნელოვანი ფართობის ხმელეთი. პირიქით, მე დარწმუნჯებული ვარ, რომ ასეთი მიწა ნამდვილად არის და ჩვენ მხოლოდ მისი ნაწილის დანახვა შეგვიძლია. ”
ანტარქტიდა 1820 წელს აღმოაჩინეს რუსმა ზღვაოსნებმა ფადეი ბელიჰაუზენმა და მიხაილ ლაზარევმა. ხოლო ამ კონტინენტზე პირველად ამერიკული გემის ” სესილიას” ეკიპაჟის წევრებმა დაადგეს ფეხი 1821 წელს.
მოგზაურობა ადამიანთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, და შეიძლება ითქვას, უსაყვარლეს საქმიანობას წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. ახალი ტერიტორიების, ქვეყნების მონახულება- გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებები, ამავე დროს, ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაცაა.
დღეს, როცა ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ფოტოები და ჩვენი პლანეტაც თითქმის მთლიანად შესწავლილია, კიდევ უფრო საინტერესოა ძველი რუკები, რომლებზეც დედამიწა სხვადსხვაგავრადაა გამოსახული. განვიხილოთ რა,დენიმე მათგანი.
ბაბილონური რუკა მესოპოტამიაში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-8-7 საუკუნეებში შექმნილი და ჩვენამდე მოღწეული, თიხის ფირფიტა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს რუკად ითვლება. ეს ბაბილონური რუკა-სქემა იმდრონდელ მსოფლიოს ასახავს. ამ რუკაზე დედამიწა ზღვებითა და ოკეანეებითაა გარშემორტყმული, რომელსაც” მლაშე წყალს” უწოდებდნენ. რუკაზე ზღვების გადაღმა სამკუთხედებია აღნიშნული, რომლებიც სავარაუდოდ შორეული მიწების მთებს უნდა აღნიშნავდეს.
ბაბილონურ რუკაზე აღნიშნულია სახელმწიფოები: ურარტუ (არარატი, თანამედროვე სომხეთი), ასირია (თანამედროვე ერაყი), ელამი (თანამედროვე ირანი) და თავად ბაბილონი. ამ ქვეყნებს შუა გაედინება მდინარე ევფრატი.
ერტოსთენეს კუნძული
ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.”
პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, ერატოსთენეს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ კირენაში. ითვლება, რომ სწორედ ამ მეცნიერმა, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, დაამკვიდრა ტერმინი ” გეოგრაფია”. გარდა ამისა მან პირველმა დახაზა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც თავად ” ერთმანეთის გვერდით გამავალ ხაზებსა” და ”შუადღემდე ხაზებს ” უწოდებდა.
ერატოსთენეს მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობს. ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა კი დუღდა და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ
გადარჩებოდა.
პტოლემეს რუკა
მრავალი საუკუნის განმავლობაში ძველი ბერძენი მეცნიერის პტოლემეს მიერ ჩვენს ერამდე 150 წლით ადრე შექმნილი მსოფლიოს რუკა ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლებოდა. ეს რუკა თან ერთვოდა რვა ტომიან ტრაქტატს ” გეოგრაფიის სახელმძღვანელო”. პტოლემეს რუკამ ჩვენამდე ორიგინალის სახით ვერა, მაგრამ სხვადსხვა ვარინატით მოაღწია.
პტოლემეს რუკაზე აზიას უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და ჩრდილოეთ პოლუსიდან თითქმის ეკვატორამდეა გადაჭიმული, რის გამოც წყნარი ოკეანის ფართობი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ინდოეთის მოხაზულობა მკვეთრად დამახინჯებულია. აფრიკა თანდათან გადადის terra incognita -ში , რომელსაც მთელი სამხრეთი პოლუსი უკავია. სკიფიიდან ჩრდილოეთით მითიური ქვეყანა ჰიპერბორეა მდებარეობს, ხოლო ამერიკისა და ავსტრალიის შესახებ კი არაფერია ცნობილი.
მართალია, დედამიწის გარშემოწერილობა ზუსტად ჯერ კიდევ ერატოსთენემ გამოთვალა, მაგრამ პტოლემემ სხვა, მცდარი, ¼ ნაკლები ზომა გამოიყენა. სწორედ პტოლემეს რუკის წყალობით ცდილობდა ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას, როცა მან თავისი მოგზაურობა ესპანეთიდან დაიწყო და სულ დასავლეთით მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის აღმოჩენის შემდეგაც კი ადამიანები კიდევ დიდი ხნის განმავლკობაში იყენებდნენ პტოლემეს რუკას.
ახალი წელი მხიარული, ნათელი და ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. მის შესახვედრად დიდი ხნით ადრე ვიწყებთ მზადებას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ დღეს ყველაფერი ძალიან ორიგინალური, დაუვიწყარი და მხიარული გვინდა რომ იყოს.
მსოფლიოში რამდენი ქვეყანაცაა, იმდენი საახალწლო ტრადიციაა. ქვეყნების სხვადასხვა სასაათო სარტყელში მდებარეობის გამო ახალი წელიც სხვადასხვა დროს დგება. ვნახოთ სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს.
ყველზე პირველად ახალ წელს ოკეანეთში მდებარე შობის კუნძულების შემადგენელ კუნძულ კირიტიმატის მცხოვრებლები ხვდებიან. ასევე პირველები ზეიმობენ ახალი წლის დადგომას ქ. ნუკუალოფას (ტონგას სამეფოს დედაქალაქი) მაცხოვრებლები.
+0.15 — კუნძული ჩატემი (ახალი ზელანდია) , რომელიც ახალი ზელნდიიდან მოშორებით მდებარეობს მეორე ხვდება ახალ წელს. ამ კუნძულზე სპეციალური სასაათო სარტყელია.
+1.00 — შემდეგ ახალი წელი უკვე თავად ახალ ზელანდიაშიც დგება. წლის დადგომას ამავე დროს ხვდებიან ანტარქტიდის სამხრეთ პოლუსის მკვლევარები.
+2.00 — ახალი წელი უკვე რუსეთშიც, უფრო კონკრეტულად, კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში (ანადირი და კამჩატკა) დგება. დღესასწაულს ასევე ზეიმობენ ფიჯის, ნაურუს, ტუვალუს და წყნარ ოკენანეში მდებარე სხვა კუნძულებზე.
+2.30 — კუნძული ნორფოლკი (ავსტრალია).
+3.00 —აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილი (სიდნეი, მელბურნი, კანბერა) და წყნარ ოკეანეში მდებარე ზოგიერთი კუნძული ( ვანუატუ, მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები და სხვ.). უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში ახლ წელს გრანდიოზულად ხვდებიან. მართალია, აქ ახალი წელი, ჩვეულებრივ 1 იანვარს აღინიშნება, მაგრამ ამ დროს იქ ისეთი სიცხეა , რომ ფიფქია და თოვლის ბაბუა საჩუქრებს საცურაო კუსტუმებში გამოწყობილები არიგებენ. ახალი წლის ღამეს სიდნეის თავზე კი ისეთ ფეირვერკებს უშვებენ, რომ მათი შემჩნევა 16–20 კმ–ის რადიუსის ფარგლებშიც შესაძლებელია. +3.30 — სამხრეთი ავსტრალია (ადელაიდა).
+4.00 — ავსტრალიაში კვინსლენდის შტატი (ბრისბენი), რუსეთის ნაწილი (ვლოდივოსტოკი) და ზოგიერთი კუნძული – პაპუა–ახალი გვინეა, მარიანის კუნძულები.
+4.30 — ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორია (დარვინი).
+5.00 — იაპონია და კორეა. ახალი წლის აღნიშვნის მეტად საინტერესო ტრადიცია აქვთ იაპონიაში. იაპონიაშიახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს, ამიტომ ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას. ასევე ახალი წლის ღამეს ყველა იაპონელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იცინოს, რადგან სჯერათ, რომ სიცილი მათ წარმატებას მოუტანს ახალ წელს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ისინი ტაძარს სტუმრობენ, სადაც 108–ჯერ რეკავენ ზარს. ზარის თითო ხმა თითო ცოდვას შეესაბამება. მართალია, ცოდვა სულ 6–ია, მაგრამ თითეოულ მათგანს კიდევ 18 სხვადასხვა ელფერი აქვს და ჯამში 108 გამოდის. ზარის თითეოულ ჩამორეკვას თან მიაქვს ცუდი. საახალწლო აქსესუარებიდან კი მეტად პოპულარულია ბედნიერების ომულეტი – მინიატურული ფოცხი და ამიტომ ყველა იაპონელი ყოველ ახალ წელს ახალ ომულეტს ყიდულობს ბედნიერების „მოსაფოცხად“.
+6.00 — ჩინეთი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ნაწილი და ავსტრალიის დარჩენილი ტერიტორია. ჩინეთში ახალ წელს 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე ახალმთავრეობისას აღნიშნავენ. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. პროცესიის დროს ათასობით ფანარი ინთება, რადგან ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წელს ბოროტი სულები ებრძვიან და ამიტომ მათ განდევნას ფანრებით და ხმაურიანი ფეირვერკებით ცდილობენ.
+7.00 — ინდონეზია და დანარჩენი სამხრეთ –აღმოსავლეთი აზია.
+7.30 — მიანმარი. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერია გასაბრაზებელი, რადგან წყლის მისხმა მხოლოდ ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,
+8.00 — ბანგლადეში, შრი–ლანკა და რუსეთის ნაწილი (ნოვოსიბირსკი. ომსკი).
+8.15 — ნეპალი.
+8.30 –ინდოეთი.
+9.00 — პაკისტანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და რუსეთის ნაწილი (ეკატერინბურგი, უფა).
+9.30 — ავღანეთი.
+10.00 — საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ნაწილი (სამარა) და ზოგიერთი კუნძული ინდოეთის ოკეანეში.
+10.30 — ირანი.
+11.00 — დასავლეთ აზიის ნაწილი, აფრიკის ნაწილი, რუსეთი (მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი).
+12.00 — რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, ფინეთი, აფრიკის ნაწილი.
+13.00 — დასავლეთი და ცენტრალური ევროპა: დანია, გერმანია, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, და სხვ.; ასევე აფრიკის ნაწილი. გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ტრადიციას. მაგ; იტალიაში არავის უკვირს ახალი წლის ღამეს არასასურველი ნივთების გადაყრა. პირდაპირ ფანჯრებიდან ცვივა ყვავილების ძველი ქოთნები, ავეჯი, ტანსაცმელი და სხვ. იტალიელებს სჯერათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს დატოვებენ ქუჩაში, მით მეტი წარმატება და ფული ექნებათ ახალ წელს. დანიაში კი ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!
+14.00 — დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, აფრიკის ნაწილი.
+15.00 — აზორის კუნძულები.
+16.00 – ბრაზილია.
+17.00 —არგენტინა, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
+17.30 — კუნძული ნიუფაუნდლენდი (კანადა).
+18.00 — აღმოსავლეთი კანადა, კარიბის ზღვის აუზის ბევრი კუნძული, სამხრეთ ამერიკის ნაწილი. საინტერესო ტრადიცია აქვთ კუბაში. აქ ახალი წლის წინ ჭურჭელს – თასებს, ქვებებს, ჯამებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრებიდან ასხავენ. ასევე აუცილებელია, სანამ საათი 12–ჯერ ჩამოკრავს, ყურძნის 12 მარცვალის შეჭმა, რომ სიკეთე, თანხმობა, მშვიდობა და კეთილდღეობა მთელი წელი იყოს მათი თანამდევი.
+19.00 — კანადის აღმოსავლეთი ნაწილი (ოტავა) და აშშ (ვაშინგტონი, ნიუ–იორკი), სამხრეთ ამერიკის დასავლეთი ნაწილი. ახალი წლის ღამეს ნიუ–იორკში ტაიმს–სკვერში ნეონის ათასობით ნათურით განათებულ ბურთს საზეიმოდ უშვებენ.
+20.00 — კანადის ცენტრალური ნაწილი და აშშ (ჩიკაგო, ჰიუსტონი), მექსიკა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა.
+21.00 — კანადის ნაწილი (ედმონტონი, კალგარი) და აშშ (დენვერი, ფენიქსი, სოლტ–ლეიკ–სიტი).
+22.00 — კანადის დასავლეთი ნაწილი (ვანკუვერი) და აშშ ( ლოს–ანჯელესი, სან–ფრანცსკო).
+23.00 — ალასკის შტატი (აშშ).
+23.30 — საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი – მარკიზის კუნძულები.
+24.00 — ჰავაის კუნძულები (აშშ), ტაიტი და კუკის კუნძული.
+25.00 — ყველზე ბოლოს ახალ წელს კუნძულ სამოას მოსახლეობა ხვდება.
აი, ასე ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში – სხვადასხვა ქყეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს: ახალ წელს მხიარულად და სიხარულით ეგებებიან. ახალი წელი ხომ სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია ნებისმიერ ქვეყანაში და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს. ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.
შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.
გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.
გეოგრაფიული გარსის შემადგენელ ნაწილებს – ლითოსფერო, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შორის – არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება და ასევე ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები (მთლიანობა, ნივთიერებათა წრებრუნვა, რიტმულობა და ზონალურობა) განაპირობებს დედამიწის ბუნებრივ იერსახეს, გარემოში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმებს და სხვ. გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება ვლინდებს როგორც გლობალურ (მაგ; გეოგრაფიული სარტყლების და ბუნებრივი ზონების განედური განლაგება, კონტინენტების ბუნებრივი პირობები), ისე რეგიონალურ (ვერტიკალური ზონალობა, ლანდშაფტები) დონეზე.
ნებისმიერი დონის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული კომპონენტებისგან შედგება. გეოგრაფიული კომპონენტებისთვის დამახასიათებელია გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა/არარსებობა. გეოგრაფიული კომპონენტები ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებში წარმოდგენილი ლოთოგენური საფუძვლის (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებით), ჰაერის და წყლის მასების ( მდინარეები, ტბები და სხვ.), ბიოგენური კომპონენტის (მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) სახით. ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების შედეგად ბუნების მეორეული კომპონენტები წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგი, რომელიც ძირითადად, ბიოგენური კომპონენტისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ბტკ) ერთმანთისგან ზომით განსხვავდება. ისინი შეიძლება იყოს, როგორც მცირე ზომის ( მაგ; მდინარის ხეობა), ისე საკმაოდ დიდი ფართობის (მაგ; უდაბნო საჰარა ან ავსტრალიის კონტინენეტი). მცირე ბტკ-ები შესაძლებელია უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლანდშაფტი.
ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და მიწის სახეს, პეიზაჟს, ადგილს ნიშნავს. ლანდშაფტი გენეტიკურად ერთგავროვანი ბუნებრივ- ტერიტორიული (გეოგრაფიული) კომპლექსია, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება, დაკავშირებულია ერთმანეთთან, ურთიერთობს ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.
ბტკ-ში ყველა კომპონენტს სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. მაგ; ლითოგენური საფუძვლის შეცვლა დიდ გავლენას ახდენს სხვა გეოგრაფიულ კომპონენტებზე, მასინ როცა მცენარეული საფარის შეცვლა შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს.
ლანდშაფტმცოდნეობა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. იგი სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.
ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ცნებები :
გეომასები – ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით.
ცნობილია:
აერომასები (ჰაერის მასები);
ლითომასები (გეოლოგიური მასები);
ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
ბიომასები (ფიტომასები – მცენარეების მასები და ზოომასები – ცხოველები).
მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);
გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები – გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში ნივთიერების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა მის ფუნქციონირებას განაპირობებს. მაგ; მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია, როგორც სივრცეში, ისე დროში.
ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასს: მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :
რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
კლიმატის ტიპს;
გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;
ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად, ესენია: ადგილმდებარეობა, უროჩიშჩე და ფაციესი.
ამრიგად, ლანდშაფტი შეიძლება ითქვას ყველაზე პატარა კომპლექსური ბუნებრივი ერთეულია (ფართობით რამდენიმე ათეული ან ასეული კვ.კმ), რომელსაც თავისი ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის განსახლება, ცხოვრება და საქმიანობა.
ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირება ხდება ერთდროული და სხვადასხვა მიმართულების პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით, რაც ლანდშაფტის კომპონენეტების – რელიეფის, კლიმატის, გეოლოგიური სტრუქტურის, ნიადაგის, მცენარეული საფარისა და და ცხოველთა სამყაროს, ასევე ადამიანის საქმიანობის ურთიერთზემოქმედებითაა გაპირობებული.
ერთი ბუნებრივი ლანდშაფტის კომპონენტებს შორის ურთიერთზემოქმედება და ნივთიერებათა ცვლა ერთი ტიპისაა და დამოკიდებიულია მზის ენერგიის რაოდენობასა და მოსვლის რიტმზე. მოცემული პროცესების ერთობლიობა განსაზღვრავს ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების განახლებას და მწარმოებლობას.
ბუნებრივი ლანდშაფტის მაგალითებია დაბლობი, მთა, უდაბნო, ტყე, სტეპი, დაბლობი, ჭაობი, ზღვის აკვატორია და სხვ.
ლანდშაფტს, ერთმანეთისგან არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც განსხვავდებიან. გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.
ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს, ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და საიდანაც ვრცელდებოდა სხვადასხვა კულტურა. ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებით და ცხოვრების წესით განსხავავებულირამდენიმე სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს, შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი აღსდგა. ამჟამად ქვეყნის აფრთობი 20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ სავალი გზაა.
მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და, საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული. დღესდღეობით სანაპრიო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ამისთვის უწყლობასა და უნაყოფობასტან ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება და დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები.
ისრაელის ჩრდილეოთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები მ.შ. მღვიმეები.
ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე ნაკრძალების სამეფოდ აქცია: აქ ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახობების აღდეგინა და შენარჩულების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“ და ზოოლოგიური ნაკრძალი „ჰაიბარია“ შექმნილი. ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს.
ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება. იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.
ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მკვდარი ზღვის შეასხებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად მისი დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია. ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართვათან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა.
ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ 70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისრაელელების ცხოვრების წესი განსხვავებულია თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან -სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში მსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვერბამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტარალური ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.
ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით 81.5 წელი და ამ მაჩვენებლით უსწრებს აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს.
ისრაელი ურბანიზებული ქვეყანა და მოსახლეობის 90 % ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს აქვს ქალაქის სტატუსი, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ.
ისრაელის დასახლებებს შორის აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში 270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთი სალაროში, საიდან შემდეგ ხდება კომუნის წვერების უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება.
ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი ქნესეთი. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.
ქნესეთის შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი ასევე ებრაელმა არქტიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, როემლიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსასხსოვრა ისრელის სახლემწიფოს.
ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება ორი ურჯი ზოლი გასდევს და ებრაელტა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდის – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სხელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.
თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის. ისრაელში ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაში აისახა. მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ. ქვეყანა განახლებად რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. შენობების 90% მზის ენერგიაზე მუშაობს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპაიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან 500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.
ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქტიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
და ბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისარელმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე მეგობრული და პარტნიორული კავშირებით აგრძელებს.
ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.
გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.
წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.
კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.
ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.
ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.
ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.
ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.
ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ და მათ კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა არის კიდევ რამდენიმე კუნძული. საერთო ფართობი დაახლოებით 269 ათასი კვ. კმ-ია.
ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 350 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი დასახლებულია.
საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი? ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.
ახალი ზელანდიის აბრიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არიქპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ ცხოვრობდა ბელადი კუპე. იგი დააკვირდა, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდება. მან გადაწყვიტა ეპოვა კუნძული, სადაც ბინადრობდა კოხოპეროა. იგი ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აი-ტეაროა უწოდა, რაც `გრძელ, თეთრ ღრუბელს~ ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე `მოცურავე~ ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.
მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.
ევროპელებზე უფრო მეტად მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე დაიტანა ახალი ზელანდიის სანაპიროები, მაგრამ არ გაუმხელია თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა. ამიტომ ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეეშინდათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა ახალი ზელანდია ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული.
ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა~ განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა. იგი დიდი რაოდენობით აწარმოებს მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება), თითქმის ყველას უსწრებს რძის პროდუქტებისა და ბანანების ექსპორტით.
მაღალმთიანტბებსშორისყველაზედიდიდაცნობილიტიტიკაკაა(სამხრეთი ამერიკა, ანდებში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე). მისი ფართობი 8300 კმ2-ია და ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მდებარეობისა, იგი არასოდეს არ იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში 27 მდინარე ჩაედინება და 20-მდე მცირე ნაკადული გამოედინება.
ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, კეჩუასა და აიმარას ენებიდან.
ტიტიკაკა მეცნიერებისათვის გამოცანას წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ მისი წყლის ქიმიური შედგენილობა ისეთივეა, როგორც წყნარი ოკეანის წყლისა. ამასთან, მასში ოკეანური ფაუნის ბევრი წარმომადგენელი ბინადრობს.
ტბის სანაპიროზე მდებარეობს უძველესი საპორტო ნაგებობის ნაშთები. თუ ვის მიერაა აშენებული იგი, ჯერაც დაუდგენელია. ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ტიტიკაკა ყოველთვის ტბა არ ყოფილა და იგი ოდესღაც შესაძლებელია დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანესთან.
ტიტიკაკა, ასევე, იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში 41 კუნძული მდებარეობს, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ამანტანიც (Amantani) ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ინდიელებითაა დასახლებული. 800-მდე ოჯახი 6 სოფელშია განაწილებელი.
მოსახლეობა ძირითადად კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც სასტუმრო და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერეტორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივები უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ტიტიკაკას ყველაზე დიდი კუნძულია ისლა-დელ-სოლი (Isla de Sol), რომელიც ბოლივიას ეკუთვნის. არც ამ კუნძულზეა გზები და ტრანსპორტი, მოსახლეობის ძირითად საქმიანობისა და თავის რჩენის სფეროს წარმოადგენს მეცხოველეობა, მიწათმოქმედება, თევზაობა და ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი. კუნძულზე 180 ნანგრევია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ კუნძულზე დაიბადა მზის ღმერთი. ბოლივია და პერუ ტიტიკაკას იყენებენ სანაოსნოდ და ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად. ბოლივიის სამხედრო ძალები ტბაში საზღვაო წვრთნებს ატარებენ.
დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს წაკითხული თუ არა აქვს ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს რომანი ” რობინზონ კრუზო”, ამავე სახელწოდების ფილმი მაინც ექნება ნანახი. ჰოდა, ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, რეალურ ცხოვრებაში მართლა არსებობდა თუ არა რობინზონ კრუზო და სად მდებარეობდა მისი უკაცრიელი კუნძული?
სინამდვილეში, რობინზონი თურმე მართლაც არსებობდა და მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არაა. დ. დეფოს რომანს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტი და წიგნში მხოლოდ მთავარი გმირის სახელი და გვარია შეცვლილი, ხოლო კუნძული სადაც ის ჩარჩა დეფომ ატლანტის ოკეანეში, კარიბის ზღავში ჩამდინარე მდინარე ორინოკოს შესართავთან გადაიტანა. როცა მწერალი წიგნში რობინზონის კუნძულის ბუნებრივ პირობებს აღწერდა, სინამდვილეში კუნძულების ტრინიდადი და ტობაგოს ბუნება დაახასიათა.
და მაინც, სად მდებარეობს რობინზონის ნამდვილი კუნძული ? თუ რუკას დახედავთ, ს.გ 33 გრადუსსა და დ. გ 80 გრადუსზე თქვენ პატარა კუნძულთა ჯგუფს შენიშნავთ. ეს ხუან-ფერნანდესის კუნძულებია, რომლებიც 1563 წელს აღმოაჩინეს და სახელიც მათი პირველაღმომჩენის ესპანელი მოგზაურის პატივსაცემად ეწოდა. ხუან-ფერნანდესის კუნძულთა შორისაა ვულკანური კუნძული მას-ა-ტერა, რომლის სახელი ესპანურიდან თარგმანში ”ნაპირთან ახლოს” ნიშნავს, კუნძული მას-ა-ფუერა, ანუ ” ნაპირიდან შორს” და ასევე კუნძული სანტა-კლარა. ეს სამივე კუნძული ჩილეს ეკუთვნის. პირველი მათგანი ანუ მას-ა-ტერა კი სწორედ რობინზონ კრუზოს რეალური კუნძულია, რასაც იქ აღმოჩენილი წარწერები მოწმობს. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან კუნძულს რობინზონ კრუზოს სახელი ოფიციალურად ეწოდა.
რიბინზონ კრუზოს კუნძულის სიგრძე 23 კმ, სიგანე კი 8 კმ-ია, ხოლო ფართობი 144 კვ.კმ. არქიპელაგის სხვა კუნძულების მსგავსად მისი რელიეფი მთაგორიანია. მისი უმაღლესი მწვერვალის მთა იუნკეს სიმაღლე 1000 მ-ია ზ.დ-დან.
კუნძულის კლიმატი რბილი ოკეანურია. ყველაზე ცივი – აგვისტოს თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12 გრადუსია, ხოლო ყველაზე თბილი თვის – თებერვლის + 19 გრადუსი. კუნძულის დაბლობ ადგილებში სავანებია გავრცელებული, სადაც ალაგ-ალაგ გვიმრები და პალმის ჭალები გვხვდება, ხოლო მთების ფერდობები ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმინაობის გამო საკამოდ შემცირდა. კუნძულის დაცვის მიზნით იგი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. კუნძულზე 100-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობა უნიკალურია. მაგ; ხე ნალკა და პალმა ჩონთა, ასევე მრავლადაა სხვადასხვაგვარი ყვავილები და გვიმრები, რომლებიც მეტი არსად გვხვდება ჩვენს პლანეტაზე. ოდესღაც კუნძული ხშირი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ დღეს მათი ნახვა მხოლოდ ზოგიერთი მთის ძნელად მისასვლელ მწვერვალებზეღაა შესაძლებელი. კუნძულის ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია, ხოლო მთელ კუნძულზე კრისტალური სისუფთავის ნაკადულები მიედინება.
კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით. აქ შეხვდებით კუს, ზღვის ლომებს, ლანგუსტებს, სელაპებსა და სხვა თევზებს. ერთ დროს კუნძულზე თურმე იმდენი სელაპი ბინადრობდა, რომ კუნძულთან მიახლოება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მათ ნიჩბებით იგერიებდნენ. კუნძულის ბინადარია აგრეთვე თხა, რომლის ”წინაპარი” 1563 წელს ხუან-ფერნანდესმა შემოიყვანა.
1709 წლის 2 თებერვალს სწორედ კ. მას-ა- ტერას მიუახლოვდა ინგლისელთა ორი სამხედრო გემი – ”დიუკი” და ”დიუშესი”. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ეკიპაჟებს დასვენება სჭირდებოდათ. 7 მეზღვაური და ოფიცერი კუნძულმდე პატარა ნავით მიცურდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან თხის ტყავისგან დამზადებულ სამოსში გახვეულ მამაკაცთან ერთად, რომელსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. სტუმარი უიმედოდ ცდილობდა კაპიტანისთვის რაღაცის ახსნას, მაგრამ მხოლოდ გაურკვევლ ბგერებს გამოსცემდა, რომელიც თითქოსდა ინგლისურს წააგავდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცმა თავისი საოცარი თავგადასავლის მოყოლა შესძლო. ეს იყო ვინმე ალექსანდრე სელკირკი, რომელიც 1676 წელს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლარგოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა. 19 წლის ასაკში, მშობლებთან გაუთავებელი კონფლიქტის გამო, მან გვარი გამოიცვალა და უკვე სელკირკის გვარით სახლიდან წავიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მეზღვაურად მუშაობდა ინგლისის სამხედრო ფლოტის გემებზე. ერთხელაც მან მოისმინა, რომ სამეფოში ცნობილი მეკობრე დამპირი მეზღვაურებს ეძებდა თავისი გემისთვის. სელკირკსაც ბევრი არ უფიქრია და მასთან მისვლა გადაწყვიტა, თუმცა ის დამპირთან არა, მაგრამ მეორე გემის კაპიტანთან – პიკერინგთან მოხვდა.
1703 წლის სექტემბერში მეკობრეთა გემებმა სტარტი აიღეს. ეს იყო იმ დროისათვის ტიპური მძარველობითი მეკობრული რეისი. ესკადარა პერუს ნაპირებთან ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა და ძარცვავდა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულ ესპანურ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდნენ. მალე პიკერინგი გარდაიცვალა და გემის კაპიტანი ვინმე სტრედლინგი გახდა, რომელიც ვერ შეეწყო დამპირს და ამიტომ მას გამოეყო. გამჭრიახი სელკირკი იმ დროისათვის უკვე კაპიტან სტრედლინგის მეორე თანაშემწედ ითვლებოდა. 1704 წლის მაისში გემი შტორმში მოხვდა, დაზიანდა და ღუზა კ. მას-ა-ტერადან შორიახლოს ჩაუშვა. გემს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა, ეს კი კაპიტანს არ სურდა. სწორედ ამიტომ მასსა და მის თანაშემწეს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად, სტრედლინგის ბრძანების თანახმად სელკირკი უკაცრიელ კუნძულზე გადასვეს და დატოვეს. მას მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაუტოვეს: იარაღი და ტყვიები, დანა, ცული, სათვალთვალო მილი, ცოტა თამბაქო და საბანი.
მართალია, თავიდან სელკირკი სასწარკვეთამ შეიპყრო, მაგარმ მალევე მიხვდა, რომ ეს მის დაღუპვას მოასწავებდა და საქმეს შეუდგა. ” მე მხოლოდ შრომამ გადამარჩინა” – ამბობდა მოგვიანებით მეზღავური. მან პატარა ქოხი ააშენა, კუნძულზე მოგზაურობისას მრავალი საკვებად ვარგისი და გემრიელი მცენარე იპოვა, რომლებიც თავის დროზე თავად ხუან-ფერნანდესმა დარგო. მოგვიანებით სელკირკმა თხებიც მოიშინაურა და ზღვის კუებეზე ნადირობა და თევზაობაც ისწავლა. ყოფილი მეზღვაური ცეცხლს ხახუნით აჩენდა, ხოლო ტანსაცმელს თხების ტყავისგან და საკუთარი ძალებით დამზადებული ლურსმნებით კერავდა. კუნძულზე ცხოვრებისას სელკირკმა სხვა სასარგებლო ნივთებთან ერთად საკუთარი კალენდარიც კი შექმნა.
ასე , სრულ მარტოობაში გაატარა ინგლისელმა უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად 5 წელი, სანამ შემთხვევით ამ კუნძულს ინგლისელი მეზღვაურები კაპიტან როჯერსის მეთაურობით არ ესტუმრნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შემდეგ რაც სელკირკი კუნძულზე გადასვეს, სტრედლინგის გემი შტორმში მოხვდა, ხოლო მისი ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ესპანელებმა დაატყვევეს. როჯერსი მოხიბლული იყო სელკირკის გამჭრიახობით, გამძლეობითა და უნარ-ჩვევებით და იგი თავის თანაშემწედ დანიშნა. ამგვრად, სელკირკი ისევ მეკობრულ საქმიანობას დაუბრუნდა.
1712 წელს სელკირკი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს გამოვიდა კაპიტან როჯერსის წიგნი სათაურით ”კომერციული მოგზაურობა დედამიწის გარშემო” , რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ინგლისელი მეზღვაურის თავგადასავალი. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა: ” ბედისწერის ჩარევა ანუ ალექსანდრე სელკირკის საოცარი თავგადასავლი”, რომელიც მან თავად დაწერა, სამწუხაროდ, ალექსანდრეს არ ჰქონდა მწერლობის ტალანტი და ამიტომ წიგნი თანამედროვეებს შორის წარმატებული არ იყო. მხოლოდ დანიელ დეფოს რომანმა, რომელიც 1917 წელს გამოვიდა, მოუტანა მეზღვაურს ნამდვილი აღიარება, წიგნი კი ბესტელერი გახდა. ახალი წიგნის სათაური საკმაოდ გრძელი იყო: ”ცხოვრება და საოცარი მოგზაურობა რობინზონ კურზოსი, მეზღავურისა იორკიდან, რომელმაც 28 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე”. მიუხედავად იმისა, რომ წიგში მოთხრობილია ვინმე რობინზონ კრუზოს თავგადასავლი, ხოლო მისი კუნძულზე ყოფნის პერიოდი რამდნიმე წლით იყო გაზრდილი, წიგნის მთავარ გმირში მაშინვე იცნობოდა ალექსანდრე სელკირკი. მით უმეტეს, რომ წიგნის პირველ გამოცემაში ავტორი პირდაპირ ამბობდა: ” ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც გახდა ამ წიგნის დაწერის მიზეზი”.
ალექსანდრე სელკირკი 1723 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მის მშობლიურ ქალაქ ლარგოში, მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, სელკირკს ძეგლი დაუდგეს, ხოლო 1868 წელს კ. მას-ა-ტერაზე იმ მთაზე, საიდანაც სელკირკი გემებს უთვალთვალებდა მემორიალური დაფა დადგეს.
აღსანიშნავია, რომ კუნძულის ისტორიაც ისევე საინტრესოა, როგორც თავად სელკირკ-რობინზონის. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე სულაც არ ყოფილა პირველი და უკანასკენლი რობინზონი ამ კუნძულზე. პირველი გადასახლებული მისი პირველაღმომჩენი – ზღვაოსანი ხუან-ფერნანდესია. კუნძულზე მან რამდენიმე წელი გაატარა და შემდეგ კონტინენტზე დაბრუნდა. სწორედ მისი ” სახსოვარია” კუნძულზე ბინადარი თხები, რომლებიც ისე სწრაფად გამრავლდნენ, რომ არც შემდგომი რობინზონები და არც თანამედროვე ადგილობრივი მონადირეები, თხის ხორცისა და რძის დეფიციტს არ განიცდიდნენ.
ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-17 ს-ის 20-იან წლებში კუნძულზე საკამოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, ხოლო 1680 წლის იანვრიდან 1683 წლამდე აქ ინდიელი ვილიამი იმყოფებოდა, რომელიც უცნობი მიზეზების გამო ინგლისელმა მეკობრეებმა დატოვეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ადამიანი გახდა დეფოს რომანის მეორე გმირის – პარასკევას პროტოტიპი. 1683 წლის 22 მარტს ვილიამი ბედის ირონიით ასევე ინგლისელმა მეკობრეებმა იპოვეს და თან წაიყვანეს.
შემდეგი რობინზონების ისტორია ძალიან სახალისოა. 1687 წელს კაპიტან დევისის ბრძანებით კუნძულზე ის ცხრა მეზღვაური გადასვეს, რომელბიც ”ზარს” თამაშობდნენ. მათაც მეტი რა უნდოდათ და კუნძულზე პრაქტიკულად მთელ დროს თამაშში ატარებდნენ. რადგანაც უკაცრიელ კუნძულზე ფულს არანაირი ფასი არ ჰქონდა, ამიტომ მათ კუნძული გაიყვეს და ამ მიწებზე თამაშობდნენ.
პერიოდულად კუნძულს ესპანელები სტუმრობდნენ და მისი მოთამაშე ბინადრების დაჭერას ცდილობდნენ. მეზღვაურთა უპრობლემო ცხოვრება 3 წელს გაგრძელდა. 14 წლის შემდეგ კი კუნძულის ბინადარი ა. სელკირკი გახდა. მის შემდგომაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კუნძული მეკობრეების გასაჩერებელ ადგილს წარმოადგენადა. 1715 წელს კი აქ ესპანელებმა პატარა კოლონია დაარსეს, მაგრამ მიწისძვრის შედეგად მალევე განადგურდა.
მოგვიანებით, 1719 წელს კ. მას-ა-ტერაზე, რაღაც დროით ინგლისელების ფლოტიდან გამოქცეული დეზერტირები ცხოვრობდნენ. ერთი წლის შემდეგ ჩაძირული გემის ”სპიდუალის” ეკიპაჟის წევრები. 1750 წელს აქ ესპანელებმა ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელმაც მოგვინებით ციხის ფუნქცია შეიძინა და აქ ჩილეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ადამიანებს სვავდნენ. მიწისძვრამ ეს შენობაც დაანგრია და კუნძული ისევ გაუკაცრიელდა.
1855 წ. კუნძულზე ჩილედან მოსულმა კოლინისტებმა მორიგი დასახლება დაარსეს. ისინი მიწათმოქმედებას, თევზჭერასა და მესაქონლეობას მისდევდნენ და კუნძულზე საკონსერვო ფაბრიკაც კი ააშენეს. მე-19 ს-ის მიწურულს ჩილეს მთავრობამ საქვეყნოდ ცნობილი კუნძული არენდით მისცა შვეიცარელ ბიზნესმენს ბარონ დე როდტს, რომელმაც აქ ლანგუსტებზე ნადირობის ორგანიზება მოახდინა.
მშფოთვარე მე-20 საუკუნეში, ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე აღმოჩნდა. 1915 წელს კუნძულის ნაპირებთან ინგლისელთა ფლოტმა გერმენელების კრეისერი ”დრეზდენი” ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას-ა-ტერასთან იაპონელი და გერმანელი წყალქვეშა ნავები და მსუბუქი კრეისერები იმალებოდნენ.
მოგვიანმებით ამერიკულმა კომპანიამ რობინზონ კრუზოს ცნობადობის გათვალისწინებით ტურისტებისთვის კუნძულზე სასტუმრო ააშენა. ასევე კუნძულის ხედებით ღია ბარათები გამოუშვა. ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით ის გამოქვებული სარგებლობს, სადაც ვითომდა სელკირკი-რობინზონი ცხოვრობდა; ასევე ის ბორცვი, სიადანაც ის ოკეანეს გადაჰყურებდა. ამჟამდ, კ. მას-ა-ტერაზე ერთადერთი პატარა დასახლებული პუნქტია – სან-ხუან-ბატისტა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 500 კაცია. სხვათაშორის კუნძულის მცხოვრებთა უმეტესობას რობინზონი, პარასკევა და დანიელი ჰქვიათ. მართალია კუნძულზე არის სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი, ასევე მუშაობს ფოსტა, მაგრამ კუნძული მაინც საკმაოდ იზოლირებულია. პროდუქტებით დატვირთული გემი აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კარგადაა განვითარებული საჰაერო მიმოსვლა.
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერების აზრით ვულკანების ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას გადახურებისგან იცავს. მათ ახალ კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ვულკანები დედამიწას აგრილებენ, ძირითადად, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის ხარჯზე, რომელიც ნოტიო ჰაერთან რეაგირებს და გოგირდის მჟავას წვეთებს წარმოქმნის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ატმოსფეროში რჩებიან და მზის რადიაციას ირეკლავენ, რაც თავის მხრივ ტემპერატურის შემცირებას იწვევს. არადა, ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროცესები პლანეტის მასშტაბით კლიმატზე არსებით გავლენას არ ახდენდა.
დიდი (გრანდ) კანიონი აშშ-ში, არიზონას შტატში მდებარეობს და მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრებიდან ერთ-ერთია. კანიონის სიგრძე 446 კმ-ია და გადაჭიმული მდინარე კოლორადოს გასწვრივაა გაადჭიმული, ხოლო სიგანე 6-დან 29 კმ-მდე მერყეობს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ღრმა კანიონია – მისი სიღრმე 1830 მეტრს აღწევს. დიდი კანიონი მდინარე კოლორადოსა და მისი შენაკადების მიერაა „მოჩუქურთმებული“ და მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით, 6 მილიონი წელი დასჭირდა კანიონის ამგები ქანების ფენების წარმოქმნას. დიდი კანიონი სხვადასხვა ქანების ფენისგან შედგება და მეცნიერებს შეუძლიათ კანიონის ამგებელი ქანების ფენები დედამიწის ისტორიის შესასწავლად გამოიყენონ. ბუნების ეს სასწაული დედამიწის 4 გეოლოგიური ერას მოიცავს და ნამდვილი აღმოჩენაა და არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ გეოლოგებისა და არქეოლოგებისთვისაც.
დიდი კანიონის ეკოსისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ 1500-ზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება და ასევე საკმაოდ მრავალფეროვნია ფაუნაც. კანიონში ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველი კალიფორნიის კონდორი. ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 400-ზე მეტი კონდორია აღრიცხული და მათგან 100-ზე მეტი დიდ კანიონში ცხოვრობს.
მეცნიერთა ვარაუდით, მრავალი მილიონი წლის წინ, მდინარე კოლორადო უძველეს ოკეანეში, ე.წ. „Western Interior Seaway“ -ში ჩაედინებოდა, რომელიც მექსიკის ყურეს არქტიკულ ოკეანესთან აკავშირებდა. დროთა განმავლობაში, დედამიწის ზედაპირის ტრანსფორმაციის შედეგად დიდი კანიონი და ასევე მრავალი სხვა კანიონი წარმოიქმნა. ამას კანიონის სტრუქტურაც მოწმობს: აქ არის დანალექი ქანები, რომლებიც ოდესღაც უძველესი ზღვის ფსკერის ნაწილი იყო. კანიონის ეროვნულ პარკში ასევე განთავსებულია ზღვის ხერხემლიანების და სხვა არსებების ნამარხების კოლექცია, რომლებიც უძველეს ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ.
დიდი კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია აშშ-ში და მას ყოველწლიურად ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან, რის გამოც იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ეროვნული პარკია. ტურისტები აქ კანიონის თვალწარმტაცი ხედების სანახავად მოდიან, რომელიც მოიცავს არიზონას უდაბნოს თავისი მდიდარი ველური ბუნებით. მათ აქ ასევე შეუძლიათ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდნენ, მაგ; როგორიცაა ლაშქრობა, კემპინგი და მდინარეზე ჯომარდობა.
1979 წელს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დიდი კანიონი შეერთებული შტატების მსოფლიო მემკვიდრეობის 19 ძეგლიდან ერთ-ერთად გამოაცხადა. იუნესკომ მას ასევე „გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის“ სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საერთაშორისო მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობადაა აღიარებული. დიდი კანიონი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, იგი უზარმაზარი გეოლოგიური მნიშვნელობის ადგილი და ბუნებრივი სილამაზის ლანდშაფტია.
ყოველწლიურად, მეცნიერები, მკვლევარები და გეოლოგები მთელი მსოფლიოდან მოდიან კანიონში, რათა მეტი გაიგონ მისი ისტორიის, გეოლოგიისა და ველური ბუნების შესახებ. ამ ტერიტორიის შესწავლით მეცნიერებმა მრავალი აღმოჩენა გააკეთეს გლობალური კლიმატისა და დედამიწის ეკოლოგიური ისტორიის, ასევე სახეობების ევოლუციის შესახებ. კანიონში აღმოჩენილი ქანების ფენების შესწავლით, გეოლოგებმა შეძლეს კანიონის ისტორია მილიონობით წლით უკან დაენახათ. შემდგომმა კვლევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა გაეგოთ, თუ როგორ იცვლებოდა კლიმატი ამ ტერიტორიის ისტორიის განმავლობაში. ეს ცოდნა გვეხმარება უკეთ შევიცნოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მის დასაცავად.
პირველი ადამიანი, ვინც დიდი კანიონის ფსკერზე 1869 წელს ჩავიდა იყო მკვლევარი და სამოქალაქო ომის ვეტერანი ჯონ უესლი პაუელი. მან და მისმა ცხრა კაციანმა გუნდმა პირველებმა ჩაატარეს გრანდ კანიონის სიღრმისეული გამოკვლევა და მოამზადეს დოკუმენტაცია, რამაც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ხელი შეუწყო კანიონის მონახულების იდეის პოპულარიზაციას. ტერიტორია, რომელიც პაუელმა და მისმა გუნდმა გამოიკვლიეს, ახლა გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფარგლებშია. 1996 წელს პარკში ჯონ პაუელის მუზეუმი გაიხსნა.
2023 წელს ლონდონის მეტრო 160 წლის გახდა. მსოფლიოში პირველი მეტროს დღეში 5 მილიონამდე ადამიანს გადაჰყავს. ის ლონდონში გახსნის დღიდან ანუ 1863 წლიდან დღემდე გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა.
ინგლისი ყოველთვის იყო ინდუსტრიულად პროგრესული ქვეყანა. მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის ლონდონი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა: ქარხანა-ფაბრიკები მუშებს არა მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იზიდავდნენ, არამედ იმათაც, რომლებიც დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და რომლებიც ყოველდღე დადიოდნენ ლონდონში სამუშაოდ. ამ დროისთვის ინგლისი უკვე დაფარული სარკინიზგო ქსელით, მაგრამ თავად ლონდონში ტრანსპორტის პრობლემები იყო.
ადამიანები მგზავრობდნენ საქალაქო სადგურებამდე: ეუსტონში, პადინგტონში, ვიქტორიაში, კინგ კროსში, შემდეგ კი ომნიბუსებში – ცხენებით ამხედრებულ ეტლებში – ჯდებოდნენ და სითიში, დოკებსა და ქალაქის სხვა რაიონებში მიემგზავრებოდნენ. ქალაქში სარკინიგზო ხაზების გაფართოების შესაძლებლობა არ იყო, რადგან ვიბრაციას შეიძლება ცენტრალურ ლონდონში. ისტორიული შენობები დაეზიანებინა. ქალაქის ქუჩებში მოძრაობა წარმოუდგენლად გართულდა გახდა.
მეტრო თავის წარმოშობას დიდწილად ლონდონის ადვოკატ ჩარლზ პირსონს უნდა უმადლოდეს, რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო ქალაქის სოციალური საკითხებით. სწორედ ის ლობირებდა მუნიციპალიტეტში ღარიბების დასახლებას და მუშებისთვის ახალი საცხოვრებელი ტერიტორიების მშენებლობას და სწორედ მან წარუდგინა სარკინიგზო გზების სამეფო კომისიას მიწისქვეშა რკინიგზის პროექტი, რომელიც მოწონებული იქნა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ლონდონს უკვე ჰქონდა გვირაბების მშენებლობის გამოცდილება: 1843 წლიდან ტემზას ქვეშ მოქმედებდა საცალფეხო გვირაბი. ამ ქმნილების ავტორი იყო ინგლისელი ინჟინერი მარკ ბრუნელი.
პირსონმა პროექტისთვის დაფინანსება ქალაქის ხელისუფლებისგან მოიპოვა. 1853 წელს შეიქმნა კომპანია „North Metropolitan Railway Co.“, რომელმაც მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობა დაიწყო. დაფინანსება არასტაბილური იყო: ხან წყდებოდა და ხანაც განახლდენოდა ხოლმე, ამიტომ მეტროს პირველი მონაკვეთი – პადინგტონ-ფარინგდონი – მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიხსნა. მეტროპოლიტენის იდეოლოგიურ ინსპირატორს, ჩარლზ პირსონს, არასოდეს უნახავს მისი ქმნილება, რადგან ის 1862 წელს, მის გახსნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
1863 წლის 10 იანვარს ლონდონში მეტროს პირველი ხაზი პედიგნტონ- ფარინგდონი გაიხსნა. ხაზი 7 სადგურს მოიცავდა. ღონისძიებამ მთელი ქალაქი გააერთიანა. პირველი მატარებელი 4 ვაგონისა და ორთქლის ლოკომოტივისგან შედგებოდა, რომელიც ნახშირით თბებოდა. განათება გაზის იყო, მაგრამ Daily Telegraph-ის ცნობით, „გაზეთის წაკითხვა სავსებით შესაძლებელი იყო“. ექვსი მატარებელი დადიოდა ყოველ 15 წუთში და პირველ დღეს 30 ათასი ადამიანი გადაიყავანა. გარდა ამისა, დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის სპეციალური იაფი მატარებლები დილის 6 საათამდე მოძრაობდნენ. პროექტი წარმატებული გამოდგა და იმავე წელს გადაწყდა 30 კმ სიგრძის წრიული ხაზის მშენებლობა.
მატარებლების ორთქლის ლოკომოტივების კვამლი ისე ავსებდა სადგურებს, რომ სუნთქვა ჭირდა. მართალია ხელისუფლება ხალხს არწმუნებდა, რომ კვამლი საზიანო არ იყო, მაგრამ მეტრომ პოპულარობა დაკარგა და ხალხმა ნელ-ნელა ქუჩებში და სუფთა ჰაერზე დაბრუნება დაიწყო.
1905 წელს, მეტროში ელექტროენერგია გაიყვანეს და მიწისქვეშა ტრანსპორტმა პოპულარობა დაიბრუნა. აღსანიშნავია ისიც რომ ორთქლის ლოკომოტივები ხაზებზე ლამის 1971 წლამდე არსებობდა. ახლა ლონდონის მეტრო მთლიანად მოდერნიზებულია, თუმცა ვენტილაციის პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. მაგალითად, 2006 წელს, სიცხის დროს ჰაერი 47 C-მდე გათბა და ყველა სადგურზე იდო აბრები წარწერით „აიღე წყალი“ .
პირველი კომპანიები, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს მიწისქვეშეთში, იყო Metropolitan Railway და Great Western Railway. თითოეული კომპანია ფლობდა და მართავდა ერთ ხაზს. შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ლონდონის მეტროს ექვსი დამოუკიდებელი კომპანია მართავდა. ეს უხერხულობას უქმნიდა მგზავრებს: ხაზიდან ხაზზე გადასასვლელად და ბილეთის ასაღებად სხვა კომპანიის ბილეთების ოფისში უნდა ასულიყვნენ, ან თუნდაც მეორე ხაზზე ფეხით გადასულიყვნენ.
1899 წლიდან მცირდება სამგზავრო მიმოსვლა და მასთან ერთად საწარმოს მოგებაც. კომპანიებმა ინვესტორების ძებნა დაიწყეს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ამერიკელი ფინანსისტი ჩარლზ იერკესი. მისი ინვესტიციების წყალობით აშენდა ლონდონის მეტროს მრავალი ხაზი და სადგური.
თუ მეტროს მშენებლობის დასაწყისში მის გამო ღარიბთა კვარტლები უკვე მე-19 საუკუნის 30-იანი წლებისთვის მეტრო ქალაქწარმომქმნელი ფაქტორი გახდა და ახალი სადგურების, ძირითადად ტერმინალები ირგვლივ მუშათა კლასისთვის ახალი დასახლებების მშენებლობები დაიწყო, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო შეწყდა. 1940 წლიდან ლონდონი გერმანიის დაბომბვის ქვეშ მოექცა და მეტროს სადგურები თავშესაფრად გადაიქცა. თავდაპირველად ხელისუფლება ხალხს მეტროში ღამის გათევას უშლიდა, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მდგომარეობა უარესდებოდა, სადგურებში 22 000 საწოლი დადგეს.
მას შემდეგ, რაც დაბომბვების სამიზნე დედაქალაქზე გახდა, ხალხის ევაკუაცია ქალაქგარეთ სწორედ მეტროთი ხდებოდა. ამ გზით 200 000 ბავშვი გაიყვანეს. მეტროს სადგურებზე ბიბლიოთეკები და სკოლები მოწეყო, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების წარმოება პირდაპირ ლიანდაგებზე ხდენოდა, ხოლო დიდი ხნის განმავლობაში დახურულ Down Street-ზე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სარეზერვო ოფისი შეიქმნა.
ომის შემდეგ მეტრო ნაციონალიზებული იქნა, მაგრამ სახელმწიფოსგან სუბსიდიები არ მიუღია. გარდა ამისა, ლონდონის ქუჩებში უამრავმა მანქანამ დაიწყო მოძრაობა და მეტრომ პოპულარობა თანდათან დაკარგა. მენეჯმენტმა საკმაოდ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა: მათ დაიქირავეს მუშები ბრიტანების ყოფილი კოლონიებიდან, იამაიკადან და ბარბადოსიდან, რათა ნაკლები გადაეხადათ.
მეტროპოლიტენის პირველი რუკა 1908 წელს გამოჩნდა, როდესაც ყველა ოპერატორმა საერთო რეკლამის მომზადება გადაწყვიტა და როცა გაირკვა, რომ საკმაოდ რთული იყო ცალკე არსებობა. რუკები ამოქმედდა და არაერთხელ განახლდა, მაგრამ სრულ სურათს მაინც ვერ ქმნიდა.
1931 წელს მეტროს თანამშრომელმა ჰარი ბეკმა ახალი რუკა შეადგინა, რომელიც ელექტრული წრედის სქემას ჰგავდა და რომელზეც ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. თუმცა მენეჯმენტმა უარყო ეს პროექტი უარყო. 2 წლის შემდეგ ბეკმა თავისი ქმნილება ჯიბის ბარათის სახით ნახა გაყიდვაში. ბარათები მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა, მაგრამ არსად იყო ნახსენები რუკის ავტორი და ბეკს არც ანაზღაურება მიუღია. ჰარი ბეკმა მეტროს უჩივლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 90-იან წლებში, მეტროს მენეჯმენტმა აღიარა ეს ქმედება, როგორც “არაჯენტლმენური” და დაიწყო ბეკის სახელის რუკის ყველა ეგზემპლარს დააწერა.
ლონდონში თუ მეტრო გვჭირდება, ვეძებთ წითელ და ლურჯ ლოგოს. ძნელი სათქმელია, საიდან გაჩნდა ზუსტად ეს ფორმა „სამიზნე“, მაგრამ ეს სიმბოლო მე-19 საუკუნიდან გამოიყენება. ადრე ნიშანზე სატრანსპორტო კომპანიის სახელის გამო სიტყვა „GENERAL“ ეწერა, მაგრამ 1908 წელს სიტყვა შეიცვალა და გახდა „UNDERGROUND“. ეს ლოგო მიუთითებს მეტროში შესასვლელს და რამდენჯერმე პლატფორმაზეც გვხდება, სადაც სიტყვა UNDERGROUND-ის ნაცვლად სადგურის სახელი წერია.
ლონდონის მეტრო ცნობილია მრავალი სახელით: Metropolitan (მეტროპოლიტენი), Underground (მიწისქვეშა), Tube (მილი).
ლონდონის მეტროში ამჟამად 270 სადგურია, რომელთაგან 14 დიდი ლონდონის გარეთაა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ყველა უბანს არ აქვს წვდომა მეტროსთან. ლონდონის 32 უბანი კვლავ იძულებულია ავტობუსის მომსახურებით ისარგებლოს.
მიწისქვეშა 400 კმ სიგრძი (250 მილის) გზაა, რომელთაგან 32 აშენებულია ღია წესით მხოლოდ 5-10 მეტრის სიღრმეზე. ლონდონის მეტროში ამჟამად 11 ხაზია: 4 ზედაპირული და 7 ღრმა.
რაც შეეხება მეტროს სადგურების სახელებს, აქ ზოგჯერ ყველაფერი ძალიან მარტივია: სადგურები Westminster, Green Park. Queensway, აშენდა იმ ბილიკზე, სადაც დედოფალი ვიქტორია ბავშვობაში პონიებით სეირნობდა. ზოგჯერ კი სრულიად გაუგებარია: მაგალითად სადგური Elephant & Castle, როემლიც ქალაქის სამხრეთ ნაწილშია, სადაც არც სასახლეებია და ცხადია არც სპილოები. საბოლოდ კი აღმოჩნდა, რომ წარსულში სადგურის ადგილზე ამავე სახელწოდების სასტუმრო მდებარეობდა. სასტუმრომდე კი მჭედლებისა და იარაღის არტელი ყოფილა, რომლის გერბსაც ზურგზე ციხესიმაგრე მოკიდებული სპილო ამშვენებდა. თუმცა მაინც საკვირველია, რადგან ნაკლებ სავარუდოა, რომ შუა საუკუნეების ინგლისში უბრალო ხალხს შორის ვინმესცოცხალი სპილო ენახა.
სახელები აადვილებს ლონდონის ისტორიის კვალდაკვალ მიყოლას. ყველაფერი, რაც მთავრდებოდა ham-ზე (Tottenham) იყო მამული, და ყველაფერი, რაც მთავრდებოდა ton-ზე (Kennington), ჩვეულებრივ ფერმა იყო.
ლონდონში ასევე არის Docklands Light Railway (დოკლენდის მსუბუქი მეტრო), London Overground (მიწისზედა ხაზი) და TfL Rail.
ჩილე გრძელი, ვიწრო ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის დასავლეთ კიდეშია გადაჭიმული. მას დასავლეთით წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთით ანდების მთები ესაზღვრება. ქვეყნის სიგრძე 4300 კილომეტრზე მეტია, მაგრამ მის ყველაზე განიერი ადგილი მხოლოდ 350 კილომეტრია.
სანტიაგო ჩილეს დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო ვალპარაისო ქვეყნის მთავარი პორტი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩილეს ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა სამხრეთ რეგიონებში ბევრი ადამიანი საუბრობს მაპუდუნგუნზე, მკვიდრი მაპუჩე ხალხის ენაზე.
ჩილეს ეროვნულ დროშას “La Estrella Solitaria” (მარტოხელა ვარსკვლავი) ჰქვია და მასზე გამოსახულია ვარსკვლავი, რომელიც ქვეყნის წინსვლის გზამკვლევის სიმბოლოს წარმოადგენს.
ჩილე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი პეიზაჟებით, რომელიც მოიცავს უდაბნოებს, მთებს, ტყეებს და მყინვარებს, რაც მას სამოთხედ აქცევს ტურისტებისთვის. წყნარი ოკეანის „ცეცხლოვანი რგოლის“ გასწვრივ მდებარეობის გამო ჩილეში ხშირია მიწისძვრები. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა და რომლის მაგნიტუდა 9,5 ოყო, 1960 წელს მოხდა.
ატაკამის უდაბნო ჩრდილოეთ ჩილეში ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე. უდაბნოს ზოგიერთ რაიონში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნალექი საერთოდ არ მოდის.
ჩილე ამაყობს მსოფლიოში ყველაზე სუფთა ცით, რაც მას ასტრონომიული ობსერვატორიების მთავარ ადგილად აქცევს. სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი პარანალის ობსერვატორია.
ჩილე სპილენძის წამყვანი მწარმოებელი ქვეყანა და მსოფლიოს სპილენძის დაახლოებით მესამედს აწვდის.
ჩილეს სანაპირო ზოლი 6000 კილომეტრზე მეტია, რის გამოც მისი საზღვაო მეურნეობა უზრუნველყოფილია ზღვის პროდუქტებით, მათ შორის თევზით, მოლუსკებითა და წყალმცენარეებით.
ქვეყანა ასევე განთქმულია თავისი ღვინის წარმოებით, განსაკუთრებით წითელი ღვინოებით, როგორიცაა Carménère და Cabernet Sauvignon. ჩილე ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.
ჩილე წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა ლათინურ ამერიკაში: ქვეუნის მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეუძლია წერა-კითხვა.
ქვეყანას აქვს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შექმნილია როგორც ადგილობრვი ტრადიციების, ისე ევროპული კოლონიზაციის გავლენის ქვეშ. აღდგომის კუნძული, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ჩილეს განსაკუთრებული ტერიტორიაა და თავისი იდუმალი მოაის ქანდაკებებითაა ცნობილი.
მაპუჩეს ხალხი ჩილეს ერთ-ერთი უდიდესი ძირძველი ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა აქვს ქვეყნის ტრადიციებსა და ისტორიაზე.
ჩილეს ეროვნული ცეკვა არის კუეკა, რომელიც ჩილელებისთვის იგივეა რაც ტანგო არგენტინელებისთვის ან სამბა ბრაზილიელებისთვის. ცეკვის თანმხლებ სიმღერაში შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერი მნიშვნელობა ჩასვათ – რაც თქვენს გულს სურს. ასეთ თავისუფლებასა და შეუზღუდავ ქმედებაში ჩანს ჩილელი ხალხის სული, რომელმაც ბევრი ტანჯვა და განსაცდელი განიცადა, მაგრამ ამის მიუხედავად შეინარჩუნა სული, თავისუფლება და ეროვნული მახასიათებლები.
1973 წელს ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. იმ დროს ბევრი მამაკაცი მოკლეს ან ციხეში ჩასვეს. ხალხს აეკრძალა მიტინგებისა და მსვლელობის გამართვა, თუმცა მხოლოდ ერთი რამ იყო დაშვებული – ცეკვა. შემდეგ გამოჩნდა ცეკვა „Lonely Cueca“. ქალები მთავრობის შენობებთან მოდიოდნენ და მარტო იწყებდნენ ცეკვას. ამავდროულად, ისინი თითქოს ეხუტებოდნენ უხილავ პარტნიორებს – მათ ქმრებს ან ნათესავებს. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, მწუხარებისა და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება.
დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული მხიარული და ონოვრული კუეკა. ჩილეში ნებისმიერი ტურისტი აუცილებლად იხილავს ამ ცეკვას და შეძლებს შეუერთდეს საერთო გართობას. ეროვნული ცეკვა, რომელიც მრავალი წელია ხალხის ემოციებსა და ტანჯვას გამოხატავს, ყველა მნახველს მოეწონება.
იაპონია კუნძულოვანი სახელმწიფოა აზიის კონტინენტის აღმოსავლეთით, რომელიც რკალისებური ფორმით არის განლაგებული წყნარი ოკეანის აუზში. იაპონიის არქიპელაგი შედგება ფართობის მიხედვით დიდიდან მცირისკენ თანმიმდევრულად განლაგებული ოთხი უდიდესი (ჰონშიუ, ჰოკაიდო, კიუშიუ, შიკოკუ) და მრავალი მცირე ზომის კუნძულისგან. წყნარი ოკეანე იაპონიის აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები მას აზიის კონტინენტისგან გამოჰყოფს.
განედური მდებარეობით, იაპონია ნაწილობრივ თანხვდება ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქ ლოს ანჯელესის გეოგრაფიულ მდებარეობას, ჩრდილოეთის მხრიდან კი პარიზისა და ლონდონის განედი ნაწილობრივ უახლოვდება ჰოკაიდოს კონცხის ჩრდილოეთი ნაწილის განედს.
იაპონიის ხმელეთის სრული ფართობი დაახლოებით 378,000 კვ. კმ.-ია, რაც მიახლოებით უთანაბრდება გერმანიის, ფინეთის, ვიეტნამის ან მალაიზიის ფართობს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ფართობის მხოლოდ 1/25–ს შეადგენს, ე. ი., მარტო კალიფორნიის შტატთან შედარებითაც კი მცირეა.
იაპონიის სანაპირო ზოლი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზოგან თუ ზღვის სილიანი სანაპირო ზოლი სწორად და უწყვეტად გრძელდება 60 კმ–ის მანძილზე, მაგალითად, კუჯიუკურიჰამაში (ჩიბას პრეფექტურა), ნაგასაკის პრეფექტურისთვის დამახასიათებელია ნახევარკუნძულების, ვიწრო ყურეებისა და ნაპირისგან დაშორებული კუნძულების სიმრავლე (ამავე პრეფექტურას განეკუთვნება გოტოს არქიპელაგი და ცუშიმასა და იკის კუნძულები). სანაპირო ზოლი გამოირჩევა უამრავი ვიწრო სრუტითა და წამახვილებული კლდით, რაც განპირობებულია დედამიწის ქერქში მიმდინარე თავდაპირველი ცვლილებების დროს ყოფილი სანაპირო ზოლის ნაწილის ჩაძირვით.
ოკეანის თბილი დინება, ცნობილი კუროშიოს ანდა იაპონიის დინების სახელწოდებით, იაპონიის არქიპელაგის სამხრეთ ნაწილს მიუყვება და მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ხოლო მისი ერთერთი განშტოება, რომელიც ცნობილია ცუშიმას დინების სახელწოდებით, მიედინება ქვეყნის დასავლეთი მხარის გასწვრივ და ერთვის იაპონიის ზღვას. ჩრდილოეთიდან მომავალი ცივი დინება – ოიაშიო, იგივე ჩიშიმას დინება, მიემართება სამხრეთისკენ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ, ხოლო მისი შენაკადი, რომელიც ლიმანის დინების სახელითაა ცნობილი, იაპონის ზღვაში ჩრდილოეთის მხრიდან ჩაედინება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ცივი და თბილი დინებების შერევა უწყობს ხელს იაპონიის წყლებში მდიდარი სარეწი რესურსების წარმოქმნას. ცხელი წყაროებისა და მიმზიდველი პეიზაჟების ქვეყანა იაპონიის ხმელეთის ზედაპირის სამი მეოთხედი მთაგორიანია. ცენტრალური ჰონშიუს ჩიუბუს რეგიონს “იაპონიის სახურავსაც” კი უწოდებენ, სადაც ბევრი მთის სიმაღლე 3,000 მეტრს აჭარბებს. იამანაშისა და შიძუოკას პრეფექტურების საზღვარზე მდებარეობს იაპონიის ყველაზე მაღალი მთა – ფუძი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3,776 მ.-ია. იაპონიის მეორე უმაღლესი მწვერვალია კიტადაკე, რომელიც მდებარეობს იამანაშის პრეფექტურაში და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3,192 მ.-ია. მესამე უმაღლესი მწვერვალია ჰოტაკადაკე, რომელიც მდებარეობს ნაგანოსა და გიფუს პრეფექტურების საზღვარზე და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3, 190 მ.-ია.
იმდენად, რამდენადაც იაპონია განლაგებულია წყნარი ოკეანის ვულკანური სარტყელის გასწვრივ, მას გააჩნია რამდენიმე ვულკანური რეგიონი. ზოგადად, იაპონიის უკიდურესი ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთამდე გამოკვეთილია 7 ვულკანური რეგიონი. ვულკანების მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით ოთხმოცამდე ვულკანია აქტიური, მათ შორისაა: მიჰარა იაპონიის კუნძულ იძუოშიმაზე; ასამას მთა ნაგანოსა და გუნმას პრეფექტურების საზღვარზე და ასოს მთა კუმამოტის პრეფექტურაში. მსოფლიოს 840 მოქმედი ვულკანიდან იაპონიაში მათი ერთი მეათედი მდებარეობს. ეს მაშინ, როცა იაპონიას მსოფლიოს სახმელეთო ფართობის მხოლოდ 1/400 ნაწილი უჭირავს. რაც შეეხება, ცნობილ ფუჯის, იგივე ფუჯის მთას, ის 1707 წლის ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ მიძინებულია და მისი გააქტიურება ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად იმისა, რომ ამოფრქვევების შედეგად ვულკანებს დიდი ზარალი მოაქვთ ქვეყნისთვის, არსებობს დადებითი მხარეც, რითაც ვულკანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტურისტების მოსაზიდად. ისეთი ტურისტული მხარეები, როგორებიცაა ნიკო, ჰაკონე და იძუს ნახევარკუნძული, განთქმულა უნიკალური თერმული წყაროებითა და ვულკანური მთების მიმზიდველი ხედებით. ვულკანების არსებობა ადასტურებს, რომ იაპონიის არქიპელაგის ქვეშ დედამიწის ქერქი არამდგრადია და ენერგიითაა სავსე, რაც იაპონიას მიწისძვრის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებს. ყოველწლიურად იაპონიაში ათასამდე მძლავრი მიწისძვრა ხდება. 1995 წლის იანვარში მომხდარმა ჰანშინ–ავაჯის ძლიერმა მიწისძვრამ, დაახლოებით 6 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 40 000 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ნიიგატას პრეფექტურაში 2004 წლის ოქტომბრის მიწისძვრამ 60 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო 4 700–ზე მეტი დაშავდა. 2011 წლის მარტში 9 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა სანრიკუს (ტოჰოკუ) სანაპიროსთან წყნარ ოკეანეში, რამაც განაპირობა ათმეტრიანი სიმაღლის ცუნამის წარმოშობა, რამაც ტოჰოკუს რეგიონიდან კანტოს რეგიონამდე ვრცელ სანაპირო ზოლს გადაუარა; მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა 19 000-მდე მიაღწია.
მთაგორიანი იაპონია მდინარეთა სიუხვით გამოირჩევა. მათი უმეტესობა ჩქარია. მთების, ხეობ-ებისა და აუზების გავლის შემდეგ ისინი ოკეანეს ერთვიან. ამგვარი დინების მქონე მდინარის მაგალითად შეიძლება დასახელდეს კურობე, რომელიც სათავეს იღებს 2,900 მეტრის სიმაღლის იაპონიის ალპებიდან; მოედინება 83 კილომეტრის მანძილზე და იაპონიის ზღვაში ჩაედინება. იაპონიის ყველაზე გრძელ მდინარეს წარმოადგენს მდინარე შინანო, რომელიც ჩუბუს მთებიდან იღებს სათავეს და ნიიგატას პრეფექტურის გავლით იაპონიის ზღვასთან შესაერთებლად მიედინება 367 კილომეტრ მანძილზე; სიგრძით მეორე მდინარეა ტონე, იგი წყნარ ოკეანეში ჩადინებამდე კანტოს ველს გადაჰკვეთს; ხოლო მესამე მდინარის, იშიკარის, სიგრძე 286 კილომეტრია და ჰოკაიდოში მიედინება. მდინარეების უმრავლესობა მთიანი რეგიონებიდან იღებს სათავეს და ზღვასთან შეერთებამდე სხვადასხვა ზომის ველებსა და აუზებზე ფართო, მარაოსებრ დელტას ქმნის, რაც საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს იაპონიის ტოპოგრაფიის ფორმირებაში. ქვეყანაში არსებული დაბლობების უმეტესობა მცირე ზომისაა. უდიდესია კანტოს დაბლობი, რომელიც ტოჩიგის, იბარაკის, გუნმას, საიტამას, ჩიბას, ტოკიოსა და კანაგავას პრეფექტურების ნაწილებს მოიცავს. სხვა შედარებით დიდი ფართის დაბლობებს განეკუთვნება ეჩიგოს დაბლობი (ნიიგატას პრეფექტურა), იშიკარის დაბლობი (ჰოკაიდო) და ნობის დაბლობი (აიჩისა და გიფუს პრეფექტურები).
იაპონიის კლიმატის ძირითად მახასიათებელს წელიწადის ოთხ დროს შორის ტემპერატურის მკვეთრად გამოხატული ცვლილება წარმოადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე იაპონია დაახლოებით 25-გრადუსიანი დიაპაზონის სარტყელს ფარავს. ზამთარში ციმბირიდან მომავალი სეზონური ქარების ზეგავლენა იგრძნობა, რასაც ზაფხულში ენაცვლება წყნარი ოკეანიდან გადმონაცვლებული ქარის მასები. მცირე ფართობის მიუხედავად, ქვეყანა ოთხ განსხვავებულ კლიმატურ ზონას მოიცავს.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდა უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების ზონა. ეს უნიკალური ტერიტორიაა ზომიერი ზონისთვის: უდაბნოები გადაჰყურებს ოკეანის სანაპიროს. ოკეანის სიახლოვე ქმნის მაღალ ტენიანობას. თუმცა, არიდული რეგიონის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ანდების მაღალმა მთიანმა სისტემამ. ისინი თავიანთი ფერდობებით ტენით გაჯერებული ქარებს გზას უბლოკავენ. უდაბნოების ფორმირებაზე ასევე გავლენა მოახდინა პერუს ცივმა დინებამ.
ატაკამას უდაბნო
უდაბნოს ტერიტორია კონტინენტის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 105 ათასი კმ²-ია. ეს რეგიონი ყველაზე მშრალი ადგილია პლანეტაზე. ატაკამას ზოგიერთ რაიონში ნალექი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ მოსულა. პერუს წყნარი ოკეანის დინება აგრილებს ატმოსფეროს ქვედა ფენებს, რის გამო ამ უდაბნოში დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტენიანობაა – 0%.
უდაბნოში საშუალო დღიური ტემპერატურა მაღალია – + 25°C. ზამთარში ზოგიერთ რაიონში ნისლი შეინიშნება.
მილიონობით წლის წინ რეგიონი წყლით ყოფილა დაფარული, რომელიც დროთა განმავლობაში დაშრა და შედეგადაც მარილის აუზები წარმოიქმნა. უდაბნოში მრავლადაა მოქმედი ვულკანები.
ატაკამას ლანდშაფტს ხშირად ადარებენ მთვარეს: ქვიშის ნაკადებსა და კლდეებს დიუნები და ბორცვები ენაცვლება.
საერთო ჯამში, უდაბნოში 160 სახეობის კაქტუსია, ასევე გავრცელებულია ლიქენები. ოაზისებში იზრდება აკაციები, მესკის ხეები და კაქტუსები. უდაბნოს ფაუნა ადაპტირებულია კლიმატურ პირობებთან. სანაპიროზე ბინადრობს 120 სახეობის ფრინველი.
აქ მცხოვრები მცირერიცხოვანი მოსახლეობა სამთო მოპოვებითაა დაკავებული. ტურისტები ატაკამას მთვარის ველის მოსანახულებლად, უდაბნოს ხელის ქანდაკების სანახავად და ქვიშის სნოუბორდით დასატკბობად სტუმრობენ.
სეჩურას უდაბნო
სეჩურას უდაბნო კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ერთი მხრიდან წყნარი ოკეანე, ხოლო მეორე მხრიდან ანდები ესაზღვრება. უდაბნოს საერთო სიგრძე 150 კმ-ია. სეჩურა ერთ-ერთი ცივი უდაბნოა: აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 22°C-ია, რაც სამხრეთ-დასავლეთის ქარებითა და ოკეანის სანაპიროებთან მდებარეობითაა გამოწვეული ეს ფაქტორები ასევე ხელს უწყობს ნისლის წარმოქმნას ზამთარში. სუბტროპიკული ანტიციკლონების გამო რეგიონში ნალექი მცირეა.
უდაბნოს ქვიშები ქმნიან მოძრავ დიუნებს. ცენტრალურ ნაწილში იმათი სიმაღლე 1,5 მ-საც კი აღწევს. უდაბნოს ფაუნა და ფლორა წყლის ობიეტების გასწვრივაა თავმოყრილი. სეჩურას ტერიტორიაზე ორი დიდი ქალაქია.
თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი დიდ გავლენსა ახდენს ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ხშირად გვიჩნდება სურვილი, რომ პერიოდულად მშვიდ, წყნარ გარემოში, ქალაქგარეთ დავისვენოთ და აგროტურიზმით დავკავდეთ.
აგროტურიზმი ტურიზმის სახეობაა, როდესაც ტურისტის მიზანია იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი.
აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში ჩამოყალიბდა. დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, სადაც მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობის მესამე თაობა წარმოადგენდა. სოფლად დასვენების მსურველნი არჩევნდნენ მიმზიდველ რეგიონებს საზღვარგარეთ, იხდიდნენ ქირას, შესაბამისად მასპინძელ ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდათ.
ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს, ეკონომიკური კრიზისიც ვერაფერს აკლებს. მაგალითად, იტალიაში კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, მაგრამ აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა. მსოფლიოში ტურიზმით მიღებული შემოსავლის 20%-დან 40%-მდე სწორედ სოფლის ტურიზმის წილად მოდის. ამჟამად აგროტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფერმერებსა და ტურისტებს შორის ურთიერთობა WWOOF (ინგ. World Wide Opportunities on Organic Farms) პროგრამის მეშვეობით ხდება. ამჟამდ ამ პროგრამაში მსოფლიოს 52 ქვეყანაა ჩართული. ორგანიზაციის ინტერნეტ მისამართია: http://www.wwoof.net
სხვადასხვა ქვეყნაში აგროტურიზმს სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ: ინგლისსა და ზოგიერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში მას “სოფლის ტურიზმს” (Rural Tourism) უწოდებენ, გერმანულენოვან ქვეყნებში მიღებულია ტერმინი “Bauernhoftourismus”, რაც სიტყვა სიტყვით „გლეხის კარ-მიდამში ტურიზმს“ ნიშნავს, რომანულენოვანი ქვეყნები კი უპირატესობას ტერმინს – აგროტურიზმს ანიჭებენ, რაც ლათინური წარმომავლობის სიტყვა “აგრო”-დან (agros) და მისგან ნაწარმოები “აგრარული” – agrarius – სასოფლო-სამეურნეო, მომდინარეობს. სოფლის ტურიზმი (ზოგჯერ ფერმერულ ტურიზმი ან ბუნების ტურიზმი) გულისხმობს ტურისტთა ჯგუფების მოგზაურობას სოფლად, ზოგჯერ ცენტრებიდან მოშორებულ დასახლებებში, ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად. ამ შემთხვევაში ტურისტული ობიექტების მეპატრონე და მმართველი სოფლის მცხოვრებია. ფერმერული ტურიზმი ითვალისწინებს ტურისტების დაბინავებას ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, ტურისტები ფერმერებთან ერთად გადიან პლანტაციებში, ვენახში, აკვირდებიან მათ შრომას და თვითონაც ეხმარებიან. ზოგს მეთევზეთა დასახლებებში ცხოვრება და მათთან ერთად სათევზაოდ სიარული მოსწონს. აგროტურიზმი იმით გამოირჩევა, რომ დასვენება შედარებით მცირე დანახარჯით შეიძლება. ტურისტმა შესაძლოა, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს: ხილ-ბოსტნეულს, შინაურ ყველს, შინ დაყენებულ ღვინოს, ხორცსა და ხორცპროდუქტებს. სასოფლო ტურები ბავშვებისთვისაც საინტერესოა. ისინი აკვირდებიან შინაურ ცხოველებს, სეირნობენ ცხენებით, სწავლობენ სხვადასხვა საქმიანობას, მაგ; ყველის ამოყვანას ან პურის ცხობას. სურვილის შემთხვევაში ტურისტები ეროვნული კერძების მომზადებასაც ეუფლებიან.
აგროტურიზმი იმითაც არის საინტერესო და მომგებიანი, რომ მას არ აბრკოლებს წელიწადის დროების მონაცვლეობა. ხშირად აგროტურისტული მეურნეობები ისტორიული და კულტურული ძეგლების საიხლოვეს ვითარდება. შესაძლებელია ისეთი ტურუსტულ–რეკრეაციული აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ცხენოსნული ლაშქრობები, ღვინის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, მუზეუმების დათვალიერება და ა.შ. სწორედ ეს არის ტურისტისთვის მიმზიდველი, რადგან ის თვითონ არის ჩართული პროცესში.
აგროტურიზმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია: ატრაქციულობა ანუ მიმზიდველობა, მოსახლეობა, ეკოლოგიური პროდუქტი. აგროტურიზმის მთავარი მიზანია ტურისტების განთავსებისა თუ ღამის გასათევი ინფრასტრუქტურა სოფლად მდებარეობდეს. ადგილზევე იწარმოება საკვები პროდუქტი და შენარჩუნებულია ტრადიცული ტექნოლოგიები.
საქართველოში აგროტურიზმის პერსპექტივებზე და ზოგადად დარგის მდგომარეობის გასაანალიზებლად თვალი გადავავლოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. საქართველოს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: 102 კურორტი, 182 საკურორტო ადგილი, 2400 მინერალური სამკურნალო წყლის წყარო, 12000 ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი, მათგან 3 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში, 11 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 2 დაცული ლანდშაფტი და ა. შ. არსებული რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარება პერსპექტიული იქნება. ამჟამად, აგროტურიზმი საქართველოში განვითარების სტადიაშია. საქართველოში ბოლო წლებში უცხოელი ვიზიტორები, ძირითადად, მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ისტორიული და კულტურული ძეგლების მოსანახულებლად ჩამოდიან, თუმცა საქართველოს, როგორც აგრარული ტრადიციების ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა, აქ აგროტურიზმიც განვითარდეს. აგროტურიზმმა ჩვენთან უკვე მოიკიდა ფეხი. იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა მრავალფეროვანი ბუნების, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. თუმცა ამ სფეროში გვაქვს სისუსტეებიც. მთავარი სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამის მიუხედავად, თუ აგროტურიზმი განვითარდება, მცირე ფერმერებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ და მცირე ფერმერული მეურნეობა მომგებიან კომერციულ საქმიანობად აქციონ. რამდენიმე ტურისტული კომპანია და საოჯახო სასტუმრო უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უკვე სთავაზობს აგროტურებს, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ყურძნის დაწურვას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა და თაფლის ამოღებას. მაგრამ სპეციალისტების აზრით ჩვენს ქვეყანაში უფრო ფართოდ შეიძლება აგროტურიზმის განვითარება, ამით კი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეწყობა ხელი.
საარჩენო გეოგრაფია საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვემიმართულებაა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ-ჯერობით განვითარებული არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, საარჩევნო გეოგრაფიის კანონზომიერებებზე დაყრდნობა აუცილებელია პარტიული სუბიექტებისა და კანდიდატებისთვის, რადგან მათ კამპანიას სწორი გეოგრაფიული მიმართულება მიეცეს. წლების მიხედვით არჩევნების შედეგებზე დეტალური გეოგრაფიული დაკვირვება გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რომელი იდეოლოგიისა და პლატფორმის მქონე პოლიტიკურ ძალას აქვს მეტი შანსი სხვადასხვა რეგიონში, ამ რეგიონის ფიზიკური თუ საზოგადოებრივი გეოგრაფიული მახასიათებლების გავლენით.
საქართველოს საარჩევნო გეოგრაფიის კანონზომიერებების დადგენას 2008 წლის არჩევნებით ვიწყებთ. ამ წელს საკმაოდ პოპულარული მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების სამართლიან დათვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს, ერთი რამ ცხადია. ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობითაც კი: თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, მან წააგო დედაქალაქი. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს საარჩევნო გეოგრაფიის პირველ სიგნალად, რომ ოპოზიციურ პარტიებს ტრადიციულად ძლიერი ველი აქვთ დედაქალაქში და სავარაუდოა, რომ პერსპექტვივა აქვთ სხვა დიდ ქალაქებშიც. განსხვავებით, სოფლებისგან. რურალურ, ანუ სასოფლო ტიპის დასახლებებში მიხეილ სააკაშვილის პროცენტული მაჩვენებლები 80-ს აჭარბებდა. 2008 წლის არჩევნების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჩნდებოდა მთელს მსოფლიოში გავრცელებული საარჩევნო „დაპირისპირება“ ურბანულ და რურალურ ტერიტორიებს შორის. როცა საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლებები ყოველთვის ფუნდამენტურად განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ ხოლმე.
2008 წლის საარჩევნო რუკა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ ოპოზიციურ ძალასთან მოუწია დაპირისპირება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში „კოალიცია ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა. მაშინდელმა ოპოზიციამ- „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუგო საქართველოს თითქმის ყველა დიდი ქალაქი, თუმცა ხელისუფლების დამარცხებაში მთავარი წვლილი ისევ დედაქალაქმა შეიტანა. ოღონდ 2008 წელთან შედარებით, უკვე თბილისში იყო ძალიან დიდი სხვაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „ქართული ოცნება“ დედაქალაქში ხმათა 70%-ზე მეტს აგროვებდა. გარდა თბილისისა, ოპოზიციამ მოიგო სხვა დიდი ურბანული არეალები, როგორებიცაა: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი.
მეორე მხრივ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სამხრეთ საქართველოში, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებითაა დასახლებული და ეს რეგიონები ყოველთვის ხელისუფლებისკენ იხრებიან. რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ინფორმაციული ვაკუუმი, ინფორმირების შედარებით დაბალი დონე, ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციების სიმარტივე და ადგილობრივი მოსახლეობის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შიში.
2012 წლის საარჩენო რუკა.
2008 და 2012 წლების საარჩევნო რუკების ანალიზი უკვე გვიჩვენებს საქართველოს საარჩენო გეოგრაფიის ტენდენციებს. განსხვავებულ შედეგებს ქალაქებსა და სოფლებს შორის. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიდრეკილებას, მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას. მომდევნო წლების არჩევნების ანალიზით, გადამოწმდება ეს ტენდენციები გაღრმავდა თუ არა.
კიდევ ერთი ძალიან კონკურენტუნარიანი არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი არ წამოაყენა, თუმცა მთელი თავისი რესურსით მხარი დაუჭირა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მეორე მხრივ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. კენჭს ასევე იყრიდნენ დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, რადგან პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.
ლეგენდა: ლურჯი- სალომე ზურაბიშვილი. წითელი- გრიგოლ ვაშაძე
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის რუკა გვიჩვენებს, რომ სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანი გააკეთა სამხრეთ საქართველოს რეგიონებმა, რომლებიც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს რეგიონები მხარს უჭერენ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მეტიც, სახელისუფლო კანდიდატს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს მთიანმა მუნიციპალიტეტებმა, როგორებიცაა: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, ლენტეხი, ონი და ამბროლაური. ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით დიდია რურალური, აგრალური, ანუ სასოფლო მოსახლეობის წილი, რომელიც როგორც ვთქვით აქტიურად უჭერენ მხარს ხელისუფლებას. მეორე მხრივ, ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო საქართველოს ყველა დიდი ქალაქი- თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, გორი. ყველა ის არეალი, რომელშიც დიდია ურბანული მოსახლეობის რაოდენობა. გარდა საარჩევნო რუკისა, შეგვიძლია დავაკვირდეთ საინტერესო მონაცემებს, რომელთა კალკულაციაც მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
2018 წლის არჩევნების შედეგების ანალიზი ცხრილის მიხედვით, გეოგრაფიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გვიჩვენებს, რომ წინა არჩევნებისას გამოკვეთილი ტენდენციები ზუსტია. ოპოზიციის შედეგი ბევრად მაღალია დიდ ქალაქებში, ხოლო სოფლებში უპირატესობა აქვს სახელისუფლებო კანდიდატს.
2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც საკმაოდ ძლიერად შეხვდა მმართველი პარტია. „ქართულმა ოცნებამ“ მთელს ქვეყანაში 47%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ეს მაღალი შედეგი, რომელიც ჯამურად დაფიქსირდა, არ გადაითარგმნა დიდ ქალაქებში არსებულ რეალობაში და მეტიც, რამდენიმე დიდი ქალაქის საკრებულოში ხელისუფლებამ საერთოდ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება. ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 40% მიიღო თბილისში, ანუ 7%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე მთელს ქვეყანაში. სხვა დიდ ქალაქებში კი ან ჩამორჩა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ან გაუტოლდა მას. (ვერ გადაუსწრო). ასეთი იყო რუსთავი. ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პირველ ტურში პირველ ადგილზე გასვლა შეძლო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიულ არჩევნებში მოიგო ზუგდიდი და ბათუმიც.
2021 წლის არჩევნებმაც ზუსტად იგივე ტენდენცია გამოავლინა, ოღონდ ამ შემთხვევაში ურბანულ და რურალურ (ქალაქებსა და სოფლებს) შორის საარჩევნო დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმა იყო. ქალაქებმა აბსოლუტურად სხვა არჩევანი გააკეთეს, ხოლო მონაცემები პატარა რაიონებსა და სოფლებში მკვეთრად განსხვავებული იყო.
რას უნდა ველოდეთ 2024 წლის არჩევნებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში გაიმართება:
2024 წლის არჩევნები პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სრულად პროპორციულად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სუბიექტს სჭირდება ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომ მთავრობა ერთპარტიულად დააკომპლექტოს. (ეს შეიძლება იყოს 40-45% და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს).
გეოგრაფიული კუთხით, ეჭვგარეშეა, რომ ის ტენდენციები, რომელთა შესახებაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, მკვეთრად გამოჩნდება 26 ოქტომბრის საარჩევნო რუკაზეც. პირადად მე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული განსხვავებები გეოგრაფიული პარამეტრების მიხედვით, უფრო დიდი იქნება, ვიდრე აქამდე, ოდესმე ყოფილა. ოპოზიციურ ფლანგს განსაკუთრებით მაღალი შედეგი ექნება დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში, ხოლო სახელისუფლებლო გუნდი მოიგებს სამხრეთ საქართველოს, მაღალმთიან ოლქებსა და საშუალო ზომის რაიონებს, რომლებშიც უმეტესობა რურალური არეალის მოსახლეობაა. თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ არჩევნებში ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება აქტივობაზე. რომელი მხარე იაქტიურებს უფრო მეტად.
ერთი რამ ეჭვგარეშეა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისტორიაში უდიდესი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო აქტივობა იქნება და მეტად სავარაუდოა, რომ იგი 60%-ს გადააჭარბებს.
წყალი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა, მაგრამ მისი არათანაბარი განაწილება კონტინენტებზე არა ერთხელ გამხდარა კრიზისისა და სოციალური კატასტროფის მიზეზი.
ბევრი ექსპერტი წყლის საკითხს კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს.
2005-2015 წლების პერიოდი გაერომ „წყალი სიცოცხლისათვის“ საერთაშორისო ქმედებების ათწლეულად გამოაცხადა. გაეროს ექსპერტთა უმრავლესობის აზრით 21-ე საუკუნეში წყალი უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული რესურსი გახდება, ვიდრე ნავთობი და გაზია, რადგან 1 ტონა სუფთა წყალი არიდულ კლიმატურ ზონებში (საჰარის უდაბნო და ჩრდილოეთი აფრიკა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არაბეთის ნახევარკუნძული, ცენტრალური აზია) უკვე ახლა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნავთობი.
მსოფლიოში მტკნარი სასმელი წყლის დეფიციტი თანამედროვეობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. ამასთან, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის განუწყვეტლივ ზრდასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა წყლის მოხმარების მასშტაბები და შესაბამისად წყლის დეფიციტიც. შედეგად კი გაუარესდა ცხოვრების პირობები და შეფერხდა წყლის დეფიციტის მქონე ქვეყნების ეკონომიკური განვითარება.
დღეს, დედამიწის მოსახლეობა საოცარი ტემპით იზრდება და შესაბამისად მტკნარ სასმელ წყალზე მოთხოვნილებაც იზრდება. მტკნარ წყალზე მოთხოვნილება ყოველ წელს 64 მლნ კუბ. მ-ს შეადგენს და ექსპერტთა ვარაუდით შემდგომ 20 წელიწადში კიდევ 3-ჯერ გაიზრდება. სიტუაცია, როცა წყლის მოხმარების მასშტაბები, მოსახლეობის ზრდის, ურბანიზაციის და მრეწველობის განვითარების, ასევე კლიმატის გლობალური ცვლილების და შესაბამისად გაუდაბნოების პროცესის დაჩქარების პარალელურად იზრდება, ღრმავდება და კვლავასც გაღრმავდება.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ:
წყალს ჩვენი პლანეტის 71 % უკავია, მაგრამ აქედან მხოლოდ 3 %-ია მტკნარი.
ბუნებრივი მტკნარი წყლის უდიდესი ნაწილი გაყინულ მდგომარეობაშია. მხოლოდ 1%-ზე ნაკლებია ხელმისაწვდომი ადამიანისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე 0.007%-ზე ნაკლები წყალია სასმელად ვარგისი.
მსოფლიოში 1.4 მლრდ ადამიანზე მეტს არა აქვს წვდომა სუფთა და უსაფრთხო წყალსთან.
წყალმომარაგებასა და წყალზე მოთხოვნილებას შორის სხვაობა სულ უფრო იზრდება და ექსპერტთა ვარაუდიდ 2030 წელს 40% მიაღწევს.
2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს წყლის დეფიციტი ექნება.
ბევრ განვითარებად ქვეყანაში წყლის დანაკარგი 30%-ზე მეტს შეადგენს, ზოგჯერ კი 80%-საც აჭარბებს.
მსოფლიოში სასმელი წყლის 32 მლრდ კუბ. მ. წყალმომარაგების საქალაქო სისტემებიდან იკარგება, ამასთან მხოლოდ 10% ვხედავთ, დანარჩენი შეუმჩნევლად იკარგება და მიწისქვეშ უჩინარდება.
21-ე საუკუნის ბოლოს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სუფთა მტკნარი წყლის უკმარისობას იგრძნობს – ამბობენ ამერიკელი ექსპერტები და ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიას გვთავაზობენ. მათი აზრით, ამ სასიცოცხლო რესურსის დეფიციტის აღმოფხვრის რამდენიმე გზა არსებობს:
წყლის რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ყოფაცხოვერბაში;
მოსახლეობის რაოდენობის ზრდის დარეგულირება;
ახალი წყალსაცავების მშენებლობა და წყლის გამამტკნარებელი ქარხნების მშენებლობა.
წყლის დეფიცი მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემა არაა. ამჟამად, წყლის უკმარისობას დედამიწის მოსახლეობის მესამედზე მეტს აწუხებს. 21-ე საუკუნის ბოლოს ეს პრობლემა უკვე ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარს შეეხება, თუ წყლის რესურსების მოხმარების მოდელი იგივე დარჩება.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის დეფიციტი სასოფლო-სამეუნეო სავარგულების მორწყვის, საწარმოებსა და ყოფაცხოვრებაში წყლის ხარჯვის მეთოდებითაა გამოწვეული. ცხადია, ამას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებიც ემატება. “სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს” – ამბობენ მაკგილას და უტრეხტის უნივერსიტეტების მეცნიერები. მათი გამოთვლებით მდგომაროების დარეგულერიბის პროცესს 35 წელი დასჭირდება. ”Nature Geoscience”-ში გამოქვეყნებულ შრომაში მკვლევარებმა 6 ძირითადი სტარტეგია განსაზღვრეს, რომლებიც წყლის დეფიციტის გადაწყვეტის სხვა ხერხებთან ერთად (რეგიონიდან გამომდინარე) იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ შემცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მტკნარი წყლის უკმარისობას განიცდიან.
მეცნიერებმა ეს 6 სტრატეგია ორ ”მსუბუქი” და ”მძიმე” კატეგორიად დაყვეს. ”მსუბუქი ზომები” უპირატესად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წყლის მოხმარების შემცირებაზეა ორიენტირებული. ”მძიმე ზომები” კი ახალი წყალსაცავების მშენებლობასა და წყლის გამამტკნარებელი ქარხნების სიმძლავრეების გაზრდას ითავალისწინებს. მეცნიერები მიაჩნიათ, რომ სანამ არსებობს ისეთი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაართულონ ”მსუბუქი ზომების” კატეგორიის ზოგიერთი სტრატეგიის რეალიზაცია (მაგ; შობადობის შეზღუდვა), ”მძიმე ზომების” სტრატეგიები მოქმედების უფრო რეალურ გეგმას წარმოადგენს.
წყლის დეფიციტის შემცირების სტარტეგიები ასე გამოიყურება:
”მსუბუქი ზომები”:
სოფლის მეურნეობაში ახალი და თანამედროვე ტიპის სასუქების გამოყენება შეუწყობს ხელს წყლის რაციონალურ ხარჯვას. ამასთან 2050 წლამდე ყოველწლიურად მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც წყლის დეფიციტს განიცდის 2%-ით შემცირდება. ამ სტრატეგის დანერგვის შემთხვევაში რისკფაქტორებია გენური მოდიფიკაციისა და ევთროფიკაციის შესაძლო შედეგები.
არარეგულირებული რწყვიდან წვეთოვან მორწყვით სისტემაზე გადასვლა სოფლის მეურნეობაში წყლის გონივრულ გამოყენებას შეუწყობს ხელს. ეს მიდგომა მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს და ამავე დროს არსებობს ნიადაგის დამლაშების რისკიც.
საინჟინრო სისტემების მოდერნიზაცია და გაჭონვების აღმოფხვრა შეამცირებს წყლის მოხმარებას, როგოც ყოფაცხოვრებაში, ასევე წარმოებაში. ეკონომიის კიდევ ერთი ვარიანტია – წყლის მეორადი გამოყენება ტექნიკური მიზნებისათვის.
დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც შობადობის შემცირებაზეა (ოჯახის ადგეგმვა, საგადასახადო შეღავათები) მიმართული საშუალებას მოგვცემს მსოფლიოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში თავიდან ავიცილოთ წყლის დეფიციტი. ექსპერტები თვლიან, რომ კარგი იქნება, თუ 2050 წლისთვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა არ გადააჭარბებს 9 მლრდ ადამიანს, თუმცა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ამის მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა.
”მძიმე ზომები”:
5. ” უწყლო” რეგიონების გადარჩენა მხოლოდ წყლის მარაგის ზრდას შეუძლია. პრობლემის გადაწყვეტის ეს ვარიანტი წყასაცავების ფართობების 600 კმ3-ით გაფართოებას მოითხოვს უკვე არსებულის გაღრმავების ან ახალი ხელოვნური აუზების მშნებლობის ხარჯზე. ეს კი სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ სტრატეგიის განხორციელებისას შესაძლოა წარმოიქმნას ნეგატიური სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.
6. მეტად მნიშვნელოვანია სანაპირო რაიონებში წყლის გამამატკნარებელი ახალი ქარხნების მშენებლობა (დანადგარების რაოდენობისა და ტევადობის ზრდა), თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია არსებული საწარმოების სიმძლავრის 50-ჯერ გაზრდა. ესეც, რა თქმა უნდა, დიდ ფინანსურ კაპიტალდაბანდებასა და ენერგეტიკულ დანახარჯებს მოითხოვს. ასევე მოიმატებს ჩამდინარე წყლების რაოდენობაც, რომელთა უსაფრთხო უტილიზაცია იქნება აუცილებელი.
რუკაზე ნაჩვენებია ამა თუ იმ სტარტეგიის გამოყენების შესაძლებლობები რეგიონიდან გამომდინარე. იმ რეგიონებში, რომლებიც წყლის დეფიციტს განიცდიან, შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტის ერთდროულად გამოყენება.
აბუდელაურის ფერადი ტბები აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როკშის წყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში ( ხევსურეთის არაგვის აუზი), სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს მდებარეობენ.
ტბები ზღვის დონიდან 2812მ სიმაღლეზეა განლაგებული. ისინი მყინვარული წარმოშობის ტბებია და თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლებით საზრდოობენ. ტბებში წყლის მაქსიმალური დონე ზაფხულშია, მინიმალური კი – ზამთარში. წლის ნახევარზე მ ეტი პერიოდი (თითქმის 6 თვე) ტბები გაყინულია და ყინულისგან მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება. ტბებში არ ბინადრობენ თევზები.
აბუდელაურის ტბების კომპლესში ერთმანეთთან ახლოს მდებარე სამი ტბაა: მწვანე, თეთრი და ლურჯი. ტბებამდე მისასვლეილი გზა სალმაოდ რთულია. საავტომობილო გზა მხოლოდ სოფელ როშკასთან მთავრდება და შემდეგ საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით უნდა გაიაროთ.
ტბებისკენ მიმავალთ პირველად ლურჯი ტბა შეგვხდეებათ. სწორედ ამ ტბასთანაა დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ლეგენდა. ამ ტბისთვის ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით იახსარის ლახტს გამოქცეულ უკანასკნელ დევმს შეუფარებია თავი. მანამდე იახსარს ლახტი უსროლია დევისთვის, მაგრამ დევი კლდეს ამოფარებია, ლახტი კლდეს მოხვედრია და მისგან ასხლეტილ ნაფოტს დევისთვის თვალი გამოუთხრია. საინტერესოა, რომ დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში. ცალთვალა დევი ტბაში ჩასაულა. იახსარი კი თან ჩაჰყოლია და დევი განუგმირავს, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა ტბის ზედაპირი შეკრა და იახსარმა ამოსვლა ვეღარ შეძლო, სანამ ბლოელმა ოთხრქა და ოთხყურა ცხვარი არ დაუკლა და მისი სისხლი ტბას არ ასხურა. ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, რომ ამ სიკეთის სანაცვლოდ სამ თხოვნას შეუსრულებდა. დაუბარა: როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო. იახსარი აქედან გაფრინილა და ლიქოკის თავზე, კარატის წვერზე დაბრძანებულა. ამ ადგილას იახსარის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. შემდეგ ეს ადგილი დაუტოვებია და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე დაბრძანებულა, სადაც ასევე საზარე და კოშკია აშენებული. შემდეგ კი შუაფხოში ჩამოსულა და სამუდამოდ იქ დარჩენილა.
მწვანე ტბა თავისი გამჭვირვალე და სუფთა წყლით გამოირჩევა, ხოლო
თეთრი ტბა აბუდელაურის ტბებს შორის ყველაზე მაღლა მდებარეობს და თან ყველაზე ლამაზია. ტბაში წყალი თეთრად ლივლივებს და სახელიც ამიტომ ეწოდა.