• იელოსტოუნის ეროვნული პარკი – ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი – ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლა და ერთ მშვენიერ დღეს კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდინარე იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

    დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს წინადადებით მიმართა მდინარე იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ (1872 წელს) დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ასევე მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

    ადგილობრივი მოსახლეობა იელოუსტონის პარკს „ყინულის, ცეცხლის, წყლის და ორთქლის ქვეყანას“ უწოდებდს. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასამდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი „ექსელსიორი“ ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს. ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა.

    კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ, თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს. აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფრამდე. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია, ამიტომაც აქაურობას „ყვითელი ქვების ქვეყანას“ ეძახიან. ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათა შორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია გადაჭიმული.

    კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით დანაწევრებული მაღალი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც ლავურ ღვარებს შემდგომში შედარებით მოუსწორებია. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღემდე მოაღწია.

    იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი „გრიზლი“, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი. პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

    ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში. პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500 კმ. სიგრძის გზა და 1500 კმ. სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს და მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

  • ჰავაის ვულკანური პარკი

    ჰავაის ვულკანური პარკი

    საოცარია ჰავაის ვულკანური პარკი. ტურისტები ფოტო და ვიდეოაპარატებით მომზადებულნი სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებენ ვულკან მაუნა-ლოას კრატერს, საიდანაც მოლურჯო-მოშავო ფერის ორთქლი ამოდის. დროდადრო მიწისქვეშა გუგუნი ისმის და მიწის მსუბუქი რყევაც იგრძნობა, თუმცა ტურისტები მაინც ელოდებიან ვულკანის ამოფრქვევას და ყველა მოულოდნელობისთვის მზად არის, მაგრამ ვულკანის ყელიდან ამოვარდნილი ცეცხლის სვეტი, გავარვარებული ქვები, ლავა და ფერფლი მაინც მათ დიდ შიშსა და გაოცებას იწვევს. ირგვლივ ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის, შეშფოთებული ტურისტები გამალებულნი ატრიალებენ ვიდეოკამერებს, ჩქარობენ გადაიღონ ბუნების ეს მრისხანე და, ამავე დროს, დიდებული მოვლენა. მაუნა-ლოა კი მოქმედებას განაგრძობს: ისვრის გავარვარებული ქვების ახალ-ახალ პარტიას, ანთხევს ლავას, აფრქვევს ფერფლს.

    მაუნა-ლოა ჰავაის არქიპელაგის ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი საშუალოდ სამ წელიწადში ერთხელ ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას. სწორედ ამ დროისთვის იკრიბებიან აქ იშვიათი სანახაობის მოყვარული ტურისტები.

  • კომოდოს ეროვნული პარკი

    კომოდოს ეროვნული პარკი

    კომოდოს ეროვნული პარკიინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე მდებარეობს. პარკი სამ დიდ (კომოდო, პადარი, რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს მოიცავს. მათი საერთო ფართობი 1733 კმ²-ია. 1980 წელს პარკი კომოდოს ვარანის – მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა. მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც. პარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის – კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილი-მონტაგი (100 ც), ფლორესი (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.

    პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულებივულკანურიწარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილიზღვის დონიდან735 მეტრზე მდებარეობს.კლიმატიერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელ ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 800 მმ-ია. ოქტომბერში, ტემპერატურა 40°C-ს აღწევს. პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ საუკეთესო პირობებს ქმნის ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობამანგროს ტყეებსმოიცავს.

    პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაფუძნებული ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 1991 წელს იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.

  • წყნარი ოკეანე – მსოფლიო ოკეანის  ნაგავსაყრელი

    წყნარი ოკეანე – მსოფლიო ოკეანის ნაგავსაყრელი

    1997 წელს ჩარლზ მური, რომელიც საკუთარი იახტით შინ ბრუნდებოდა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე ნაგვის უზარმაზარ გროვას გადააწყდა. მური ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც ოკეანეში დინებების საშუალებით მთელი მსოფლიოდან მოგროვებული „ნაგვის კუნძული“ ნახა.

    წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში დიდი ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი დაუსახლებელი კუნძული მდებარეობს, რომელიც უახლოესი დასახლებული ცენტრიდან 5000 კილომეტრითაა დაშორებული. ეს კუნძული ჰენდერსონია – უდიდესი პიტკერნის ოთხ კუნძულს შორის. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს იზოლირებული ნაკრძალი სრულიად ხელუხლებელი იქნება, მაგრამ ცდებით. კუნძული ჰენდერსონი, რომელიც იმდენად მოშორებულია დანარჩენი სამყაროსგან, რომ მხოლოდ მეცნიერები თუ სტუმრობენ 5-10 წელიწადში ერთხელ, დიდი უბედურების პირისპირ დგას. კუნძულის სანაპიროებზე გამორიყულია მილიონობით პლასტიკური ნარჩენი. დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ მსგავსი მასშტაბის შემთხვევა მეცნიერებს სხვაგან არსად უანახავთ.

    კუნძულ ჰენდერსონს, მეცნიერთა შეფასებით, შეიძლება „მსოფლიოს სანაგვე“ ეწოდოს. ავსტრალიელი და ბრიტანელი სპეციალისტების განცხადებით, წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულზე პლასტიკური ნარჩენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კუნძულ ჰენდერსონზე დაახლოებით 37,7 მილიონი სხვადასხვა სახის ნაგავია – თევზსაჭერი ბადეები, პლასტმასები, კბილის ჯაგრისები, საპარსები და სხვა. მეცნიერთა განმარტებით, კუნძული ოკეანური შესართავის ცენტრში მდებარეობს და ნაგავს ახლოს მცურავი სამხრეთამერიკული გემები ტოვებენ, სანაპიროზე ნარჩენების მოგროვებას კი ტალღები უწყობს ხელს.

    კუნძულ ჰენდერსონის პლაჟების ყოველ კვადრატულ მეტრზე 671 პლასტიკური ნარჩენია, რაც დაბინძურების სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კუნძულზე დაახლოებით 37,7 მილიონი პოლიეთილენის პარკი გდია. ხუთ ადგილზე აღებული ნიმუშების მიხედვით ირკვევა, რომ კუნძულზე გამორიყულია 17 ტონა პლასტიკური ნარჩენი; თითოეულ პლაჟზე ყოველდღიურად 3570-ზე მეტი პლასტმასის ახალი ნარჩენი გამოირიყება. შედეგად, სრულიად დაუსახლებელი ჰენდერსონი, რომელიც თითქოს ბუნებრივი, ხელუხლებელი ატოლი უნდა იყოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია. კუნძულის ლოკაცია მაგნიტივით იზიდავს მოტივტივე ნარჩენებს. საინტერესოა როგორ გროვდება აქ ნაგავი? წყნარ ოკეანეში არის ჩრდილოეთ წყნაროკეანური სუბტროპიკული მორევი – მასშტაბური და წყნარი დინება, რომელიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს და რომელიც ჰაერის ტემპერატურის და ატმოსფერული წნევის ცვლილება იწვევს. ეს ადგილი, შეიძლება ითქვას, ერთგვარი უდაბნოა ოკეანეში: მართალია, აქ მრავლადაა ფიტოპლანქტონი, მაგრამ ძალიან ღარიბია თევზებითა და ძუძუწოვრებით.

    მუდმივი შტილისა და სარეწაო ცხოველების არარსებობის გამო ეს ტერიტორია არც მეზღვაურებს იზიდავს – იშვიათად, რომ რომელიმე გემმა ეს ადგილი გადაკვეთოს. ეს იმიტომ, რომ პლანქტონის გარდა აქ მხოლოდ ნაგავია. ეს არის კოლოსალური ზომის ნაგავსაყრელი ჩვენს პლანეტაზე, სადაც მილიონობით ტონა ნაგავია დაგროვილი და რომელიც ნელა დრეიფობს წყნარი ოკეანის წყლებში. დინებათა მორევმა ერთდროულად ორი ნაგვის გროვა წარმოქმნა, რომლებიც ცნობილია როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ წყნაროკეანური ნაგვის მონაკვეთები, ხოლო ერთად ზოგჯერ დიდ წყნაროკეანურ ნაგავსაყრელსაც უწოდებენ. ამ ტერიტორიის აღმოსავლეთი მონაკვეთი ჰავაის კუნძულებსა და კალიფორნიას შორის მდებარეობს და ფართობით 2-ჯერ აღემატება ტეხასის შტატს, ხოლო დასავლეთი ნაგავსაყრელი იაპონიის აღმოსავლეთითაა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მათ წარმოქმნაში მხოლოდ იაპონელები და ჰავაიელები არიან დამნაშავეები: დიდ წყნაროკეანურ ნაგავსაყრელს ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა ქმნის. ამ დინების სუბტროპიკული ზონები 6 ათას კილომეტრზე ვრცელდება და მთელ წყნარ ოკეანეში აგროვებს ნაგავს.

    1950 წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს პოლიეთილენის პარკების, პლასტმასის ბოთლების, კონტეინერების გამოყენება, ამ გიგანტური ნაგავსაყრელის ფართობი ყოველ 10 წელიწადში ორმაგდება. უკანასკნელ წლებში ოკეანეში მცურავი ნაგვის მოცულობამ კატასტროფულად მოიმატა: როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, წყნარ ოკეანეში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა. ამჟამად ამ ტერიტორიის ფართობი რუსეთის ევროპული ნაწილის ფართობის ტოლია.

    მსოფლიო ოკეანის ზედაპირზე მცურავი ნაგვის 90% პლასტმასაა. გაეროს მონაცემებით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ოკეანის ყოველ კვადრატულ მილზე თითქმის 46 ათასი პლასტმასის ფრაგმენტი მოდიოდა. ზოგიერთ რაიონში კი პლასტმასის მასა 6-ჯერ აღემატება ბუნებრივი პლანქტონის მასას. ადამიანის მიერ ყოველწლიურად წარმოებული 300 მლნ ტონაზე მეტი პლასტმასის დაახლოებით 10% ოკეანეში ხვდება, ამ რაოდენობის 70% კი ოკეანის ფსკერზე გროვდება და იქაურ ეკოსისტემებს ანადგურებს. ნაგვის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ხილული და ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს.

    მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც ე.წ. „ნაგვის კუნძულების“ პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, მათ გასაწმენდად მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მეცნიერთა აზრით, ასევე არარეალისტურად გამოიყურება ოკეანის გლობალური გაწმენდის პროექტიც, რაც ამავე დროს დამღუპველად იმოქმედებს პლანქტონზეც. მით უმეტეს, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია ნაგვის შეგროვება, რომელიც წყალში ათეულობით მეტრ სიღრმეზეა დაგროვილი. ამიტომ საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს კონტინენტზე ნაგვის გადამუშავებას, მით უმეტეს, რომ ოკეანეში დაგროვილი ნაგვის მხოლოდ 20% იყრება პირდაპირ წყალში, დანარჩენი მასა კი ხმელეთის წყლებს ჩააქვს.

    ნაგვის შემცირებისა და მისი ალტერნატიული გამოყენების კარგი მაგალითია ჰოლანდიელების სურვილი, ააშენონ პლასტიკური კუნძული. მათ გამოყენებული ბოთლებისგან დასახლებული კუნძულის შექმნა სურთ და ამისთვის 44 მილიონი კილოგრამი პლასტმასის ნარჩენის გამოყენებას აპირებენ, რომელიც ამჟამად წყნარ ოკეანეს ანაგვიანებს. ხელოვნურად შექმნილ ობიექტს „უტილიზებულ კუნძულს“ დაარქმევენ. პროექტის ავტორები კუნძულის დიზაინს ვენეციის არხების მიხედვით ადგენენ.

    ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ობიექტის ენერგომომარაგება ენერგიის განახლებადი წყაროების საშუალებით განხორციელდება. პროექტის ავტორები პლასტმასის უტილიზებას პირდაპირ ოკეანეში აპირებენ. ამ პროცესის შედეგად მიღებულ ტივტივა ბლოკებს კუნძულის ფუნდამენტად გამოიყენებენ. მომავალი კუნძულის ფართობი დაახლოებით, 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. გარდა ქალაქისა, რომლის შექმნასაც ხელოვნურ ობიექტზე ვარაუდობენ, არქიტექტორები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის სპეციალური ზონის შექმნაზეც ფიქრობენ. ზომით კუნძული დაახლოებით ჰავაისხელა იქნება, ხოლო მოსახლეობა, სავარაუდოდ, 500 ათასს მიაღწევს. იმედია, პროექტი წარმატებით განხორცილედება და ჰოლანდიის გამოცდილებას სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ.