გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

იელოსტოუნის ეროვნული პარკი – ყვითელი კლდეების ნაკრძალი

1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლა და ერთ მშვენიერ დღეს კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდინარე იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს წინადადებით მიმართა მდინარე იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ (1872 წელს) დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ასევე მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

ადგილობრივი მოსახლეობა იელოუსტონის პარკს „ყინულის, ცეცხლის, წყლის და ორთქლის ქვეყანას“ უწოდებდს. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასამდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი „ექსელსიორი“ ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს. ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა.

კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ, თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს. აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფრამდე. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია, ამიტომაც აქაურობას „ყვითელი ქვების ქვეყანას“ ეძახიან. ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათა შორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია გადაჭიმული.

კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით დანაწევრებული მაღალი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც ლავურ ღვარებს შემდგომში შედარებით მოუსწორებია. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღემდე მოაღწია.

იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი „გრიზლი“, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი. პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში. პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500 კმ. სიგრძის გზა და 1500 კმ. სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს და მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.