• მერკატორი – კარტოგრაფიის მეფე

    მერკატორი – კარტოგრაფიის მეფე

    აღორძინების ეპოქის ფლამანდრიელ კარტოგრაფს – გერჰარდ მერკატორს (1512-1554 წ. წ.) კარტოგრაფიის მამად თვლიან და ეს ასეც არის. მერკატორი 1512 წელს პატარა საპორტო ქალაქ რუპელმონდეში ანტვერპენთან (ბელგია) ახლოს დაიბადა.  განათლება ლუვენის უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ არისტოტელეს მოძღვრების შესწავლით დაკავდა. ცოტა ხანში მერკატორმა დაინახა, რომ არისტოტელეს შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებთან სრულიად შეუთავსებელი იყო. ის წერდა: «როგორც კი დავრწმუნდი, რომ „დაბადებაში“ აღწერილი შემოქმედების მოსესეული ვერსია ეწინააღმდეგებოდა არისტოტელესა და სხვა ფილოსოფოსების შეხედულებებს სამყაროს გაჩენის შესახებ, ყველა ფილოსოფოსის შეხედულებებმა დამაეჭვა და ბუნებისმეტყველების სწავლას შევუდექი».

    მერკატორს არ სურდა ფილოსოფოსი გამხდარიყო, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ განხრით სწავლა აღარ გაუგრძელებია. სამაგიეროდ, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების პროცესის უტყუარობის დამტკიცებას მიუძღვნა.

    1534 წელს მერკატორმა მათემატიკის, ასტრონომიისა და გეოგრაფიის შესწავლა დაიწყო მათემატიკოს გემა ფრიციუსთან. გარდა ამისა, მერკატორმა გრავირება ისწავლა შესაძლოა გრავიორ გასპერ ვან დერ ჰაიდენთან, რომელიც ასევე გლობუსების დამზადებით იყო ცნობილი. XVI საუკუნის დასაწყისში კარტოგრაფები გოტიკურ მსხვილ შრიფტს იყენებდნენ, რის გამოც რუკებზე ინფორმაციის მისათითებლად საკმარისი ადგილი არ იყო. მერკატორმა გლობუსებზე წარწერის გასაკეთებლად კურსივი, დახრილი შრიფტი დაამკვიდრა, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.

    1536 წელს მერკატორი გრავიორად მუშაობდა ფრიციუსთან და ვან დერ ჰაიდენთან ერთად მსოფლიო გლობუსის შექმნაზე. ამ პროექტის წარმატებას იმან შეუწყო ხელი, რომ მერკატორს ძალიან ლამაზი ხელწერა ჰქონდა. მერკატორის თანამედროვე გეოგრაფი ნიკოლას კრეინი წერს, რომ მაშინ, როცა სხვა კარტოგრაფმა „ამერიკის ტერიტორიის ორმოცდაათი პუნქტი ადამიანის სიმაღლისხელა რუკაზე დაიტანა, მერკატორმა სამოცი პუნქტი დაატია გლობუსზე, რომლის დიამეტრიც ორი მტკაველის ტოლი იყო“.

    1537 წელს მერკატორმა შექმნა თავისი პირველი დამოუკიდებელი ნაშრომი — „წმინდა მიწის“ რუკა, რომელიც იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „ხალხს უკეთ გაეგო ძველი და ახალი აღთქმა“. XVI საუკუნეში „წმინდა მიწის“ რუკები ძალიან უზუსტო იყო. ზოგ რუკაზე სულ რაღაც  30 ადგილი იყო დასახელებული და მათგან უმრავლესობის ადგილმდებარეობა არასწორად იყო მითითებული. მერკატორის რუკაზე კი 400-ზე მეტი ლოკაციის ნახვა იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, მის რუკაზე აღნიშნული იყო ის გზა, რომელიც ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ განვლეს უდაბნოში. თავისი სიზუსტით ამ რუკამ მერკატორის თანამედროვეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

    წარმატებით გახალისებულმა მერკატორმა 1538 წელს მსოფლიო რუკა გამოსცა. იმ დრომდე კარტოგრაფებმა ბევრი არაფერი იცოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ და მას „შორეულ, უცნობ ქვეყანას“ უწოდებდნენ. თუმცა გეოგრაფიული სახელი „ამერიკა“ უკვე არსებობდა, მერკატორი პირველი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ეს სახელი მიაკუთვნა.

    მერკატორი მოღვაწეობდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, ანუ  მსოფლიო ოკეანეთა და ახალი მიწების შესწავლის პერიოდში.  იმ დროს მეზღვაურები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდნენ,  რაც კარტოგრაფიის საქმეს ძალიან ართულებდა. თუმცა 1541 წელს მერკატორმა გულის წადილი აისრულა და როგორც თავად ამბობდა, შექმნა „ისეთი გლობუსი, რომელიც მანამდე არ ყოფილა“.

    მერკატორი

    შემდგომ წლებში მერკატორმა დიდი დრო დაუთმო ნახაზებსა და საბეჭდი ფორმების გრავირებას ახალი გეოგრაფიული რუკების შესადგენად. 1590  წელს მერკატორს ავად გახდა:  მან მეტყველების უნარი დაკარგა და მარცხენა მხარი მთლიანად წაერთვა. სამუშაოს გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ის არ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას და გადაწყვეტილი ჰქონდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის 1594  წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 5 რუკა, რომელზეც მერკატორი მუშაობდა, რუმოლდმა, მისმა ვაჟმა დაასრულა.

     მერკატორის რუკების სრული კრებული 1595 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუკების პირველი კრებული, რომელსაც ატლასი ეწოდა. ამ პერიოდამდე რუკების კრებულს სამი  საუკუნის გამოჩენილი ალექსანდრიელი სწავლულის   კლავდიიოს  პტოლომეს საპატივცემულოდ, რომლის  ხელნაწერი  რუკების კრებული თანამედროვე ატლასის წინამორბედია  „პტალოომეებს~ უწოდებდნენ.

    თავად  სახელწოდება `ატლასი~ იმის გამო წარმოიშვა, რომ უკვე მერკატორის გარდაცვალების  შემდეგ მისი რუკების  კრებულის ყდაზე  გამოხატული იყო ბერძნული  მითოლოგიის  გმირის – ატლანტის ანატლასის გამოსახულება, რომელსაც მხრებით ბურთისებური ციური სფერო ეკავა. ამის გამო ატლასის ყდებზე ასეთ გამოსახულებას დიდხანს ათავსებდნენ.

    მერკატორის  ატლასში განხილულია „დაბადების“ პირველი თავი, რომელშიც ღვთის სიტყვის უტყუარობის დასამტკიცებლად ფილოსოფოსების შეხედულებების საპირისპირო არგუმენტებია მოყვანილი. მერკატორმა ამ ნაშრომს  „მთელი ჩემი შრომის მიზანი“ უწოდა.

     „ატლასის“ ვრცელი გამოცემა, რომელიც  1606  წელს იოდოუკუს ჰონდიუსმა გამოსცა, მრავალ ენაზე დაიბეჭდა და მალე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. XVI საუკუნის კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა მერკატორს „ჩვენი დროის უდიდესი გეოგრაფი“ უწოდა, ხოლო მწერალმა ნიკოლას კრეინმა მერკატორზე თქვა, რომ ეს იყო „კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა“.

    მერკატორის მემკვიდრეობით დღეს თითოეული ჩვენგანი სარგებლობს. ჩვენ ატლასით ვსარგებლობთ თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემით, შეგვიძლია ამ ადამიანის დაუღალავი შრომა გავიხსენოთ, ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იმას შეალია, რომ გაეგო თავისი ადგილი დროსა და სივრცეში.

    დღეს მერკატორის ქანდაკებები ნიდერლანდის, ბელგიისა და გერმანიის ქალაქებშია დადგმული. მისი სახელი ჰქვია ყველაზე გავრცელებულ საზღვაო რუკების პროექციას. გიცდიათ ოდესმე ფორთოხლის ქერქის გაბრტყელება?  თუ ასეა, დაინახავდით, რომ ქერქის დეფორმირების გარეშე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სირთულის წინაშე იდგნენ კარტოგრაფები, რომლებიც ცდილობდნენ დედამიწის სიბრტყეზე გამოსახვას. მერკატორმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ შექმნა მეთოდი, რომელიც დღეს მერკატორის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი. რუკის შედგენის ამ ახლებური მეთოდით ხაზები, რომლითაც  განედის გრადუსები აღინიშნება, ეკვატორიდან პოლუსებამდე თანაბარი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებით მანძილები და ზომები მახინჯდებოდა (განსაკუთრებით ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ). კარტოგრაფიის ისტორიაში ამ მეთოდს დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ. მერკატორის მიერ 1569 წელს გამოქვეყნებული კედლის მსოფლიო რუკა უნიკალური ნამუშევარი იყო, რამაც მას მნიშვნელოვანწილად გაუთქვა სახელი. მერკატორის პროექცია დღესაც გამოიყენება საზღვაო ნავიგაციასა თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ სისტემაში. მერკატორის პროექცია შეიძლება შევადაროთ გაშლილ ცილინდრს, რომელზეც მსოფლიო სიბრტყეზეა გამოსახული.

  • ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე და შემდეგ კი წყნარ ოკეანეში გავიდა. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლდა. კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდ. იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და  ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

    დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს კონგრესს წინადადებით მიმართა მდ. იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი  ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

    ინდიელები იელოუსტონის პარკს ”ყინულის, ცეცხლის,  წყლის და ორთქლის ქვეყანას” უწოდებენ. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასმდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი ”ექსელსიორი” ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი

    კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს.

    აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფერამდე.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი

    ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათაშორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია და აჭიმული.

    ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა. ხეობამ ტყუილად კი არ მიიღო ინგლისური სახელწოდება ინდიელებისაგან –  ”ყვითელი ქვების ქვეყანა”. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია.

    კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით და დანაწევრებული მაღალმთიანი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც შემდგომში შედარებით მოუსწორებია ლავურ ღვარებს. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღევანდლამდე მოაღწია.

    იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი გრიზლი, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი -ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი.

     პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

    ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში.

    პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500  კმ სიგრძის გზა და 1500  კმ სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს  და მას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა.

  • თანამედროვე რობინზონები

    თანამედროვე რობინზონები

    მსოფლიოს ოკეანის თვალუწვდენელ წყლებში დღესაც გვხვდება უკაცრიელი კუნძულები და  ზოგჯერ მათზე თავშესაფარს ჩვენი დროის რობინზონები პოულობენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ახლაც კი,  როცა თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ ჩვენი პლანეტი სხვადასხვა კუთხეში ისინი ველურ ბუნებრივ პირობებში არსებობისათვის იბრძვიან,  სხვათაშორის რობინზონებს შეიძლება  არა მარტო უკაცრიელ და დაუსახლებელ კუნძულებზე შეხვდეთ, არამედ ცივილიზაციის კერებიდან არც თუ ისე შორს.  

    მაგალითად, 1983 წელს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე გაუვალ ჯუნგლებში ნადირობისას  პატარა მდინარე სამხრეთ სარმატას ნაპირებზე, მონადირეთა ჯგუფი სრულიად მოულოდნელად და შემთხვევით 12 წლის გოგონას – იმაიატას წააწყდა, რომელმაც აქ სრულ სიმარტოვეში 6 წელი გაატარა.  1977 წლის თებერვლის ერთ დღეს იმაიატა მეგობრებთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ  წავიდა და უგზო-უკვლოდ  გაუჩინარდა.  ყველამ  ჩათვალა, რომ გოგონას ნავი ამოუყირავდა და დაიღუპა. 6 წლის განმავლობაში იმაიატა ისე გაველურდა, რომ  მშობლიური ენაც კი დაავიწყდა.  მიუხედავად ამისა,  ბედნიერმა მშობლებმა მაშინვე იცნეს ქალიშვილი. ყველაზე საინტერსო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ ეს პატარა ”რობინზონკა” საკუთარი სახლიდან სულ რაღაც 20 კმ-ში ცხოვრობდა.

    შემდეგი გმირი შეიძლება ითქვას რომ ჩემპიონია ყველა დროისა და ხალხების რობინზონებს  შორის. 1911 წელს  ბრიტანული შხუნა  ”ლამაზი ნეტარება”  წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში შტორმში მოხვდა და ჩაიძირა. ქოქოსის პალმებით დაფარულ,  მაგრამ  უკაცრიელ მარჯნის კუნძულამდე  მიღწევა ეკიპაჟის წევრებიდან  მხოლოდ 14  წლის იუნგამ ჯერემი ბიბსმა შეძლო. ბიჭმა თავის გადარჩენა მხოლოდ იმიტომ შესძლო, რომ კარგად იცნობდა დანიელ დეფოს რომანს, რომელიც მისთვის  მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა.  ჯერემიმ ქოხი აიშენა,  ჩიტებზე სანადიროდ კი  მშვილ-ისარი დაამზადა.  იუნგა ფრინველთა კვერცხებით, ქოქოსის პალმის ნაყოფითა და ქოქოსის რძით იკვებებოდა. როგორც რობინზონ კრუზო, ჯერემიც საკუთარი ხელით შექმნილი  ხის კალენდარით სარგებლობდა.  ასე გაატარა მან კუნძულზე მრავალი წელი, და მხოლოდ 1985 წელს,  კუნძულთან შემთხვევით  მოხვედრილი გერმანული გემის  წყალობით 88 წლის ჯერემი ბიბსი   სამშობლოში დაბრუნდა.  

    რობინზონებს შორის ზოგჯერ ისეთებიც არიან, რომლებიც  საკუთარი სურვილით ტოვებენ ცივილიზირებულ საზოგადოებას და უკაცრიელ კუნძულებზე თუ სხვა დაუსახლებელ ადგილებში მიდიან.  თუმცა თანამედროვე მსოფლიოში ასე დამალვა, შეიძლება ითქვას  უიმედო მცდელობაა და ადრე თუ გვიან ასეთ რობინზონებს პოულობენ.  მაგალითად, 1957 წელს წყნარ ოკეანეში მდებარე პოლინეზიის ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე ინგლისელმა მეზღავურებმა აქ  შოტლანდიელი ადამ  მაკაალოკას  კვალს მიაგნეს. მან მრავალი წელი გაატარა ნახევრად დანგრეულ ქოხში, სადაც იპოვეს კიდეც მისი დღიური, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ  მაკაალოკი  კუნძულზე 1850 წელს დასახლებულა.

    შემდეგი რობინზნის ცხოვრება კი  ინგლისელმა  მწერალმა  სომერსეტ  მოემმა აღწერა თავის მოთხრობაში ”გერმანელი ჰარი”. სინამდვილეში  ამ რობინზონის  სახელი ჰენრი ელვორტია და ის 1849 წელს დანიაში დაიბადა. 16 წლის ასაკიდან  ის  მეზღვაურობასა და მოგზაურობაზე ოცნებობდა. ელვორტი აფრებიან იახტაზე – ”ჟიბროზე”  მსახურობდა.  1884 წელს იახტა ავსტარლიასა და კ. ახალ გვინეას შორის მდებარე ტორესის სრუტეში მარჯნის რიფს შეასკდა და ჩაიძირა.

    ელვორტი უკაცრიელ კუნძულ ტერედიზე  მოხვდა, სადაც აბსოლუტურად მოულოდნელად თავის ძველ ნაცნობს ლუი გრეკს შეხვდა. მეგობრებმა  გადაწყვიტეს სამუდამოდ დარჩენილყვნინ ამ ტორპიკულ ”სამოთხეში”.  ისინი აგროვებდნენ  მარგალიტებს,  ნადირობდნენ და თევზაობდნენ. 9  წლის შემდეგ  ამ რობინზონების პოლკს  კიდევ ერთი ახალი წევრი დაემატა: მათ თავგადასავლების მაძიებელი ჯოზეფ დე პაოლი შეუერთდა.  მალე მან მეგობრების მიერ შეგროვებული მარგალიტების მთელი მარაგი მოიპარა და კუნძულიდან კოლონისტების გემის დახმარებით გაიქცა. 1900 წელს კუნძული ლუი გრეკმაც დატოვა. ის დიდხანს სთხოვდა  მეგობარს მასთან ერთად წასულიყო, მაგრამ  ვერ დაითანხმა.  კუნძულზე მარტოდ დარჩენილმა ელვორტმა   დ. დეფოს რობინზონის მსგავსად  აქ  28 წელი გაატარა და 1928 წელს გარდაიცვალა.

    1960  წელს  წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე  კუკის არქიპელაგში შემავალი უკაცრიელი ატოლის სუვოროვოს თავზე გადაფრენისას  ამერიკული სამხედრო გემის შვეულმფრენის ეკიპაჟმა უცბად ადამიანი შენიშნა. ეს ახალ ზელანდიელი ტომ ნილი აღმოჩნდა, რომელიც 1957 წლიდან   საკუთარი ნებით ცხოვრობდა ატოლზე. ნილი ძალიან წინდახედული რობინზონი აღმოჩნდა.  კუნძულზე ცხოვრების  პირობების  გაადვილების მიზნით მას თან წაუღია საწვავის საკმარისი რაოდენობა, ასანთის კოლოფები, რამდნეიმე  საბანი,  საპონი და სხვა სასარგებლო წვრილმანები. გარდა ამისა, ატოლზე მან  ბოსტანი გააშენა,  ქათმები, მტრედები და ღორებიც კი  მოაშენა და გაამრავლა.  ნილმა კუნძულზე  თავისი ძაღლიც წაიყვანა და მთელი ცხოვრება მასთან  ერთად 700 მ სიგრძისა და 250 მ სიგანის ხმელეთის ”ნაკუწზე”  გაატარა.

    გაოცებული ამერიკიელი მეზღვაურები  კიდევ უფრო გააოცა მოხალისე  რობინზონის დამცინავმა სიტყვებმა , რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა უკან დაბრუნებაზე და  უფრო მეტიც, საერთოდ არ აინტერესებდა  იმ სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამბები.   9  წლის შემდეგ, 1966  წელს  ტომ ნილი სამშობლიში დაბრუნდა და გამოსცა წიგნი  სათაურით ” კუნძული ჩემთვის”, რომელშიც  კუნძულზე გატარებული წლები და  ცხოვრება აღწერა.  1967 წელს  ნილი  უკან დაბრუნდა ატოლზე და კიდევ 10 წელი გაატარა იქ.  

     მოხალისე რობინზონები დღესაც ცხოვრობენ  ”თავიანთ” კუნძულებზე.  უკვე  20  წელზე მეტია   შოტლანდიის ნაპირებთან განმარტოებით  ცხოვრობს შოტლანდიელი რობინზონი დევიდ გრერლი.  სამსახურის დაკარგვის შემდეგ ცხოვრებით უკმაყოფილო დევიდმა თვითიზოლაცია გადაწყვიტა და შეგროვილი თანხით სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი  პატარა კუნძული იყიდა.  დევიდ-რობინზონი გამოქვაბულში ცხოვრობს  და   სოფლის მეურნეობას მისდევს: მოაშენა ცხვრები, ღორები და ქათმები; ასევე დაკავებულია თევზჭერით და უვლის ბოსტანს.  

     ბევრად უკეთეს და ხელსაყრელ პირობებში, მარადიული ზაფხულის მხარეში, ფილიპინების არქიპელაგში შემავალ კუნძულ ტამლაგუნაზე (კ, პალავანთან ახლოს) ცხოვრობს საზოგადოებისგან განდგომილი კიდევ ერთი რობინზონი – წარმოშობით გერმანელი, მიუნხენელი ფრიდრიხ ტეკსტერი, პროფესიით მექანიკოსი.  მან მთელი თავისი ქონება გაყიდა და ფილიპინებზე 99 წლის ვადით პატარა მწვანე კუნძული სულ რაღაც  6000 გერმანულ მარკად იყიდა.  ტეკსტერი ბამბუკისგან  აშენებულ ქოხში ცხოვრობს და ხილისა და ბოსტნეულის მოყვანითაა დაკავებული.

    ბრაზილიელი 80 წლის რობინზონი – უფრო სწორედკი მეცნიერი ფერდინად ლი უკვე 40 წელია ბრაზილიის სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულზე ბინადრობს. მან აქ პალმები  და ბოსტანი გააშენა, კლდეში იპროვიზირებული რეზერვუარი შექმნა, სადაც წვიმის წყალს აგროვებს.  ლის სახლი ელექტროფიცირებულია  ქარის  ელექტროსადგურების წყალობით. 

    ფერნანდო მუდამ ფეხშიშველა დადის, არ ინტერსედება სამყაროში მიმდინარე მოვლენებით და ამიტომაც არ უსმენს რადიოს.  ლი  კუნძულზე მარტო არაა: მან რამდნეიმე იგუანა მოიშინაურა, რომლებიც  მას ერთგული ძაღლებივით უკან დასდევენ.  სინამდვილეში ამ რობინზონს გუს ანჰელმაიერი ჰქვია და  ის გერმანელია.  ბრაზილიაში ჰამბურგიდან ჩავიდა ჯერ კიდევ  მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მოგვიანებით კი ამ სტუმართმოყვარე კუნძულზე მუდმივად დასახლდა.

    ავსტრალიის ნაპირებთან ტორესის სრუტეში, პატარა კუნძულ პაკიზე , პრინც უელსის კუნძულიდან არც თუ ისე შორს, თითქმის 20 წელი გაატარა კიდევ ერთმა რობინზონმა – შვედმა მეზღვაურმა რუალ ესტა ბანმა.  მისი ამორჩეული კუნძული მდიდარია პალმებითა და ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებით,  აქვეა ორი მტკნარწყლიანი ტბა, ამიტომაც  ის საჭმელ-სასმელის დეფიციტს არსდროს განიცდიდა.  რობინზონ რუალის  სიტყვებით სწორედ ამ კუნძულზე გრძნობდა ის თავს ყველაზე მდიდარ და  ბედნიერ ადამიანდ მთელ მსოფლიოში. 

  • რობინზონ კრუზოს ნაკვალევზე

    რობინზონ კრუზოს ნაკვალევზე

    დარწმუნებული ვარ,   ყველა ჩვენგანს  წაკითხული თუ არა აქვს ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს რომანი ” რობინზონ კრუზო”,  ამავე სახელწოდების ფილმი მაინც ექნება ნანახი. ჰოდა, ალბათ  ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, რეალურ ცხოვრებაში მართლა არსებობდა  თუ არა რობინზონ კრუზო და სად მდებარეობდა მისი უკაცრიელი კუნძული?

    სინამდვილეში,  რობინზონი  თურმე მართლაც არსებობდა და მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არაა.  დ. დეფოს რომანს საფუძვლად უდევს  ისტორიული ფაქტი და წიგნში მხოლოდ  მთავარი გმირის სახელი და გვარია შეცვლილი, ხოლო კუნძული სადაც ის ჩარჩა დეფომ  ატლანტის ოკეანეში,  კარიბის ზღავში ჩამდინარე  მდინარე ორინოკოს  შესართავთან  გადაიტანა.   როცა მწერალი  წიგნში რობინზონის კუნძულის ბუნებრივ პირობებს  აღწერდა, სინამდვილეში კუნძულების ტრინიდადი და ტობაგოს ბუნება დაახასიათა. 

    და  მაინც, სად მდებარეობს  რობინზონის ნამდვილი კუნძული ? თუ რუკას დახედავთ, ს.გ 33 გრადუსსა და დ. გ 80 გრადუსზე თქვენ  პატარა კუნძულთა ჯგუფს შენიშნავთ. ეს ხუან-ფერნანდესის კუნძულებია, რომლებიც 1563 წელს აღმოაჩინეს და სახელიც  მათი პირველაღმომჩენის ესპანელი მოგზაურის  პატივსაცემად  ეწოდა.  ხუან-ფერნანდესის   კუნძულთა შორისაა ვულკანური კუნძული მას-ა-ტერა, რომლის სახელი ესპანურიდან თარგმანში ”ნაპირთან ახლოს” ნიშნავს,   კუნძული  მას-ა-ფუერა,   ანუ ” ნაპირიდან შორს”  და ასევე  კუნძული  სანტა-კლარა.  ეს სამივე კუნძული ჩილეს ეკუთვნის.  პირველი მათგანი ანუ მას-ა-ტერა კი  სწორედ რობინზონ კრუზოს რეალური კუნძულია, რასაც იქ აღმოჩენილი წარწერები მოწმობს.   მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან კუნძულს რობინზონ კრუზოს სახელი  ოფიციალურად  ეწოდა.

    რიბინზონ კრუზოს კუნძულის სიგრძე 23 კმ, სიგანე კი  8 კმ-ია, ხოლო  ფართობი 144 კვ.კმ. არქიპელაგის სხვა კუნძულების მსგავსად მისი რელიეფი  მთაგორიანია. მისი უმაღლესი მწვერვალის მთა იუნკეს სიმაღლე 1000 მ-ია ზ.დ-დან.  

    კუნძულის კლიმატი რბილი ოკეანურია. ყველაზე ცივი – აგვისტოს თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12 გრადუსია, ხოლო ყველაზე თბილი თვის – თებერვლის + 19 გრადუსი.  კუნძულის დაბლობ ადგილებში სავანებია გავრცელებული, სადაც ალაგ-ალაგ გვიმრები და პალმის ჭალები გვხვდება, ხოლო მთების ფერდობები  ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმინაობის გამო  საკამოდ შემცირდა.  კუნძულის დაცვის მიზნით  იგი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. კუნძულზე 100-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობა უნიკალურია. მაგ; ხე ნალკა და  პალმა ჩონთა,  ასევე მრავლადაა სხვადასხვაგვარი  ყვავილები და გვიმრები, რომლებიც მეტი არსად გვხვდება ჩვენს პლანეტაზე.  ოდესღაც კუნძული ხშირი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ დღეს მათი ნახვა მხოლოდ ზოგიერთი მთის ძნელად მისასვლელ მწვერვალებზეღაა შესაძლებელი. კუნძულის ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია, ხოლო მთელ კუნძულზე  კრისტალური სისუფთავის ნაკადულები მიედინება.

    კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით. აქ შეხვდებით კუს, ზღვის ლომებს, ლანგუსტებს, სელაპებსა და სხვა  თევზებს.  ერთ დროს კუნძულზე თურმე იმდენი სელაპი ბინადრობდა, რომ კუნძულთან  მიახლოება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მათ  ნიჩბებით იგერიებდნენ.  კუნძულის ბინადარია აგრეთვე თხა, რომლის ”წინაპარი” 1563  წელს ხუან-ფერნანდესმა შემოიყვანა.

    1709  წლის 2 თებერვალს სწორედ კ. მას-ა- ტერას მიუახლოვდა ინგლისელთა ორი სამხედრო გემი   – ”დიუკი” და ”დიუშესი”. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ  ეკიპაჟებს დასვენება სჭირდებოდათ. 7 მეზღვაური და ოფიცერი  კუნძულმდე  პატარა ნავით მიცურდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან  თხის ტყავისგან დამზადებულ სამოსში გახვეულ მამაკაცთან ერთად, რომელსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდა.  სტუმარი უიმედოდ ცდილობდა კაპიტანისთვის რაღაცის ახსნას, მაგრამ მხოლოდ გაურკვევლ ბგერებს  გამოსცემდა, რომელიც  თითქოსდა ინგლისურს წააგავდა.

     რამდენიმე ხნის  შემდეგ  მამაკაცმა თავისი საოცარი  თავგადასავლის მოყოლა შესძლო.  ეს იყო  ვინმე ალექსანდრე სელკირკი,  რომელიც 1676  წელს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლარგოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა.  19  წლის ასაკში, მშობლებთან გაუთავებელი კონფლიქტის გამო, მან გვარი გამოიცვალა და უკვე სელკირკის გვარით სახლიდან წავიდა.  რამდენიმე წლის განმავლობაში ის მეზღვაურად  მუშაობდა ინგლისის სამხედრო  ფლოტის გემებზე.  ერთხელაც  მან მოისმინა,  რომ   სამეფოში  ცნობილი მეკობრე  დამპირი მეზღვაურებს ეძებდა თავისი გემისთვის. სელკირკსაც ბევრი არ უფიქრია და მასთან   მისვლა გადაწყვიტა,  თუმცა ის დამპირთან  არა, მაგრამ მეორე გემის კაპიტანთან –  პიკერინგთან მოხვდა.

    1703 წლის სექტემბერში მეკობრეთა გემებმა სტარტი აიღეს. ეს იყო იმ დროისათვის  ტიპური მძარველობითი მეკობრული რეისი.  ესკადარა პერუს ნაპირებთან ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა და ძარცვავდა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულ  ესპანურ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდნენ. მალე პიკერინგი გარდაიცვალა და გემის კაპიტანი ვინმე სტრედლინგი გახდა, რომელიც ვერ შეეწყო დამპირს და  ამიტომ  მას გამოეყო.  გამჭრიახი სელკირკი  იმ დროისათვის  უკვე კაპიტან სტრედლინგის მეორე თანაშემწედ  ითვლებოდა. 1704 წლის მაისში გემი შტორმში მოხვდა, დაზიანდა და  ღუზა კ. მას-ა-ტერადან  შორიახლოს ჩაუშვა.  გემს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა,  ეს კი კაპიტანს არ სურდა. სწორედ ამიტომ მასსა და მის თანაშემწეს შორის კონფლიქტი მოხდა.  შედეგად, სტრედლინგის ბრძანების თანახმად სელკირკი  უკაცრიელ კუნძულზე გადასვეს და დატოვეს.  მას მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაუტოვეს: იარაღი და ტყვიები, დანა, ცული, სათვალთვალო მილი, ცოტა თამბაქო და საბანი.  

    მართალია, თავიდან  სელკირკი  სასწარკვეთამ შეიპყრო, მაგარმ მალევე მიხვდა, რომ ეს მის  დაღუპვას მოასწავებდა და საქმეს შეუდგა. ” მე მხოლოდ შრომამ გადამარჩინა” –  ამბობდა მოგვიანებით  მეზღავური.  მან პატარა ქოხი ააშენა, კუნძულზე მოგზაურობისას მრავალი საკვებად ვარგისი  და გემრიელი  მცენარე იპოვა, რომლებიც თავის დროზე თავად ხუან-ფერნანდესმა დარგო.  მოგვიანებით სელკირკმა თხებიც მოიშინაურა და ზღვის კუებეზე ნადირობა და თევზაობაც ისწავლა.  ყოფილი მეზღვაური ცეცხლს ხახუნით აჩენდა, ხოლო ტანსაცმელს თხების ტყავისგან  და   საკუთარი ძალებით დამზადებული ლურსმნებით კერავდა.  კუნძულზე ცხოვრებისას სელკირკმა სხვა სასარგებლო ნივთებთან ერთად საკუთარი  კალენდარიც  კი შექმნა.

    ასე , სრულ მარტოობაში გაატარა ინგლისელმა უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად 5 წელი, სანამ შემთხვევით ამ კუნძულს ინგლისელი მეზღვაურები  კაპიტან როჯერსის მეთაურობით არ ესტუმრნენ.  მოგვიანებით გაირკვა, რომ   მას შემდეგ რაც სელკირკი კუნძულზე გადასვეს, სტრედლინგის გემი შტორმში მოხვდა, ხოლო მისი ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ესპანელებმა დაატყვევეს.  როჯერსი მოხიბლული იყო სელკირკის გამჭრიახობით,  გამძლეობითა და უნარ-ჩვევებით და იგი თავის თანაშემწედ დანიშნა.   ამგვრად,  სელკირკი ისევ მეკობრულ საქმიანობას დაუბრუნდა.

    1712 წელს სელკირკი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს გამოვიდა კაპიტან როჯერსის წიგნი სათაურით  ”კომერციული მოგზაურობა დედამიწის გარშემო” , რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ინგლისელი მეზღვაურის თავგადასავალი. რამდენიმე  ხნის შემდეგ  კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა:  ” ბედისწერის ჩარევა ანუ ალექსანდრე სელკირკის საოცარი თავგადასავლი”, რომელიც მან თავად დაწერა,  სამწუხაროდ,  ალექსანდრეს არ ჰქონდა მწერლობის ტალანტი და ამიტომ წიგნი თანამედროვეებს შორის წარმატებული არ იყო.   მხოლოდ დანიელ დეფოს რომანმა, რომელიც 1917 წელს გამოვიდა, მოუტანა მეზღვაურს ნამდვილი აღიარება,  წიგნი კი ბესტელერი გახდა. ახალი წიგნის სათაური საკმაოდ გრძელი იყო: ”ცხოვრება და საოცარი მოგზაურობა რობინზონ კურზოსი, მეზღავურისა იორკიდან, რომელმაც 28 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე”.  მიუხედავად იმისა,  რომ წიგში მოთხრობილია ვინმე რობინზონ კრუზოს თავგადასავლი, ხოლო  მისი კუნძულზე ყოფნის პერიოდი რამდნიმე წლით იყო გაზრდილი,  წიგნის მთავარ გმირში მაშინვე იცნობოდა ალექსანდრე სელკირკი.  მით უმეტეს, რომ  წიგნის პირველ  გამოცემაში ავტორი პირდაპირ ამბობდა: ” ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც გახდა ამ წიგნის დაწერის მიზეზი”.

    ალექსანდრე სელკირკი 1723 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  მის მშობლიურ ქალაქ ლარგოში, მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, სელკირკს ძეგლი დაუდგეს, ხოლო 1868  წელს კ. მას-ა-ტერაზე  იმ მთაზე, საიდანაც  სელკირკი   გემებს უთვალთვალებდა  მემორიალური დაფა დადგეს.

    აღსანიშნავია, რომ კუნძულის ისტორიაც ისევე საინტრესოა, როგორც თავად სელკირკ-რობინზონის.  აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე სულაც არ ყოფილა პირველი და უკანასკენლი  რობინზონი ამ კუნძულზე.  პირველი გადასახლებული მისი პირველაღმომჩენი – ზღვაოსანი ხუან-ფერნანდესია.  კუნძულზე მან რამდენიმე წელი გაატარა და შემდეგ კონტინენტზე დაბრუნდა.  სწორედ მისი ” სახსოვარია”  კუნძულზე ბინადარი თხები, რომლებიც  ისე სწრაფად გამრავლდნენ, რომ არც  შემდგომი რობინზონები და არც  თანამედროვე ადგილობრივი მონადირეები, თხის ხორცისა და რძის დეფიციტს არ განიცდიდნენ.

    ოკეანეში დაკარგული დედამიწის  ეს პატარა ნაგლეჯი   საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა.  მე-17 ს-ის 20-იან წლებში კუნძულზე საკამოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, ხოლო 1680 წლის იანვრიდან  1683 წლამდე აქ   ინდიელი ვილიამი იმყოფებოდა, რომელიც უცნობი მიზეზების გამო ინგლისელმა მეკობრეებმა დატოვეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ადამიანი გახდა დეფოს რომანის მეორე გმირის –  პარასკევას პროტოტიპი.  1683 წლის 22 მარტს ვილიამი  ბედის ირონიით ასევე ინგლისელმა  მეკობრეებმა იპოვეს და თან წაიყვანეს. 

    შემდეგი რობინზონების ისტორია  ძალიან სახალისოა. 1687 წელს  კაპიტან დევისის ბრძანებით კუნძულზე  ის ცხრა  მეზღვაური გადასვეს, რომელბიც  ”ზარს” თამაშობდნენ.  მათაც მეტი რა უნდოდათ და  კუნძულზე  პრაქტიკულად მთელ დროს თამაშში ატარებდნენ.   რადგანაც  უკაცრიელ კუნძულზე ფულს არანაირი ფასი არ ჰქონდა, ამიტომ მათ კუნძული გაიყვეს და ამ მიწებზე თამაშობდნენ. 

    პერიოდულად კუნძულს ესპანელები სტუმრობდნენ და მისი მოთამაშე ბინადრების დაჭერას ცდილობდნენ.  მეზღვაურთა უპრობლემო ცხოვრება 3 წელს გაგრძელდა.  14 წლის შემდეგ კი კუნძულის ბინადარი  ა. სელკირკი გახდა. მის შემდგომაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კუნძული  მეკობრეების გასაჩერებელ ადგილს წარმოადგენადა.  1715 წელს კი აქ ესპანელებმა პატარა კოლონია დაარსეს, მაგრამ მიწისძვრის შედეგად  მალევე განადგურდა. 

    მოგვიანებით, 1719 წელს კ. მას-ა-ტერაზე,  რაღაც დროით ინგლისელების ფლოტიდან გამოქცეული დეზერტირები ცხოვრობდნენ. ერთი წლის შემდეგ  ჩაძირული გემის ”სპიდუალის” ეკიპაჟის წევრები.  1750 წელს აქ ესპანელებმა ციხე-სიმაგრე ააშენეს,  რომელმაც მოგვინებით ციხის ფუნქცია შეიძინა და აქ ჩილეს  დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ადამიანებს სვავდნენ.  მიწისძვრამ ეს  შენობაც დაანგრია და კუნძული  ისევ გაუკაცრიელდა.

     1855 წ. კუნძულზე  ჩილედან მოსულმა  კოლინისტებმა მორიგი  დასახლება დაარსეს.  ისინი მიწათმოქმედებას, თევზჭერასა და მესაქონლეობას  მისდევდნენ  და კუნძულზე საკონსერვო ფაბრიკაც კი ააშენეს.  მე-19  ს-ის მიწურულს  ჩილეს მთავრობამ საქვეყნოდ ცნობილი კუნძული  არენდით მისცა შვეიცარელ ბიზნესმენს ბარონ დე როდტს, რომელმაც აქ   ლანგუსტებზე ნადირობის ორგანიზება მოახდინა. 

    მშფოთვარე  მე-20 საუკუნეში,   ოკეანეში დაკარგული დედამიწის  ეს პატარა ნაგლეჯი  ყურადღების ცენტრში  რამდენჯერმე აღმოჩნდა. 1915 წელს კუნძულის ნაპირებთან ინგლისელთა ფლოტმა გერმენელების კრეისერი ”დრეზდენი” ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას-ა-ტერასთან  იაპონელი და გერმანელი წყალქვეშა ნავები და მსუბუქი კრეისერები  იმალებოდნენ.

    მოგვიანმებით ამერიკულმა კომპანიამ   რობინზონ კრუზოს ცნობადობის  გათვალისწინებით  ტურისტებისთვის კუნძულზე სასტუმრო ააშენა. ასევე   კუნძულის ხედებით  ღია ბარათები გამოუშვა.  ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით  ის გამოქვებული სარგებლობს, სადაც ვითომდა  სელკირკი-რობინზონი ცხოვრობდა; ასევე ის ბორცვი, სიადანაც ის ოკეანეს გადაჰყურებდა. ამჟამდ, კ. მას-ა-ტერაზე ერთადერთი პატარა დასახლებული პუნქტია –  სან-ხუან-ბატისტა, რომლის  მოსახლეობა სულ რაღაც 500 კაცია.  სხვათაშორის კუნძულის  მცხოვრებთა  უმეტესობას რობინზონი, პარასკევა და დანიელი ჰქვიათ. მართალია კუნძულზე არის სატელეფონო  კავშირი და ინტერნეტი, ასევე  მუშაობს ფოსტა, მაგრამ კუნძული მაინც საკმაოდ იზოლირებულია.  პროდუქტებით დატვირთული გემი აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა  უნდა აღინიშნოს რომ კარგადაა განვითარებული საჰაერო მიმოსვლა.

  • მოგზაური ქალები

    მოგზაური ქალები

    როცა ჩვენ თავგადასავლების მამაც მოყვარულებზე, უშიშარ მოგზაურებსა და ახალი მიწების აღმომჩენებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, მამაკაცები გვყავს მხედველობაში. არადა, გეოგრაფიული აღმოჩენებისა და კვლევების ისტორიაში ცნობილია ქალებიც, რომლებმაც დაარღვიეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრნენ. ყველაზე ცნობილი მოგზაური ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმიტომ მოგზაურობდნენ, რომ თვალსაწიერი გაეფართოვებინათ, ან საყვარელ ადამიანებს მიჰყვებოდნენ, ან სულაც იმიტომ, რომ სახლში ჯდომა აღარ უნდოდათ. გავიცნოთ ზოგიერთი მათგანი.

    ჰუდრიდურის, ამ საოცარი ქალის, ისტორია ისლანდიურმა საგამ შემოგვინახა. ჰუდრიდური 980 წელს დაიბადა. თავის მეუღლესთან და მის ვიკინგებთან ერთად მან ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს მიაღწია. მოგვიანებით მან ასევე იმოგზაურა რომში, სადაც თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები თავად რომის პაპს მოუყვა. ამიტომაც ჰუდრიდური სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს პირველ მოგზაურ ქალად.

    ბოტანიკოსი და მკვლევარი ანა ბარე, პირველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. 1776 წელს 26 წლის ბარემ ფრანგ ბოტანიკოსთან ფილიბერ კომერსონთან დაიწყო მუშაობა, როგორც მამაკაცმა. მალე კომერსონი ბუჰენვალის ექსპედიციასთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა და მამაკაცის სამოსგადაცმული (ქალებს იმხანად გემბანზე არ უშვებდნენ) ანაც თან გაჰყვა. ერთი ვერსიით ბარეს საიდუმლო კუნძულ ტაიტზე გამჟღავნდა. მეორე ვერსიით კი კომერსონმა იმთავითვე იცოდა სიმართლე თავისი თანაშემწის შესახებ და სინამდვილეში ანა მისი სატრფო იყო. იგი ფილიბერთან ერთად მცენარეების ნიმუშებს აგროვებდა და შეისწავლიდა. როცა გამჟღავნდა, რომ ბარე ქალი იყო, იგი კომერსონთან ერთად კუნძულ მავრიკიაზე ჩამოსვეს. საფრანგეთში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და მთავრობამ ბოტანიკაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ბარეს სახელს ატარებს მთები პლუტონზე.

    ლედი ესტერ სტენჰოუპი 1776 წელს გრაფ ჩარლზ სტენჰოულის ოჯახში დაიბადა. მოგზაურობის სურვილი ესტერს ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, როცა იგი ნავით შეეცადა საფრანგეთში გადასვლას, მაგრამ მალევე მიაგნეს და სახლში დააბრუნეს. აქტიურმა, დამოუკიდებელმა და ჭკვიანმა გოგონამ 1803 წელს ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის უილიამ პიტ უმცროსის პირად მდივნად დაიწყო მუშაობა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მას პენსია დაენიშნა და სწორედ ამ თანხით მოახერხა მოგზაურობა. ესტერი ჯერ საბერძნეთში, ათენში გაემგზავრა, შემდეგ კი ეგვიპტეში. ქაიროსკენ მიმავალ გზაზე, როდოსთან მათი გემი ძლიერ შტორმში მოჰყვა. ლედი ესტერი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მოგზაურობდა. მან 2 წლის განმავლობაში პალესტინა, სირია და ლიბანი მოიარა. ლედი ესტერი პირველი ევროპელია, რომელმაც აღმოსავლეთის ზოგიერთი ქალაქი მოინახულა.

    ცნობილი ამერიკელი ალპინისტი ენი სმიტ პეკი 1850 წელს პროვიდენსში დაიბადა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიპყრო ჩრდილეოთი და სამხრეთი ამერიკის, ასევე ევროპის თითქმის ყველა მწვერვალი. 58 წლის ენი სმიტი ანდების მწევრვალ ჰუასკარანზე (6656 მ), ხოლო 61 წლის ასაკში კოროპუნაზე (6377 მ) ავიდა, ხოლო უკანასკნელი ასვლა ენიმ 82 წლის ასაკში განახორციელა. თავისი მოგზაურობების შთაბეჭდილებების შესახებ ენი ლექციებს კითხულობდა და წიგნებიც დაწერა.

    მოგზაურობისა და ბუნების სიყვარული ჰარიერტ ჩალმერს ადამსს მამისგან გადმოეცა, რომელსაც ქალიშვილი ხშირად დაჰყავდა მთებში. უკვე 14 წლის ჰარიეტი მამას ერთწლიან ექსპედიციაში მექსიკაში ახლდა და ლათინური ამერიკით მოიხიბლა. ჰარიეტს არც დაოჯახების შემდეგ შეუწყვეტია მოგზაურობა. მან და მისმა მეუღლემ ფრენკმა სამხრეთი ამერიკა მოიარეს. თავისი მოგზაურობის ამსახველი კადრები და შთაბეჭდილებები ჰარიეტმა წიგნად გამოსცა. მან ასევე იმოგზაურა აზიაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რადგან იმ დროისათვის ქალებს არ შეეძლოთ გამხდარიყვნენ გეოგრაფიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ჰარიეტ ადამსმა „ქალ-გეოგრაფთა საზოგადოება” დააარსა და მისი პირველი თავჯდომარეც გახდა.
    ნელი ბლაი, წარსულში ელიზაბეტ კოკრენი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ქალ მოგზაურთა სიაში. ჟურნალისტი ნელი ბლაის მოგზაურობების და თავგადასვლების დიდი ნაწილი გაზეთ „New York World”-ში მის მუშაობას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, ნელიმ დასაბამი მისცა, ე.წ. სენსაციური ჟურნალისტიკის ეპოქას. ნელი ბლაი პირველი და ერთადერთი ქალია, რომელმაც გადაწყვიტა ჟიულ ვერნის რომანის „80 დღე მსოფლიოს გარშემო” გმირის ფილეას ფოგის რეკორდი მოეხსნა. ნელი სამოგზაუროდ 1889 წლის 14 ნოემბერს გაემართა ერთადერთი „კოზირით” – განსაკუთრებული პასპორტით, რომელიც აშშ-ის გენერალური მდივნის მიერ იყო ხელმოწერილი. საფრანგეთში ბლეი ჟიულ ვერნს შეხვდა, რომელიც ფიქრობდა, რომ ნელი მოგზაურობას 79 დღეში დაასრულებდა, და არა 75 დღეში, როგორც თავად ნელი ვარაუდობდა. ბლეიმ გადაცურა რამდენიმე ზღვა, სუეცის არხი, მოიარა კოლომბო და ადენი, ესტუმრა კეთროვანთა კოლონიას ჩინეთში, იყიდა მაიმუნი და ნიუ-იორკში დაბრუნდა, მთელ მოგზაურობას ნელიმ 72 დღე, 6 საათი, 10 წუთი და 11 წამი მოანდომა.

    ანნი კოენ კოპჩოვსკი პირველი ქალია, რომელმაც 1894 წელს დედამიწის გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა. თანაც იმ დროს უკვე სამშვილიანი დედა იყო, მაგარმ ამ ფაქტორმაც კი ვერ ააღებინა ხელი განზრახვაზე.
    ცნობილი მოგზაურისა და მწერლის ჯორჯ კინგსლის ქალიშვილი მერი კინგსლიც მამის მსგავსად მოგზაურობით იყო გატაცებული. მან აფრიკა გამოიკვლია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მერის ასწავლეს, როგორ უნდა გადაერჩინა თავი ჯუნგლებში, რამაც მას საშუალება მისცა, საკმაოდ სახიფათო და მიუვალ ადგილებში წასულიყო. მან ჩანაწერებში აფრიკის ბევრი ადგილი, მცენარე და ცხოველი აღწერა.

    ინგლისელ ქალს ფრეია სტრაკს ნეკროლოგში „უკანასკნელი რომანტიული მოგზაური” უწოდეს და ეს არცაა გასაკვირი. თავისი ხანგრძლივი (ფრეია თითქმის 100 წელი იცოცხლა) და თავგადასავლებით მდიდარი ცხოვრების განმავლობაში მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ბავშვობაში ფრეიას წიგნი „1001 ღამე” აჩუქეს და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, ის აღმოსავლეთით „მოიწამლა”. ფრეიამ ლათინური, არაბული და სპარსული ენები შეისწავლა და 1930 წელს ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის პირველი ევროპელი ქალია, რომელმაც არაბეთის უდაბნოში იმოგზაურა. მან ასევე მოიარა ჩინეთი, თურქეთი, ავღანეთი, გაიარა ალექსანდრე მაკედონელის გზა კილიკიიდან კარიამდე. თავის მეორე წიგნში „ასასინების ხეობა” ფრეია სტარკი აღწერს, როგორ გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც ირანში, ლურისტანში იმოგზაურა და როგორ ნახა პირველად ასასინების დანგრეული ციხე-სიმაგრე. ფრეიამ დაახლოებით 30 წიგნი დაწერა თავისი მოგზაურობების შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველთა შორის. ფრეია სტარკი 1974 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.

    „ყინულის ქალი” ასე უწოდეს ამერიკელ ლუიზა ბოიდს. ლუიზა იმითაა ცნობილი, რომ გამოიკვლია გრენლანდია და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში წყალქვეშა მასივი აღმოაჩინა. ლუიზა პირველი ქალია, რომელმაც 1955 წელს თვითმფრინავით ჩრდილოეთ პოლუსს გადაუფრინა.

    პოლონელი კრისტინა ჰოინოვსკაია-ლისკევიჩი კი პირველი იახტსმენი ქალია, რომელმაც 1978 წელს თავისი იახტით სახელწოდებით „მაზურკა” მარტომ შემოურა დედამიწას. მან გადაცურა ატლანტის ოკეანე და პანამის არხი, შემდეგ წყნარი ოკეანე და ავსტრალიის ნაპირებს მიაღწია. შემდეგ ინდოეთის ოკეანე გადასერა, შემოურა კეთილი იმედის კონცხს და ისევ ატლანტის ოკეანეში გავიდა და მოგზაურობაც დამთავრა. მოგვიანებით პოლონელმა მოგზაურმა გამოქვეყნა წიგნი „პირველი დედამიწის გარშემო”.

    ნორვეგიელი არისტოკრატი, მკვლევარი და მოგზაური ლივ არნესენი არაერთგზის მოუხსენიებიათ ფრაზით „პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც…”. 1991 წელს სკოლის ყოფილი მასწავლებელი ლივ არნესენი პირველი ქალი გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაგეგმა, მოაწყო და უხელმძღვანელა ქალთა პირველ ექსპედიციას გრენლანდიაზე. მართალია, პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდა, მაგრამ შემდეგ წელს ლივმა და მისმა მეგობარმა გრენლანდია 23 დღეში გადაკვეთეს. ამის შემდეგ ლივმა მარტო დაიპყრო სამხრეთი პოლუსი და ამ შემთხვევაშიც პირველი ქალის ტიტული ერგო. ამ მოგზაურობას 50 დღე დასჭირდა. ლივი მინუს 40-გრადუსიან ყინვაში გადაადგილდებოდა და თან 85 კგ-იანი მარხილი და 15 კგ-იანი ზურგჩანთა მიჰქონდა. ლივი ასევე პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსსაც მიაღწია.
    ბევრი მამაცი მოგზაური ქალია ჩვენს დროშიც.
    ამერიკელმა როზი სუეილ-პოუპმა 2003 წელს 57 წლის ასაკში დაიწყო დედამიწის გარშემო მოგზაურობა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არადა, არც მეტი არც ნაკლები, ფეხით. მან 32 ათასი კმ. გაიარა, რასაც 5 წელი მოანდომა.
    ინგლისელ ელენ მაკარტურს „ტალღებზე მორბენალს” უწოდებენ. 34 წლის ელენმა 2005 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა იახტით დედამიწას გარშემო 71 დღეში შემოუარა. მისი საოცარი თავგადასავლის შესახებ ფილმი „The Official Record Breaking Story” ინტერნეტშიც შეგიძლიათ ნახოთ.

    ესპანელი ედურნე პასაბანი პირველი ქალია, რომელმაც 8000 მ-იანი 14 მწვერვალი დაიპყრო. მისი რეკორდი ავსტრიელმა ჰერლინდა კალტენბრუნერმა გაიმეორა, თანაც ჟანგბადის ბალონის გარეშე.

    რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია იმ მამაცი ქალი მოგზაურებისა, რომლებიც არ ეპუებიან პრობლემებს და მიზანმიმართულად მიდიან თავიანთი ოცნებების ასასრულებლად. მათი შემხედვარე კი მართლაც ფიქრობ, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის არაფერია შეუძლებელი.

  • ერატოსთენე – გეოგრაფიის ფუძემდებელი

    ერატოსთენე – გეოგრაფიის ფუძემდებელი

    მომავალმა მეცნიერმა განათლება ალექსანდრიასა და ათენში მიიღო. კალიმაჰეს სიკვდილის შემდეგ კი იგი მსოფლიოში უძველეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკას განაგებდა. ერატასოთენე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. ის დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, ფილოსოფიით, მუსიკით და, რა თქმა უნდა, გეოგრაფიით.

    ერატოსთენე მართლაცდა გეოგრაფიის ფუძემდებელია. სწორედ მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ”გეოგრაფია~, პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები; ასევე შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. ”ერატოსთენეს საცერი“; დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. მას ეკუთვნის ნაშრომები ”ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), ”ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), ”გეოგრაფია“ (3 წიგნად). თუცა ამჟამად მისი ნაწერებიდან მხოლოდ ნაწყვეტებია შემორჩენილი.

    ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.” ერატოსთენეც იზიარებდა პითაგორას აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მან გამოთვალა მისი გარშემოწერილობა და რადიუსი. თავის ტრაქტატში ”დედამიწის გაზომვის შესახებ” ( Peri tes anametreseos tes ges) ალექსანდრიასა და სიენას შორის არსებული მანძილისა და ორივე ადგილას მზის სხივების დაცემის კუთხის სხვაობის საფუძველზე, ერატოსთენემ ეკვატორის სიგრძე გამოთვალა.

    ერატოსთენეს ექსპერიმენტი დედამიწის ზომის დადგენის შესახებ ასე წარიმართა:

    ეგვიპტეში მოგზაურობისას, მეცნიერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქ. სიენაში (ამჟამინდელი ქალაქი ასუანი), 21 ან 22 ივლისს – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს, შუადღისას მზის სხივები ყველაზე ღრმა ჭის ფსკერსაც კი ანათებენ. მაშასადამე ამ დროს მზე სიენას თავზე ზუსტად ვერტიკალურად მდებარეობდა და არ იყო დახრილი, მაშინ როცა, ამავე დროს, ქ. ალექსანდრიაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, მზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე იყო და ყოველი საგანი ჩრდილს ქმნიდა.
    ერატოსთენემ იცოდა, რომ ალექსანდრია სიენას ჩრდილოეთით თითქმის იმავე გრძედზე მდებარეობდა.
    ერასტოთენემ დაამზადა ნახევრადმრგვალი თასისმაგვარი ხელსაწყო, რომლის ფსკერზე, პირდაპირ ცენტრში, ვერტიკალური ჩხირი – გნომონი დაამაგრა. თასის შიგნით მან წრე დახაზა, რომელიც 180 ტოლ ნაწილად – გრადუსებად დაყო.
    ზაფხულის ნაბუნიობის დღეს მან ალექსანდრიაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ გნომონის ჩრდილის სიგრძე მის ხელსაწყოზე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ბოლოს 7,2-გრადუსზე შეჩერდა. შემდეგ კი კვლავ მატება დაიწყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე 7,2° -ია ანუ მზე ზენიტიდან სწორედ ამდენით იყო გადახრილი. ერატოსთენემ 360° გაყო 7,2°-ზე და 50 მიიღო. ამგვარად, მან დაადგინა, რომ სიენასა და ალექსანდრიას შორის დაშორება დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია.
    შემდეგ ბერძენმა მეცნიერმა სინესა და ალექსანდრიას შორის ფაქტიური დაშორება განსაზღვრა. იმ პერიოდში ეს არც თუ ადვილი საქმე იყო. მაშინ ადამიანები აქლემებით გადაადგილდებოდნენ, გავლილ მანძილს კი სტადიებში ზომავდნენ. აქლემების ქარავანი ჩვეულებრივ დაახლოებით 100 სტადიას გადიოდა დღეში. სიენადან ალექსანდრიაში მოგზაურობას 50 დღე სჭირდებოდა. მაშასადამე ორ ქალაქს შორის მანძილის ასე განისაზღვრა:
    100 სტადია x 50 დღე = 5000 სტადია.

    რადგანაც ერატოსთენეს მიხედვით 5000 სტადია დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია, შესაბამისად მთელი გარშემოწერილობა იქნება:
    5 000 სტადია x 50 = 250000 სტადია.

    სტადიის სიგრძეს ამჟამად სხვადასხვანაირად ანგარიშობენ: ერთი ვარიანტის მიხედვით სტადია 1657 მ-ია. მაშასადამე დედამიწის გარშემოწერილობა ტოლია:
    250 000 სტადია x 1657 მ = 39 250 000 მ.

    მეტრების კილომეტრებში გადასაყვანად მიღებულ რიცხვი 1000-ზე იყოფა და საბოლოო პასუხია 39 250 კმ.

    იმ დროისათვის ეს შედეგი საოცრად ზუსტი იყო, რადგან დღევანდელი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა – 40076 კმ-ია.

    თავის 3-ტომიან ნაშრომში ”გეოგრაფია” (Geographika) ერატოსთენემ პირველად გადმოსცა გეოგრაფიის სისტემური მეცნიერული შინაარსი. მან დასაწყისში მიმოიხილა ის საკითხები, რაც იმ დროსათვის ბერძნულ მეცნიერებაში უკვე იყო ცნობილი. ერატოსთენემ პითაგორაზე დაყრდნობით დასაბამი დაუდო მათემატიკურ და ფიზიკურ გეოგრაფიას. ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ გიბრალტარის სრუტიდან გემი სულ დასავლეთით ივლიდა, შესაძლებელი იყო ინდოეთამდე მისვლა. მოგვიანებით, სწორედ ამ ვარაუდზე დაყრდნობით გადაწყვეტა ქრისტეფორე კოლუმბმა 1492 წელს მოგზაურობის დაწყება. ერატოსთენემ თავის ნაშრომს მსოფლიოს გეოგრაფიული რუკაც დაურთო, რომელსაც სტრაბონის ცნობით ჰიპარქე ნიკეიელი აკრიტიკებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, სწორედ ერატოსთენეს ეკუთვნის. ითვლება, რომ სწორედ მან პირველმა შეადგინა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც თავად ”ერთმანეთის გვერდით გამავალ ხაზებსა” და ”შუადღემდე ხაზებს” უწოდებდა.

    ერატოსთენეს მიხედვით მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობდა.

    ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან, როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ, ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა კი დუღდა; და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა.

    გეოგრაფიაში გაწეული ღვაწლის გარდა, ერატოსთენეს ასევე ეკუთვნის მათემატიკური შრომა პლატონიკი (Platonikos), სადაც განხილული აქვს მათემატიკისა და მუსიკის საკითხები, ხოლო ცხრაწიგნიან ნაშრომში ”ქრონოლოგია” (Chronographiai) მან საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქრონოლოგიას. წიგნი მოიცავდა პერიოდს ტროას დაცემიდან ალექსანდრეს სიკვდილამდე. ერატოსთენემ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთა სიებზე დაყრდნობით ზუსტი ქრონოლოგიური ცხრილი შეიმუშავა, სადაც მისთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული მოვლენა ოლიმპიადების მიხედვით, ანუ 4-წლიანი ინტერვალით იყო დათარიღებული.

    ერატოსთენეს 12-ტომიანი ნაშრომი ”ძველი კომედიის” (Peri tes archaias komodias) შესახებ ლიტერატურული, ლინგვისტური და ისტორიული კვლევაა. მასვე ეკუთვნის ლექსები. ერატოსთენე პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც საკუთარ თავს ”ფილოლოგი” (philologos – მეცნიერების მოსიყვარულე, მსგავსად philosophos – სიბრძნის მოსიყვარულე) უწოდა.

  • მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები

    მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები

    ბოტანიკური ბაღი ტერიტორაა, სადაც წარმოდგენილია კარგად მოვლილი მცენარეები და თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. ბოტანიკური ბაღის ფუნქციაა შეინარჩუნოს ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებული კოლექციები, მათი სამეცნიერო კვლევის, კონსერვაციის, ჩვენების და ზოგადად, განათლების მიზნით. კორნელის უნივერსიტეტის “ლიბერთი ჰაიდი ბეილის” თანამშრომლების მიერ 1976 წელს ბოტანიკური ბაღი, განმარტებული იქნა, როგორც კონტროლირებული და თანამშრომლებით დაკომპლექტებული დაწესებულება, რომლის მიზანია მცენარეთა ცოცხალი კოლექციების შენარჩუნება, მათი მეცნიერული მართვის ფარგლებში განათლებისა და კვლევის მიზნით, ისეთ ბიბლიოთეკებთან, ჰერბარიუმთან, ლაბორატორიებთან და მუზეუმებთან ერთად, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ღონისძიებების გასატარებლად.

    თითოეული ბოტანიკური ბაღი ბუნებრივად ავითარებს საკუთარი ინტერესების განსაკუთრებულ სფეროებს, რომელიც დამოკიდებულია მის პერსონალზე, ადგილმდებარეობაზე, მოცულობაზე, სახსრების ხელმისაწვდომობაზე და მისი წესდების პირობებზე. იგი შეიძლება მოიცავდეს სათბურებს, საცდელ ნიადაგებს, ჰერბარიუმს, სანაშენეს და სხვა სფეროებს. მას გააჩნია, როგორც სამეცნიერო, ასევე მცენარეთა მომვლელი პერსონალი და მათი აზრების გამოხატვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას პუბლიკაციების გამოცემა წარმოადგენს.

    ამჟამად, მსოფლიოს დაახლოებით 150 ქვეყანაში (ძირითადად ზომიერი სარტყლის რეგიონებში), 1800-მდე ბოტანიკური ბაღი და დენდრარიუმი არსებობს. მათგან 400 ევროპაში, 200 ჩრდილოეთ ამერიკაში, 150 რუსეთში და დანარჩენი აღმოსავლეთ აზიაშია. ეს ბაღები წელიწადში, დაახლოებით. 150 მილიონამდე ვიზიტორს იღებენ.

    ისტორიულად, ბოტანიკური ბაღები, ერთიმეორეს უზიარებდნენ სხვადასხვა მცენარეებს, ამ მცენარეთა თესლების სიების გამოქვეყნების საშუალებით და ეს ბოტანიკურ ბაღებს შორის მცენარეთა და ინფორმაციების გაცვლის საშუალებას წარმოადგენდა. მსგავსი სისტემა დღესაც გრძელდება. ამ მიზნით1954 წელს ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო ასოციაცია BGCI -ი (http://www.bgci.org/) შეიქმნა. მისი მისიაა „ბოტანიკური ბაღების მობილიზება და პარტნიორების ჩართვა მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვაში, ხალხთა და ზოგადად, პლანეტის კეთილდღეობისათვის ” BGCI -ში, დაახლოებით, 700 წევრიამსოფლიოს 118 ქვეყანიდან, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ მცენარეთა კონსერვაციის გლობალურ სტრატეგიას. ამ ბოლო დროს, ძირითადი აქცენტი კეთდება საზოგადოების ინფორმირებაზე, იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ეკოსისტემებს დღეს დედამიწაზე არსებული ჭარბი მოსახლეობისგან ემუქრება.

    პირველი ბოტანიკური ბაღი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გაიხსნა საპერნოში მათეოს სილვატიკოს მედიცინის სკოლასთან, შემდეგ კი მთელს ევროპაში გავრცელდა. დღეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბოტანიკური ბაღებს შორის რამდენიმე მაინც გამოირჩევა:

    კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი (Royal Botanic Gardens, Kew) 121 ჰა-ზე განთავსებული ბაღების კომეპლექსია, რომელიც ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რიჩმონდსა და კიუს შორის მდებარეობს. ბაღი 1759 წელს დაარსდა და 2009 წელს 250 წლისთავი იზეიმა. ამჟამად, კიუს სამეფო ბაღი ცნობილი სამეცნიერო და სასწავლო ცენრტია და აქ პროფესიონალ მებაღეებს ამზადებენ. ბაღს დაახლოებით 700 თანამშრომელი ემსახურება და ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იღებს.ბაღში თავმოყრილია მცენარეების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის ტროპიკული და სუბტროპიკული ეგზოტიკური მცენარეებიცაა, რომლებიც შესაბამის პირობებში ჰყავთ. სულ კიუს ბაღში დაახლოებით 300 ათასი მცენარეა, რომელთა შორისაა მტაცებელი მცენარეების, როდოდენდრონების, აზალიების, ალპური ბალახების, გვიმრების, ორქიდეების, სამკურნალო მცენარეების, ბონსაის არაჩვეულებრივი კოლექციები. მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს სირინგარია (იასამნისფერი ბაღი), ბამბუკისა და წყლის მცენარეების ბაღები. არანაკლებ შთამბეჭდავია 7 მილიონი ეგზემპლარის შემცველი ჰერბარიუმი, რომელიც მეორეა სიდიდით მსოფლიოში, ხოლო სამეფო ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკაში 750 ათასი წიგნი და მცენარის 175 ათასზე მეტი ნახატია. ბაღში ასევე ნახავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ კომპოსტის დასამზადებელ მოწყობილეობას. 2003 წელს კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.

    კიოტოს ბოტანიკური ბაღი (Kyoto botanical Garden) იაპონიაში, კიოტოს პრეფექტურაში მდებარეობს და თავისი ორანჟერიებითაა ცნობილი, რომელთა ფართობი 24 ჰა-ია. ბაღი 1924 წელს შეიქმნა და დღეს აქ დაახლოებით 12 ათასი სხვადასხვა სახეობის მცენარეა. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია ბამბუკის, კამელიების, ალუბლის, პიონების ჰორტენზიების ბაღები, ბანსაის ექსპონატები, ლოტოსების ტბორი და სხვ.

    530 ჰა ფართობის კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი (Kirstenbosch National Botanical Garden) სამხრეთ აფრიკის რეპსპუბლიკაში ქ. კეიპტაუნთან ახლოს, ე.წ. მაგიდა მთის ძირში მდებარეობს. იგი 1913 დაარსდა და მისი ძირითადი დანიშნულება აფრიკის სამხრეთი ნაწილის ფლორის შენარჩუნება და პროპაგანდაა. თავისი შინაარსით ეს პირველი ბოტანიკური ბაღია მსოფლიოში, რომელიც ადგილობრივი მცენარეების დაცვასა და გავრცელებაზეა ორიენტირებული. ბაღის ორანჟერიაში აფრიკის სხვადასხვა რეგიონის – კარუს, სავანას, ფინბოშის მცენარეებს უვლიან, ხოლო ღია გრუნტში, ძირითადად, კაპის მთის რეგიონის ფლორაა წარმოდგენილი. კირსტენბოშის ბაღიდან ბილიკების საშუალებით შესაძლებელია მაგიდა მთის მწვერვალზე ასვლა. ყოველ წელს ბაღში ქვის ქანდაკებების ფესტივალი ეწყობა, ხოლო ზაფხულში, ყოველ კვირას, ღია ცის ქვეშ – კონცერტები.

    სინგაპურის ბოტანიკური ბაღის (Singapur Botanical Gardens) ფართობი 74 ჰია, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს შორის მანძილი 2,5 კმ-ია, რაც ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. ბაღი 1822 წელს დაარსდა და მაშინ მას ბოტანიკური და ექსპერიმენტალური ბაღი ერქვა. მისი დანიშნულება კი ისეთი კულტურების გამოყვანა იყო, რომელთაც შეიძლებოდა პოტენციური ეკონომიკური დანიშნულება ჰქონოდათ. პირველ რიგში ეს ხეხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო მცენარეები იყო. 1829 წელს ბაღი დაიკეტა და 30 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო მისი თანამედროვე იერსახის ფორმირება და ლანდშაფტების ცნობილი დიზაინერის ლაურენსიო ნივენის წყალობით მიტოვებული პლანტაციები და ხელუხლებელი ტროპიკული ტყე საზოგადოებრივ პარკად იქცია.

    სინგაპურის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 6 ჰა-ზე ტროპიკული ტყეა, რომელიც თავად ბაღზე ”უფროსია”. ეროვნული პარკის ცენტრალურ ნაწილში კი უნიკალური ე.წ. ”ევოლუციის ბაღია” განთავსებული, რომელიც დედამიწაზე მცენარეულობის განვითარების ისტორიასა და ევოლუციას ”მოგვითხრობს”.

    ამჟამად ბაღის, და ზოგადად, მთელი ქალაქის ეროვნულ ღირშესანიშნაობას ორქიდეების ბაღი წარმოადგენს, რომელიც 1995 წელს გაიხსნა და ბოტანიკური ბაღის დასავლეთ ნაწილში, მაღალ ბორცვზეა განთავსებული. აქ ორქიდეის ათასზე მეტი სახეობა და მისი 2 ათასზე მეტი ჰიბრიდია თავმოყრილი. ასევე ძალიან საინტერესოა ეროვნული ბაღის დიზაინერული კონცეფცია, რომელიც ცალკეული ფერადი ზონებითაა წარმოდგენილი: ”გაზაფხულის” ზონაში ოქროსფერის, ყვითელისა და კრემისფერის ნათელი და ცოცხალი ფერები ჭარბობს, ”ზაფხულის” ზონაში უფრო ”ვარდისფერი და წითელი ფერებია დომინანტი, ზონა ”შემოდგომა” მწვანე და სხვა ფერებითაა წარმოდგენილი, ხოლო ზონა ”ზამთარი” – ცისფერი და თეთრი ფერების სინთეზია. ფერების შეხამება ხეების, ბუჩქების, ყვავილებისა და ბალახების კომბინაციით ხდება.

    მონრეალის ბოტანიკური ბაღი (Montreal Botanical garden) კვებეკის პროვინციის ყველაზე მსხვილ და კანადის სიდიდით მეორე ქალაქში მონრეალში მდებარეობს. პარკის ფართობი 75 ჰა-ია. 2008 წელს ბაღი კანადის ეროვნულ ისტორიულ ღირშესანიშნაობად აღიარეს. ბაღი 31 თემატურ ბაღასა და სასათბურე კომპლექსისგან შედგება, რომლებშიც 20 ათასზე მეტი სახეობის მცენარეა თავმოყილი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ბოტანიკური ბაღი 1931 წელს დაარსდა და მისი დანიშნულებაა საზოგადოებისა, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებისა და სტუდენტების ინფორმირება, ასევე გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დაცვა. თემატურ ბაღებს შორის აღსანიშნავია ჩინური, იაპონური, ალპური, ეკონომიკური, შხამიანი მცენარეების ბაღები.

    ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს საუკეთესო კომუნიკაციის საშუალებას მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. საგანმანათლებლო პროგრამებს შეუძლიათ განავითარონ და აამაღლონ საზოგადოებაშიგარემოსდაცვითი ცნობიერება, მათი განათლებით იმ მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც გარემოს კონსერვაციას და მის მდგრადობასთან არის დაკავშირებული.

  • უცნობი ფაქტები გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიიდან

    უცნობი ფაქტები გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიიდან

    ალბათ ბევრისთვის ცნობილია გეოგრაფიული აღმოჩენებისა და იმ მოგზაურების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი პლანეტის შეცნობისა და გამოკვლევის საქმეში. მათ შესახებ ბევრი რამე დაწერილა და ბევრი რამაა ცნობილი, მაგრამ არსებობს ზოგიერთი საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის. დღეს შევეცდები რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ მოგიყვეთ.

    1492 წელს ესპანელები ქრისტეფორე კოლუმბის მეთაურობით ამერიკის ერთ-ერთ კუნძულზე გადმოვიდნენ და მას იოანე ნათლისმცემელის პატივსაცემად სან-ხუანი უწოდეს. მალევე კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი ქ. პუერტო-რიკო („მდიდარი პორტი“) გახდა, მაგრამ შემდგომში კარტოგრაფებს შეეშალათ, კუნძულისა და ქალაქის სახელები ერთმანეთში აურიეს და რუკაზეც შეცდომით დაიტანეს. ამიტომაც დღეს კარიბის ზღვის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს პუერტო-რიკო ჰქვია, ხოლო მის დედაქალაქს – სან-ხუანი.

    1502 წელს უცნობ კუნძულზე გადმოსულმა კოლუმბის ექსპედიციამ ყურადღება მიაქცია ადგილობრივ ინდიელებს, რომლებიც ოქროს სამკაულებით იყვნენ მორთულ-მოკაზმული. მათ იფიქრეს, რომ ამ ადგილებში ოქროს საბადოები უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ესპანელებმა თავის აღმოჩენილ მიწას კოსტა-რიკა დაარქვეს, რაც „მდიდარ ნაპირს“ ნიშნავს. სინამდვილეში კი ეს ტერიტორია ძალიან ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით და მით უმეტეს, ოქროთი.

    ესპანელ კონკისტადორებს უკავშირდება ვენესუელას სახელიც. როდესაც ისინი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე მარაკაიბოს ტბას მიადგნენ, მათ იქ ინდიელების მიერ აგებული ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებული ქოხები იხილეს. იტალიელ ამერიგო ვესპუჩის, რომელიც თან ახლდა ესპანელებს, ამ სახლებმა მის სამშობლოში მდებარე ქალაქი ვენეცია გაახსენა და ამ დასახლებას „პატარა ვენეცია“ უწოდა, რაც იტალიურად გამოითქმის, როგორც ვენესუელა. დღეს ვენესუელა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოა.

    როცა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთმა მკვლევარმა ადგილობრივ ინდიელებს ჰკითხა, თუ რა გზით უნდა წასულიყვნენ, მათ მიმართულება მხოლოდ ერთი სიტყვით – „კანადა“ – აუხსნეს, რაც თარგმანში „სოფელს“ ნიშნავდა. მოგვიანებით სხვა მკვლევრები და მოგზაურები სიტყვა „კანადის“ ქვეშ ამ სოფლის გარშემო არსებულ რეგიონს მოიაზრებდნენ. 1867 წლიდან კი კანადა უკვე მთელი ქვეყანა იყო, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის სამფლობელოს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

    მე-16 საუკუნეში ჰოლანდიელთა ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი მოგზაური და ზღვაოსანი ვილემ ბარენცი მეთაურობდა, ორჯერ ცდილობდა ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე კარის ზღვაში გასვლას იუგორის სფეროს სრუტის გავლით. ექსპედიციამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან სრუტე ყინულებით იყო ჩახერგილი. მაშინ ბარენცმა გადაწყვიტა საოცნებო კარის ზღვაში მოსახვედრად კ. ახალი მიწისთვის ჩრდილოეთიდან შემოევლო. მოგზაურის მესამე მცდელობა, მიუხედავად დიდი ტანჯვა-წამებისა, წარმატებით დასრულდა. ექსპედიციამ კ. ახალი მიწის დასავლეთ სანაპიროს შემოუარა და 1596 წლის 19 აგვისტოს ბოლოს და ბოლოს მიაღწია ადგილს, სადაც კუნძულის სანაპირო ხაზი მკვეთრად უხვევდა აღმოსავლეთ მიმართულებით. ამ სასურველ წერტილს, რომლისკენაც იმ დროის ბევრი პოლარული ექსპედიცია მიილტვოდა, ბარენცმა სურვილების კონცხი უწოდა.

    ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის, მდებარეობს ვუკლანური წარმოშობის დაუსახლებელი კუნძული ამაღლება. იგი პირველად 1501 წელს პორტუგალიელმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა, მაგრამ მისი არანაირი აღწერა მას არ გაუკეთებია. 1503 წელს ამაღლების დღეს კუნძული ხელმეორედ აღმოაჩინა მეზღვაურმა ალფონსო დე ალბუკერკემ, რომელმაც მას იმ დღის პატივსაცემად ამაღლება დაარქვა და რომელსაც ის დღემდე ატარებს. კუნძულის სიმშრალისა და უნაყოფობის გამო, ის ნაკლებად აინტერესებდათ ოსტინდური გემების მეზღვაურებს. 1815 წელს ინგლისელებმა ეს კუნძული მიისაკუთრეს და სამხედრო გარნიზონი დააარსეს, მაგრამ სახელმწიფო ხაზინაში მათ შესანახად საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მაშინ აქაურმა მცხოვრებლებმა კუნძულს სახელი გადაარქვეს და „მისი უდიდებულესობის გემი ამაღლება, რომელიც რეიდზე დგას“ უწოდეს, ხოლო გარნიზონის მცხოვრებლებმა თავი მატროსებად გამოაცხადეს. რადგან ფლოტის შესანახ თანხებს ინგლისი არასდროს იშურებდა, კუნძულის შესანახი ფულიც მაშინვე გამოინახა. კუნძული ამაღლება დღესაც ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიების შემადგენლობაშია, ხოლო კუნძულის მოსახლეობა, სულ 710 კაცი – სამხედროები არიან.

    ფრანგი ორელი-ანტუან დე ტუნანი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ოცნებობდა თავგადასავლებსა და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე. უფრო მეტიც, მას რომელიმე ასეთი ქვეყნის მეფობაც კი სურდა. ტუნანმა განათლების მიღების შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ადვოკატად დაიწყო მუშაობა, თუმცა უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე და გულმოდგინედ ემზადებოდა გეგმების განსახორციელებლად. სპონსორების მოძებნის შემდეგ დე ტუნანი ორ მეგობართან ერთად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და იმ ტერიტორიებს მიადგა, სადაც ინდიელი ტომები არაუკანები ცხოვრობდნენ. ფორმალურად ეს ტერიტორიები ჩილეს საკუთრება იყო, მაგრამ ინდიელები არ ნებდებოდნენ და გამალებით ებრძოდნენ კოლონიზატორებს. ფრანგმა ავანტიურისტმა თავისი მჭერმეტყველებით გავლენა იქონია ინდიელებზე და ისინი ახალი სახელმწიფოს – არაუკანიის შექმნაზე დაიყოლია, რომელიც მდინარე ბიო-ბიოს სამხრეთით მდებარეობდა. დე ტუნანმა ამ ახლად „გამომცხვარი“ ქვეყნის მეფედ გამოაცხადა თავი, მის მართვას შეუდგა ანტუან I-ის სახელით და ომიც კი გამოუცხადა ჩილეს. საბოლოო ჯამში ომში არაუკანელები დამარცხდნენ, ხოლო ანტუან I, ანუ იგივე დე ტუნანი დააპატიმრეს და უკან საფრანგეთში გაამგზავრეს.

    1966 წელს ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა მაიორმა ჰედი როი ბეითსმა სიმბოლურად დაიკავა და დაეუფლა მიტოვებულ სამხედრო პლატფორმას რაფს-ტაუერს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ მდებარეობდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აგებული. 1967 წელს ბეითსმა ახალი სუვერენული სახელმწიფოს სილენდის სამთავროს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო საკუთარი თავი ამ ქვეყნის მთავრად როე I-ად გამოაცხადა.

    ორი წლის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლება პლატფორმის დაკავებას შეეცადა, მაგრამ როცა პლატფორმასთან საპატრულო კატარღები მიცურდნენ სილენდის მთავრის ოჯახმა გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის, წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. 1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნებოდა ბრიტანეთის იურისდიქციას. ამჟამად სილენდს აქვს თავისი დროშა, გერბი, კონსტიტუცია, ფული, საფოსტო მარკა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, როგორც სუვერენული სახელმწიფო. პრინცი როი ბეითსის გარდაცვალების შემდეგ სილენდის მთავრის ადგილი მისმა შვილმა მიშელ ბეითსმა დაიკავა, რომელიც მამის დაწყებულ საქმეს ერთგულად აგრძელებს.

  • ფრენსის დრეიკი

    ფრენსის დრეიკი

    ფრენსის დრეიკი ერთი უბრალო ფერმერის შვილი იყო. 12 წლის ფრენსისი იუნგად მოეწყო ხომალდზე, რომელიც მის შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა. 18 წლის ასაკში ის უკვე ამ გემის კაპიტანი იყო. 1567 წელს დრეიკის ხომალდმა მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში. მათ ხომალდების კოჰორტას თავს დაესხნენ ესპანელები და გემების დიდი ნაწილი ჩაძირეს. ათეულობით გემიდან მხოლოდ ორი გადარჩა და ერთი მათგანის კაპიტანი სწორედ დრეიკი იყო. ინგლისელებმა ესპანეთისაგან მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება, თუმცა ესპანეთის მეფემ ამაზე უარი განაცხადა. მაშინ დრეიკმა დაიფიცა, რომ თვითონ წაართმევდა ყველაფერს ესპანეთის მეფეს. მართლაც, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში.

    ელისაბედ I-ის მმართველობის ხანაში ინგლისი ესპანეთს ემტერებოდა. ელისაბედი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ დრეიკი ესპანურ გემებს ძირავდა და ძარცვავდა, რადგან იგი ამას „არაოფიციალურად“ აკეთებდა. დრეიკმა რამდენიმე წარმატებული ცურვა განახორციელა, რომელთა დროს სამხრეთ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთში ესპანეთის კოლონიებიდან განძეულს ეზიდებოდა. დრეიკი თითქმის არაფრით სჯობდა მეკობრეებს, მაგრამ სიმამაცის წყალობით ინგლისში სახელი გაითქვა.

    1577 წელს დრეიკი სამწლიან მოგზაურობას შეუდგა, რომელიც არა მხოლოდ კვლევას ისახავდა მიზნად, არამედ ძარცვასაც. მისი ხომალდი ”ოქროს ფურ-ირემი” ერთადერთი გემი იყო მთელი ფლოტიდან, რომელმაც მოგზაურობა დაასრულა, ხოლო დრეიკი პირველი ინგლისელი გახდა, ვინც მსოფლიოს გარს შემოუარა. სამშობლოში დაბრუნებული დრეიკი ელისაბედ I–მა ”ოქროს ფურირემის” გემბანზე რაინდად აკურთხა.

    დრეიკის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მარშრუტი

    1577 წელს ახალგაზრდა კაპიტანმა ამერიკის სანაპიროებისაკენ აიღო კურსი. ოფიციალური ვერსიით, მას უნდა აღმოეჩინა ახალი მიწები, თუმცა სინამდვილეში მოგზაურობის მიზანი გაცილებით პროზაული იყო – ოქრო. დრეიკს უბრალოდ შტორმი დაეხმარა მისი სახელობის სრუტის აღმოჩენაში. დრეიკის სახელი ეწოდა სრუტეს ყველაზე განიერ სრუტეს ანტარქტიდის კონტინენტსა და ცეცხლოვანი მიწის კუნძულებს შორის. მისი სახელობის ყურე ასევე არსებობს კალიფორნიაში.

  • ქრისტეფორე კოლუმბი

    ქრისტეფორე კოლუმბი