თოვლის მასა, რომელიც ჩამოწვება მთების მწვერვალებიდან და ხასიათდება სწრაფი გადაადგილებით. ზვავი დამანგრეველი ძალის სტიქიური მოვლენაა. არჩევენ მშრალ (ფხვიერი თოვლისაგან შემდგარ) და სველ (თოვლისა და წყლისგან შემდგარ) ზვავებს. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე.
ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როდესაც ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის.
მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:
1. დიდიზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოდის.
2. მაღალიზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.
3. საშუალოზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.
4. უმნიშვნელოზვავსაშიშროების ზონა – ზღ. დონიდან 1000-1500 მ. ზვავები იშვიათად ჩამოდის.
ალპების მთიანი რეგიონი თავად ალპებს, მიმდებარე ზეგნებსა და დაბლობებს მოიცავს. ალპები, ერთ-ერთი უდიდესი და უმაღლესი მთათა სისტემაა ევროპაში. მთები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდეაგადაჭიმული და დიდი მაღალმთიანი რეგიონია მის ირგვლივ მდებარე ვაკე, ბორცვიან და საშუალო სიმაღლის რაიონებს შორის.
ალპების მთიანი რკალი 1200 კმ-ზეა გადაჭიმული და მრავალი ქედისგან შედგება, რომლებიც მთათაშუა ხეობებითა გაყოფილი. მთების სიგანე 50-დან 260-კმ-მდე იცვლება. ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207 ათასი კმ². ალპები ახალი, ალპური დანაოჭების დროს წარმოიშვა.
ალპები იყოფა შედარებით მაღალ – დასავლეთ ალპებად და უფრო დაბალ და ფართო აღმოსავლეთ ალპებად (უმაღლესი მწვერვალი ბერნინას მთა, 4049 მ). დასავლეთ ალპებში მდებარეობს მთლიანად ალპების უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (თეთრი მთა), რომლის სიმაღლე 4808 მ-ია. ალპების ქედებს, რომლებიც მაგარი ქრისტალური ქანებითა არის აგებული, წვეტიან, დაკბილული მწვერვალები და ფლატოვანი კალთები აქვთ. მთები ციცაბოდ ეშვებიან პადანის დაბლობისაკენ.
მონბლანი სიმაღლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ-ია. მთის ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთი კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამური კურორტი შაბინი, სადაც ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა.
ალპები დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება.
ალპებში ბევრი ნალექი მოდის, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში. ალპებისთვის მეტად დამახასიათებელია უხვთოვლიანი ზამთრის სეზონი, მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი; გამონაკლისს შეადგენს მთების ქვედა კალთები და წინამთები, სადაც ზამთარი ხანგრძლივი არ არის და არც ტიპიურია. მთებში 2500-3000 მ სიმაღლეზე ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის.
კლიმატური პირობები და მთების მნიშვნელოვანი სიმაღლე ხელს უწყობენ მყინვარების განვითარებას, რომლებიც აქ სიდიდით გამოირჩევიან. ზოგიერთი მყინვარი 10 და 25 კმ სიგრძესაც კი აღწევს. ალპებში თოვლის ხაზი ჩრდილოეთით 2500 მ-ზე, ხოლო სამხრეთით 3000-3200 მ-ზე გადის. თანამედროვე გამყინვარებას მთებში 4140 კვ. კმ. ფართობი უკავია, მყინვარების რაოდენობა კი 1200-ია.
ალპებში ყველაზე გრძელი და ფართობით უდიდესია ალეჩის მყინვარი ბერნის (შვეიცარია) ალპებში. მისი ფართობი 86.8 კმ²-ია, ხოლო სიგრძე 24.7 კმ-ს უდრის. ალეჩის მყინვარი 1450 მ სიმაღლეზე ეშვება. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს. 2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).
ალპების მაღალმთიან სარტყელსა და ჩრდილო კალთებზე გავრცელებულია ფიონი – თბილი, მშრალი მძაფრი ქარი, რომელიც დროდადრო მთებიდან ხეობებისაკენ უბერავს. ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მატულობს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი. ფიონი ხშირად განსაკუთრებულ სიმძლავრეს აღწევს. იგი ორი/სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ კი ფიონი იმდენად ძლიერია, რომ სახლებს სახურავებს აცლის და ნგრევას იწვევს დასახლებულ ადგილებში. იგი, აგრეთვე, თოვლის ძლიერი სწრაფი დნობის გამო მთების მდინარეების უეცარ ადიდებას და წყლის მოვარდნას იწვევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთების ბუნებისა და მოსახლეობისათვის ფიონები სასარგებლოა: გაზაფხულზე იგი მთებში თოვლის დნობას აჩქარებს, შემოდგომაზე კი ცხელი ჰაერის ქროლვით ხორბლეულისა და ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს. ალპების ზოგ მთიან რაიონში სიმინდისა და ყურძნის მოყვანა მხოლოდ ფიონის გამო არის შესაძლებელი.
ალპების მთები დასავლეთი ევროპის მთავარ ჰიდროგრაფიულ კვანძს წარმოადგენს. მისი მყინვარებიდან მრავალი მდინარე იღებს სათავეს. ეს მდინარეები ჩქარია და წყალუხვი, განსაკუთრებით ზაფხულში. მათზე ბევრია ჩანჩქერი. ალპების მთების ქედებიდან სათავეს იღებენ ევროპის უდიდესი მდინარეები: რაინი, რონა, დუნაი, პო და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: აარე, როისი, დიურანსი, დრომი, იზერი, დრავა, ენსი, ინი, ოლო, ადა, ტიჩინო და ა.შ. მდინარეებზე აგებულია ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებენ ქალაქებს, სოფლებსა და საწარმოებს.
ალპებში ბევრია ტბები, რომლებიც სიღრმითა და სანაპიროს უცნაური მოხაზულობებით გამოირჩევიან. ისინი ალპებს განაკუთრებულ სილამაზეს აძლევენ. მათი ნაპირები მჭიდროდაა დასახლებული და დაფარულია ბაღებით და ზვრებით. ალპების ტბებიდან აღსანიშნავია ლაგო-მაჯორეს, კომოს, გარდას, ფირვალდშტეტის, ბრიენცის და სხვ. ტბები.
კომოს ტბა ალპების სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 198 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომელთა სიმაღლე 2000 მ-დან (სამხრეთით) 2400 მ-მდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) მერყეობს. ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. ნაპირები უმეტესად ციცაბო, კლდოვანი და მაღალია. ტბის სიგრძე 47 კმ-ია, სიგანე 4 კმ., ხოლო უდიდესი სიღრმე 414 მ. ტბა მდიდარია თევზით, თუმცა ტბის გაჭუჭყიანების გამო, თევზის პოპულაცია კლებულობს. კომოს ნაპირებთან ბევრი კურორტია. ტბა განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, ველური ბუნებითა და მთის კურორტებით. კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.
ალპებში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. გავიხილოთ როგორ იცვლებიან ბუნებრივი სარტყლები ალპების სამხრეთ კალთებზე მის უფრო ტენიან დასავლეთ ნაწილში.
ალპების მთისძირები, რომელიც ხელსაყრელია ადამიანის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის ანთროპოგენულ ლანდშაფტს უკავია და ყანებით, ბაღებითა და ზვრებითაა დაკავებული. უცვლილი სახით ბუნება აქ ნაკლებადაა შემორჩენილი. ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. იშვიათად გვხვდება წაბლის, ფიჭვის, ზოგჯერ წიფელისა და მუხის პატარა კორომები. მთის ძირები და მიმდებარე ვაკეები შედარებით მჭიდროდაა დასახლებული და კარგადაა ათვისებული.
უფრო მაღლა, 1800 მ-მდე, ზომიერი ტემპერატურის მქონე ტენიანი ჰავის პირობებში ტყეების სარტყელი მდებარეობს. დასაწყისში ეს ხშირი წიფლისა და მუხის ტყეებია. ტემპერატურის კლების შესაბამისად მას შერეული და წიწივიანი ტყეები ცვლის. აქ განვითარებულია ეწერი ნიადაგები.
ძლიერი ქარების გამო ფიჭვის, არყის და სხვ. ხეები ტანბრეცილია. ბუჩქნარებიდან გავრცელებულია დეკა და ღვია. ამ ზონის ზემოთ ალპური მდელოების ზონაა, რომელსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ.
ტყეებს ზემოთ, 2000-2100 მეტრამდე, სადაც ყინვიანი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული იცის, სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს სარტყელია, რომლისათვისაც დამახასიათებელია ბუჩქნარებისა და მდიდრი მდელოს მცენარეულობა. აქ მკაცრი ზამთარი, ხანმოკლე და გრილი ზაფხულია, იცის ძლიერი ქარები. დასაწყისში ხშირი, მაღალბალახოვანი მდელოებია დაბალი მიწაზე გართხმული ბუჩქნარებით – დეკით, ღვიითა და მთის ფიჭვით. ბალახი თანდათან უფრო დაბალი ხდება. ასეთ მდელოებს ალპური მდელოები ჰქვიათ. ისინი კარგი საზაფხულო საძოვრებია.
ალპურ მდელოებს დაბალი სიმაღლის (10-15 სმ) ბალახეული მცენარეები ქმნის, რომელბიც მთებში იზრდება. ისინი შორიდან ჭრელ, მრავალფეროვან ხალიჩას წააგავს და ამიტომ მათ „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ. ალპური მდელოები კავკასიონის მთებში 3000-3200 მ სიმაღლეზე გვხვდება.
ალპური მდელოები, 3000 მ სიმაღლიდან მარადი თოვლისა და ყინულების ზონით იცვლება, რომელსაც ნივალურ ზონას უწოდებენ.
მრავალრიცხოვანი ხეობებისა და უღელტეხილების წყალობით მთები შედარებით ადვილად გადასალახავია. გრძელმა გვირაბებმა გაკვეთეს ქედები , მთებში გაყვანილია სარკინიგზო და საავტომობილო გზები. შვეიცარიის ალპებში აღსანიშნავია: სიმპლონის გვირაბი, ალბულის გვირაბი, გოთარდის საბაზო გვირაბი და გოტარდის გვირაბი. ბევრ საკურორტო ქალაქში მოქმედებს საბაგირო გზა, რომლის საშუალებითაც ტურისტები მყინვარებამდე ადიან.
მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი სარკინიგზო გვირაბი – სიმპლონის გვირაბი ალპებში, შვეიცარიასა და იტალიაში, სიმპლონის უღელტეხილის მახლობლად, 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 1898 წელს დაიწყო. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ლუდვიგ ფორერის ძალისხმევით გვირაბი 1906 წლის 10 მაისს გაიხსნა, მაგრამ მშენებლობა საბოლოოდ 1921 წელს დასრულდა. გვირაბი ორი ერთლიანდაგიანი გვირაბისაგან შედგება, რომელთაგან პირველი 19,7 კმ, ხოლო მეორე 19,8 კმ სიგრძისაა.
ალპები ტურიზმის ცენტრია. აქ განვითრებულია ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით განვითარებულია ზამთრის სახეობების სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვ.). ზაფხულში ალპებში პოპულარულია ველოსიპედებით რბოლა, პარაპლანი და სხვ.; ტბებში აქტუალურია სერფინგი.
დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი ცერმატი. ასევე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია დავოსი, რომელიც ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არაერთი საყოველთაოდ ცნობილი კურორტია თავმოყრილი იტალიის ალპებშიც. მთების ლამაზი ბუნება პეიზაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრ ტურისტს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ალპების უნიკალური ფლორა და ლანდშაფტები, თანდათან შეიცვალა: მდინარეთა ხეობები გადაიქცა ბეტონისა და ასფალტის ხაზოვან აგლომერაციებად, ხოლო გზებისა და სათხილამური ტრასების მშენებლობამ გამოიწივია ეროზია. ალპებში მდებარე ბევრი ქალაქი განიცდის ჰაერის ძლიერ გაჭუჭყიანებას.
და კიდევ:
1973 წელს ალპებში ჩატარდა მყინვარების აღნუსხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა 1828 მყინვარი, საერთო ფართობით 1342 კვადრატული კილომეტრი.
ალპების მიმართ ინტერესი XVIII-XIX საუკუნეებში გაჩნდა. შვეიცარიელი ფიზიკოსმა ორას ბენედიქტ დე სოსიურმა XVIII საუკუნეში ბოტანიკური გამოკვლევების მიზნით იმოგზაურა ალპებში. სოსიურმა არაერთი ასვლა განახორციელა ალპების მთების მწვერვალებზე . იგი ასევე იკვლევდა მყინვარებს, ხოლო 1779-1796 წლებში ნაშრომის „ალპებში მოგზაურობა“ გამოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარამყინავრების შემსწავლელ მეცნიერებას – გლაციოლოგიას.
ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.
ალასკაზე ნავთობის აღმოჩენა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი გეოლოგიური აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევრაკუძულის გეოლოგიური შესწავლა მე-20 საუკუნის 20 -იან წლებში დაიწყო, პირველი ნავთობი ალასკის სამხრეთით მდებარე კუკის ყურისა და კენაის ნახევარკუნძულის რაიონებში 1950 წლების ბოლოს აღმოაჩინეს. საძიებო სამუშაოები ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობდა – ყინულის ბლოკები, ცხრა მეტრიანი ტალღები ხელს უშლიდა ჭაბურღილების დადგმას.
პირველი წარმატების შემდეგ გეოლოგებმა ალასკის უკიდურესი ჩრდილოეთი რაიონების – ბრუქსის ქედის კალთებისა და ბოფორტის ზღვის სანაპირო დაბლობის ათვისება გადაწყვიტეს. შდეგმაც არ დააყოვნა და 1968 წლის 18 მარტს ერთ-ერთი, პრადჰო-ბეის ჭაბურღილიდან ნავთობის შადრევანმა ამოხეთქა. საბადოს აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ეკოლოგიური, საკანონმდებლო და პოლიტიკური დებატები მშენებლობასთან დაკავშირებით.
ტრანსალაკისური ნავთობსადენი ალაკის ჩრდილოეთით მდებარე ნავთობის საბადო პრადჰო-ბეიში მოპოვებული ნავთობის ამავე ნახევრკუნძულის სამხრეთით მდებარე ნავსადგურ ვალდიზსში ტარნსპორტირებისთვის აიგო. ნავთობსადენი ალასკის შტატის ტერიტორიაზე ჩრდლოეთიდან სამხრეთისაკენ 1288 კმ-ზე გადის და ნედლი ნავთობის გადამტან მილსადენს, 12 სატუმბ სადგურს, რამდენიმე ასეული მილის სიგრძის დამხმარე მილსადენსა და ვალდიზის ტერმინალს მოიცავს. მილსადენი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და კომპანია «Alyeska Pipeline Service Company»-ს ეკუთვნის. ნავთობსადენის მშენებლობა 1973 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ დაიწყო და 1977 წელს ამოქმედდა. ნავთობზე ფასების ზრდამ პრადჰო-ბეიში მისი მოპოვება ეკონომიურად ხელსაყრელი გახადა.
ნავთობსადენი, რომელსაც „მერვე საოცრებასაც“ უწოდებენ ამერიკული წარმოშობის რუსმა ინჟინერმა ეგორ პოპოვმა დააპროექტა. 1288 კმ სიგრძის ნავთობსადენი დახლოებით 800 მდინარესა და ნაკადულს, მათ შორის ალასკის უდიდეს მდინარეს იუკონს, სამ ქედს და სამ აქტიურ გეოლოგიურ რღვევას, მათ შორის დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს შორის რღვევას – დენალის გაივლის. ნავთობსადენის მშენებლობაში სამი უდიდესი ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტოლიუმი, „ ექსონი“ და „ატლანტიკ რიჩფილდი“ მონაწილეობდა. იმ დროისათვის ისინი ამ საბადოს ლიცენზიას ფლობდნენ.
როგორც ავღნიშნეთ, ნავთობსადენის მშენებლობა რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ბევრ პრობლემას ქმნიდა დაბალი ტემპერატურა, გაუვალი და უდაბური ტერიტორია, მაღალი სეისმური აქტივობა, პოლარული ღამეები, მარადი მზრალობა, რის გამოც საჭირო გახდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავება. დღევანდელი ტრანსალასკური ნავთობსადენი დაცლილ მდგომარებაში -57 0C ყინვას უძლებს, ხოლო ნავთობით შევსებული – + 630C სითბოს.
პრადჰო-ბეის ნავთობის საბადომდე მისასვლელად და ნავთობსადენის მომსახურეობისთვის 1970 წელს ალასკაზე გაიყვანეს გზა დალტონი. ეს ერთადერთი გზაა ამ ტერიტორაზე, რომელიც ჩრდილოეთ პოლარულ წრეს კვეთს. მდინარე იუკონზე გადასვლისას ნავთობსადენი 1975 წელს აშენებულ ამ მდინარეზე აშშ-ს ერთადერთ 688 მ სიგრძის ხიდზე – ე.ლ. ლატონზე გადის. ასევე აშენებული იქნა 29 სამშენებლო ბანაკი.
ტრანსალაკისური ნავთობსადენი დღემდე საინჟინრო და სამშენებლო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. მარადი მზრალობის გამო ნავთობსადენის თითქმის ნახევარი – დაახლოებით 680 კმ დედამიწის ზედაპირის ზემოთაა და სპეციალურ 6 მეტრიან ხიმინჯებზეა გადებული. მიწისქვეშა ნაწილები კი გრუნტის ხასიათიდან გამომდინარე 2,5-დან 5 მ-მდე სიღრმეზეა ჩადებული. სულ მშნებლობაზე 70 ათასამდე ადამიანი მუშაობდა,რომელთა ყოველკვირეული ხელფასი 2-3 ათას დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში ნავთობსადენის მშენებლობა 8 მლრდ დოლარი დაჯდა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა.
2010 წლის მონაცემებით საერთო ჯამში ნავთობსადენით დაახლოებით 16 მლრდ ბარელი ნავთობი იქნა გადაზიდული. მას აშშ-ში მოპოვებული ნავთობის 17% გადააქვს. ნავთობსადენის მილის მაქსიმალური გამტარობა 2136 ბარელია დღე-ღამეში. 12 სატუმბი სადგური, რომლებიც ნავთობსადენის გასწვრივ 80-120 კმ-ითაა ერთმანეთისაგნ დაშორებული 10 კმ/სთ სიჩქარით ქაჩავენ ნავთობს. ნავთობს მთელი გზის გასავლელად ხუთი და მეტი დღე-ღამე სჭირდება. ნავთობსადენით ყოველდღიურად 600 ათასი ბარელი ნავთობი გადააქვთ.
ტრანსალასკური ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მილსადენია. იგი ისეა დაპროექტებული, რომ 8,5 ბალის მიწისძვრას უძლებს. 2002 წელს დენალიში მომხდარ 7.9 მაგნეტუდის მიწისძვრას ნავთობსადენი არ დაუზიანებია, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ნავთობსადენიდან სულ რაღაც 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. ნავთობსადენზე უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმურადაა დაცული: ყოველ სამ კვირაში მილებს სპეციალური საშაულებებით პარაფინისგან წმენდენ, ელექტრონული მოწყობილობები ნებისმიერ ხარვეზს აფიქსირებენ, დღეში რამდენჯერმე ხორცილედება დაკვირვება ვერტმფრენების საშუალებით და ასევე იყენებენ თანამგზავრულ კავშირს შესაძლო ავარიის წინასწარი პროგნიზირების მიზნით.
ნავთობსადენის მშენებლობამ ძლიერ შეაშფოთა ეკოლოგები, თუმცა განხილვებისა და კვლევების შედეგად მათი ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული. მშენებლობის დროს და მისი დასრულების შემდეგ გარემოს დაცვაზე დაახლოებით 7 მლრდ დოლარი დაიხარჯა, რაც ლამის თავად ნავთობსადენის მშენებლობაზე დახარჯული თანხის ტოლია. სპეციალურად შეიქმნა მილქვეშა და მილზედა გადასასვლელები ჩრდილოეთის ირმებისთვის -კარიბუებისთვის. მშენებლობის პროცესში ტრასის მიმართულება იშვიათი ფრინველების ბუდეების განლაგების მიხედვით იცვლებადა. მონადირეებს აკრძალული ჰქონდათ მილის ორივე მხარეს 8 კმ-ის დაშორებით მიახლოება. შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის მოპოვება, ნავთობსადენის მშენებლობა და გარემოს დაცვა ერთობლივად ხდება.
მიუხედავად ამისა ნავთობსადენის ამოქმედების შემდეგ ადგილი ჰქონდა ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერიოზულ ინციდენტს. 2006 წელს პრადჰო-ბეის საბადოს რაიონში მილი დაზიანდა და დაახლოებით მილიონი კუბომეტრი ნავთობი დაიღვარა. ნედლი ნავთობით მეჩხერად დასახლებული ალასკის სანაპიროს თოვლიანი ტუნდრის 1 ჰა დაიფარა. ამიტომაც ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო და იგი დროებით დაიხურა.
ნავთობადენის მშენებლობამ და მისმა ექსპლუატაციამ ქალაქების ვალდიზის, ფერბაქსისა და ანკორიჯის სწარფი ზრდა გამოიწვია. ნავთობსადენზე და ნავთობსაწარმოებში ალასკის ყოველი მეათე მცხოვრებია დასაქმებული. შემოსავლი ისე გაიზარდა, გაუქმდა საგადასახადო ბეგარა და დამატებითი გადასახადი პროდუქტებზე. გარდა ამისა, ალასკაზე შტატის მთავრობის წარმომადგენლებმა ალასკის მუდმივმოქმედი სპეციალური ფონდი დაარსეს, საიდანაც შტატის თითოეული მაცხოვრებელი ყოველწლირად 800 დოლარის ოდენობის ჩეკს იღებს.
აღორძინების ეპოქის ფლამანდრიელ კარტოგრაფს – გერჰარდ მერკატორს (1512-1554 წ. წ.) კარტოგრაფიის მამად თვლიან და ეს ასეც არის. მერკატორი 1512 წელს პატარა საპორტო ქალაქ რუპელმონდეში ანტვერპენთან (ბელგია) ახლოს დაიბადა. განათლება ლუვენის უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ არისტოტელეს მოძღვრების შესწავლით დაკავდა. ცოტა ხანში მერკატორმა დაინახა, რომ არისტოტელეს შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებთან სრულიად შეუთავსებელი იყო. ის წერდა: «როგორც კი დავრწმუნდი, რომ „დაბადებაში“ აღწერილი შემოქმედების მოსესეული ვერსია ეწინააღმდეგებოდა არისტოტელესა და სხვა ფილოსოფოსების შეხედულებებს სამყაროს გაჩენის შესახებ, ყველა ფილოსოფოსის შეხედულებებმა დამაეჭვა და ბუნებისმეტყველების სწავლას შევუდექი».
მერკატორს არ სურდა ფილოსოფოსი გამხდარიყო, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ განხრით სწავლა აღარ გაუგრძელებია. სამაგიეროდ, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების პროცესის უტყუარობის დამტკიცებას მიუძღვნა.
1534 წელს მერკატორმა მათემატიკის, ასტრონომიისა და გეოგრაფიის შესწავლა დაიწყო მათემატიკოს გემა ფრიციუსთან. გარდა ამისა, მერკატორმა გრავირება ისწავლა შესაძლოა გრავიორ გასპერ ვან დერ ჰაიდენთან, რომელიც ასევე გლობუსების დამზადებით იყო ცნობილი. XVI საუკუნის დასაწყისში კარტოგრაფები გოტიკურ მსხვილ შრიფტს იყენებდნენ, რის გამოც რუკებზე ინფორმაციის მისათითებლად საკმარისი ადგილი არ იყო. მერკატორმა გლობუსებზე წარწერის გასაკეთებლად კურსივი, დახრილი შრიფტი დაამკვიდრა, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.
1536 წელს მერკატორი გრავიორად მუშაობდა ფრიციუსთან და ვან დერ ჰაიდენთან ერთად მსოფლიო გლობუსის შექმნაზე. ამ პროექტის წარმატებას იმან შეუწყო ხელი, რომ მერკატორს ძალიან ლამაზი ხელწერა ჰქონდა. მერკატორის თანამედროვე გეოგრაფი ნიკოლას კრეინი წერს, რომ მაშინ, როცა სხვა კარტოგრაფმა „ამერიკის ტერიტორიის ორმოცდაათი პუნქტი ადამიანის სიმაღლისხელა რუკაზე დაიტანა, მერკატორმა სამოცი პუნქტი დაატია გლობუსზე, რომლის დიამეტრიც ორი მტკაველის ტოლი იყო“.
1537 წელს მერკატორმა შექმნა თავისი პირველი დამოუკიდებელი ნაშრომი — „წმინდა მიწის“ რუკა, რომელიც იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „ხალხს უკეთ გაეგო ძველი და ახალი აღთქმა“. XVI საუკუნეში „წმინდა მიწის“ რუკები ძალიან უზუსტო იყო. ზოგ რუკაზე სულ რაღაც 30 ადგილი იყო დასახელებული და მათგან უმრავლესობის ადგილმდებარეობა არასწორად იყო მითითებული. მერკატორის რუკაზე კი 400-ზე მეტი ლოკაციის ნახვა იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, მის რუკაზე აღნიშნული იყო ის გზა, რომელიც ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ განვლეს უდაბნოში. თავისი სიზუსტით ამ რუკამ მერკატორის თანამედროვეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
წარმატებით გახალისებულმა მერკატორმა 1538 წელს მსოფლიო რუკა გამოსცა. იმ დრომდე კარტოგრაფებმა ბევრი არაფერი იცოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ და მას „შორეულ, უცნობ ქვეყანას“ უწოდებდნენ. თუმცა გეოგრაფიული სახელი „ამერიკა“ უკვე არსებობდა, მერკატორი პირველი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ეს სახელი მიაკუთვნა.
მერკატორი მოღვაწეობდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, ანუ მსოფლიო ოკეანეთა და ახალი მიწების შესწავლის პერიოდში. იმ დროს მეზღვაურები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაც კარტოგრაფიის საქმეს ძალიან ართულებდა. თუმცა 1541 წელს მერკატორმა გულის წადილი აისრულა და როგორც თავად ამბობდა, შექმნა „ისეთი გლობუსი, რომელიც მანამდე არ ყოფილა“.
შემდგომ წლებში მერკატორმა დიდი დრო დაუთმო ნახაზებსა და საბეჭდი ფორმების გრავირებას ახალი გეოგრაფიული რუკების შესადგენად. 1590 წელს მერკატორს ავად გახდა: მან მეტყველების უნარი დაკარგა და მარცხენა მხარი მთლიანად წაერთვა. სამუშაოს გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ის არ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას და გადაწყვეტილი ჰქონდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის 1594 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 5 რუკა, რომელზეც მერკატორი მუშაობდა, რუმოლდმა, მისმა ვაჟმა დაასრულა.
მერკატორის რუკების სრული კრებული 1595 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუკების პირველი კრებული, რომელსაც ატლასი ეწოდა. ამ პერიოდამდე რუკების კრებულს სამი საუკუნის გამოჩენილი ალექსანდრიელი სწავლულის კლავდიიოს პტოლომეს საპატივცემულოდ, რომლის ხელნაწერი რუკების კრებული თანამედროვე ატლასის წინამორბედია „პტალოომეებს~ უწოდებდნენ.
თავად სახელწოდება `ატლასი~ იმის გამო წარმოიშვა, რომ უკვე მერკატორის გარდაცვალების შემდეგ მისი რუკების კრებულის ყდაზე გამოხატული იყო ბერძნული მითოლოგიის გმირის – ატლანტის ანატლასის გამოსახულება, რომელსაც მხრებით ბურთისებური ციური სფერო ეკავა. ამის გამო ატლასის ყდებზე ასეთ გამოსახულებას დიდხანს ათავსებდნენ.
მერკატორის ატლასში განხილულია „დაბადების“ პირველი თავი, რომელშიც ღვთის სიტყვის უტყუარობის დასამტკიცებლად ფილოსოფოსების შეხედულებების საპირისპირო არგუმენტებია მოყვანილი. მერკატორმა ამ ნაშრომს „მთელი ჩემი შრომის მიზანი“ უწოდა.
„ატლასის“ ვრცელი გამოცემა, რომელიც 1606 წელს იოდოუკუს ჰონდიუსმა გამოსცა, მრავალ ენაზე დაიბეჭდა და მალე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. XVI საუკუნის კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა მერკატორს „ჩვენი დროის უდიდესი გეოგრაფი“ უწოდა, ხოლო მწერალმა ნიკოლას კრეინმა მერკატორზე თქვა, რომ ეს იყო „კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა“.
მერკატორის მემკვიდრეობით დღეს თითოეული ჩვენგანი სარგებლობს. ჩვენ ატლასით ვსარგებლობთ თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემით, შეგვიძლია ამ ადამიანის დაუღალავი შრომა გავიხსენოთ, ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იმას შეალია, რომ გაეგო თავისი ადგილი დროსა და სივრცეში.
დღეს მერკატორის ქანდაკებები ნიდერლანდის, ბელგიისა და გერმანიის ქალაქებშია დადგმული. მისი სახელი ჰქვია ყველაზე გავრცელებულ საზღვაო რუკების პროექციას. გიცდიათ ოდესმე ფორთოხლის ქერქის გაბრტყელება? თუ ასეა, დაინახავდით, რომ ქერქის დეფორმირების გარეშე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სირთულის წინაშე იდგნენ კარტოგრაფები, რომლებიც ცდილობდნენ დედამიწის სიბრტყეზე გამოსახვას. მერკატორმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ შექმნა მეთოდი, რომელიც დღეს მერკატორის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი. რუკის შედგენის ამ ახლებური მეთოდით ხაზები, რომლითაც განედის გრადუსები აღინიშნება, ეკვატორიდან პოლუსებამდე თანაბარი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებით მანძილები და ზომები მახინჯდებოდა (განსაკუთრებით ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ). კარტოგრაფიის ისტორიაში ამ მეთოდს დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ. მერკატორის მიერ 1569 წელს გამოქვეყნებული კედლის მსოფლიო რუკა უნიკალური ნამუშევარი იყო, რამაც მას მნიშვნელოვანწილად გაუთქვა სახელი. მერკატორის პროექცია დღესაც გამოიყენება საზღვაო ნავიგაციასა თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ სისტემაში. მერკატორის პროექცია შეიძლება შევადაროთ გაშლილ ცილინდრს, რომელზეც მსოფლიო სიბრტყეზეა გამოსახული.
ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს, ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და საიდანაც ვრცელდებოდა სხვადასხვა კულტურა. ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებით და ცხოვრების წესით განსხავავებულირამდენიმე სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს, შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი აღსდგა. ამჟამად ქვეყნის აფრთობი 20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ სავალი გზაა.
მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და, საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული. დღესდღეობით სანაპრიო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ამისთვის უწყლობასა და უნაყოფობასტან ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება და დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები.
ისრაელის ჩრდილეოთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები მ.შ. მღვიმეები.
ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე ნაკრძალების სამეფოდ აქცია: აქ ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახობების აღდეგინა და შენარჩულების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“ და ზოოლოგიური ნაკრძალი „ჰაიბარია“ შექმნილი. ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს.
ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება. იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.
ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მკვდარი ზღვის შეასხებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად მისი დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია. ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართვათან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა.
ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ 70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისრაელელების ცხოვრების წესი განსხვავებულია თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან -სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში მსფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვერბამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტარალური ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.
ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით 81.5 წელი და ამ მაჩვენებლით უსწრებს აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს.
ისრაელი ურბანიზებული ქვეყანა და მოსახლეობის 90 % ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს აქვს ქალაქის სტატუსი, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ.
ისრაელის დასახლებებს შორის აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში 270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთი სალაროში, საიდან შემდეგ ხდება კომუნის წვერების უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება.
ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი ქნესეთი. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.
ქნესეთის შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი ასევე ებრაელმა არქტიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, როემლიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსასხსოვრა ისრელის სახლემწიფოს.
ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება ორი ურჯი ზოლი გასდევს და ებრაელტა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდის – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სხელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.
თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის. ისრაელში ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაში აისახა. მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ. ქვეყანა განახლებად რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. შენობების 90% მზის ენერგიაზე მუშაობს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპაიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან 500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.
ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქტიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
და ბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისარელმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე მეგობრული და პარტნიორული კავშირებით აგრძელებს.
სოლფატარა ჰოლოცენური ასაკის ვულკანური კრატერია და იტალიაში, ნეაპოლის დასავლეთით, ქალაქ პოცუოლის მიდამოებში მდებარეობს. იგი ჩამქრალი ვულკანია, თუმცა მისი კრატერიდან ჯერ კიდევ შეინიშნება ორთქლისა და გოგორდის გამოყოფა.
სოლფატარა დაახლოებით 4000 წლის წინ წარმოიქმნა. მისი უკანასკნელი ამოფრქვევა 1198 წელს დაფიქსირდა.
ვულკანის კრატერის დიამეტრი 770 მ-ს უდრის. მისი ფსკერი ბრტყელია და თიხისებრი ქერქითაა მოფენილი. ადგილ-ადგილ პატარა ორმოებია წარმოქმნილი, რომლებშიც გოგირდი და ტალახი დუღს, ასევე განუწყვეტლივ ამოდის ორთქლი. ქარს კი ამ ორთქლთან ერთად გადააქვს ნახშირორჟანგიც.
კრატერის ერთ-ერთი კედელშია ე.წ. ”ძაღლის გამოქვაბული”, სადაც დიდი რაოდენობით აირი გამოიყოფა და რის გამოც იქ მობინადრე ცხოველები იღუპებიან.
სოლფატარა ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტია. აქ გვხვდება ფუმაროლები (ხვრელი დედამიწის ან სხვა კლდოვანი პლანეტის ზედაპირზე, საიდანაც გამოიყოფა ცხელი ვულკანური აირები და ორთქლი, ყოველგვარი თანმხლები სითხეებისა და მყარი ნივთიერებების გარეშე) და ტალახიანი აბაზანები. ორთქლს სამკურნალო მიზნებისთვისჯერ კიდევ რომის იმპერიაში იყენებდენ.
ამჟამად, ”სოლფატარად” ისეთი ვულკანები იწოდება, რომლებიც 200 გრადუსის ტემპერატურის მქონე გაზს და ორთქლს გამოყოფენ.
პოლარული ციალი პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათებაა, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს და მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.
პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით კი 20–23°-ით. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს 12°-ით ჩამორჩება, პოლარული ციალი 67–70° განედებზე შეინიშნება. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც 20– -25° -ზეც შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მიუხედავად იმისა რომ პოლარული ციალი უწყვეტად მიმდინარეობს, თვალისათვის შესამჩნევი ის მხოლოდა მზის აქტიურობის პერიოდშია, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მძვინვარებს. მზეზე დაკვირვებები საშუალებას იძლევა ქარიშხლები 2-3 დღით ადრე ვიწინასწარმეტყველოთ, სწორედ ეს დრო სჭირდება მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწამდე მისაღწევად. ავრორაზე დაკვირვებას ხელს უშლის ღრუბლები და ნათელი ღამეები. ამიტომ პოლარული ციალი ნახევარი წელი ჩრდილოეთ პოლუსის და ნახევარი წელი სამხრეთ პოლუსის მახლობლად არის შესამჩნევი.
პოლარული ციალი უფრო ხშირია გაზაფხულობითა და შემოდგომობით, ხოლო სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღეღამური ტოლობის დროს) აღწევს.
ატმოსფეროს შედგენილობა, სიმკვრივე და დედამიწიდან დაშორება განსაზღვრავს პოლარული გამოსხივების ფერს.
პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5×1014 ჯოული), დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და ”ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
საუკეთესო ადგილები პოლარულ ციალზე დასაკვირვებლად არის ალასკა, კანადა და სკანდინავია.
აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მდინარე ლიმპოპო სამ ქვეყნაში მიედინება. იგი ბუნებრივი საზღვარია სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანას შორის, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეს შორის. ლიმპოპო ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე აფრიკის მდინარეებს შორის სიდიდით მეორეა ზამბეზის შემდეგ.
ლიმპოპო წარმოიქმნება მდინარეების ნიანგისა და მარიკოს შესართავთან სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში. ის სამხრეთ აფრიკის სიდიდით მეორე მდინარეა ზამბეზის შემდეგ.
მისი სიგრძეა 1 750 კმ, აუზის ფართობი 415 000 კმ².
პირველი ევროპელი, ვინც ეს მდინარე ნახა, იყო ცნობილი მოგზაური ვასკო და გამა, რომლის ექსპედიციამაც 1498 წელს, ლიმპოპოს შესართავთან ჩაუშვა ღუზა.
როგორც ჩანს, მდინარის რეგიონი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული, რადგან აქ აღმოჩენილია 3,5 მლნ წლის ავსტრალოპითეკის ნამარხები.
ბუშმენებმა ლიმპოპოს “ნიანგის მდინარე” უწოდეს მასში მცხოვრები ამ ქვეწარმავლების დიდი რაოდენობის გამო. ნიანგების გარდა, მდინარეში ასევე უხვადაა ჰიპოპოტამებიც. მდინარის დინება სუსტია, ფსკერზე კი დიდი რაოდენობით სილაა. წყალი ძალიან მღვრიე, ამიტომ წყალთან მიახლოებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. საშიშ ცხოველებს არ სძინავთ. თავის დასაცავად საუკეთესო ვარიანტია გამოცდილი გიდის მომსახურებით სარგებლობა.
მდინარის გასწვრივ რამდენიმე დიდი ეროვნული პარკია, სადაც აფრიკული სავანის მთავარი წარმომადგენლები. გიგანტური სპილოებით დაწყებული ფერადი ფრინველებით დამთავრებული ბინადრობენ, აქ ყველაფერი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს.
ლიმპოპო თავის ნაწარმოებებში უკვდავჰყვეს მწერლებმა. რუსულ საბავშვო ლიტერატურაში ლიმპოპო ნახსენებია კორნეი ჩუკოვსკის ზღაპარში “აიბოლიტი”.
მწერალი მაინ რიდი მდინარეს ახსენებს მოთხრობაში – “ჟირაფებზე მონადირეები”, ხოლო რ. კიპლინგის ზღაპარში “სპილო ბავშვი” მდინარე ლიმპოპო მოხსენიებულია, როგორც “ბინძური, ტალახიანი მწვანე მდინარე და სადაც ისეთი ხეები იზრდება, რომელტაც ციებ-ცხელება მოაქვს”, და სადაც ჩიტმა კოლოკოლომ სპილოს ცნობისმოყვარე შვილი გაგზავნა პასუხების მოსაძებნად.