ლანდშაფტს, ერთმანეთისგან არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც განსხვავდებიან. გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.
ანთროპოგენურ ლანდშაფტებს შორის გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურბანული (საქალაქო დასახლებათა), აგროკულტურული, ისტორიული, არქეოლოგიური, კულტურული, ინდუსტრიული და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.
კულტურული ლანდშაფტი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად შეცვლილი გეოგრაფიული ლანდშაფტია. კულტურული ლანდშაფტის მაგალითებია უდაბნოში სარწყავ მიწებზე შექმნილი ოაზისები, გადახნული სტეპი ტყის ზოლებით და სხვა. კულტურულ ლანდშაფტსა და ბუნებრივ ლანდშაფტს შორის არ არსებობს დიდი ზღვარი: კულტურულ ლანდშაფტში შენარჩუნებულია გეოლოგიური აგებულება, რელიეფის მორფოსტრუქტურული ნიშნები და ჰავის ძირითადი თავისებურებანი; კულტურული ლანდშაფტი ემორჩილება გეოგრაფიულ ზონალურობასა და აზონალურობის კანონზომიერებას.
გეოგრაფიული გარსის შემადგენელ ნაწილებს – ლითოსფერო, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შორის – არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება და ასევე ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები (მთლიანობა, ნივთიერებათა წრებრუნვა, რიტმულობა და ზონალურობა) განაპირობებს დედამიწის ბუნებრივ იერსახეს, გარემოში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმებს და სხვ. გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება ვლინდებს როგორც გლობალურ (მაგ; გეოგრაფიული სარტყლების და ბუნებრივი ზონების განედური განლაგება, კონტინენტების ბუნებრივი პირობები), ისე რეგიონალურ (ვერტიკალური ზონალობა, ლანდშაფტები) დონეზე.
ნებისმიერი დონის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული კომპონენტებისგან შედგება. გეოგრაფიული კომპონენტებისთვის დამახასიათებელია გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა/არარსებობა. გეოგრაფიული კომპონენტები ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებში წარმოდგენილი ლოთოგენური საფუძვლის (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებით), ჰაერის და წყლის მასების ( მდინარეები, ტბები და სხვ.), ბიოგენური კომპონენტის (მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) სახით. ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების შედეგად ბუნების მეორეული კომპონენტები წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგი, რომელიც ძირითადად, ბიოგენური კომპონენტისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ბტკ) ერთმანთისგან ზომით განსხვავდება. ისინი შეიძლება იყოს, როგორც მცირე ზომის ( მაგ; მდინარის ხეობა), ისე საკმაოდ დიდი ფართობის (მაგ; უდაბნო საჰარა ან ავსტრალიის კონტინენეტი). მცირე ბტკ-ები შესაძლებელია უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლანდშაფტი.
ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და მიწის სახეს, პეიზაჟს, ადგილს ნიშნავს. ლანდშაფტი გენეტიკურად ერთგავროვანი ბუნებრივ- ტერიტორიული (გეოგრაფიული) კომპლექსია, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება, დაკავშირებულია ერთმანეთთან, ურთიერთობს ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.
ბტკ-ში ყველა კომპონენტს სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. მაგ; ლითოგენური საფუძვლის შეცვლა დიდ გავლენას ახდენს სხვა გეოგრაფიულ კომპონენტებზე, მასინ როცა მცენარეული საფარის შეცვლა შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს.
ლანდშაფტმცოდნეობა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. იგი სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.
ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ცნებები :
გეომასები – ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით.
ცნობილია:
აერომასები (ჰაერის მასები);
ლითომასები (გეოლოგიური მასები);
ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
ბიომასები (ფიტომასები – მცენარეების მასები და ზოომასები – ცხოველები).
მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);
გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები – გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში ნივთიერების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა მის ფუნქციონირებას განაპირობებს. მაგ; მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია, როგორც სივრცეში, ისე დროში.
ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასს: მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :
რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
კლიმატის ტიპს;
გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;
ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად, ესენია: ადგილმდებარეობა, უროჩიშჩე და ფაციესი.
ამრიგად, ლანდშაფტი შეიძლება ითქვას ყველაზე პატარა კომპლექსური ბუნებრივი ერთეულია (ფართობით რამდენიმე ათეული ან ასეული კვ.კმ), რომელსაც თავისი ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის განსახლება, ცხოვრება და საქმიანობა.
ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირება ხდება ერთდროული და სხვადასხვა მიმართულების პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით, რაც ლანდშაფტის კომპონენეტების – რელიეფის, კლიმატის, გეოლოგიური სტრუქტურის, ნიადაგის, მცენარეული საფარისა და და ცხოველთა სამყაროს, ასევე ადამიანის საქმიანობის ურთიერთზემოქმედებითაა გაპირობებული.
ერთი ბუნებრივი ლანდშაფტის კომპონენტებს შორის ურთიერთზემოქმედება და ნივთიერებათა ცვლა ერთი ტიპისაა და დამოკიდებიულია მზის ენერგიის რაოდენობასა და მოსვლის რიტმზე. მოცემული პროცესების ერთობლიობა განსაზღვრავს ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების განახლებას და მწარმოებლობას.
ბუნებრივი ლანდშაფტის მაგალითებია დაბლობი, მთა, უდაბნო, ტყე, სტეპი, დაბლობი, ჭაობი, ზღვის აკვატორია და სხვ.
ლანდშაფტს, ერთმანეთისგან არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც განსხვავდებიან. გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.
ბორეალური ტყეები ჩვენი პლანეტის უმსხვილესი ბიომია და უდიდეს როლს ასრულებს დედამიწის კლიმატურ პროცესებში. ასევე შეუფასებელია მათი გავლენა ჩვენი პლანეტის ბიომარავლფეროვნებისთვის.
ბორეალურ ტყეებს (იგივე ტაიგა, წიწვოვანი ტყეები) დედამიწის ხმელეთის 14% ანუ 1.5 მლრდ ჰა უკავიათ, რაც მთელი დედამიწის ტყეების თითქმის 38%-ია. ისინი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, ჩ.გ. 50-70 გრადუსიანი პარალელებს შორის 2000 კმ სიგანის განედურ ზოლადაა გადაჭიმული და ჩრდილოეთი ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის გრანდიოზულ სივრცეებს მოიცავს. ეს ტყეები ასევე საკმაოდ დიდ ტერიტორიებს ფარავენ მთებში (მაგ; ჩრდილოეთ ევროპის მთიანი რაიონები, იაპონიის კუნძულები, ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროები).
ტაიგის ფარგლებში გამოიყოფა: ტუნდრისპირა ტყეები, ტყეტუნდრა, ჩრდილოეთის, ცენტრალური და სამხრეთის ტაიგა და წიწვოვან- ფართოფოთლოვანი ტყეები.
კლიმატი ნებისმიერი ეკოსისტემის და ბიომის ნიადაგის ტენიანობას, წყლისა და ტემპერატურულ რეჟიმს, მცენარეების ტიპს, ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის ტემპებს, მიკროორგანიზმების აქტივობას განსაზღვრავს.
ზოგადად, ბორეალური ტყე ხანგრძლივი ყინვიანი ზამთრით და მშრალი, გრილი და ხანმოკლე ზაფხულით ხასიათდება (გამონაკლისია მხოლოდ წყნარი ოკეანის სანაპირო). ნალექების წლიური რაოდენობა 400-6000 მმ-ია, ოკეანურ სექტორში – გაცილებით უფრო მეტი. ატლანტის ოკეანიდან დაშორებით მატულობს კონტინენტური კლიმატი ზამთარში ტემპერატურა –50 c–მდე ეცემა, ივლისის იზოთერმა 13 – 18 °с-ია.
ბორეალურ ტყეებში აღინიშნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე დაბალი ტემპერატურები. რეკორდი ეკუთვნის რუსეთში მდებარე დაბა ოიმიაკონს, სადაც 1933 წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე დაბალი ტემპერატურა -67,7 °C დაფიქსირდა.
ტაიგაში გავრცელებულია ეწერი ნიადაგები, თუმცა ზოგ ადგილებში გვხვდება დაჭაობებული, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებიც. ნიადაგები ხშირ შემთხვევაში მჟავეა, რაც განპირობებულია მაღალი ტენიანობით. მათში ჰუმუსის შემცველობა 5-7%-ია. მცენარეებისა და ცხოველებისათვის ასეთ ადგილებში ყოველთვის არასაკმარისია მინერალური კვება. განსაკუთრებით კი არასაკმარისია კალიუმი, რომელიც ესაჭიროება როგორც მცენარეებს, ისე ცხოველებს.
ტყეები ნახშირბადის მთავარ რეზერვუარს წარმოადგენენ. ისინი ამ ელემენტის 500 მლრდ ტონას შეიცავენ, რაც ატმოსფეროში მთელი მისი მარაგის 2/3 შეადგენს. ექსპერტთა მონაცემებით ბორეალური ტყეები ნახშირბადის გლობალური მარაგის 17%-ს შეიცავს. ამიტომ უდიდესია ამ ტყეების მნიშვნელობა ნახშირბადის ციკლის პროცესში.
ტაიგის ლანდშაფტური მრავალფეროვნება განპირობებულია პალეოგეოგრაფიული, გეოქიმიური, კლიმატური და ბიოგეოგრაფიული ფაქტორებით. მართალია ბიომის ბიოლოგიური მრავალფეროვნება დაბალია ტროპიკულ ტყეებთან შედარებით, თუმცა მაღალია ტუნდრასთან მიმართებით. ამჟამად არსებული ბორეალური ტყის ბიომები მყინვარული პერიოდის ბოლოს (დაახლოებით 10 000 წლის წინ) ჩამოყალიბდა, ხოლო სახეობრივი მრავალფეროვნება, რომელიც ჩრდილოეთის ტყეებში აღინიშნება უკვე თითქმის 5000 წელია არსებობს.
ბორეალურ ტყეებში:
ჭურჭლოვანი მცენარეების ფლორა შეადგენს 600 -700 სახეობას;
ფრინველების 120-150 სახეობას;
ძუძუმწოვრების 85 სახეობას.
მწერების 30 000 სახეობას;
თევზების 240 სახეობას ( შორეულ აღმოსავლეთში)
ტაიგის ტყეები ტროპიკულ ტყეებთან შედარებით მცენარეების სახეობრივი შემადგენლობისა და სასიცოცხლო ფორმების მიხედვით ღარიბი და 2-3 ჯერ ნაკლებად პროდუქტიულია. ტაიგისთვის დამახასიათებელია მარტივი იარუსობრივი სტრუქტურა: ხემცენარეთა იარუსი (ჩვეულებრივ ერთია) შექმნილია 4 გვარის სახეობებით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი ლარიქსი), რომლებიც პალეოეკოლოგიურ და თანამედროვე პირობებთან დამოკიდებულებაში ცვლიან ერთმანეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
როგორც ევროპისა და აზიის კონტინენტებზე, ისე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეც, ტაიგის ლანდშაფტი შიდა ტერიტორიულად არაერთგვაროვანია. განსხვავება ყველაზე მეტად საგრძნობია დასავლეთ და აღმოსავლეთ და შიდა კონტინენტურ ნაწილებს შორის. წყნაროკეანური სექტორის ტაიგის ზონის თავისებურება განპირობებულია ოკეანური ჰავისა და მთიანი რელიეფის გავლენით.
ჩრდილოეთ ამერიკაში ბორეალური ტყეების შემქმნელი ძირითადი სახეობებია: სითხინის ნაძვი, დუგლასის ცრუ ცუგა, კვიპაროსი, წითელი კედარი, თეთრი ან შავი ნაძვი, ბალზამური სოჭი, ამერიკული ლარიქსი, კანადური ცუგა, ფიჭვი და სხვ. შერეული სახით გვხვდება წვრილფოთლოვანი სახეობები (ძირითადად არყი, ვერხვი). ტაიგის სამხრეთ საზღვრებთან ფართოდაა ფართოფოთლოვანი (მუხა, ნეკერჩხალი, ცაცხვი) სახეობები.
ბალახოვან- ბუჩქნარ იარუსში დიდ როლს ასრულებს ბუჩქები (შავი მოცვი, ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, ბაძგი), ტაიგის დაბალბალახეულობაში (მსხალიჭა, მჟაუნა), განვითარებულია ორქიდეები, გვიმრები და ლიკოპოდიუმები. კარგად არის გამოხატული ხავსის საფარი, რომლის სიმაღლე 30–40 სმ-ს აღწევს.
ტყეები, რომლებიც შექმნილია ნაძვის, სოჭის ლარიქსის მიერ, წარმოქმნიან მუქწიწვოვანტაიგას. იგი ფართოდაა გავრცელებული და დამახასიათებელია მთლიანი ტაიგისათვის. ასეთ ტყეში ქვედა იარუსებში სინათლე ვერ აღწევს, რის გამოც ქვეტყე სუსტადაა განვითარებული ან სრულიად არ გვხვდება. ნიადაგი დაფარულია ხავსითა და ჩამოცვენილი წიწვებით. მუქწიწვოვანი ტაიგის ძირითადი ფართობები მდებარეობს ევროპის აღმოსავლეთით.
ციმბირის ლარიქსისა და ჩვეულებრივი ფიჭვისაგან შექმნილი ტყეები წარმოქმნიან ნათელწიწვოვან ტყეებს. ეს არის მეტწილად მეჩხერი ტყეები, კარგი განათებით, კარგად განვითარებული ქვეტყის იარუსით და ცოცხალი საფრით. ჩრდილოეთ ევროპაში გაბატონებულია ფიჭვნარი ტყეები. ფიჭვნარი ტყეები ხშირად ვითარდება მუქწიწვოვანი ტყეების ნახანძრალზე, იგი წარმოადგენს ტაიგის მცენარეულობის განვითარების ხანგრძლივ (არსებობენ რამდენიმე ასეული წელი) ეტაპს. შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში ნათელი ტყეები შექმნილია ლარიქსის მონაწილეობით.
ტაიგის ზონაში ტყეებთან ერთად საკმაოდაა გავრცელებული ჭაობები და მდელოები. განსაკუთრებით დიდი ფართობები უკავია ხავსიან ჭაობებს. ამ ჭაობების მცენარეულობა ღარიბია, სფაგნუმის ხავსების გარდა აქ გვხვდება წყლის იელი, ლურჯი მოცვი, დროზერა, ისლი და სხვა. ჭაობების დიდი ფართობები გვხვდება დასავლეთ ციმბირში. მდელოები კი გავრცელებულია მდინარეთა ხეობებსა და ტყეთა პირებში, ისინი პირუტყვის ძირითადი საკვები ბაზაა.
ბორეალური ტყეების ცხოველთა სამყარო საკმაოდ მდიდარია და მრავალფეროვანია, ვიდრე ფართოფოთლოვანი და მითუმეტეს ტროპიკულ ტყეების. ცხოველების საბინადრო ეკოლოგიური პირობები ტაიგაში ხანგრძლივი ზამთრით, ძლიერი ყინვებით, მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ტენიანი ქვესფენილი ზედაპირით და სითბოს ნაკლებობით ხასიათდება. ტაიგაში წარმოდგენილი ცხოველები ან ეჩვევიან თოვლიან და ყინვიან ზამთარში აქტიურ ცხოვრებას, ან ზამთრის ძილს ეძლევიან, ან კიდევ სამხრეთის რაიონებში მიგრირებენ.
იმ ცხოველებისათვის, რომლებიც ზამთარში აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, თოვლის საფარი ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს. თოვლის საფარის სიღრმეში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მაღალია, ვიდრე ზედაპირზე, ვინაიდან თოვლი სითბოს ცუდი გამტარია და იგი ცხოველის მიერ გამოყოფილ სითბოს შთანთქავს. ამიტომ ზოგიერთი ფრინველი და ცხოველი ღამით თოვლში ეფლობა. მრავალი ფრინველი ტაიგაში ბორეალური ტყეების მარადმწვანობის გამო ბინადრობს, რადგან ისინი ზამთარში მხოლოდ წიწვებით იკვებებიან და ზამთრის ექსტრემალური პირობები ასე გადააქვთ.
ტაიგაში საკვებიის მნიშვნელოვანი წყაროა წიწვოვნების თესლი, რომელიც მრავალი მღრღნელის, ფრინველისა და ზოგიერთი მტაცებლებლის საკვებს წარმოადგენს. ტაიგის ბიოტოპში ადგილი აქვს იმ ცხოველების პოპულაციების ციკლურ დინამიკას, რომლებიც დამოკიდებულნი არიან წიწვოვნების თესლების პროდუქციაზე. ტყეში ნაძვის, ფიჭვის, სოჭისა და ლარიქსის მოსავლიანობა წლების მიხედვით იცვლება, რაც იმ ცხოველებს, რომლებიც ამ წიწვოვნების თესლის საკვებ რესურსზეა არიან დამოკიდებულნი, აიძულებს ან შორეულ მიგრაციას (მაგ; ციყვი), ან გადაფრინდენ ძირითადი არეალის საზღვრებს მიღმა, ან მკვეთრად შეამცირონ თავიანთი რიცხობრიობა (მაგ; ზაზუნები, კურდღლები), რაც თავის მხრივ მტაცებლებზეც აისახება.
ტაიგის ფაუნისათვის დამახასიათებელია ტყის ძუძუმწოვრები: მურა დათვი, ფოცხვერი, როსომარი, სიასამური, ჩრდილოეთის ირემი , ციმბირის შველი, ყარსაღი, წავი, თეთრი კურდღელი , ბურუნდუკი, ტყის ლემინგი, ტყის თაგვი, თხუნელა და სხვ.
ტაიგის ფაუნაში ფრინველებისაგან ტიპიურია: სოღო, გნოლქათამა და გნოლთეთრა, რუხი ბუ, ჭოტი, კოდალა, გუგული, შავი ყვავი და სხვ.
ქვეწარმავლები ბორეალურ ტყეების მხოლოდ სამხრეთ ზოლში ბინადრობენ. მათგან გვხვდება ჩვეულებრივი გველგესლა, ცოცხალმშობი ხვლიკები. ამფიბიებისაგან ფართოდ არის წარმოდგენილი ტრიტონი და ციმბირის ბაყაყი. ტაიგაში უხვადაა ტკიპები, რომელთა შორის არის დაავადების გადამტანი სახეობები.
ბორეალურ ტყეებში საპროფაგები, ძირითადად, ტყის ნაფენსა და ნიადაგის იარუსში გვხვდება. მათ შორის მთავარ როლს ბაღლინჯოები, ნემატოდები (მრგვალი ჭიები), ტკიპები ასრულებენ. ეს მცირე ზომის ბინადარნი ნიადაგში უხვად არიან წარმოდგენილნი: 1მ2–ზე შეიძლება ათობით ათასი ტკიპა და ბაღლინჯო, მილიონი პაწაწინა (1მმ–მდე) ნემატოდი არსებობდეს. თბილ პერიოდში ისინი მცენარის ჩამოცვენილი ორგანოებით იკვებებიან, ზამთარში კი ანაბიოზის მდგომარეობაში გადადიან.
მთელ ტაიგაში ფართოდ არის გავრცელებული მუქი წითელი წვიმის ჭია დენდრობენა, ამერიკაში რიცხოვნებით ჭარბობს დიდი ზომის (30 სმ) წვიმის ჭია ეჰზენია, ევროპის ტაიგის ზონაში ჭარბობს რუხი ფერის წვიმის ჭია ალლოლობოფორა.
ტაიგა მერქნის დიდი მარაგით, ასევე საკვები და სამკურნალო მცენარეებით გამოირჩევა. იგი მონადირეობისა და მეირმეობის ძირითადი ბაზაა.
დედამიწაზე, ისევე როგორც სხვა ტყეები, ტაიგაც გაუტყეურების საშიშროების გზაზეა, რადგან ადამიანები ასობით ხეს ჩეხავენ და ბორეალური ტყეც ნელ-ნელა ქრება. ტყის ფართობების შემცირების გამო ცხოველები კარგავენ საცხოვრებლებს და სხვადასხვა ადგილებში უწევთ გახიზვნა.
ტყის მასიური ჩეხვა განსაკუთრებით ინტესიურად მიმდინარეობს რუსეთში, აქ მრავლადაა სხვადასხვა ხისმჭრელ კომპანიები. კანადაში პირიქით – გაუტყეურების შეჩერება ს ცდილობენ.
ტყის ხანძრები ბორეალური ტყეების არსებობისა და ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია. რეგიონიდან გამომდინარე ძლიერი ხანძრები 70-200 წელში პერიოდულად მეორდება.
ბორეალური ტყეების კიდევ ერთი პრობლემაა მჟავა წვიმები. მჟავა წვიმა შედარებით მეტ მჟავას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი წვიმა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული დაბინძურებთაა გამოწვეული. მჟავა წვიმები, როგორც ტყის, ასევე ცხოველთა ბიომსაც აზიანებს და ანადგურებს. მსოფლიოს ბორეალური ტყეების მხოლოდ 12% არის დაცვის ქვეშ. ხოლო ამ ტყეების 30% სამეურნეო საქმიანობისთვის – ხე-ტყის დამზადება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება- გამოიყენება.
ადამიანის დადებითი და სასარგებლო ქმედებებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბორეალურ ტყეებში საგრძნობლად შეცირდა ნადირობის მასშტაბები, და შესაბამისად, მონადირებულ ცხოველთა რაოდენობაც, რაც ტყეში ბალანსის აღდგენას და ცხოველთა სამყაროს განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანმა შენიშნა და გაიაზრა ბორეალური ტყეების გაუტყეურების საფრთხე და ტყის გადარჩენის მიმართულებით სხვადსხვა ღონისძიებების გატარება დაიწყო: მმმმიქმნება დაცული ტერიტორიები, იკრძლება ბრაკონიერობა და სხვ.
ბორეალურ ტყეებში მრავლადაა დაცული ტერიტორიები. მაგ; პუკასკუას, ფანდის, ჯასპერის ეროვნული პარკები კანადაში, იუგიდ ვა, სალაირი რუსეთში და სხვ.
და ბოლოს:
ბორეალური ტყეების სახელი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ჩრდილოეთის ქარის ღმერთის ბორეიას სახელიდან მომდინარეობს.
ბორეალურ ტყეების დაახლოებით 70% რუსეთში, კანადაში, ალასკაზე და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში – ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთშია. ამასთან, რუსეთში ამ ტყეების ¾-ია გავრცელებული.
ბორეალური ტყეების ასევე გვხვდება სამხრეთ ნახევარსფეროში ს.გ. 60 გრადუსიანი პარალელის სამხრეთით.
ბორეალური ტყეები ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში გავრცელებული. აქ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს.
მსოფლიოში წარმოებული მერქნის 53% ბორეალურ ტყეებზე მოდის.
სონორას უდაბნო ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-მექსიკის საზღვარზე მდებარეობს. ქვიშიან-კლდოვანი სონორანის უდაბნო სუბტროპიკულ ზონაშია და შეერთებული შტატები სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთ მექსიკამდეა გადაჭიმული. უდაბნოს ტერიტორია მოიცავს აშშ-ის არიზონასა და კალიფორნიას და მექსიკის სონორას. უდაბნოს ფართობი 311,000 კმ²-ია და ჩრდილოეთ ამერიკის უცხელეს უდაბნოს წარმოადგენს.
უდაბნოს ლანდშაფტი არაერთგვაროვანია. უდაბნოს დაახლოებით ¼ უკავია დაბალ ბორცვებსა და პატარა მთებს. სონორას სუბრეგიონებს წარმოადგენს კოლორადოს, იუმასა და იუჰას უდაბნოები.
სონორას უდაბნოში გვხვდება რამდენიმე სახეობის უნიკალური ცხოველი და ფრინველი, მათ შორის კაქტუსი კარნეგია. უდაბნოში გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60 სახეობა, ფრინველთა 350 სახეობა, ამფიბიების 20 და რეპტილიების 100 სახეობა, ასევე ადგილობრივ მცენარეთა 2000 სახოება.
ბერმუდის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა ატლანტის ოკეანეში. ბერმუდის კუნძულები ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთით მდებარეობს: უახლოესი წერტილი კონტინენტიდან 1,030 კილომეტრის დაშორებითაა და ეს ჰარტერესის კონცხია (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი).
ბერმუდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამილტონი. კუნძულებზე განვითარებულია ეკონომიკა და ტურიზმი. მისი ტერიტორია იყოფა ცხრა მუნიციპალიტეტად.
ბერმუდი ყველაზე ძველი ტერიტორიაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება. 1612 წელს აქ მთელს ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისკური კოლონია შეიქმნა.
რაც შეეხება ბერმუდის სამკუთხედს (ინგლ. Bermuda Triangle) ეს რაიონია ატლანტის ოკეანეში, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სამკუთხედს წააგავს. ამ ადგილის წყლები ყოველთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ გემებსა და თვითმფრინავებს, ზოგჯერ წყალქვეშა ნავებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ამ ადგილს „ატლანტიკის სასაფლაო“ უწოდებენ.
ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ კარგად განვითარებულია მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ხელს უტყობს ტურისტული ბიზნესის აყვავებას.
სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს ფრანგული გემი „როზალინი“ აღმოაჩინეს. გემზე ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ სამაგიეროდ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზები არსებობს დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების მოტაცებებამდე დამთავრებული. თუმცა, ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება იმაზე ხშირად არ ხდება, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ეს ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s. აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.
ბუნება საოცარი სისტემა, რომელიც არასდროს ვიცით რას გვიმზადებს. მსოფლიოში არსებობს ბუნების იმ ფენომენთა სია, რომლიც რამოდენიმეჯერ განმეორდა. ზოგს მოეძებნა ახსნა, ზოგსაც კი ვერა.
1997 წლის ზაფხულში, წყნარ ოკეანეში დაიწყო დიდი მასშტაბის კლიმატური ანომალიები. ოკეანის საკმაოდ დიდ ფართობზე წყლის და ჰაერის ტემპერატურამ ნორმის ზევით აიწია 2-4 გრადუსით, რამაც ოკეანოლოგიური და ატმოსფერული ხასიათის ცვლილებები გამოიწვია. მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან დაკვირვებამ აჩვენა, რომ ავსტრალიის, ინდონეზიის, ახალი გვინეის დიდ ნაწილში მოიმატა ტემპერატურამ, რამაც შეამცირა ღრუბლიანობა და გამოიწვია გვალვა.
ასეთი ანომალიები ემთხვევა ელ-ნინიოს გამოჩენას. ელ-ნინიო (ესპანურიდან – `ბავშვი~, `ბიჭუნა~) ლოკალური ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ერთდროულად ოკეანის, ატმოსფეროს და ხმელეთის ურთიერთზემოქმედებით ჩნდება. მისი წარმოქმნის ინტენსივობა განპირობებულია წყნარი ოკეანის თბილი აუზით, სადაც წყლის ზედაფენებში 10-30 მეტრის სიღრმეზე წყლის ტემპერატურა 300-ს აღწევს. ელ-ნინიო ევროპის ტერიტორიის და ზოგჯერ მასზე დიდ ფართობსაც კი მოიცავს, რამდენიმე თვეს და ზოგჯერ წელიწადსაც გრძელდება. მას თან ახლავს ოკეანის, ატმოსფეროს გლობალური ცვლილებები. იწვევს წყალდიდობას, გვალვას, ტაიფუნს, სმერჩს, გრიგალს, ხანძარს. 1999 წ. ბოლოს და 2000 წ. თებერვალში, შვეიცარიაში იყო ძლიერი თოვა, 3-ჯერ მეტი ნორმაზე, ხოლო მაისში უჩვეულო დიდი სიცხის გამო დაზარალდა 200 კაცი. რუსეთის ევროპულ ნაწილში შეიქმნა ხანძარსაშიში მდგომარეობა, ხანძარი გაუჩნდა ტყეს. ხსნა მხოლოდ კოკისპირულ წვიმებს შეეძლო, მაგრამ გაბატონებული ანტიციკლონი არ უშვებდა ციკლონს ატლანტის ოკეანიდან. სამაგიეროდ უჩვეულო წყალდიდობა დაატყდა გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სერბეთს და სხვა.
ტრაგიკული შედეგები მოჰყვა ელ-ნინიოს დასავლეთ ნახევარსფეროშიც. უჩვეულო სიცხისგან აშშ აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერ დაზარალდა ნათესები. უჩვეულოდ ცხელოდა ნიუ-იორკშიც. სამაგიეროდ კოლუმბიასა და ვენესუელაში შემოდგომაზე წვიმებს მოჰყვა საშინელი წყალდიდობა, ღვარცოფებმა წალეკა მინდვრები, ქალაქების ქუჩები მდინარეებს დაემსგავსა.
საინტერესოა ელ-ნინიოს ანტიპოდი ლა-ნინია (ესპანურიდან ქართულად `გოგონა~). ლა-ნინიას დროს ზღვის წყლის ტემპერატურა ქვევით იწევს, თბილი წყლის ფართი მცირდება და ძლიერდება აღმოსავლეთის ქარები. ლა-ნინია ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე ელ-ნინიო.
პანტანალი ნაკრძალია ბრაზილიაში და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარეობს, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140. 000 კმ²-სა და 195. 000 კმ²-ს შორის. აქ გვხვდება ცვალებადი სუბრეგიონული ეკოსისტემა და თითოეულისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.
პანტანალის ტბორების 80% წვიმიანი სეზონისას წყლით ივსება. ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.
უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.
პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე 3 500 სახეობის მცენარის სამშობლოა.
პორტი ან ტერიტორია, სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია და ეკონომიკური შეღავათებიც მოქმედებს. ადრეულ თავისუფალ პორტებს (მაგალითად ჰონკონგი) პოლიტიკური ავტონომიაც ჰქონდათ. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები თავისი “დუთი–ფრი” (უბაჟო) მაღაზიებით. ასეთი ზონები უმეტეს საერთაშორისო აეროპორტს აქვს.
ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. შესაძლებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაწესდეს არა ტერიტორიული, არამედ დარგობრივი პრინციპით, ანუ შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობებს დაუწესდეს.