• ბუვე – ყველაზე შორეული კუნძული

    ბუვე – ყველაზე შორეული კუნძული

    ბუვეს კუნძული (Bouvet Island), რომელსაც ხშირად დედამიწის ყველაზე „მარტოსულ“  ადგილს უწოდებენ, დაუსახლებელი ვულკანური კუნძულია. იგი ატლანტის ოკეანის სამხრეთში და  სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. კუნძული სამხრეთის 60°-იან პარალელზეა და აფრიკიდან დაახლოებით 2600 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო  ანტარქტიდიდან, კერძოდ კი დედოფალ მოდის მიწიდან,  1600 კილომეტრით, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ხმელეთად აქცევს. ბუვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული კუნძული კონტინენტიდან აღდგომისა  და ტრისტან და კუნიას  კუნძულების შემდეგ.

    კუნძულს სახელი მისი აღმომჩენის, ფრანგი ჟან-ბატისტ ბუვე დე ლოზიეს (1705–1786) პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც კუნძული 1739 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა. ნისლის გამო მან კუნძული კონცხად  ჩათვალა, რომლის იქითაც დიდი ხმელეთი უნდა ყოფილიყო  გადაჭიმული. ბუნებრივია, მან ივარაუდა, რომ ეს იყო უცნობი სამხრეთის მიწა, რომელიც იმ დროის რუკებზე იყო მონიშნული.

    1772 წელს ჯეიმს კუკმა ბუვეს მიერ მითითებული წერტილის მახლობლად გაცურა, მაგრამ რადგან ბუვემ შეცდომით განსაზღვრა კუნძულის გრძედი, კუკმა ხმელეთს ვერ მიაღწია. 1808 წელს, ვეშაპებზე სანადირო გემის კაპიტანმა, ჯეიმს ლინდსიმ, პირველმა ზუსტად განსაზღვრა კუნძულის კოორდინატები, რომელიც მაშინვე არ იქნა იდენტიფიცირებული ბუვეს მიერ აღმოჩენილ მიწასთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც „ლინდსის კუნძული“. 1825 წლის 10 დეკემბერს,  კუნძულზე კაპიტანი ნორისი გადავიდა. მან  ბუვე ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლორდ ლივერპულის, პატივსაცემად „ლივერპულის კუნძული“ უწოდა.

    ნორვეგიული გემის „Norge“-ს ეკიპაჟმა კუნძულზე 1927 წელს, დაახლოებით, ერთი თვე გაატარა. 1927 წლის 1 დეკემბერს, ექსპედიციის ლიდერმა ლარს კრისტენსენმა კუნძული ნორვეგიულად გამოაცხადა. მეფე ჰააკონ VII-ის 1928 წლის 23 იანვრის ბრძანებულებით, ბუვეს კუნძული „ნორვეგიის ტერიტორიად“ გამოცხადდა. 1929 წელს დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა ბუვეს კუნძულზე ტერიტორიულ პრეტენზიებზე. 1930 წელს სტორტინგმა მიიღო კანონი, რომლითაც ბუვეს კუნძული ნორვეგიის დამოკიდებულ ტერიტორიად გამოცხადდა.

    დღესაც ბუვე  ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორიაა და მასზე არ ვრცელდება ანტარქტიდის შესახებ შეთანხმება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ანტარქტიდის დემილიტარიზაციას, მის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას და ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევას, 1959 წლის 1 დეკემბერს ვაშინგტონში დაიდო და ძალაში 1961 წლის 23 ივნისს შევიდა 12 პირველმონაწილე სახელმწიფოს ხელმოწერის შემდეგ.

    კუნძულის ფართობი  60 კმ²-ია და  ტერიტორიის 93% ყინულითაა დაფარული. იგი გარშემორტყმულია ციცაბო კლდეებით, რაც კუნძულზე გადასვლას საკმაოდ ართულებს, ხოლო  მკაცრი ამინდი, ყინვა და ხშირი შტორმები, კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის მიუწვდომლობას.

    ბუვეს კუნძული არ არის მხოლოდ შორეული ტერიტორია – ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილია მსოფლიოსგან. ესაა კუნძული აეროდრომისა და მუდმივად მცხოვრები ადამიანების  გარეშე. ამიტომ იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალიზირებული გემებითაა შესაძლებელი, რომლებსაც ცივ სამხრეთ ოკეანეში შეუძლიათ ნავიგაცია. ადამიანთა უახლოესი დასახლებები ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, რაც  ბუვეს,  ჩვენი პლანეტის ხელუხლებელი კუთხის სტატუსს ანიჭებს.

    კუნძულზე ზამთარი  ჯერ არავის გაუტარებია. კუნძულის შესწავლას მნიშვნელოვნად აფერხებს ექსპედიციების ტრანსპორტირების სირთულეები, რაც კუნძულის რელიეფთან არის დაკავშირებული.

    მიუხედავად  იზოლაციისა, ბუვეს კუნძულს  სამეცნიერო მნიშვნელობა გააჩნია. ის ნაკრძალია და მისი ხელუხლებელი გარემო  მეტად ღირებულ მონაცემებს გვაწვდის გლობალური ამინდისა და ანტარქტიდის ეკოსისტემების შესასწავლად. ლოჯისტიკური სირთულეებისა და ექსტრემალური პირობების გამო მკვლევართა და ავანტიურისტთა ვიზიტები აქ საკმაოდ იშვიათია.

    ბუვეს კუნძულზე   ყინულის  საფარის ქვეშ მდებარეობს აქტიური ვულკანი. კუნძულზე გვხვდება ხავსების, ლიქენების და ზღვის ფრინველების, მათ შორის პინგვინებისა პატარა ეკოსისტემა. მის კლდოვან ნაპირებზე  ხშირად ამოდიან სელაპები, რაც კუნძულის ბიომრავალფეროვნებას ამდიდრებს.

  • სირია –  ქვეყანა, სადაც დრო თითქოს შენელებულია

    სირია –  ქვეყანა, სადაც დრო თითქოს შენელებულია

    სირია (ოფიციალურად სირიის არაბთა რესპუბლიკა)   დასავლეთ აზიაში მდებარე სახელმწიფოა. მას დასავლეთიდან ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი ესაზღვრება.

    სირია უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის გულში, კულტურათა და ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მდებარეობს. მისი მიწები მრავალი იმპერიის, რელიგიისა და კულტურის აკვანი იყო, რომლებმაც სასიცოცხლო როლი ითამაშეს კაცობრიობის განვითარებაში. თანამედროვე გამოწვევების მიუხედავად, სირია აგრძელებს მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. აქ შუმერული, ასურული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და არაბული გავლენა ერთმანეთშია გადაჯაჭვული.

    ქვემოთ მოცემულია ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები სირიის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ.

    დამასკო, სირიის დედაქალაქი, ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში. აქ  დასახლების მტკიცებულებები  დაახლოებით 10000 წლით თარიღდება. გარდა ამისა, დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა

    სირიაში ასევე მდებარეობს  უძველესი ქალაქი უგარიტი, სადაც ყველაზე ძველი ანბანია აღმოჩენილი.

    უძველესი ქალაქი პალმირა, რომელიც  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომის იმპერიის მთავარი კულტურული და სავაჭრო ცენტრი იყო.

    ქალაქ ბოსრა, ოდესღაც რომის პროვინციის არაბეთის დედაქალაქი, საოცრად კარგად შემონახული რომაული თეატრია.

    დამასკოში მდებარე  ომაიანთა მეჩეთი, რომელიც  მე-8 საუკუნით თარიღდება, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მეჩეთია.

    ებლა, უძველესი სამეფო სირიაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულში ვაჭრობისა და ცივილიზაციის მთავარი ცენტრი იყო  .

    სირიის უდაბნო  ქვეყნის დიდ ნაწილს მოიცავს და  არაბეთის დიდი  უდაბნოს ნაწილია.

    ჰერმონის მთას ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა კულტურისთვის, იგი ამავე დროს მტკნარი წყლის წყაროა.

    სირიაში მიედინება მდინარე ევფრატი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე და წყლის მთავარი წყაროა ათასწლეულების განმავლობაში.

    შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სირიაში – Crac des Chevaliers,  ჯვაროსნების დროინდელი  ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ციხესიმაგრეა მსოფლიოში.

    სირიის დროშაზე მწვანე ვარსკვლავებია გამოსახული, რომლებიც ერთიანობას და არაბული ნაციონალიზმის იმედს წარმოადგენენ.   

    სირიის მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, კერძოდ, ხორბლის, ქერის, ბამბისა და ზეთისხილის მოყვანით.

    სირიაში სასკოლო განათლება უფასოა და მოიცავს ექვსწლიან დაწყებით და სამწლიან საშუალო განათლებას.

    ქვეყანას ოფიციალური რელიგია არ აქვს, თუმცა ისლამს ძლიერი გავლენა აქვს სახელმწიფოზე.

    სირიაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა და მამაკაცები ვალდებულნი არიან იმსახურონ.

    სირიას ძალიან მდიდარი სამზარეულო აქვს. ის მოიცავს ისეთ  ცნობილ კერძებს, როგორიცაა კიბე, ფატუშ და ბაქლავა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის გემოების განსახიერებაა.

    სირიის ალეპოს საპონი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს საპნად  ითვლება, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით –  ზეითუნისა და დაფნის ზეთებისგან არის დამზადებული.

    დამასკური ფოლადის ტრადიციული სირიული ხელობა განთქმული იყო თავისი რთული ნიმუშებითა და განსაკუთრებული ხარისხით, რომლებიც  ლეგენდარული ხმლების შესაქმნელად გამოიყენებოდა.

    დამასკოს ვარდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი განუმეორებლი სურნელით, დამასკოს რეგიონში იზრდება. მისი ფურცლებისგან ვარდის ზეთს ამზადებენ, რომელიც პარფიუმერიასა  და კოსმეტიკაში გამოიყენება. ფურცლებს ხელით კრეფენ დილით ადრე, რათა შეინარჩუნონ ხარისხი. ვარდის მოყვანა რეგიონში მნიშვნელოვან ინდუსტრიად იქცა.

    სირია სასიცოცხლო როლს ასრულებდა აბრეშუმის გზაზე, რომელიც  ევროპას ჩინეთთან და ინდოეთთან სავაჭრო გზებით  აკავშირებდა. ქალაქები ალეპო და ჰომსი  ამ სავაჭრო მაგისტრალის მთავარი ცენტრები იყო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ქარავნები ხვდებოდნენ. აქ ვითარდებოდა ხელოსნობა, ხდებოდა ცოდნის გაცვლა და  ყალიბდენოდა კულტურული ურთიერთობები. ადგილობრივი ბაზრები და ქარავნები მოწმობენ ამ დიდებული წარსულის შესახებ.

    სირია ერთ-ერთ პირველ რეგიონად თვლება, სადაც მეღვინეობა განვითარდა. არქეოლოგიური აღმოჩენები მიუთითებს, რომ ღვინის წარმოება ძვ. წ. 3000 წლიდან დაიწყო. თანამედროვე შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ყურძენი კვლავ მოჰყავთ და ადგილობრივი სასმელები იწარმოება, რაც ასახავს რეგიონის უძველეს სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებს.

    სირიული მოზაიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილად ითვლება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაალულა და უძველესი ტაძრები. პატარა ქვების გამოყენებით, ხელოსნები ქმნიდნენ სცენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, მითოლოგიიდან და რელიგიიდან. მოზაიკური ხელოვნება აყვავდა როგორც ქრისტიანულ, ასევე მუსლიმურ არქიტექტურაში. მრავალი შედევრი ამჟამად სირიასა და მის ფარგლებს გარეთ მუზეუმებშია განთავსებული.

    მთიან ქალაქ მაალულაში დღემდე საუბრობენ დასავლურ არამეულ ენაზე. ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დასახლებებს შორის, სადაც იესოს დროის ენა დღემდეა შემორჩენილი. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი უძველესი მონასტრებითა და ქრისტიანული სალოცავებით. მაალულა სულიერი უწყვეტობისა და უნიკალური კულტურული მეხსიერების ცოცხალ სიმბოლოდ რჩება.

    სირიის შესახებ ეს საოცარი და მომხიბვლელი ფაქტები ავლენს მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სიღრმეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ცივილიზაციებს, იდეებსა და ხალხებს. გამოწვევების მიუხედავად, სირია ინარჩუნებს თავის უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც პატივისცემისა და შესწავლის ღირსია. რაც უფრო მეტს შეიტყობთ მის შესახებ, მით უფრო მეტად გამოვლინდება მისი ნამდვილი სახე, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.

  • ნემოს წერტილი – ყველაზე მიუწვდომელი ადგილი

    ნემოს წერტილი – ყველაზე მიუწვდომელი ადგილი

    ჩვენს პლანეტაზე ბევრი უჩვეულო და უნიკალური ადგილია, მათ შორის ისეთებიც სადაც ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუდგამს ფეხი. ზოგიერთ  ადგილამდე  მიღწევა უკიდურესად რთულია ან სულაც შეუძლებელია.  სწორედ ასეთი ადგილებია  ე.წ. მიუწვდომლობის პოლუსები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადგილები, რომლებიც ცივილიზაციისგან მაქსიმალურადაა დაშორებული და მისაღწევადაც ძალიან რთულია. დედამიწაზე მიუწვდომლობის  სულ ოთხი პოლუსი არსებობს: კონტინენტური (ჩინეთის ჩრდილოეთით), ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე და ოკეანური –  ნემოს წერტილი – უნიკალური ტერიტორია  წყნარი ოკეანის სამხრეთში.

    ნემოს წერტილი  დედამიწაზე სანაპიროდან ყველაზე დაშორებულ ადგილად ითვლება, რადგან  უახლოესი ხმელეთი 2500 კმ-ზე მეტ მანძილზეა. ამ ადგილს წერტილს პირობითად  უწოდებენ: სინამდვილეში, ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით, 37 მილიონი კვ. კმ-ია.  

    ნემოს წერტილი  აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს – წყალქვეშა ვულკანური აქტივობის ხაზთან, რომელიც კალიფორნიის ყურემდე გრძელდება. იგი საზღვარია წყნარი ოკეანისა და ნასკას ტექტონიკურ ფილებს შორის, რომლებიც მუდმივად შორდებიან ერთმანეთს. ფილებს შორის გაყოფის ადგილებს, ფილებს შორის მაგმა ავსევს, რომელიც ჰიდროთერმული კრატერებს წარმოქმნის, საიდანაც ცხელი წყალი და მინერალები იფრქვევა.

    ადგილს სახელი არ მიუღია ამავე სახელწოდების მულტფილმიდან აღებული კლოუნთევზიდან, თუმცა მაინც არის გარკვეული მხატვრული ჩანაფიქრი. მას სახელი ჟიულ ვერნის  1870 წელს დაწერილი სათავგადასავლო რომანის „ოცი ათასი კმ ზღვის ქვეშ“ მთავარი მოქმედი გმირის კაპიტან ნემოს პატივსაცემად ეწოდა. სხვათა შორის, სიტყვა „ნემო“  (nemo) ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „არავინ“. ეს სახელი ლოგიკურია და იდეალურად ასახავს მიუწვდომლობის პოლუსის არსს: დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ აქ არავინ ცხოვრობდა.

    1992 წელს ხორვატმა გეოდეზოსტმა  ჰრვოე ლუკატელამ ნემოს წერტილის მდებარეობა კარტოგრაფიული პროგრამების  გამოყენებით გამოთვალა. ლუკატელა, იმის მაგივრად რომ ამ განსაკუთრებული წერტილის აღმოსაჩენად ქსპედიციაში წასულიყო, ხმელეთზე დარჩა და სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამის დახმარებით დაიწყო გამოთვლები, რომელიც, მაქსიმალური სიზუსტისთვის, დედამიწის ელიფსოიდური მოდელით ახდენდა კალკულაციას. გამოანგარიშებული ლოკაცია კი ნაკლებ სავარაუდოა რომ ოდესმე შეიცვალოს.

    დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ აქაურ წყლებში სიცოცხლე არ არსებობდა  და მხოლოდ ბაქტერიები და ღრუბლები იყო. თევზებს და წყლის ბინადარ სხვა  ორგანიზმებს საკვები სჭირდებათ, რომელიც ხმელეთთან ან ოკეანის ფსკერთან ახლოს გვხვდება. მაგრამ ნემოს წერტილში ოკეანე ძალიან ღრმაა – დაახლოებით 3 კმ და უახლოესი სანაპირო ზოლიც საკმაოდ შორს არის. უფრო მეტიც, დინების ძლიერი წრებრუნვა ხელს უშლის ამ ტერიტორიაზე წყალქვეშა სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მოხვედრას.  სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტერიტორიის ზემოთ ოზონის ხვრელის არსებობა, რომელლშიც ულტრაიისფერი გამოსხივების ძლიერი ნაკადი გადის, რაც ხელს უშლის სიცოცხლის გაჩენას.

    2005 წელს ოკეანოგრაფებმა  ნემოს წერტილის მიმდებარედ მანამდე უცნობი წყალქვეშა არსება -კიბორჩხალა იეტი – აღმოაჩინეს. მან  ეს სახელი თეთრი ფერისა და ბუმბულისებრი, ბეწვის მსგავსი ჯაგრით დაფარული ბრჭყალების გამო მიიღო. ის 2 კმ-ზე ოდნავ მეტ სიღრმეზე იპოვეს. მეცნიერები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ეს არ არის უკანასკნელი ცოცხალი არსება, რომელიც მიუწვდომლობის ოკეანურ პლუსზე აღმოაჩინეს.

    ნემოს წერტილი ასევე ცნობილია, როგორც კოსმოსური ხომალდების სასაფლაო. მათი „ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ, კოსმოსური ხომალდები ორბიტიდან  აქ „მოსასვენებლად“ იგზავნება, რადგან აქ ისინი საფრთხეს არ უქმნიან ადამიანებს ან გარემოს.

    იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტა დედამიწიდან დაახლოებით 416 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ამ უკაცრიელი ადგილიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 2700 კილომეტრითაა დაშორებული – გამოდის რომ წერტილ ნემოს, ყველაზე ხშირად, სწორედ ასტრონავტები უახლოვდებიან.

    ჟიულ ვერნი დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად შთააგონებდა მოგზაური  და მკვლევარი ფიოდორ კონიუხოვის ისტორია. ის გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, ვინც ნიჩბით მარტო გადაკვეთა ოკეანე და გაიარა  ნემოს წერტილი. დაგეგმილი 100-120 დღის ნაცვლად, მან ზღვაში 154 დღე გაატარა, რომელთა უმეტესობა შტორმული იყო. მოგზაურმა  განაცხადა, რომ მას მოუწია 12 ბალიანი სიმძლავრის შტორმთან შერკინება: ასეთი შტორმის დროს ტალღები 16 მეტრზე მეტ სიმაღლეს, ხოლო ქარის სიჩქარე 32.6 მ/წმ-ს აღწევს – ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ხეების ფესვებიანად ამოძირკვა და სახლების დანგრევა. კონიუხოვის თქმით, ეს ტალღები წუთში ოთხჯერ ეჯახებოდა მის ნავს. მათი სიგრძე დაახლოებით 300-400 მეტრი იყო. შტორმის დროს ის ნავის დალუქულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ღვედით შეკრული და გადარჩა მათემატიკური გამოთვლების, სიფრთხილის, ნავის ამგები გენიალური ინჟინრებისა და საკუთარი გამბედაობის წყალობით.

    1997 წელს მეცნიერებმა ნემოს წერტილიდან მომდინარე უჩვეულო ხმაური დააფიქსირეს. ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ეს აქამდე უცნობი სიცოცხლის ფორმის ნიშნები იყო, ხოლო ფართო საზოგადოება ვარაუდობდა, რომ ეს ურჩხულები იყვნენ. თუმცა, მეცნიერები ყოყმანობდნენ დასკვნების გამოტანას. აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო პროზაული იყო: აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ ამ უცნაურ ხმას ოკეანეში მოდრეიფე აისბერგები დაშლისა და დაბზარვის პროცესში გამოსცემდნენ.

    საინტერესოა, რომ ნემოს წერტილის აღმოჩენამდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალი ჰორვარდ  ფილიპს ლავკრაფტი თავის მოთხრობაში „ქთულჰუს ძახილი“  ჩაძირული ქალაქის შესახებ წერდა, სადაც წყალქვეშა ურჩხულს სძინავს. მის მიერ მოწოდებული ამ ადგილის  კოორდინატები მხოლოდ 1°-ით განსხვავდება მიუწვდომლობის პოლუსის კოორდინატებისგან.

    თუ რაიმე სამწუხარო შემთხვევის წყალობით ნემოს წერტილში აღმოჩნდებით, თქვენი გადარჩენის გზა არ არსებობს. აქ არც თვითმფრინავები დაფრინავენ, არც სატვირთო გემები და არც ოკეანის ლაინერები დაცურავენ. უახლოესი ადამიანები კოსმოსში არიან.

    ამ რეგიონის სიღრმეებში უამრავი  საიდუმლო იმალება, რომელიც აღმოჩენას ელის, მაგრამ წერტილი ნემოს მიუვალობა და სიშორე კვლევას ართულებს. თუ არ ჩავთვლით იშვიათად გამართულ იახტებით რბოლას მსოფლიოს გარშემო, ამ ადგილებს თითქმის არავინ სტუმრობს.

    2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ სამხრეთ წყნარი ოკეანის წრიული დინების შიგნით, ოკეანეებში გადაყრილი ნარჩენების  თავმოყრა ხდება, და ეს უზარმაზარი მცურავი ნაგავსაყრელი წერტილი ნემოდან 2500 კილომეტრში მდებარეობს. ნარჩენები, ძირითადად, სხვადასხვა სახეობის პლასტიკური მასალისგან შედგება, რომლებიც წყალში გემებიდან და სანაპიროებიდან ხვდება, ხოლო მოგვიანებით, ოკეანური დინებები ამ ნარჩენებს მცირე ნაწილებად აქუცმაცებს. ბიოლოგების მტკიცებით, დაბინძურებამ შესაძლოა მთლიანად მოარღვიოს ეკოსისტემის ბალანსი, რადგან თუკი ნარჩენები ერთ სახეობას გამრავლებაში ეხმარება, სხვა სახეობებს საგრძნობლად უმცირებს საარსებო გარემოს.

  • ცოცხალი მეცნიერების ლაბორატორია: ატაკამის უნიკალური ბუნება

    ცოცხალი მეცნიერების ლაბორატორია: ატაკამის უნიკალური ბუნება

    ატაკამის უდაბნო (ესპ. Desierto de Atacama)  სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე თითქმის 1000 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული. უდაბნოს ფართობი 105,000 კვ, კმ-ია და ჩილეს ჩრდილოეთით მდებარეობს.

    ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში, რაც NASA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. ატაკამას ზოგიერთ მეტეოროლოგიურ სადგურზე წვიმა არასდროს დაფიქისირებულა. ნალექის გარეშე ოთხ წლამდე პერიოდები რეგისტრირებულია უდაბნოს ცენტრალურ სექტორში, რომელიც  ჩილეს  ქალაქებს – ანტოფაგასტას, კალამასა და კოპიაპოს – შორის მდებარეობს. ატაკამაში ნალექის საშუალო  წლიური რაოდენობა დაახლოებით 1 მმ-ია.  გეოგრაფიულად, ატაკამას სიმშრალე იმით აიხსნება, რომ იგი  ორი საკმაოდ მაღალი მთიან სისტემას შორის (ანდები და ჩილეს სანაპირო ქედი)  მდებარეობს. ორივე  – ანდების მთები და ჩილეს სანაპირო ქედი, რომლებიც გარს აკრავს ამ უდაბნოს,  ბლოკავს  ტენიანობას, რის გამოც ატაკამას უდაბნო მცენარეულობისთვის ერთგვარ სასიკვდილო ზონად აიქცევა.

    დღის განმავლობაში უდაბნოში ტემპერატურამ შეიძლება 40º C-ს  მიაღწიოს, ხოლო ღამით კი 5º C-მდე დაეცეს. მთელი წლის განმავლობაში, დღეების 90%-ზე მეტი მზიანია.

    ატაკამა მსოფლიოში  ბუნებრივი ნატრიუმის  ნიტრატის უდიდესი მარაგით გამოირჩევა. ნატრიუმის ნიტრატს სასუქებისა და ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის იყენებენ. 1940-იან წლებში ამ მინერალის მოპოვების, რომელსაც ასევე  ჩილეს მარილს უწოდებენ, ბუმი იყო. დღეს უდაბნოში მრავლადაა მიტოვებული სამთო ქალაქები.  საინტერესოა, რომ 1800-იანი წლების ბოლოს ჩილესა და ბოლივიას შორის დავა დაიწყო ატაკამას  გამო (Guerra del Pacífico –  წყნარი ოკეანის ომი), რადგან ორივე ქვეყანა აცხადებდა, რომ ამ უზარმაზარი სამთო პოტენციალის მქონე რეგიონის კანონიერი მფლობელები იყვნენ. ომის ბოლოს ჩილემ აიღო კონტროლი მთელ რეგიონზე.

    ატაკამას  ნიადაგის ნიმუშები ძალიან ჰგავს პლანეტა მარსის ნიმუშებს. ამ მიზეზით, NASA უდაბნოს წითელ პლანეტაზე მისიების ინსტრუმენტების შესამოწმებლად იყენებს. ატაკამას ხშირად მარსზე სცენების გადასაღებ ადგილადაც იყენებენ,  როგორც მაგალითად სატელევიზიო სერიალში Space Odyssey: Voyage to the Planets.

    მიუხედავად იმისა, რომ ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში და საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა დღის განმავლობაში, აქ მთების მაღალი მწვერვალები თოვლით არის დაფარული.

    ატაკამას უდაბნო დედამიწაზე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადგილებს შორის, სადაც წელიწადში 300+ დღე მზიანია და ღრუბლების გარეშე. უღრუბლო ცისა და სიმაღლის გამო იგი საუკეთესო ადგილია ჩვენს პლანეტაზე ობსერვატორიებისთვის. ბოლო წლებში უდაბნოში  მსოფლიოში უდიდესი სახმელეთო ტელესკოპი დადგეს, სადაც 66 რადიოტელესკოპის მიერ გადაღებული სურათების დახმარებით ვარსკვლავების ფორმირებაზე დაკვირვება მიმდინარეობს.

  • რა არის ლურჯი ეკონომიკა?

    რა არის ლურჯი ეკონომიკა?

    ოკეანეებისა და ზღვების როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება. საზღვაო რესურსების გონივრული მართვა და ზღვების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება არის გზა მდგრადი მომავლისკენ, რისი მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.

    “ლურჯი“ ეკონომიკის  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენებაა ეკონომიკური განვითარებისათვის, რაც როგორც გაუმჯობესებულ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღეს გულისხმობს.

    „ლურჯი“ ეკონომიკა საზღვაო რესურსებს, ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემას აღადგენს, იცავს და ინარჩუნებს მას. ეს კი თავის მხრივ, მოითხოვს სუფთა ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენებას.

    ლურჯი ეკონომიკა სხვადასხვა სექტორებისგან შედგება, რომელთა შემოსავალი დაკავშირებულია ოკეანეების, როგორც ცოცხალ „განახლებად“ რესურსებთან (როგორიცაა მეთევზეობა), ისევე  არაცოცხალ და, შესაბამისად, „არაგანახლებად“ რესურსებთან (მათ შორის, მოპოვებითი მრეწველობასთან), მაგალითად,  ზღვის ფსკერზე  ნავთობისა და გაზის მოპოვება, თუ  ეს ისე ხდება, რომ არ აყენებს შეუქცევად ზიანს ეკოსისტემას.

    „ლურჯი“  ეკონომიკის სექტორები  

    ლურჯი ეკონომიკა  დაფუძნებულია ნარჩენების, როგორც   რესურსებად  მოაზრებასა და იმ გადაწყვეტილებების ძიებაზე, რომლებიც ბუნების მიერ არის შთაგონებული და შემოთავაზებული.

    ლურჯი ეკონომიკა თანამედროვეობის ახალი გამოძახილია, რომელიც დღეს არსებული პრობლემების (უმუშევრობა, სიღარიბე, რესურსების უკმარისობა, კეთილდღეობის ამაღლების საჭიროება, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვ.) გადაჭრაზეა ორინტირებული. ამავე დროს, ნაკლები საინვესტიციო დანახარჯების საფუძველზე უზრუნველყოფს მწარმოებლურობის ამაღლებას.

    ლურჯი  ეკონომიკა ბიზნესის წარმართვის  ინოვაციური მიდგომაა, რომელიც  ბუნებისა და ბიზნესსაქმიანობის ჰარმონიულ შერწყმას ითვალისწინებს და სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

    • ნებისმიერი რესურსი შეიძლება შეიცვალოს  სხვა რესურსით;
    • ბუნება არ ქმნის ნარჩენებს და, აქედან, არც ბიზნესმა და არც ადამიანებმა არ უნდა შექმნან ნარჩენები;
    • წარმოებისა და მოხმარების ნებისმიერი ნარჩენი არის სხვა პროდუქტის წარმოების წყარო.

    ლურჯი  ეკონომიკა  ბუნებრივი ეკოსისტემების დინამიკის შესწავლისა და განვითარებიდან გამომდინარეობს და განიხილება, როგორც წარმოებისა და მოხმარების წარმატებული მოდელების შექმნის აუცილებელი და სასარგებლო საწინდარი.

    ლურჯი ეკონომიკა:

    • არის ინკლუზიური და აუმჯობესებს ყველას ცხოვრებას;
    • იყენებს განახლებად ენერგიას;
    • იყენებს ჭკვიან გადაზიდვებს გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად;
    • დაფუძნებულია მდგრად თევზჭერაზე;
    • ქმნის სამუშაო ადგილებს, ამცირებს სიღარიბეს და წყვეტს შიმშილს;
    • იღებს ზომებს უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ;
    • ინარჩუნებს ზღვის ორგანიზმებს და ოკეანეებს;
    • იცავს სანაპირო თემებს კლიმატის ცვლილების გავლენისგან;
    • ებრძვის ზღვის ნარჩენებს და ოკეანის დაბინძურებას;

    ლურჯი ეკონომიკის კონცეფციის თანახმად, ეკონომიკური სისტემები და ბიზნესმოდელები მოქმედებენ როგორც ეკოსისტემები, ხოლო ბუნება განიხილება როგორც საზოგადოებაში არსებული სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისათვის სასარგებლო იდეების მიწოდების საუკეთესო წყარო.

    ლურჯი ეკონომიკის პრინციპებზე  აგებული ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის ბიზნესმოდელი ეფუძნება ახალ მიდგომებს და ეკოინოვაციურ ტექნოლოგიებს, როცა ბუნებრივი გარემოს დაუზიანებლად ბუნებიდან მიიღება ის, რაც მას გააჩნია და უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნება რესურსების სრულყოფილი გამოყენებისა და ენერგოდანახარჯების შემცირების პირობებში.

    ამრიგად, ლურჯი ეკონომიკის კონცეფციის მიზანი ეკონომიკური ზრდა, სოციალური ჩართულობა და საარსებო წყაროს შენარჩუნება ან გაუმჯობესებაა და, ამავე დროს,  ოკეანეებისა და სანაპირო ზონების გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფა.

  • გალაპაგოსის კუნძულები – ევოლუციის სამოთხე

    გალაპაგოსის კუნძულები – ევოლუციის სამოთხე

    გალაპაგოსის კუნძულები წყნარ ოკეანეში უნიკალური არქიპელაგია, რადგან ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი სახეობის სამშობლოა. კუნძულები, რომელთა ფართობი 7800 კვადრატული კილომეტრია, ეკვადორიდან 972 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

    არქიპელაგი 19 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან 13 ვულკანური წარმოშობისაა და ეკვადორის პროვინციას წარმოადგენს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანია.

    მეცნიერების აზრით, პირველი კუნძულების ფორმირება დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ დაიწყო. 2005 წელს ერთ-ერთ „ახალგაზრდა“ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა იმაზე მიუთითებს, რომ მათგან ყველაზე ახალგაზრდას ფორმირება ახლაც აქტიურ პროცესშია.

    ამ თვალწარმტაც კუნძულებზე პირველი მოგზაურობა ევროპელებმა მე-16 საუკუნეში განახორციელეს და აქ კუების უზარმაზარი რაოდენობის აღმოჩენის შემდეგ, კუნძულს „გალაპაგოსი“ უწოდეს, რაც „წყლის კუებს“ ნიშნავს. კუნძულები მეზღვაურების რუკებზე მხოლოდ 1570 წელს გამოჩნდა. 1970 წელს აქ ვეშაპებზე ნადირობის ბაზა განთავსდა.  კუნძულზე ბინადარი დიდი რაოდენობით კუები ცხიმის წყაროდ გამოიყენებოდა, ხოლო მათი ხორცი – საკვებად მეზღვაურებისთვის მათი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.

    1832 წლის დასაწყისში ეკვადორმა გალაპაგოსის კუნძულებზე თავისი უფლებები გამოაცხადა და არქიპელაგი ეკვატორთან ახლოს მდებარე სახელმწიფოს ნაწილი გახდა. ამ მოვლენის შემდეგ ცივილიზაციის მიერ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ადგილების აქტიური შესწავლა დაიწყო. ჩარლზ დარვინმა, რომელიც აქ 1835 წელს იმყოფებოდა, ამ ხელუხლებელ ადგილს „ევოლუციის სამოთხე“ უწოდა.

    უნიკალური ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, 1959 წელს არქიპელაგზე ჩარლზ დარვინის ეროვნული ნაკრძალი და ფონდი დაარსდა. ამჟამად, მეცნიერები აქტიურად არიან დაკავებულნი ფლორისა და ფაუნის უიშვიათესი სახეობების შენარჩუნებით, რომლითაც ეს საინტერესო ადგილები საკმაოდ მდიდარია. ზოგიერთი მათგანი პლანეტაზე ერთადერთიც კია.

    ზოგიერთი ცხოველის მრავალფეროვნება და იშვიათობა განპირობებულია კუნძულების  კონტინენტიდან დაშორებით, ასევე მათი შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი კლიმატით. კუნძულების ვრცელი სივრცე მრავალი ცხოველის, მათ შორის სელაპების, ზღვის ლომების, მღრღნელების და ღამურების სახლია.

    აქ ასევე 20-ზე მეტი სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს – ხვლიკები,  ვარანები,  გველების რამდენიმე სახეობა, იგუანები და იშვიათი კუები. ეკვატორული კლიმატის წყალობით, კუნძულებზე ალბატროსები, პინგვინები, თოლიები  ბინადრობენ.

    არქიპელაგის უდიდესი კუნძულის ისაბელას ყურეში  შეხვდებით ფერად ფლამინგოებს, ვარხვების, იგუანებს და გიგანტურ კუებს. არქიპელაგის სანაპირო წყლებში წყლის სამყაროს წარმომადგენლების უზარმაზარი მრავალფეროვნებაა, მთ შორის –  ვეშაპები, ზვიგენები, დელფინები.

    ამავე კუნძულზე მდებარეობს არქიპელაგის უმაღლესი წერტილი – ვულკანი ვილფი და  ასევე ვულკანი სიერა ნეგრა უზარმაზარი კრატერით, რომლის დიამეტრი დაახლოებით 10 კმ-ია.

    სანტა კრუზი ყველაზე დასახლებული კუნძულია დიდი ტურისტული ცენტრით  – პუერტო აიორა. ქალაქში მდებარეობს ჩარლზ დარვინის სადგური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობებს, მათ შორის გიგანტურ კუებს.

    არქიპელაგის დედაქალაქი პუერტო ბაკერიზო მორენო  სან სალვადორის კუნძულზე მდებარეობს. კუნძულის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ელ ხუნკოს ვულკანის კრატერში არის მტკნარი წყლის წყარო, რომელიც ტბას ქმნის. კუნძულის პლაჟები იდეალურია წყლის აქტივობების მოყვარულთათვის.

    ფერნანდინას  ზღაპრულ  კუნძული, რომელიც ცნობილია თავისი  დიდებული მარჯნის რიფებითა და ურბინას ყურით,  ასევე  ვარხვებისა და ზღვის იგუანების დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

    სანტა მარიას კუნძულზე  მდებარეობს ნაწილობრივ წყალში ჩაძირული ჩამქრალი ვულკანის კრატერი,რომელიც ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის. ეს გალაპაგოსის კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.

    გალაპაგოსის კუნძულები ჩვენი პლანეტის წარმოუდგენელი ადგილია, სადაც ბუნებამ თავისი სიმდიდრის ყველაზე ძვირფასი ნიმუშები შეინარჩუნა.

  • რამდენიმე საინტერესო ფაქტი გერმანიის შესახებ

    რამდენიმე საინტერესო ფაქტი გერმანიის შესახებ

    გერმანია ევროკავშირის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. მისი მოსახლეობა 83 მილიონზე მეტია.

    ქვეყანა  ფედერაციული რესპუბლიკაა, რომელიც  16 მიწისგან შედგება.  ის შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოა, რაც უსაზღვრო მოგზაურობის საშუალებას იძლევა ევროპის ბევრ ქვეყანას შორის.

    ქვეყნის დედაქალაქი ბერლინი პარიზზე ცხრაჯერ დიდია და ვენეციაზე მეტი ხიდი აქვს.

    ბერლინის კედელი, რომელიც ოდესღაც  აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ყოფდა,  28 წლის განმავლობაში იდგა და 1989 წელს დაანგრიეს.

    გერმანული  ყველაზე ფართოდ გავრცელებული სალაპარაკო მშობლიური ენაა ევროპაში და ცნობილია თავისი გრძელი რთული სიტყვებით, მაგალითად როგორიცაა “Rindfleischetikettierungsüberwachungsaufgabenübertragungsgesetz”.

    შვარცვალდი  პატარა ტყიანი მასივია ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით და სამხრეთით ის რაინის ხეობას საზღვრავს და  სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას იკავებს. შვარცვალდი ”შავ ტყეს” ნიშნავს, აქ გავრცელებული მუქწიწვოვანი ტყის ფერიდან გამომდინარე. ამ მხარის უმაღლესი მწვერვალია ფელდბერგი, რომლის სიმაღლე  1493 მ-ია. აქ არაერთი სოფელი და კეთილმოწყობილი კურორტია მინერალური წყლებითა და სათხილამურე ბაზებით. შვარცვალდის ტერიტორიაზე მდებარეობს გერმანიის ყველაზე მაღალი – ტრიბერგის და ყველა წმინდას ჩანჩქერები. აქვე განლაგებულია მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც  XVI-XVII სს. შვარცვალდში არსებულ ყოფა-ცხოვრებას ასახავს. შავი მთებიდან იღებს სათავეს სიგრძით ევროპის მეორე მდინარე დუნაი, რომელიც საბოლოოდ  შავ ზღვაში ჩაედინება. და კიდევ, სწორედ შვარცვალდის ტყემ  შთააგონა ძმებ გრიმების თავიანთი ცნობილი  ზღაპრები.

    შვარცვალდის ტყე

    გერმანიას  ინოვაციების მდიდარი ისტორია აქვს: იგი არის სტამბის სამშობლო, რომელიც იოჰანეს გუტენბერგმა XV საუკუნეში გამოიგონა.

    ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ავტომობილების წარმოებით. იგი ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა BMW, Mercedes-Benz, Audi და Volkswagen. გერმანია გამოირჩევა თავისი ვრცელი ავტობანის ქსელით, სადაც არ არის სიჩქარის შეზღუდვა.

    გერმანიაში  20000-ზე მეტი ციხე-სიმაგრეა, რომელიც  მის შუა საუკუნეების მდიდარ ისტორიას ასახავს.

    გერმანიას აქვს საშობაო ბაზრობების დიდი ტრადიცია, ქალაქები  ნიურნბერგი და დრეზდენი უძველეს და ყველაზე ცნობილ ბაზრობებს მასპინძლობს გერმანიაში, ბავარიის მიწის დედაქალაქ მიუნხენში ყოველწლიურად   მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი „Oktoberfest“  ტარდება.

    საშობაო ბაზრობა დრეზდენში

    გერმანიაში  1500-ზე მეტი სახეობის ძეხვს ამზადებენ,  მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია ბღატვურსტი და კურივურსტი.

    ქვეყანამ უდუდესი როლი შეასრულა კლასიკურ მუსიკის განვითარებაში.  ის გენიოსი კომპოზიტორების ბეთჰოვენის, ბახისა და ბრამსის სამშობლოა.

  • მონღოლეთი: უსაზღვრო სტეპებისა და უძველესი ტრადიციების მიწა

    მონღოლეთი: უსაზღვრო სტეპებისა და უძველესი ტრადიციების მიწა

    მონღოლეთი  უზარმაზარი ქვეყანაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. იგი  მსოფლიოს იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომელსაც  გასასვლელი არა აქვს მსოფლიოს ოკეანეში. მას ჩრდილოეთით რუსეთი, ხოლო  სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ესაზღვრება.

    თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარითაა დაგარული. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4374 მ).

    მონღოლეთი ცნობილია თავისი უზარმაზარი ბუნებრივი პეიზაჟებით, რომელიც მოიცავს სტეპებს, მთებსა და უდაბნოებს, მათ შორის გობის უდაბნოს. გობის უდაბნო, რომელიც მოიცავს სამხრეთ მონღოლეთის დიდ ნაწილს, ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებითა და დინოზავრების ნამარხებით. 

    მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, აქლემისთვის და ცხენისთვის საძოვრებად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი.

    ქვეყანა ნამდვილი სამოთხეა ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის.  ეროვნული პარკები, როგორიცაა გორხი-ტერელჯის და ხუსტაინ ნურუუს ეროვნული პარკები იგი მრავალ თავაგადასავლის  მოყვარულს იზიდავს.

    მოსახლეობის დაახლოებით 94 % მონღოლია,რომელთაგან ძირითადი ჯგუფი (90 %) წარმოადგენს ხალიკას. მონღოლეთი მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა.

    ქვეყნის  დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, ულან ბატორი, რომელიც აერთიანებს თანამედროვეობას მომთაბარე ტრადიციებთან. ულან-ბატორში, ქვეყნის მოსახლეობის 38 % ცხოვრობს. აქ გაერთიანებულია  თანამედროვე არქიტექტურა და ტრადიციული ბუდისტური ტაძრები.

    ზოგადად,  ქვეყანაში ძალიან დაბალია ურბანიზაციის მაჩვენებელი. აქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი  სოფლად ცხოვრობს და  მომთაბარეობას ეწევა:  ათასობით ოჯახი ჯერ კიდევ იურტებში  ცხოვრობს და მესაქონლეობას მისდევს.

    ტრანსმონღოლური რკინიგზა  მონღოლეთს რუსეთთან და ჩინეთთან აკავშირებს.  ის ქვეყნის გასაცნობად  ერთ-ერთ ყველაზე ეპიკური მარშრუტია.

  • ნორვეგიის მაგია: ფიორდების და ჩრდილოეთის ციალის ქვეყანა

    ნორვეგიის მაგია: ფიორდების და ჩრდილოეთის ციალის ქვეყანა

    ნორვეგიის სამეფო ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და  ნახევარკუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილიუკავია. მას ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი ეკუთვნის. ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება სუბანტარქტიკულ სარტყელში მდებარე ბუვეს კუნძული. აგრეთვე, მის დაქვემდებარებაშია დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული.

    ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის ნორვეგია ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს და თუ სლავბარდსაც ჩავთვლით ნორვეგიის ტერიტორიაში, მაშინ იგი უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაც გამოდის. ქვეყნის ტერიტორიას მიეკუთვნება ევროპის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაც.

    ქვეყნის სანაპირო ხაზი კლდოვანი, არათანაბარი რელიეფის მქონე სანაპირო ფიორდებითაა დანაწევრებული. ქვეყნის ძირითადი ნაწილის სანაპირო ზოლის სიგრძე ფიორდების ჩათვლით 28,953 კილომეტრია, ხოლო თუ კუნძულების სანაპირო ზოლსაც ჩავთვლით, მისი მთლიანი სიგრძე 100,915 კმ ხდება.

    ნორვეგია ცნობილია თავისი საოცარი ფიორდებით, მათ შორის რამდენიმე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია.  ნორვეგიას ეკუთვნის სოგნე-ფიორდიც,  რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმა და ამასთანავე ყველაზე გრძელი (204 კმ) ფიორდია.

     ქვეყანაში სულ 400 ათასი ტბაა, რომელთაგან  ჰორნინდალსვატნეტი  ამავე დროს ევროპის ყველაზე ღრმა ტბაა არის.  აგრეთვე ნორვეგიის ტეროტირიას ეკუთვნის  239,057 რეგისტრირებული კუნძული. მრავალწლოვანი მზრალობის ნახვა ქვეყანაში, მაღალი მთების ტერიტორიასა და ფინმარკის საგრაფოში მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ქვეყანაში ბევრია მყინვარი.

    ნორვეგია მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის გრძელვადიანი ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

    არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე ლოფოტენის კუნძულები განთქმულია მათი დრამატული ლანდშაფტებით, მათ შორის მთებით, პლაჟებით და სათევზაო სოფლებით.

    ქვეყანაში  ხდება უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, სახელად „შუაღამის მზე“, როცა არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე ნორვეგიის  ტერიტორიები  ზაფხულის თვეებში 24 საათიან დღის სინათლეს იღებენ.  

    ნორვეგიაში მისი გეოგრაფიული მდებარეობის, მრავალფეროვანი რელიეფისა და კლიმატის გამო იმაზე მეტ ჰაბიტატია, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანებში. ნორვეგიასა და მის მიმდებარე წყლებში 60 000 სახეობაა (ბაქტერიებისა და ვირუსების გამოკლებით) გავრცელებული.

    ნორვეგია მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის გრძელვადიანი ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

    სახელმწიფოკონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია  მეფე, ხოლო მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო –  სტორთინგი, ორი პალატისაგან –  ლაგთინგი (45 წევრი) და ოდელსთინგი (124 წევრი) შედგება.

    ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონეა და ამიტომ  გლობალური ბედნიერებისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსებში ნორვეგიას შესანიშნავი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური კეთილდღეობის სისტემების გამო წამყვანი ადგილი უკავია. ნორვეგიაში ასევე ფიქსირდება მსოფლიოში კრიმინალის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

    ვიკინგები, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ზღვისპირა აღმოჩენებით, წარმოშობით ნორვეგიიდან არიან და ქვეყანა მდიდარია ვიკინგური მემკვიდრეობით, მათ შორის აღსანიშნავია ვიკინგსკიფშუსეტის მუზეუმი ოსლოში, სადაც  კარგადაა შემონახული ვიკინგური გემები.

    ნობელის მშვიდობის პრემიის  გადაცემის ყოველწლიური ცერემონია  ნორვეგიის დედაქალაქ  ოსლოში ტარდება,  ხოლო ნობელის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ლაურეატების შერჩევაზე, ქვეყანაში  მისი დაარსების დღიდან მუშაობს.

    ნორვეგიას მსოფლიოში ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ელექტრომობილები ბოლო წლებში ახალი მანქანების გაყიდვების 50%-ს შეადგენენ.

    ნორვეგია ცნობილია თავისი ზამთრის სპორტის სახეობებით, განსაკუთრებით კი სათხილამურო სპორტით. ქვეყანას ყველაზე მეტი   ზამთრის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.

    ნორვეგიის ტრადიციული სამზარეულო მოიცავს ისეთ კერძებს, როგორიცაა რაკფისკი (ფერმენტირებული თევზი), ბრუნოსტი (ყავისფერი ყველი), და ლუთეფისკი (მშრალი თევზი რეკონსტიტუირებულია ლიეს ხსნარში).

    ქვეყანას ხალხური ზღაპრებისა და მითების ხანგრძლივი და დიდარი ისტორია აქვს, რაც  აქაური  ტროლების, ელფების და სხვა მითიური ქმნილებების  დამსახურებაა.  

    ნორვეგია ლიდერია გარემოს მდგრადობის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ნახშირბადის ემისიების შემცირებას და ენერგიის განახლებადი წყაროებზე გადასვლას. ქვეყანას დაგეგმილი აქვს  2030 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალური გახდეს.

  • კანადის საოცრებები: ბუნება, ხალხი და კულტურა

    კანადის საოცრებები: ბუნება, ხალხი და კულტურა

    კანადა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს  და ტერიტორიის  ფართობით მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა. მას მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი  აქვს,   რომლის  სიგრძე  243,000 კილომეტრზე მეტია.   სახელმწიფოს  ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს– აშშ, დასავლეთიდან კი აშშ-ს შტატი ალასკა ესაზღვრება.

    კანადის 10 პროვინცია და 3 ტერიტორია დასავლეთიდან-აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, ხოლო ჩრდილოეთით არქტიკის ოკეანემდეა გადაჭიმული. კანადის ჩრდილოეთში მდებარეობს არქტიკა. ეს უზარმაზარი ტერიტორია  ბუნებრივი პირობების გამო გამოუყენებელია საცხოვრებლად. აქ მდებარეობს მცირე სიმაღლის ვაკეები, ყინულის უზარმაზარი უდაბნოები და ტუნდრის უსასრულო სივრცეები. აქ მცხოვრები ადამიანებიდან აღსანიშნავია ესკიმოსთა მცირე ჯგუფი. კანადის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს უამრავი დიდი და მცირე ზომის კუნძული, რომელთაგანაც აღსანიშნავია: ბაფინის მიწა, ვიქტორია, ბანქსი და დედოფალ ელისაბედის კუნძულები.

    ქვეყნის სახელწოდება სავარაუდოდ სიტყვისაგან „კანატა“ მომდინარეობს, რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე „სოფელს“ ან „დასახლებას“ ნიშნავს.

    მართალია, კანადა ტერიტორიის მხრივ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაც კი არ შედის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ანგლო და ფრანკოკანადელები შეადგენენ. მკვიდრი მოსახლეობიდან აღსანიშნავია ინდიელები და ესკიმოსები. ქვეყანა არ არის მჭიდროდ დასახლებული. მოსახლეობის უმრავლესობა 55-ე პარალელის სამხრეთით, ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მოსახლეობის 80% აშშ-ის საზღვრიდან 320 კილომეტრიან ზონის ფარგლებში ცხოვრობს.  

    კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. კანადაში ორი ოფიციალურ ენაა: ინგლისური და ფრანგული.

    კანადა ნეკერჩხლის სიროფის მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელია  და მისი წილი მსოფლიო წარმოების 70%-ზე მეტს შეადგენს.

    ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაა ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებულია მსოფლიოში. ტრანსპორტის ყველაზე სახეობა აღჭურვილია თანამდეროვე  ტექნოლოგიებით. საავტომბილიო და სარკინიგზო გზების სიგრძით კანადა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.  ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქუჩით  –  7800 კმ სიგრძის ტრანს-კანადის გზატკეცილითაც არის ცნობილი.  

    კანადის პროვინციის ონტარიოს შემადგენლობაშია  კუნძული  მანიტულინი (ინგლ. Manitoulin Island), რომელიც დიდი ტბების ტერიტორიაზე, ჰურონის ტბაშია. მანიტულინის ფართობი  2,766 კმ²-ია და მას  მსოფლიოში 172-ე, ხოლო კანადაში 32-ე ადგილი უკავია ფართობის მხრივ.  კუნძული ოდნავ აღემატება ლუქსემბურგს ფართობით. იგი  მსოფლიოში ფართობით ყველაზე დიდი კუნძულია, რომელიც ტბაში მდებარეობს. კუნძულის სანაპიროზე  12,6 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

    კანადას  თავისი ბუნებრივი სილამაზი გამოირჩევა, რომელთა შორისაა ნიაგარას ჩანჩქერი, ბანფის ეროვნული პარკი და კანადის კლდეები.  ვუდ-ბაფალო  არა მარტო ქვეყნის  ყველაზე დიდი ნაკრძალია, არამედ  მთელი ამერიკის. მისი ფართობია 4,5 მლნ. ჰა-ია. პარკი  1927 წელს დაარსდა და აქ დაცულია, როგორც ტყის, ისე სტეპური ლანდშაფტი.

    კანადაშია მსოფლიოში ყველაზე ძველი და ცნობილი გეოლოგიური წარმონაქმნი  აკასტა გნეისის კომპლექსი (Acasta Gneiss), რომელიც დაახლოებით 4.01 მილიარდი წლისაა.

    კანადაში უფრო მეტი ტბაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში: აქ 2 მილიონზე მეტი ტბაა, რომელთაც  ტერიტორიის  ფართობის დაახლოებით 8% უკავიათ.

    კანადა ცნობილია თავისი მეგობრული და კეთილგანწყობილი ხალხით, ცხოვრების მაღალი დონით და ძლიერი სოციალური უსაფრთხოების გარანტიით.