ნორდკაპი, ანუ ჩრდილოეთის კონცხი, ქვიანი და უსიცოცხლო კუნძულ მაგერიოს (ნორვეგია) დაბოლოებას წარმოადგენს. კონცხის სიმაღლე 307 მეტრია და ევროპის უკიდურეს ჩრდილეოთ წერტილად ითვლება.
აქ ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის შუაღამის მზის სანახავად, მაგრამ ყველას როდი უღიმის ბედი. გამუდმებული ნისლი და წვიმები ნაცრისფერი ფარდით ბურავენ ნორდკაპს. ნათელი დღეები კი აქ ძალზე იშვიათია. ირგვლივ ყველაფერი დაღვრემილი და ნაცრისფერია. ზაფხულშიც კი ხშირია ზამთრის გრიგალი და თოვლის ქარბუქი. თოვლი და წყალი გრანიტით აგებულ კლდეთა ნაპრალებში ხვდება, იყინება, აფართოებს ქანებს და დაშლილი ქვები ხმაურით ეცემიან ზღვაში; ცოფმორეული ტალღები ძლიერად ეხეთქებიან ნაპირს და გამაყრუებელი ხმაური საკმაოდ შორს ისმის.
როცა შავი ღრუბლები დაბლა ეშვებიან, როცა განრისხებული ოკეანე მაგერიოს ქვის კედლებს უტევს, სწორედ ამ დროს მრისხანე ზღვის ფონზე ნათლად გამოჩნდება დაღვრემილი, მაგრამ დიდებული ნორდკაპი, როგორც ციხე-სიმაგრე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მისი დანიშნულება ტალღების შეჩერება იყოს.
სულ ერთია, როდის ნახავთ ნორდკაპს – ზამთარსა თუ ზაფხულში, ნათელ თუ ღრუბლიან ამინდში, მისი მრისხანე დიდებულება არასდროს არ დაგვავიწყდება.
“ნოსიბე _ საოცრება ოკეანეში!” – ასე იუწყებიან მრავალფეროვანი რეკლამები მადაგასკარის რესპუბლიკის დედაქალაქ ანტანანარივუში. “ნოსიბე ჩვენი სიამაყეა, აქ აუცილებლად უნდა მოხვდეთ” – რჩევას გვაძლევენ რესპუბლიკის საინფორმაციო დეპარტამენტში.
ტყუილად დაუწყებთ ძებნას აფრიკის რუკაზე და ენციკლოპედიაში ამ სახელს. ნოსიბე პაწაწინა კუნძულია, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოზამბიკის სრუტეში შესასვლელს “დარაჯობს”.
ანტანანარივუს აეროპორტიდან ორი საათის შემდეგ აღმოჩნდებით ნოსიბეს ქალაქ ვოემარში. ქალაქი პატარაა, მაგრამ კუნძულის მცხოვრებთა მეოთხედი აქ ცხოვრობს. ვოემარი უფრო პარკია, ვიდრე ქალაქი, სადაც პალმების ჩრდილში სუფთა, კოხტა ბუნგალოები და მაღაზიებია ტურისტებისთვის შემალული. მაღაზიებში კი გასაოცარი სუვენირები იყიდება, მაგალითად გამხმარი პატარა ნიანგები.
რატომ უწოდეს კუნძულს საოცრება ოკეანეში? ნუთუ მხოლოდ ზღაპრული სილამაზისა და არაჩვეულებრივი ქვიშიანი პლაჟების გამო? სინამდვილეში ნოსიბე – ეს “მინიატურული მადაგასკარია”. ის, რაც კუნძულ მადაგასკარზე უნდა ნახოთ მრავალდღიანი მოგზაურობისას, პაწია ნოსიბეზე რამდენიმე საათში იხილავთ.
როგორც მადაგასკარზე, აქაც მთები მარადმწვანე ტროპიკული ტყით არის დაფარული, რომელშიც ბატონობს “მოგზაურთა პალმა” – რავენალა. გარეგნულად ხე გიგანტურ მარაოს ჰგავს, რომლის ოთხმეტრიან ფოთლებს შორის ჩაღრმავებაში გამაგრილებელი წვენი და წვიმის წყალი გროვდება, რომლითაც მგზავრს ყოველთვის შეუძლია წყურვილის მოკვლა. კუნძულზე არ არის არც მდინარე და არც ჭა, ამიტომ რავენალა წყალსაც იძლევა და საშენ მასალასაც. მისი ტყავისებური ფოთლებით ხურავენ ქოხებს, ამზადებენ ჭურჭელს, იყენებენ ჭილოფის მაგივრად.
ტყე სავსეა ლემურებით. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით მომაკვდავი ადამიანის სული ლემურში გადადის, ამიტომ მათ უფრთხილდებიან, ისინი ძლიერ მომრავლდნენ და სულაც არ ეშინიათ ადამიანების.
ელბა ტოსკანის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია და იტალიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს.
კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე IX ს-ში კუნძულს ეტრუსკები დაეპატრონენ, ხოლო VI ს-ში კი – ბერძნები. სირაკუზელმა ბერძნებმა აქ ქალაქი არგოსი ააშენეს, კუნძულს კი ეტალიეს ეძახდნენ. ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ ნათქვამია, რომ კუნძულზე უშიშარმა მეზღვაურებმა თავიანთ გემი სახელწოდებით “არგო” ააგეს. ქალაქი არგოსი თანდათანობით დაიძირა და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. წინა საუკუნეში მყვინთავებმა 40 მ სიღრმეზე მისი ნაშთები აღმოაჩინეს.
ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ში კუნძული ხელთ იგდეს რომაელებმა, რომლებმაც ეტალიას მაგივრად მას ილვუ უწოდეს, ხოლო არგოსს – ფაბრიციუ. რომაელი პოეტი ვირგილიუსი კუნძულს აღწერს, როგორც წყლითა და ძვირფასეულობით მდიდარ მიწას.
განსაკუთრებით საინტერესოა კუნძულის შუა საუკუნეების ისტორია, როდესაც მას ხან ვანდალები, გოტები, ფრანკები, ხანაც არაბები იპყრობდნენ. ელბა XIII საუკუნეში გენუას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ესპანელებს, ფლორენციელებს, ნეაპოლელებს. მხოლოდ 1802 წელს შეუერთდა იგი საფრანგეთს. 1814 წ. ინგლისურმა ფრეგატამ კუნძულზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონი გადმოსვა.
კუნძულის გაცნობისთანავე დაუღალავმა ნაპოლეონმა მშენებლობა წამოიწყო. მინიატურულ დედაქალაქ პორტოფერაინოში რეზიდენცია და ორი სახლი ააშენა: ერთი ზღვის პირას, მეორე კი 600 მ სიმაღლეზე, დედაქალაქთან ახლოს. აქედან იგი კარგად ხედავდა თავის სამშობლო კორსიკას. კუნძულზე მისი ბრძანებით გაიყვანეს გზები, შეაკეთეს თეატრი და რკინიგზის პროექტიც კი შექმნეს.
ახლა რომ კითხოთ კუნძულელებს – თუ რითი ცხოვრობს მათი კუნძული? – ბევრი გიპასუხებთ: “რკინის მადნითა და მოგონებებით ნაპოლეონზე!” მართლაც, კუნძულის თანამედროვე ეკონომიკა ამ ორი ფაქტორით განისაზღვრება. ნაპოლეონის კულტი არა მარტო “სულიერ საზრდოს”, არამედ კომერციის წყაროდ იქცა აქაურებისთვის.
პორტოფერაინოს მაღაზიები სავსეა სუვენირებით, რომელიც ბონაპარტესთან არის დაკავშირებული: ნაპოლეონი მარმარილოში, ბრინჯაოში, თაბაშირში; იგი გამოსახულია სურათებზე, ლარნაკებზე, ფაიფურის სხვადასხვა ჭურჭელზე, ავტოკალმებზე და სხვა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებშიც, მრავლადაა სახლებზე მიმაგრებული დაფები, რომლებიც გვაუწყებენ: “აქ ეძინა, ან იყო, ან რაღაც მიირთვა იმპერატორმა” და ა.შ. აქვეა მუზეუმიც, რომელიც ნაპოლეონის ერთ-ერთი სახლის გვერდითაა აშენებული.
მხოლოდ ნაპოლეონზე მოგონებები როდი იზიდავს აქ ტურისტებს. არაჩვეულებრივად ლამაზია კუნძულის ბუნება. რბილი ხმელთაშუა ზღვის ჰავა სასიამოვნოს ხდის დასვენებას წელიწადის ყველა დროს. იტალიელები სამართლიანად უწოდებენ მას “ტოსკანის მარგალიტს”, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა: თბომავალ “ეტალიას” დღეში რამდენჯერმე ათასობით ტურისტი გადაყავს და გადმოყავს.
მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, თურქეთში მთიანი მხარე – კაბადოკია მდებარეობს. კაბადოკია, რომელიც “ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს” და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული, ქართველი პილიგრიმებისათვის პირველ რიგში წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოა.
უძველესი დროიდან ამ კუთხემ ბევრჯერ განიცადა აყვავება და დაცემა. მას თავს ესხმოდნენ ხეთები, ფრიგიელები, სპარსები, ბერძნები, რომაელები, სომხები და თურქ-სელჯუკები.
ბუნებით მკაცრი და თითქმის “მთვარის” ლანდშაფტის მქონე კაბადოკია, ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ერთ-ერთ კუთხედ ითვლება. ცნობილია, რომ წმინდა ნინო კაბადოკიელი იყო. დამპყრობელთა ცვლა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებს აღიარებდნენ, ბუნებრივია, ქრისტიანული რელიგიის დევნას იწვევდა. ამიტომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოსახლეობამ არაერთხელ ჰპოვა თავშესაფარი გამოქვაბულებში. ისინი ყოვლისშემძლე ღმერთს ევედრებოდნენ შემწეობას. რომის იმპერის ბატონობისას კი გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. VII საუკუნეში, როდესაც დაიწყო არაბთა ლაშქრობა მცირე აზიაში, კვლავ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მათ კვლავ გამოქვაბულებს მიაშურეს.
1963 წელს კაბადოკიის ერთ-ერთ სოფელში არქეოლოგებმა დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც 7 სართული – იარუსი იყო. მისი სიღრმე 85 მეტრს, სიგრძე კი 30 კმ-ს აღწევდა და 20 ათასამდე ადამიანს იტევდა. აქ საკმარისი იყო წყლის მარაგი ჭების სახით; ვენტილაცია კი კლდეებში მოხერხებულად იყო გაყვანილი. ადამიანები, როგორც ჩანს, თავისი სურვილით ჩადიოდნენ მიწისქვეშა ქალაქში, თან მიყავდათ შინაური პირუტყვი და ფრინველები, მიქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და მტერს ემალებოდნენ. შემდგომ პერიოდში აღმოჩენილი იქნა 9 კმ სიგრძის, თითქმის ასეთივე მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 15 ათას ადამიანს იტევდა.
ამჟამად, კაპადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36 მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ. აქ უამრავი გვირაბია. მართალია, ყველა გვირაბში ვერ შედიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად შესწავლილია. მიწისქვეშა კაბადოკიის ყველაზე კარგი ექსპონატი გიორემიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
ამ საოცრებების რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის, რომლებიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის მიერ გადაირეცხა და შთენილების სახით დარჩა. ისინი 10 ათასობითაა, სადაც განთავსებულ გამოქვებულებში ქრისტიანობამდე ადამიანის საცხოვრებელი იყო, დღეს კი, ქალაქ გიორემში – სასტუმროთა 90% იქაა მოწყობილი.
კაბადოკია ერთ-ერთი ჰარმონიული ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ერთმანეთთან დისკომფორტს არ ქმნის. ამჟამად კაბადოკია ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.
”აფრიკის გრილი ნიავი მიბერავდა და აფრიკის სივრცეების სურნელი მცემდა… ვუყურებდი სამყაროსვით უსასრულო, ცაში აზიდულ, მზით განათებულ და საოცრად ქათქათა მთას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი…”
ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების კედლებში სიცილ-ხარხარი ისმოდა: ”თოვლი? აფრიკაში?! მომხსენებელს როგორი მხედველობა აქვს? ხომ არ დაავადდა იგი შავ კონტინენტზე ყვითელი ციებით”? ასე ცინიკურად გერმანელ მისიონერს, იოჰან რებმანს მიმართავდნენ, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ის იყო, რომ მან სიმართლე თქვა.
მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერული მოგზაურობისას რებმანმა ზღაპრული სანახაობა იხილა: მის წინ აღმართულიყო მთა, რომლის მწვერვალებიც თეთრ ღრუბლებში გახვეულიყო, თუმცა მათი უმოძრაობა ეჭვს იწვევდა. დაკვირვების შემდეგ რებმანი მიხვდა, რომ მთის მწვერვალი თოვლით იყო დაფარული და ძლიერ გაოცდა: ”თოვლი ეკვატორთან, აფრიკულ სიცხეში?!”. 1848 წლის 11 მაისს მისიონერმა თავის დღიურში ნანახი აღწერა და თანაც აღნიშნა, რომ ამ საოცარ მთას ადგილობრივი მცხოვრებლები ”ბერედი”-ს ეძახიან, რაც ”ცივს” ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ერთხელ ადგილობრივმა ბელადმა მთაზე თავისი ქცეშევრდომები გააგზავნა ვერცხილის ჩამოსატანად, მაგრამ მთაზე მცხოვრებმა ბოროტმა სულებმა ხელი შეუშალეს ბელადის სურვილს. უკან დაბრუნებისას ძვირფასი ლითონი წყლად გადაიქცა. მისიონერი მიხვდა, რომ ლეგენდაში ნახსენები ვერცხლი თოვლია, მაგრამ მისმა აღჭურვილობამ, რომელიც მხოლოდ ბიბლიისა და ქოლგისგან შედგებოდა, მას საშუალება არ მისცა მთაზე ასულიყო, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი დაკვირვების სიზუსტეში.
ევროპაში დაბრუნებული რებმანი სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიიწვიეს, სადაც იმ პერიოდში დებატები იმართებოდა ნილოსის სათავის მდებარეობის შესახებ. ამ საკითხის ირგვლივ მისიონერს პასუხი არ ჰქონდა, თუმცა მეცნიერებს ამცნო, რომ მან აფრიკის გულში ყინულით დაფარული მთა იხილა, რის გამოც იგი დაცინვისა და ანეკდოტების გმირად იქცა.
რამდენიმე თვის შემდეგ მისი თანამემამულე და კოლეგა იოჰან კრაპფი აფრიკიდან დაბრუნდა და რებმანის ცნობები დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას მთის სიმაღლის საკითხში. მთის ”პირველაღმომჩენი” ამტკიცებდა, რომ მთის სიმაღლე დაახლოებით 6 კმ-იაო, მისი ოპონენტის აზრით კი მთა 1,5-ჯერ დაბალი იყო. მთის გაბარიტების შესახებ ატეხილი დავის გამო მეცნიერებმა, რომელთაც აფრიკა მხოლოდ რუკასა და გლობუსზე ჰქონდათ ნანახი, დაასკვნეს რომ თოვლიანი მთა ამ კონტინენტზე საერთოდ არ არსებობდა.
1861 წელს ენთუზიასტებმა აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დალაშქრვა გადაწყვიტეს, მაგრამ ხან უამინდობამ, ხან არასაკმარისმა აღჭურვილობამ და ხანაც სხვა ფაქტორებმა ევროპელებს ხელი შეუშალეს დაეპყროთ კილიმანჯარო. საბოლოოდ, 1889 წელს გერმანელი მოგზაური და გამომცემელი ჰანს მაიერი და ავსტრიელი ალპინისტი ლუდვიგ პულჩელერი 60 ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ 5895 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ და აფრიკის ”სახურავს მიაღწიეს”. ასე უწოდებენ მთა კიბოს უმაღლეს მწვერვალს, ერთ-ერთს იმ სამთაგან, რომლებიც კილიმანჯაროს ქმნიან. მას კაიზერ ვილჰემ II-ის პიკი უწოდეს გერმანელი იმპერატორის პატივსაცემად. დავა იმის შესახებ, რომ ეკვატორთან თოვლი არის თუ არა, ამ მტკიცების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. მთის სხვადასხვა მწვერვალი, შირა (3962 მ) და მავენზი (5149 მ), რომელთაც მეტად რთული ფერდობები აქვთ, ალპინისტებმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიპყრეს.
კილიმანჯაროს შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ძველი ეთიოპიის მბრძანებელმა მენელიკ I, სოლომონ მეფისა და დედოფალ საკიას ძემ, იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, თავისი ავლადიდება შეკრიბა, მათ შორის სოლომონ მეფის ცნობილი ბეჭედი წარწერით ”ესევ გაივლის” და მონებთან ერთად მთაზე ასვლა გადაწყვიტა. იგი წინ მიუძღვოდა პროცესიას და პირველი ჩახტა ვულკანის კრატერში, წაიყოლა რა თან მთელი სიმდიდრე. ლეგენდის თანახმად ვინც ამ საგანძურს იპოვის, და რა თქმა უნდა სოლომონ მეფის ბეჭედსაც, მას ეთიოპიის მმართველის ტიტული მიენიჭება.
მწვერვალზე ასვლისას მოგზაური 6 ბუნებრივ ზონას კვეთს. მთის ძირში სავანებია. შედარებით მაღლა , იქ სადაც დამდნარი თოვლიდან ნაკადულები მოედინებიან, ადგილობრივ მოსახლეობას ყავა, ბანანი, სიმინდი, პომიდორი მოჰყავს. 1800 მ სიმაღლეზე ეს პეიზაჟი ტყეების ხშირი და გაუვალი მცენარეულობით იცვლება, 300 მ-ით ზემოთ კი უკვე ალპური მდელოებია. ზ.დ-დან 4000 მ -ის ზემოთ უკვე ხავსების სამეფოა, ხოლო 5000 მ-დან ნამდვილი ქვიან-ყინულიანი უდაბნო იწყება. იმის გამო, რომ აქ ჰაერი გაიშვიათებულია არანაირი ცოცხალი ორგანიზმი არ ბინადრობს, თუმცა არსებობს ორი გადმოცემა ადგილობრივი ფაუნის შესახებ. ერთი თეთრ ლეოპარდს ეხება, რომელიც კიბოს ყინულებში უნახავთ და აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობაში ”კილიმანაჯროს თოვლიანი მთა”. მეორეს თანახმად კი 1962 წელს ტურისტთა ჯგუფმა 5000 მ სიმაღლეზე ხუთი ველური ძაღლი შენიშნა.
მთის ძირში მოსახლეობა მასაისა და ჩაგას ტომები ოდითგან ცხოვრობენ. კილიმანჯაროზე ასვლის მსურველები დღესაც მრავლად არიან. იგი ხომ ცალკე მდგომი ყველაზე მაღალი მწვერვალია დედამიწაზე და მასზე ასვლა სპეციალური მომზადების გარეშეცაა შესაძლებელი. მათ ვინც, კილიმანჯაროზე ასვლას აპირებს, ურჩევენ რომ ასვლამდე ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად 5-10 კმ გზა ფეხით გაიარონ. ტურისტებს მთაზე ასასვლელად 5-7 დღე სჭირდებათ და თან მეგზურებიც უნდა იახლონ. მარშუტისა და ასასვლელი დღეეების რიცხვის მიხედვით ასეთი ექსკურსია 500-1000 დოლარი ღირს, რომელშიც არ შედის ტანზანიაში გამგზავრებისა და მეგზურთა ხარჯები. ტურისტებს შორის შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უჰუროს პიკი (სუაჰილის ენიდან ”თავისუფლება”). ასე უწოდებენ დღეს ვილჰემ კაიზერის პიკს, რომელსაც 1961 წელს ტანზანიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეეცვალა სახელი.
სტატისტიკის მიხედვით მწვერვალის ყველაზე ხანდაზმული დამლაშქრავი 87 წლის ყოფილა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – 11-ის. თუმცა ახლა მთაზე ასვლა მხოლოდ 12 წლის ასაკიდან შეიძლება. მწვერვალის დაპყრობის რეკორდი ბრაზილიელ მოცარტ კატაუს ეკუთვნის, რომელმაც მთაზე ასვლას 17 საათი და 30 წუთი მოანდომა, თანაც იმ მარშრუტით, რომელსაც ტურისტები ხუთ დღეში გადიან.
ატლანტის ოკეანეში მდებარე მადეირას ვულკანური წარმოშობის კუნძულების სახელი, ხშირ ტყეს უკავშირდება, რომელიც აქ ოდესღაც მთელ ტერიტორიას ფარავდა. მადეირა – პორტუგალიურ ენაზე ტყეს ნიშნავს. ახლა კი აქა-იქაა შემორჩენილი წაბლის და დაფნის კორომები, კლდეებზე იზრდება მაქვისის ეკლიანი ბუჩქნარი უხეში, მარადმწვანე ფოთლებითა და ზოგჯერ უფოთლოდაც. დანარჩენი ტყე კი განადგურებულია.
მადეირა 1418 – 1420 წლებში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად ჰენრიხ ზღვაოსანი ითვლება. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში (1814 წელს) კი ეს ტერიტორია ისევ პორტუგალიას დაუბრუნდა. ხუთნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქაურობას პორტუგალიელები დაეპატრონენ, რომლებიც ადგილობრივ მავრებსა და აფრიკის ხალხების წარმომადგენლებს შეერივნენ.
კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ამვე დროს ყველაზე დიდი ქალაქი ფუნშალაა.
კუნძულებს სახელი გაუთქვა ღვინომ, რომლის წარმოება აქ ძალიან კარგადაა განვითარებული. მადეირაზე წელიწადში რამდენიმე მილიონ ბოთლს აწარმოებენ. ვაზი აქ XIV-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტადან და კვიპროსიდან შემოუტანიათ. პირველად ღვინოს, რომელიც აქ დააყენეს, “მადერიზაცია” ეწოდა, მოგვიანებით კი მადეირა. მაღალი ტემპერატურის პირობებში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
გარდა ღვინისა კუნძული განთქმულია თავისი ყვავილებითაც. ყოველ ახალ წელს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეიერვერკის შოუ იმართება. მადეირა თავისი ზღვის სანაპიროთი და თბილი, მთის მშრალი ჰავით ფილტვებით დაავადებულთათვის საუკეთესო კურორტად ითვლება. კუნძულს უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დანიშნულებაც აქვს: აქედან ხორციელედება კავშირი კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.
პოლინეზიის კუნძულებიდან, რომლებიც ესპანელებმა აღმოაჩინეს, პირველი ვულკანური წარმოშობის მარკიზის კუნძულების ჯგუფი იყო. 1595 წელს, ექსპედიციამ, რომელსაც ალვარო დე მენდანია დე ნეირა მეთაურობდა, კუნძულებს პერუს მაშინდელი ვიცე-მეფის სახელი ”ლას ისლას მარკეზას დე დონ გარსია ხურტადო დე მენდოსა დე კანიენტე~ ანუ შემოკლებით – მარკიზის კუნძულები უწოდა. ულამაზესი ბუნება, სუფთა წყალი, მრავალფეროვანი მცენარეულობა, სტუმართმოყვარე მოსახლეობა – ყოველივე ამან მარკიზის კუნძულები ”ამქვეყნიურ სამოთხედ” გადააქცია.
სამწუხაროდ, კუნძულების მიწა უხვად არის მორწყული კუნძულელთა სისხლით. მხოლოდ ორი კვირა დაყვეს ესპანელებმა კუნძულებზე და ორასი უდანაშაულოდ მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებელი და საშინელი ავადმყოფობა დატოვეს. ეს კი მხოლოდ უბედურების დასაწყისი იყო. ევროპელების მოსვლამდე კუნძულელებმა არ იცოდნენ რა იყო გრიპი და წითელა. ”ცივილიზაციის სიკეთემ” ავადმყოფობის გარდა სპირტიანი სასმელებიც მოიტანა, რაც მანამდე ასევე უცხო იყო მათთვის. ამას ცეცხლსასროლი იარაღიც დაემატა. მართალია, აქაურები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ. ცეცხლსასროლმა იარაღმა კი გააუარესა მდგომაროება. ყოველივე ამას კი კუნძულის მკვიდრი მცხოვრებლების შემცირება მოყვა.
ამჟამად მარკიზის კუნძულები საფრანგეთის პოლინეზიაშია და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიას წარმოადგენს. მარკიზის კუნძულები ანუ ”ამქვეყნიურ სამოთხე” – ყველასგან მივიწყებული, მიტოვებული და მომაკვდავი გახდა. ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული ხეობები, მოვლილი ბაღები ჯუნგლებად გადაიქცა. ხანდახან კუნძულებთან მდიდარ ტურისტთა იახტები ჩერდება, რომლებსაც ძველი კულტურის ნაშთები აინტერესებთ: სპეციფიკური ქვები, ჩუქურთმებით დამშვენებული იარაღი, ხისგან და ქვისგან დამზადებული კერპები ე.წ. ტიკი. მარკიზელები სიამოვნებით ყიდიან ტურისტებზე ამ ნივთებს.
მარკიზელებმა თავისებური კულტურა შექმნეს. მაგალითად, ტატუირებაში ისინი ”მსოფლიო ჩემპიონები” იყვნენ. ტატუ პოლინეზიური სიტყვაა , ისევე როგორც სიტყვა ”ტაბუც”, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა. ადამიანის სხეული მათთვის ტილოს წარმოადგენდა, რომელზედაც სხვადასხვანაირ სურათებს და ორნამენტებს ასრულებდნენ.
მარკიზელები აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს ისრის ტყორცნასა და ცურვაში. თამაშები ხდებოდა სტადიონის მსგავს სპეციალურ მოედანზე, რომელთა ნანგრევები დღესაც შემორჩენილია. კუნძულებზე აგრეთვე შემორჩენილია ქვისგან დამზადებული ქანდაკებები.
საყურადღებოა, რომ მარკიზის ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ კი ტაიტზე ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა ფრანგი მხატვარი გოგენი. მან მრავალი ტილო შექმნა კუნძულელების თემატიკაზე.
ეს სიტყვები გალაპაგოსის კუნძულებს (ესპანურიდან “გალაპაგო” – “კუ”-ს ნიშნავს) ეხება. არქიპელაგი ათი დიდი და მრავალი პატარა კუნძულისგან შედგება და წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში მდებარეობს. კუნძულები ეკვადორის ნაპირებიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. 1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ აღმოაჩინა. კუნძულებმა სახელწოდება სწორედ ამ წელს მიიღო, რაც აქ მობინადრე გიგანტური კუების “დამსახურებაა”. გალაპაგოსის კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის რუკაზე მონიშნა. XVI ს-ში ესპანელებმა კვლავ გააგზავნეს ექსპედიცია კუნძულებზე, მაგრამ მათ ვეღარ მიაგნეს. XVII ს-ის ბოლომდე ევროპელებისთვის გალაპაგოსის კუნძულები “დაიკარგა” და ამიტომ მას “ლას-ისლას ენკანტადო” უწოდეს, რაც “მოჯადოებულ კუნძულებს” ნიშნავს.
XIX ს-ის დასაწყისში გალაპაგოსი ბრიტანელმა ვეშაპებზე მონადირეებმა თავიანთ ბაზად გამოაცხადეს. 1832 წ. კუნძულები ეკვადორის შემადგენლობაში შევიდა.
არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა”. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი.
გალაპაგოსის კუნძულები ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან შედგება, ასევე არქიპელაგის შემადგენლობასია 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ. კმ-ია
კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.
უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.
კუნძულებთან ერთმანეთს ორი მძლავრი ოკეანური დინების – პერუს ცივი და სამხრეთ პასატური თბილი ნაკადი ხვდება, რაც განაპირობებს კუნძულების ბუნების მრავალფეროვნებას. გალაპაგოსი ოკეანოგრაფების, ნატურალისტებისა და იხტიოლოგებისთვი მეცნიერული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.
ტროპიკების ლიანები და პოლარული ხავსები, ჯუნგლების ღია ფერის ბუმბულიანი ფრინველები, ანტარქტიკული თოლიები, თუთიყუშები და პინგვინები, სიცივის მოყვარული სელაპები და სითბოს მოყვარული გიგანტური კუები – ასეთია გალაპაგოსის კონსტრასტები.
მიუხედავად ბუნების ასეთი სიჭრელისა, კუნძულებს სახელი გაუთქვა უზარმაზარმა ხვლიკმა იგუანამ, რომელიც ზღაპრულ დრაკონს ჩამოჰგავს. იგი დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებაა, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში. მისი `ახლონათესავები~ შემორჩენილია ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ კომოდოზე, `წინაპრები~ კი ათი მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ.
გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან.
მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ “გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”. ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.
კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.
ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ ისაა რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ”ცხელი სეზონი” იანვრიდან აპრილამდეა, როდესაც იქ ზაფხულია. სწორედ ამ დროს ღირს აქ მოგზაურობა, რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნოთ გალაპაგოსის სილამაზე.
გალაპაგოსზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს არქეოლოგებმა. ტურ ჰეიერდალის ექსპედიციამ გალაპაგოსზე ორი ათასამდე ნაკეთობა აღმოაჩინა, რომელიც ქვისგანაა დამზადებული, იპოვეს წყლის ჭურჭელი, დეკორატიული ლარნაკები, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი და სხვ.
სინტერესოა, რა დაემართა ადგილობრივ მოსახლეობას? მკვლევარების აზრით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, რომელიც აქ ასეული წლების წინათ მიმდინარეობდა, მოსახლეობა აიძულა არქიპელაგი დაეტოვებინა.
დედამიწაზე ყველაზე დიდი უდაბნო საჰარაა (აფრიკა). მისი ფართობი 7 მლნ.კვ.კმ-ია, მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, და თითქმის ავსტრალიის კონტინენტს უტოლდება. საჰარა აფრიკის ჩრდილოეთში მდებარეობს. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე და ჩადის ტბამდე. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი.
საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები. მიუხედავთ ამისა, უდაბნოში გვხვდება დიდი ქვიანი სივრცეები, მაღალი ზეგნები, თანამედროვე ავტომაგისტრალები და ნავთობისა და გაზის მრავალრიცხოვანი ჭაბურღილები, არტეზიული ჭები და თვით… ჭაობებიც კი. და მაინც, ყველაზე მეტი აქ ქვიშაა. იგი სირთულეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მოგზაურებსა და ტურისტებს. ხშირად ქვიშის უზარმაზარი მასები ძლიერ ქარს საკმაოდ შორს გადააქვს. გამოთვლებით, ყოველწლიურად 140 მლნ. ტ. ქვიშის მტვერი ილექება ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ხოლო 50 მლნ. ტ. თვით ამერიკის კონტინენტამდეც კი აღწევს. `საბედნიეროდ~ ქვიშას საჰარის ტერიტორიის მხოლოდ 20% უკავია. უზარმაზარი `ქვიშიანი ზღვები~ ე.წ. რეგი, ძირითადად, დასავლეთ საჰარაში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილი გამადას ანუ ქვიან უდაბნოებს უჭირავთ.
საჰარაში გვხვდება დაბლობები, ვაკეები და საკმაოდ მაღალი მთებიც. მათ შორის, ყველაზე მაღალია ემიკუსი (3415 მ.) ტიბესტის ზეგანზე (ჩადი). ზამთარში მისი მწვერვალები თოვლითაა დაფარული. საჰარა აფრიკის ყველაზე ცხელი ადგილია. ტემპერატურული რეჟიმი არასტაბილურია და მეტად მაღალია ამპლიტუდა. ზაფხულის უღრუბლო დღეებში, რომელთა რიცხვი წელიწადში 300-მდეა, თერმომეტრი ხშირად +50 გრადუსს აჩვენებს, ხოლო ქვიშა, ქვები და ლითონის ნივთები +70 გრადუსამდე ცხელდება და დამწვრობას იწვევს. ღამით ტემპერატურა +10 გრადუსია, ზოგჯერ კი 0 გრადუსამდეც ეცემა. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.
მაღალმთიანტბებსშორისყველაზედიდიდაცნობილიტიტიკაკაა(სამხრეთი ამერიკა, ანდებში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე). მისი ფართობი 8300 კმ2-ია და ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მდებარეობისა, იგი არასოდეს არ იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში 27 მდინარე ჩაედინება და 20-მდე მცირე ნაკადული გამოედინება.
ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, კეჩუასა და აიმარას ენებიდან.
ტიტიკაკა მეცნიერებისათვის გამოცანას წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ მისი წყლის ქიმიური შედგენილობა ისეთივეა, როგორც წყნარი ოკეანის წყლისა. ამასთან, მასში ოკეანური ფაუნის ბევრი წარმომადგენელი ბინადრობს.
ტბის სანაპიროზე მდებარეობს უძველესი საპორტო ნაგებობის ნაშთები. თუ ვის მიერაა აშენებული იგი, ჯერაც დაუდგენელია. ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ტიტიკაკა ყოველთვის ტბა არ ყოფილა და იგი ოდესღაც შესაძლებელია დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანესთან.
ტიტიკაკა, ასევე, იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში 41 კუნძული მდებარეობს, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ამანტანიც (Amantani) ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ინდიელებითაა დასახლებული. 800-მდე ოჯახი 6 სოფელშია განაწილებელი.
მოსახლეობა ძირითადად კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც სასტუმრო და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერეტორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივები უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ტიტიკაკას ყველაზე დიდი კუნძულია ისლა-დელ-სოლი (Isla de Sol), რომელიც ბოლივიას ეკუთვნის. არც ამ კუნძულზეა გზები და ტრანსპორტი, მოსახლეობის ძირითად საქმიანობისა და თავის რჩენის სფეროს წარმოადგენს მეცხოველეობა, მიწათმოქმედება, თევზაობა და ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი. კუნძულზე 180 ნანგრევია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ კუნძულზე დაიბადა მზის ღმერთი. ბოლივია და პერუ ტიტიკაკას იყენებენ სანაოსნოდ და ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად. ბოლივიის სამხედრო ძალები ტბაში საზღვაო წვრთნებს ატარებენ.