• ბერმუდის სამუკუთხედის საიდუმლო

    ბერმუდის სამუკუთხედის საიდუმლო

    ბერმუდის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა ატლანტის ოკეანეში.  ბერმუდის კუნძულები ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთით მდებარეობს: უახლოესი წერტილი კონტინენტიდან  1,030 კილომეტრის დაშორებითაა  და ეს   ჰარტერესის კონცხია (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი).

    ბერმუდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამილტონი. კუნძულებზე განვითარებულია ეკონომიკა და ტურიზმი. მისი  ტერიტორია იყოფა ცხრა მუნიციპალიტეტად.

    ბერმუდი ყველაზე ძველი ტერიტორიაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება. 1612 წელს აქ  მთელს ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისკური  კოლონია შეიქმნა.

    ბერმუდის კუნძულების გერბი

    რაც შეეხება ბერმუდის სამკუთხედს (ინგლ. Bermuda Triangle) ეს რაიონია ატლანტის ოკეანეში, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სამკუთხედს წააგავს. ამ ადგილის წყლები ყოველთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ გემებსა და თვითმფრინავებს, ზოგჯერ წყალქვეშა ნავებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ამ ადგილს „ატლანტიკის სასაფლაო“ უწოდებენ.

    ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ კარგად განვითარებულია მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ხელს უტყობს ტურისტული ბიზნესის აყვავებას.

    სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს ფრანგული გემი „როზალინი“ აღმოაჩინეს. გემზე ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ სამაგიეროდ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

    ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზები არსებობს დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების მოტაცებებამდე დამთავრებული. თუმცა, ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება იმაზე ხშირად არ ხდება, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ეს ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.
    აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.

  • ელ-ნინიო

    ელ-ნინიო

    ბუნება საოცარი სისტემა, რომელიც არასდროს ვიცით რას გვიმზადებს. მსოფლიოში არსებობს ბუნების იმ ფენომენთა სია, რომლიც რამოდენიმეჯერ განმეორდა. ზოგს მოეძებნა ახსნა, ზოგსაც კი ვერა.

    1997 წლის ზაფხულში, წყნარ ოკეანეში დაიწყო დიდი მასშტაბის კლიმატური ანომალიები. ოკეანის საკმაოდ დიდ ფართობზე წყლის და ჰაერის ტემპერატურამ ნორმის ზევით აიწია 2-4 გრადუსით, რამაც ოკეანოლოგიური და ატმოსფერული ხასიათის ცვლილებები გამოიწვია. მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან დაკვირვებამ აჩვენა, რომ ავსტრალიის, ინდონეზიის, ახალი გვინეის დიდ ნაწილში მოიმატა ტემპერატურამ, რამაც შეამცირა ღრუბლიანობა და გამოიწვია გვალვა.

    ასეთი ანომალიები ემთხვევა ელ-ნინიოს გამოჩენას. ელ-ნინიო (ესპანურიდან – `ბავშვი~, `ბიჭუნა~) ლოკალური ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ერთდროულად ოკეანის, ატმოსფეროს და ხმელეთის ურთიერთზემოქმედებით ჩნდება. მისი წარმოქმნის ინტენსივობა განპირობებულია წყნარი ოკეანის თბილი აუზით, სადაც წყლის ზედაფენებში 10-30 მეტრის სიღრმეზე წყლის ტემპერატურა 300-ს აღწევს. ელ-ნინიო ევროპის ტერიტორიის და ზოგჯერ მასზე დიდ ფართობსაც კი მოიცავს, რამდენიმე თვეს და ზოგჯერ წელიწადსაც გრძელდება. მას თან ახლავს ოკეანის, ატმოსფეროს გლობალური ცვლილებები. იწვევს წყალდიდობას, გვალვას, ტაიფუნს, სმერჩს, გრიგალს, ხანძარს. 1999 წ. ბოლოს და 2000 წ. თებერვალში, შვეიცარიაში იყო ძლიერი თოვა, 3-ჯერ მეტი ნორმაზე, ხოლო მაისში უჩვეულო დიდი სიცხის გამო დაზარალდა 200 კაცი. რუსეთის ევროპულ ნაწილში შეიქმნა ხანძარსაშიში მდგომარეობა, ხანძარი გაუჩნდა ტყეს. ხსნა მხოლოდ კოკისპირულ წვიმებს შეეძლო, მაგრამ გაბატონებული ანტიციკლონი არ უშვებდა ციკლონს ატლანტის ოკეანიდან. სამაგიეროდ უჩვეულო წყალდიდობა დაატყდა გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სერბეთს და სხვა.

    ტრაგიკული შედეგები მოჰყვა ელ-ნინიოს დასავლეთ ნახევარსფეროშიც. უჩვეულო სიცხისგან აშშ აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერ დაზარალდა ნათესები. უჩვეულოდ ცხელოდა ნიუ-იორკშიც. სამაგიეროდ კოლუმბიასა და ვენესუელაში შემოდგომაზე წვიმებს მოჰყვა საშინელი წყალდიდობა, ღვარცოფებმა წალეკა მინდვრები, ქალაქების ქუჩები მდინარეებს დაემსგავსა.

    საინტერესოა ელ-ნინიოს ანტიპოდი ლა-ნინია (ესპანურიდან ქართულად `გოგონა~). ლა-ნინიას დროს ზღვის წყლის ტემპერატურა ქვევით იწევს, თბილი წყლის ფართი მცირდება და ძლიერდება აღმოსავლეთის ქარები. ლა-ნინია ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე ელ-ნინიო.

  • პანტანალი

    პანტანალი

    პანტანალი  ნაკრძალია ბრაზილიაში და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარეობს, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140. 000 კმ²-სა და 195. 000 კმ²-ს შორის.  აქ  გვხვდება  ცვალებადი სუბრეგიონული ეკოსისტემა და  თითოეულისთვის  დამახასიათებელია სპეციფიკური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.

    პანტანალის ტბორების 80%  წვიმიანი სეზონისას წყლით  ივსება.  ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.

    უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.

    პანტანალი ჭაობი

    პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე  3 500 სახეობის მცენარის  სამშობლოა.

  • ზეწრული მყინვარი

    ზეწრული მყინვარი

    მყინვარის სახე, რომელიც ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს აქვს დიდი სისქე, ამოზნექილი ფორმა და ცენტრალური ნაწილიდან პერიფერიებისკენ (კიდებისკენ) მოძრაობს.

    ზეწრული  მყინვარები  გვხვდება ანტარქტიკაში, არქტიკულ კუნძულებსა და კუნძულ გრენლანდიაში, სადაც თოვლის ხაზი თითქმის ზღვის დონეზე მდებარეობს.

  • ალპები

    ალპები

    ალპების მთიანი რეგიონი თავად ალპებს, მიმდებარე ზეგნებსა და დაბლობებს მოიცავს. ალპები, ერთ-ერთი უდიდესი და უმაღლესი მთათა სისტემაა ევროპაში. მთები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან  შუა დუნაის დაბლობამდეაგადაჭიმული და  დიდი მაღალმთიანი რეგიონია მის ირგვლივ მდებარე ვაკე, ბორცვიან და საშუალო სიმაღლის რაიონებს შორის.

    ალპების მთიანი რკალი 1200 კმ-ზეა გადაჭიმული და მრავალი ქედისგან შედგება, რომლებიც მთათაშუა ხეობებითა გაყოფილი. მთების სიგანე 50-დან 260-კმ-მდე იცვლება. ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207 ათასი კმ². ალპები ახალი, ალპური  დანაოჭების  დროს წარმოიშვა.

    ალპები იყოფა შედარებით მაღალ –  დასავლეთ ალპებად  და   უფრო დაბალ და ფართო აღმოსავლეთ ალპებად (უმაღლესი მწვერვალი  ბერნინას მთა, 4049 მ). დასავლეთ ალპებში მდებარეობს  მთლიანად ალპების  უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (თეთრი მთა), რომლის სიმაღლე 4808 მ-ია. ალპების  ქედებს, რომლებიც მაგარი ქრისტალური ქანებითა არის აგებული, წვეტიან, დაკბილული მწვერვალები და ფლატოვანი კალთები  აქვთ.  მთები ციცაბოდ ეშვებიან პადანის დაბლობისაკენ.

    მონბლანი სიმაღლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ-ია. მთის  ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთი კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამური კურორტი შაბინი, სადაც ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა.

    ალპები დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება.

    ალპებში  ბევრი ნალექი მოდის, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში.  ალპებისთვის მეტად დამახასიათებელია უხვთოვლიანი ზამთრის სეზონი, მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი; გამონაკლისს შეადგენს მთების ქვედა კალთები და წინამთები, სადაც ზამთარი ხანგრძლივი არ არის და არც ტიპიურია. მთებში  2500-3000 მ სიმაღლეზე ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის.

    კლიმატური პირობები და მთების მნიშვნელოვანი სიმაღლე ხელს უწყობენ მყინვარების განვითარებას, რომლებიც აქ სიდიდით გამოირჩევიან. ზოგიერთი  მყინვარი 10  და 25 კმ სიგრძესაც კი აღწევს.  ალპებში თოვლის ხაზი  ჩრდილოეთით  2500 მ-ზე, ხოლო  სამხრეთით 3000-3200 მ-ზე გადის.  თანამედროვე გამყინვარებას მთებში  4140 კვ. კმ. ფართობი უკავია, მყინვარების  რაოდენობა კი 1200-ია.  

    ალპებში ყველაზე გრძელი და ფართობით უდიდესია ალეჩის მყინვარი  ბერნის (შვეიცარია) ალპებში. მისი ფართობი  86.8 კმ²-ია, ხოლო სიგრძე 24.7 კმ-ს უდრის. ალეჩის მყინვარი 1450 მ სიმაღლეზე ეშვება. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს. 2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).

    ალპების მაღალმთიან სარტყელსა და ჩრდილო კალთებზე  გავრცელებულია ფიონი – თბილი, მშრალი მძაფრი ქარი, რომელიც დროდადრო  მთებიდან ხეობებისაკენ უბერავს. ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მატულობს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი.  ფიონი ხშირად განსაკუთრებულ სიმძლავრეს აღწევს. იგი  ორი/სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ კი ფიონი იმდენად ძლიერია, რომ სახლებს სახურავებს აცლის და ნგრევას იწვევს დასახლებულ ადგილებში. იგი, აგრეთვე, თოვლის ძლიერი სწრაფი დნობის გამო მთების მდინარეების უეცარ ადიდებას და წყლის მოვარდნას იწვევს.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთების ბუნებისა და მოსახლეობისათვის ფიონები სასარგებლოა: გაზაფხულზე იგი მთებში თოვლის დნობას აჩქარებს, შემოდგომაზე კი ცხელი ჰაერის ქროლვით ხორბლეულისა და ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს. ალპების ზოგ მთიან რაიონში სიმინდისა და ყურძნის მოყვანა მხოლოდ ფიონის გამო არის შესაძლებელი.

    ალპების მთები დასავლეთი ევროპის მთავარ ჰიდროგრაფიულ კვანძს წარმოადგენს. მისი მყინვარებიდან მრავალი მდინარე იღებს სათავეს.  ეს მდინარეები ჩქარია და წყალუხვი, განსაკუთრებით ზაფხულში. მათზე ბევრია ჩანჩქერი.  ალპების მთების ქედებიდან სათავეს იღებენ ევროპის უდიდესი მდინარეები: რაინი, რონა, დუნაი, პო და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: აარე, როისი, დიურანსი, დრომი, იზერი, დრავა, ენსი, ინი, ოლო, ადა, ტიჩინო და ა.შ. მდინარეებზე  აგებულია  ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებენ ქალაქებს, სოფლებსა და საწარმოებს.

    ალპებში ბევრია ტბები, რომლებიც სიღრმითა და სანაპიროს უცნაური მოხაზულობებით  გამოირჩევიან. ისინი ალპებს განაკუთრებულ სილამაზეს  აძლევენ.  მათი ნაპირები მჭიდროდაა დასახლებული და დაფარულია ბაღებით და ზვრებით. ალპების ტბებიდან აღსანიშნავია ლაგო-მაჯორეს, კომოს, გარდას,  ფირვალდშტეტის,  ბრიენცის  და სხვ. ტბები.

    ალპების ტბები

    კომოს ტბა ალპების სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 198 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი  გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომელთა სიმაღლე 2000 მ-დან (სამხრეთით) 2400 მ-მდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) მერყეობს. ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. ნაპირები უმეტესად ციცაბო, კლდოვანი და მაღალია. ტბის სიგრძე 47 კმ-ია, სიგანე 4 კმ., ხოლო უდიდესი სიღრმე 414 მ.  ტბა  მდიდარია თევზით, თუმცა ტბის გაჭუჭყიანების  გამო, თევზის პოპულაცია კლებულობს.  კომოს ნაპირებთან   ბევრი კურორტია. ტბა განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, ველური ბუნებითა და მთის კურორტებით. კომო  იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.

    ალპებში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. გავიხილოთ როგორ იცვლებიან ბუნებრივი სარტყლები ალპების სამხრეთ კალთებზე მის უფრო ტენიან დასავლეთ ნაწილში.

    ალპების  მთისძირები, რომელიც ხელსაყრელია ადამიანის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის ანთროპოგენულ ლანდშაფტს უკავია და ყანებით, ბაღებითა და ზვრებითაა დაკავებული. უცვლილი სახით ბუნება აქ ნაკლებადაა შემორჩენილი. ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. იშვიათად გვხვდება წაბლის, ფიჭვის, ზოგჯერ წიფელისა და მუხის პატარა კორომები. მთის ძირები  და მიმდებარე ვაკეები შედარებით მჭიდროდაა დასახლებული და კარგადაა ათვისებული.

    უფრო მაღლა, 1800 მ-მდე, ზომიერი ტემპერატურის მქონე ტენიანი ჰავის პირობებში ტყეების სარტყელი მდებარეობს. დასაწყისში ეს ხშირი წიფლისა და მუხის ტყეებია. ტემპერატურის კლების შესაბამისად მას  შერეული და წიწივიანი ტყეები ცვლის. აქ განვითარებულია ეწერი ნიადაგები. 

    ძლიერი ქარების გამო  ფიჭვის, არყის და სხვ. ხეები ტანბრეცილია.  ბუჩქნარებიდან გავრცელებულია დეკა და ღვია. ამ ზონის ზემოთ ალპური მდელოების ზონაა, რომელსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ.

    ტყეებს ზემოთ,  2000-2100 მეტრამდე, სადაც ყინვიანი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული იცის, სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს სარტყელია, რომლისათვისაც დამახასიათებელია  ბუჩქნარებისა და  მდიდრი მდელოს მცენარეულობა. აქ მკაცრი ზამთარი, ხანმოკლე და გრილი ზაფხულია, იცის ძლიერი ქარები. დასაწყისში ხშირი, მაღალბალახოვანი მდელოებია დაბალი მიწაზე გართხმული ბუჩქნარებით – დეკით, ღვიითა და მთის ფიჭვით. ბალახი  თანდათან   უფრო დაბალი ხდება. ასეთ მდელოებს ალპური მდელოები ჰქვიათ.  ისინი კარგი საზაფხულო საძოვრებია.

    ალპურ მდელოებს დაბალი სიმაღლის (10-15 სმ) ბალახეული მცენარეები ქმნის, რომელბიც მთებში იზრდება. ისინი შორიდან ჭრელ, მრავალფეროვან ხალიჩას წააგავს და ამიტომ მათ „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ.  ალპური მდელოები კავკასიონის მთებში 3000-3200 მ სიმაღლეზე გვხვდება.

    ალპური მდელოები, 3000 მ სიმაღლიდან მარადი თოვლისა და ყინულების ზონით იცვლება, რომელსაც ნივალურ ზონას უწოდებენ.  

    მრავალრიცხოვანი ხეობებისა და უღელტეხილების წყალობით მთები შედარებით ადვილად გადასალახავია.  გრძელმა გვირაბებმა გაკვეთეს ქედები , მთებში გაყვანილია სარკინიგზო და საავტომობილო გზები.  შვეიცარიის ალპებში აღსანიშნავია: სიმპლონის გვირაბი, ალბულის გვირაბი, გოთარდის საბაზო გვირაბი და გოტარდის გვირაბი. ბევრ საკურორტო ქალაქში მოქმედებს საბაგირო გზა, რომლის საშუალებითაც ტურისტები მყინვარებამდე ადიან.  

    ალპების მდელოები

    მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი სარკინიგზო გვირაბი – სიმპლონის გვირაბი ალპებში, შვეიცარიასა და იტალიაში, სიმპლონის უღელტეხილის მახლობლად, 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 1898 წელს დაიწყო. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ლუდვიგ ფორერის ძალისხმევით გვირაბი 1906 წლის 10 მაისს გაიხსნა, მაგრამ  მშენებლობა საბოლოოდ 1921 წელს დასრულდა.  გვირაბი  ორი ერთლიანდაგიანი გვირაბისაგან შედგება, რომელთაგან  პირველი 19,7 კმ, ხოლო მეორე 19,8 კმ სიგრძისაა.

    ალპები ტურიზმის ცენტრია.  აქ განვითრებულია ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით განვითარებულია ზამთრის სახეობების სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვ.). ზაფხულში ალპებში პოპულარულია ველოსიპედებით რბოლა, პარაპლანი და სხვ.;  ტბებში აქტუალურია სერფინგი.

    დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი ცერმატი. ასევე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია დავოსი, რომელიც ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არაერთი საყოველთაოდ ცნობილი კურორტია თავმოყრილი იტალიის ალპებშიც. მთების ლამაზი ბუნება პეიზაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრ ტურისტს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ალპების უნიკალური ფლორა და ლანდშაფტები, თანდათან შეიცვალა: მდინარეთა  ხეობები გადაიქცა ბეტონისა და ასფალტის ხაზოვან აგლომერაციებად, ხოლო გზებისა და სათხილამური ტრასების მშენებლობამ გამოიწივია ეროზია. ალპებში მდებარე ბევრი  ქალაქი განიცდის ჰაერის ძლიერ გაჭუჭყიანებას.

    და კიდევ:

    1973 წელს ალპებში ჩატარდა მყინვარების აღნუსხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა 1828 მყინვარი, საერთო ფართობით 1342 კვადრატული კილომეტრი.

    ალპების მიმართ ინტერესი  XVIII-XIX საუკუნეებში გაჩნდა. შვეიცარიელი ფიზიკოსმა ორას ბენედიქტ დე სოსიურმა XVIII საუკუნეში ბოტანიკური გამოკვლევების მიზნით იმოგზაურა ალპებში. სოსიურმა არაერთი ასვლა განახორციელა ალპების მთების მწვერვალებზე . იგი ასევე იკვლევდა  მყინვარებს, ხოლო 1779-1796 წლებში ნაშრომის „ალპებში მოგზაურობა“ გამოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარამყინავრების შემსწავლელ მეცნიერებას –  გლაციოლოგიას.

    ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.

  • ნაცნობი და უცნობი  ისრაელი

    ნაცნობი და უცნობი  ისრაელი

    ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს,  ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და საიდანაც ვრცელდებოდა  სხვადასხვა კულტურა.  ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებით  და ცხოვრების წესით განსხავავებულირამდენიმე  სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს,  შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული  ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი აღსდგა.   ამჟამად ქვეყნის აფრთობი  20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა  ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ სავალი გზაა.

    მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და,  საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული.  დღესდღეობით სანაპრიო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული  ტერიტორია ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს  ამისთვის  უწყლობასა და უნაყოფობასტან  ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს  ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება და დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები. 

    ისრაელის ჩრდილეოთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება  მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები  მ.შ. მღვიმეები. 

    ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე  ნაკრძალების სამეფოდ  აქცია: აქ  ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა  საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში  ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა  ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახობების აღდეგინა და შენარჩულების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“  და ზოოლოგიური ნაკრძალი  „ჰაიბარია“ შექმნილი.  ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს. 

    ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება.  იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის  ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.

    ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის  – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ  ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ  მკვდარ ზღვაში ჩაედინება.  მკვდარი ზღვის შეასხებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა  დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად  მისი  დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია. ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი  სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით  გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართვათან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები  სოდომი და გომორი მდებარეობდა.

    ისრაელი მკვდარი ზღვა

    ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ  70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები.   ისრაელელების ცხოვრების  წესი განსხვავებულია თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან -სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში  მსფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებში ცხოვერბამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტარალური  ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.

    ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით  81.5 წელი  და ამ მაჩვენებლით უსწრებს  აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს.

     ისრაელი ურბანიზებული ქვეყანა და მოსახლეობის 90 % ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს აქვს ქალაქის სტატუსი, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ.

    ისრაელის  დასახლებებს შორის  აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად  განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში  270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება  კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთი სალაროში, საიდან შემდეგ ხდება კომუნის წვერების  უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება. 

    ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი  ქნესეთი. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით  მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.

    ქნესეთის  შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი  ასევე ებრაელმა არქტიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, როემლიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს  დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსასხსოვრა  ისრელის სახლემწიფოს. 

    ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება  ორი ურჯი ზოლი გასდევს და ებრაელტა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდის – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სხელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.

    ისრაელის დროშა

    თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით  სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის.  ისრაელში ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და  წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაში აისახა.  მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ.  ქვეყანა განახლებად  რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. შენობების 90%  მზის ენერგიაზე მუშაობს.

    ცალკე  უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპაიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან  500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.

     ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ  და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქტიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში  ტურისტული ინდუსტრიის  განვითარება  განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

    და ბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისარელმა  ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე  მეგობრული  და პარტნიორული კავშირებით აგრძელებს.

  • ვულკანი სოლფატარა

    ვულკანი სოლფატარა

    სოლფატარა  ჰოლოცენური ასაკის ვულკანური კრატერია და იტალიაში, ნეაპოლის დასავლეთით, ქალაქ პოცუოლის მიდამოებში მდებარეობს. იგი ჩამქრალი ვულკანია, თუმცა მისი კრატერიდან ჯერ კიდევ შეინიშნება ორთქლისა და გოგორდის გამოყოფა.

    სოლფატარა დაახლოებით 4000 წლის წინ წარმოიქმნა.  მისი უკანასკნელი ამოფრქვევა 1198 წელს დაფიქსირდა.

    ვულკანის კრატერის დიამეტრი  770 მ-ს უდრის. მისი ფსკერი ბრტყელია და  თიხისებრი  ქერქითაა მოფენილი. ადგილ-ადგილ  პატარა ორმოებია წარმოქმნილი, რომლებშიც გოგირდი და ტალახი დუღს,  ასევე განუწყვეტლივ ამოდის ორთქლი.  ქარს კი ამ ორთქლთან ერთად გადააქვს ნახშირორჟანგიც.

    ვულკანი სოლფატარა

    კრატერის ერთ-ერთი კედელშია  ე.წ. ”ძაღლის გამოქვაბული”,  სადაც დიდი რაოდენობით აირი გამოიყოფა და რის გამოც იქ მობინადრე ცხოველები იღუპებიან.  

    სოლფატარა ტურისტებისთვის საინტერესო  ობიექტია. აქ  გვხვდება ფუმაროლები (ხვრელი დედამიწის ან სხვა კლდოვანი პლანეტის ზედაპირზე, საიდანაც გამოიყოფა ცხელი ვულკანური აირები და ორთქლი, ყოველგვარი თანმხლები სითხეებისა და მყარი ნივთიერებების გარეშე) და ტალახიანი აბაზანები. ორთქლს სამკურნალო  მიზნებისთვისჯერ კიდევ  რომის იმპერიაში იყენებდენ.  

    ამჟამად, ”სოლფატარად” ისეთი ვულკანები იწოდება, რომლებიც 200 გრადუსის ტემპერატურის მქონე გაზს და ორთქლს გამოყოფენ.

  • ლიმპოპო – მწერლების  საყვარელი მდინარე

    ლიმპოპო – მწერლების საყვარელი მდინარე

    აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მდინარე ლიმპოპო სამ ქვეყნაში მიედინება. იგი ბუნებრივი საზღვარია სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანას შორის, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეს შორის. ლიმპოპო ინდოეთის ოკეანეში  ჩამდინარე აფრიკის მდინარეებს შორის სიდიდით მეორეა  ზამბეზის შემდეგ.

    ლიმპოპო წარმოიქმნება მდინარეების ნიანგისა და მარიკოს შესართავთან სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში. ის სამხრეთ აფრიკის სიდიდით მეორე მდინარეა ზამბეზის შემდეგ.

    მისი სიგრძეა 1 750 კმ, აუზის ფართობი 415 000 კმ².

    პირველი ევროპელი, ვინც ეს მდინარე ნახა, იყო ცნობილი მოგზაური ვასკო და გამა, რომლის ექსპედიციამაც  1498 წელს, ლიმპოპოს შესართავთან  ჩაუშვა ღუზა.

    როგორც ჩანს, მდინარის რეგიონი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული, რადგან აქ აღმოჩენილია 3,5 მლნ წლის ავსტრალოპითეკის  ნამარხები.

    ბუშმენებმა ლიმპოპოს “ნიანგის მდინარე” უწოდეს მასში მცხოვრები ამ ქვეწარმავლების დიდი რაოდენობის გამო. ნიანგების გარდა, მდინარეში ასევე უხვადაა ჰიპოპოტამებიც. მდინარის დინება სუსტია, ფსკერზე კი დიდი რაოდენობით სილაა. წყალი ძალიან მღვრიე, ამიტომ წყალთან მიახლოებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. საშიშ ცხოველებს არ სძინავთ. თავის დასაცავად საუკეთესო ვარიანტია გამოცდილი გიდის მომსახურებით სარგებლობა.

    მდინარის გასწვრივ რამდენიმე დიდი ეროვნული პარკია, სადაც აფრიკული სავანის მთავარი წარმომადგენლები. გიგანტური სპილოებით დაწყებული ფერადი ფრინველებით დამთავრებული ბინადრობენ, აქ ყველაფერი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს.

    ლიმპოპო თავის ნაწარმოებებში უკვდავჰყვეს მწერლებმა. რუსულ საბავშვო ლიტერატურაში ლიმპოპო ნახსენებია კორნეი ჩუკოვსკის ზღაპარში “აიბოლიტი”.

    მწერალი მაინ რიდი მდინარეს ახსენებს მოთხრობაში – “ჟირაფებზე მონადირეები”, ხოლო რ. კიპლინგის ზღაპარში “სპილო ბავშვი” მდინარე ლიმპოპო მოხსენიებულია, როგორც “ბინძური, ტალახიანი მწვანე მდინარე და სადაც ისეთი ხეები იზრდება, რომელტაც ციებ-ცხელება მოაქვს”, და სადაც ჩიტმა კოლოკოლომ სპილოს ცნობისმოყვარე შვილი გაგზავნა პასუხების მოსაძებნად.

  • ამაზონი –  მდინარეების დედოფალი

    ამაზონი – მდინარეების დედოფალი

    ალბათ, არცერთ მდინარეს არა აქვს იმდენი სახელი, რამდენიც ამაზონს: მდინარეების დედოფალი, არაჩვეულებრივი, საკვირველი, ბუნების საოცრება  და ყველა მათგანი სიმართლეს შეესაბამება.

    ამაზონი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი (სიგრძე 6992 კმ) და ყველაზე წყალუხვი მდინარეა. წარმოიდგინეთ ოცი ისეთი მდინარე, როგორიც ვოლგაა ან ათი ისეთი, როგორც ენისეია და მიიღებთ ამაზონს. უამრავ შენაკადებს შორის 17 მდინარე, 500-დან 3500 კმ-ის სიგრძისაა: რიუ-ნეგრუ. მადეირა, მარანიონი, უკაიალი, შინგუ და სხვა.

    მდინარის წყალშემკრები აუზი 7.2 მლნ კვ.კმ-ია. ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება ავსტრალია ან აშშ. ეს ტერიტორია დაყოფილია ბრაზილიის, ბოლივიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორს შორის. ოფიციალურად მდინარის სათავედ მდინარე უკაიალს კი არ თვლიან, რომელიც მარანიონზე გრძელია, არამედ უფრო უხვწყლიან მარანიონს მიიჩნევენ. სათავე, სადაც მარანიონი ქედებს შორის ჩაჭრილ ხეობაში მოედინება, არაჩვეულებრივი და თავისებური ადგილია მთელ დედამიწაზე. ბუნება თანდათან იცვლება, მრავალფეროვანი და დიდებული ხდება, თანდათანობით მატულობს ტემპერატურა და ტენიანობა, მცენარეულობით მდიდარ ტყეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია. უკაილთან შეერთების შემდეგ მარანიონი ამაზონის სახელით მოედინება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას – სოლიმოესს უწოდებს. ორი კილომეტრის სიგანის ამაზონი შენაკადების შეერთების შემდეგ კიდევ უფრო ფართოვდება და ბრაზილიელები მას ”მდინარე-ზღვას~ ეძახიან.

    შესართავში მდინარე დელტას ქმნის, რომელშიც უამრავი კუნძულია. მათ შორის ყველაზე დიდ კუნძულზე –  მარაჟუზე თავისუფლად დაეტევა შვეიცარია ან ბელგია.

    მთელი წლის განმავლობაში ამაზონი წყალუხვია, რაც იმით აიხსნება, რომ მისი შენაკადები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მიედინებიან. წელიწადის ერთ დროს მარცხენა შენაკადებია წყალუხვი, მეორე დროს კი – მარჯვენა.

    შესართავიდან თითქმის ათას კილომეტრზე იგრძნობა მოქცევა: დროდადრო შესართავიდან მდინარის დინების საწინააღმდეგოდ დიდი ხმაურით მოგორავს გიგანტური, აქაფებული ტალღები. ვაი იმ ნავს და გემს, რომელსაც ეს ტალღა წამოეწევა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ მოვლენას ”პოროროკ-პოროროკას” – დამანგრეველს უწოდებენ. აქედან წარმოსდგა ტალღის სახელწოდებაც – პოროროკა. ინდიელთა ზოგიერთი ტომი პოროროკას ”ამაზუნუს” – ანუ მგვრგვინავ წყალს ეძახის. გეოგრაფები თვლიან, რომ აქედან მოდის მდინარის სახელწოდებაც. ინდიელები ამაზონს ასევე უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე), პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).

    არის სხვა ვერსიაც. გადმოცემით მდინარე  ნაპოს ხეობაში (ამაზონის შენაკადი) ცხოვრობდა ინდიელთა ტომი კუა. ამ ტომის მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმები და ტანზე შემოხვეული ნაჭერი ქალის ქვედაკაბას წააგავდა. აბორიგენებთან ორთაბრძოლაში ევროპელებმა ვერ გაარჩიეს კაცებს ებრძოდნენ თუ ქალებს. ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ აქ მეომარი ქალები – ამაზონები ცხოვრობდნენ.

    შეიძლება უცნაურად ჩათვალოთ, მაგრამ მდინარის შესართავი 1500 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ვისენტე იანსენ პინსონმა, 1743 წელს ფრანგი შარლ მარიდე დე კონდამინი შედარებით უფრო ზევით აუყვა მდინარეს. საბოლოოდ 1955 წელს გერმანელ-პერუელთა ექსპედიციამ შედარებით სრულყოფილად გამოიკვლია მდინარე ამაზონი.

    ამაზონის აუზი სავსეა განძით. აქ არის: ალმასი, ოქრო, ვერცხლი, უჩვეულო და მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი მცენარეები და ცხოველები. ტყით არის დაფარული უზარმაზარი ტერიტორია, სადაც 2500 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეა ( შედარებისთვის  კუნძულ შრი-ლანკაზე, რომელიც მცენარეთა სახეობებით მდიდარ კუნძულად ითვლება 1500 სახეობას, ხოლო ასევე ბიომრავალფეროვნებით მდიდარ კუნძულ იავაზე 1100 სახეობას ითვლიან). მცენარეები 5-6 იარუსად იზრდება. ზოგიერთი გოლიათი ხე 70-150 მ სიმაღლისაა, სიგანე კი  10-12 მეტრს აღწევს.

    ამაზონის  ჯუნგბლები  - ტროპიკული ტყე  სამხრეთი ამერიკა

    ამაზონის ტყეები ჩვენი პლანეტის მწვანე ორანჟერეა – ბუნების განუმეორებელი საოცრებაა. მხოლოდ ადგოლობრივებს შეუძლიათ ტყეში უშიშრად სიარული, სადაც ადამიანს ყოველ ნაბიჯზე საშიშროება ემუქრება. ბრაზილიელებიც კი ამაზონის ტყეებს ”მწვანე ჯოჯოხეთს” უწოდებენ. აქაურ ტყეში შეხვდებით ხეებს, რომლებსაც დიდი სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის. ძნელია ყველას ჩამოთვლა, მაგარმ ზოგიერთს მანც ავღნიშნავთ:  თუნდაც გიგანტური ბერტოლეცია, რომელიც განთქმულია გემრიელი და ნოყიერი, ე.წ. ბრაზილიური კაკლით. იგი 70% ცხიმს, 17% ცილებს, 4%  მინერალურ მარილებს შეიცავს. 2 კგ -იან წონის ნაჭუჭში 10-20-მდე კაკალი თავსდება. ქარის დროს ამ ხის ქვეშ ყოფნა შემგროვებლისთვის შეიძლება სასიკვდილოც გახდეს. ადგილობრივი  მცხოვრბელები კაკალს აგროვებენ და ქვეყნის გარეთ გააქვთ, რაც დიდ შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს. აქვეა ე.წ. რძის ხეები, რომელთა წვენი ფერით და გემოთი მართლა რძეს წააგავს და საკვებადაც იყენებენ; შოკოლადის ხე, რომლისგანაც მაღალხარისხოვან პროდუქტს კაკაოს – ”ღმერთების საკვებს” ღებულობენ; ნესვის ხე, რომლის ნაყოფი გემოთი ნესვს წააგავს და 2-3 კგ-ს იწონის; ცინამონი, რომელსაც ნაზი სუნი აქვს. ქინაქინის ხის ქერქისგან კი ქინაქინას, მალარიის სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ. ტყეში არის ხეები, რომელთა მერქანი საცობზე უფრო მსუბუქია, მაგრამ ზოგიერთის კი ისეთი მაგარია, რომ გალესილი ცულიც ვერ ერევა.

    ტყეში განსაკუთრებული ადგილი პალმას უკავია. აქ მისი მრავალი სახეობაა გავრცე-ლებული: პალმა ბაბასუ, რომლის კაკლისგან მაღალხარისხოვან ცხიმს ამზადებენ; პალმა ასაის ახალგაზრდა ყლორტები საკვებად გამოიყენება, ნაყოფისაგან კი სასიამოვნო სასმელს ამზადებენ. ”ვინც ერთხელ მაინც იგემა პალმა ასაის წვენი, ის აუცილებლად დაბრუნდება ამაზონის ტყეში” – ამბობენ ბრაზილიელები. განსაკუთრებით ბევრი სიკეთე მოაქვს ქოქოსის პალმას. ”სიცოცხლის ხე”, ”უნივერსალური მაღაზია” – ასე სხვადასხვანაირად იხსენიებენ მას აქაურები. მისი ღეროსგან ამზადებენ ავეჯს, იარაღს, ნავებს და სხვა მრავალ¬ საგანს. ქოქოსის  პალმის ნაყოფი და ნაზი ყლორტები საკვებად გამოიყენება. ნაყოფის წვენისგან ღვინოს, შაქარს, ვაჟინს და სხვა  პროდუქტს ამზადებენ.

    ამაზონის  ჯუნგლები  -  ტროპიკული ტყე ვიქტორია რეგია -   სამხრეთი ამერიკა

    ამაზონის ტყეების ძვირფასი საჩუქარია ჰევეა – კაუჩუკის ხე, რომელსაც ინდიელები ასე უწოდებენ ”კაუჩუ” ანუ  ”ჯოხი, რომელიც რძეს იძლევა”.

    ამაზონის ტყეებში მრავალი ფრინველი, ცხოველი, მწერი, ტერმიტი, ქვეწარმავალი ბინადრობს. მაგალითად, უჩვეულო სილამაზის და სიდიდის პეპელა მორფეო მენელაუსი, რომლის ფრთებისგან შესანიშნავი სუვენირები მზადდება. არიან ქვეწარმავლები, რომლებსაც საკვებად იყენებენ და რომელთა ტყავისაგან ნაირნაირ საგნებს ამზადებენ.

    ამაზონის წყლები მდიდარია თევზით. მხოლოდ ამაზონში, შენაკადების გარეშე, 750 სახეობის თევზია. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, პირარუკუ და აპარაიმი 4-5 მეტრის სიგრძისაა და 200 კგ-ს იწონიან. ბრაზილიელები მათ ”ამაზონის ხარებს~ უწოდებენ. მრისხანე, სისხლის მსმელი პირანია მხოლოდ 30-50 სმ სიგრძის თევზია, მაგრამ მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ნიანგის.  ამიტომ მას ”კაციჭამია~ შეარქვეს.

    სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა მხოლოდ სასიკეთოდ როდი შეაღწია ამაზონეთის სიღრმეში, მას დიდი ზიანიც მიაყენა. საავტომობილო მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, უთუოდ ხელს შეუწყობს ხელუხლებელი ბუნების განადგურებას ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

  • კომოდოს ეროვნული პარკი

    კომოდოს ეროვნული პარკი

    კომოდოს ეროვნული პარკი ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე   მდებარეობს. პარკი სამ  დიდ (კომოდი, პადარი, რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს მოიცავს. მათი საერთო ფართობი 1 733 კმ²-ია. 1980 წელს, პარკი კომოდის ვარანის – მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა. მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც. პარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის – კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილ-მონტაგი (100 ც), ფლორეს (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.

    ვარანი კომოდო კომოდოს ეროვნული პარკი ინდოპნეზია

    პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილი ზღბის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელს ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 800 მმ-ia. ოქტომბერში, ტემპერატურა  40°C -ის ფარგლებშია.

    პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ საუკეთესო პირობებს ქმნის ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობა  მანგროს ტყეებს მოიცავს.

    პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაყრდნობილინ ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 1991 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.