• სამხრეთი ამერიკის უდაბნოები

    სამხრეთი ამერიკის უდაბნოები

    სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდა უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების ზონა. ეს უნიკალური ტერიტორიაა ზომიერი ზონისთვის: უდაბნოები გადაჰყურებს ოკეანის სანაპიროს. ოკეანის სიახლოვე ქმნის მაღალ ტენიანობას. თუმცა, არიდული რეგიონის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ანდების მაღალმა მთიანმა სისტემამ. ისინი თავიანთი ფერდობებით ტენით გაჯერებული ქარებს გზას უბლოკავენ. უდაბნოების ფორმირებაზე ასევე გავლენა მოახდინა პერუს ცივმა დინებამ.

    ატაკამას უდაბნო

    უდაბნოს ტერიტორია კონტინენტის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 105 ათასი კმ²-ია. ეს რეგიონი ყველაზე მშრალი ადგილია პლანეტაზე. ატაკამას ზოგიერთ რაიონში ნალექი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ მოსულა. პერუს წყნარი ოკეანის დინება აგრილებს ატმოსფეროს ქვედა ფენებს, რის გამო ამ უდაბნოში დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტენიანობაა – 0%.

    უდაბნოში საშუალო დღიური ტემპერატურა მაღალია – + 25°C. ზამთარში ზოგიერთ რაიონში ნისლი შეინიშნება.

    მილიონობით წლის წინ რეგიონი წყლით ყოფილა დაფარული, რომელიც დროთა განმავლობაში დაშრა და შედეგადაც მარილის აუზები წარმოიქმნა. უდაბნოში მრავლადაა მოქმედი ვულკანები.

    ატაკამას ლანდშაფტს ხშირად ადარებენ მთვარეს: ქვიშის ნაკადებსა და კლდეებს დიუნები და ბორცვები ენაცვლება.

    საერთო ჯამში, უდაბნოში 160 სახეობის კაქტუსია, ასევე გავრცელებულია ლიქენები. ოაზისებში იზრდება აკაციები, მესკის ხეები და კაქტუსები. უდაბნოს ფაუნა ადაპტირებულია კლიმატურ პირობებთან. სანაპიროზე ბინადრობს 120 სახეობის ფრინველი.

    აქ მცხოვრები მცირერიცხოვანი მოსახლეობა სამთო მოპოვებითაა დაკავებული. ტურისტები ატაკამას მთვარის ველის მოსანახულებლად, უდაბნოს ხელის ქანდაკების სანახავად და ქვიშის სნოუბორდით დასატკბობად სტუმრობენ.

    სეჩურას უდაბნო

    სეჩურას უდაბნო კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ერთი მხრიდან წყნარი ოკეანე, ხოლო მეორე მხრიდან ანდები ესაზღვრება. უდაბნოს საერთო სიგრძე 150 კმ-ია. სეჩურა ერთ-ერთი ცივი უდაბნოა: აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 22°C-ია, რაც სამხრეთ-დასავლეთის ქარებითა და ოკეანის სანაპიროებთან მდებარეობითაა გამოწვეული ეს ფაქტორები ასევე ხელს უწყობს ნისლის წარმოქმნას ზამთარში. სუბტროპიკული ანტიციკლონების გამო რეგიონში ნალექი მცირეა.

    უდაბნოს ქვიშები ქმნიან მოძრავ დიუნებს. ცენტრალურ ნაწილში იმათი სიმაღლე 1,5 მ-საც კი აღწევს. უდაბნოს ფაუნა და ფლორა წყლის ობიეტების გასწვრივაა თავმოყრილი. სეჩურას ტერიტორიაზე ორი დიდი ქალაქია.

  • აბუდელაურის ტბები 

    აბუდელაურის ტბები 

    აბუდელაურის ფერადი ტბები აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როკშის წყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში ( ხევსურეთის არაგვის აუზი), სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს მდებარეობენ. 

    ტბები ზღვის დონიდან  2812მ სიმაღლეზეა განლაგებული. ისინი მყინვარული წარმოშობის ტბებია და თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლებით საზრდოობენ.  ტბებში წყლის მაქსიმალური დონე ზაფხულშია, მინიმალური კი – ზამთარში.  წლის  ნახევარზე მ ეტი  პერიოდი  (თითქმის 6 თვე) ტბები  გაყინულია და ყინულისგან მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.  ტბებში არ ბინადრობენ თევზები.

    აბუდელაურის ტბების კომპლესში ერთმანეთთან ახლოს მდებარე სამი ტბაა: მწვანე, თეთრი და ლურჯი. ტბებამდე მისასვლეილი გზა  სალმაოდ რთულია. საავტომობილო გზა მხოლოდ სოფელ როშკასთან მთავრდება და შემდეგ  საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით უნდა გაიაროთ.

    ტბებისკენ  მიმავალთ  პირველად ლურჯი ტბა  შეგვხდეებათ.  სწორედ ამ ტბასთანაა დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ლეგენდა. ამ ტბისთვის  ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით იახსარის ლახტს გამოქცეულ  უკანასკნელ დევმს შეუფარებია თავი.  მანამდე იახსარს ლახტი უსროლია დევისთვის, მაგრამ დევი კლდეს ამოფარებია, ლახტი კლდეს მოხვედრია და მისგან ასხლეტილ ნაფოტს დევისთვის თვალი გამოუთხრია.  საინტერესოა, რომ დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში. ცალთვალა დევი ტბაში ჩასაულა. იახსარი კი თან ჩაჰყოლია და დევი განუგმირავს, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა  ტბის ზედაპირი შეკრა და იახსარმა ამოსვლა ვეღარ შეძლო, სანამ ბლოელმა ოთხრქა და ოთხყურა ცხვარი არ დაუკლა და მისი სისხლი ტბას არ ასხურა.
    ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, რომ ამ სიკეთის სანაცვლოდ  სამ თხოვნას შეუსრულებდა. დაუბარა: როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო. იახსარი აქედან გაფრინილა და ლიქოკის თავზე, კარატის წვერზე დაბრძანებულა. ამ ადგილას  იახსარის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს.  შემდეგ ეს ადგილი დაუტოვებია  და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე  დაბრძანებულა,  სადაც ასევე საზარე და კოშკია  აშენებული. შემდეგ  კი შუაფხოში ჩამოსულა და სამუდამოდ იქ დარჩენილა.

    მწვანე ტბა თავისი გამჭვირვალე და სუფთა წყლით გამოირჩევა, ხოლო

    თეთრი ტბა  აბუდელაურის ტბებს შორის ყველაზე მაღლა მდებარეობს და  თან ყველაზე ლამაზია.  ტბაში წყალი თეთრად ლივლივებს და სახელიც ამიტომ ეწოდა.




  • რეიუნიონი

    რეიუნიონი

    რეუნიონი – კუნძული ინდოეთის ოკეანეში – მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარეობს და საფრანგეთის საზღვარგარეთის რეგიონს წარმოადგენს. კუნძულის ფართობი 2,5 ათასი კმ²-ია, მოსახლეობა  793 ათასი ადამიანი (2007 წლის აღწერით). რეიუნიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი  კრეოლებია (შერეული წარმოშობის, ძირითადად ფრანგულ-აფრიკულ-მალაგასური ნაზავი),  ფრანგები მოსახლეობის დაახლოებით ¼-ს შეადგენენ, ინდიელები კი, დაახლოებით, 20-ს,  ხოლო დანარჩენი ჩინელები და სხვ, ხალხებია.  მოსახლეობის დაახლოებით 90% კათოლიკეა, არიან ინდუსები, მუსულმანები, ბუდისტები და ასევე რასტაფარიანები.

    კრეოლური ენა (ფრანგულზე დაფუძნებული) ჯერ კიდევ გავრცელებულია, თუმცა სკოლაში სწავლება ოფიციალურად მხოლოდ ფრანგულ ენაზეა.

    კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია სენ-დენი (95 ათასი ადამიანი 2004 წელს). 1946 წლიდან რეუნიონი გახდა საფრანგეთის საზღვარგარეთის დეპარტამენტი, ხოლო 1974 წლიდან – ადმინისტრაციული რეგიონი. რეიუნიონს მართავს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრეფექტი.

    რეიუნიონის ეკონომიკის წამყვანი დარგი  სოფლის მეურნეობაა, ხოლო  ძირითადი საექსპორტო კულტურა – შაქრის ლერწამი. ასევე მოჰყავთ  სიმინდი, კარტოფილი, ბანანი და მანგო. მეცხოველეობაში მეღორეობას და მეთხეობას მისდევენ. კუნძულზე ფართოდ არის განვითარებული ტურისტული ბიზნესი. მრეწველობაში ძირითადი დარგი  შაქრის ლერწმისგან შაქრისა და რომის წარმოებაა. შაქრის გარდა ექსპორტზე გააქვთ რომი, ვანილი, გერანიუმის ესენცია და სხვა არომატიზატორები. შესამჩნევი განსხვავებაა კუნძულზე მცხოვრები ფრანგებისა და ინდიელების, კრეოლებისა და სხვა თემების წარმომადგენლების ცხოვრების დონეში. საფრანგეთის მთავრობა სუბსიდირებს კუნძულის ეკონომიკას, რათა შემცირდეს ეს განსხვავება.

  • კომორის კუნძულები

    კომორის კუნძულები

    კომორის კუნძულები, 2002 წლამდე კომორის ისლამური ფედერაციული რესპუბლიკა,    ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ მადაგასკარსა და ჩრდილოეთ მოზამბიკს შორის მდებარეობს. კუნძულების  საერთო ფართობი – 2170 კმ² -ია. მოსახლეობა, დაახლოებით,  798 000 ადამიანი (2010 წელი). ქვეყნის დედაქალაქია მორონი. ოფიციალური ენებია კომორული, ფრანგული და არაბული, სახელმწიფო რელიგია  – ისლამი.

    1975 წლის 6 ივლისს დეპუტატთა პალატამ ცალმხრივად გამოაცხადა კომორის კუნძულების დამოუკიდებელი რესპუბლიკა (RCO), რომელიც  კუნძულების ანჟუანის, გრანდ კომორისა და მოჰელისგან შედგებოდა. მოგვინაებით საბჭო გაუქმდა, შეიქმნა პარლამენტი, მიღებულ იქნა კონსტიტუცია და აღადგინეს კუნძულების არაბული სახელწოდებები.

    1975 წლის ნოემბერში, კომორის  4 კუნძული,  როგორც ერთი სახელმწიფო,  გაეროში გაწევრიანდა.

    2002 წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დამტკიცდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც კუნძულებს უფრო ფართო ავტონომიურ უფლებებს ანიჭებდა. ქვეყანა ცნობილი გახდა როგორც კომორის კავშირი (UCO).

    კომორის კუნძულები აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ძირითადი შემოსავალია ილანგ-ილანგის  (მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი) და  ვანილის (მსოფლიოში სიდიდით მეორე ექსპორტიორი მადაგასკარის შემდეგ) ექსპორტი.  ასევე ტურიზმი და მეთევზეობა.

  • მალდივები -სამოთხე დედამიწაზე

    მალდივები -სამოთხე დედამიწაზე

    მარგალიტისფერი თეთრი პლაჟები, ლურჯი ყურეები, წყალქვეშა სამყაროს სილამაზე, ადგილობრივების კეთილგანწყობა და, რა თქმა უნდა, მშვენიერი დასვენება. ალბათ,  ესაა პირველი  ასოციაციები, რომლებიც მახსენდება მალდივებზე ფიქრისას. მაგრამ ამ სამოთხეს ნაკლებად ცნობილი მხარეც აქვს. კუნძულის სახელმწიფოს ისტორია დაფარულია მრავალი საიდუმლოებითა და გამოცანებით. მათგან ყველაზე დიდი მალდივის ისტორიის ადრეულ პერიოდს ემთხევვა და    კუნძულზე პირველი ადამიანების გამოჩენის ეხება.

    მალდივის არქიპელაგი გადაჭიმულია ინდოეთის ოკეანის ეკვატორულ წყლებში, შრი-ლანკის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით  მდებარეობს. საერთო ჯამში, მალდივები 20 ატოლისგან და 1192 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 199-ია დასახლებული და რომლებიც  შრი-ლანკადან ეკვატორამდე  სამხრეთ-დასავლეთით არის გაბნეული  და ატოლების სახით ჯგუფებადაა გაერთიანებული. სხვათა შორის, სიტყვა “ატოლი“, რომელიც ამ სახით დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ენაში, სწორედ მალდიველების ენიდან დივეჰიდან მოდის.

    ქვეყნის საერთო ფართობი დაახლოებით 300 კმ²-ია, ხოლო კუნძულების მთელი მოსახლეობა სულ რაღაც 309 ათას ადამიანს შეადგენს. 

    დედაქალაქი მალე, არქიპელაგის ერთადერთი ქალაქი და პორტი, ამავე სახელწოდების ატოლზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქი  და ამავე დროს დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. აქ, 6 კმ²-ზე ნაკლებ ფართობზე 150 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

    კუნძულების ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით დასატკბობად ტურისტები დედაქალაქიდან უფრო შორს მოგზაურობენ, რადგან რაც უფრო შორს არის კუნძული მალიდან, მით უფრო ლამაზია მისი პლაჟები და მით უფრო მდიდარია წყალქვეშა სამყარო.

    მალდივები ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, არანაკლებ თეთრი პლაჟებით, მდიდარი რიფებითა და ხელუხლებელი ბუნებით. თუმცა, სამოთხის კუნძულების დღევანდელ მოსახლეობას არაფერი აქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც ერთ დროს პირველებმა დაადგა ფეხი ამ დალოცვილ მიწაზე. მალდივის არქიპელაგზე პირველი ადამიანების   გამოჩენა საიდუმლოებით არის მოცული: არავინ იცის, ვინ მოვიდა აქ პირველი.  ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შრი-ლანკასა და სამხრეთ ინდოეთის უძველესი მაცხოვრებლები იყვნენ პირველები, ვინც აქ დასახლდნენ, სხვები  კი ფიქრობენ, რომ პირველი მალდივიელები ინდოეთიდან მოვიდნენ. ასეა თუ ისე, პირველი  მოსახლეები აქ  დაახლოებით 4000 წლის წინ  გამოჩნდნენ.

    ისლამი, რომელიც  დღევანდელი მალდივების ოფიციალური რელიგიაა,  აქ უფრო გვიან, 1153 წელს დამკვიდრდა. გათხრები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს განვითარების ადრეულ ეტაპზე ძირითადი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი იყო. რელიგიების ამ მრავალფეროვნებამ თავისი კვალი დატოვა და დღევანდელი მალდივების ისლამი საკმაოდ რბილი და სეკულარულია სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან შედარებით. პორტუგალიელების მიერ კოლონიზაციის გვიანმა მცდელობებმა და მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის პროტექტორატის დამყარებამ ასევე გავლენა მოახდინა მალდიველების მენტალიტეტზე, ჩამოაყალიბა მულტიკულტურული სული, რომელიც დღემდეა  შენარჩუნებული.

    საინტერესოა, რომ  კუნძულების ადგილობრივი მაცხოვრებლები საკმაოდ ცრუმორწმუნეები არიან, მიუხედავად მათი ძლიერი რწმენისა ისლამისადმი. მაგალითად, ითვლება, რომ ქოქოსი შავი მაგიის ატრიბუტია და გამოიყენება რიტუალებში. მაგალითად, 2013 წელს პოლიციამ დააპატიმრა ქოქოსი, როგორც ეჭვმიტანილი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაში. ინციდენტი  მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა  როცა თეთრმა ჯადოქარმა წარმოადგინა ქოქოსის უდანაშაულობის მტკიცებულება წარმოადგინა.

    მალდივის ოფიციალური ენაა დივეჰი (Dhivehi),  მაგრამ ასევე საუბრობენ ინგლისურად და  ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას არ უჭირს უცხოელებთან ურთიერთობა. კუნძულებს შორის არის გარკვეული ენობრივი განსხვავებები და ჩრდილოეთ ნაწილის დიალექტები განსაკუთრებით განსხვავდება სტანდარტული მეტყველებისგან. Dhivehi იწერება მარჯვნიდან მარცხნივ სპეციალური 24-სიმბოლოიანი ანბანის გამოყენებით, რომელიც მე-16 საუკუნეში წარმოიშვა.

    1965 წლის 26 ივლისს ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა მალდივებს. 1968 წლის 11 ნოემბერს, რეფერენდუმის შემდეგ, მალდივის კუნძულები გამოცხადდა რესპუბლიკად. 1978 წლიდან მალდივებს მართავდა პრეზიდენტი მაუმუნ აბდულ გაიუმი (6 ზედიზედ ხუთწლიანი ვადა). 2008 წლის ოქტომბერში მოჰამედ ნაშიდი გახდა მალდივის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა სახალხო კენჭისყრით.

    მალდივების ეკონომიკის ძირითადი სექტორებია ტურიზმი  (მშპ-ს 28%) და მეთევზეობა. სამრეწველო სექტორი ტანსაცმლის, სუვენირებისა და ნავების წარმოებითა წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული. საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია. ძირითადი კულტურაა ქოქოსის პალმა, ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი, ტკბილი კარტოფილი და პურის ხილი.  მესაქონლეობა პრაქტიკულად არ არის განვითარებული.  საექსპორტო საქონელია თევზი და საფოსტო მარკები. ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა ტრადციული და მოტორიანი ნავები.

    აღსანიშნავია, რომ ქვეყანას წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს  მსოფლიოში  და იგი 98%-ს აღემატება.ამას კი იმით ხსნიან, რომ მალეში, სადაც ყველა უნივერსიტეტია განთავსებული და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, უბრალოდ  წასასვლელი არსად არის, თუკი ლექციების გაცდენას გადაწყვიტავთ.  თუმცა ის ფაქტიც, რომ  ქვეყანაში მასწავლებელთა რაოდენობა 2009 წელს 3400-დან 2011 წელს დაახლოებით 6000-მდე გაიზარდა, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

    ერთ მშვენიერ დღეს, ზღვის დონის აწევის გამო, შესაძლოა, მალდივები გაქრეს დედამიწაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე სახალისო ფაქტია, მალდივები ერთ-ერთი ყველაზე კლიმატმოწყვლადი  ქვეყანაა პლანეტაზე. 2008 წელს მალდივის პრეზიდენტმა გამოაცხადა გეგმა შექმნას ფონდი სახელმწიფოსთვის ახალი ტერიტორიის შესაძენად, რომელიც შეიძლება მათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის აწევის გამო დასჭირდეთ. გლობალური დათბობის საფრთხეს აქ უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ამიტომ  მალდივებმა დაისახა მიზანი, გახდეს ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა 2020 წლისთვის.

    მალდივები,  ისევე როგორც  დომინიკის რესპუბლიკა, კუბა, სეიშელის კუნძულები, ფიჯი და ბაჰამის კუნძულები (და კიდევ ხუთი ათეული ქვეყანა) გაერთიანებულია მცირე კუნძულის განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში,  რომელიც განსაზღვრული და აღიარებულია გაეროს მიერ 1992 წელს. ეს ქვეყნები მდგრადი განვითარების  მსგავს გამოწვევებს აწყდებიან: ადგილობრივი მოსახლეობის მცირე რაოდენობა ტურისტების დიდ რაოდენობასთან შედარებით, შეზღუდული რესურსები, ბუნებრივი კატასტროფების  ზემოქმედება, არასტაბილური გარემო, მაღალი კომუნიკაცია, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ხარჯები.

  • რელიეფი

    რელიეფი

    რელიეფი ფორმისა და წარმოშობის მიხედვით დედამიწის ზედაპირის სხვადასხვაგვარი უსწორმასწორობების ერთობლიობაა. რელიეფის ყველაზე დიდი ელემენტებია მთები, ვაკეები და ოკეანური ქვაბულები. სივრცითი განზომილების მიხედვით რელიეფი იყოფა: მიკროფორმებად, მეზოფორმებად და მაკროფორმებად.

  • პამპა

    პამპა

    პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება.  ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

    პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum)  მრავალწლოვანი  დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც  გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.  პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში.  სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

  • ოკეანის დინებები

    ოკეანის დინებები

    ოკეანის (ზღვის) დინებები ოკეანეებსა და ზღვებში წყლის მასების ჰორიზონტალური გადაადგილებაა დიდი ნაკადების სახით, განსაზღვრული მუდმივი გზებით. არსებობს მუდმივი, პერიოდული, ხანმოკლე, ზედაპირული და სიღრმითი დინებები. ოკეანის ზედაპირზე დინება ფართო ზოლად ვრცელდება. ზღვის დინებებს იწვევს ზღვის ზედაპირზე მოძრავ ჰაერსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა, წყალში წარმოქმნილი წნევის გრადიენტები და მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევის ძალები. დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა, რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრება მარჯნივ, სამხრეთ ნახევარსფეროში – მარცხნივ. ზღვებისა და ოკეანეების წყლის ზედაპირული შრის მოძრაობის ძირითადი სახეა ქარისმიერი დინება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩამონადენისმიერი დინება და კომპენსაციური დინება. ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზღვის დინებები მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მაგალითად, გოლფსტრიმი ერთდროულად ქარისმიერი, ჩამონადენისმიერი და კომპენსაციური დინებაცაა.

    განლაგების მიხედვით განარჩევენ: ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და სხვა დინებებს; ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით კი – თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს. აგრეთვე დინება შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი და პერიოდული (მოქცევა-მიქცევით გამოწვეული).

  • ოკეანე

    ოკეანე

    ოკეანე წყლის უზარმაზარი მასაა, რომლითაც დაფარულია დედამიწის ზედაპირი. გამოყოფენ 5 ოკეანეს: წყნარს, ატლანტის, ინდოეთის, ჩრდილო ყინულოვანსა და სამხრეთისას, რომლებიც ერთიან მსოფლიო ოკეანეს ქმნიან.

  • საქართველოს ტყეები

    საქართველოს ტყეები

    საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე (მურყნარი, არყნარი, ვერხვნარი და სხვა) მოდის.

    საქართველო  მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა წარმოდგენილი.  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის  განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფარის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება. მაგ; დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი; ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინეთის ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით აქ  ნაკლებადაა გამოხატული სუბნივალური მცენარეულობის ლანდშაფტები.

    მთის ქვედა სარტყელში (500-იდან  – 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი).  დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილი, შინდი, თრიმლი და სხვა.

    მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი  წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან, ბოყვთან, ცაცხვთან, ნაძვთან და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.

     მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი  1400 მ-იდან იწყება და ხშირად  ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში  1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, თელა, ცაცხვი და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე- და შიდა კახეთი) მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული.

    მთის ზედა ზოლი (ზღვის დონე 1900-2100-დან 2400 მ-მდე)  სუბალპურ ტყეებს  – სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს უკავია. ტანბრეციელები, რომლებიც თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად არყნარით და წიფლნარითაა წარმოდგენილი. სუბალპური მეჩხერი  ტყე უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, ჭნავით.  მას  პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.

    ამრიგად, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ 4 ძირითადი სარტყელია:  ტყის (ზღვის დონიდან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900- 2500 მ), ალპური (2500-3100 მ) და ნივალური (3100-ზე მეტი). აღმოსავლეთ საქართველოში  შედარებით უფრო მეტი  – 6 ძირითადი სარტყელია: ნახევრადუდაბნოების, მშრალი ველებისა და არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3500 მ) და ნივალური (3500 მ-ზე მეტი).