ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნორვეგიის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთი მხარე – სვალბარდი იგივე შპიცბერგენი ერთი და იგივეა. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ეს ფართო პოლარული არქიპელაგი ჩრდილოეთის განედის 76° 26′ და 80° 50′ და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს 10° და 32° შორის მდებარეობს. სვალბარდის ადმინისტრაციული ცენტრია ლონგირი. არქიპელაგი და მისი მიმდებარე წყლები დემილიტარიზებული ზონაა.
1920 წლის ხელშეკრულების თანახმად სვალბარდი 93-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 61 723 კმ²-ია. მათ შორის ყველაზე მსხვილი კუნძულები: (დასავლეთი) შპიცბერგენი — 37 673 კმ², ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა (ნორდაუსტლანდეტი) — 14 443 კმ², ეჯი (ეჯეია) — 5074 კმ², ბარენცის კუნძული (ბარენცეია) — 1288 კმ², თეთრი კუნძული (კვიტეია) — 682 კმ², პრინც კარლის მიწა — 615 კმ², კონგსეია — 191 კმ², დათვის კუნძული (ბიერნეია) — 178 კმ², სვენსკეია — 137 კმ², ვილჰელმეია — 120 კმ² და ყველა სხვა — 621 კმ².
სვალბარდი ნორვეგიული სიტყვაა და ცივ სანაპიროს ნიშნავს. პირველად ის 1194 წლით დათარიღებულ ისლანდიურ ხელნაწერებშია მოხსენიებული. თუმცა არქიპელაგი 400 წლის შემდეგ, 1596 წელს, კიდევ ერთხელ „აღმოაჩინეს“ და რუკაზეც აღნიშნეს. ამ წელს ვილჰემ ბარენცის მეთაურობით ჰოლანდიელმა ზღვაოსნებმა ჩრდილოეთისკენ გაცურეს. ერთ დღეს ეკიპაჟის ერთმა წევრმა ჰორიზონტზე დაკბილული მთებით დაფარული უცხო მიწა დაინახა. მეზღვაურები სვალბარდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიადგნენ, რომელსაც ბარენცმა შპიცბერგენი უწოდა, რაც წაწვეტებულ მთებს ნიშნავს. დღესდღეობით ამ სახელს ატარებს არქიპელაგის უდიდესი კუნძული. ამ აღმოჩენის შემდეგ იქ ვეშაპებზე, სელაპებსა და სხვა ცხოველებზე ინტენსიური ნადირობა დაიწყო. დაიწყო ახალი კუნძულების ძიება, ქვანახშირის მოპოვება და მეცნიერულ კვლევები. სვალბარდზე ასევე განვითარდა ტურიზმიც. 1925 წლამდე, სანამ არქიპელაგი ნორვეგიის სუვერენიტეტს დაექვემდებარებოდა, იქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ.
სვალბარდი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაა, სადაც მუდმივი მოსახლეობა ცხოვრობს. 2012 წლის მონაცემებით აქ 2642 ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის ორ ქალაქში – ლონგირსა და ბარენცბურგში არიან გადანაწილებული. სხვა დასახლებულ პუნქტებში მუდმივი მოსახლეობა ან არ არის, ან მხოლოდ რამდენიმე ადამიანითაა წარმოდგენილი.
ეთნიკური შემადგენლობის მხრივ სვალბარდი არაერთეროვანია, ლონგირში ძირითადად ნორვეგიელები (ქვეყნის მოსახლეობის 72 %) და მცირე რაოდენობით შვედები, დანიელები, გერმანელები და ტაილანდელები, ხოლო ბარენცბურგში რუსები, უკრაინელები და პოლონელები ცხოვრობენ (საერთო რაოდენობით 449 ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 17 %).
ლონგირს სახელი ამ ადგილას ქვანახშირის მომპოვებლის, ამერიკელი ჯონ ლონგირის, პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც იქ 1906 წელს ქვანახშირის პირველი საბადო აამოქმედა. ლონგირი არა მხოლოდ სვალბარდის, არამედ უკიდურეს ჩრდილოეთში (ჩ. გ. 78 გრადუსის ფარგლებს გარეთ) მდებარე ყველაზე დიდი დასახლებაა. იქ დაახლოებით 2 000 მცხოვრებია. ქალაქში არის სუპერმარკეტი, ფოსტა, ბანკი, საჯარო ბიბლიოთეკა, სკოლები, საბავშვო ბაღები, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და საავადმყოფო. ქალაქს თავისი გაზეთიც კი აქვს.

ლონგირში ოქტომბრის თვეში მთები, მთ შორის დიდებული იორთფიელეთი, უკვე თოვლითაა დაფარული, სვალბარდი მარადი მზრალობის ქვეყანაა. ზაფხულში მიწის ზედაპირი მხოლოდ ცოტა ხნით თბება. თბილი ქარისა და ოკეანის დინების გამო ჰავა აქ უფრო ზომიერია, ვიდრე იმავე განედის სხვა ადგილებში.
ლონგირი პოლარული დღეებისა და ღამეების ქალაქია. 26 ოქტომბრიდან 16 თებერვლის ჩათვლით ლონგირში მზე არ ამოდის. მაგრამ ზამთრის სიბნელეს ხშირად ჩრდილოეთის ციალი ფანტავს. სვალბარდზე გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში მზე შუაღამითაც ანათებს; ლონგირში ეს პერიოდი 20 აპრილიდან 23 აგვისტომდე გრძელდება.
სვალბარდს „გეოლოგთა სამოთხეს“ უწოდებენ. მცენარეები მეჩხერად იზრდება, ამიტომ იქაური ლანდშაფტი გეოლოგიის დასურათებულ სახელმძღვანელოს მოგაგონებთ. შესაძლებელია დაკვირვება მთების გეოლოგიურ აგებულებაზე, სადაც მკაფიოდ ჩანს მკვეთრად გამოხატული ამგები შრეები. აქ შეიძლება დედამიწის ისტორიის ყველა პერიოდის გეოლოგიური ფენები იხილოთ. ზოგი მათგანი ქვიშისა და თიხისგან წარმოიქმნა, სხვები კი ცოცხალი ორგანიზმების ნაშთებისგან. საუკუნეების განმავლობაში თიხით დაიფარა ბევრი მკვდარი მცენარე თუ ცხოველი და მათი ანაბეჭდები დღემდე შემოინახა. ასეთი ნაშთები თითოეული გეოლოგიური ეპოქის ფენებში მოიპოვება.

სვალბარდის მუზეუმში შემონახულია თერმოფილური ანუ სითბოს მოყვარულ მცენარეთა თუ ცხოველთა ნაშთები, რაც ცხადყოფს, რომ არქიპელაგზე ჰავა ერთ დროს გაცილებით თბილი იყო, ვიდრე ახლაა. სვალბარდზე ნახშირის ფენის სისქე ზოგან 5 მეტრს აღწევს! ნახშირის შრეებში აღმოაჩინეს როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ხეების გაქვავებული ნაშთები. ასევე აღმოაჩინეს მცენარეულობით მკვებავი დინოზავრის ნაკვალევი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთ დროს აქ თბილი ჰავა იყო და უამრავი მცენარე ხარობდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სვალბარდი მცენარეებით მდიდარია; აქ დაახლოებით 170 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს. ყველაზე გავრცელებულია თეთრი და ყვითელი სვალბარდის ყაყაჩო და სურნელოვანი იისფერი ქვატეხია. გაზაფხულსა და ზაფხულში აქ ყვავილების თვალწარმტაცი სანახაობა იშლება.
სვალბარდზე მიმომფრენი ფრინველებიდან მსხვილნისკარტა კაირასის, მცირე ლურიკის, თოლიას ნაირსახეობისა და შინდისფერი მექვიშიას, ასევე კუნძულების მუდმივი ბინადარის გნოლთეთრას ნახვა შეიძლება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არქტიკული თევზიყლაპია. მიგრაციის პერიოდში ბევრი თევზიყლაპია ანტარქტიდამდეც კი მიფრინავს.
სვალბარდზე ბინადრობს ყარსაღი და ჩრდილოეთის ირემი, ხოლო მოხეტიალე თეთრი დათვის ნახვა თითქმის ყველგან შეიძლება. არქტიკის ცხოველთა მეფე, თეთრ დათვი უმეტეს დროს ის ყინულზე ატარებს და სელაპებზე ნადირობს. იგი ძალიან აგრესიულია. ვეშაპებზე, მორჟებზე, ირმებზე, თეთრ დათვებსა და სხვა ცხოველებზე ნადირობამ სვალბარდზე მათი გადაშენების საშიშროება შექმნა. მაგრამ გარემოს დაცვის კანონებით შესაძლებელი გახდა გადაშენების პირას მისული ზოგი ცხოველის გადარჩენა. 1973 წელს აიკრძალა თეთრ დათვზე ნადირობა და თეთრი დათვის მოკვლის ნებისმიერი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება. დღეს სვალბარდზე საკმაოდ ბევრი თეთრი დათვია, თუმცა მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. ერთი შეხედვით არქტიკა შეიძლება სუფთა რეგიონად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტოქსიკური ნივთიერებები, მაგალითად პოლიქლორირებული ბიფენილი, გარემოს აბინძურებს. ტოქსიკური ნივთიერებები ჭარბად არის თეთრი დათვის ორგანიზმშიც, რადგან ის კვების ჯაჭვის უკანასკნელ რგოლში შედის. ტოქსინები მათ გამრავლებას აფერხებს.
XX საუკუნის დასაწყისში ქვანახშირის მოპოვება სვალბარდზე მთავარი საარსებო წყარო იყო. წლების მანძილზე მეშახტეებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება. ისინი გადიოდნენ გრძელ გვირაბებს, რომელთა სიმაღლე ზოგან 70 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. დღეს ქვანახშირის მოპოვება, რომელიც სვალბარდის ეკონომიკის ძირითად საყრდენს წარმოადგენს, თანამედროვე მეთოდებით ხდება. ბოლო დროს ინტენსიურად ვითარდება ტურიზმიც.
სვალბარდში მსოფლიოში მარცვლეულის დიდი საცავი მდებარეობს, რომელშიც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მარცვლეულის ნიმუშები და თესლებია დაცული. ეს ერთგვარი სეიფია, რომელსაც ხშირად აპოკალიფსის საცავსაც უწოდებენ ხოლმე. ფართომასშტაბიანი კატაკლიზმების შემთხვევაში, ეს საცავი იქნება ის ადგილი, სადაც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან თესლებს საფრთხე არ დაემუქრებათ. საჭიროების შემთხვვევაში კი ჩვენ მათი თავიდან გამრავლება შეგვეძლება.
თესლები -18 გრადუს ცელსიუსზე, ჟანგბადით ღარიბ გარემოშია შენახული, რათა გახრწნის პროცესი მაქსიმალურად შენელდეს. საცავის ადგილი შემთხვევით არაა შერჩეული. თუ რამე მიზეზის გამო საცავს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, მის გარშემო არსებული მუდმივად გაყინული მიწა თესლებს გალღობისგან დაიცავს. თუმცა, ნორვეგიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მოხსენებით ირკვევა, რომ სვალბარდის კუნძულებზე კლიმატის ცვლილების გამო გარემო მნიშვნელოვნად იცვლება. ექსპერტთა ვარაუდის მიხედვით, საუკუნის ბოლო მეოთხედში კუნძულზე ტემპერატურა 10 გრადუსით მოიმატებს, ხოლო თუ კაცობრიობა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ზომებს მიიღებს, აღნიშნული მატება უბრალოდ 7 გრადუსამდე შემცირდება.
მომატებული ტემპერატურა საცავის გარშემო არსებული გაყინული მიწის გალღობას გამოიწვევს, რაც ამჟამად ქანებში დამწყვდეული მეთანისა და ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებასაც გამოიწვევს. რამდენიმე წლის წინ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურების გამო საცავი დაიტბორა კიდეც, თუმცა, საბედნიეროდ, გადანახული თესლები არ დაზიანებულა.
ტემპერატურის მატებასთან ერთად საცავს სხვა საფრთხეებიც ემუქრება. კლიმატური ცვლილებების გამო არქიპელაგზე გახშირდება წვიმები, გააქტიურდება მეწყერები და ზვავები, თოვლის სეზონი კი უფრო მოკლევადიანი გახდება.
მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები სამომავლო პროგნოზებია, მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ რადიკალური ცვლილებების დანახვა, განვლილ 50 წელიწადშიც შეიძლება. კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად საცავის განახლებისათვის მილიონობით დოლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა, ჯერჯერობით კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ეს საკმარისი არ ირის.