საოცარია ჰავაის ვულკანური პარკი. ტურისტები ფოტო და ვიდეოაპარატებით მომზადებულნი სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებენ ვულკან მაუნა-ლოას კრატერს, საიდანაც მოლურჯო-მოშავო ფერის ორთქლი ამოდის. დროდადრო მიწისქვეშა გუგუნი ისმის და მიწის მსუბუქი რყევაც იგრძნობა, თუმცა ტურისტები მაინც ელოდებიან ვულკანის ამოფრქვევას და ყველა მოულოდნელობისთვის მზად არის, მაგრამ ვულკანის ყელიდან ამოვარდნილი ცეცხლის სვეტი, გავარვარებული ქვები, ლავა და ფერფლი მაინც მათ დიდ შიშსა და გაოცებას იწვევს. ირგვლივ ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის, შეშფოთებული ტურისტები გამალებულნი ატრიალებენ ვიდეოკამერებს, ჩქარობენ გადაიღონ ბუნების ეს მრისხანე და, ამავე დროს, დიდებული მოვლენა. მაუნა-ლოა კი მოქმედებას განაგრძობს: ისვრის გავარვარებული ქვების ახალ-ახალ პარტიას, ანთხევს ლავას, აფრქვევს ფერფლს.
მაუნა-ლოა ჰავაის არქიპელაგის ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი საშუალოდ სამ წელიწადში ერთხელ ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას. სწორედ ამ დროისთვის იკრიბებიან აქ იშვიათი სანახაობის მოყვარული ტურისტები.