გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ატაკამა, უდაბნო, უნალექო,

ცოცხალი მეცნიერების ლაბორატორია: ატაკამის უნიკალური ბუნება

ატაკამის უდაბნო (ესპ. Desierto de Atacama)  სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე თითქმის 1000 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული. უდაბნოს ფართობი 105,000 კვ, კმ-ია და ჩილეს ჩრდილოეთით მდებარეობს.

ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში, რაც NASA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. ატაკამას ზოგიერთ მეტეოროლოგიურ სადგურზე წვიმა არასდროს დაფიქისირებულა. ნალექის გარეშე ოთხ წლამდე პერიოდები რეგისტრირებულია უდაბნოს ცენტრალურ სექტორში, რომელიც  ჩილეს  ქალაქებს – ანტოფაგასტას, კალამასა და კოპიაპოს – შორის მდებარეობს. ატაკამაში ნალექის საშუალო  წლიური რაოდენობა დაახლოებით 1 მმ-ია.  გეოგრაფიულად, ატაკამას სიმშრალე იმით აიხსნება, რომ იგი  ორი საკმაოდ მაღალი მთიან სისტემას შორის (ანდები და ჩილეს სანაპირო ქედი)  მდებარეობს. ორივე  – ანდების მთები და ჩილეს სანაპირო ქედი, რომლებიც გარს აკრავს ამ უდაბნოს,  ბლოკავს  ტენიანობას, რის გამოც ატაკამას უდაბნო მცენარეულობისთვის ერთგვარ სასიკვდილო ზონად აიქცევა.

დღის განმავლობაში უდაბნოში ტემპერატურამ შეიძლება 40º C-ს  მიაღწიოს, ხოლო ღამით კი 5º C-მდე დაეცეს. მთელი წლის განმავლობაში, დღეების 90%-ზე მეტი მზიანია.

ატაკამა მსოფლიოში  ბუნებრივი ნატრიუმის  ნიტრატის უდიდესი მარაგით გამოირჩევა. ნატრიუმის ნიტრატს სასუქებისა და ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის იყენებენ. 1940-იან წლებში ამ მინერალის მოპოვების, რომელსაც ასევე  ჩილეს მარილს უწოდებენ, ბუმი იყო. დღეს უდაბნოში მრავლადაა მიტოვებული სამთო ქალაქები.  საინტერესოა, რომ 1800-იანი წლების ბოლოს ჩილესა და ბოლივიას შორის დავა დაიწყო ატაკამას  გამო (Guerra del Pacífico –  წყნარი ოკეანის ომი), რადგან ორივე ქვეყანა აცხადებდა, რომ ამ უზარმაზარი სამთო პოტენციალის მქონე რეგიონის კანონიერი მფლობელები იყვნენ. ომის ბოლოს ჩილემ აიღო კონტროლი მთელ რეგიონზე.

ატაკამას  ნიადაგის ნიმუშები ძალიან ჰგავს პლანეტა მარსის ნიმუშებს. ამ მიზეზით, NASA უდაბნოს წითელ პლანეტაზე მისიების ინსტრუმენტების შესამოწმებლად იყენებს. ატაკამას ხშირად მარსზე სცენების გადასაღებ ადგილადაც იყენებენ,  როგორც მაგალითად სატელევიზიო სერიალში Space Odyssey: Voyage to the Planets.

მიუხედავად იმისა, რომ ატაკამა ყველაზე მშრალი უდაბნოა მსოფლიოში და საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა დღის განმავლობაში, აქ მთების მაღალი მწვერვალები თოვლით არის დაფარული.

ატაკამას უდაბნო დედამიწაზე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადგილებს შორის, სადაც წელიწადში 300+ დღე მზიანია და ღრუბლების გარეშე. უღრუბლო ცისა და სიმაღლის გამო იგი საუკეთესო ადგილია ჩვენს პლანეტაზე ობსერვატორიებისთვის. ბოლო წლებში უდაბნოში  მსოფლიოში უდიდესი სახმელეთო ტელესკოპი დადგეს, სადაც 66 რადიოტელესკოპის მიერ გადაღებული სურათების დახმარებით ვარსკვლავების ფორმირებაზე დაკვირვება მიმდინარეობს.