გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ჩილე, სამხრეთი ამერიკა

ჩილე – ყველაზე გრძელი, ვიწრო და სამხრეთით მდებარე სახელმწიფო

ჩილე გრძელი, ვიწრო ქვეყანაა, რომელიც  სამხრეთ ამერიკის დასავლეთ კიდეშია გადაჭიმული.  მას დასავლეთით წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთით ანდების მთები ესაზღვრება. ქვეყნის სიგრძე 4300 კილომეტრზე მეტია, მაგრამ მის ყველაზე განიერი ადგილი მხოლოდ 350 კილომეტრია.

სანტიაგო ჩილეს დედაქალაქი და  ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო ვალპარაისო  ქვეყნის მთავარი პორტი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩილეს ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა სამხრეთ რეგიონებში ბევრი ადამიანი საუბრობს მაპუდუნგუნზე, მკვიდრი მაპუჩე ხალხის ენაზე.

ჩილეს ეროვნულ დროშას  “La Estrella Solitaria” (მარტოხელა ვარსკვლავი) ჰქვია და მასზე გამოსახულია ვარსკვლავი, რომელიც  ქვეყნის წინსვლის გზამკვლევის  სიმბოლოს წარმოადგენს.

ჩილე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი პეიზაჟებით, რომელიც მოიცავს უდაბნოებს, მთებს, ტყეებს და მყინვარებს, რაც მას სამოთხედ აქცევს ტურისტებისთვის. წყნარი ოკეანის „ცეცხლოვანი რგოლის“ გასწვრივ მდებარეობის გამო ჩილეში ხშირია მიწისძვრები. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი  მიწისძვრა, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა და რომლის მაგნიტუდა 9,5 ოყო, 1960 წელს მოხდა.

ატაკამის უდაბნო ჩრდილოეთ ჩილეში ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე. უდაბნოს ზოგიერთ რაიონში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნალექი  საერთოდ არ  მოდის.

ჩილე ამაყობს მსოფლიოში ყველაზე სუფთა ცით, რაც მას ასტრონომიული ობსერვატორიების მთავარ ადგილად აქცევს. სწორედ აქ მდებარეობს  ცნობილი პარანალის ობსერვატორია.

ჩილე სპილენძის წამყვანი მწარმოებელი ქვეყანა  და  მსოფლიოს სპილენძის დაახლოებით მესამედს აწვდის.

ჩილეს  სანაპირო ზოლი  6000 კილომეტრზე  მეტია, რის გამოც მისი საზღვაო მეურნეობა უზრუნველყოფილია ზღვის პროდუქტებით, მათ შორის თევზით, მოლუსკებითა და წყალმცენარეებით.

ქვეყანა  ასევე განთქმულია თავისი ღვინის წარმოებით, განსაკუთრებით წითელი ღვინოებით, როგორიცაა Carménère და Cabernet Sauvignon. ჩილე ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.

ჩილე წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა ლათინურ ამერიკაში: ქვეუნის მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეუძლია წერა-კითხვა.

ქვეყანას აქვს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა,  რომელიც  შექმნილია როგორც ადგილობრვი ტრადიციების, ისე ევროპული კოლონიზაციის გავლენის ქვეშ. აღდგომის კუნძული, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ჩილეს განსაკუთრებული ტერიტორიაა და თავისი იდუმალი მოაის ქანდაკებებითაა ცნობილი.

მაპუჩეს ხალხი ჩილეს ერთ-ერთი უდიდესი ძირძველი ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა აქვს ქვეყნის ტრადიციებსა და ისტორიაზე.

ჩილეს ეროვნული ცეკვა არის კუეკა,  რომელიც ჩილელებისთვის იგივეა რაც  ტანგო არგენტინელებისთვის ან  სამბა ბრაზილიელებისთვის. ცეკვის თანმხლებ სიმღერაში შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერი მნიშვნელობა ჩასვათ – რაც თქვენს გულს სურს. ასეთ თავისუფლებასა და შეუზღუდავ ქმედებაში ჩანს ჩილელი ხალხის სული, რომელმაც ბევრი ტანჯვა და განსაცდელი განიცადა, მაგრამ ამის მიუხედავად შეინარჩუნა სული, თავისუფლება და ეროვნული მახასიათებლები.

1973 წელს ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. იმ დროს ბევრი მამაკაცი მოკლეს ან ციხეში ჩასვეს. ხალხს აეკრძალა მიტინგებისა და მსვლელობის გამართვა, თუმცა მხოლოდ ერთი რამ იყო დაშვებული –  ცეკვა. შემდეგ გამოჩნდა ცეკვა „Lonely Cueca“. ქალები მთავრობის შენობებთან მოდიოდნენ და მარტო იწყებდნენ ცეკვას. ამავდროულად, ისინი თითქოს ეხუტებოდნენ უხილავ პარტნიორებს – მათ ქმრებს ან ნათესავებს. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, მწუხარებისა და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება.

დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული მხიარული და ონოვრული კუეკა. ჩილეში ნებისმიერი ტურისტი აუცილებლად იხილავს ამ ცეკვას და შეძლებს შეუერთდეს საერთო გართობას. ეროვნული ცეკვა, რომელიც მრავალი წელია ხალხის ემოციებსა და ტანჯვას გამოხატავს, ყველა მნახველს მოეწონება.