ხანძარი სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და მის ქონებას, ხშირ შემთხვევაში, ბუნებას. ხანძარი შეიძლება განზრახ ან ბუნებრივად წარმოიქმნას. ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ტყის მასივებს და სხვა მწვანე მცენარეებს – ბუჩქებს, ბალახს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და მიტოვებული ადგილების მახლობლად.
ტყის ხანძარი ჩნდება ბუნებრივი და ანთროპოლოგიური მიზეზებით. ბუნებრივი მიზეზებია – ელვა და გვალვა; ანთროპოგენური კი – ადამიანის დაუფიქრებელი ქმედება. როდესაც ტყეში ხანძარი ჩნდება, მისი გამწვავება ქარს, ფერდობის დახრილობას ან ადვილად აალებად მასალას (მაგალითად, გამხმარ, გამომშრალ მცენარეებს) შეუძლია. სიტუაცია მაშინ უარსდება, თუ ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა. ამის გამო ათასობით ჰექტარი ტყეც კი შეიძლება გადაიწვას.
ტყის ხანძრები, ისევე როგორც ტყე, გეოგრაფიული მოვლენაა, რადგან ტროპიკული ტყეები მაღალი ტემპერატურის ზონებში, ხოლო ბორეალური ტყეები ზომიერ კლიმატურ ზონებში მდებარეობენ. ევროპის, ჩრდილოეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში ხანძრები ძირითადად გაზაფხულ-ზაფხულის და ზაფხულ-შემოდგომის პერიოდებში ხდება. ქვეყნებში კი, სადაც თბილი და მშრალი ზამთარია, ე.წ. „ზამთრის“ ხანძრებია გავრცელებული. ასეთი ხანძრები ხშირია აფრიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ყველაზე დიდი ტყის ხანძარი კაცობრიობის ისტორიაში 1982 წლის სექტემბერში ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე დაიწყო და თითქმის 10 თვე გაგრძელდა. ხანძრის მიზეზი ხანგრძლივი გვალვა და ინდონეზიური მიწათმოქმედების მეთოდი, ე.წ. მიწის მოწვაა. შედეგად 8 ათასი კვ. კმ. ტყე განადგურდა, მთლიანად ხანძრისგან კი 36 ათასი კვ.კმ. ფართობი დაზარალდა. განადგურდა ფლორა-ფაუნის რამდენიმე სახეობა, დაიღუპნენ ცხოველები. ხანძრის შედეგად საგრძნობლად შეიცვალა მიკროკლიმატი.
მსხვილი სატყეო ხანძრები რეგულარულად ჩნდება ავსტრალიის კონტინენტზე. უძლიერესი ხანძრები დაფიქსირდა 1851, 1898, 1926, 1939, 1983 წლებში, რომლებსაც ტრაგიკული შედეგები ჰქონდათ. მაგალითად: 1939 წელს შტატ ვიქტორიაში ხანძარმა 1, 4 მილიონი ჰექტარი ტყე მოიცვა, რის შედეგად 1300 შენობა განადგურდა და 71 ადამიანი დაიღუპა. 1983 წლის თებერვალში სამხრეთ ავსტრალიაში 43 გრადუსი სიცხის, გვალვის და 100 კმ/სთ სიჩქარის ქარის შემდეგ 160 ათასი ჰექტარი ტყე და 400 სახლი განადგურდა, განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა 16 თებერვალი განადგურდა 2000 სახლი, დაიღუპა 76 ადამიანი, მათ შორის 16 მეხანძრე.
ხანძრები ხშირია აშშ-ში. 2008 წელს, 21 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ტყის ხანძარმა კალიფორნიის შტატში (აშშ) 1300 კვადრატული მილი ტერიტორია გაანადგურა. შედეგად 250 ათასი ჰექტარი ტყის მასივი და 100 შენობა დაიწვა. 2009 წლის მაისში ხანძარმა სანტა-ბარბარას მახლობლად 33 კვ.კმ. ტერიტორია გაანადგურა: დაიწვა 88 სახლი, ხოლო 30 000 ადამიანი ევაკუირებული იყო.
2016 წელს 1 მაისს კანადაში ალბერტის პროვინციაში, ფორტ-მაკმკურეიში დაწყებულმა ხანძარმა 580 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა და 80 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
საბერძნეთში, 2007 წელს ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიას 9000 მეხანძრე და 500 ჯარისკაცი ებრძოდა, ხანძრის ჩაქრობაში მსოფლიოს 19 ქვეყნიდან საერთაშორისო ძალები ჩაერთნენ. ხანძრის შედეგად დაიღუპა 67 ადამიანი, განადგურდა 200 ათასი ჰექტარი მიწა და დაიწვა 1500 სახლი. 2017 წელს საბერძნეთში 141 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა. შედარებისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში საბერძნეთში ყოველწლიურად საშუალოდ 45 ათასი ჰექტარი ტყე იწვის. ცეცხლის პირისპირ აღმოჩენილმა საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა.
2005 წელს ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა პორტუგალიაში. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 3500 მეხანძრე, 30 თვითმფრინავი და 987 სახანძრო მანქანა. დაიღუპა 11 ადამიანი. პოლიციამ დააკავა 108 პირი, რომლებიც ხანძრის განზრახ გაჩენაში იყვნენ ეჭვმიტანილი. პორტუგალიაში 2017 წლის დასაწყისიდან 140 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც გასული წლების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. მეხანძრეებს ცეცხლის 10 ათასზე მეტ კერასთან მოუწიათ გამკლავება. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2500-ჯერ მეტია. ევროკომისიამ პორტუგალიას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დახმარების სახით 45 მილიონი ევროს გამოყოფას შეჰპირდა. ივნისში პორტუგალიაში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პორტუგალიას ცეცხლის ჩაქრობაში მეზობელი ესპანეთი ეხმარება, რომელსაც ამავე დროს, თავად უწევს ცეცხლოვან სტიქიასთან ბრძოლა. ესპანეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს ესპანეთში 75 ათასი ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა, რაც ბოლო ხუთწლიანი პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ესპანეთის ტერიტორიის 0,28%-ია. 2017 წელს ქვეყანაში მეხანძრეებს უკვე 20-ზე მეტ მასშტაბურ ხანძართან (500 ჰექტარზე მეტი ფართობის) მოუწიათ გამკლავება. 2016 წელს ასეთი ძლიერი ხანძარი 10 იყო, 2015 წელს – 13, 2014 წელს კი მხოლოდ ექვსი. თუმცა მიმდინარე წელზე გაცილებით რთული ესპანეთისთვის 2012 წელი აღმოჩნდა, როდესაც დაიწვა ქვეყნის ტერიტორიის 0,6%.
ხანძარს ვერც საქართველო გადაურჩა. 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკვე 30-მდე ხანძარი დაფიქსირდა. მათ შორის კი ყველაზე ძლიერი 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. ხანძრის შედეგად 100 ჰექტარზე მეტი ფართობის საფარი მთლიანად განადგურდა.
დაბოლოს რამდენიმე საჭირო რეკომენდაცია, რომლის ცოდნა აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის.
როგორ ავიცილოთ თავიდან ტყისხანძრები:
არ გადავაგდოთ ჩაუმქრალი სიგარეტი და არ დავტოვოთ ჩაუმქრალი კოცონი;
არ დავწვათ ბალახი ან ნაგავი ქუჩაში, გამწვანების ზოლში, მინდვრებში და ტყის სიახლოვეს;
არ დავანთოთ ცეცხლი ტყის, გამხმარი ბალახის ან ტოტების სიახლოვეს.
არ დავტოვოთ ნაგავი ტყეში, რადგან არსებობს მისი თვითაალების საშიშროება.
რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ხანძრის დროს:
საჭიროა დროული ევაკუაცია ხანძრის მიმდებარე რაიონებიდან;
მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს ცეცხლის გავრცელების პერპენდიკულარული მიმართულებით.
ხანძრის კერის სიახლოვეს დარჩენილმა მოსახლეობამ ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე სველი დოლბანდით, პირსახოცით ან ცხვირსახოცით უნდა დაიფაროს ცხვირ-პირი; უნდა გათიშოს ელექტროენერგია;
მოსახლეობა უნდა გადაადგილდეს მდინარეებისკენ, ტბებისა და წყაროებისკენ.