“ნოსიბე _ საოცრება ოკეანეში!” – ასე იუწყებიან მრავალფეროვანი რეკლამები მადაგასკარის რესპუბლიკის დედაქალაქ ანტანანარივუში. “ნოსიბე ჩვენი სიამაყეა, აქ აუცილებლად უნდა მოხვდეთ” – რჩევას გვაძლევენ რესპუბლიკის საინფორმაციო დეპარტამენტში.
ტყუილად დაუწყებთ ძებნას აფრიკის რუკაზე და ენციკლოპედიაში ამ სახელს. ნოსიბე პაწაწინა კუნძულია, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოზამბიკის სრუტეში შესასვლელს “დარაჯობს”.
ანტანანარივუს აეროპორტიდან ორი საათის შემდეგ აღმოჩნდებით ნოსიბეს ქალაქ ვოემარში. ქალაქი პატარაა, მაგრამ კუნძულის მცხოვრებთა მეოთხედი აქ ცხოვრობს. ვოემარი უფრო პარკია, ვიდრე ქალაქი, სადაც პალმების ჩრდილში სუფთა, კოხტა ბუნგალოები და მაღაზიებია ტურისტებისთვის შემალული. მაღაზიებში კი გასაოცარი სუვენირები იყიდება, მაგალითად გამხმარი პატარა ნიანგები.
რატომ უწოდეს კუნძულს საოცრება ოკეანეში? ნუთუ მხოლოდ ზღაპრული სილამაზისა და არაჩვეულებრივი ქვიშიანი პლაჟების გამო? სინამდვილეში ნოსიბე – ეს “მინიატურული მადაგასკარია”. ის, რაც კუნძულ მადაგასკარზე უნდა ნახოთ მრავალდღიანი მოგზაურობისას, პაწია ნოსიბეზე რამდენიმე საათში იხილავთ.
როგორც მადაგასკარზე, აქაც მთები მარადმწვანე ტროპიკული ტყით არის დაფარული, რომელშიც ბატონობს “მოგზაურთა პალმა” – რავენალა. გარეგნულად ხე გიგანტურ მარაოს ჰგავს, რომლის ოთხმეტრიან ფოთლებს შორის ჩაღრმავებაში გამაგრილებელი წვენი და წვიმის წყალი გროვდება, რომლითაც მგზავრს ყოველთვის შეუძლია წყურვილის მოკვლა. კუნძულზე არ არის არც მდინარე და არც ჭა, ამიტომ რავენალა წყალსაც იძლევა და საშენ მასალასაც. მისი ტყავისებური ფოთლებით ხურავენ ქოხებს, ამზადებენ ჭურჭელს, იყენებენ ჭილოფის მაგივრად.
ტყე სავსეა ლემურებით. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით მომაკვდავი ადამიანის სული ლემურში გადადის, ამიტომ მათ უფრთხილდებიან, ისინი ძლიერ მომრავლდნენ და სულაც არ ეშინიათ ადამიანების.