იოანე მახარაძე
ხშირად მოვისმენთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურბანიზაციის ეპოქაში და ეს ნამდვილად სიმართლეა. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე გაცილებით მეტი, უკვე თითქმის 58% ცხოვრობს ქალაქში. ურბანიზაციის დონე, ანუ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელი ქვეყნის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მაღალია განვითარებულ და სუპერ განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და იაპონია. მსოფლიოს ქალაქებში დღეს 4,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან მოსახლეობით ორ უდიდეს სახელმწიფოში ჩინეთსა და ინდოეთში ურბანიზაციის პროცესი მზარდი ტემპებით მიმდინარეობს.
მსოფლიოს დიდი ქალაქების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დიდი ქალაქების მდებარეობს ემთხვევა უძველესი ცივილიზაციების გავრცელების არეალს, რომელთა დასახლება იქ, სადაც ისინი მდებარეობდნენ ჰიდრორესურსებმა განაპირობა.
ქალაქი ბაღდადი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი მილიონერი ქალაქი იყო. მალევე, მილიონერი ქალაქი გახდა რომი და შემდეგ ალექსანდრია (ეგვიპტე). პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომლის მოსახლეობამაც 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა ლონდონი იყო, ხოლო პირველი ქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 10 მილიონს განსცდა – ნიუ-იორკი. გაეროს კრიტერიუმებით, 10 მილიონზე დიდ ქალაქებს მეგაქალაქები ეწოდება.
ქალაქებზე საუბრისას ძალიან ხშირად შევხვდებით ტერმინს აგლომერაცია. ტერმინი ლათინური სიტყვიდან „აგლომერო“ მომდინარეობს, რაც ქართულად ნიშნავს „ვუერთებ“. ეს არის ქალაქური დასახლებათა ტიპების სისტემა, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს უერთდებიან, ერწყმიან და ერთიანდებიან. განასხვავებენ მონოცენტრულ და პოლიცენტრულ აგლომერაციებს. მონოცენტრისტულია ისეთი ტიპის აგლომერაცია, რომელშიც ერთი წამყვანი ქალაქია, როგორც ბირთვი და მისი სატელიტი ქალაქები მის ირგვლივ ერთიანდებიან, მაგალითად, თბილისი. ხოლო პოლიცენტრისტული აგლომერაციის შემთხვევაში, მრავალი თითქმის თანაბარი გავლენის ქალაქია წარმოდგენილი. ამის ნათელი მაგალითია გერმანიაში, რურის აუზში, რურის აგლომერაცია.
მეორე ტერმინი, რომელიც ქალაქებზე საუბრისას გვხვდება მეგაპოლისია. ის შეიძლება სუპერაგლომერაციის ან მეგალაქალაქის სახელითაც შეგვხვდეს. საქალაქო განსახლების ყველაზე მსხვილი ფორმა. სტიქიურად ყალიბდება მეზობლად მდებარე დიდი რაოდენობით საქალაქო აგლომერაციების შეზრდის შედეგად. ტერმინი მეგაპოლისი პირველად 1957 წელს გამოიყენეს იმ სისტემის აღსაწერად, რომელიც ქალაქი ბოსტონიდან ქალაქ ვაშინგტონამდე იყო გადაჭიმული და დღეს მას ბოსტვაშის მეგაპოლისის სახელით ვიცნობთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი მეგაპოლისია, ბოსვაში, ჩიპიტსი და სან-სანი, სწორედ ეს უკანასკნელია ერთადერთი, რომელიც მხოლოდ ერთ შტატში, კალიფორნიაში, ვრცელდება. სან-სანის მეგაპოლისი სან-ფრანცისკოდან სან-დიეგომდეა გადაჭიმული და თავის მხრივ, მოიცავს ლოს-ანჯელესს, რომელიც სიდიდით ამერიკის მეორე ქალაქია. ლოს-ანჯელესის გარდა სან-სანში ასევე შედის საკრამენტო, სან-ბერნანდინო, კუპერტინო და ვითიერი. ჩიპიტსი გადაჭიმულია ჩიკაგოდან პიტსბურგამდე და დეტროიტს, კოლუმბუსს, კლივლენდსა და ერს აერთიანებს. ბოსტვაში ბოსტონიდან ვაშინგტონამდე ვრცელდება და ნიუ-იორკს, პროვიდანსს, ფილადელფიას, ბალტიმორსა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს მოიცავს.
გარდა ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლსიებისა, ისინი ასევე გვხვდება გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიაში, რომლის დედაქალაქი – ტოკიო მრავალი წყაროს მიხედვით მსოფლიოს ყველაზე დიდი მეტროპოლიაა.
უდიდესი ქალაქების გადანაწილება კონტინენტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქალაქი მექსიკის დედაქალაქი მეხიკოა, რომელიც წარსულში აცტეკთა იმპერიის ნაწილი იყო და მას ტენოჩტიტლანი ერქვა. მეხიკო ასევე ლათინური ამერიკის უდიდესი ქალაქი და ყველაზე დიდი ესპანურენოვანი ქალაქია მსოფლიოში.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უდიდესი ქალაქია ბრაზილიის ყველაზე მსხვილი საქალაქო აგლომერაცია – სან-პაულოა. ის სან-პაულოს შტატში მდებარეობს და ასევე მსოფლიოს ყველაზე დიდ პორტუგალიურენოვან ქალაქს წარმოადგენს.
ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში, მოსახლეობით კონტინენტის უდიდესი ქალაქი მოსკოვი იყო, თუმცა სწრაფი ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული პროცესების გამო, ბოლო რამდენიმე წელია მრავალი წყაროს ცნობით, კონტინენტის უდიდესი ქალაქის სტატუსი სტამბულმა მოიპოვა. ( თუმცა აქ სადავოა, ჩავთვლით თუ არა სტამბულის აზიურ ნაწილს ევროპის მოსახლეობად). ევროკავშირის უდიდესი ქალაქის ნომინაციაში პარიზია ლიდერი.
აზიის უდიდესი ქალაქი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი და მეგალაქალაქი, ტოკიოა, რომელიც კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს. თავის მხრივ, ეს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული კუნძულია მსოფლიოში. აზიაში ასევე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე დიდი ისლამური ქალაქი ჯაკარტა, რომელიც კუნძულ იავაზეა განლაგებული. აზიაში მეგაქალაქებია შანხაი, ბეიჯინგი, მუმბაი, მანილა.
აფრიკის დემოგრაფია სწრაფად იცვლება. კონტინენტზე მდებარე რამდენიმე სახელმწიფოში აქტიურად მიმდინარეობს დემოგრაფიული აფეთქების პროცესი, ხოლო ბევრგან შექმნილია ჭარბმოსახლეობის პრობლემა. კონტინენტის უდიდესი ქალაქის ტიტული დიდი ხნის განმავლობაში კაიროს ეკავა, თუმცა დღეს ეს სტატუსი მას ლაგოსმა (ნიგერია) ჩამოართვა. ზოგადად, ნიგერიის სახელმწიფო მოსახლეობით ძალიან სწრაფად იზრდება და ექსპერტთა ვარაუდით 2050 წელს მსოფლიოში მე-4 იქნება ამ მაჩვენებლით.
ავსტრალიასა და ოკეანეთში უდიდესი ქალაქი იყო და რჩება სიდნეი.