დედამიწაზე ბუნებრივი ზონები არა მხოლოდ განედურად, არამედ სიმაღლის მიხედვითაც იცვლება. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება კლიმატური პირობები – სითბური რეჟიმი (ჰაერის ტემპერატურა), ატმოსფერული წნევა, ტენიანობა (ნალექების რაოდენობა) და მზით განათების პირობები. კლიმატური პირობების ცვლილებები კი ბუნებრივი ზონების ცვლილებას იწვევს.
სიმაღლის მატებასთან ერთად ლანდშაფტების თანმიმდევრულ ცვლას, რაც კლიმატური პირობების ცვლილებითაა გამოწვეული სიმაღლებრივი სარტყლურობა (ვერტიკალური ზონალურობა) ეწოდება. მთებში სიმაღლებრივი სარტყლები შედარებით სწრაფად იცვლება, ვიდრე ვაკეებზე. საკმარისია, სულ რაღაც 1 კმ სიმაღლეზე ახვიდეთ, რომ ამაში თავად დარწმუნდებით.
სხვადასხვა მთიან მასივში ბუნებრივი ზონების რიცხვი სხვადასხვაა და ეს მთების სიმაღლეზე, მათ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ფერდობების ექსპოზიციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია მთა, და რაც უფრო ახლოს მდებარეობს ეკვატორთან, მით მეტია სარტყლების რაოდენობა. სიმაღლებრივი სარტყლურობა ასევე კარგადაა გამოხატული ზომიერი ჰავის პირობებშიც, მაგ; კავკასიონზე, კარპატებსა ყირიმის მთებში.
მთის ძირში ის ბუნებრივი ზონაა, რომელშიც ეს მთა მდებარეობს, შემდეგ კი სიმაღლის მატებასთან ერთად ზონაც იცვლება. მაგ; თუ მთა ტაიგაში მდებარეობს,მის მწვერვალზე ასვლამდე თქვენ ტაიგის, მთის ტუნდრისა და მარადი თოვლის სარტყლების გავლა მოგიწევთ. თუ თქვენ ეკვატორთან ახლოს მდებარე ანდებში გადაწყვეტთ ასვლას, მაშინ მოგზაურობის დაწყება ტენიანი ეკვატორული ტყეების (ჰილეას) ზონიდან მოგიწევთ.
მთებში სიმაღლებრივ სარტყლებს ფერდობების ექსპოზიციაც განსაზღვრავს. მაგალითად, მარადი თოვლის ქვედა საფარი მთის სამხრეთ ფერდობზე უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე ჩრდილოეთ ფერდობზე.
მთიან სისტემებში სიმაღლებრივი სარტყლების რაოდენობა და ბუნებრივი პირობების არაერთგვაროვნება მცენარეთა თანასაზოგადოების მრავალფეროვნებას განაპირობებს. აქ 1 მ2 ტერიტორიაზე მცენარეთა მეტი სახეობა იზრდება, ვიდრე ამავე ფართობისვაკეზე. მაგალითად, კავკასიონის მცენარეთა სამყარო 6000-ზე მეტ სახეობას მოიცავს, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრალურ დაბლობში მხოლოდ 3500-ია, თანაც ეს ტერიტორია კავკასიონის ფართობს რამდენჯერმე აღემატება.
მთის ტყეების ფართობი 900 მილიონი ჰექტარია, რაც მსოფლიოს ტყის საფარის 20 %-ს შეადგენს. ისინი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე და ყველა კლიმატური ზონაში გვხვდება. მთის ტყეები ევროპაშიბალპების, პირენეების, კარპატებისა და კავკასიის მთების ვრცელ ფართობებს ფარავს, ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია აპალაჩისა და კლდოვანი მთების ფერდობებზე, ავსტრალიაში – ავსტრალიის ალპებში (დიდი წყალგამყოფი ქედი), სამხრეთ ამერიკაში გვიანას მაღალმთიანეთსა და ანდებში, ხოლო აფრიკის კონტინენტზე – ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის მთებში.
მთის ტყეები გავრცელებულია მთიან რეგიონებსა და ცალკეულ მთის მასივებზე. ხშირად მთის ტყეები სხვა ბუნებრივ ზონებთან, მაგ; სტეპთან, ტყესტეპთან ან სავანებთან მონაცვლეობენ. ჩვეულებრივ, მთის ტყის სარტყელი 500 -2000 მ სიმაღლეზე და 5°-იანი დახრილობის ფერდობებზე ვრცელდება, თუმცა შესაძლოა უფრო მაღლა – 3 -4 ათას მეტრ სიმაღლემდეც ვრცელდებდეს. ეს დამოკიდებულია კლიმატზე, მთის აგებულებაზე და მისი ნიადაგის შემადგენლობაზე.
მთის ტყეები ზოგჯერ მთის ძირიდან ალპურ მდელოებამდეც კი ვრცელდება. მათი გავრცელება ვერტიკალური ზონალურობის კანონს ემორჩილება, თუმცა სხვადასხგვა მთიან სისტემებში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობითაა გამოწვეული.
ტყის ზედა საზღვარი მთის სიმაღლეზე, მის გეოგრაფიაზე, მდებარეობაზე, ტემპერატურულ და ნიადაგურ პირობებსა და ტენიანობაზეა დამოკიდებულია. რაც უფრო მაღალია მთიანი სისტემა და დაბალია გეოგრაფიული განედი, მით უფრო მაღალია ტყის ზედა საზღვარი.
ტყის ქვედა საზღვარი, თბილ და მშრალ კლიმატურ რეგიონებში, არიდული მეჩხერი ტყეებით მთავრდება, რომელიც როგორც წესი ნახევარუდაბნოს ან უდაბნოს ზონაში გადადის. ეს ნიადაგის ტენიანობით, მისი დამლაშებითა და ტემპერატურული პირობებით განისაზღვრება.
ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით ტყის ზედა საზღვარმა შეიძლება დაბლა დაიწიოს , ქვედა კი ყოველთვის მკაფიოდ არაა გამოხატული. მაგ;. ჩრდილეოთი ურალის მთებში ზედა საზღვარი 680 მ-ზე გადის, ხოლო ტიან-შანის მთებში – 2000 მ-ზე.
მთის ტყეების სტრუქტურა, სახეობრივი შემადგენლობა, პროდუქტიულობა და მდგრადობა არახელსაყრელი ბუნებრივი ფაქტორები მიმართ მისი გეოგრაფიული მდებარეობით, სიმაღლით, რელიეფითა და ფაერდობების ექსპოზიციითაა გაპირობებებული. სიმაღლის ზრდასთან ერთად ტყის სარტელში მნიშვნელოვნად მცირდება ხეების სიმაღლე და სიხშირე.
მთის ტყეები მცენარეული და ცხოველური სახეობების მრავალფეროვნებითა და უნიკალური კოლექციით გამოირჩევა. აქ ბინადრობს და იზრდება ისეთი სახეობები, რომლებსაც ვაკე-დაბლობებზე ვერ ნახავთ. მათი ზოგიერთი სახეობა საკმაოდ იშვიათი და მცირერიცხოვანია და ჰაბიტატების პატარა „კუნძულებს“ ქმნიან.
კარპატების მთის ტყეებში იზრდება ჩვეულებრივი ნაძვი, თეთრი ნაძვი, ტყის წიფელი, თელა, კლდის მუხა, პოლონური და ევროპული ლარიქსი, კენკროვანი, ევროპული კედარის ფიჭვი და ა.შ. ტყის ზედა საზღავრი 1200-1700 მ-ზე გადის. ყირიმის ტყეებს ქმნის მუხა, ევროპული წიფელი, ყირიმის ფიჭვი, რცხილა და ა.შ. ტყის საზღვარი 1000-1400 ია.
ალპების მთების სიმაღლე მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, მთებში ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას განაპირობებს. საგრძნობლად განსხვავდება ალპების ჩრდილო და სამხრეთი კალთებისა და აგრეთვე სხვადასხვა რაიონის ფლორა, გარდა ამისა, თითოეულ რაიონში მცენარეები სხვადასხვა ექსპოზიციის კალთებზეც კი განსხვავებულია. ფორმაციის თითოეულ ჯგუფს ეტყობა სიმაღლის ზონების მთელი ბუნებრივი კომპლექსის თავისებურებები. მთლიანობაში ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.
სიმაღლებრივი სარტყლურობა ნათალდ არის გამოხატული კავკასიონზე. კავკასიის მთის ტყეებში ხარობს ქართული მუხა, იმერული მუხა, ჰარტვისის მუხა, აღმოსავლური წიფელი, კავკასიური სოჭი, აღმოსავლეთის ნაძვი, კაკალი და ბიჭვინთის ფიჭვი, წაბლი, კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კავკასიური მსხალი, აღმოსავლური ვაშლი, ძელქვა (რელიქტი) და ა.შ. ტყის ზედა საზღვარი 2300-2500 მ-ზე გადის. კავკასიონის მთებში ქვედა სარტყელს ფართოფოთლოვანი ტყეები იკავებს, სადაც წამყვანი სახეობაა მუხა. შემდეგ გვხვდება წიფლის ტყეები, რომლებიც სიმაღლის მატებასთან ერთად ჯერ შერეული, შემდეგ ნაძვნარ-სოჭნარ ტყებში გადადიან. ტყის ზედა საზღვარი 2000-2200 მ სიმაღლეზე გადის, რასაც სუბალპური მდელოები მოყვება კავკასიური როდოდენდრონის ბუჩქნარით. შემდეგ გვხვდება ალპური დაბალბალახეულობა, ბოლოს კი სუბნივალური და ნივალური სარტყელი – მარადი თოვლისა და მყინვარების ზონა.
მთის ტყეები ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებს წარმოადგენენ და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით როლს ასრულებენ გლობალური მასშტაბით.
კლიმატის ცვლილების გამო მთის ტყეები საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა უფრო მეტად ადამიანის სამეურნეო საქმიანობა უქმნის პრობლემებს. ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ მთის ტყეებს პირუტყვის საძოვრად, შეშის საჭრელად და ჩაისა და ყავის პლანტაციების გასაშენებლად. განსაკუთრებით საფრთხე ემუქრება მთის ტყეებს აღმოსავლეთ აფრიკაში – რუანდაში, ბურუნდიში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიაში, მალავისა და უგანდაში; ასევე ჰიმალაის რეგიონში – ნეპალში, ინდოეთსა და პაკისტანში, კავკასიაში – სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – ლაოსაა და კამბოჯაში. ბევრ ადგილას მთის ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა – მაგალითად, კარიბის ქვეყნებში, ფილიპინებსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში.
ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის მთიანი ტერიტორიები უძველესი დროიდან თითქმის სრულად დაფარული იყო ტყეებით. სამწუხაროდ, ინტენსიური შეშის ჭრის, მოგვიანებით კი ხანძრებისა და გადაძოვების შედეგად ეს ტყეები სრულად განადგურდა. დღეს იქ უამრავი სხვადასხვა სახეობის მცენარე იზრდება, მაგრამ აქამდე არსებულ ბუნებრივ მცენარეულობისგან სრულიად განსხვავებულია.
მთის ტყეების წყალმარეგულირებელი, ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქცია აქვთ და დასახლებიულ პუნტებს, სატრანსპორტო მაგისტრალებს და სხვ. ზვავებისგან, მეწყერებისგანმ ღვარცოფებისგან იცავენ, ხელ უშლიან ძლიერ ქარებს და ჰაერის ცივი მასების გავრცელებას ხეობებში. ისინი ასევე არეგულირებენ წვიმისა და ზედაპირული წყლების ჩამონადენს, რისი წყალობითაც არ იცვლება წყაროებისა და მინერალური წყაროების დებიტი და მდინარეთა დონე წყალმარჩხობის დროს. გარდა ამისა მთის ტყეები ძვირფასი მერქნის წყაროა.
მთის ტყეების ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა წყლის შენახვა და ეროზიის აღკვეთაა. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონალურ კლიმატის ფორმირების პროცესში. მათ შეუძლიათ წვიმის წყალი ღრუბელივით „შეიწოვონ“. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მთის ტროპიკული ტყეები, რომლებიც აგროვებს ყოვრლდღიური კოკიპირული წვიმების წაყლს „აგროვებს“ წყაროების, ნაკადულების და მდინარეების სახით, რაც მთელი წლის განმავლობაში წყლის განაწილებას უზრუნველყოფს და იცავს ნიადაგს ეროზიისგან. ამავე დროს, ტყეებს აქვთ გაგრილების ეფექტი და ქმნიან რეგიონალურ დაბალანსებულ კლიმატს.
მთის ტყეები, სხვა ტყეების მსგავსად, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავენ. როცა ტყეები იჩეხება და ნადგურდება, ატმოსფეროსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა სათბურის აირები, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.
მთის ტყეების ტიპური და უნიკალური ლანდშაფტების დასაცავად შექმნილია ნაკრძალები. კავკასიის რეგიონში ყველაზე ცნობილია კავკასიის, თებერდის, ყაბარდო-ბალყარეთის, ლაგოდეხის ნაკრძალები, სოჭის, იალბუზისპირეთის ეროვნული პარკები, რიწის დაცული ტერიტორია და სხვა. მათგან კავკასიის ნაკრძალი, სოჭის ეროვნული პარკი და სხვა მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.