მანგროს ტყეები, რომლებიც ხეებისა და ბუჩქების სახით გვხვდება, ბუნების ერთ-ერთ საოცრებას წარმოადგენს. ტანდაბალი (5-10 მ) და მარადმწვანე მანგროს ტყეები მხოლოდ ლიტორალურ (ზღვის ფსკერის ზონა, რომელიც მიქცევისა და მოქცევის შედეგად დღე-ღამეში ორჯერ იფარება წყლით და შიშვლდება) ზონაში იზრდება, შემდეგ კი თანდათან კონტინენტურ ტენიან ტროპიკულ ტყეებში გადადის.
მანგროს ტყეები გვხვდება აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე; ასევე – აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე, ამერიკის კონტინენტების წყნარი ოკეანის სანაპიროზე სამხრეთ კალიფორნიიდან ჩ.გ. 4°-მდე.
სამხრეთ ნახევარსფეროში მანგროები ეკვატორს კიდევ უფრო სცილდება: აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ისინი დურბანის მიმდებარე ტერიტორიებს (ს.გ. 33°) აღწევენ, ხოლო აღმოსავლეთ ავსტრალიაში – ს.გ. 38°-ს.
სულ მსოფლიოში მანგროს დაახლოებით 70 სახეობას ითვლიან. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: მირტი, პალმა, ნიპა, მბრწყინავი და ზღვის ავიცენია, ჰიბისკუსი. ამ მცენარეებისადმი დიდი ინტერესი იმის გამო გაჩნდა, რომ ისინი წყლის სქელი ფენის ქვეშ და მაღალი მარილიანობის პირობებშიც კი იზრდებიან. მონაცემები მანგროს ხეების ფესვების სიგრძის შესახებ ფიქსირებული არაა: მათი ფესვის სიგრძე 30 სმ-დან 20-30 მ-მდე იცვლება.
მანგროები ხმელეთსა და ზღვას შორის, წყლის მოქცევის ადგილებში იზრდება, იქ სადაც მლაშე და მტკნარი წყალი ერთმანეთს ერევა. აქ წყალი ისეთი მარილიანია, რომ მრავალი მცენარე ამას ვერ აიტანდა, მაგრამ მანგრო ადვილად ეგუება ასეთ გარემოს.
მანგროს ტყეების მნიშვნელობა ეკოსისტემაში
მანგროს ტყეებს ასევე დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. მას იყენებენ შეშად, მისგან იღებენ ნახშირს და ამზადებენ საქონლის საკვებს; მანგროდან მიიღება ტანინი; ასევე სხვადასხვა მედიკამენტის დასამზადებელ ნედლეულადაც გამოიყენება. მოიპოვება თაფლი. მანგროს ხეები გამოიყენება მშენებლობაში, ქაღალდის, ქსოვილისა და ტყავის წარმოებაში. მანგროს გავრცელების არეალში ვხვდებით საკვებად ვარგის თევზებს, კიბოსნაირებსა და მოლუსკებს, ხამანწკებს, ამიტომ ამ მიდამოებს ხშირად სტუმრობენ თევზსარეწაო კომპანიები. ეს ადგილები ტურისტებისთვისაც ძალიან მიმზიდველია.
მანგროს ხეები აკავებს ქარიშხალს, რომელიც გამოიწვევდა არა მხოლოდ სანაპირო ზოლის ეროზიას, არამედ ათასობით ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნიდა საფრთხეს. ეს ტყეები, როგორც მყარი კედელი, ცუნამისგან იცავს ნიადაგს, ნაგებობებსა და ადამიანებს. მაგ; 2004 წელს კუნძულ შრი-ლანკას რეგიონში მომხდარი უძლიერესი ცუნამის დროს ყველაზე ნაკლებად სწორედ მანგროს ტყეების მიმდებარე არეალები დაზარალდა. ეს ეფექტი პირდაპირ კავშირშია მანგროს ხეების ფესვების რაოდენობასთან, რადგან ისინი ნიადაგს ფაქტობრივად „ქსელის“ სახით აფიქსირებენ და არ აძლევენ მას გადარეცხვის ან გაფანტვის საშუალებას. მანგროს ხშირი ტყეების წყალობით ასევე ნაკლებად დაზარალდა კუნძულის მოსახლეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანგროს ხეები ეკოსისტემაში, ამ ტყეების ფართობები მაინც თანდათან მცირდება. ექსპერტთა მონაცემებით, ყოველ წელს 100 000 ჰექტარი ფართობის მანგროს ტყე იჩეხება. ხშირად მათ იმიტომ ჭრიან, რომ, ერთი შეხედვით, უფრო მომგებიანი, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო საქმეები ან სამშენებლო პროექტები განახორციელონ. მანგროს ჭაობიან მიდამოებს ბევრი მიიჩნევს კოღოების ბუდედ ქცეულ ტალახიან და მყრალ ადგილად.
ბოლო პერიოდში ბევრ ქვეყანაში მანგროს ტყეების აღდგენითი ღონისძიებები გატარდა და აიკრძალა მანგროს ხეების მოჭრა. ზოგიერთ ქვეყანაში მანგროს ტყეების გაშენების ხელშემწყობი სისტემაც კი არსებობს. განსაკუთრებით ინტენსიურად ამ ტყეების გაშენება ცუნამების გავრცელების რეგიონების სანაპირო ზოლში მიმდინარეობს.