• კლიმატის ცვლილება

    კლიმატის ცვლილება

    მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მეცნიერების ვარაუდით ადამიანის
    სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებით არის გამოწვეული და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის პროცესებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა, როდესაც ადამიანებმა მზარდი
    მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისება. სწორედ ამ დროს აღინიშნა
    დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფები. მსოფლიო აღმოჩნდა სერიოზული საშიშროების წინაშე, რადგან გარემოსადმი მიმართულმა ასეთი გაუაზრებელი/მომხმარებლური დამოკიდებულებამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა მომავალ თაობებს.

    კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციითაა გამოწვეული, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ამ გაზებს „სათბური გაზები“ ჰქვია და მას მიეკუთვნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და ა. შ. რაც უფრო მაღალია “სათბურის აირების” კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე.

    ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა იწვევს ზღვის დონის
    აწევას. გაიზრდა კლიმატური კატასტროფული მოვლენების სიხშირე
    და სიმძლავრე, შეიცვალა ნალექების რაოდენობა და განაწილება.
    აგრეთვე შეიცვალა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდა
    მყინვარები, გადაშენდა ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი
    სახეობები, გაიზრდა დაავადებათა რიცხვი.

    გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში
    ჩატარდა მთელი რიგი სამთავრობათაშორისო კონფერენციები და
    შეხვედრები კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებით;
    მსოფლიოს მთავრობებმა დაიწყეს მზადება ჩარჩო კონვენციის
    მომზადებაზე და 1992 წლის 9 მაისს, რიო დე ჟანეროში, 154
    სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კლიმატის ცვლილების კონვენციას.
    კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლიდან. რაც იმას ნიშანვდა, რომ
    მსოფლიოს ლიდერებმა ერთხმად აღიარეს კლიმატის ცვლილება და
    დაიწყეს ერთობლივი ღონისძიებების გატარება მისი შერბილების
    მიზნით. კლიმატის ცვლილების კონვენციის საბოლოო მიზანია მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატურ სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.

    მოყოლებული აქედან, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც
    აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.
    კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში უდუდესი როლი აკისრია
    ალტერნატიული ენერგიების სწორ და რაციონალურ გამოყენებას. რაც
    მეტად დავნერგავათ და აქტიურად გამოვიყენებთ განახლებად ენერგიას,მით უნფო მეტ სარგებელს მოვუტანთ გარემოს და დავაკმაყოფილეთ მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნებს.


  • სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს?

    სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს?

    ახალი წელი  მხიარული,  ნათელი და  ყველაზე   ლამაზი დღესასწაულია. მის შესახვედრად  დიდი ხნით ადრე  ვიწყებთ  მზადებას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ დღეს  ყველაფერი  ძალიან  ორიგინალური, დაუვიწყარი და მხიარული გვინდა რომ  იყოს. 

    მსოფლიოში  რამდენი ქვეყანაცაა,  იმდენი საახალწლო ტრადიციაა.  ქვეყნების სხვადასხვა სასაათო სარტყელში მდებარეობის გამო  ახალი წელიც  სხვადასხვა დროს დგება.  ვნახოთ სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს.

    ყველზე პირველად ახალ წელს ოკეანეთში მდებარე  შობის კუნძულების შემადგენელ  კუნძულ კირიტიმატის მცხოვრებლები ხვდებიან.  ასევე პირველები ზეიმობენ ახალი წლის დადგომას  ქ. ნუკუალოფას (ტონგას სამეფოს დედაქალაქი) მაცხოვრებლები.

    +0.15 — კუნძული ჩატემი (ახალი ზელანდია) , რომელიც ახალი ზელნდიიდან მოშორებით  მდებარეობს მეორე ხვდება ახალ წელს. ამ კუნძულზე  სპეციალური სასაათო სარტყელია.

     +1.00 — შემდეგ ახალი წელი  უკვე თავად ახალ ზელანდიაშიც დგება. წლის დადგომას ამავე დროს ხვდებიან  ანტარქტიდის  სამხრეთ პოლუსის მკვლევარები.

    +2.00 — ახალი წელი უკვე რუსეთშიც, უფრო კონკრეტულად, კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ  ნაწილში  (ანადირი და კამჩატკა) დგება.  დღესასწაულს ასევე ზეიმობენ ფიჯის, ნაურუს, ტუვალუს და  წყნარ ოკენანეში მდებარე სხვა  კუნძულებზე.

    +2.30 — კუნძული ნორფოლკი (ავსტრალია).

    +3.00 —აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილი (სიდნეი, მელბურნი, კანბერა) და წყნარ ოკეანეში  მდებარე  ზოგიერთი კუნძული ( ვანუატუ, მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები და სხვ.). უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში ახლ წელს გრანდიოზულად ხვდებიან.  მართალია, აქ  ახალი წელი, ჩვეულებრივ   1 იანვარს აღინიშნება,  მაგრამ ამ დროს იქ ისეთი სიცხეა ,  რომ ფიფქია და თოვლის  ბაბუა საჩუქრებს  საცურაო კუსტუმებში გამოწყობილები არიგებენ.  ახალი წლის  ღამეს სიდნეის თავზე კი ისეთ  ფეირვერკებს უშვებენ, რომ   მათი შემჩნევა 16–20 კმ–ის რადიუსის ფარგლებშიც შესაძლებელია.
    +3.30 — სამხრეთი ავსტრალია (ადელაიდა).

    +4.00 —  ავსტრალიაში კვინსლენდის შტატი (ბრისბენი), რუსეთის ნაწილი (ვლოდივოსტოკი)  და ზოგიერთი კუნძული  – პაპუა–ახალი გვინეა, მარიანის კუნძულები.

    +4.30 — ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორია (დარვინი).  

    +5.00 — იაპონია და კორეა. ახალი წლის აღნიშვნის მეტად საინტერესო ტრადიცია აქვთ იაპონიაში. იაპონიაში ახალი  წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს, ამიტომ ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას. ასევე ახალი წლის ღამეს ყველა იაპონელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იცინოს, რადგან სჯერათ, რომ  სიცილი მათ წარმატებას მოუტანს ახალ წელს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ისინი ტაძარს სტუმრობენ, სადაც 108–ჯერ რეკავენ ზარს. ზარის თითო  ხმა   თითო ცოდვას შეესაბამება.  მართალია,  ცოდვა სულ 6–ია, მაგრამ თითეოულ მათგანს კიდევ 18 სხვადასხვა ელფერი აქვს და ჯამში 108 გამოდის. ზარის თითეოულ ჩამორეკვას თან მიაქვს  ცუდი.  საახალწლო აქსესუარებიდან კი მეტად პოპულარულია ბედნიერების ომულეტი – მინიატურული ფოცხი და ამიტომ  ყველა იაპონელი ყოველ ახალ წელს ახალ ომულეტს ყიდულობს ბედნიერების  „მოსაფოცხად“.

    +6.00 —  ჩინეთი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ნაწილი და ავსტრალიის დარჩენილი ტერიტორია.  ჩინეთში ახალ წელს 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე  ახალმთავრეობისას  აღნიშნავენ.  ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. პროცესიის დროს ათასობით ფანარი ინთება, რადგან  ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წელს ბოროტი სულები ებრძვიან  და ამიტომ მათ განდევნას ფანრებით და  ხმაურიანი ფეირვერკებით ცდილობენ.

    +7.00 — ინდონეზია და დანარჩენი  სამხრეთ –აღმოსავლეთი აზია.

    +7.30 — მიანმარი. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერია გასაბრაზებელი, რადგან წყლის მისხმა მხოლოდ ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,

    +8.00 — ბანგლადეში, შრი–ლანკა და რუსეთის ნაწილი (ნოვოსიბირსკი. ომსკი).

    +8.15 — ნეპალი.

    +8.30 –ინდოეთი.

    +9.00 — პაკისტანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და რუსეთის ნაწილი (ეკატერინბურგი, უფა).

    +9.30 — ავღანეთი.

    +10.00 — საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ნაწილი  (სამარა) და ზოგიერთი კუნძული ინდოეთის ოკეანეში.

     +10.30 — ირანი.

    +11.00 — დასავლეთ აზიის ნაწილი, აფრიკის ნაწილი, რუსეთი (მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი).

    +12.00 —  რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, ფინეთი, აფრიკის ნაწილი. 

    +13.00 — დასავლეთი და ცენტრალური ევროპა: დანია, გერმანია, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, და სხვ.;  ასევე აფრიკის ნაწილი.  გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ტრადიციას. მაგ; იტალიაში არავის უკვირს ახალი წლის ღამეს არასასურველი ნივთების გადაყრა. პირდაპირ ფანჯრებიდან ცვივა ყვავილების ძველი ქოთნები, ავეჯი, ტანსაცმელი და სხვ. იტალიელებს სჯერათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს დატოვებენ  ქუჩაში, მით მეტი წარმატება და ფული  ექნებათ ახალ წელს. დანიაში კი  ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!

    +14.00 —  დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, აფრიკის ნაწილი.

    +15.00 — აზორის კუნძულები.

    +16.00 – ბრაზილია.

    +17.00 —არგენტინა, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.

    +17.30 — კუნძული ნიუფაუნდლენდი (კანადა).

    +18.00 — აღმოსავლეთი კანადა, კარიბის ზღვის აუზის ბევრი კუნძული,  სამხრეთ ამერიკის ნაწილი. საინტერესო  ტრადიცია აქვთ კუბაში. აქ ახალი წლის წინ ჭურჭელს – თასებს,  ქვებებს, ჯამებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე  ფანჯრებიდან ასხავენ. ასევე აუცილებელია, სანამ  საათი 12–ჯერ ჩამოკრავს, ყურძნის 12 მარცვალის შეჭმა, რომ სიკეთე, თანხმობა, მშვიდობა და კეთილდღეობა  მთელი წელი  იყოს მათი თანამდევი.

    +19.00 — კანადის აღმოსავლეთი ნაწილი (ოტავა) და აშშ (ვაშინგტონი, ნიუ–იორკი), სამხრეთ ამერიკის დასავლეთი ნაწილი.   ახალი წლის ღამეს ნიუ–იორკში ტაიმს–სკვერში  ნეონის ათასობით  ნათურით განათებულ  ბურთს საზეიმოდ უშვებენ.

    +20.00 — კანადის ცენტრალური ნაწილი და აშშ (ჩიკაგო, ჰიუსტონი), მექსიკა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა.

    +21.00 — კანადის ნაწილი (ედმონტონი, კალგარი)  და აშშ (დენვერი, ფენიქსი, სოლტ–ლეიკ–სიტი).

    +22.00 — კანადის დასავლეთი ნაწილი (ვანკუვერი) და აშშ ( ლოს–ანჯელესი, სან–ფრანცსკო). 

    +23.00 — ალასკის შტატი (აშშ).

    +23.30 — საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი – მარკიზის კუნძულები.

    +24.00 — ჰავაის კუნძულები (აშშ), ტაიტი და კუკის კუნძული.

    +25.00 — ყველზე ბოლოს ახალ წელს კუნძულ სამოას მოსახლეობა ხვდება.

    აი,  ასე ხვდებიან ახალ  წელს მსოფლიოში – სხვადასხვა ქყეყანაში სხვადასხვა დროს და  სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა მათგანს ერთი   საერთო ნიშანი აქვს: ახალ წელს მხიარულად და სიხარულით  ეგებებიან.  ახალი წელი ხომ  სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია ნებისმიერ ქვეყანაში  და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.