მარშები (გერმ. Marsch, Marschland) – ლანდშაფტის ტიპი, ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყველაზე მაღალი მოქცევების დროს. აგებულია მეტწილად შლამით ან ქვიშისა და შლამის ნაყარით, სადაც ფორმირდება ჰუმუსითა და მიკროორგანიზმებით მდიდარი ნიადაგი. ჩვეულებრივ, წაგრძელებულია ზოლისებურად. სიგანე როგორც წესი 30 კმ არ აღემატება. ზოგჯერ მარშები ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს და ზღვიდან დიუნების ზოლითაა გამოყოფილი. მარშები ტიპიურია ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროსათვის, გვხვდება ნიდერლანდებში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, დანიაში, საფრანგეთში, აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში და სხვა.
-
მარშები
-
მაასტრიხტის ხელშეკრულება
ხელშეკრულება ევროპის კავშირის შექმნის შესახებ, რომელსაც 1992 წლის 7 თებერვალს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 12 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გფრ-ს, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საშინაო პოლიტიკასა და სამართლებრივ სფეროში. ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ამისათვის მან უნდა მიმართოს ევროსაბჭოს შესაბამისი თხოვნით. ევროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ იღებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.