• ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიული რევოლუცია

    ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიული რევოლუცია

    ინდუსტრია (ლათინური  industria “საქმიანობა”) – სამანქანო  ტექნიკით აღჭურვილი საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა.

    ინდუსტრიალიზაცია (ლათ. `ინდუსტრია~ – საქმიანობა) – მეურნეობაში, უპირატესად მრეწველობაში, მსხვილი მანქანური წარმოების ზრდის პროცესი.  ტერმინი ინდუსტრიალიზაცია გამოიყენება იმ სოციალური პროცესის დასახასიათებლად, რომელიც გულისხმობს აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე ორიენტირებული ეკონომიკისა და საზოგადოებების გადაქცევას ისეთ ეკონომიკად, რომელშიც წამყვანია მსხვილი, ავტომატიზაციაზე დამყარებული მრეწველობა.

    ინდუსტრიული რევოლუცია — პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე, როდესაც მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებში მომხდარმა ცვლილებებმა  დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოებებზე. ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ ინდუსტრიულ ეპოქას. თავისი ისტორიული მნიშვნელობით მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა სამიწათმოქმედო მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება, რომელიც „ნეოლითური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი. ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების თარიღად XVIII საუკუნის 60–იანი წლებია მიჩნეული.

    ინგლისში ინდუსტრიალიზაცია ბამბის საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო. თავდაპირველად ინდოეთიდან შემოსული მოდურ ბამბის ქსოვილებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი  –  “სართავი ჯენი” (ჰარგრივსმა თავისი გამოგონებას თავისი ქალიშვილის პატივსაცემად „ჯენი“ დაარქვა) გამოიგონა. ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი საფეიქრო ფაბრიკები. მანუფაქტურული (ხელით) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით იცვლება. ახალი საფეიქრო ინდუსტრიის ცენტრი ლანკაშირი გახდა, ლივერპული კი მთავარი პორტი, რომელიც მის ტვირთებს ემსახურებოდა.

  • ინდუიზმი

    ინდუიზმი

    ინდუიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქჰიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს. მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობის და ისლამის შემდეგ. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული. ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი.

  • ინდექსი

    ინდექსი

    სპეციალურად შექმნილი რაოდენობრივი მაჩვენებელია, რომელიც  კავშირს, ინდიკატორების კომბინაციას აღნიშნავს  და ამავე დროს გარკვეული ჰიპოთეზის შემოწმებისა და დასაბუთების საშუალებაა.  ინდექსის  მეშვეობით დგინდება დასაკვირვებელი ერთეულის მდგომარეობა სკალაზე. იგი რაღაც რიცხვია და არ შეიცავს საკვლევი ობიექტის თვისობრივ განსაზღვრებებს, ანუ თვისობრივად ვერ ახასიათებს შესასწავლ ობიქეტს.  ინდექსი მხოლოდ  გარკვეულწილად იძლევა თვისობრივი მახასიათებლის დაყვანის  საშუალებას რაოდენობრივ განსაზღვრულობაზე და ხასიათდება ტერმინებით: მეტი, ნაკლები, უფრო ძლიერი, უფრო სუსტი.

  • მარშები

    მარშები

    მარშები (გერმ. Marsch, Marschland) –  ლანდშაფტის ტიპი, ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყველაზე მაღალი მოქცევების დროს. აგებულია მეტწილად შლამით ან ქვიშისა და შლამის ნაყარით, სადაც ფორმირდება ჰუმუსითა და მიკროორგანიზმებით მდიდარი ნიადაგი. ჩვეულებრივ, წაგრძელებულია ზოლისებურად. სიგანე როგორც წესი 30 კმ არ აღემატება. ზოგჯერ მარშები  ზღვის დონეზე დაბლა  მდებარეობს და ზღვიდან  დიუნების ზოლითაა გამოყოფილი. მარშები ტიპიურია ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროსათვის, გვხვდება ნიდერლანდებში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, დანიაში, საფრანგეთში, აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში და სხვა.

  • მაასტრიხტის ხელშეკრულება 

    ხელშეკრულება ევროპის კავშირის შექმნის შესახებ,  რომელსაც 1992 წლის 7 თებერვალს  მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 12 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გფრ-ს, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. 

    ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საშინაო პოლიტიკასა და სამართლებრივ სფეროში. ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ამისათვის მან უნდა მიმართოს ევროსაბჭოს შესაბამისი თხოვნით. ევროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ იღებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.

  • კურორტი

    კურორტი

    ტერიტორია ან ადგილი, სადაც კარგი ბუნებრივი პირობებია მკურნალობისა და დასვენებისათვის (კარგი ჰავა, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვ.) და მოწყობილია სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები.

    არსებობს ზღვისპირა, ბალნეოლოგიური, ბალნეოკლიმატური, სამთო-კლიმატური და სხვ. სახის კურორტები.

  • ლინგვისტური გეოგრაფია

    ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას. წარმოიშვა დიალექტთა შესწავლის პროცესში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. შემდგომში მისი მეთოდები მეზობელ ენებშიც გამოიყენეს საერთო მოვლენათა შესასწავლად. ლინგვისტური გეოგრაფია იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. რუკაზე აღინიშნება ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალი. ხაზებს, რომლებიც აერთებს ერთი და იმავე თავისებურების გავრცელების პუნქტებს, იზოგლოსებს უწოდებენ. სხვადასხვა ენობრივი მოვლენის რუკებზე გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს.

  • ლანდშაფტმცოდნეობა

    ლანდშაფტმცოდნეობა

    ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს.  ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.

    შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.

  • ლაკოლითი

    ლაკოლითი

    გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი  ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.

  • ლაგუნა

    ლაგუნა

    ზღვის წყალმარჩხი ყურე, რომელიც ზღვისგან გამოყოფილია ქვიშის ნარიყი ზვინულით ან მასთან შეერთებულია ვიწრო სრუტით. ლაგუნას უწოდებენ რგოლისებრი მარჯნის კუნძულების (ატოლების) შიდა წყალსატევსაც.