• რამდენიმე ფაქტი ბავარიის შესახებ

    რამდენიმე ფაქტი ბავარიის შესახებ

    ბავარია  გერმანიის უდიდესი მიწაა ფართობის მიხედვით. მისი ფართობი დაახლოებით 70,550 კვადრატულ კილომეტრია, რაც გერმანიის მთელი ტერიტორიის  დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

    ბავარიის ალპები გერმანიის მთავარი ტურისტული ადგილია, რომელიც განსაცვიფრებელ პეიზაჟებს, ლაშქრობას და სათხილამურო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ბავარიაში მდებარეობს გერმანიის უმაღლესი მთა ცუგშპიცე, რომლის სიმაღლე 2962 მეტრია.

    ჩიემსის (Chiemsee) ტბა ცნობილია როგორც “ბავარიის ზღვა”. ეს არის ულამაზესი ტბა ორი კუნძულით, რომელთაგან ერთ-ერთზე მეფე ლუდვიგ II-ის მიერ აშენებული სასახლე მდებარეობს.

    ბავარია ოდესღაც დამოუკიდებელი სამეფო იყო,  ხოლო 1871 წლიდან  გერმანიის შემადგენლობაშია.  მას საუკუნეების განმავლობაში სამეფო ოჯახი ვიტელსბახები მართავდნენ.

    მიუხედავად იმისა, რომ  ბავარიაში გერმანული  ოფიციალური ენაა, ბავარიული დიალექტი (Bairisch) ფართოდ არის გავრცელებული, რაც რეგიონს მკაფიო ენობრივ იდენტობას ანიჭებს.

    ბავარია გერმანიის ერთ-ერთი უმდიდრესი მიწაა, რომელიც ამაყობს ძლიერი ეკონომიკით, რომელსაც მართავს ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა ავტომობილები, ტექნოლოგიები და ტურიზმი. მიუნხენში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტომობილების მწარმოებელის BMW-ს შტაბ-ბინა მდებარეობს.

    ბავარიაში საკმაოდ  ძლიერია კათოლიკური ტრადიცია, რის გამოც  აქ მრავლადაა ისტორიული ეკლესიები, სააბატოები და მონასტრები. ბავარია ცნობილია თავისი უნიკალური ტრადიციებით, მათ შორის ტრადიციული სამოსით, როგორიცაა Lederhosen მამაკაცებისთვის და Dirndl ქალებისთვის.

    ბავარია ცნობილია თავისი ლუდის კულტურით, ამაყობს  თავისი 600-ზე მეტი ლუდსახარშითა და სისუფთავის კანონით (Reinheitsgebot), რომელიც დათარიღებულია 1516 წლით. ბავარიული კერძები მოიცავს პრეტცელს (Brezn), თეთრ ძეხვს (Weißwurst), შემწვარი ღორის კანჭს (Schweinebraten) და პელმენებს (Knödel).

    მიუნხენი, ბავარიის დედაქალაქი, მსოფლიოში ცნობილ ოქტობერფესტს,  ყველაზე დიდ ლუდის ფესტივალს, მასპინძლობს,რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.

    ბავარია, განსაკუთრებით ნიურნბერგი და მიუნხენი, გერმანიის ძალიან მომხიბვლელი საშობაო ბაზრობებით გამოირჩევა, სადაც ტრადიციული ხელნაკეთობები და საკვები იყიდება.

    სამხრეთ ბავარიაში მდებარე ნოიშვანშტაინის ზღაპრულმა  ციხესიმაგრე უოლტ დისნეისთვის მძინარე მზეთუნახავის ციხის შთაგონების წყარო გახდა.

  • დიდი (გრანდ) კანიონი

    დიდი (გრანდ) კანიონი

    დიდი (გრანდ) კანიონი აშშ-ში, არიზონას შტატში მდებარეობს და მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრებიდან ერთ-ერთია. კანიონის სიგრძე  446 კმ-ია და გადაჭიმული მდინარე კოლორადოს გასწვრივაა გაადჭიმული, ხოლო სიგანე 6-დან 29 კმ-მდე მერყეობს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ღრმა კანიონია – მისი სიღრმე 1830 მეტრს აღწევს. დიდი კანიონი მდინარე კოლორადოსა და მისი შენაკადების მიერაა „მოჩუქურთმებული“ და მეცნიერთა ვარაუდით,  დაახლოებით, 6 მილიონი წელი დასჭირდა კანიონის ამგები ქანების ფენების წარმოქმნას. დიდი კანიონი სხვადასხვა ქანების ფენისგან შედგება და მეცნიერებს შეუძლიათ კანიონის ამგებელი  ქანების ფენები დედამიწის ისტორიის შესასწავლად გამოიყენონ. ბუნების ეს სასწაული დედამიწის 4 გეოლოგიური ერას მოიცავს და ნამდვილი აღმოჩენაა და არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ გეოლოგებისა და არქეოლოგებისთვისაც.

    დიდი კანიონის ეკოსისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ  1500-ზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება და ასევე საკმაოდ მრავალფეროვნია ფაუნაც. კანიონში ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი  ფრინველი კალიფორნიის კონდორი.  ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 400-ზე მეტი კონდორია აღრიცხული და მათგან 100-ზე მეტი დიდ კანიონში ცხოვრობს.

    მეცნიერთა ვარაუდით, მრავალი მილიონი წლის წინ, მდინარე კოლორადო  უძველეს ოკეანეში, ე.წ. „Western Interior Seaway“ -ში ჩაედინებოდა, რომელიც  მექსიკის ყურეს არქტიკულ ოკეანესთან აკავშირებდა. დროთა განმავლობაში, დედამიწის ზედაპირის ტრანსფორმაციის შედეგად დიდი კანიონი და ასევე მრავალი სხვა კანიონი წარმოიქმნა. ამას კანიონის სტრუქტურაც მოწმობს:  აქ არის დანალექი ქანები, რომლებიც ოდესღაც უძველესი ზღვის ფსკერის ნაწილი იყო. კანიონის ეროვნულ პარკში ასევე განთავსებულია ზღვის ხერხემლიანების და სხვა არსებების ნამარხების კოლექცია, რომლებიც უძველეს ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ.

    დიდი კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია აშშ-ში და მას ყოველწლიურად  ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან, რის გამოც იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი  ეროვნული პარკია. ტურისტები აქ კანიონის თვალწარმტაცი ხედების სანახავად მოდიან, რომელიც მოიცავს არიზონას უდაბნოს  თავისი მდიდარი ველური ბუნებით. მათ აქ ასევე შეუძლიათ  მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდნენ, მაგ; როგორიცაა ლაშქრობა, კემპინგი და მდინარეზე ჯომარდობა.

    1979 წელს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დიდი კანიონი შეერთებული შტატების მსოფლიო მემკვიდრეობის 19 ძეგლიდან ერთ-ერთად გამოაცხადა. იუნესკომ მას ასევე „გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის“ სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საერთაშორისო მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობადაა აღიარებული. დიდი კანიონი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, იგი უზარმაზარი გეოლოგიური მნიშვნელობის ადგილი და ბუნებრივი სილამაზის ლანდშაფტია.

    ყოველწლიურად, მეცნიერები, მკვლევარები და გეოლოგები მთელი მსოფლიოდან მოდიან კანიონში, რათა მეტი გაიგონ მისი ისტორიის, გეოლოგიისა და ველური ბუნების შესახებ. ამ ტერიტორიის შესწავლით მეცნიერებმა მრავალი აღმოჩენა გააკეთეს გლობალური კლიმატისა და დედამიწის ეკოლოგიური ისტორიის, ასევე სახეობების ევოლუციის შესახებ. კანიონში აღმოჩენილი ქანების ფენების შესწავლით, გეოლოგებმა შეძლეს კანიონის ისტორია მილიონობით წლით უკან დაენახათ. შემდგომმა კვლევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა გაეგოთ, თუ როგორ იცვლებოდა კლიმატი ამ ტერიტორიის ისტორიის განმავლობაში. ეს ცოდნა გვეხმარება უკეთ შევიცნოთ  გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მის დასაცავად.

    პირველი ადამიანი, ვინც დიდი კანიონის ფსკერზე 1869 წელს ჩავიდა იყო მკვლევარი და სამოქალაქო ომის ვეტერანი ჯონ უესლი პაუელი. მან და მისმა ცხრა კაციანმა გუნდმა პირველებმა ჩაატარეს გრანდ კანიონის სიღრმისეული გამოკვლევა და მოამზადეს დოკუმენტაცია, რამაც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ხელი შეუწყო კანიონის მონახულების იდეის პოპულარიზაციას. ტერიტორია, რომელიც პაუელმა და მისმა გუნდმა გამოიკვლიეს, ახლა გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფარგლებშია. 1996 წელს  პარკში  ჯონ პაუელის მუზეუმი გაიხსნა.

  • ლონდონის მეტრო

    ლონდონის მეტრო

    2023 წელს ლონდონის მეტრო 160 წლის გახდა. მსოფლიოში პირველი მეტროს დღეში 5 მილიონამდე ადამიანს გადაჰყავს. ის ლონდონში გახსნის დღიდან ანუ 1863 წლიდან დღემდე გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა.

    ინგლისი ყოველთვის იყო ინდუსტრიულად პროგრესული ქვეყანა. მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის ლონდონი   ხალხმრავლობით გამოირჩეოდა: ქარხანა-ფაბრიკები  მუშებს არა მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იზიდავდნენ, არამედ იმათაც, რომლებიც დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და რომლებიც ყოველდღე დადიოდნენ ლონდონში სამუშაოდ. ამ დროისთვის ინგლისი  უკვე დაფარული სარკინიზგო  ქსელით, მაგრამ თავად ლონდონში ტრანსპორტის პრობლემები იყო.

    ადამიანები მგზავრობდნენ საქალაქო სადგურებამდე: ეუსტონში, პადინგტონში, ვიქტორიაში, კინგ კროსში, შემდეგ კი ომნიბუსებში – ცხენებით ამხედრებულ ეტლებში – ჯდებოდნენ  და სითიში, დოკებსა და ქალაქის სხვა რაიონებში მიემგზავრებოდნენ. ქალაქში  სარკინიგზო ხაზების  გაფართოების შესაძლებლობა არ იყო,  რადგან ვიბრაციას შეიძლება ცენტრალურ ლონდონში. ისტორიული შენობები დაეზიანებინა.  ქალაქის ქუჩებში მოძრაობა წარმოუდგენლად გართულდა  გახდა.

    მეტრო თავის წარმოშობას დიდწილად ლონდონის ადვოკატ ჩარლზ პირსონს  უნდა უმადლოდეს, რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო ქალაქის სოციალური საკითხებით. სწორედ ის ლობირებდა მუნიციპალიტეტში ღარიბების დასახლებას და მუშებისთვის ახალი  საცხოვრებელი ტერიტორიების მშენებლობას და  სწორედ მან წარუდგინა სარკინიგზო გზების სამეფო კომისიას მიწისქვეშა რკინიგზის პროექტი, რომელიც მოწონებული იქნა.  

    აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ლონდონს უკვე ჰქონდა გვირაბების მშენებლობის გამოცდილება: 1843 წლიდან ტემზას ქვეშ მოქმედებდა საცალფეხო გვირაბი. ამ ქმნილების ავტორი იყო ინგლისელი ინჟინერი მარკ ბრუნელი.

    პირსონმა  პროექტისთვის დაფინანსება ქალაქის ხელისუფლებისგან მოიპოვა. 1853 წელს შეიქმნა  კომპანია „North Metropolitan Railway Co.“, რომელმაც  მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობა დაიწყო. დაფინანსება არასტაბილური იყო: ხან  წყდებოდა და ხანაც განახლდენოდა  ხოლმე, ამიტომ მეტროს პირველი მონაკვეთი  – პადინგტონ-ფარინგდონი – მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიხსნა. მეტროპოლიტენის იდეოლოგიურ ინსპირატორს, ჩარლზ პირსონს, არასოდეს უნახავს მისი ქმნილება,  რადგან ის  1862 წელს, მის გახსნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.

    1863 წლის 10 იანვარს ლონდონში მეტროს პირველი  ხაზი პედიგნტონ- ფარინგდონი გაიხსნა. ხაზი 7 სადგურს მოიცავდა. ღონისძიებამ მთელი ქალაქი გააერთიანა. პირველი მატარებელი 4 ვაგონისა და ორთქლის ლოკომოტივისგან შედგებოდა, რომელიც ნახშირით თბებოდა. განათება გაზის იყო, მაგრამ Daily Telegraph-ის ცნობით, „გაზეთის წაკითხვა სავსებით შესაძლებელი იყო“. ექვსი მატარებელი დადიოდა ყოველ 15 წუთში და პირველ დღეს 30 ათასი ადამიანი გადაიყავანა. გარდა ამისა, დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის სპეციალური იაფი მატარებლები დილის 6 საათამდე მოძრაობდნენ. პროექტი წარმატებული გამოდგა და იმავე წელს გადაწყდა 30 კმ სიგრძის წრიული  ხაზის მშენებლობა.

    მატარებლების ორთქლის ლოკომოტივების კვამლი ისე ავსებდა სადგურებს, რომ სუნთქვა ჭირდა. მართალია ხელისუფლება ხალხს არწმუნებდა, რომ კვამლი საზიანო არ იყო, მაგრამ მეტრომ პოპულარობა დაკარგა და ხალხმა ნელ-ნელა ქუჩებში და სუფთა ჰაერზე დაბრუნება დაიწყო.

    1905 წელს, მეტროში ელექტროენერგია გაიყვანეს და მიწისქვეშა ტრანსპორტმა პოპულარობა დაიბრუნა. აღსანიშნავია ისიც  რომ ორთქლის ლოკომოტივები ხაზებზე ლამის  1971 წლამდე არსებობდა.  ახლა ლონდონის მეტრო მთლიანად მოდერნიზებულია, თუმცა ვენტილაციის პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. მაგალითად, 2006 წელს, სიცხის დროს ჰაერი 47 C-მდე გათბა და  ყველა სადგურზე  იდო  აბრები წარწერით „აიღე წყალი“ .

    პირველი კომპანიები, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს მიწისქვეშეთში, იყო Metropolitan Railway და  Great Western Railway. თითოეული კომპანია ფლობდა და მართავდა ერთ ხაზს. შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში  ლონდონის მეტროს ექვსი დამოუკიდებელი კომპანია მართავდა. ეს უხერხულობას უქმნიდა მგზავრებს: ხაზიდან ხაზზე გადასასვლელად და  ბილეთის ასაღებად სხვა კომპანიის ბილეთების ოფისში უნდა ასულიყვნენ, ან თუნდაც მეორე ხაზზე ფეხით გადასულიყვნენ.

    1899 წლიდან მცირდება სამგზავრო მიმოსვლა და მასთან ერთად საწარმოს მოგებაც. კომპანიებმა ინვესტორების ძებნა დაიწყეს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ამერიკელი ფინანსისტი ჩარლზ იერკესი. მისი ინვესტიციების წყალობით აშენდა  ლონდონის მეტროს მრავალი ხაზი და სადგური.

    თუ  მეტროს მშენებლობის დასაწყისში მის გამო  ღარიბთა კვარტლები უკვე  მე-19  საუკუნის 30-იანი წლებისთვის მეტრო  ქალაქწარმომქმნელი ფაქტორი გახდა და ახალი სადგურების, ძირითადად ტერმინალები ირგვლივ მუშათა კლასისთვის ახალი  დასახლებების მშენებლობები დაიწყო, რომლებიც  მეორე მსოფლიო ომის გამო შეწყდა. 1940 წლიდან ლონდონი გერმანიის დაბომბვის ქვეშ მოექცა და მეტროს სადგურები თავშესაფრად გადაიქცა. თავდაპირველად ხელისუფლება ხალხს მეტროში ღამის გათევას უშლიდა, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მდგომარეობა უარესდებოდა,  სადგურებში 22 000 საწოლი დადგეს.

    მას შემდეგ, რაც დაბომბვების სამიზნე  დედაქალაქზე  გახდა, ხალხის ევაკუაცია ქალაქგარეთ სწორედ  მეტროთი ხდებოდა. ამ გზით 200 000 ბავშვი გაიყვანეს. მეტროს სადგურებზე  ბიბლიოთეკები და სკოლები მოწეყო, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების წარმოება პირდაპირ ლიანდაგებზე ხდენოდა, ხოლო დიდი ხნის განმავლობაში დახურულ Down Street-ზე  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სარეზერვო ოფისი შეიქმნა.

    ომის შემდეგ მეტრო ნაციონალიზებული იქნა, მაგრამ სახელმწიფოსგან სუბსიდიები არ მიუღია. გარდა ამისა,  ლონდონის ქუჩებში უამრავმა მანქანამ დაიწყო მოძრაობა და მეტრომ პოპულარობა თანდათან  დაკარგა. მენეჯმენტმა  საკმაოდ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა: მათ დაიქირავეს მუშები ბრიტანების ყოფილი კოლონიებიდან, იამაიკადან და ბარბადოსიდან, რათა ნაკლები გადაეხადათ.

    მეტროპოლიტენის პირველი რუკა 1908 წელს გამოჩნდა, როდესაც ყველა ოპერატორმა საერთო რეკლამის მომზადება  გადაწყვიტა და როცა გაირკვა, რომ საკმაოდ რთული იყო ცალკე არსებობა. რუკები ამოქმედდა და არაერთხელ განახლდა, ​​მაგრამ სრულ სურათს მაინც ვერ ქმნიდა.

    1931 წელს მეტროს თანამშრომელმა ჰარი ბეკმა ახალი რუკა შეადგინა, რომელიც ელექტრული წრედის სქემას ჰგავდა და რომელზეც  ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. თუმცა მენეჯმენტმა უარყო ეს პროექტი უარყო. 2 წლის შემდეგ ბეკმა  თავისი ქმნილება ჯიბის ბარათის სახით ნახა გაყიდვაში. ბარათები მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა, მაგრამ არსად იყო ნახსენები  რუკის ავტორი  და ბეკს არც ანაზღაურება მიუღია. ჰარი ბეკმა მეტროს უჩივლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 90-იან წლებში, მეტროს მენეჯმენტმა აღიარა ეს ქმედება, როგორც “არაჯენტლმენური” და დაიწყო ბეკის სახელის  რუკის ყველა ეგზემპლარს დააწერა.

    ლონდონში თუ მეტრო გვჭირდება, ვეძებთ წითელ და ლურჯ ლოგოს. ძნელი სათქმელია, საიდან გაჩნდა ზუსტად ეს ფორმა „სამიზნე“, მაგრამ ეს სიმბოლო მე-19 საუკუნიდან გამოიყენება. ადრე  ნიშანზე  სატრანსპორტო კომპანიის სახელის გამო სიტყვა „GENERAL“ ეწერა, მაგრამ 1908 წელს სიტყვა შეიცვალა და გახდა „UNDERGROUND“. ეს ლოგო მიუთითებს მეტროში შესასვლელს და რამდენჯერმე პლატფორმაზეც გვხდება, სადაც სიტყვა UNDERGROUND-ის ნაცვლად სადგურის სახელი წერია.

    ლონდონის მეტრო ცნობილია მრავალი სახელით: Metropolitan (მეტროპოლიტენი), Underground (მიწისქვეშა), Tube (მილი).

    ლონდონის მეტროში ამჟამად 270 სადგურია, რომელთაგან 14 დიდი ლონდონის გარეთაა. აღსანიშნავია,  რომ  ქალაქის ყველა უბანს არ აქვს წვდომა მეტროსთან. ლონდონის 32 უბანი კვლავ იძულებულია  ავტობუსის მომსახურებით ისარგებლოს.

    მიწისქვეშა  400 კმ სიგრძი (250 მილის) გზაა, რომელთაგან 32 აშენებულია ღია წესით მხოლოდ 5-10 მეტრის სიღრმეზე. ლონდონის მეტროში ამჟამად 11 ხაზია: 4 ზედაპირული და 7 ღრმა.

    რაც შეეხება მეტროს სადგურების სახელებს, აქ ზოგჯერ ყველაფერი ძალიან  მარტივია:  სადგურები Westminster, Green Park. Queensway, აშენდა  იმ ბილიკზე, სადაც დედოფალი ვიქტორია ბავშვობაში პონიებით სეირნობდა.  ზოგჯერ კი  სრულიად გაუგებარია: მაგალითად სადგური Elephant & Castle, როემლიც  ქალაქის სამხრეთ ნაწილშია, სადაც არც სასახლეებია და  ცხადია არც სპილოები.   საბოლოდ კი აღმოჩნდა, რომ წარსულში სადგურის ადგილზე ამავე სახელწოდების სასტუმრო  მდებარეობდა. სასტუმრომდე კი  მჭედლებისა და იარაღის არტელი ყოფილა, რომლის გერბსაც ზურგზე ციხესიმაგრე მოკიდებული  სპილო ამშვენებდა.   თუმცა მაინც საკვირველია, რადგან ნაკლებ სავარუდოა, რომ  შუა საუკუნეების ინგლისში  უბრალო ხალხს შორის ვინმესცოცხალი სპილო ენახა.

    სახელები აადვილებს ლონდონის ისტორიის კვალდაკვალ მიყოლას.  ყველაფერი, რაც მთავრდებოდა ham-ზე  (Tottenham) იყო მამული, და ყველაფერი, რაც მთავრდებოდა  ton-ზე (Kennington), ჩვეულებრივ ფერმა იყო.

    ლონდონში ასევე არის Docklands Light Railway (დოკლენდის მსუბუქი მეტრო), London Overground (მიწისზედა ხაზი) და TfL Rail.

  • იაპონიის გეოგრაფია

    იაპონიის გეოგრაფია

    იაპონია  კუნძულოვანი სახელმწიფოა აზიის კონტინენტის აღმოსავლეთით, რომელიც რკალისებური ფორმით არის განლაგებული წყნარი ოკეანის აუზში. იაპონიის არქიპელაგი შედგება ფართობის მიხედვით დიდიდან მცირისკენ თანმიმდევრულად განლაგებული ოთხი უდიდესი (ჰონშიუ, ჰოკაიდო, კიუშიუ, შიკოკუ) და მრავალი მცირე ზომის კუნძულისგან. წყნარი ოკეანე იაპონიის აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები მას აზიის კონტინენტისგან გამოჰყოფს.

    განედური მდებარეობით, იაპონია ნაწილობრივ თანხვდება ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქ ლოს ანჯელესის გეოგრაფიულ მდებარეობას, ჩრდილოეთის მხრიდან კი პარიზისა და ლონდონის განედი ნაწილობრივ უახლოვდება ჰოკაიდოს კონცხის ჩრდილოეთი ნაწილის განედს.

    იაპონიის ხმელეთის სრული ფართობი დაახლოებით 378,000 კვ. კმ.-ია, რაც მიახლოებით უთანაბრდება გერმანიის, ფინეთის, ვიეტნამის ან მალაიზიის ფართობს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ფართობის მხოლოდ 1/25–ს შეადგენს, ე. ი., მარტო კალიფორნიის შტატთან შედარებითაც კი მცირეა.

    იაპონიის სანაპირო ზოლი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზოგან თუ ზღვის სილიანი სანაპირო ზოლი სწორად და უწყვეტად გრძელდება 60 კმ–ის მანძილზე, მაგალითად, კუჯიუკურიჰამაში (ჩიბას პრეფექტურა), ნაგასაკის პრეფექტურისთვის დამახასიათებელია ნახევარკუნძულების, ვიწრო ყურეებისა და ნაპირისგან დაშორებული კუნძულების სიმრავლე (ამავე პრეფექტურას განეკუთვნება გოტოს არქიპელაგი და ცუშიმასა და იკის კუნძულები). სანაპირო ზოლი გამოირჩევა უამრავი ვიწრო სრუტითა და წამახვილებული კლდით, რაც განპირობებულია დედამიწის ქერქში მიმდინარე თავდაპირველი ცვლილებების დროს ყოფილი სანაპირო ზოლის ნაწილის ჩაძირვით.

    ოკეანის თბილი დინება, ცნობილი კუროშიოს ანდა იაპონიის დინების სახელწოდებით, იაპონიის არქიპელაგის სამხრეთ ნაწილს მიუყვება და მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ხოლო მისი ერთერთი განშტოება, რომელიც ცნობილია ცუშიმას დინების სახელწოდებით, მიედინება ქვეყნის დასავლეთი მხარის გასწვრივ და ერთვის იაპონიის ზღვას. ჩრდილოეთიდან მომავალი ცივი დინება – ოიაშიო, იგივე ჩიშიმას დინება, მიემართება სამხრეთისკენ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ, ხოლო მისი შენაკადი, რომელიც ლიმანის დინების სახელითაა ცნობილი, იაპონის ზღვაში ჩრდილოეთის მხრიდან ჩაედინება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ცივი და თბილი დინებების შერევა უწყობს ხელს იაპონიის წყლებში მდიდარი სარეწი რესურსების წარმოქმნას.
    ცხელი წყაროებისა და მიმზიდველი პეიზაჟების ქვეყანა იაპონიის ხმელეთის ზედაპირის სამი მეოთხედი მთაგორიანია. ცენტრალური ჰონშიუს ჩიუბუს რეგიონს “იაპონიის სახურავსაც” კი უწოდებენ, სადაც ბევრი მთის სიმაღლე 3,000 მეტრს აჭარბებს.
    იამანაშისა და შიძუოკას პრეფექტურების საზღვარზე მდებარეობს იაპონიის ყველაზე მაღალი მთა – ფუძი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3,776 მ.-ია. იაპონიის მეორე უმაღლესი მწვერვალია კიტადაკე, რომელიც მდებარეობს იამანაშის პრეფექტურაში და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3,192 მ.-ია. მესამე უმაღლესი მწვერვალია ჰოტაკადაკე, რომელიც მდებარეობს ნაგანოსა და გიფუს პრეფექტურების საზღვარზე და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3, 190 მ.-ია.


    იმდენად, რამდენადაც იაპონია განლაგებულია წყნარი ოკეანის ვულკანური სარტყელის გასწვრივ, მას გააჩნია რამდენიმე ვულკანური რეგიონი. ზოგადად, იაპონიის უკიდურესი ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთამდე გამოკვეთილია 7 ვულკანური რეგიონი.
    ვულკანების მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით ოთხმოცამდე ვულკანია აქტიური, მათ შორისაა: მიჰარა იაპონიის კუნძულ იძუოშიმაზე; ასამას მთა ნაგანოსა და გუნმას პრეფექტურების საზღვარზე და ასოს მთა კუმამოტის პრეფექტურაში. მსოფლიოს 840 მოქმედი ვულკანიდან იაპონიაში მათი ერთი მეათედი მდებარეობს. ეს მაშინ, როცა იაპონიას მსოფლიოს სახმელეთო ფართობის მხოლოდ 1/400 ნაწილი უჭირავს. რაც შეეხება, ცნობილ ფუჯის, იგივე ფუჯის მთას, ის 1707 წლის ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ მიძინებულია და მისი გააქტიურება ნაკლებად სავარაუდოა.
    მიუხედავად იმისა, რომ ამოფრქვევების შედეგად ვულკანებს დიდი ზარალი მოაქვთ ქვეყნისთვის, არსებობს დადებითი მხარეც, რითაც ვულკანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტურისტების მოსაზიდად. ისეთი ტურისტული მხარეები, როგორებიცაა ნიკო, ჰაკონე და იძუს ნახევარკუნძული, განთქმულა უნიკალური თერმული წყაროებითა და ვულკანური მთების მიმზიდველი ხედებით.
    ვულკანების არსებობა ადასტურებს, რომ იაპონიის არქიპელაგის ქვეშ დედამიწის ქერქი არამდგრადია და ენერგიითაა სავსე, რაც იაპონიას მიწისძვრის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებს. ყოველწლიურად იაპონიაში ათასამდე მძლავრი მიწისძვრა ხდება. 1995 წლის იანვარში მომხდარმა ჰანშინ–ავაჯის ძლიერმა მიწისძვრამ, დაახლოებით 6 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 40 000 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ნიიგატას პრეფექტურაში 2004 წლის ოქტომბრის მიწისძვრამ 60 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო 4 700–ზე მეტი დაშავდა. 2011 წლის მარტში 9 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა სანრიკუს (ტოჰოკუ) სანაპიროსთან წყნარ ოკეანეში, რამაც განაპირობა ათმეტრიანი სიმაღლის ცუნამის წარმოშობა, რამაც ტოჰოკუს რეგიონიდან კანტოს რეგიონამდე ვრცელ სანაპირო ზოლს გადაუარა; მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა 19 000-მდე მიაღწია.


    მთაგორიანი იაპონია მდინარეთა სიუხვით გამოირჩევა. მათი უმეტესობა ჩქარია. მთების, ხეობ-ებისა და აუზების გავლის შემდეგ ისინი ოკეანეს ერთვიან. ამგვარი დინების მქონე მდინარის მაგალითად შეიძლება დასახელდეს კურობე, რომელიც სათავეს იღებს 2,900 მეტრის სიმაღლის იაპონიის ალპებიდან; მოედინება 83 კილომეტრის მანძილზე და იაპონიის ზღვაში ჩაედინება.
    იაპონიის ყველაზე გრძელ მდინარეს წარმოადგენს მდინარე შინანო, რომელიც ჩუბუს მთებიდან იღებს სათავეს და ნიიგატას პრეფექტურის გავლით იაპონიის ზღვასთან შესაერთებლად მიედინება 367 კილომეტრ მანძილზე; სიგრძით მეორე მდინარეა ტონე, იგი წყნარ ოკეანეში ჩადინებამდე კანტოს ველს გადაჰკვეთს; ხოლო მესამე მდინარის, იშიკარის, სიგრძე 286 კილომეტრია და ჰოკაიდოში მიედინება. მდინარეების უმრავლესობა მთიანი რეგიონებიდან იღებს სათავეს და ზღვასთან შეერთებამდე სხვადასხვა ზომის ველებსა და აუზებზე ფართო, მარაოსებრ დელტას ქმნის, რაც საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს იაპონიის ტოპოგრაფიის ფორმირებაში. ქვეყანაში არსებული დაბლობების უმეტესობა მცირე ზომისაა. უდიდესია კანტოს დაბლობი, რომელიც ტოჩიგის, იბარაკის, გუნმას, საიტამას, ჩიბას, ტოკიოსა და კანაგავას პრეფექტურების ნაწილებს მოიცავს. სხვა შედარებით დიდი ფართის დაბლობებს განეკუთვნება ეჩიგოს დაბლობი (ნიიგატას პრეფექტურა), იშიკარის დაბლობი (ჰოკაიდო) და ნობის დაბლობი (აიჩისა და გიფუს პრეფექტურები).

    იაპონიის კლიმატის ძირითად მახასიათებელს წელიწადის ოთხ დროს შორის ტემპერატურის მკვეთრად გამოხატული ცვლილება წარმოადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე იაპონია დაახლოებით 25-გრადუსიანი დიაპაზონის სარტყელს ფარავს. ზამთარში ციმბირიდან მომავალი სეზონური ქარების ზეგავლენა იგრძნობა, რასაც ზაფხულში ენაცვლება წყნარი ოკეანიდან გადმონაცვლებული ქარის მასები. მცირე ფართობის მიუხედავად, ქვეყანა ოთხ განსხვავებულ კლიმატურ ზონას მოიცავს.

  • სამხრეთი ამერიკის უდაბნოები

    სამხრეთი ამერიკის უდაბნოები

    სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდა უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების ზონა. ეს უნიკალური ტერიტორიაა ზომიერი ზონისთვის: უდაბნოები გადაჰყურებს ოკეანის სანაპიროს. ოკეანის სიახლოვე ქმნის მაღალ ტენიანობას. თუმცა, არიდული რეგიონის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ანდების მაღალმა მთიანმა სისტემამ. ისინი თავიანთი ფერდობებით ტენით გაჯერებული ქარებს გზას უბლოკავენ. უდაბნოების ფორმირებაზე ასევე გავლენა მოახდინა პერუს ცივმა დინებამ.

    ატაკამას უდაბნო

    უდაბნოს ტერიტორია კონტინენტის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 105 ათასი კმ²-ია. ეს რეგიონი ყველაზე მშრალი ადგილია პლანეტაზე. ატაკამას ზოგიერთ რაიონში ნალექი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ მოსულა. პერუს წყნარი ოკეანის დინება აგრილებს ატმოსფეროს ქვედა ფენებს, რის გამო ამ უდაბნოში დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტენიანობაა – 0%.

    უდაბნოში საშუალო დღიური ტემპერატურა მაღალია – + 25°C. ზამთარში ზოგიერთ რაიონში ნისლი შეინიშნება.

    მილიონობით წლის წინ რეგიონი წყლით ყოფილა დაფარული, რომელიც დროთა განმავლობაში დაშრა და შედეგადაც მარილის აუზები წარმოიქმნა. უდაბნოში მრავლადაა მოქმედი ვულკანები.

    ატაკამას ლანდშაფტს ხშირად ადარებენ მთვარეს: ქვიშის ნაკადებსა და კლდეებს დიუნები და ბორცვები ენაცვლება.

    საერთო ჯამში, უდაბნოში 160 სახეობის კაქტუსია, ასევე გავრცელებულია ლიქენები. ოაზისებში იზრდება აკაციები, მესკის ხეები და კაქტუსები. უდაბნოს ფაუნა ადაპტირებულია კლიმატურ პირობებთან. სანაპიროზე ბინადრობს 120 სახეობის ფრინველი.

    აქ მცხოვრები მცირერიცხოვანი მოსახლეობა სამთო მოპოვებითაა დაკავებული. ტურისტები ატაკამას მთვარის ველის მოსანახულებლად, უდაბნოს ხელის ქანდაკების სანახავად და ქვიშის სნოუბორდით დასატკბობად სტუმრობენ.

    სეჩურას უდაბნო

    სეჩურას უდაბნო კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ერთი მხრიდან წყნარი ოკეანე, ხოლო მეორე მხრიდან ანდები ესაზღვრება. უდაბნოს საერთო სიგრძე 150 კმ-ია. სეჩურა ერთ-ერთი ცივი უდაბნოა: აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 22°C-ია, რაც სამხრეთ-დასავლეთის ქარებითა და ოკეანის სანაპიროებთან მდებარეობითაა გამოწვეული ეს ფაქტორები ასევე ხელს უწყობს ნისლის წარმოქმნას ზამთარში. სუბტროპიკული ანტიციკლონების გამო რეგიონში ნალექი მცირეა.

    უდაბნოს ქვიშები ქმნიან მოძრავ დიუნებს. ცენტრალურ ნაწილში იმათი სიმაღლე 1,5 მ-საც კი აღწევს. უდაბნოს ფაუნა და ფლორა წყლის ობიეტების გასწვრივაა თავმოყრილი. სეჩურას ტერიტორიაზე ორი დიდი ქალაქია.

  • პამპა

    პამპა

    პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება.  ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

    პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum)  მრავალწლოვანი  დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც  გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.  პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში.  სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

  • აშშ-ს ელექტორალური გეოგრაფია

    აშშ-ს ელექტორალური გეოგრაფია

    იოანე მახარაძე

    ზოგადად, ელექტორალური გეოგრაფია, როგორც მეცნიერება მე-20 საუკუნეში დაიბადა და განსაკუთრებული პოპულარობა ისეთ ქვეყნებში მოიპოვა, რომლებშიც არჩევნები კონკურენტულ გარემოში ტარდება. აღნიშნული მეცნიერება გეოგრაფიის მიმართულების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვედარგია. იგი სწავლობს არჩევნების შედეგების ლოგიკურ გამომდინარეობას ქალაქის, რეგიონისა თუ ეკონომიკური რაიონის დემოგრაფიული სტრუქტურიდან. აშშ-ში მეცნიერების განსაკუთრებულ პოპულარობას ქვეყნის საარჩევნო სისტემაც განაპირობებს.

      როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში:

      აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ავტომატურად არ ხდება ამერიკის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ შტატების მოსახლეობათა უფლებები თანაბარი ყოფილიყო და პრეზიდენტის არჩევა დიდი ქალაქის მოსახლეობაც არ გადაეწყვიტა, დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს საარჩევნო კოლეგია. დღეს ამ კოლეგიაში 538 წევრია, თითოეული შტატი წარმოდგენილია იმდენი დელეგატით, რაც მათი დეპუტატების ჯამის სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში. ამას ემატება კოლუმბიის ოლქის 3 მანდატი, რომელიც შტატი არ არის, თუმცა საპრეზიდენტო კოლეგიაში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. მოსახლეობის შესაბამისად, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა კალიფორნიას ჰყავს, 54 მანდატი, ხოლო ყველაზე მცირე 3 მანდატიანი შტატებია. დაწყებული ვერმონტით, დასრულებული ჩრდილოეთ დაკოტით. ამ სიაში შედის ალასკა, სამხრეთ დაკოტა, ვაიომინგი, კოლუმბიის ოლქი და დელავერი.

    დღეს ამერიკის საარჩევნო რუკას ასეთი სახე აქვს. ქვეყნის ცენტრალურ შტატებში, რომელთა მოსახლეობაც ძირითადად კონსერვატორია და ამ შტატებში არ არის არცერთი უდიდესი ქალაქი წითელია, ანუ მხარს უჭერს რესპუბლიკელებს. წითელ შტატებს „წითელ კედელსაც“ უწოდებენ. ლურჯი შტატები კი დემოკრატების მხარდამჭერი შტატებია, რომლებიც ძირითადად მრავალმოსახლიანი და მჭიდროდ დასახლებულნი არიან. ამ შტატებშია ამერიკის სამი უდიდესი ქალაქიდან სამივე- ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მხოლოდ წითელი შტატები და არც მხოლოდ ლურჯი შტატები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატმა 270 ხმა აიღოს, ანუ 538/2+1, რაც საჭიროა პრეზიდენტობისთვის. შესაბამისად, ყველა კანდიდატს სჭირდება გამარჯვება თეთრ, ანუ მერყევ შტატებში, რომლებიც ჩვეულბრივ წყვეტენ ხოლმე იმას, თუ ვინ გახდება ამერიის პრეზიდენტი. დღეს ეს შტატებია: უისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, არიზონა და ჯორჯია.

    თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ყველას, ვისაც გეოგრაფიის ეს დარგი აინტერესებს ახსოვს 2000 წლის არჩევნები, როცა ფლორიდის ხმათა დათვლის პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა და სწორედ უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ჯორჯ ვოლქერ ბუში ამერიკის პრეზიდენტად. მაშინ ფლორიდა უდიდესი მერყევი შტატი იყო, თუმცა დღეს ის რესპუბლიკური შტატია. წლების განმავლობაში, ფლორიდაში ხდებოდა კუბიდან მიგრანტების კონცენტრაციის გაზრდა. ისინი ფლორიდის სრუტის გავლით მაიამიში და ნეაპოლში სახლდებოდნენ (იგულისხმება ფლორიდის ქალაქი ნეაპოლი). ისინი ჩვეულებრივ კონსერვატორები არიან და ამან ფლორიდა მერყევი შტატიდან რესპუბლიკურ შტატად გადააქცია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შტატ არიზონაზე, რომელსაც ყოველთვის ჭეშმარიტ წითელ შტატად ვიცნობდით, დღეს ის „ცისფერი შტატია“- რაც ნიშნავს, რომ ხდება სულ უფრო და უფრო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. არიზონას შტატის სამხრეთ საზღვარი მექსიკის რესპუბლიკისა და ამერიკის საზღვარს ემთხვევა და მათ საზღვარზე არსებულ უდაბნოთა სისტემაზე გადის. ლათინური ამერიკიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიო გრანდეს ან ჩიჰუაჰუას უდაბნოს გავლით შედის, არიზონაში სალხდება. ლათინო ამერიკელებში კი დემოკრატიულ პარტიას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვს. იცვლება დემოგრაფია და იცვლება საარჩევნო რუკაც, თუ ადრე არჩევნების ბედი ფლორიდაში, ვირჯინიასა და ოჰაიოში წყდებოდა, ახლა ყველამ წინასწარ იცის ამ შტატებში გამარჯვებულის ვინაობა და მზერას არიზონას, ჯორჯიასა და დიდი ტბების სისტემის შტატებს მივაპყრობთ ხოლმე.

    აფრო-ამერიკელი მოსახლეობის გავლენა ამერიკის საარჩევნო რუკაზე

    პირველ რუკაზე ჩვენ ვხედავთ იმ ქაუნებს (ქაუნები შტატების შიდა ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ), რომლებშიც აფრო ამერიკელთა დიდი კონცენტრაციაა, ხოლო მეორე რუკაზე არჩევნების შედეგების ქაუნების მიხედვით, თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ მარტივ კანონზომიერებას, რომ აფრო-ამერიკელები ხმას დემოკრატებს აძლევენ, სწორედ აფრო-ამერიკელების დიდმა აქტიურობამ განაპირობა, 2008 წელს ბარაკ ობამას შთამბეჭდავი გამარჯვება, ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენის მიერ ჯორჯიის შტატის მოგება, რომელიც ყველას წარმოუდგენელ მოვლენად ეჩვენებოდა. 2016 წელს კი აფრო-ამერიკულმა მოსახლეობამ დემოკრატ ჰილარი კლინტონს ზურგი აქცია, რამაც მისი ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მარცხი განაპირობა.

    დებატები საარჩევნო სისტემის ირგვლივ

    ამერიკის შეერთებული შტატების საარჩენო სისტემა ნამდვილად არ არის იდეალური და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ ისმის, ბევრისთვის სამართლიანია. მეტიც, ამერიკელების 60%-ზე მეტი მხარს უჭერს მის გაუქმებას. თუმცა, დღეს მისი გაუქმება არ არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტური უმეტესობა ეწინააღმდეგება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადავა ჩვეულებრივ საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტს ხმის მიცემის პირდაპირი წესით აირჩევს, მაშინ ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მოცემულობაში, რესპუვლიკელები გამარჯვებას შეძლებენ. 2000 წელს, ალ გორმა დაამარცხა ჯორჯ ბუში დაახლოებით 550 000 ხმით, თუმცა პრეზიდენტი მაინც ბუში გახდა საარჩევნო კოლეგიის ელექტორალური გადახრის გამო. 2016 წელს კი ჰილარი კლინტონმა 3 000 000 ხმით დაამარცხა დონალდ ტრამპი, თუმცა პრეზიდენტი ვერ გახდა. დემოკრატების უპირატესობას ხმათა რაოდენობის მხრივ განაპირობებს დიდი ქალაქები. დემოკრატების იგებენ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში და იღებენ ხმების 70-80%-ზე მეტს. რესპუბლიკელებს არ ძალუძთ ამ უპირატესობის გადაწონა პატარა აგრარული თუ სუბურბანული ქაუნებით. მაგალითად, ვიხილოთ ამერიკის 10 უდიდესი ქალაქის სია და შედეგები 2020 ამ ქალაქებში.

    1. ნიუ იორკი, ნიუ-იორკი –  ჯო ბაიდენი- 85%
    2. ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ჯო ბაიდენი 71%
    3. ჩიკაგო, ილინოი – ჯო ბაიდენი- 74%
    4. ჰიუსტონი, ტექსასი –  ჯო ბაიდენი- 58%
    5. ფენიქსი, არიზონა – ჯო ბაიდენი- 51%
    6. ფილადელფია, პენსილვანია – ჯო ბაიდენი- 82%
    7. სან-ანტონიო, ტექსასი – ჯო ბაიდენი59%
    8. სან-დიეგო, კალიფორნია – ჯო ბაიდენი – 60%
    9. დალასი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 66%
    10. სან-ხოსე, კალიფორნია – ჯო ბაიდენი- 74%

    ამ სურათზე დაკვირვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკური პარტია ყველანაირად ხელს უშლის კოლეგიის გაუქმებას, ვინაიდან გიგანტურ მეგაქალაქებში ასეთი დიდი სხვაობების გათანაბრება პრაქტიკულად გამორიცხულია.

  • პანტანალი

    პანტანალი

    პანტანალი  ნაკრძალია ბრაზილიაში და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარეობს, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140. 000 კმ²-სა და 195. 000 კმ²-ს შორის.  აქ  გვხვდება  ცვალებადი სუბრეგიონული ეკოსისტემა და  თითოეულისთვის  დამახასიათებელია სპეციფიკური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.

    პანტანალის ტბორების 80%  წვიმიანი სეზონისას წყლით  ივსება.  ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.

    უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.

    პანტანალი ჭაობი

    პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე  3 500 სახეობის მცენარის  სამშობლოა.

  • ზეწრული მყინვარი

    ზეწრული მყინვარი

    მყინვარის სახე, რომელიც ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს აქვს დიდი სისქე, ამოზნექილი ფორმა და ცენტრალური ნაწილიდან პერიფერიებისკენ (კიდებისკენ) მოძრაობს.

    ზეწრული  მყინვარები  გვხვდება ანტარქტიკაში, არქტიკულ კუნძულებსა და კუნძულ გრენლანდიაში, სადაც თოვლის ხაზი თითქმის ზღვის დონეზე მდებარეობს.

  • ალპები

    ალპები

    ალპების მთიანი რეგიონი თავად ალპებს, მიმდებარე ზეგნებსა და დაბლობებს მოიცავს. ალპები, ერთ-ერთი უდიდესი და უმაღლესი მთათა სისტემაა ევროპაში. მთები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან  შუა დუნაის დაბლობამდეაგადაჭიმული და  დიდი მაღალმთიანი რეგიონია მის ირგვლივ მდებარე ვაკე, ბორცვიან და საშუალო სიმაღლის რაიონებს შორის.

    ალპების მთიანი რკალი 1200 კმ-ზეა გადაჭიმული და მრავალი ქედისგან შედგება, რომლებიც მთათაშუა ხეობებითა გაყოფილი. მთების სიგანე 50-დან 260-კმ-მდე იცვლება. ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207 ათასი კმ². ალპები ახალი, ალპური  დანაოჭების  დროს წარმოიშვა.

    ალპები იყოფა შედარებით მაღალ –  დასავლეთ ალპებად  და   უფრო დაბალ და ფართო აღმოსავლეთ ალპებად (უმაღლესი მწვერვალი  ბერნინას მთა, 4049 მ). დასავლეთ ალპებში მდებარეობს  მთლიანად ალპების  უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (თეთრი მთა), რომლის სიმაღლე 4808 მ-ია. ალპების  ქედებს, რომლებიც მაგარი ქრისტალური ქანებითა არის აგებული, წვეტიან, დაკბილული მწვერვალები და ფლატოვანი კალთები  აქვთ.  მთები ციცაბოდ ეშვებიან პადანის დაბლობისაკენ.

    მონბლანი სიმაღლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ-ია. მთის  ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთი კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამური კურორტი შაბინი, სადაც ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა.

    ალპები დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება.

    ალპებში  ბევრი ნალექი მოდის, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში.  ალპებისთვის მეტად დამახასიათებელია უხვთოვლიანი ზამთრის სეზონი, მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი; გამონაკლისს შეადგენს მთების ქვედა კალთები და წინამთები, სადაც ზამთარი ხანგრძლივი არ არის და არც ტიპიურია. მთებში  2500-3000 მ სიმაღლეზე ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის.

    კლიმატური პირობები და მთების მნიშვნელოვანი სიმაღლე ხელს უწყობენ მყინვარების განვითარებას, რომლებიც აქ სიდიდით გამოირჩევიან. ზოგიერთი  მყინვარი 10  და 25 კმ სიგრძესაც კი აღწევს.  ალპებში თოვლის ხაზი  ჩრდილოეთით  2500 მ-ზე, ხოლო  სამხრეთით 3000-3200 მ-ზე გადის.  თანამედროვე გამყინვარებას მთებში  4140 კვ. კმ. ფართობი უკავია, მყინვარების  რაოდენობა კი 1200-ია.  

    ალპებში ყველაზე გრძელი და ფართობით უდიდესია ალეჩის მყინვარი  ბერნის (შვეიცარია) ალპებში. მისი ფართობი  86.8 კმ²-ია, ხოლო სიგრძე 24.7 კმ-ს უდრის. ალეჩის მყინვარი 1450 მ სიმაღლეზე ეშვება. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს. 2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).

    ალპების მაღალმთიან სარტყელსა და ჩრდილო კალთებზე  გავრცელებულია ფიონი – თბილი, მშრალი მძაფრი ქარი, რომელიც დროდადრო  მთებიდან ხეობებისაკენ უბერავს. ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მატულობს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი.  ფიონი ხშირად განსაკუთრებულ სიმძლავრეს აღწევს. იგი  ორი/სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ კი ფიონი იმდენად ძლიერია, რომ სახლებს სახურავებს აცლის და ნგრევას იწვევს დასახლებულ ადგილებში. იგი, აგრეთვე, თოვლის ძლიერი სწრაფი დნობის გამო მთების მდინარეების უეცარ ადიდებას და წყლის მოვარდნას იწვევს.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთების ბუნებისა და მოსახლეობისათვის ფიონები სასარგებლოა: გაზაფხულზე იგი მთებში თოვლის დნობას აჩქარებს, შემოდგომაზე კი ცხელი ჰაერის ქროლვით ხორბლეულისა და ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს. ალპების ზოგ მთიან რაიონში სიმინდისა და ყურძნის მოყვანა მხოლოდ ფიონის გამო არის შესაძლებელი.

    ალპების მთები დასავლეთი ევროპის მთავარ ჰიდროგრაფიულ კვანძს წარმოადგენს. მისი მყინვარებიდან მრავალი მდინარე იღებს სათავეს.  ეს მდინარეები ჩქარია და წყალუხვი, განსაკუთრებით ზაფხულში. მათზე ბევრია ჩანჩქერი.  ალპების მთების ქედებიდან სათავეს იღებენ ევროპის უდიდესი მდინარეები: რაინი, რონა, დუნაი, პო და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: აარე, როისი, დიურანსი, დრომი, იზერი, დრავა, ენსი, ინი, ოლო, ადა, ტიჩინო და ა.შ. მდინარეებზე  აგებულია  ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებენ ქალაქებს, სოფლებსა და საწარმოებს.

    ალპებში ბევრია ტბები, რომლებიც სიღრმითა და სანაპიროს უცნაური მოხაზულობებით  გამოირჩევიან. ისინი ალპებს განაკუთრებულ სილამაზეს  აძლევენ.  მათი ნაპირები მჭიდროდაა დასახლებული და დაფარულია ბაღებით და ზვრებით. ალპების ტბებიდან აღსანიშნავია ლაგო-მაჯორეს, კომოს, გარდას,  ფირვალდშტეტის,  ბრიენცის  და სხვ. ტბები.

    ალპების ტბები

    კომოს ტბა ალპების სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 198 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი  გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომელთა სიმაღლე 2000 მ-დან (სამხრეთით) 2400 მ-მდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) მერყეობს. ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. ნაპირები უმეტესად ციცაბო, კლდოვანი და მაღალია. ტბის სიგრძე 47 კმ-ია, სიგანე 4 კმ., ხოლო უდიდესი სიღრმე 414 მ.  ტბა  მდიდარია თევზით, თუმცა ტბის გაჭუჭყიანების  გამო, თევზის პოპულაცია კლებულობს.  კომოს ნაპირებთან   ბევრი კურორტია. ტბა განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, ველური ბუნებითა და მთის კურორტებით. კომო  იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.

    ალპებში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. გავიხილოთ როგორ იცვლებიან ბუნებრივი სარტყლები ალპების სამხრეთ კალთებზე მის უფრო ტენიან დასავლეთ ნაწილში.

    ალპების  მთისძირები, რომელიც ხელსაყრელია ადამიანის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის ანთროპოგენულ ლანდშაფტს უკავია და ყანებით, ბაღებითა და ზვრებითაა დაკავებული. უცვლილი სახით ბუნება აქ ნაკლებადაა შემორჩენილი. ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. იშვიათად გვხვდება წაბლის, ფიჭვის, ზოგჯერ წიფელისა და მუხის პატარა კორომები. მთის ძირები  და მიმდებარე ვაკეები შედარებით მჭიდროდაა დასახლებული და კარგადაა ათვისებული.

    უფრო მაღლა, 1800 მ-მდე, ზომიერი ტემპერატურის მქონე ტენიანი ჰავის პირობებში ტყეების სარტყელი მდებარეობს. დასაწყისში ეს ხშირი წიფლისა და მუხის ტყეებია. ტემპერატურის კლების შესაბამისად მას  შერეული და წიწივიანი ტყეები ცვლის. აქ განვითარებულია ეწერი ნიადაგები. 

    ძლიერი ქარების გამო  ფიჭვის, არყის და სხვ. ხეები ტანბრეცილია.  ბუჩქნარებიდან გავრცელებულია დეკა და ღვია. ამ ზონის ზემოთ ალპური მდელოების ზონაა, რომელსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ.

    ტყეებს ზემოთ,  2000-2100 მეტრამდე, სადაც ყინვიანი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული იცის, სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს სარტყელია, რომლისათვისაც დამახასიათებელია  ბუჩქნარებისა და  მდიდრი მდელოს მცენარეულობა. აქ მკაცრი ზამთარი, ხანმოკლე და გრილი ზაფხულია, იცის ძლიერი ქარები. დასაწყისში ხშირი, მაღალბალახოვანი მდელოებია დაბალი მიწაზე გართხმული ბუჩქნარებით – დეკით, ღვიითა და მთის ფიჭვით. ბალახი  თანდათან   უფრო დაბალი ხდება. ასეთ მდელოებს ალპური მდელოები ჰქვიათ.  ისინი კარგი საზაფხულო საძოვრებია.

    ალპურ მდელოებს დაბალი სიმაღლის (10-15 სმ) ბალახეული მცენარეები ქმნის, რომელბიც მთებში იზრდება. ისინი შორიდან ჭრელ, მრავალფეროვან ხალიჩას წააგავს და ამიტომ მათ „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ.  ალპური მდელოები კავკასიონის მთებში 3000-3200 მ სიმაღლეზე გვხვდება.

    ალპური მდელოები, 3000 მ სიმაღლიდან მარადი თოვლისა და ყინულების ზონით იცვლება, რომელსაც ნივალურ ზონას უწოდებენ.  

    მრავალრიცხოვანი ხეობებისა და უღელტეხილების წყალობით მთები შედარებით ადვილად გადასალახავია.  გრძელმა გვირაბებმა გაკვეთეს ქედები , მთებში გაყვანილია სარკინიგზო და საავტომობილო გზები.  შვეიცარიის ალპებში აღსანიშნავია: სიმპლონის გვირაბი, ალბულის გვირაბი, გოთარდის საბაზო გვირაბი და გოტარდის გვირაბი. ბევრ საკურორტო ქალაქში მოქმედებს საბაგირო გზა, რომლის საშუალებითაც ტურისტები მყინვარებამდე ადიან.  

    ალპების მდელოები

    მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი სარკინიგზო გვირაბი – სიმპლონის გვირაბი ალპებში, შვეიცარიასა და იტალიაში, სიმპლონის უღელტეხილის მახლობლად, 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 1898 წელს დაიწყო. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ლუდვიგ ფორერის ძალისხმევით გვირაბი 1906 წლის 10 მაისს გაიხსნა, მაგრამ  მშენებლობა საბოლოოდ 1921 წელს დასრულდა.  გვირაბი  ორი ერთლიანდაგიანი გვირაბისაგან შედგება, რომელთაგან  პირველი 19,7 კმ, ხოლო მეორე 19,8 კმ სიგრძისაა.

    ალპები ტურიზმის ცენტრია.  აქ განვითრებულია ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით განვითარებულია ზამთრის სახეობების სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვ.). ზაფხულში ალპებში პოპულარულია ველოსიპედებით რბოლა, პარაპლანი და სხვ.;  ტბებში აქტუალურია სერფინგი.

    დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი ცერმატი. ასევე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია დავოსი, რომელიც ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არაერთი საყოველთაოდ ცნობილი კურორტია თავმოყრილი იტალიის ალპებშიც. მთების ლამაზი ბუნება პეიზაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრ ტურისტს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ალპების უნიკალური ფლორა და ლანდშაფტები, თანდათან შეიცვალა: მდინარეთა  ხეობები გადაიქცა ბეტონისა და ასფალტის ხაზოვან აგლომერაციებად, ხოლო გზებისა და სათხილამური ტრასების მშენებლობამ გამოიწივია ეროზია. ალპებში მდებარე ბევრი  ქალაქი განიცდის ჰაერის ძლიერ გაჭუჭყიანებას.

    და კიდევ:

    1973 წელს ალპებში ჩატარდა მყინვარების აღნუსხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა 1828 მყინვარი, საერთო ფართობით 1342 კვადრატული კილომეტრი.

    ალპების მიმართ ინტერესი  XVIII-XIX საუკუნეებში გაჩნდა. შვეიცარიელი ფიზიკოსმა ორას ბენედიქტ დე სოსიურმა XVIII საუკუნეში ბოტანიკური გამოკვლევების მიზნით იმოგზაურა ალპებში. სოსიურმა არაერთი ასვლა განახორციელა ალპების მთების მწვერვალებზე . იგი ასევე იკვლევდა  მყინვარებს, ხოლო 1779-1796 წლებში ნაშრომის „ალპებში მოგზაურობა“ გამოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარამყინავრების შემსწავლელ მეცნიერებას –  გლაციოლოგიას.

    ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.