• ოკეანის დინებები

    ოკეანის დინებები

    ოკეანის (ზღვის) დინებები ოკეანეებსა და ზღვებში წყლის მასების ჰორიზონტალური გადაადგილებაა დიდი ნაკადების სახით, განსაზღვრული მუდმივი გზებით. არსებობს მუდმივი, პერიოდული, ხანმოკლე, ზედაპირული და სიღრმითი დინებები. ოკეანის ზედაპირზე დინება ფართო ზოლად ვრცელდება. ზღვის დინებებს იწვევს ზღვის ზედაპირზე მოძრავ ჰაერსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა, წყალში წარმოქმნილი წნევის გრადიენტები და მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევის ძალები. დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა, რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრება მარჯნივ, სამხრეთ ნახევარსფეროში – მარცხნივ. ზღვებისა და ოკეანეების წყლის ზედაპირული შრის მოძრაობის ძირითადი სახეა ქარისმიერი დინება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩამონადენისმიერი დინება და კომპენსაციური დინება. ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზღვის დინებები მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მაგალითად, გოლფსტრიმი ერთდროულად ქარისმიერი, ჩამონადენისმიერი და კომპენსაციური დინებაცაა.

    განლაგების მიხედვით განარჩევენ: ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და სხვა დინებებს; ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით კი – თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს. აგრეთვე დინება შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი და პერიოდული (მოქცევა-მიქცევით გამოწვეული).

  • ოკეანე

    ოკეანე

    ოკეანე წყლის უზარმაზარი მასაა, რომლითაც დაფარულია დედამიწის ზედაპირი. გამოყოფენ 5 ოკეანეს: წყნარს, ატლანტის, ინდოეთის, ჩრდილო ყინულოვანსა და სამხრეთისას, რომლებიც ერთიან მსოფლიო ოკეანეს ქმნიან.

  • ოაზისი

    ოაზისი

    ოაზისი ხემცენარეებით, ბუჩქნარითა და ბალახით დაფარული ადგილები,  აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონებია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე.

    ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კმ²-მდე მერყეობს. ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.