• რასიზმი

    რასიზმი

    რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. რასიზმი ასევე არის რწმენა ან მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე. სიტყვა რასიზიმი პირველად 1932 წელს  ფრანგი ლექსიკოგრაფისა და გამომცემლის ლარუსის მიერ შედგენილ ლექსიკონში დაფიქსირდა. რასიზმის  ფუძმედებლად ასევე ფრანგი მეცნიერი  ჟოზეფ დე გობინო მიიჩნევა.  ამჟამად რასიზმის ყველა ფორმის ლიკვიდაციის  შესახებ საერთაშორისო კონვენცია მოქმედებს, რომლეიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1965 წლის 21 დეკემბერს მიიღო.

  • ჟინჟღლი

    ჟინჟღლი ნალექია, რომელიც, ჩვეულებრივ, ფენა ღრუბლებიდან მოდის წვრილი წვეთების სახით. მათი ვარდნის სიჩქარე ძალიან მცირეა. ამდენად, ჟინჟღლის წვეთები დიდხანს რჩება ჰაერში.

  • ოაზისი

    ოაზისი

    ოაზისი ხემცენარეებით, ბუჩქნარითა და ბალახით დაფარული ადგილები,  აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონებია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე.

    ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კმ²-მდე მერყეობს. ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

  • იზოანემონა

    რუკაზე თანაბრი ქარის საშუალო სიჩქარის მაჩვენებლი  იზოხაზი;

  • ბიომი

    ბიომი

    ბიომები დედამიწის დიდი რეგიონებია, რომლებსაც აქვთ ისეთი მსგავსი მახასიათებლები, როგორიცაა კლიმატი, ნიადაგები, ნალექები, მცენარეული თემები და ცხოველთა სახეობები. ბიომებს ზოგჯერ ეკოსისტემებსა და ეკორეგიონებად მოიხსენიებენ. მართალია, კლიმატი  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი ბიომის ბუნებას, მაგრამ არა  ერთადერთი ფაქტორი.  ბიომების ხასიათსა და განაწილებაზე ასევე გავლენას ახდენს  რელიეფი,   ტენიანობა, ტემპერატურა  და სიმაღლე.

    დედამიწის ბიომთა საზღვრები უმეტესად  ბუნებრივ ზონებს (ლანდშაფტურ– გეოგრაფიულ ზონებს) შეესაბამება.   ბუნებრივი ზონა გეოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული  ტერმინია, ბიომი კი – ბიოგეოგრაფიაში დანერგილი ტერმინი.

    მეცნიერები  ვერ თანხმებიან ზუსტად რამდენი ბიომია დედამიწაზე,  ამიტომ მსოფლიოს ბიომების აღსაწერად  სხვადასხვა  კლასიფიკაციის სქემა არსებობს.  თუმცა   დედამიწის  ბიომები ორ  ძირითად  ნაწილად  –  წყლის  და ხმელეთის ბიომებად იყოფა.

  • თანავარსკვლავედი

    თანავარსკვლავედი

    ვარსკვლავთა ჯგუფი, რომლებადაც პირობითადაა დაყოფილი ვარსკვლავიანი ცა.

  • ორინოკოს სათავის აღმოჩენა

    ორინოკოს სათავის აღმოჩენა

    ორინოკო — სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უგრძესი მდინარეა (სიგრძე 2,140 კმ). მისი აუზის ფართობი 880 000 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 76,3% ვენესუელის ტერიტორიაზე მდებარეობს, დანარჩენი კი კოლუმბიის. ორინოკო და მისი შენაკადები, ვენესუელის აღმოსავლეთ და შიდა რეგიონების მთავარ სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს.

    როგორ საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მდინარე ორინოკოს ნაპირებზე ჩნდებოდა ქალაქები და სოფლები, მთავარ მდინარეზე და მის შენაკადებზე დაცურავდნენ გემები, მაგრამ არ იყო აღმოჩენილი მდინარის სათავე.

    მდინარის სათავე 1951 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთ-ვენესუელის ექსპედიციამ აღმოაჩინა. ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული ექსპედიცია თვითმფრინავით  სათავიდან 300 კმ დაშორებულ ადგილზე ჩაიყვანეს. აქედან დაიწყო ექსპედიციამ მდინარის სათავისკენ რთული გზა, 240 კმ გადალახვას სამი თვე დასჭირდა,   ნავით გასვლა ყველგან შეუძლებელი იყო, ამიტომ  გაუვალ ჯუნგლებში წყალმარჩხ ადგილებში ექსპედიციის მონაწილეებს ფეხით უხდებოდა სიარული. ბოლო 60 კმ გავლას 34 დღე დასჭირდა.  27 ნოემბერს ნანატრი დღე დადგა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ზალპის ქვეშ აღმართა საფრანგეთისა და ვენესუელის დროშები ჭაობის განაპირა ბორცვზე, იმ ადგილას, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ორინოკო.

    მდინარე სათავეს იღებს ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე, კერო-დელგადო-ჩალბაუდის მთიდან, ზღვის დონიდან 1 047 მეტრზე.

    ორინოკოს შესართავი ატლანტის ოკეანესთან, მესამე მოგზაურობისას 1498 წელს, აღწერა ქრისტეფორე კოლუმბმა. 1800 წელს, მდინარის აუზს იკვლევდა ალექსანდერ ჰუმბოლდტი, რომელმაც შემდგომ აქაური ფლორისა და ფაუნის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა ამ ტერიტორიაზე მდინარის ვარდისფერი დელფინების არსებობას.

  • ზეგანი

    ზეგანი

    ზეგანი – ბრტყელი ან სუსტტალღოვანი ზედაპირის მქონე ვაკე, რომელიც ზღვის დონიდან 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.

  • დიდი ბარიერული რიფი

    დიდი ბარიერული რიფი

    დიდი ბარიერული რიფი (ინგლ. Great Barrier Reef) მსოფლიოში მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე, მარჯნის ზღვაში. ჯაჭვი 2900-ზე მეტი განცალკევებული მარჯნის რიფისაგან და 900 კუნძულისაგან შედგება. იგი გადაჭიმულია ავსტრალიის სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩრდილო-აღმოსავლეთით 2500 კმ-ზე და ავსტრალიის ამ რეგიონში ხელს უშლის ნაოსნობას. დიდი ბარიერული რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი ბუნებრივი ობიექტია, რომელიც შექმნილია ცოცხალი ორგანიზმებისგან და მისი დანახვა ადვილად შესაძლებელია კოსმოსიდან.

    დიდიდ ბარიერული რიფი გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რომელიც იწყება სამხრეთი ტროპიკიდან ქალაქებს გლადსტონსა და ბანდაბერგს შორის და ბოლოვდება ტორესის სრუტის წყლებში, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ავსტრალიას ახალი გვინეისაგან. მისი საერთო ფართობია 348 698 კმ².

    დიდი ბარიერული რიფი 1981 წელს იუნესკომ როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი გამოაცხადა.

  • მავრიკი

    მავრიკი

    ინდოეთის ოკეანის ფირუზისფერ წყლებში ჩაძირულია მწვანე ხმელეთი, რომელსაც ირგვლივ თვალისმომჭრელი ყვითელი ფერის პლაჟის სარტყელი აკრავს. ეს პატარა ხმელეთი ვულკანური წარმოშობის კუნძული მავრიკია, რომელიც 1968 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 70 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით 50 კმ-ზეა გადაჭიმული, მთლიანი ფართობი კი სულ რაღაც 2 ათასი კვ.კმ-ია. თუმცა მავრიკიის მახლობლად მდებარე მინიატურული ატოლები – როდრიგესი, აგალეგა და სხვები სახელმწიფოს ფართობს 200 კვ.კმ-ს მატებენ.

    კუნძულის ძირითადი ტრასა მაებურიდან დედაქალაქ პორტ-ლუიმდე მიდის. გზა ხან შვეულ კედლებიან კლდეებს შორის გადის, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი შავი ხის ნაზარდი, რომელიც ოდესღაც მთელ კუნძულს ფარავდა, ხანაც შაქრის ჭარხლის პლანტაციების ზღვაში იკარგება. ბუჩქებზე ჩიტისტოლა პეპლები და თითქმის პეპლების ზომის ფრინველები დაფარფატებენ.

    1598 წელს ჰოლანდიელები პირველი ევროპელები იყვნენ კუნძულზე. გადმოცემით იმ დროს იქ უზარმაზარი, თითქმის 1 ფუთი წონის უფრთო ფრინველები დრონტები ბინადრობდნენ. ისინი დაუცველები და ძალიან მიმნდობნი ყოფილან, რამაც განაპირობა მათი სახელი დოდო (სულელი), სწორედ აქედან იღებს სათავეს ინგლისელების ცნობილი გამოთქმაც – „მოკვდა, როგორც დოდო“. ახლა მუზეუმში მხოლოდ დრონტის ფიტულიღაა შემონახული.

    კუნძულის დაპყრობას ბევრი ცდილობდა და ყველა დამპყრობი თავის სახელს არქმევდა კუნძულს. არაბი ხალიფები პირველები მოვიდნენ დაუსახლებელ კუნძულზე და მას „დინა არობი“ (”არაბეთის კუნძული~) უწოდეს. შემდეგ ჰოლანდიელები დამკვიდრდნენ და თავიანთი პრინცის სახელით მონათლეს კუნძული – მორიცა ნასაუ. ისინი ფრანგებმა შეცვალეს და სახელიც შეუცვალეს – ილ დე ფრანსედ (საფრანგეთის კუნძული) აქციეს. კუნძულს ინგლისელების ხელში გადასვლის შემდეგ მავრიკიად მოიხსენიებენ.

    ევროპაში გამოცემულ წიგნებში მავრიკია სხვადასხვანაირი ეპითეტითაა მოხსენებული: „აღმოსავლეთის გიბრალტარი“, „მალტა ინდოეთის ოკეანეში“ და სხვა. კუნძულის გერბზე კი დღეს შეგვიძლია წავიკითხოთ დევიზი: „ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები“.

    მავრიკი პოლიგლოტების კუნძულია. თითქმის ყველა აქაური მცხოვრები თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ბევრმა იცის ინდური, მაღაზიებში გაიგონებთ ჩინურსა და არაბულს, ბაზრობებზე სუაჰილის ენას. თუ მოსაუბრე მავრიკიელებს ყურადღებით მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ მათი ენა აზიური, აფრიკული და ევროპული ენების კონგლომერატია. მრავალენიანობა გამოწვეულია მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით: არაბები, ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ჩინელები, ინდოელები და სხვა. მოსახლეობის 65 %-ს ე.წ. ინდო-მავრიკიელები შეადგენენ.