არალის ზღვა-ტბა მლაშე ტბაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში და ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს. ჯერ კიდევ არც ისე გვიან არალის ზღვა განთქმული იყო უმდიდრესი ბუნებით, ხოლო არალის სანაპირო ზონა აყვავებად და ბიოლოგიურად მრავარფეროვან ადგილად ითვლებოდა. უნიკალურად ჩაკეტილი და მრავალფეროვანი არალი არავის არ ტოვებდა გულგრილს თავის ადგილის მიმართ. სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიიღო არალის ზღვამ ასეთი სახელწოდება. „არალი“ თურქულად კუნძულს ნიშნავს, იგი უზარმაზარ უდაბნოში სიცოცხლისა და მრავალფეროვნების კუნძულად ითვლებოდა. თუმცა ადამიანის დაუდევრობის გამო არალის ზღვა საკმაოდ შეიცვალა და დღეს ის გაქრობის საშიშროების წინაშეა.
ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია და მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ფართობია დარჩენილი, რომლებიც ამ დროისათვის ერთმანეთს წყლით არ უკავშირდება. ტბა მდინარეების – სირდარიისა და ამურდარიის წყლებით საზრდოობდა. ორივე მდინარე სათავეს მთებში იღებს და ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე გადის. 1960-იან წლებში ამ მდინარეებიდან გაიყვანეს არხები ბამბის მინდვრების მოსარწყავად, რის გამოც, მათ არალის ზღვაში ზღვის შესავსებად საჭირო წყლის რაოდენობა ვეღარ ჩაჰქონდათ. მანამდე ისინი ჩაკეტილ ზღვას წელიწადში 60 კმ3წყლით ამარაგებდნენ, რაც არხების გაყვანის შემდეგ კი 4-5 კმ3-მდე შემცირდა. დღეისათვის ორივე მდინარე მოწყვეტილია ზღვას, ხოლო მდინარის დელტების ნაწილი დაჭაობებულია.
1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად ითვლება. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ2-ს შეადგენდა. ის მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში ფართობის მიხედვით. სწორედ სიდიდის გამო ეძახდნენ მას ზღვას. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთისა და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს, სამაგიეროდ მარილიანობა ზღვაში 2,5-ჯერ გაიზარდა.
არალის ზღვის ფართობის ცვლილება
წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც,რომ წლის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობა აქ ძალიან მცირეა – დაახლოებით 100 მმ. აორთქლებული წყალი კი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. სწორედ აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება,რასაც თავის მხრივ ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება მოჰყვა. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული საქმიანობა – მეთევზეობა. და მშრალ ტერიტორიაზე დარჩა და რჩება მარილის სქელი ფენები.
როდესაც არალის ზღვის თევზის ინდუსტრია თავის ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ თევზჭერის სფეროში დაახლოებით 40 000 ადმიანი იყო დასაქმებული და მთელი საბჭოთა კავშირის თევზჭერის 1/6 აქ ხდებოდა. ახლა ეს სფერო განადგურებულია და ის ქალაქები, რომლებიც ადრე ზღვის ნაპირას მდებარეობდნენ და თევზჭერის ცენტრებს წარმოადგენდნენ, ახლა გემების სასაფლაოებად იქცნენ. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს უზბეკეთში მდებარე ქალაქი მიუნაკი, რომელიც თავის დროზე განვითარებულ პორტსა და თევზჭერის ინდუსტრიის ადგილს წარმოადგენდა. ახლა კი ნაპირიდან კილომეტრებითაა მოშორებული. სათევზაო ნავები მშრალ მიწაზეა მიმოფანტული, იმ ადგილას, რომელიც ადრე წყლით დაფარულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ ნავების უმეტესობა აქ უკვე 20 წელზე მეტია განისვენებს. ასევე განადგურდა ონდატრების (მუსკუსის ვირთხა) ტყავის წარმოება, რომელიც ცხენის აღკაზმულობისათვის გამოიყენებოდა. ეს სირდარიისა და ამურდარიის დელტებში ხდებოდა, სადაც წელიწადში დაახლოებით 500 000 ონდარტის ტყავს ამუშავებდნენ.
ფაქტია, რომ არალი შრება, ქრება და ეს კატასტროფა უკვე გასცდა არალის ზღვის საზღვრებს. ზღვის აკვატორიიდან, როგორც ვულკანის კრატერიდან, სხვადასხვა მხარეს დაახლოებით 100 000 ტონა მარილი, ტოქსიკური მტვერი, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებია მიმოფანტული. ეს ყველაფერი კი ზემოქმედებს და ანადგურებს ცოცხალ ბუნებას. დაბინძურების ეფექტს ზრდის ისიც, რომ არალის ზღვა ძლიერი აღმოსავლეთის ქარის გავრცელების გზაზე მდებარეობს, რომელსაც შორ მანძილზე დიდი რაოდენობით მარილი გადააქვს. სწორდ ამ ქარის წყალობით ხვდება მარილი მთელ ევროპაში და ზოგჯერ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდეც კი ვრცელდება.
არალის ზღვის კატასტროფის დინამიკის თანახმად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ 2015 წლისათვის არალის ზღვა სრულიად უნდა დამშრალიყო და ახალი უდაბნო არალ-ყუმი წარმოქმნილიყო, რომელიც ყარაყუმისა და ყიზილყუმის გაგრძელება იქნებოდა. ამის გამო მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი მარილი და შხამ-ქიმიკატები პრობლემებს შეუქმნის მთელ დედამიწას. ასევე მიღებული შხამი დააბინძურებს ჰაერს და დაანგრევს აზოტის ფენას. კლიმატის შეცვლა გამოიწვევს მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს მთელ რეგიონში. აქ ახლაც უკვე ნათელია კლიმატური ცვლილებები. ამ მომენტისათვის არალის ტერიტორიაზე ზაფხული შემცირდა და უფრო ცხელი და მშრალი გახდა, ხოლო ზამთარი – უფრო ცივი და გრძელი. ამ სიტუაციით პირველ რიგში იტანჯება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ რეგიონში წესით ერთ სულ მოსახლეზე საჭიროებისათვის ნორმის სახით გათვალისწინებულია 150 ლ. წყალი, მაშინ როდესაც ადგილობრივები მხოლოდ 15-20ლ წყლის მიღებას ახერხებენ.
არალის ზღვის გარშემო ტერიტორია ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც ადგილობრივები განიცდიან სუფთა წყლის ნაკლებობასა და აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ხშირია კიბოსა და ფილტვების დაავადებათა შემთხვევები. რეგიონში ასევე გავრცელებულია რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ტუბერკულიოზი და კიბო, კუჭ-ნაწლავის სისტემათა დაზიანება, ანემია და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ღვიძლის, თირკმლისა და თვალების პრობლემებიც შეგვიძლია ტოქსიკურ ქარებს მივაწეროთ. რეგიონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ დონეს, რომელიც 2012 წელს 5, 29 პრომილე იყო უზბეკეთისათვის და 8, 52 პრომილე ყაზახეთისათვის, რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობას აქ უზბეკეთი – 21, 2 და ყაზახეთი – 23, 6 პრომილე. უშუალოდ არალის ზღვის არეალში კი 75 პრომილე, ხოლო დედათა სიკვდილიანობა 12 პრომილე.
არალის ზღვის მომავალი და პასუხისმგებლობა მის გადარჩენაზე ახლა ხუთი სახელმწიფოს ხელშია, ესენია: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. 1994 წელს მათ მიიღეს ASBP -აზაპ (Aral Sea Basin Program – არალის ზღვის აუზის პროგრამა). პროგრამის ოთხი მიზანია: არალის ზღვის აუზის გარემოს სტაბილიზაცია; ზღვის გარშემო არსებული კატასტროფული გარემოს რეაბილიტაცია; არალის ზღვის აუზის, როგორც საერთაშორისო წყლების მართვის გაუმჯობესება; კომპეტენციის გაზრდა პროგრამის მიზნების მისაღწევად, როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეებზე.