აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მდინარე ლიმპოპო სამ ქვეყნაში მიედინება. იგი ბუნებრივი საზღვარია სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანას შორის, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეს შორის. ლიმპოპო ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე აფრიკის მდინარეებს შორის სიდიდით მეორეა ზამბეზის შემდეგ.
ლიმპოპო წარმოიქმნება მდინარეების ნიანგისა და მარიკოს შესართავთან სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში. ის სამხრეთ აფრიკის სიდიდით მეორე მდინარეა ზამბეზის შემდეგ.
მისი სიგრძეა 1 750 კმ, აუზის ფართობი 415 000 კმ².
პირველი ევროპელი, ვინც ეს მდინარე ნახა, იყო ცნობილი მოგზაური ვასკო და გამა, რომლის ექსპედიციამაც 1498 წელს, ლიმპოპოს შესართავთან ჩაუშვა ღუზა.
როგორც ჩანს, მდინარის რეგიონი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული, რადგან აქ აღმოჩენილია 3,5 მლნ წლის ავსტრალოპითეკის ნამარხები.
ბუშმენებმა ლიმპოპოს “ნიანგის მდინარე” უწოდეს მასში მცხოვრები ამ ქვეწარმავლების დიდი რაოდენობის გამო. ნიანგების გარდა, მდინარეში ასევე უხვადაა ჰიპოპოტამებიც. მდინარის დინება სუსტია, ფსკერზე კი დიდი რაოდენობით სილაა. წყალი ძალიან მღვრიე, ამიტომ წყალთან მიახლოებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. საშიშ ცხოველებს არ სძინავთ. თავის დასაცავად საუკეთესო ვარიანტია გამოცდილი გიდის მომსახურებით სარგებლობა.
მდინარის გასწვრივ რამდენიმე დიდი ეროვნული პარკია, სადაც აფრიკული სავანის მთავარი წარმომადგენლები. გიგანტური სპილოებით დაწყებული ფერადი ფრინველებით დამთავრებული ბინადრობენ, აქ ყველაფერი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს.
ლიმპოპო თავის ნაწარმოებებში უკვდავჰყვეს მწერლებმა. რუსულ საბავშვო ლიტერატურაში ლიმპოპო ნახსენებია კორნეი ჩუკოვსკის ზღაპარში “აიბოლიტი”.
მწერალი მაინ რიდი მდინარეს ახსენებს მოთხრობაში – “ჟირაფებზე მონადირეები”, ხოლო რ. კიპლინგის ზღაპარში “სპილო ბავშვი” მდინარე ლიმპოპო მოხსენიებულია, როგორც “ბინძური, ტალახიანი მწვანე მდინარე და სადაც ისეთი ხეები იზრდება, რომელტაც ციებ-ცხელება მოაქვს”, და სადაც ჩიტმა კოლოკოლომ სპილოს ცნობისმოყვარე შვილი გაგზავნა პასუხების მოსაძებნად.
ალბათ, არცერთ მდინარეს არა აქვს იმდენი სახელი, რამდენიც ამაზონს: მდინარეების დედოფალი, არაჩვეულებრივი, საკვირველი, ბუნების საოცრება და ყველა მათგანი სიმართლეს შეესაბამება.
ამაზონი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი (სიგრძე 6992 კმ) და ყველაზე წყალუხვი მდინარეა. წარმოიდგინეთ ოცი ისეთი მდინარე, როგორიც ვოლგაა ან ათი ისეთი, როგორც ენისეია და მიიღებთ ამაზონს. უამრავ შენაკადებს შორის 17 მდინარე, 500-დან 3500 კმ-ის სიგრძისაა: რიუ-ნეგრუ. მადეირა, მარანიონი, უკაიალი, შინგუ და სხვა.
მდინარის წყალშემკრები აუზი 7.2 მლნ კვ.კმ-ია. ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება ავსტრალია ან აშშ. ეს ტერიტორია დაყოფილია ბრაზილიის, ბოლივიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორს შორის. ოფიციალურად მდინარის სათავედ მდინარე უკაიალს კი არ თვლიან, რომელიც მარანიონზე გრძელია, არამედ უფრო უხვწყლიან მარანიონს მიიჩნევენ. სათავე, სადაც მარანიონი ქედებს შორის ჩაჭრილ ხეობაში მოედინება, არაჩვეულებრივი და თავისებური ადგილია მთელ დედამიწაზე. ბუნება თანდათან იცვლება, მრავალფეროვანი და დიდებული ხდება, თანდათანობით მატულობს ტემპერატურა და ტენიანობა, მცენარეულობით მდიდარ ტყეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია. უკაილთან შეერთების შემდეგ მარანიონი ამაზონის სახელით მოედინება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას – სოლიმოესს უწოდებს. ორი კილომეტრის სიგანის ამაზონი შენაკადების შეერთების შემდეგ კიდევ უფრო ფართოვდება და ბრაზილიელები მას ”მდინარე-ზღვას~ ეძახიან.
შესართავში მდინარე დელტას ქმნის, რომელშიც უამრავი კუნძულია. მათ შორის ყველაზე დიდ კუნძულზე – მარაჟუზე თავისუფლად დაეტევა შვეიცარია ან ბელგია.
მთელი წლის განმავლობაში ამაზონი წყალუხვია, რაც იმით აიხსნება, რომ მისი შენაკადები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მიედინებიან. წელიწადის ერთ დროს მარცხენა შენაკადებია წყალუხვი, მეორე დროს კი – მარჯვენა.
შესართავიდან თითქმის ათას კილომეტრზე იგრძნობა მოქცევა: დროდადრო შესართავიდან მდინარის დინების საწინააღმდეგოდ დიდი ხმაურით მოგორავს გიგანტური, აქაფებული ტალღები. ვაი იმ ნავს და გემს, რომელსაც ეს ტალღა წამოეწევა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ მოვლენას ”პოროროკ-პოროროკას” – დამანგრეველს უწოდებენ. აქედან წარმოსდგა ტალღის სახელწოდებაც – პოროროკა. ინდიელთა ზოგიერთი ტომი პოროროკას ”ამაზუნუს” – ანუ მგვრგვინავ წყალს ეძახის. გეოგრაფები თვლიან, რომ აქედან მოდის მდინარის სახელწოდებაც. ინდიელები ამაზონს ასევე უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე), პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).
არის სხვა ვერსიაც. გადმოცემით მდინარე ნაპოს ხეობაში (ამაზონის შენაკადი) ცხოვრობდა ინდიელთა ტომი კუა. ამ ტომის მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმები და ტანზე შემოხვეული ნაჭერი ქალის ქვედაკაბას წააგავდა. აბორიგენებთან ორთაბრძოლაში ევროპელებმა ვერ გაარჩიეს კაცებს ებრძოდნენ თუ ქალებს. ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ აქ მეომარი ქალები – ამაზონები ცხოვრობდნენ.
შეიძლება უცნაურად ჩათვალოთ, მაგრამ მდინარის შესართავი 1500 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ვისენტე იანსენ პინსონმა, 1743 წელს ფრანგი შარლ მარიდე დე კონდამინი შედარებით უფრო ზევით აუყვა მდინარეს. საბოლოოდ 1955 წელს გერმანელ-პერუელთა ექსპედიციამ შედარებით სრულყოფილად გამოიკვლია მდინარე ამაზონი.
ამაზონის აუზი სავსეა განძით. აქ არის: ალმასი, ოქრო, ვერცხლი, უჩვეულო და მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი მცენარეები და ცხოველები. ტყით არის დაფარული უზარმაზარი ტერიტორია, სადაც 2500 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეა ( შედარებისთვის კუნძულ შრი-ლანკაზე, რომელიც მცენარეთა სახეობებით მდიდარ კუნძულად ითვლება 1500 სახეობას, ხოლო ასევე ბიომრავალფეროვნებით მდიდარ კუნძულ იავაზე 1100 სახეობას ითვლიან). მცენარეები 5-6 იარუსად იზრდება. ზოგიერთი გოლიათი ხე 70-150 მ სიმაღლისაა, სიგანე კი 10-12 მეტრს აღწევს.
ამაზონის ტყეები ჩვენი პლანეტის მწვანე ორანჟერეა – ბუნების განუმეორებელი საოცრებაა. მხოლოდ ადგოლობრივებს შეუძლიათ ტყეში უშიშრად სიარული, სადაც ადამიანს ყოველ ნაბიჯზე საშიშროება ემუქრება. ბრაზილიელებიც კი ამაზონის ტყეებს ”მწვანე ჯოჯოხეთს” უწოდებენ. აქაურ ტყეში შეხვდებით ხეებს, რომლებსაც დიდი სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის. ძნელია ყველას ჩამოთვლა, მაგარმ ზოგიერთს მანც ავღნიშნავთ: თუნდაც გიგანტური ბერტოლეცია, რომელიც განთქმულია გემრიელი და ნოყიერი, ე.წ. ბრაზილიური კაკლით. იგი 70% ცხიმს, 17% ცილებს, 4% მინერალურ მარილებს შეიცავს. 2 კგ -იან წონის ნაჭუჭში 10-20-მდე კაკალი თავსდება. ქარის დროს ამ ხის ქვეშ ყოფნა შემგროვებლისთვის შეიძლება სასიკვდილოც გახდეს. ადგილობრივი მცხოვრბელები კაკალს აგროვებენ და ქვეყნის გარეთ გააქვთ, რაც დიდ შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს. აქვეა ე.წ. რძის ხეები, რომელთა წვენი ფერით და გემოთი მართლა რძეს წააგავს და საკვებადაც იყენებენ; შოკოლადის ხე, რომლისგანაც მაღალხარისხოვან პროდუქტს კაკაოს – ”ღმერთების საკვებს” ღებულობენ; ნესვის ხე, რომლის ნაყოფი გემოთი ნესვს წააგავს და 2-3 კგ-ს იწონის; ცინამონი, რომელსაც ნაზი სუნი აქვს. ქინაქინის ხის ქერქისგან კი ქინაქინას, მალარიის სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ. ტყეში არის ხეები, რომელთა მერქანი საცობზე უფრო მსუბუქია, მაგრამ ზოგიერთის კი ისეთი მაგარია, რომ გალესილი ცულიც ვერ ერევა.
ტყეში განსაკუთრებული ადგილი პალმას უკავია. აქ მისი მრავალი სახეობაა გავრცე-ლებული: პალმა ბაბასუ, რომლის კაკლისგან მაღალხარისხოვან ცხიმს ამზადებენ; პალმა ასაის ახალგაზრდა ყლორტები საკვებად გამოიყენება, ნაყოფისაგან კი სასიამოვნო სასმელს ამზადებენ. ”ვინც ერთხელ მაინც იგემა პალმა ასაის წვენი, ის აუცილებლად დაბრუნდება ამაზონის ტყეში” – ამბობენ ბრაზილიელები. განსაკუთრებით ბევრი სიკეთე მოაქვს ქოქოსის პალმას. ”სიცოცხლის ხე”, ”უნივერსალური მაღაზია” – ასე სხვადასხვანაირად იხსენიებენ მას აქაურები. მისი ღეროსგან ამზადებენ ავეჯს, იარაღს, ნავებს და სხვა მრავალ¬ საგანს. ქოქოსის პალმის ნაყოფი და ნაზი ყლორტები საკვებად გამოიყენება. ნაყოფის წვენისგან ღვინოს, შაქარს, ვაჟინს და სხვა პროდუქტს ამზადებენ.
ამაზონის ტყეების ძვირფასი საჩუქარია ჰევეა – კაუჩუკის ხე, რომელსაც ინდიელები ასე უწოდებენ ”კაუჩუ” ანუ ”ჯოხი, რომელიც რძეს იძლევა”.
ამაზონის ტყეებში მრავალი ფრინველი, ცხოველი, მწერი, ტერმიტი, ქვეწარმავალი ბინადრობს. მაგალითად, უჩვეულო სილამაზის და სიდიდის პეპელა მორფეო მენელაუსი, რომლის ფრთებისგან შესანიშნავი სუვენირები მზადდება. არიან ქვეწარმავლები, რომლებსაც საკვებად იყენებენ და რომელთა ტყავისაგან ნაირნაირ საგნებს ამზადებენ.
ამაზონის წყლები მდიდარია თევზით. მხოლოდ ამაზონში, შენაკადების გარეშე, 750 სახეობის თევზია. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, პირარუკუ და აპარაიმი 4-5 მეტრის სიგრძისაა და 200 კგ-ს იწონიან. ბრაზილიელები მათ ”ამაზონის ხარებს~ უწოდებენ. მრისხანე, სისხლის მსმელი პირანია მხოლოდ 30-50 სმ სიგრძის თევზია, მაგრამ მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ნიანგის. ამიტომ მას ”კაციჭამია~ შეარქვეს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა მხოლოდ სასიკეთოდ როდი შეაღწია ამაზონეთის სიღრმეში, მას დიდი ზიანიც მიაყენა. საავტომობილო მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, უთუოდ ხელს შეუწყობს ხელუხლებელი ბუნების განადგურებას ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.