იუნესკო (UNESCO, United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) – გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და სხვ. 1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წელს. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს თუ, რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პირველი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 1978 წელს და ეს იყო გალაპაგოსის კუნძულები. იუნესკო შეიქმნა 1946 წელს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია.