გლობალური პროქტი ის მსხვილი საინჟინრო პროექტია, რომელიც ჩვენი პლანეტის ცალკეული ადგილების ბუნების გარდაქმნით დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. ასეთი სახის პროექტების უმრავლესობა ძირითადად დაკავშირებულია ან მსოფლიო ოკეანესთან, ან მდინარეთა სისტემების გარდაქმნასთან, ან კიდევ ძალიან დიდი მასშტაბის სატრანსპორტო მშენებლობებთან.
ჯერ კიდევ XXს–ის დასაწყისში ინჟინერმა გ. ზერგელიმ იმ დროისათვის სრულიად ფანტასტიკური იდეა წარმოადგინა, რომელიც გიბრალტარის სრუტეში 29კმ. სიგრძისა და 200მ. სიმაღლის კაშხლის მშენებლობას უკავშირდებოდა. ზეგელის იდეა ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ რადგან ხმელთაშუა ზღვის დონე ძირითადად ატლანტის ოკეანიდან შემომავალ წყლის ნაკადზეა დამოკიდებული, გარკვეული დროის შემდეგ ზღვაში წყლის დონე დაიკლებდა. ამიტომ დონეებს შორის წარმოქმნილი სხვაობის გამოსაყენებლად კარგი იქნებოდა 120 მლნ. კვტ. სიმძლავრის ორი ელექტროსადგურის აშენება. მსგავსი პროექტები დარდანელის, მესინისა და ტუნისის (სიცილიის) სრუტეებისთვისაც არსებობს.
გვირაბი გიბრალტარის სრუტის ქვეშ მაროკოსა და ესპანეთის ერთობლივი პროექტის მიხედვით 2025 წლამდე უნდა აშენდეს. ეს გვირაბი, ამ ორი ქვეყნის მთავრობის აზრით, ხელს შეუწყობს ევროპელი და აფრიკელი ხალხების დაახლოებას. სპეციალისტების აზრით, ეს გვირაბი ისეთივე გრანდიოზული პროექტია, როგორც XIX საუკუნეში სუეცის, ხოლო XX საუკუნეში კი – პანამის არხის გაყვანა. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 10 მლრდ. ევროა. ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ლა-მანშის სრუტის ქვეშ გაყვანილი გვირაბის მშენებლობა 30 მლრდ. ევრო დაჯდა (1995 წლის ევროს კურსით).
გიბრალტარის სრუტისქვეშა გვირაბი გიბრალტარიდან 40 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ პუნტა პალომასთან უნდა დაიწყოს და აფრიკის კონტინენტზე, მაროკოს ქალაქ ტანჟერთან მდებარე სოფელ პუანტა მალაბატასთან დამთავრდეს. გვირაბის გაყვანის შემთხვევაში სევილიიდან ტანჟერამდე ჩქარი მატარებლით მგზავრობას 1.5 სთ. დასჭირდება. გვირაბის სიგრძე, სავარაუდოდ, 24 მილი (36.8 კმ) იქნება და მისი დაახლოებით 3 /4 წყლის ქვეშ გავა. გვირაბი ზღვის დონიდან 100 -388.6 მ. სიღრმეზე უნდა აშენდეს.
ევროპული პროექტებიდან მეტად საინტერესოა ბალტიის ზღვის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ერესუნის, დიდი და მცირე ბელტის სრუტეებზე საერთო ჯამში 15 კმ. სიგრძის კაშხალების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში ბალტიის ზღვა თითქმის ჩაკეტილ „ტბად” გადაიქცევა.
კიდევ უფრო უტოპიურად გამოიყურება ჩრდილოეთი ზღვის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ლა-მანშის სრუტეში და დიდ ბრიტანეთსა და იუტლანდიას შორის 600 კმ. სიგრძის კაშხალები უნდა აშენდეს. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთი აკვატორია ლიკვიდირებული იქნება, ხოლო ხმელეთს 100 ათასი კვ.კმ. ფართობი „მიემატება”. ასევე არსებობს აზიის კონტინენტის სრუტეებზე კაშხალების მშენებლობის რამდენიმე პროექტი. მათ შორის აღსანიშნავია მშენებლობა ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე, რის შედეგადაც წითელი ზღვის დონე დაიწევს და წყლის განსხვავებული რაოდენობის წყალობით ელექტროენერგეტიკის სიმძლავრე 30 მლნ. კვტ. გახდება. ან კიდევ კაშხალების მშენებლობის სერია იაპონიის ზღვის ფარგლებში – ლაპერუზის, ცუგარუს, სიმონოსეკის სრუტეებში, რის შემდეგაც იაპონიის ზღვაში შესაძლებელი იქნებოდა კუროსიოს თბილი დინების „შეჩერება”, რომელიც აქ კორეის სრუტიდან ხვდება.
ასევე მსოფლიო ოკეანესთანაა დაკავშირებული ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროექტები. ამ ტიპის პროექტები არსებობს ევროპაში – ჩრდილოეთ ზღვისთვის, ამერიკაში – მექსიკის ყურისთვის და იაპონიაში. იაპონიაში ასევე შემუშავებულია მცურავი ხელოვნური კუნძულების პროექტებიც, რომლის მიხედვითაც ამ კუნძულებზე უნდა განთავსებულიყო ქარხნები, ელექტროსადგურები, ზღვის წყლის გამამტკნარებელი დანადგარები და უფრო მეტიც – მთელი ქალაქები 1-2 მლნ. მოსახლეობით.
აქტიურად განიხილება პროექტები, რომლებიც მსოფლიოს ოკეანის წყლის, უფრო ზუსტად კი ოკეანური დინებების ენერგეტიკული მიზნებით გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ დინებებს დიდი რაოდენობით წყალი გადააქვს; მაგ. გოლფსტრიმის დინებას წამში – 80 მლნ. კუბ.მ, ხოლო კუროსიოს – 50 მლნ კუბ. მ-ზე მეტი. წლის განმავლობაში გოლფსტრიმს 250 ათასი კუბ. კმ წყალი გადააქვს, რაც გაცილებით მეტია დედამიწის ზედაპირული წყლების წლიურ ხარჯზე. ოკეანურ დინებებს უზარმაზარი ენერგეტიკული სიმძლავრე აქვთ. სწორედ აქედან გაჩნდა მათი გამოყენების პროექტის იდეაც. ასე მაგალითად, აშშ-ში შემუშავდა საინჟინრო პროექტი სახელწოდებით „კორიოლისი”, რომლის მიხედვითაც ფლორიდის ნახევარკუნძულსა და ბაჰამის კუნძულებს შორის გამავალ ფლორიდის დინებაში უნდა დაიდგას და ღუზებით დამაგრდეს ძალიან დიდი დიამეტრის 200 მილი, რომლებშიც მძლავრი ჰიდროტურბინები განთავსდებოდა.
ამერიკელი სპეციალისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გოლფსტრიმის დინების ჩრდილოეთის მიმართულებით „შემობრუნების” პროექტიც კი შეიმუშავეს; პროექტის მიზანია ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს კლიმატის გაუჯობესება. ანალოგიური პროექტები არსებობს თბილი სეზონური ზედაპირული ელ-ნინიოს დინებასთან დაკავშირებით, რომელიც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში პერიოდულად წარმოიქმნება.
ბევრი პროექტი უკავშირდება მდინარეთა სისტემების გარდაქმნას. ისინი უპირველესად აფრიკისა და ლათინური ამერიკის მდინარეებს ეხება და უზარმაზარი შიდა ხელოვნური ზღვების შექმნას ითვალისწინებს. მაგ; ჰ.ზერგელის აზრით, მდ. კონგოს ქვემო დინებაში კაშხალი უნდა აშენებულიყო. ამ მიზნით მან სტენლის კანიონი შეარჩია, სადაც მდინარის საშუალო სიგანე 1200 მ-ია. ამ კაშხლის აშენების შედეგად კონგოს აუზის მნიშვნელოვანი ნაწილი გიგანტურ მტკნარწყლიან ზღვა-ტბად გადაიქცეოდა.
გლობალურ პროექტებს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების (სსდ) პროექტებიც. ასეთი სსდ-ის გადაკვეთის ადგილებში, რომლებიც თავის მხრივ პოლიმაგისტრალებს წარმოადგენენ, სატრანსპორტო კვანძები წარმოიქმნება, რომლებმაც შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პირობებში მომსახურების მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ასევე, ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნებს შორის კულტურული და სავაჭრო გაცვლის პროცესის განვითარებას. ძირითად სატრანსპორტო დერეფნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ტრასეკას” (ევროპა-აზია-კავკასიის სატრანსპორტო სისტემა) პროექტი, რომელსაც ზოგჯერ „ახალ აბრაშუმის გზასაც” უწოდებენ. „ტრასეკას” ძირითადი მაგისტრალი სტამბულიდან ბეიჯინგამდე გრძელდება, ხოლო მისი განშტოებები ავღანეთსა და ინდოეთში გადის.
ასევე საინტერესოა ტრანსკონტინენტალური სარკინიგზო მაგისტრალის პროექტიც, რომელმაც პერსპექტივაში რუსეთის, აშშ-ის, კანადისა და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის სარკინიგზო სისტემები უნდა დააკავშიროს ან ტრანსაფრიკული მაგისტრალის პროექტი, რომელიც ალექსანდრიიდან (ეგვიპტე) კეიპტაუნამდე (სარ) გაგრძელდება. ტექნიკურად ამ და სხვა გლობალური პროექტების განხორციელება ახლო მომავალშია შესაძლებელი. ზოგიერთი მათგანი დაწყებულიც კია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი რეალიზაცია ეკოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია, რადგან, მიუხედავად დიდი ეკონომიკური ეფექტისა, ასევე დიდია ეკოლოგიური საფრთხეების წარმოქმნის რისკები. ამიტომ მათ დაწყებამდე ეს საფრთხეები და რისკები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.