გალაპაგოსის კუნძულები წყნარ ოკეანეში უნიკალური არქიპელაგია, რადგან ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი სახეობის სამშობლოა. კუნძულები, რომელთა ფართობი 7800 კვადრატული კილომეტრია, ეკვადორიდან 972 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
არქიპელაგი 19 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან 13 ვულკანური წარმოშობისაა და ეკვადორის პროვინციას წარმოადგენს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანია.
მეცნიერების აზრით, პირველი კუნძულების ფორმირება დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ დაიწყო. 2005 წელს ერთ-ერთ „ახალგაზრდა“ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა იმაზე მიუთითებს, რომ მათგან ყველაზე ახალგაზრდას ფორმირება ახლაც აქტიურ პროცესშია.
ამ თვალწარმტაც კუნძულებზე პირველი მოგზაურობა ევროპელებმა მე-16 საუკუნეში განახორციელეს და აქ კუების უზარმაზარი რაოდენობის აღმოჩენის შემდეგ, კუნძულს „გალაპაგოსი“ უწოდეს, რაც „წყლის კუებს“ ნიშნავს. კუნძულები მეზღვაურების რუკებზე მხოლოდ 1570 წელს გამოჩნდა. 1970 წელს აქ ვეშაპებზე ნადირობის ბაზა განთავსდა. კუნძულზე ბინადარი დიდი რაოდენობით კუები ცხიმის წყაროდ გამოიყენებოდა, ხოლო მათი ხორცი – საკვებად მეზღვაურებისთვის მათი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.

1832 წლის დასაწყისში ეკვადორმა გალაპაგოსის კუნძულებზე თავისი უფლებები გამოაცხადა და არქიპელაგი ეკვატორთან ახლოს მდებარე სახელმწიფოს ნაწილი გახდა. ამ მოვლენის შემდეგ ცივილიზაციის მიერ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ადგილების აქტიური შესწავლა დაიწყო. ჩარლზ დარვინმა, რომელიც აქ 1835 წელს იმყოფებოდა, ამ ხელუხლებელ ადგილს „ევოლუციის სამოთხე“ უწოდა.
უნიკალური ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, 1959 წელს არქიპელაგზე ჩარლზ დარვინის ეროვნული ნაკრძალი და ფონდი დაარსდა. ამჟამად, მეცნიერები აქტიურად არიან დაკავებულნი ფლორისა და ფაუნის უიშვიათესი სახეობების შენარჩუნებით, რომლითაც ეს საინტერესო ადგილები საკმაოდ მდიდარია. ზოგიერთი მათგანი პლანეტაზე ერთადერთიც კია.
ზოგიერთი ცხოველის მრავალფეროვნება და იშვიათობა განპირობებულია კუნძულების კონტინენტიდან დაშორებით, ასევე მათი შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი კლიმატით. კუნძულების ვრცელი სივრცე მრავალი ცხოველის, მათ შორის სელაპების, ზღვის ლომების, მღრღნელების და ღამურების სახლია.
აქ ასევე 20-ზე მეტი სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს – ხვლიკები, ვარანები, გველების რამდენიმე სახეობა, იგუანები და იშვიათი კუები. ეკვატორული კლიმატის წყალობით, კუნძულებზე ალბატროსები, პინგვინები, თოლიები ბინადრობენ.
არქიპელაგის უდიდესი კუნძულის ისაბელას ყურეში შეხვდებით ფერად ფლამინგოებს, ვარხვების, იგუანებს და გიგანტურ კუებს. არქიპელაგის სანაპირო წყლებში წყლის სამყაროს წარმომადგენლების უზარმაზარი მრავალფეროვნებაა, მთ შორის – ვეშაპები, ზვიგენები, დელფინები.
ამავე კუნძულზე მდებარეობს არქიპელაგის უმაღლესი წერტილი – ვულკანი ვილფი და ასევე ვულკანი სიერა ნეგრა უზარმაზარი კრატერით, რომლის დიამეტრი დაახლოებით 10 კმ-ია.
სანტა კრუზი ყველაზე დასახლებული კუნძულია დიდი ტურისტული ცენტრით – პუერტო აიორა. ქალაქში მდებარეობს ჩარლზ დარვინის სადგური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობებს, მათ შორის გიგანტურ კუებს.
არქიპელაგის დედაქალაქი პუერტო ბაკერიზო მორენო სან სალვადორის კუნძულზე მდებარეობს. კუნძულის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ელ ხუნკოს ვულკანის კრატერში არის მტკნარი წყლის წყარო, რომელიც ტბას ქმნის. კუნძულის პლაჟები იდეალურია წყლის აქტივობების მოყვარულთათვის.

ფერნანდინას ზღაპრულ კუნძული, რომელიც ცნობილია თავისი დიდებული მარჯნის რიფებითა და ურბინას ყურით, ასევე ვარხვებისა და ზღვის იგუანების დიდი რაოდენობით გამოირჩევა.
სანტა მარიას კუნძულზე მდებარეობს ნაწილობრივ წყალში ჩაძირული ჩამქრალი ვულკანის კრატერი,რომელიც ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის. ეს გალაპაგოსის კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.
გალაპაგოსის კუნძულები ჩვენი პლანეტის წარმოუდგენელი ადგილია, სადაც ბუნებამ თავისი სიმდიდრის ყველაზე ძვირფასი ნიმუშები შეინარჩუნა.