ალპების მთიანი რეგიონი თავად ალპებს, მიმდებარე ზეგნებსა და დაბლობებს მოიცავს. ალპები, ერთ-ერთი უდიდესი და უმაღლესი მთათა სისტემაა ევროპაში. მთები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდეაგადაჭიმული და დიდი მაღალმთიანი რეგიონია მის ირგვლივ მდებარე ვაკე, ბორცვიან და საშუალო სიმაღლის რაიონებს შორის. ალპების მთიანი რკალი 1200 კმ-ზეა გადაჭიმული და მრავალი ქედისგან შედგება, რომლებიც მთათაშუა ხეობებითა გაყოფილი. მთების სიგანე 50-დან 260-კმ-მდე იცვლება. ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207 ათასი კმ². ალპები ახალი, ალპური დანაოჭების დროს წარმოიშვა. ალპები იყოფა შედარებით მაღალ – დასავლეთ ალპებად და უფრო დაბალ და ფართო აღმოსავლეთ ალპებად (უმაღლესი მწვერვალი ბერნინას მთა, 4049 მ). დასავლეთ ალპებში მდებარეობს მთლიანად ალპების უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (თეთრი მთა), რომლის სიმაღლე 4808 მ-ია.
მონბლანი სიმაღლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ-ია. მთის ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთი კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამური კურორტი შაბინი, სადაც ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა.
ალპები დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. ალპებში ბევრი ნალექი მოდის, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში. ალპებისთვის მეტად დამახასიათებელია უხვთოვლიანი ზამთრის სეზონი, მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი; გამონაკლისს შეადგენს მთების ქვედა კალთები და წინამთები, სადაც ზამთარი ხანგრძლივი არ არის და არც ტიპიურია. მთებში 2500-3000 მ სიმაღლეზე ნალექები უმეტესად თოვლის სახით მოდის. კლიმატური პირობები და მთების მნიშვნელოვანი სიმაღლე ხელს უწყობენ მყინვარების განვითარებას, რომლებიც აქ სიდიდით გამოირჩევიან. ზოგიერთი მყინვარი 10 და 25 კმ სიგრძესაც კი აღწევს. ალპებში თოვლის ხაზი ჩრდილოეთით 2500 მ-ზე, ხოლო სამხრეთით 3000-3200 მ-ზე გადის. თანამედროვე გამყინვარებას მთებში 4140 კვ. კმ. ფართობი უკავია, მყინვარების რაოდენობა კი 1200-ია.
ალპების მაღალმთიან სარტყელსა და ჩრდილო კალთებზე გავრცელებულია ფიონი – თბილი, მშრალი მძაფრი ქარი, რომელიც დროდადრო მთებიდან ხეობებისაკენ უბერავს. ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მატულობს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი. ფიონი ხშირად განსაკუთრებულ სიმძლავრეს აღწევს. იგი ორი/სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ კი ფიონი იმდენად ძლიერია, რომ სახლებს სახურავებს აცლის და ნგრევას იწვევს დასახლებულ ადგილებში. იგი, აგრეთვე, თოვლის ძლიერი სწრაფი დნობის გამო მთების მდინარეების უეცარ ადიდებას და წყლის მოვარდნას იწვევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთების ბუნებისა და მოსახლეობისათვის ფიონები სასარგებლოა: გაზაფხულზე იგი მთებში თოვლის დნობას აჩქარებს, შემოდგომაზე კი ცხელი ჰაერის ქროლვით ხორბლეულისა და ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს. ალპების ზოგ მთიან რაიონში სიმინდისა და ყურძნის მოყვანა მხოლოდ ფიონის გამო არის შესაძლებელი.
ალპების მთები დასავლეთი ევროპის მთავარ ჰიდროგრაფიულ კვანძს წარმოადგენს. მისი მყინვარებიდან მრავალი მდინარე იღებს სათავეს. ეს მდინარეები ჩქარია და წყალუხვი, განსაკუთრებით ზაფხულში. მათზე ბევრია ჩანჩქერი. ალპების მთების ქედებიდან სათავეს იღებენ ევროპის უდიდესი მდინარეები: რაინი, რონა, დუნაი, პო და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები, რომელთაგან მნიშვნელოვანია: აარე, როისი, დიურანსი, დრომი, იზერი, დრავა, ენსი, ინი, ოლო, ადა, ტიჩინო და ა.შ. მდინარეებზე აგებულია ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებენ ქალაქებს, სოფლებსა და საწარმოებს.
ალპებში ბევრია ტბები, რომლებიც სიღრმითა და სანაპიროს უცნაური მოხაზულობებით გამოირჩევიან. ისინი ალპებს განაკუთრებულ სილამაზეს აძლევენ. მათი ნაპირები მჭიდროდაა დასახლებული და დაფარულია ბაღებით და ზვრებით. ალპების ტბებიდან აღსანიშნავია ლაგო-მაჯორეს, კომოს, გარდას, ფირვალდშტეტის, ბრიენცის და სხვ. ტბები. კომოს ტბა ალპების სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 198 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გარშემორტყმულია მაღალი მთებით, რომელთა სიმაღლე 2000 მ-დან (სამხრეთით) 2400 მ-მდე (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) მერყეობს. ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. ნაპირები უმეტესად ციცაბო, კლდოვანი და მაღალია. ტბის სიგრძე 47 კმ-ია, სიგანე 4 კმ., ხოლო უდიდესი სიღრმე 414 მ. ტბა მდიდარია თევზით, თუმცა ტბის გაჭუჭყიანების გამო, თევზის პოპულაცია კლებულობს. კომოს ნაპირებთან ბევრი კურორტია. ტბა განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით, ველური ბუნებითა და მთის კურორტებით. კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.
ალპებში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. გავიხილოთ როგორ იცვლებიან ბუნებრივი სარტყლები ალპების სამხრეთ კალთებზე მის უფრო ტენიან დასავლეთ ნაწილში. ალპების მთისძირები, რომელიც ხელსაყრელია ადამიანის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისათვის ანთროპოგენულ ლანდშაფტს უკავია და ყანებით, ბაღებითა და ზვრებითაა დაკავებული. უცვლილი სახით ბუნება აქ ნაკლებადაა შემორჩენილი. ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. იშვიათად გვხვდება წაბლის, ფიჭვის, ზოგჯერ წიფელისა და მუხის პატარა კორომები. მთის ძირები და მიმდებარე ვაკეები შედარებით მჭიდროდაა დასახლებული და კარგადაა ათვისებული. უფრო მაღლა, 1800 მ-მდე, ზომიერი ტემპერატურის მქონე ტენიანი ჰავის პირობებში ტყეების სარტყელი მდებარეობს. დასაწყისში ეს ხშირი წიფლისა და მუხის ტყეებია. ტემპერატურის კლების შესაბამისად მას შერეული და წიწივიანი ტყეები ცვლის. აქ განვითარებულია ეწერი ნიადაგები. ძლიერი ქარების გამო ფიჭვის, არყის და სხვ. ხეები ტანბრეცილია. ბუჩქნარებიდან გავრცელებულია დეკა და ღვია. ამ ზონის ზემოთ ალპური მდელოების ზონაა, რომელსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ. ტყეებს ზემოთ, 2000-2100 მეტრამდე, სადაც ყინვიანი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული იცის, სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს სარტყელია, რომლისათვისაც დამახასიათებელია ბუჩქნარებისა და მდიდრი მდელოს მცენარეულობა. აქ მკაცრი ზამთარი, ხანმოკლე და გრილი ზაფხულია, იცის ძლიერი ქარები. დასაწყისში ხშირი, მაღალბალახოვანი მდელოებია დაბალი მიწაზე გართხმული ბუჩქნარებით – დეკით, ღვიითა და მთის ფიჭვით. ბალახი თანდათან უფრო დაბალი ხდება. ასეთ მდელოებს ალპური მდელოები ჰქვიათ. ისინი კარგი საზაფხულო საძოვრებია.
ალპურ მდელოებს დაბალი სიმაღლის (10-15 სმ) ბალახეული მცენარეები ქმნის, რომელბიც მთებში იზრდება. ისინი შორიდან ჭრელ, მრავალფეროვან ხალიჩას წააგავს და ამიტომ მათ „ალპურ ხალიჩებსაც“ უწოდებენ. ალპური მდელოები კავკასიონის მთებში 3000-3200 მ სიმაღლეზე გვხვდება.
ალპური მდელოები, 3000 მ სიმაღლიდან მარადი თოვლისა და ყინულების ზონით იცვლება, რომელსაც ნივალურ ზონას უწოდებენ.
მრავალრიცხოვანი ხეობებისა და უღელტეხილების წყალობით მთები შედარებით ადვილად გადასალახავია. გრძელმა გვირაბებმა გაკვეთეს ქედები , მთებში გაყვანილია სარკინიგზო და საავტომობილო გზები. შვეიცარიის ალპებში აღსანიშნავია: სიმპლონის გვირაბი, ალბულის გვირაბი, გოთარდის საბაზო გვირაბი და გოტარდის გვირაბი. ბევრ საკურორტო ქალაქში მოქმედებს საბაგირო გზა, რომლის საშუალებითაც ტურისტები მყინვარებამდე ადიან.
ალპები ტურიზმის ცენტრია. აქ განვითრებულია ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით განვითარებულია ზამთრის სახეობების სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი, მარხილები და სხვ.). ზაფხულში ალპებში პოპულარულია ველოსიპედებით რბოლა, პარაპლანი და სხვ.; ტბებში აქტუალურია სერფინგი.
დასახლებული პუნქტებიდან აღსანიშნავია შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი ცერმატი. ასევე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია დავოსი, რომელიც ზღვის დონიდან 1560 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არაერთი საყოველთაოდ ცნობილი კურორტია თავმოყრილი იტალიის ალპებშიც. მთების ლამაზი ბუნება პეიზაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ბევრ ტურისტს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ალპების უნიკალური ფლორა და ლანდშაფტები, თანდათან შეიცვალა: მდინარეთა ხეობები გადაიქცა ბეტონისა და ასფალტის ხაზოვან აგლომერაციებად, ხოლო გზებისა და სათხილამური ტრასების მშენებლობამ გამოიწივია ეროზია. ალპებში მდებარე ბევრი ქალაქი განიცდის ჰაერის ძლიერ გაჭუჭყიანებას.
და კიდევ…
მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი სარკინიგზო გვირაბი – სიმპლონის გვირაბი ალპებში, შვეიცარიასა და იტალიაში, სიმპლონის უღელტეხილის მახლობლად, 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 1898 წელს დაიწყო. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ლუდვიგ ფორერის ძალისხმევით გვირაბი 1906 წლის 10 მაისს გაიხსნა, მაგრამ მშენებლობა საბოლოოდ 1921 წელს დასრულდა. გვირაბი ორი ერთლიანდაგიანი გვირაბისაგან შედგება, რომელთაგან პირველი 19,7 კმ, ხოლო მეორე 19,8 კმ სიგრძისაა.
1973 წელს ალპებში ჩატარდა მყინვარების აღნუსხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა 1828 მყინვარი, საერთო ფართობით 1342 კვადრატული კილომეტრი.
ალპების მიმართ ინტერესი XVIII-XIX საუკუნეებში გაჩნდა. შვეიცარიელი ფიზიკოსმა ორას ბენედიქტ დე სოსიურმა XVIII საუკუნეში ბოტანიკური გამოკვლევების მიზნით იმოგზაურა ალპებში. სოსიურმა არაერთი ასვლა განახორციელა ალპების მთების მწვერვალებზე . იგი ასევე იკვლევდა მყინვარებს, ხოლო 1779-1796 წლებში ნაშრომის „ალპებში მოგზაურობა“ გამოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარამყინავრების შემსწავლელ მეცნიერებას – გლაციოლოგიას.
ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.