ავსტრალია ყველაზე დაბალი კონტინენტია დედამიწაზე. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 330 მეტრია. ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო (2228 მ). წინათ მას ტაუნსენდი ერქვა, კოსციუშკოს კი მეზობელ მწვერვალს ეძახდნენ, რომელიც იმხანად ავსტრალიის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნეოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონტინენტზე ყველაზე მაღალი მთა ტაუნსენდი ყოფილა, მაგრამ კოსციუშკოს პირველაღმომჩენის, პაველ ედმუნდ სტშელეცკის პატივსაცემად ავსტრალიის მთავრობამ საოცარი გადაწყვეტილება მიიღო: მთებს სახელები შეუცვალა, ტაუნსენდს კოსციუშკო უწოდა, ხოლო კოსციუშკოს – ტაუნსენდი.
ავსტრალიის ერთ-ერთი სიმბოლოა ულურუ. ქვიშაქვის ეს უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქ ალის-სპრინგსის სამხრეთ-დასავლეთით, 335 კილომეტრზე. ულურუ არეალის მეორე უმთავრეს მახასიათებელთან, კატა-ტიუტასთან ერთად ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკის საზღვრებში შედის. აქ მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
ულურუს სიგრძე 3 კმ-ზე მეტია, სიმაღლე – 348 მეტრი, ხოლო მიწის ქვეშ 2 100 მეტრ სიღრმეზე ჩადის. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელებმა მისი არსებობა 1870-იან წლებში შეიტყვეს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. სახელწოდება “ულურუც” სწორედ აბორიგენთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აიერს-როკს (Ayres Rock) უწოდებენ XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აიერსის პატივსაცემად. 1993 წლიდან ავსტრალიის მთავრობამ ოფიციალურად დააკანონა მისი ორსახელიანობა – აიერს-როკ-ულურუ, 2002 წლიდან კი მთა ულურუ-აიერს-როკად იხსენიება.
პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს გაიყვანეს მთის გარშემო პირველი გზა, რომელზეც მოძრაობა დაიწყო ტურისტულმა ავტობუსებმა. ამჟამად მთის გარშემოვლაც შეიძლება და მისი ვერტმფრენიდან დათვალიერებაც.
ტურისტებს ასევე იზიდავს ავსტრალიის ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია.
ულურუ შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შუაგულ უდაბნოში ერთბაშად წამოიმართება ძალზე უცნაური, “გაბრტყელებული”, ულამაზესი მთა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ამინდის ცვალებადობისას მთა ფერს იცვლის. საღამო ხანს ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას ჯერ წითლდება, მერე კი იასამნისფერი ედება, ღრუბლიან ამინდში ნაცრისფერია.
ავსტრალია დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტია. აქ წელიწადში დაახლოებით 500 მმ ნალექი მოდის. კონტინენტის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70%, უდაბნოებს უკავია. საინტერესოა, რომ აქ ცენტრალური ავსტრალიის ვრცელი უდაბნოს გვერდით სანაპიროს ტროპიკული მცენარეულობა და თოვლიანი მთების ფერდობები გვხვდება. ზამთარი აქ ივლისშია, ზაფხული კი იანვარში.
ავსტრალიის კონტინენტი დაახლოებით 50 მლნ წლის წინ წარმოიშვა. მეცნიერთა აზრით, ხმელეთის ეს დიდი ნაწილი სამხრეთ კონტინენტს – გონდვანას ეკუთვნოდა.
ჩარლზ დარვინი, როცა ავსტრალიის ნაპირებთან მიცურდა, გაკვირვებული დარჩა აქაური პრეისტორიული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით. კონტინენტის ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად აქ ბინადრობენ კენგურუები, ვარანები, იქედნეები, ჩანთოსანი ოპოსუმები, ველური ძაღლი დინგო, ტასმანიური ეშმაკი და ტასმანიური ვეფხვი. ავსტრალიაში მობინადრე ფრინველებს სხვაგან ვერსად შეხვდებით. ესენი არიან კუკაბარა, ფრინველი ლირა (ბოლოქნარა), ჯუჯა პინგვინები, როზელა… კონტინენტზე ყველაზე გავრცელებული ხე ევკალიპტია.
უკვე 150 წელია, ავსტრალიაში საოცრად გამრავლებულ ბოცვრებს ებრძვიან. ისინი კოლონისტებმა შემოიყვანეს და მას შემდეგ მათმა რიცხვმა რამდენიმე მილიარდს მიაღწია. ავსტრალიის სანაპიროებთან ზვიგენებიც მრავლადაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში მათ 53 ადამიანი იმსხვერპლეს.
კონტინენტზე სულ 22 მლნ კაცი ცხოვრობს, მაშინ როცა ქვეყანას ფართობის (7,741,220 კმ2 ) მიხედვით მე-6 ადგილი უკავია მსოფლიოში.
ავსტრალია აბორიგენების ქვეყანაა. დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ამ კონტინენტზე 300 ათასამდე აბორიგენი ცხოვრობდა. დღეს ისინი ქვეყნის მოსახლეობის 1.5%-ს შეადგენენ. კონტინენტის ცენტრში მდებარეობს ქალაქი ელის-სპრინგსი, სადაც აბორიგენები ცხოვრობენ.
ახალაღმოჩენილ კონტინენტზე პირველი კატორღელების გადმოსახლებიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაბედეს ინგლისელებმა, გაეშვათ ექსპედიციები კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. მათ იქ მუქკანიანი ხალხი დახვდათ და მათ შორის შეტაკებები დაიწყო. მე-19 საუკუნის ბოლოს აბორიგენები ინგლისელებმა გადასარჩენად სპეციალურ რეზერვაციებში გადაასახლეს. მე-20 საუკუნის ოცანი წლებიდან ქვეყნის მთავრობა ცდილობდა, ე.წ. “აბორიგენთა პრობლემა” შერეული ქორწინებებისა და ცხოვრების სტილის შეცვლის გზით მოეგვარებინა, მაგრამ აბორიგენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი განაცხადა წესების, ტრადიციების, კულტურისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა, აბორიგენები ავსტრალიის სრულფასოვან მცხოვრებლებად ეღიარებინა. უფრო მეტიც – ქვეყანაში აბორიგენთა საქმეების სამინისტროც კი შეიქმნა და მათი ძველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესი დაიწყო. აბორიგენთა ენაზე სიტყვა “სამშობლო” “მუდმივ სახლს”, “წმინდა ადგილს” და “სიცოცხლის წყაროს” ნიშნავს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის 25% სხვა ქვეყანაშია დაბადებული. თითქმის ყველა ავსტრალიელი არცთუ დიდი ხნის ემიგრანტია, ამიტომ აქ ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. “მიეცი სხვას შანსი!” – ავსტრალიელთა საყვარელი გამოთქმაა.
პირველი ევროპელები, რომლებიც ავსტრალიაში მოხვდნენ, ბრიტანეთიდან გადმოსახლებული კატორღელები იყვნენ და პოლიციის პირველი 12- კაციანი ბრიგადა კონტინენტზე სწორედ ამ გადმოსახლებული ადამიანებისგან შეიქმნა. პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხე ბრიტანეთიდან გადმოყვანილ მსჯავრდადებულთათვის.
ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა, სადაც 300 ათასი კაცი ცხოვრობს. ქვეყნის უდიდესი ქალაქი კი სიდნეია, რომლის მოსახლეობა 4 მლნ-ს შეადგენს, თუმცა ფართობით მოსკოვსაც კი აღემატება. იმის გამო, რომ ავსტრალიის ორმა უდიდესმა ქალაქმა, სიდნემ და მელბურნმა, ვერაფრით გაიყო დედაქალაქის სტატუსი, ეს ფუნქცია კანბერას ერგო, რომელიც საგანგებოდ აშენდა ჯერ კიდევ 1824 წელს დაარსებული პატარა დასახლებული პუნქტის ადგილას. დედაქალაქი სიდნეისა და მელბურნს შორის, თითქმის შუაში მდებარეობს. ავსტრალიელები ძირითადად კერძო სახლებში ცხოვრობენ, რომელთა შორის პარკებია გაშენებული. ნებისმიერ პარკში შეიძლება შეგხვდეთ ჩანთოსანი ოპოსუმები, ხმამაღლა მოღრიალე დიდი კაკადუები.
ავსტრალიელეთა დაახლოებით სამი მეოთხედი ქალაქებსა და სანაპირო ზოლებში ცხოვრობს. ქვეყანაში საკმარისზე მეტია სასარგებლო წიაღისეული, ოკეანეში, – თევზი, ხოლო მზე წელიწადში სამი მოსავალს ჰყოფნის – რასაც დათეს, ყველაფერი მოდის. უსაფრთხოება, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ირგვლივ – სასიამოვნო ხალხი… რატომაც ვერ მიაღწევ 78 წელს? დიახ, ასეთია სტატისტიკურად ავსტრალიელთა საშუალო ასაკი. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, მამაკაცებისა – 77.
სახელმწიფოს მეთაურია გაერთიანებული სამეფოს მონარქი, რომელიც მონეტებზეა გამოსახული. ავსტრალიური დოლარი კი მსოფლიოში პირველი პლასტიკური ფულია და არა ქაღალდისა.
ეკონომიკის გაძლიერების მიზნით ავსტრალიელები მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ნაწარმს ყიდულობენ, რომელსაც მწვანე სამკუთხედში ჩასმული ყვითელი კენგურუს გამოსახულებიანი ნიშანი ამშვენებს, ხოლო რეკლამებში აუცილებლად აღნიშნავენ: “proudly Australian” / “proudly made in Australia” (“ავსტრალიური ნაწარმი”, “დამზადებულია ავსტრალიაში”).
ავსტრალიელთა ნაციონალური კერძია ვეჯიმაიტი (vegemite), რომელსაც პურზე ან სენდვიჩზე უსვამენ.
ავსტრალიას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში ცხვრების რაოდენობითა და მატყლის წარმოებით. ცხვრების დინგოსგან დაცვის მიზნით ქვეყანაში ააგეს ღობე, რომელიც ყველაზე გრძელი ღობეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 5530 კმ-ია. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით ავსტრალიაში აკრძალულია მცენარეების შეტანა და და ცხოველების შეყვანა – ეშინიათ, ისინიც ბოცვრებივით არ გამრავლდნენ.
ავსტრალიელები გულღია ხალხია. თუ თითოეულმა გერმანელმა იცის თავისი გვარის ისტორია, თავისი იმპერატორები ფრიდრიხ დიდი და ვილჰემ ჰოჰენცოლერნები, ავსტრალიელებს მხოლოდ კუკი ჰყავდათ და ისიც ჰავაელებმა შეჭამეს. ავსტრალიაში ადამიანებს არ უხდებათ ” ბრძოლა არსებობისათვის”. თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგცემენ, უპირველესად კი სახელმწიფო დაგეხმარებათ: უმუშევრებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან, თანაც დახმარების მიღება მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუძლიათ. ამიტომაც ავსტრალიაში კრიმინალები თითქმის არ არიან.
ავსტრალიელთა კეთილგანწყობა ზოგჯერ გასაკვირიც კია. მაგალითად, თუ მაღაზიის გამყიდველს გზას ჰკითხავთ, იგი არ დაგზარდებათ და ავტობუსის მძღოლთანაც კი მიგყვებათ, რათა გააფრთხილოს, სად უნდა ჩამოგსვათ.
ცხელი კლიმატის გამო მრავალ დაწესებულებაში სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და დღის 2-ზე მთავრდება. ეს საკმარისია, რომ მუშაობაც მოასწროთ და საყვარელი საქმისთვისაც მოგრჩეთ დრო: ითამაშოთ გოლფი, დალიოთ ლუდი მეგობრებთან ერთად, დაისვენოთ პლაჟზე… ისინი, ვინც 9 საათზე იწყებენ მუშაობას, სამუშაოს დაწყებამდე სერფინგით ერთობიან.
ავსტრალიაში სპორტის ძირითადი სახეობებია რაგბი, გოლფი, კრიკეტი, აერობიკა და სერფინგი, მაგრამ აქაურებს ყველაზე მეტად პოკერის თამაში უყვართ.