გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

აგროტურიზმი

აგროტურიზმი  და მისი განვითარების პერსპექტივები  საქართველოში

თანამედროვე  ცხოვრების აჩქარებული რიტმი დიდ გავლენსა ახდენს  ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე.  ამიტომ ხშირად   გვიჩნდება  სურვილი, რომ პერიოდულად მშვიდ, წყნარ გარემოში, ქალაქგარეთ დავისვენოთ და აგროტურიზმით დავკავდეთ.

აგროტურიზმი ტურიზმის სახეობაა, როდესაც ტურისტის მიზანია  იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი.

აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში  ჩამოყალიბდა. დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, სადაც მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობის მესამე თაობა წარმოადგენდა.  სოფლად დასვენების მსურველნი არჩევნდნენ მიმზიდველ  რეგიონებს საზღვარგარეთ, იხდიდნენ ქირას, შესაბამისად  მასპინძელ ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდათ.

ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს,  ეკონომიკური კრიზისიც ვერაფერს აკლებს. მაგალითად, იტალიაში კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, მაგრამ აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა. მსოფლიოში ტურიზმით მიღებული შემოსავლის 20%-დან 40%-მდე სწორედ სოფლის ტურიზმის წილად მოდის.  ამჟამად აგროტურიზმის  მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  ფერმერებსა და ტურისტებს შორის ურთიერთობა  WWOOF (ინგ. World Wide Opportunities on Organic Farms)  პროგრამის მეშვეობით ხდება. ამჟამდ ამ პროგრამაში მსოფლიოს 52 ქვეყანაა  ჩართული. ორგანიზაციის ინტერნეტ მისამართია: http://www.wwoof.net

სხვადასხვა ქვეყნაში აგროტურიზმს სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ: ინგლისსა და ზოგიერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში მას  “სოფლის ტურიზმს” (Rural Tourism) უწოდებენ, გერმანულენოვან ქვეყნებში მიღებულია ტერმინი “Bauernhoftourismus”, რაც სიტყვა სიტყვით „გლეხის კარ-მიდამში ტურიზმს“ ნიშნავს, რომანულენოვანი ქვეყნები კი უპირატესობას ტერმინს – აგროტურიზმს ანიჭებენ, რაც ლათინური წარმომავლობის სიტყვა “აგრო”-დან (agros) და მისგან ნაწარმოები “აგრარული” – agrarius – სასოფლო-სამეურნეო, მომდინარეობს.
სოფლის ტურიზმი  (ზოგჯერ ფერმერულ ტურიზმი ან ბუნების ტურიზმი) გულისხმობს ტურისტთა ჯგუფების მოგზაურობას სოფლად, ზოგჯერ ცენტრებიდან მოშორებულ დასახლებებში, ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად. ამ შემთხვევაში ტურისტული ობიექტების მეპატრონე და მმართველი სოფლის მცხოვრებია. ფერმერული ტურიზმი ითვალისწინებს ტურისტების დაბინავებას ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, ტურისტები ფერმერებთან ერთად გადიან პლანტაციებში, ვენახში, აკვირდებიან მათ შრომას და თვითონაც ეხმარებიან. ზოგს მეთევზეთა დასახლებებში ცხოვრება და მათთან ერთად სათევზაოდ სიარული მოსწონს.
აგროტურიზმი იმით გამოირჩევა, რომ დასვენება შედარებით მცირე დანახარჯით შეიძლება. ტურისტმა შესაძლოა, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს: ხილ-ბოსტნეულს, შინაურ ყველს, შინ დაყენებულ ღვინოს, ხორცსა და ხორცპროდუქტებს. სასოფლო ტურები ბავშვებისთვისაც საინტერესოა. ისინი აკვირდებიან შინაურ ცხოველებს, სეირნობენ ცხენებით, სწავლობენ სხვადასხვა საქმიანობას,  მაგ; ყველის ამოყვანას ან პურის ცხობას.  სურვილის შემთხვევაში  ტურისტები ეროვნული კერძების მომზადებასაც ეუფლებიან.

აგროტურიზმი იმითაც არის საინტერესო და მომგებიანი, რომ მას არ აბრკოლებს წელიწადის დროების მონაცვლეობა. ხშირად აგროტურისტული მეურნეობები ისტორიული და კულტურული ძეგლების საიხლოვეს ვითარდება. შესაძლებელია ისეთი ტურუსტულ–რეკრეაციული აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ცხენოსნული ლაშქრობები, ღვინის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, მუზეუმების დათვალიერება და ა.შ. სწორედ ეს არის ტურისტისთვის მიმზიდველი, რადგან ის თვითონ არის ჩართული პროცესში.

აგროტურიზმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია:  ატრაქციულობა ანუ მიმზიდველობა, მოსახლეობა, ეკოლოგიური პროდუქტი. აგროტურიზმის მთავარი მიზანია ტურისტების განთავსებისა თუ ღამის გასათევი  ინფრასტრუქტურა  სოფლად მდებარეობდეს.  ადგილზევე იწარმოება საკვები პროდუქტი და შენარჩუნებულია ტრადიცული ტექნოლოგიები.

საქართველოში აგროტურიზმის პერსპექტივებზე და ზოგადად დარგის მდგომარეობის გასაანალიზებლად თვალი გადავავლოთ  ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.  საქართველოს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: 102 კურორტი, 182 საკურორტო ადგილი, 2400 მინერალური სამკურნალო წყლის წყარო, 12000 ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი, მათგან 3 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში, 11  ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 2 დაცული ლანდშაფტი  და ა. შ. არსებული რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე   ჩვენს ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარება პერსპექტიული იქნება.
 ამჟამად, აგროტურიზმი საქართველოში განვითარების სტადიაშია.  საქართველოში ბოლო წლებში  უცხოელი ვიზიტორები, ძირითადად, მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ისტორიული და კულტურული ძეგლების მოსანახულებლად  ჩამოდიან, თუმცა საქართველოს, როგორც აგრარული ტრადიციების ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა, აქ აგროტურიზმიც განვითარდეს. აგროტურიზმმა  ჩვენთან უკვე მოიკიდა ფეხი. იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა მრავალფეროვანი ბუნების, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
თუმცა ამ სფეროში გვაქვს სისუსტეებიც. მთავარი სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამის მიუხედავად, თუ აგროტურიზმი განვითარდება, მცირე ფერმერებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ და მცირე ფერმერული მეურნეობა მომგებიან კომერციულ საქმიანობად აქციონ. რამდენიმე ტურისტული კომპანია და საოჯახო სასტუმრო  უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უკვე სთავაზობს აგროტურებს, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ყურძნის დაწურვას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა და თაფლის ამოღებას.  მაგრამ სპეციალისტების აზრით  ჩვენს ქვეყანაში უფრო ფართოდ შეიძლება აგროტურიზმის განვითარება, ამით კი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეწყობა ხელი.