• ვადი

    ვადი

    ვადი – დროებითი ან პერიოდული ნაკადების მშრალი ხეობები ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბეთის უდაბნოებში. ვადების წარმოქნა არიდულ კლიმატთანაა დაკავშირებული. ვადებს ავსტრალიაში კრიკებს უწოდებენ, ხოლო შუა აზიაში უზბოიამებს.

  • ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ( ეუთო)  

    ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ( ეუთო)  

    ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ( ეუთო) — ჩამოყალიბდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს საფუძველზე პარიზის 1990 წლის და ვენისა და ჰელსინკის 1992 წლის დეკლარაციების საფუძველზე. ფუნქციონირებს 1995 წლიდან. 1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი – ეუთთ).” ეუთოს მთავარი ორგანოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სათათბირო, რომელიც თავის სესიაზე ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. სათათბირო განსაზღვრავს ეუთოს პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს.

    ეუთოს მიზნებია: ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა; საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისათვის ზრუნვა; ევროპული უსაფრთხოების განუყოფლობის აღიარება, ასევე წევრ-სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების სტიმულირება; მშვიდობისა და უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთკავშირის აღიარება როგორც ევროპის, ისე მსოფლიო მასშტაბით; საკუთარი წვლილის შეტანა ადამიანის უფლებათა დაცვაში, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესსა და ყველა ერის კეთილდღეობაში.

  • ევროკავშირი

    ევროკავშირი

    ევროკავშირი (ევროგაერთიანება)– თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. შეიქმნა 1957 წელს. ევროგაერთიანების მიზანია ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც ხორციელდება მისი ორგანოების მიერ. ესენია: ევროპარლამენტი, ევროპული კომისია, მინისტრთა საბჭო, სასამართლო და ევროსაბჭო.

    ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები: ევროპის კავშირის საბჭო, ევროპული საბჭო. ევროპის პარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

    ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები: ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი.

    ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები: ევროპის რეგიონთა კომიტეტი, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი, ევროპის პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტი.

    ევროპის პარლამენტი (ინგლ. European Parliament, შემოკლებით – ევროპარლამენტი) — ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულნი. იგი აირჩევა 5 წლის ვადით.

    ევროპული საბჭო (ინგლ. European Council ) – საერთასორისო ორგანიზაცია, რომელიც 1974 წლის 10 დეკემბერს შეიქმნა და წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ. ევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს.

    ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი – ევროკავშირის ერთ-ერთი დამხმარე ინსტიტუტი, რომელშიც ეკონომიკისა და სოციალური სფეროს სხვადასხვა დარგის 350 სპეციალისტია წარმოდგენილი. წევრების კანდიდატურას წარადგენენ ეროვნული მთავრობები და მათ 5 წლის ვადით ნიშნავს ევროკავშირის საბჭო. მრავალი საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ამ კომიტეტის აზრის მოსმენა. გარდა ამისა, კომიტეტს საკუთარი ინიციატივით შეუძლია წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები. ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მეშვეობით თანამეგობრობის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვაჭრობას, მრეწველობასა და პროფესიულ კავშირებს. ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი დაარსდა 1957 წელს, როგორც საერთო ბაზარზე არსებული პრობლემების განხილვის მთავარი ფორუმი. კომიტეტი წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის დასკვნებსა და მოსაზრებებს აწვდის უფრო მსხვილ ინსტიტუტებს, კერძოდ კი საბჭოს, კომისიას და ევროპარლამენტს.

  • ევროზონა

    ევროზონა

    ევროზონა ასევე ევროსისტემა ან ევროლენდი – რეგიონი, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომელთა ოფიციალურ ვალუტად ევრო ითვლება. ამ სახელმწიფოებს ევროს მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვების უფლება აქვთ. ამ ზონაში მონეტარულ პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი ატარებს. 2007 წლისთვის ევროზონაში შემდეგი ქვეყნები შედიოდა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი. ზოგიერთი ქვეყნა ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ევროს მონეტების გამოშვების უფლება აქვთ: ასეთია ვატიკანი, სან-მარინო, მონაკო. 2008 წლის 1 იანვარს ევროზონაში შევიდნენ კვიპროსი და მალტა. 2009 წლის 1 იანვარს ევროზონას შეუერთდა სლოვაკეთი, 2011 წლის 1 იანვარს — ესტონეთი, 2014 წლის 1 იანვარს — ლატვია, ხოლო 2015 წლის 1 იანვარს — ლიტვა.

  • ევრო

    ევრო

    ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) — ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული. მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არაწევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

    ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც. ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა.

    ევრობაზარი – ბაზარი, სადაც საკრედიტო-სასესხო ოპერაციები ხორციელდება ევროვალუტის საშუალებით.

    ევროდოლარი – ის ამერიკული დოლარები, რომლებიც მოთავსებულია დასავლეთ ევროპის ბანკებში და გამოიყენება მათ მიერ საკრედიტო ოპერაციების გასახორციელებლად.

    ევროვალუტა – ნებისმიერი ქვეყნის კონვერტირებადი ვალუტა, რომელიც გადარიცხულია უცხოური ქვეყნის ბანკის ანგარიშზე და გამოიყენება მათ მიერ სავალუტო ოპერაციებისათვის.

  • ევრაზიის ეკონომიკური კავშირი

    ევრაზიის ეკონომიკური კავშირი

    ევრაზიის ეკონომიკური კავშირი — პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს, ტაჯიკეთსა და სხვა, ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის. იდეა, რომელიც ძირითადად ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგიურია, ყურადღების ქვეშ 2011 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წყალობით მოექცა, მაგრამ თავდაპირველად, როგორც კონცეფცია გაჟღერებულ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ, მისი 1994 წლის, მოსკოვის უნივერსიტეტში გამართული, გამოსვლის დროს. 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამიზნო ხელშეკრულებას 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებამ მოიცვა სამოქმედო გეგმა მომავალი ინტეგრაციისთვის და დააარსა ევრაზიული კომისია (ევრო კომისიის მოდელის მიხედვით), ასევე ევრაზიული ეკონომიკური სივრცე, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო . 2015 წლის 12 აგვისტოს ძალაში შევიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ევრაზიის კავშირთან მიერთების ხელშეკრულება, რითიც ყირგიზეთი ევრაზიული კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამავე წლიდან სომხეთიც ევრაზიული კავშირის სრულ უფლებიანი წევრია, სომხეთის მოქალაქეებს მიეცათ სრული უფლება კავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავონ ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებით და არ იქნებიან წოდებულნი „შრომით მიგრანტებად“. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებული არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

  • ეგზოგენური ძალები

    ეგზოგენური ძალები

    ეგზოგენური ძალები – დედამიწის ზედაპირის შემცვლელი გარეგანი ძალები, რომელთაც მიეკუთვნება მზის სითბური ენერგია, წყლის, ქარის, მყინვარის მოქმედება და ა.შ.

  • ეგზარაცია

    ეგზარაცია

    ეგზარაცია (ლათ. exaratio – დახვნა) – მყინვარის მოქმედება ხმელეთის ზედაპირზე, რის შედეგადაც რელიეფის მყინვარული ( გლაციალური) ფორმები წარმოიქმნება. ეგზარაცია ეგზოგენური პროცესების ერთობლიობაა. ეგზარაციის ზონა ადგილი კონტინენტურ და მთის მყინვარებზე, სადაც მყინვარი აწარმოებს მხოლოდ დამანგრეველი სამუშაოებს და წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები: ტროგი, ვერძის შუბლი, ტბის ქვაბული, მყინვარული ნაკაწრი, ხუჭუჭა კლდეები და სხვ.

  • ანტარქტიდა

    ანტარქტიდა

    ანტარქტიდა ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი კონტინენტია და დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო მდებარეობს. ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი კი სიფრეს კონცხია.

    ანტარქტიდის ტერიტორია გეოგრაფიულ რეგიონებად და რაიონებად იყოფა, რომლებიც წლების წინ სხვადასხვა მოგზაურის მიერ იქნა აღმოჩენილი. მათ სახელი აღმომჩენის, მისი გამომკვლევის ან სხვა რომელიმე პირის პატივსაცემად დაერქვა და მას „მიწას“უწოდებენ. ანტარქტიდის მიწებია: ადელის, ალექსანდრე I-ის, ვიქტორიას, ვილჰელმ II-ის, გეორგ V-ის, გრეიამის, კემპის, დედოფალ ელისაბედის, დედოფალ მოდის, დედოფალ მერის, კოტსის, მაკ-რობერტსონის, მერი ბერდის, პალმერის, პრინცესა ელისაბედის, უილკსის, ელსუორტის, ენდერბის მიწები და ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული. მათ გარდა, ანტარქტიდას ასევე კუთვნის ბერკნერის, სამხრეთი ორკნეის, სამხრეთი შეტლანდისა და ბალენის კუნძულები.

    ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ სამხრეთში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კონტინენტი, რომელიც აწონასწორებდა ჩრდილოეთის ნახევარსფეროში არსებულ უკვე ცნობილი კონტინენტების ტერიტორიებს. წიგნში „ანტარქტიდა — დიდებული მოთხრობები გაყინული კონტინენტიდან “ ნათქვამია, რომ, „ვინაიდან ჩრდილოეთის ნახევარსფერო „არქტოსის“, ანუ დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ მდებარეობს, არისტოტელეს (384—322 წწ. ძვ. წ.) აზრით, სამხრეთში არსებული უცნობი მიწა უნდა ყოფილიყო „ანტარქტიკოსი“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად საპირისპირო”, ანუ ანტიპოდი. ამგვარად, ანტარქტიდას, ფაქტობრივად, სახელი მის აღმოჩენამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე დაერქვა!

    1772 წელს ინგლისელმა მკვლევარმა და კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა ამ ნავარაუდევი სამხრეთი კონტინენტის მოსაძებნად სამხრეთის მიმართულებით გაცურა. მან მიაღწია ქარისგან დაუცველ კუნძულებსა და უზარმაზარ აისბერგებს, ანუ, როგორც თავად უწოდა მათ, „ყინულის კუნძულებს“. „ზოგი მათგანი, — წერდა ის, — გარშემოწერილობით თითქმის სამი კილომეტრი იყო, სიმაღლით კი 20 მეტრი, მაგრამ ზღვის ტალღების ძალა მაინც იმხელა იყო, რომ ტალღები მათ ზემოდან ეცემოდა“. კუკმა სამხრეთის მიმართულებით მოგზაურობა განაგრძო და 1773 წლის 17 იანვარს მისი გემი „რეზოლუშენი“ და მისი თანმხლები „ადვენჩერი“ იმ ხომალდებიდან პირველები იყვნენ, რომლებმაც სამხრეთის პოლარული წრე გადაკვეთეს. კუკი შეუპოვრად მიუყვებოდა თავის გზას პაკის ყინულებში, სანამ, საბოლოოდ, მათში არ ჩაიკეტა. „სამხრეთის მიმართულებით, ყინულის გარდა, ვერაფერს ვხედავდი“, — დაწერა მან თავის სავახტო ჟურნალში. ფაქტობრივად, ანტარქტიდასთან მას მხოლოდ 120 კილომეტრი აშორებდა, როდესაც ის უკან მობრუნდა.

    ყინულოვანი კონტინენტის აღმოჩენის ოფიციალურ თარიღად 1820 წლის 28 იანვარი ითვლება. ამ დღეს რუსულმა ექსპედიციამ თადეოზ ბელინჰაუზენისა და მიხეილ ლაზარევის მეთაურობით ანტარქტიდის ნაპირებს მიაღწია. ადამიანებმა კი ფეხი ჩვენი პლანეტის ყველაზე ცივ კონტინენტზე პირველად 1895 წლის 24 იანვარს დადგეს. ადერის კონცხს ნორვეგიული ხომალდი „ანტაკტიკი“ მიადგა და ოთხი ადამიანი – კაპიტანი ლ. კრისტენსენი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ჰ. ბული, პოლარული მკვლევარი კ. ბერჰგრევინკი და მეზღვაური ა. ფონ ტუნცელმანი ნაპირზე გადავიდნენ. მათ სანაპიროზე მღიერების, ხავსებისა და ქანების ნიმუშები შეაგროვეს. 1909 წელს ნორვეგიელმა მოგზაურმა რუალ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მზადება დაიწყო. 1911 წლის 14 დეკემბერს ნორვეგიელები ანტარქტიდაზე გადავიდნენ და სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს. მათ 99 დღე-ღამის განმავლობაში ორივე მიმართულებით 2800 კმ. გაიარეს. სამხრეთ პოლუსის დაპყრობას პარალელურად ცდილობდა ინგლისელთა ექსპედიციაც რობერტ სკოტის მეთაურობით, მაგრამ მათ პოლუსს დაგვიანებით მიაღწიეს და უკანა გზაზე სურსათის უკმარისობისა და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაიღუპნენ.

    ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მეტს შეადგენს, ხოლო კონტინენტის ცენტრში 4000 მეტრს აღწევს. ამ სიმაღლის დიდ ნაწილს შეადგენს კონტინენტის მუდმივი ყინულის საფარი, რომლის ქვეშაც დაფარულია კონტინენტალური რელიეფი. კონტინენტის ყველაზე მაღალი წერტილია ზ.დ-დან 4892 მეტრი სიმაღლის ვინსონის მასივი ელსუორტის მთებში. ხოლო ყველაზე დაბალი ადგილი დასავლეთ ანტარქტიდაზეა, სავარაუდოდ, რიფტული წარმოშობის ბენტლის ღრმული. მისი სიღრმე, რომელიც ყინულითაა სავსე, 2555 მეტრია ზღვის დონიდან დაბლა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ყველზე სამხრეთით მდებარე კონტინენტის დაახლოებით მესამედი მსოფლიო ოკეანის დონის დაბლაა.

    ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი, ცივი კლიმატით. 1983 წლის 21 ივლისს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურ ”ვოსტოკში” დაფიქსირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებებისა და გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე — – 89,2 °C. ეს რაიონი ითვლება დედამიწის სიცივის პოლუსად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს ამერიკის გეოფიზიკური კავშირის კონფერენციაზე ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში ჰაერის ტემპერატურა −93,2 °С-მდე (-135,8 F) დაეცა. ეს ინფორმაცია გამოაშკარავდა ნასას თანამგზავრული მონაცემების ანალიზის შედეგად, მაგრამ ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორის, ტ. სკამბოსის (ინგლ. Ted Scambos) აზრით, მიღებული მონაცემი არ იქნება დარეგისტრირებული, როგორც რეკორდული, რადგანაც ის გამოვლინდა თანამგზავრული აღრიცხვის შედეგად და არა თერმომეტრის მეშვეობით. ანტარქტიდა არა მხოლოდ ყველაზე ცივი, არამედ ყველაზე ქარიანი კონტინენტიცაა დედამიწაზე. აქ ქარის სიჩქარე არცთუ ისე იშვიათად საათში 300 კმ აღწევს. გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის წიაღი მნიშვნელოვანი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულს შეიცავს – რკინის მადანს, ქვანახშირს. ასევე ნაპოვნია სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, მოლიბდენის, მთის ბროლის, გრაფიტის მადნის კვალი. გარდა ამისა, ანტარქტიდაზე მდებარეობს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80%, რომლის უკმარისობაც უკვე ბევრ ქვეყნაში შეინიშნება. ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი მსოფლიოს მყინვარების 90%-ს შეადგენს. თუ მთელი ანატრქტიდის ყინული დადნება, მაშინ მსოფლიო ოკეანის დონე 61 მეტრით აიწევს. თუმცა საშუალო ტემპერატურა აქ -37 გრადუსია, ამიტომ მსოფლიოს დატბორვა არ ემუქრება.

    მუდმივი მოსახლეობა ანტარქტიდაზე არაა. აქ 40-ზე მეტი მუდვივმოქმედი პოლარული სადგური ფუნქციონირებს, სადაც სეზონის მიხედვით ზაფხულში 4000 ადამიანი, ხოლო ზამთარში 1000 ადამიანამდე ცხოვრობს. არგენტინელი ემილიო მარკოს პალმა პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც ანტარქტიდაზე დაიბადა და ამიტომაც გინესების წიგნშია შეყვანილი. იგი 1987 წლის 7 იანვარს პოლარულ სადგურ ”ესპერანსაში” დაიბადა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ფაქტს არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 1913 წელს ანტარქტიდაში ნორვეგიელი სოლვეიგ გუნბერგ იაკობსენი დაიბადა, მაგრამ ეს კუნძულ სამხრეთ გეორგიაზე მოხდა, რომელსაც ანტარქტიდას ვერ ვუწოდებთ.

    საერთაშორისო შეთანხმებით ანტარქტიდა ერთადერთი რეგიონია ჩვენს პლანეტაზე, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია. 1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიულ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე — ატომური ენერგობლოკების განლაგება. დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეა 50 სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანას კი დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

    ანტარქტიდაზე ყველა სასაათო სარტყელი გადის. კონტინენტს მინიჭებული აქვს ინტერნეტის პირველადი დომენი .aq და სატელეფონო პრეფიქსი +672.

    ანტარქტიდა ადამიანებისთვის ბოლო სარეზერვო რესურსია დედამიწაზე. სხვა კონტინენტებზე ნედლეულის ამოწურვის შემდეგ ადამიანები სავარაუდოდ მის რესურსებს აითვისებენ. რადგანაც ანტარქტიდა მსოფლიოს ქვეყნებისათვის რესურსების ერთადერთ წყაროდ დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ მისი რესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაცხარებულ სამხედრო კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.

    დღეისათვის კონტინენტზე მიმდინარეობს კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლფსტრიმის თბილის დინების მსგავსად, კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია მთელი დედამიწისთვის. ანტარქტიდაში ასევე შეისწავლება კოსმოსური სივრცის ზეგავლენა და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში მიმდინარეობს.

    გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ. მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაზე შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები. ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ოაზისს 400 კმ² ფართობი უკავია, ოაზისების საერთო ფართობი კი ჯამში 10 ათასი კმ²-ია, ხოლო იმ რაიონების ფართობი (თოვლს გარეშე კლდეების ჩათვლით), რომელზეც ყინული არ არსებობს 30—40 ათას კმ²-ს შეადგენს.

    მიუხედავად ანტარქტიდის მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, მას ყოველწლიურად დაახლოებით 6 ათასი ტურისტი სტუმრობს. მათი უმრავლესობა ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე გადადის, სადაც ტურისტული ბაზა და აეროდრომია განლაგებული. 1990-იანი წლებიდან ტურისტებმა როსის ზღვისკენაც აიღეს გეზი. ტურისტების უმრავლესობა ანტარქტიდულ კრუიზებს გემებით აწყობს.

    ამრიგად, ფაქტობრივად, ანტარქტიდა შეიძლება უზარმაზარ ბუნებრივ ლაბორატორიად ჩავთვალოთ, რომელიც დედამიწისა და მისი ატმოსფეროს, ისევე როგორც გარემოში გლობალური ცვლილებების, მათ შორის, ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების შესასწავლად არის განკუთვნილი.

  • გლობალური პროექტები – მითი თუ რეალობა?

    გლობალური პროექტები – მითი თუ რეალობა?

    გლობალური პროქტი ის მსხვილი საინჟინრო პროექტია, რომელიც ჩვენი პლანეტის ცალკეული ადგილების ბუნების გარდაქმნით დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. ასეთი სახის პროექტების უმრავლესობა ძირითადად დაკავშირებულია ან მსოფლიო ოკეანესთან, ან მდინარეთა სისტემების გარდაქმნასთან, ან კიდევ ძალიან დიდი მასშტაბის სატრანსპორტო მშენებლობებთან.

    ჯერ კიდევ XXს–ის დასაწყისში ინჟინერმა გ. ზერგელიმ იმ დროისათვის სრულიად ფანტასტიკური იდეა წარმოადგინა, რომელიც გიბრალტარის სრუტეში 29კმ. სიგრძისა და 200მ. სიმაღლის კაშხლის მშენებლობას უკავშირდებოდა. ზეგელის იდეა ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ რადგან ხმელთაშუა ზღვის დონე ძირითადად ატლანტის ოკეანიდან შემომავალ წყლის ნაკადზეა დამოკიდებული, გარკვეული დროის შემდეგ ზღვაში წყლის დონე დაიკლებდა. ამიტომ დონეებს შორის წარმოქმნილი სხვაობის გამოსაყენებლად კარგი იქნებოდა 120 მლნ. კვტ. სიმძლავრის ორი ელექტროსადგურის აშენება. მსგავსი პროექტები დარდანელის, მესინისა და ტუნისის (სიცილიის) სრუტეებისთვისაც არსებობს.

    გვირაბი გიბრალტარის სრუტის ქვეშ მაროკოსა და ესპანეთის ერთობლივი პროექტის მიხედვით 2025 წლამდე უნდა აშენდეს. ეს გვირაბი, ამ ორი ქვეყნის მთავრობის აზრით, ხელს შეუწყობს ევროპელი და აფრიკელი ხალხების დაახლოებას. სპეციალისტების აზრით, ეს გვირაბი ისეთივე გრანდიოზული პროექტია, როგორც XIX საუკუნეში სუეცის, ხოლო XX საუკუნეში კი – პანამის არხის გაყვანა. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 10 მლრდ. ევროა. ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ლა-მანშის სრუტის ქვეშ გაყვანილი გვირაბის მშენებლობა 30 მლრდ. ევრო დაჯდა (1995 წლის ევროს კურსით).

    გიბრალტარის სრუტისქვეშა გვირაბი გიბრალტარიდან 40 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ პუნტა პალომასთან უნდა დაიწყოს და აფრიკის კონტინენტზე, მაროკოს ქალაქ ტანჟერთან მდებარე სოფელ პუანტა მალაბატასთან დამთავრდეს. გვირაბის გაყვანის შემთხვევაში სევილიიდან ტანჟერამდე ჩქარი მატარებლით მგზავრობას 1.5 სთ. დასჭირდება. გვირაბის სიგრძე, სავარაუდოდ, 24 მილი (36.8 კმ) იქნება და მისი დაახლოებით 3 /4 წყლის ქვეშ გავა. გვირაბი ზღვის დონიდან 100 -388.6 მ. სიღრმეზე უნდა აშენდეს.

    ევროპული პროექტებიდან მეტად საინტერესოა ბალტიის ზღვის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ერესუნის, დიდი და მცირე ბელტის სრუტეებზე საერთო ჯამში 15 კმ. სიგრძის კაშხალების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში ბალტიის ზღვა თითქმის ჩაკეტილ „ტბად” გადაიქცევა.

    კიდევ უფრო უტოპიურად გამოიყურება ჩრდილოეთი ზღვის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ლა-მანშის სრუტეში და დიდ ბრიტანეთსა და იუტლანდიას შორის 600 კმ. სიგრძის კაშხალები უნდა აშენდეს. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთი აკვატორია ლიკვიდირებული იქნება, ხოლო ხმელეთს 100 ათასი კვ.კმ. ფართობი „მიემატება”. ასევე არსებობს აზიის კონტინენტის სრუტეებზე კაშხალების მშენებლობის რამდენიმე პროექტი. მათ შორის აღსანიშნავია მშენებლობა ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე, რის შედეგადაც წითელი ზღვის დონე დაიწევს და წყლის განსხვავებული რაოდენობის წყალობით ელექტროენერგეტიკის სიმძლავრე 30 მლნ. კვტ. გახდება. ან კიდევ კაშხალების მშენებლობის სერია იაპონიის ზღვის ფარგლებში – ლაპერუზის, ცუგარუს, სიმონოსეკის სრუტეებში, რის შემდეგაც იაპონიის ზღვაში შესაძლებელი იქნებოდა კუროსიოს თბილი დინების „შეჩერება”, რომელიც აქ კორეის სრუტიდან ხვდება.

    ასევე მსოფლიო ოკეანესთანაა დაკავშირებული ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროექტები. ამ ტიპის პროექტები არსებობს ევროპაში – ჩრდილოეთ ზღვისთვის, ამერიკაში – მექსიკის ყურისთვის და იაპონიაში. იაპონიაში ასევე შემუშავებულია მცურავი ხელოვნური კუნძულების პროექტებიც, რომლის მიხედვითაც ამ კუნძულებზე უნდა განთავსებულიყო ქარხნები, ელექტროსადგურები, ზღვის წყლის გამამტკნარებელი დანადგარები და უფრო მეტიც – მთელი ქალაქები 1-2 მლნ. მოსახლეობით.

    აქტიურად განიხილება პროექტები, რომლებიც მსოფლიოს ოკეანის წყლის, უფრო ზუსტად კი ოკეანური დინებების ენერგეტიკული მიზნებით გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ დინებებს დიდი რაოდენობით წყალი გადააქვს; მაგ. გოლფსტრიმის დინებას წამში – 80 მლნ. კუბ.მ, ხოლო კუროსიოს – 50 მლნ კუბ. მ-ზე მეტი. წლის განმავლობაში გოლფსტრიმს 250 ათასი კუბ. კმ წყალი გადააქვს, რაც გაცილებით მეტია დედამიწის ზედაპირული წყლების წლიურ ხარჯზე. ოკეანურ დინებებს უზარმაზარი ენერგეტიკული სიმძლავრე აქვთ. სწორედ აქედან გაჩნდა მათი გამოყენების პროექტის იდეაც. ასე მაგალითად, აშშ-ში შემუშავდა საინჟინრო პროექტი სახელწოდებით „კორიოლისი”, რომლის მიხედვითაც ფლორიდის ნახევარკუნძულსა და ბაჰამის კუნძულებს შორის გამავალ ფლორიდის დინებაში უნდა დაიდგას და ღუზებით დამაგრდეს ძალიან დიდი დიამეტრის 200 მილი, რომლებშიც მძლავრი ჰიდროტურბინები განთავსდებოდა.

    ამერიკელი სპეციალისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გოლფსტრიმის დინების ჩრდილოეთის მიმართულებით „შემობრუნების” პროექტიც კი შეიმუშავეს; პროექტის მიზანია ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს კლიმატის გაუჯობესება. ანალოგიური პროექტები არსებობს თბილი სეზონური ზედაპირული ელ-ნინიოს დინებასთან დაკავშირებით, რომელიც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში პერიოდულად წარმოიქმნება.

    ბევრი პროექტი უკავშირდება მდინარეთა სისტემების გარდაქმნას. ისინი უპირველესად აფრიკისა და ლათინური ამერიკის მდინარეებს ეხება და უზარმაზარი შიდა ხელოვნური ზღვების შექმნას ითვალისწინებს. მაგ; ჰ.ზერგელის აზრით, მდ. კონგოს ქვემო დინებაში კაშხალი უნდა აშენებულიყო. ამ მიზნით მან სტენლის კანიონი შეარჩია, სადაც მდინარის საშუალო სიგანე 1200 მ-ია. ამ კაშხლის აშენების შედეგად კონგოს აუზის მნიშვნელოვანი ნაწილი გიგანტურ მტკნარწყლიან ზღვა-ტბად გადაიქცეოდა.

    გლობალურ პროექტებს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების (სსდ) პროექტებიც. ასეთი სსდ-ის გადაკვეთის ადგილებში, რომლებიც თავის მხრივ პოლიმაგისტრალებს წარმოადგენენ, სატრანსპორტო კვანძები წარმოიქმნება, რომლებმაც შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პირობებში მომსახურების მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ასევე, ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნებს შორის კულტურული და სავაჭრო გაცვლის პროცესის განვითარებას. ძირითად სატრანსპორტო დერეფნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ტრასეკას” (ევროპა-აზია-კავკასიის სატრანსპორტო სისტემა) პროექტი, რომელსაც ზოგჯერ „ახალ აბრაშუმის გზასაც” უწოდებენ. „ტრასეკას” ძირითადი მაგისტრალი სტამბულიდან ბეიჯინგამდე გრძელდება, ხოლო მისი განშტოებები ავღანეთსა და ინდოეთში გადის.

    ასევე საინტერესოა ტრანსკონტინენტალური სარკინიგზო მაგისტრალის პროექტიც, რომელმაც პერსპექტივაში რუსეთის, აშშ-ის, კანადისა და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის სარკინიგზო სისტემები უნდა დააკავშიროს ან ტრანსაფრიკული მაგისტრალის პროექტი, რომელიც ალექსანდრიიდან (ეგვიპტე) კეიპტაუნამდე (სარ) გაგრძელდება. ტექნიკურად ამ და სხვა გლობალური პროექტების განხორციელება ახლო მომავალშია შესაძლებელი. ზოგიერთი მათგანი დაწყებულიც კია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი რეალიზაცია ეკოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია, რადგან, მიუხედავად დიდი ეკონომიკური ეფექტისა, ასევე დიდია ეკოლოგიური საფრთხეების წარმოქმნის რისკები. ამიტომ მათ დაწყებამდე ეს საფრთხეები და რისკები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.