მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მცხოვრები ამაყობს თავისი ეროვნული დროშით. ეს გასაკვირი არცაა, რადგან დროშის ფერები ეხმარება ადამიანებს ერთნაირი განცდების ჩამოყალიბებაში: საფეხბურთო მატჩი ეროვნული გუნდის მონაწილეობით ან მხიარული სახალხო დღესასწაული მთავარი ეროვნული
სიმბოლოს – დროშის გარეშე ხომ საერთოდაც წარმოუდგენელია.
დროშები პირველად ჩინეთსა და ინდოეთში გაჩნდა, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩინეთში დროშებს უკვე ჩვენს ერამდე 1100 წელს
იყენებდნენ და მათ ძირითადად აბრეშუმის ქსოვილისგან ამზადებდნენ, რაც ამ ქსოვილის სიიაფით აიხსნებოდა. ევროპაში დროშები ფართოდ შუა საუკუნეებში – ჯვაროსნული ლაშქრობების დროს გავრცელდა.
დროშების შემსწავლელ მეცნიერებას ვექსილოლოგია ჰქვია. მსოფლიოს ყველა ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო დროშა აქვს, რომელიც სახელმწიფოს ოფიციალური განმასხვავებელი ნიშანია და მის აღწერილობას კანონი, როგორც წესი, კონსტიტუცია ადგენს. სახელმწიფო დროშა სახელმწიფოს სუვერენიტეტის სიმბოლოდ ითვლება. იგი წარმოადგენს ერთფერ ან მრავალფერ ქსოვილს, რომელზეც შესაძლოა გამოსახული იყოს რაიმე ემბლემა. სახელმწიფო დროშა აღმართულია სახელმწიფო დაწესებულებების, საელჩოების, საკონსულოების და სხვა დაწესებულებების შენობებზე. გარდა სახელმწიფოებრივი დროშისა, ქვეყნებს ასევე გააჩნიათ სამხედრო-საზღვაო და სავაჭრო-კომერციული დროშები (გამოიყენება გემებზე).
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, სამივე მიზნით ერთი მთავარი დროშა გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ საკუთარი დროშები გააჩნია არა მარტო სახელმწიფოებს, არამედ პროვინციებს, ოლქებსა და რეგიონებს, ქალაქებს, კლუბებსა და საზოგადოებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს (მაგ; გაერო), კომერციულ კომპანიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს (მაგ; პაციფისტებს, გრინპისს) და ზოგადად ყველა სუბიექტს, ვისაც სურს საკუთარი იდენტობის ხაზგასმა. ისინი სწორედ ამ მარტივი და ძველი ინსტრუმენტით სარგებლობენ.
დროშები ყოველთვის იყო პოპულარული და, რაც მთავარია, მათთან დაკავშირებულია საინტერესო, საიდუმლო და ზოგჯერ კურიოზული ისტორიებიც.
მსოფლიოს ქვეყნები დროშებით
მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის დროშები მართკუთხედის ფორმისაა ზომებით 2:3 ან 1:2, თუმცა არსებობს გამონაკლისები: ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს, მაგ: ვატიკანისა და შვეიცარიის დროშები კვადრატის ფორმისაა, ხოლო ნეპალის დროშა – სიმაღლეზე განლაგებული და ერთმანეთთან შერწყმული 2 სამკუთხედისგან შედგება.
ფერები
სამფერიანი ყველაზე ძველი დროშა, რომელიც დღემდე გამოიყენება ნიდერლანდის დროშაა, რომელიც თითქმის უცვლელი სახით მე-16 საუკუნის ბოლოდან გამოიყენება. ამ პერიოდში „ქვედა ქვეყანა“, ასე უწოდებდნენ იმ დროს ნიდერლანდს, დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის დროშად აჯანყების მეთაურის პრინცი ორანის დროშა შეირჩა მისი მშობლიური ფერებით: ფორთოხლისფერი, თეთრი და ლურჯი.
ზოლების რაოდენობა, ისევე როგორც თანმიმდევრობა, დროშაზე დიდი ხნის მანძილზე იცვლებოდა. დროთა განმავლობაში ფორთოხლისფერი დროშა წითლით შეიცვალა, 1630 წლის შემდეგ კი – საერთოდ აღარ გამოიყენებოდა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით ეს იმიტომ მოხდა, რომ შორი მანძილიდან ფორთოხლისფერისა და ლურჯის კომბინაცია ცუდად აღიქმებოდა, ვიდრე წითელისა ლურჯთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზღვაში ცურვისას.
სახელმწიფო დროშების ყველაზე პოპულარული ფერებია წითელი, თეთრი და ლურჯი. ამ ფავორიტი სამეული ფერებისგან შედგება რუსეთის, საფრანგეთის, აშშ–ს, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ნიდერლანდის, სერბეთის, ტაილანდისა და სხვა მრავალი ქვეყნის დროშა. შედარებით ნაკლებად პოპულარულია ყვითლის, შავისა და მწვანე ფერის ტრიო. მათ ვხვდებით ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და ვატიკანის დროშებზე.
ყველაზე მარტივი, ერთფეროვანი დროშა 2011 წლის ოქტომბრამდე ლიბიას ჰქონდა. ის სწორედ იმითაა განსაკუთრებული, რომ ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ ერთი ფერისაა და დეკორით არააა გაფორმებული. დროშის მწვანე ფერი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიის – ისლამის სიმბოლოა. მაგრამ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ მწვანე მართკუთხედმა სახელმწიფოებრივი სიმბოლოს მისია დაკარგა. 2011 წლის თებერვალში კადაფის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მონაწილეებმა ყოფილი მონარქის დროშის გამოყენება დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ეროვნული გარდამავალი საბჭოს ოფიციალური დროშა გახდა.
ციური სხეულები დროშებზე
სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცნობილი სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედი ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო დროშაზეა გამოსახული:
ბრაზილიის, პაპუა–ახალი გვინეის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და სამოას. რაც შეეხება დიდი დათვის თანავარსკვლავედს, იგი აშშ–ს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე შტატის ალასკის დროშაზე იწონებს თავს. აი, მთვარე და ნახევარმთვარე, ძირითადად, მუსულმანური ქვეყნების, მაგ; თურქეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ალჟირის, მავრიტანიის, სინგაპურის, მალაიზიის, პაკისტანისა და ტუნისის დროშების მთავარი ატრიბუტია. სხვადასხვა ქვეყნის დროშაზე მზეც ხშირად არის გამოსახული, ამასთან როგორც სხივებით, მაგ. არგენტინისა და ურუგვაის დროშებზე, ისე მხოლოდ წრის სახით, მაგ. იაპონიის, ბანგლადეშის, ნიგერის დროშებზე. გვინეის დროშაზე კი მზე ყვითელი ზოლის სახითაა და წითელ და მწვანე ვერტიკალურ ზოლებს შორისაა მოქცეული. კირიბატმა და მალავიმ, ასევე ტაივანმაც თავის სიმბოლოდაც მზე აირჩიეს. სკანდინავიური ჯვარი გვხვდება ჩრდილოეთ ევროპისქვეყნების დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის დროშებზე.
წარწერები დროშებზე
ერაყის, ავღანეთის, საუდის არაბეთის დროშებზე არაბული წარწერებია. ბრაზილიის დროშაზე დევიზი პორტუგალიურ ენაზე წერია, ჰაიტის დროშაზე – ფრანგული, ხოლო ბელიზისა და სან–მარინოს დროშებზე – ლათინური წარწერებია. მცირე მასშტაბის, და ამიტომ თითქმის შეუმჩნეველი, ესპანური წარწერები გვხდება ესპანეთის, ბოლივიის, გვატემალას, დომინიკის რესპუბლიკის, კოსტა–რიკას, ეკვატორული გვინეის და სალვადორის დროშებზე, ასევე ვენესუელას გერბზე, რომელიც თავის მხრივ ამ ქვეყნის დროშაზეა გამოსახული.
სიმბოლოები
ნამგლისა და უროს მსგავსი ჰერალდიკური სიმბოლოები შეიძლება შევნიშნოთ ანგოლის დროშაზე, ხოლო მოზამბიკის დროშაზე კი – არც მეტი არც ნაკლები
კალაშნიკოვის ავტომატია გამოსახული.
ერთნაირი დროშები
მონაკოსა და ინდონეზიის დროშებზე სახელმწიფო სიმბოლოები იდენტურია: წითელი და თეთრი ჰორიზონტალური ხაზები. 1945 წელს დამოუკიდებელი
ინდონეზიის მიერ მიღებული წითელ–თეთრი ბიფერები მონაკოს მთავრობამ გააპროტესტა, მაგრამ მათი პროტესტი არ იქნა მიღებული, რადგან ინდონეზიამ დაამტკიცა, რომ მათი დროშა საკმაოდ ძველი წარმოშობისაა.
ნეკერჩხლის ფოთოლი კანადის დროშაზე
კანადის დროშას უმეტესობა მასზე გამოსახული ნეკერჩხლის ფოთლით ცნობს. მაგრამ ალბათ ცოტას თუ მიუქცევია ყურადღება, რომ ცნობილი ფოთოლი თეთრ ფონზე ძალიან განსხვავდება ორიგინალისგან. ნამდვილ ნეკერჩხლის ფოთოლს 27 მკვეთრი გვერდი აქვს, დროშაზე კი მხოლოდ 11–ია. ნეკერჩხალი ყოველთვის არ იყო კანადის ეროვნული სიმბოლო. ქვეყანა შეიძლება ითქვას სასწაულებრივად გადაურჩა დროშას, რომელზეც გამოსახული უნდა ყოფილიყო თახვი. არადა მე–19 საუკუნეში კანადის მოსახლეობის ერთიანი სიმბოლო სწორედ ეს პატარა და სასარგებლო ცხოველი იყო. მაგრამ, როცა ტორონტოში უელსის პრინცის საზეიმო შეხვედრისთვის ემზადებოდნენ დადგა საკითხი, თუ რით უნდა მისალმებოდნენ სტუმარს ემიგრანტების კანადაში დაბადებული შვილები და ე.წ. „თახვის“ იდეა სასწრაფოდ უარყოფილი იქნა. გადაწყვეტილება იმ ადგილებში ყველაზე გავრცელებული მცენარის – ნეკერჩხლის – სასარგებლოდ გადაწყდა.
ყველაზე კეთილი დროშა
კუნძულ–სახელმწიფო შრი–ლანკას, წარსულში ცეილონს, ყველაზე ბუდისტური და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო დროშა აქვს. მსოფლიოს ყველა ეროვნული დროშის ფერები შეიძლება ითქვას ერთსა და იმავეს აღნიშნავს: სიმამაცე, პატივი, სიამაყე, ვაჟკაცობა, გამბედაობა, სამხედრო გამარჯვებები. შრი–ლანკას დროშა, უფრო სწორედ კი წმინდა ხის – ბოდხის 4 ფოთოლი, პირიქით – სიყვარულის, თანაგრძნობის, სიმშვიდისა და ბედნიერების სიმბოლოა.
ვეტერანი დროშა
მსოფლიოს ყველაზე ძველი დროშა დანიას აქვს. თეთრი ჯვარი წითელ ფონზე პირველად 1219 წელს გამოჩნდა, რასაც ბუნებრივია იმ პერიოდში მისტიკის გარეშე არ ჩაუვლია. ლეგენდის მიხედვით, დროშა ციდან ჩამოვარდა და ესტებთან მებრძოლ დანიელს თავზე დაეცა. ამ დროს კი დანიელ მებრძოლთა სიცოცხლის გადასარჩენად თურმე ეპისკოპოსი ლოცულობდა. ბრძოლა დანიელებმა მოიგეს, ხოლო დროშას დღემდე იყენებენ და სახელიც კი დაარქვეს – დანებერგი. დანიის დროშა სხვა სკანდინავიური ქვეყენების დროშების დიზაინის შთაგონების წყაროც გახდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაც პრეტენდენტია მსოფლიოში ყველაზე ძველი დროშის სახელის მოსაპოვებლად, თუმცა მათი დროშა 1230 წლით თარიღდება.
პატრიოტიზმის რეკორდი
მსოფლიოში ყველზე დიდი ეროვნული დროშის მფლობელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუმინეთი გახდა. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა გულდასმით გაზომეს რა ბუქარესტიდან 35 კმ–ის დაშორებით მდებარე სოფელ კლინჩელის მოსახლის მიერ შექმნილი დროშა, რეკორდი დააფიქსირეს. ადგილობრივი სამკერვალო ფაბრიკის მუშებმა 70 კმ. ძაფი დახარჯეს, რათა 349X227 მ. ზომების დროშა შეეკერათ. საინტერესოა, რომ მისი ჩამოკიდება არც უფიქრიათ, რადგან დროშა 10 საფეხბურთო მოედნის ფართობის ტოლია და ამიტომ უბრალოდ სოფლის გვერდით მინდორზე გაშალეს.
ორმხრივი დროშა
პარაგვაის დროშა ორმხრივია. წინა მხარეზე გამოსახულია ვარსკვლავები და წარწერა „Republica del Paraguay“, ხოლო უკუღმა მხარეზე – ლომი და ლოზუნგი “Paz Y Justicia” – ანუ „მშვიდობა და სამართლიანობა“.
დროშა ობსერვატორია
დროშაზე გამოსახული ცხოველებით, მცენარეებითა და იარაღით ბევრ ქვეყანას შეუძლია იამაყოს, მაგრამ სამეცნიერო ხელსაწყოთი მხოლოდ ერთს – პორტუგალიას. თუ მათ დროშას დააკვირდებით წითელ და მწვანე ფერებს შორის გერბის უკანა ფონზე, არა მხოლოდ ოქროსფერ ბურთს შენიშნავთ, არამედ არმილარულ სფეროს. ეს ხელსაწყო ნავიგაციაში და ასტრონომიული დაკვირვებებისთვის გამოიყენებოდა. სახელმწიფო დროშაზე მისი გამოსახვა კი პორტუგალიელი მოგზაურებისა და ზღვაოსნების დამსახურებაა.
დროშა ტრასფორმატორი
ყველაზე ცვალებადი დროშა ფილიპინების საკუთრებაა და სწორედ ამითაა იგი უნიკალური. ამ ქვეყნის დროშის ფერები ადგილებს იცვლის: მშვიდობიანობის დროს ზედა ზოლი ლურჯია, ხოლო ქვედა – წითელი, ომის დროს კი – პირიქით. ფილიპინები კუნძულოვანი სახელმწიფოა და დროშას, რომელიც 1898 წელს მიიღეს, სავარაუდოდ ამ ფორმით იმიტომ იყენებდნენ, რომ ქვეყნის მოსახლეობისათვის
დროულად ეცნობებინათ საფრთხის შესახებ.
და კიდევ…
ხშირად ერთი ქვეყნის დროშა ზეგავლენას ახდენს ამავე რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნების დროშებზე. იდეა საკმაოდ მარტივია: დროშის ფერების შერჩევისას მისი შემქმნელები ცდილობენ გადმოსცენ იმ ქვეყნის მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი იდეები და ფასეულობები. ხშირად კი აღმოჩნდება, რომ ამ იდეებსა და ფასეულობებს მეზობელი ქვეყნებიც იზიარებენ. გარდა ამისა ბევრი ქვეყანა მზადაა ლოიალობის ნიშნად შედარებით განვითარებული, ლიდერი ქვეყნების დროშების ფერები გამოიყენოს. ხშირად მთელი ჯგუფი ქვეყნებისა, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ერთი რომელიმე ქვეყნის დროშის ფერებს იყენებს. მაგ. არსებობს ე.წ. პან-აფრიკული ფერები – მწვანე, ყვითელი (ოქროსფერი) და წითელი. ზოგჯერ მათ ასევე უმატებენ შავ ფერს. ეთიოპია პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელმაც ეს ფერები გამოიყენა საკუთარ დროშაზე, თანაც ფერები თავდაპირველად ცისარტყელას გამოსახავდა.
საქართველოს დროშა
2004 წლის 14 იანვრიდან საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აქვს. საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება — ვერცხლის (თეთრ) ფონზე
ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად ანჯელინო დულჩერის (1339 წ.) და ფრაჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანოებზე იყო დაფიქსირებული.