ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე აქ დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა. საუკუნის დასაწყისში დაიწყო ირლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რის შედეგადაც სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია კი დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ირლანდია ფართობის მიხედვით მესამე კუნძულია ევროპაში და მეოცე – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი. გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის“ კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.
კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.
ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს „თითო ანკესზე თითო ტბას“ პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს. ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.
ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” ნაცრისფერი ქვის კედლებითაა გარშემორტყმული, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.
წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს წმინდა პატრიკის დღეს აღნიშავენ. ეს დღე თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან ოფიციალურად დაწესდა დღესასწაულად და ირლანდიის კულტურის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 17 მარტი ირლანდიის რესპუბლიკაში უქმე დღედ არის გამოცხადებული და წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება. ამ დღესასწაულს ასევე იმ ქვეყნებშიც აღნიშნავენ, სადაც დიდია ირლანდიური დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ა.შ.
ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.