ალბათ ბევრისთვის ცნობილია გეოგრაფიული აღმოჩენებისა და იმ მოგზაურების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი პლანეტის შეცნობისა და გამოკვლევის საქმეში. მათ შესახებ ბევრი რამე დაწერილა და ბევრი რამაა ცნობილი, მაგრამ არსებობს ზოგიერთი საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის. დღეს შევეცდები რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ მოგიყვეთ.
1492 წელს ესპანელები ქრისტეფორე კოლუმბის მეთაურობით ამერიკის ერთ-ერთ კუნძულზე გადმოვიდნენ და მას იოანე ნათლისმცემელის პატივსაცემად სან-ხუანი უწოდეს. მალევე კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი ქ. პუერტო-რიკო („მდიდარი პორტი“) გახდა, მაგრამ შემდგომში კარტოგრაფებს შეეშალათ, კუნძულისა და ქალაქის სახელები ერთმანეთში აურიეს და რუკაზეც შეცდომით დაიტანეს. ამიტომაც დღეს კარიბის ზღვის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს პუერტო-რიკო ჰქვია, ხოლო მის დედაქალაქს – სან-ხუანი.
1502 წელს უცნობ კუნძულზე გადმოსულმა კოლუმბის ექსპედიციამ ყურადღება მიაქცია ადგილობრივ ინდიელებს, რომლებიც ოქროს სამკაულებით იყვნენ მორთულ-მოკაზმული. მათ იფიქრეს, რომ ამ ადგილებში ოქროს საბადოები უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ესპანელებმა თავის აღმოჩენილ მიწას კოსტა-რიკა დაარქვეს, რაც „მდიდარ ნაპირს“ ნიშნავს. სინამდვილეში კი ეს ტერიტორია ძალიან ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით და მით უმეტეს, ოქროთი.
ესპანელ კონკისტადორებს უკავშირდება ვენესუელას სახელიც. როდესაც ისინი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე მარაკაიბოს ტბას მიადგნენ, მათ იქ ინდიელების მიერ აგებული ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებული ქოხები იხილეს. იტალიელ ამერიგო ვესპუჩის, რომელიც თან ახლდა ესპანელებს, ამ სახლებმა მის სამშობლოში მდებარე ქალაქი ვენეცია გაახსენა და ამ დასახლებას „პატარა ვენეცია“ უწოდა, რაც იტალიურად გამოითქმის, როგორც ვენესუელა. დღეს ვენესუელა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოა.
როცა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთმა მკვლევარმა ადგილობრივ ინდიელებს ჰკითხა, თუ რა გზით უნდა წასულიყვნენ, მათ მიმართულება მხოლოდ ერთი სიტყვით – „კანადა“ – აუხსნეს, რაც თარგმანში „სოფელს“ ნიშნავდა. მოგვიანებით სხვა მკვლევრები და მოგზაურები სიტყვა „კანადის“ ქვეშ ამ სოფლის გარშემო არსებულ რეგიონს მოიაზრებდნენ. 1867 წლიდან კი კანადა უკვე მთელი ქვეყანა იყო, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის სამფლობელოს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში.
მე-16 საუკუნეში ჰოლანდიელთა ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი მოგზაური და ზღვაოსანი ვილემ ბარენცი მეთაურობდა, ორჯერ ცდილობდა ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე კარის ზღვაში გასვლას იუგორის სფეროს სრუტის გავლით. ექსპედიციამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან სრუტე ყინულებით იყო ჩახერგილი. მაშინ ბარენცმა გადაწყვიტა საოცნებო კარის ზღვაში მოსახვედრად კ. ახალი მიწისთვის ჩრდილოეთიდან შემოევლო. მოგზაურის მესამე მცდელობა, მიუხედავად დიდი ტანჯვა-წამებისა, წარმატებით დასრულდა. ექსპედიციამ კ. ახალი მიწის დასავლეთ სანაპიროს შემოუარა და 1596 წლის 19 აგვისტოს ბოლოს და ბოლოს მიაღწია ადგილს, სადაც კუნძულის სანაპირო ხაზი მკვეთრად უხვევდა აღმოსავლეთ მიმართულებით. ამ სასურველ წერტილს, რომლისკენაც იმ დროის ბევრი პოლარული ექსპედიცია მიილტვოდა, ბარენცმა სურვილების კონცხი უწოდა.
ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის, მდებარეობს ვუკლანური წარმოშობის დაუსახლებელი კუნძული ამაღლება. იგი პირველად 1501 წელს პორტუგალიელმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა, მაგრამ მისი არანაირი აღწერა მას არ გაუკეთებია. 1503 წელს ამაღლების დღეს კუნძული ხელმეორედ აღმოაჩინა მეზღვაურმა ალფონსო დე ალბუკერკემ, რომელმაც მას იმ დღის პატივსაცემად ამაღლება დაარქვა და რომელსაც ის დღემდე ატარებს. კუნძულის სიმშრალისა და უნაყოფობის გამო, ის ნაკლებად აინტერესებდათ ოსტინდური გემების მეზღვაურებს. 1815 წელს ინგლისელებმა ეს კუნძული მიისაკუთრეს და სამხედრო გარნიზონი დააარსეს, მაგრამ სახელმწიფო ხაზინაში მათ შესანახად საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მაშინ აქაურმა მცხოვრებლებმა კუნძულს სახელი გადაარქვეს და „მისი უდიდებულესობის გემი ამაღლება, რომელიც რეიდზე დგას“ უწოდეს, ხოლო გარნიზონის მცხოვრებლებმა თავი მატროსებად გამოაცხადეს. რადგან ფლოტის შესანახ თანხებს ინგლისი არასდროს იშურებდა, კუნძულის შესანახი ფულიც მაშინვე გამოინახა. კუნძული ამაღლება დღესაც ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიების შემადგენლობაშია, ხოლო კუნძულის მოსახლეობა, სულ 710 კაცი – სამხედროები არიან.
ფრანგი ორელი-ანტუან დე ტუნანი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ოცნებობდა თავგადასავლებსა და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე. უფრო მეტიც, მას რომელიმე ასეთი ქვეყნის მეფობაც კი სურდა. ტუნანმა განათლების მიღების შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ადვოკატად დაიწყო მუშაობა, თუმცა უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე და გულმოდგინედ ემზადებოდა გეგმების განსახორციელებლად. სპონსორების მოძებნის შემდეგ დე ტუნანი ორ მეგობართან ერთად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და იმ ტერიტორიებს მიადგა, სადაც ინდიელი ტომები არაუკანები ცხოვრობდნენ. ფორმალურად ეს ტერიტორიები ჩილეს საკუთრება იყო, მაგრამ ინდიელები არ ნებდებოდნენ და გამალებით ებრძოდნენ კოლონიზატორებს. ფრანგმა ავანტიურისტმა თავისი მჭერმეტყველებით გავლენა იქონია ინდიელებზე და ისინი ახალი სახელმწიფოს – არაუკანიის შექმნაზე დაიყოლია, რომელიც მდინარე ბიო-ბიოს სამხრეთით მდებარეობდა. დე ტუნანმა ამ ახლად „გამომცხვარი“ ქვეყნის მეფედ გამოაცხადა თავი, მის მართვას შეუდგა ანტუან I-ის სახელით და ომიც კი გამოუცხადა ჩილეს. საბოლოო ჯამში ომში არაუკანელები დამარცხდნენ, ხოლო ანტუან I, ანუ იგივე დე ტუნანი დააპატიმრეს და უკან საფრანგეთში გაამგზავრეს.
1966 წელს ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა მაიორმა ჰედი როი ბეითსმა სიმბოლურად დაიკავა და დაეუფლა მიტოვებულ სამხედრო პლატფორმას რაფს-ტაუერს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ მდებარეობდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აგებული. 1967 წელს ბეითსმა ახალი სუვერენული სახელმწიფოს სილენდის სამთავროს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო საკუთარი თავი ამ ქვეყნის მთავრად როე I-ად გამოაცხადა.
ორი წლის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლება პლატფორმის დაკავებას შეეცადა, მაგრამ როცა პლატფორმასთან საპატრულო კატარღები მიცურდნენ სილენდის მთავრის ოჯახმა გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის, წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. 1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნებოდა ბრიტანეთის იურისდიქციას. ამჟამად სილენდს აქვს თავისი დროშა, გერბი, კონსტიტუცია, ფული, საფოსტო მარკა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, როგორც სუვერენული სახელმწიფო. პრინცი როი ბეითსის გარდაცვალების შემდეგ სილენდის მთავრის ადგილი მისმა შვილმა მიშელ ბეითსმა დაიკავა, რომელიც მამის დაწყებულ საქმეს ერთგულად აგრძელებს.