გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

დედამიწის პოლუსები

დედამიწის პოლარული რეგიონები ყველაზე მკაცრი და ცივი ადგილებია ჩვენს პლანეტაზე. საუკუნეების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ადამიანები ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლარული წრეების მიღმა მდებარე ტერიტორიებამდე მიღწევას და მათ შესწავლას.

მეცნიერული თვალსაზრისით, ოთხი ჩრდილოეთი პოლუსი არსებობს: 1. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი – წერტილი დედამიწის ზედაპირზე, რომლისკენაც მიმართულია მაგნიტური კომპასები; 2. ჩრდილოეთი გეოგრაფიული პოლუსი, რომელზეც გადის წარმოსახვითი გეოგრაფიული ღერძი; 3. ჩრდილოეთი გეომაგნიტური პოლუსი, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის მაგნიტურ ღერძთან; 4. ჩრდილოეთის მიუღწევლობის პოლუსი – ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარე ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაშორებულია დედამიწის ყველა მხრიდან. ანალოგიურად, განასხვავებენ ოთხ სამხრეთ პოლუსს: სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს, სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს, სამხრეთ გეომაგნიტურ პოლუსს და სამხრეთის მიუღწევლობის პოლუსს. გარდა ამისა, არსებობს საცერემონიო სამხრეთი პოლუსი – ადგილი სკოტ-ამუნდსენის სადგურზე, რომელიც ფოტოსესიისთვისაა განკუთვნილი. ის გეოგრაფიული პოლუსიდან სულ რამდენიმე მეტრზე მდებარეობს. ვინაიდან ყინულის საფარი მუდმივ მოძრაობაშია, პოლუსის აღმნიშვნელი ნიშნული ყოველ წელს 10 მეტრით გადაადგილდება.

დედამიწის პოლუსები: A – გეოგრაფიული პოლუსი, B – გეომაგნიტური პოლუსი, C – მაგნიტური პოლუსი


ჩრდილოეთ პოლუსთან ყველაზე ახლოს მდებარეობს გრენლანდიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა კუნძული კაფეკლუბენი, რომელიც სულ რაღაც 707 კმ-ითაა დაშორებული პოლუსიდან.

დედამიწის მაგნიტური პოლუსები ერთმანეთთან დედამიწის მაგნიტური ველითაა დაკავშირებული. ეს პოლუსები დედამიწის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარეობს, მაგრამ მათი მდებარეობა არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსებს, რადგან ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი მუდმივად იცვლება. სწორედ ამიტომ მაგნიტური პოლუსები, გეოგრაფიულისგან განსხვავებით, ადგილმდებარეობას იცვლის.

ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი ზუსტად არქტიკულ რეგიონში არ მდებარეობს. იგი წელიწადში 10-40 კმ სიჩქარით გადაადგილედება აღმოსავლეთისკენ, რადგან მაგნიტურ ველზე გავლენას ახდენს მიწისქვეშა დამდნარი ლითონები და მზისგან დამუხტული ნაწილაკები. სამხრეთი მაგნიტური პოლუსი ჯერ კიდევ ანტარქტიდაშია, მაგრამ ისიც დასავლეთისკენ გადაადგილდება წელიწადში 10-15 კმ სიჩქარით. ჩრდილოეთი პოლუსი არქტიკაში, კონტინენტებით გარშემორტყმულ გაყინულ ოკეანეშია. არქტიკული რეგიონი, გარდა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისა, კანადის, გრენლანდიის, რუსეთის, აშშ-ს, ისლანდიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის ნაწილებს მოიცავს.

სამხრეთი პოლუსი დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე და მთლიანად სამხრეთის ოკეანით გარშემოტყმულ კონტინენტზე – ანტარქტიდაზე მდებარეობს. ანტარქტიდის ფართობი 14 მლნ კვ. კმ-ია და მეხუთე ადგილზეა კონტინენტებს შორის ფართობის მიხედვით. მისი ტერიტორიის 98% ყინულითაა დაფარული.

მართალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს განსხვავებული განედები აქვთ, მაგრამ ორივე პოლუსზე თავს იყრის ყველა მერიდიანი.

სამხრეთ პოლუსზე ჩრდილოეთ პოლუსთან შედარებით მეტად ცივა. ტემპერატურა ანტარქტიდაში იმდენად დაბალია, რომ ამ კონტინენტის ბევრ ადგილას თოვლი არასდროს დნება. საშუალო წლიური ტემპერატურა ამ რეგიონში -580C-ია, ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქ 2011 წელს დაფიქსირდა და -12.30C შეადგინა. არქტიკულ რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა ზამთარში -430C-ია, ხოლო ზაფხულში – 00. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სამხრეთ პოლუსზე უფრო ცივა, ვიდრე ჩრდილოეთზე. ანტარქტიდა ხმელეთის უზარმაზარი მასივია და ის ოკეანიდან შედარებით ნაკლებ სითბოს იღებს. მისგან განსხვავებით, არქტიკულ რეგიონში ყინულის საფარი შედარებით თხელია, ხოლო მის ქვეშ ოკეანეა, რომელიც ტემპერატურას „ამსუბუქებს“. გარდა ამისა, ანტარქტიდა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან შედარებით 2.3 კმ-ით უფრო მაღალია.

არქტიკაში, ჩრდილოეთი პოლუსის მიმდებარე რეგიონში, ყინული, როგორც წესი, ზაფხულში დნება და ზამთარში ისევ იყინება. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების გამო ყინულის საფარმა სწრაფი ტემპით დაიწყო დნობა. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ საუკუნის ბოლოს ან შესაძლოა უფრო ადრეც არქტიკული ზონა ყინულის გარეშე დარჩება. ანტარქტიდაში მსოფლიო მყინვარების 90%-ია თავმოყრილი და ყინულის სისქე 2.1. კმ-ია. მთელი ეს ყინული რომ დადნეს, მსოფლიო ოკეანის დონე 61 მ-ით აიწევს. თუმცა, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ასე არ ხდება.

პოლუსებზე დრო გრძედების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, როცა მზე ზუსტად დამკვირვებლის თავზეა, ადგილობრივი დროით შუადღეა; რაკი პოლუსებზე გრძედების აღმნიშვნელი ყველა ხაზი იკვეთება, მეცნიერები პოლუსებზე იმ სასაათო სარტყლის დროს იყენებენ, რომელიც სურთ. როგორც წესი, ისინი გრინვიჩის დროით ან იმ ქვეყნის დროით სარგებლობენ, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. ანტარქტიდაზე ამუნდსენ-სკოტის სადგურზე მეცნიერებს შეუძლიათ, მსოფლიოს უსწრაფესად შემოუარონ და 24-ვე სასაათო სარტყელი რამდენიმე წუთში გაიარონ.

დედამიწის პოლუსები უნიკალური ადგილებია, სადაც შესაძლებელია დაკვირვება ყველაზე გრძელ დღეზე, რომელიც 178 დღე-ღამე გრძელდება და ყველაზე გრძელ ღამეზე, რომელიც 187 დღე-ღამე გრძელდება. პოლუსებზე მზე წელიწადში ერთხელ ამოდის და ჩადის. ჩრდილოეთ პოლუსზე მზე მარტში, გაზაფხულის ბუნიობისას იწყებს ამოსვლას და სექტემბერში, შემოდგომის ბუნიობისას ჩადის. სამხრეთ პოლუსზე კი პირიქით – მზე შემოდგომის ბუნიობისას ამოდის და გაზაფხულის ბუნიობისას ჩადის. ზაფხულში მზე აქ ყოველთვის ჰორიზონტზეა და სამხრეთი პოლუსი მთელი დღე-ღამის განმავლობაში იღებს მზის სინათლეს, ზამთარში მზე ჰორიზონტზე დაბლაა და ამ დროს მთელი დღე-ღამის განმავლობაში ბნელა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლარულ რეგიონებში განსხვავებულია ცხოველთა სამყაროც. ანტარქტიდის სავიზიტო ბარათია პინგვინი, რომელსაც აქ ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, ხოლო ჩრდილოეთი პოლარული რეგიონების ბინადარია თეთრი დათვი. მათ რომ ერთ საარსებო გარემოში ეცხოვრათ, პოლარულ დათვებს არ მოუწევდათ საკვებზე „დარდი“. აღსანიშნავია, რომ თეთრი დათვი ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მტაცებელი ცხოველია. ის ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობს და სელაპებითა და ლომვეშაპებით იკვებება.

ბევრი მოგზაური ცდილობდა დედამიწის პოლუსების დალაშქვრას და მრავალი მათგანის სიცოცხლე სწორედ ამ მოგზაურობებს შეეწირა. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ჩრდილოეთი პოლუსის დასაპყრობად რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა. დღესაც რამდენიმე მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ ვინ მიაღწია პირველად დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილს. 1908 წელს ამერიკელმა მოგზაურმა ფრედერიკ კუკმა პირველმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწია, მაგრამ მისმა თანამემამულემ რობერტ პირიმ უარყო მისი განცხადება და 1909 წლის 6 აპრილიდან ის ოფიციალურად ითვლება ჩრდილოეთი პოლუსის დამპყრობლად.

პირველი გადაფრენა ჩრდილოეთი პოლუსის თავზე 1926 წლის 12 მაისს დირიჟაბლ „ნორვეგიით“ განახორციელეს ნორვეგიელმა მოგზაურმა რუალ ამუნდსენმა და იტალიელმა უმბერტო ნობილემ. პირველი ატომური წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“ პოლუსს 1956 წლის 3 აგვისტოს ესტუმრა. იაპონელი ნაომი უემურა პირველი ადამიანია, რომელმაც 1978 წელის 29 აპრილს მარტომ მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს. მას ძაღლებიანი მარხილით პოლუსამდე მისაღწევად 57 დღე დასჭირდა და ჯამში 725 კმ გაიარა. დიმიტრი შპაროს ექსპედიცია კი 1979 წლის 31 მაისს თხილამურებით მივიდა პოლუსამდე. ექსპედიციის მონაწილეებმა 77 დღეში 1500 კმ გაიარეს. ლუის გორდონ პიუ პირველი ადამიანია, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსი „გადაცურა“: მან პოლუსის მიდამოებში 2007 წლის ივლისში -2 გრადუსიან წყალში 1 კმ გაცურა.

რაც შეეხება სამხრეთ პოლუსს, ის პირველად რუალ ამუნდსენმა და ბრიტანელმა მკვლევარმა რობერტ სკოტმა დალაშქრეს. სწორედ მათ პატივსაცემად დაერქვა პირველ სამეცნიერო სადგურს ამუნდსენ-სკოტის სახელი. ორივე ექსპედიცია სხვადასხვა გზით წავიდა და რამდენიმე კვირის განსხვავებით მიაღწია პოლუსს: ამუნდსენმა – 1911 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სკოტმა – 1912 წლის 17 იანვარს. პირველი გადაფრენა სამხერთ პოლუსის თავზე ამერიკელმა რიჩარდ ბერდმა შეასრულა 1928 წელს. 1989 წელს არვიდ ფუკსმა და რეინოლდ მეისნერმა ანტარქტიდა პირველად გადასერეს ფეხით.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ პოლუსზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ანტარქტიდა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც არავის ეკუთვნის და სადაც არ არის მკვიდრი მოსახლეობა. აქ მოქმედებს ხელშეკრულება ანტარქტიდის შესახებ, რომლის თანახმად, კონტინენტის ტერიტორია და რესურსები მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო და სამეცნიერო მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მეცნიერები, მკვლევრები, უმთავრესად – გეოგრაფები და გეოლოგები, ის ხალხია, რომლებიც დროდადრო ანტარქტიდაში სამუშაოდ მიემგზავრებიან. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში – ალასკაზე, კანადაში, გრენლანდიაში, სკანდინავიასა და რუსეთში – ჯამში 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.