შოკოლადის ბორცვები (Chocolate Hills) უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ათასზე მეტი თითქმის იდენტური და იდეალურად კონუსური ფორმის კირქვის ბორცვისგან შედგება, რომლებიც უზარმაზარ ტერიტორიაზეა მიმოფანტული.. ისინი მდებარეობს ბოჰოლის კუნძულზე, ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობენ და ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი სიმბოლოა. განსაკუთრებით კი იმითაა ცნობილი, რომ მშრალ სეზონზე ბალახი ყავისფერდება, რის გამოც ბორცვები შოკოლადის გროვებს ჰგავს.
ბორცვების ზუსტი რაოდენობა განსხვავდება სხვადასხვა შეფასებით, თუმცა მათი რაოდენობა 1200-დან 1700-მდე მერყეობს. ბორცვების სიმაღლე, ძირითადად, დაახლოებით 30–50 მეტრია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო მაღალიცაა. ისინი ფართოდ არის გაშლილი ბოჰოლის შიდა ნაწილში და ქმნის გამორჩეულ, თითქმის არარეალურ ლანდშაფტს, რომელიც მსოფლიოს სხვა რეგიონებში იშვიათად გვხვდება.
განსაკუთრებით საინტერესოა ბორცვების ფერის სეზონური ცვლილება: წვიმიან პერიოდში ისინი მწვანე ბალახით იფარება, ხოლო მშრალ სეზონზე ბალახი ხმება და ბორცვები შოკოლადისფერ შეფერილობას იღებს. სწორედ ამ თავისებურების გამო ეწოდა მათ „შოკოლადის ბორცვები“.

გეოლოგების აზრით, შოკოლადის ბორცვები მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ისინი ზღვის კირქვისგან არის წარმოქმნილი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის ფსკერიდან ამოიწია, ხოლო წვიმამ, ეროზიამ და ქიმიურმა დაშლამ მათი დამახასიათებელი მომრგვალებული კონუსური ფორმები წარმოქმნა. ადგილობრივ ფოლკლორში კი მათი წარმოშობის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის გიგანტების ბრძოლისა და შეყვარებული გიგანტის ცრემლების ისტორიაც.
ბორცვების საუკეთესო ხედები სპეციალურად მოწყობილი სადამკვირვებლო მოედნებიდან იშლება. რეგიონში გადაადგილება შესაძლებელია ველოსიპედით, მოტოციკლითა და მანქანით, რადგან ბორცვები დიდი ტერიტორიაზეა გაფანტული.
შოკოლადის ბორცვები არა მხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობა, არამედ მნიშვნელოვანი გეოლოგიური მემკვიდრეობაცაა. 1988 წელს ისინი ფილიპინების ეროვნულ გეოლოგიურ ძეგლად გამოცხადდა, ხოლო ბოჰოლის კუნძული 2023 წელს UNESCO-ს გლობალური გეოპარკების ქსელს შეუერთდა. მათი იშვიათი გეოლოგიური წარმოშობა, გამორჩეული ვიზუალური იერსახე და კულტურული მნიშვნელობა ამ ადგილს ფილიპინების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად აქცევს.

ეს უჩვეულო ლანდშაფტი ბუნების საოცარი ძალის ნათელი მაგალითია და გვიჩვენებს, როგორ შეუძლია წყალს, ეროზიასა და ხანგრძლივ გეოლოგიურ პროცესებს დედამიწის ზედაპირის გარდაქმნა.
