გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

იანომამები, ბრაზილია, ტროპიკული ტყეების მოსახლეობა

ვინ არიან იანომამები?  

თამარ ჭიჭინაძე

იანომამი (Yanomami)  ამაზონის აუზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მკვიდრი ეთნოკულტურული ჯგუფია. იანომამების საცხოვრებელი არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამაზონის ფართო ტროპიკულ ტყეებს ვენესუელისა და ბრაზილიის სასაზღვრო ზოლში, სადაც გეოგრაფიული იზოლაცია საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფდა მათი კულტურის, ენისა და სოციალური სტრუქტურის შედარებით დამოუკიდებელ განვითარებას.

იანომამების ტრადიციული ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბუნებრივ გარემოსთან. ტროპიკული ტყეში  მათი დასახლებები -შაბონოები ასახავდა კოლექტიური ცხოვრების მოდელს, სადაც საზოგადოებრივი ურთიერთობები, რესურსების განაწილება და რიტუალები ერთიან სისტემად ფუნქციონირებდა.

XX საუკუნის ბოლოს ამაზონის რეგიონში ოქროს საბადოების ინტენსიურმა ძიებამ მთლიანად შეცვალა ეს ბალანსი. 1990-იანი წლების დასაწყისში ფართომასშტაბიანი საძიებო საქმიანობის შედეგად პირველად გახდა ფართოდ ცნობილი იანომამების სოფლების ადგილმდებარეობები, რასაც მოჰყვა ათიათასობით არალეგალური ოქროსმომპოვებლის, გარიმპეიროების შეჭრა რეგიონში. ამ პროცესმა მკვეთრი გეოეკოლოგიური კრიზისი წარმოშვა. ტყეების გაჩეხვამ, მდინარეების ვერცხლისწყლით დაბინძურებამ და ეკოსისტემის დეგრადაციამ საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ საარსებო სისტემებს. პარალელურად, იზოლირებულ თემებში გავრცელდა ინფექციური დაავადებები, რომელთა მიმართ იანომამებს შეძენილი იმუნიტეტი არ ჰქონდათ. სხვადასხვა ძალადობრივ დაპირისპირებასა და ეპიდემიებს მხოლოდ შვიდ წელიწადში დაახლოებით 20% იანომამი ემსხვერპლა.

1992 წელსბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა შექმნეს დაცული ტერიტორიები და იანომამების მიწების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რაც საერთაშორისო დონეზე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, 1993 წელს მოხდა Haximu Massacre, რომლის დროსაც შეიარაღებულმა ოქროსმომპოვებლებმა გაანადგურეს რამდენიმე სოფელი  16 იანომამი მოკლეს. ეს ტრაგედია მოგვიანებით ბრაზილიის სასამართლომ გენოციდის აქტად შეაფასა და იგი იქცა ამაზონის მკვიდრი ხალხების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სიმბოლოდ.

იანომამების ეროვნული პარკი

„იანომამების ეროვნული პარკი“ რეალურად უფრო ფართო და კომპლექსური დაცული ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც Yanomami Indigenous Territory. იგი ოფიციალურად 1992 წლის 25 მაისს შეიქმნა და დაახლოებით 96 650 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რაც მას ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მკვიდრი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიად აქცევს.

ტერიტორია ამაზონის ჩრდილოეთ ნაწილში, რორაიმასა და ამაზონასის შტატებში, ვენესუელას საზღვართან მდებარეობს. იგი მოიცავს რთულ ტროპიკულ ლანდშაფტებს, გაუვალ ჯუნგლებს, მდინარეთა ქსელს, მაღალმთიან პლატოებსა და ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ეკოსისტემებს. ამ სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვევა დაცულ ბუნებრივ ზონებს, მათ შორის პიკო დე ნებლინას ეროვნულ პარკს, სადაც მდებარეობს ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალი -პიკო დე ნებლინა.

ამ ტერიტორიის შექმნას წინ უძღოდა მრავალწლიანი საერთაშორისო კამპანია. 1978 წელს დაარსდა ორგანიზაცია CCPY – „იანომამების პარკის შექმნის კომისია“, რომელიც ცდილობდა ბრაზილიის ხელისუფლების დარწმუნებას, რომ იანომამების საცხოვრებელი სივრცე ერთიან დაცულ ტერიტორიად ეცნოთ. საბოლოოდ, 1991–1992 წლებში, საერთაშორისო ზეწოლისა და გარემოსდაცვითი მოძრაობების ფონზე, იანომამების მიწები სამართლებრივად იქნა აღიარებული.

ამ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ გეოპოლიტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა. იანომამების ტერიტორია ამაზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოგეოგრაფიულ ზონაში მდებარეობს, სადაც ტყის შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება კლიმატის რეგულაციას, წყლის ციკლებსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მკვიდრი მოსახლეობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ამაზონში გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მდგრად სივრცეებს წარმოადგენს.

როგორია იანომამების ცხოვრება დღეს?

დღეს იანომამების ტერიტორია კვლავ რჩება ბრძოლის სივრცედ  ერთი მხრივ, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის ინტერესებსა და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს შორის. თანამედროვე იანომამი ლიდერები, მათ შორის Davi Kopenawa, ცდილობენ ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე განათლების შერწყმას, რათა დაიცვან როგორც თავიანთი კულტურა, ისე ამაზონის ეკოსისტემა.

იანომამების დაცული ტერიტორია დღეს მხოლოდ ეთნიკური ჯგუფის საცხოვრებელი სივრცე აღარ არის. იგი იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები თანამედროვე მსოფლიოში. იანომამებს სურთ პროგრესი, მაგრამ მათ უნდათ, რომ იცხოვრონ ხელუხლებელ გარემოში ხეებისა და სუფთა წყლის გარემოცვაში.